ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2019


რკინის გავროში

მეჯართე იყო, ყოფის მორიგე,
ბავშვობას ჰქონდა შიმშილის სახე...
ებრძოდა ყოფას, ჯართის გროვიდან
ჭუჭყიანი ცა მოჩანდა თავქვე...
იდგა იღბალი ბიჭთან ზურგით და,
ჭირად არ ჩანდა მის ღობეს ჩხირი...
ყველა საკუთარ ყოფას უვლიდა,
ვის ადარდებდა ვიღაცის შვილი...
ის კი დილიდან მცივან ხელებით
ჯართის უიღბლო ჯარისკაცს ჰგავდა.
სიღატაკე კი ხველებ-ხველებით
ყვებოდა ბიჭის სევდიან ამბავს...
მის საოცნებო ველოსიპედზე
სხვების ბავშვობა დაქროდა ლაღი.
სხვა მისამართზე მისულ სიკეთეს,
არც ვინ ასწავლა დუხჭირი სახლი...
უფრო „მზრუნველი“ მოჩანს სიკვდილი,
გულგრილ ცხოვრებას სჩვევია ვიდრე...
მშრალი ქრონიკა იყო იმ დილის,
ერთი სიცოცხლე, ჩალად რომ ღირდა...
მიწამ ბიჭს პირი ამოუშენა,
მერე იშვილა, უგულოდ კი არ...
ვცხოვრობთ როგორღაც ღმერთო, უშენოდ,
და შენ გაბრალებთ, რომ აღარ გვტკივა!..
22.01.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები