ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
24 იანვარი, 2019


შავი მართკუთხედი, რომელიც არაპროპორციულ კვადრატად ჩამითვალეს

                                                                              „კატები კატებს ხოტბას ასხავენ,
                                                                              ვისაც საკუთარი თავი არა ძაღლებად,
                                                                            ლომებად და ვეფხვებად მოაქვთ.
                                                                            - ეს რა მრისხანედ დაიღრიალა!
                                                                            მიაუ, მიაუ...
                                                                            - ქვეყანა შესძრა!
                                                                            მიაუ, მიაუ...
                                                                            ბედნიერია ქვეყანა.“


- მკვდარი მკვდარს ზურგზე რომ აგეკიდო, სამარის კარამდე მიმიყვან?
- ...
არ მიპასუხა. ისე ვიკითხე...
- ეი, შენ, მკვდარს სხვა მკვდარზე აკიდებით რომ გინდა სამარის კარამდე მიღწევა - „შავ კვადრატს“ თუ ხატავ, პროპორციული კვადრატი უნდა დახატო! Тоже мне Малевич...
- მე მომმართავ, ბატონო?
- სხვას ვის? შენსა და იმ ერთის გარდა, ვინც პასუხის ღირსი არ გაგხადა და ვისი ზურგითაც სამარის კარამდე გინდა მიღწევა, ირგვლივ სხვას კიდევ ხედავ მკვდარს?!
- ის მკვდარი, რომელმაც პასუხი არ გამცა და რომელიც შენ ვერ შეიცანი, შენ ხარ ბატონო, შენ მოგმართავდი!
გაეცინა. კარგია, რომ არ გამიბრაზდა; გავუშინაურდები კიდეც...
- კვადრატის დახატვა არ მიფიქრია, მართკუთხედად მქონდა ჩაფიქრებული, ზომებიც მეტყველებს ამაზე - ერთი მეტრი ორ მეტრზე!
- შავი რატომაა?
- ფერს რატომ მიაქციე ყურადღება?
- დაიხსომე ეს დოგმა: შავი გეომეტრიული ოთხკუთხა ფიგურა მხოლოდ კვადრატი უნდა იყოს!!!
- რატომ?
- დიდმა მაესტრომ ასე ინება!
- რომელმა?
- კაზიმირ მალევიჩმა!
- ხოო, ეგ პიროვნება უკვე ახსენე...
- ის ხსენებით არ ამოიწურება!
ხანგრძლივი დუმილი, როგორც იქნა, დავარღვიე:
- შენს მიერ ეგრეთ წოდებული „გეომეტრიული ფიგურის“ ზომებს დავუბრუბდები, ანუ - ერთი მეტრი ერთ მეტრზე?
- შავ გეომეტრიულ ოთკუთხა ფიგურას თუ ერთი გვერდი ერთი მეტრი აქვს, დანარჩენიც იგივე უნდა ჰქონდეს; კუთხეები მართი!
- ვაპროტესტებ! - (აღვშფოთდი). - მაგ ზომებში ვერ ჩავეტევი, მე მკვდარი ვარ, სტანდარტული საფლავის ზომა მჭირდება - ერთი მეტრი ორ მეტრზე! სხვათაშორის, მალევიჩმაც საფლავი დახატა - size 100X200 centimeter, ოღონდ, მხოლოდ მისი ნახევარი გამოაჩინა, გასაყიდად... მასში მილიონებს იხდიან!
მისი პასუხი ირონიული ღიმილი იყო; მე გავაგრძელე:
- ზუსტად ვიცი - მალევიჩმა „შავი კვადრატის“ სახით თავისი საფლავის ნახევარი გაყიდა; მეორე ნახევარი - თავისთვის დაიტოვა!
- მხოლოდ ერთი კვადრატი მიწა დაიტოვა საფლავად?
- ასეა!
- თუ შენ, ერთი რიგითი მკვდარი, ვერ ეტევი ერთ კვადრატულ მეტრ საფლავში, ის, ამხელა ბუმბერაზი, როგორღა მოთავსდება მასში?!
- სკამს დაუდგავენ, ალბათ... თავად მას ჰკითხე - რატომ „გაიკომუნალკა“ იმქვეყნიური ცხოვრება?
ისევ გაეცინა; მერე ცივად მკითხა:
- კაზიმირ მალევიჩს იცნობ?
- მარსელ დიუშანსაც ვიცნობ!
- იცნობ მარსელ დიუშანსაც, შენ, მკვდარი?! - ჩაეცინა.
გულში წამოვიძახე - მკვდრისგან მესმისო... მაგრამ ამის ნაცვლად, გავიღიმე, რადგან გამახსენდა - თვითონაც მკვდარი ვარ, და თან, საუბრის გაგრძელება მინდოდა ამ მკვდართან... თუმცა, გარკვეულ პროვოკაციაზე წავედი.
- ერთიცა და მეორეც, კაზიმირ მალევიჩი და მარსელ დიუშანი, ჰანს ქრისტიან ანდერსენისეული „თაღლითი ფეიქრები“ არიან, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით ვითომდა „ჯადოსნური ქსოვილი“ შექმნეს, ქსოვილი, რომელიც ბრიყვთათვის უხილავია და მისგან ვითომდა შეკერილი სამოსელით საზოგადოების თავი - მეფე, ანუ მთელი წარმატებული საზოგადოება გააშიშვლეს, დასცინეს მას! მიამიტი თვალით თუ შევხედავთ ამ ფაქტს, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ არა დასცინეს, არამედ ამხილეს საზოგადოება, მაგრამ ასე არ არის, რადგან მათ თავიანთი ეს ფსევდოწარმატება სიცოცხლის ბოლომდე შეიფერეს!
- მე წასვლას ვაპირებდი... რა გინდა თქვა, რომ შენ ყველაზე მახვილგონიერი ხარ, ხელოვნებათმცოდნეებზე, პროფესორებზე, მუზეუმის დირექტორებზე?! რომ მთელი ეს ინტელექტუალური არმია ბრიყვია?! რომ მხოლოდ შენ შეიცანი ეგრედ წოდებული „მეფის სიშიშვლე“?!
- „ინტელექტუალური არმია“ ბრიყვი სულაც არ არის, მაგრამ მათი „წაყრუება“ შემდეგმა ვითარებამ განაპირობა - ანდესსენმა თავის იგავ-არაკში (იგავ-არაკში და არა, ზღაპარში) ისიც აღნიშნა, რომ ფეიქრების მტკიცებით, ის ჯადოსნური ქსოვილი ბრიყვთა გარდა უხილავი დარჩებოდა მათთვისაც, ვინც თავიანთ ადგილებზე არ სხედან, ანუ უღირსად უკავიათ თანამდებობა! ასე რომ, ეშინიათ ადგილების დაკარგვისა - ვინ არის ერთი ხელოვნებათმცოდნე, ერთი პროფესორი, ან თუნდაც ერთი მუზეუმის დირექტორი?! წინდასავით მოისვრიან...
- საზრიანი ჩანხარ, მაგარამ გაუნათლებელი; კეთილ ნებას გამოვიჩენ შენს მიმართ - ლექციას წაგიკითხავ სახვითი ხელოვნების ისტორიაზე რენესანსიდან თანამედროვე ხელოვნებამდე, კერძოდ, კაზიმირ მალევიჩამდე და მარსელ დიუშანამდეც, რადგან ეს უკანასკნელიც გცნობია! - ირონია არ სცილდებოდა ბაგიდან. -  ყური დამიგდე!

გავიფიქრე - გინდა მასწავლო არა იმიტომ, რომ ცოდნა შემძინო, არამედ იმიტომ, რომ შენი „მცოდნეობა“ დააფიქსირო; რაც არის, არის, ყური დავუგდე...

- როგორც წესი, სახვითი ხელოვნების ისტორია ათვლას ალტამირის მღვიმის კედლის მხატვრობიდან იწყებს, რიმელიც დაახლოებით 25 000 წელს ითვლის. რაც შეეხება კლასიკური ფერწერის ასაკს, ის სულ რაღაც 500 წლისაა - აღორძინების ხანიდან დღემდე. დღემდე - ანუ მის დეგრადაციამდე? არა, ხელოვნების დეგრადაცია არ მომხდარა; ეს მხოლოდ დილეტანტთა შეხედულებაა, ანუ - მხატვრებს ხატვა არ დავიწყებიათ! ამის დასტურად საჭიროა მხატვრობის მიმდინარეობათა თანმიმდევრული განხილვა - კლასიკა, რომლის მოგვიანებით პერიოდში სხეულის მაღალოსტატური სიზუსტით გადმოცემა შედარებით უხეშმა, ექსპრესიულმა ხერხმა ჩაანაცვლა. შემდგომი მნიშვნელოვანი თუ ნაკლებმნიშვნელოვანი სიახლეები მე-19 საუკუნის შუა ნახევარში იმპრესიონიზმის დაბადებამ დაგვირგვინა, რაც, რაღა თქმა უნდა, განუყოფელია პოსტ-იმპრესიონიზმთან! ამის შემდეგ კი, მიმდინარეობები ობობას ქსელივით იხლართება, მოდერნიზმი, პოსტ-მოდერნიზმი - კუბიზმი, აბსტრაქცია... და ასე შემდეგ, ანუ ის, რაც დილეტანტთა შეხედულებით მხატვრობა აღარაა.
რომ გავერკვეთ, თანამედროვე მხატვრობა რამდენად არის, თუ არ არის მხატვრობა, საჭიროა რომელიმე იმპრესიონისტი ან პოსტიმპრესიონისტი მხატვრის შემოქმედება განვიხილოთ, თუნდაც ვან გოგის, კერძოდ, მისი არცთუ ყველაზე გამორჩეული ნამუშევრი - „ხელებში თავჩარგული მოხუცი“. აღნიშნულ ნამუშევარზე შემყურე ხატვის ნიჭით დაჯილდოებული ათი-თორმეტი წლის ბიჭი გაიფიქრებს - „მე მასზე უკეთესად შემიძლიაო ხატვა!“ მაგრამ პროფესიონალი მასში შეიგრძნობს არნახულ ტკივილს, დარდს, განცდას. ანალოგიურ თემაზე შესრულებული კლასიკოსთა ნამუშევრები, სადაც ტილოზე ოფლისა თუ სისხლის წვეთები მიკროსკოპული სიზუსტითაა ასახული, მნახველში ისეთ თანაგრძნობას ვერ იწვევს, რასაც „ხელებში თავჩარგული მოხუცი“; ამ დროს, მოხუცს სახეც კი არ უჩანს და ნამუშევარი შესრულებულია, როგორც უკვე ვთქვით, ბავშვური მანერით. ედვარდ მუნკის „კივილზე“ ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - აქ „უკეთესად დამხატავი“ ნორჩი მხატვრის ასაკი კიდევ უფრო მცირდება! იბადება კითხვა - ამ ნამუშევრებში და ზოგადად თანამედროვე ხელოვნებაში რა არის ჩაბუდებული ისეთი, რაც მას ასე მიმზიდველს ხდის? ეს ხომ იმის ტოლფასია, ჩამწყდარი სიმის მიუხედავად, მევიოლინემ მსმენელი აღაფრთოვანოს!
საქმე იმაშია, რომ ჩვენ „სიმჩამწყდარ მუსიკალურ საკრავს“ არასრულფასოვან ინსტრუმენტად აღვიქვამთ მანამ, სანამ მას ვინმე უბადლო მუსიკოსი უნაკლოდ ააჟღერებს. ასევეა მხატვრობაშიც, ბევრი ელემენტი მასში ზედმეტია, ეგრეთ წოდებული „ხელოსნობაა“ და მისი გამოკლებით ვიღებთ წმინდა ხელოვნებას, რისი დასტურიცაა ვან გოგის „ხელებში თავჩარგული მოხუცი“, თუ მუნკის „კივილი“. და ეს „გამოკლების“ პროცესი მხატვრობაში გაუთავებლად გრძელდება! ამასთანავე, „მობეზრების ფაქტორიცაა“ - რასაც „ხელოსნობა“ ვუწოდეთ, ის ოდესღაც ხელოვნება იყო, მაგრამ დრომ ის თანამედროვე კაცისთვის „ხელოსნობად“ აქცია. აი, მაგალითად, ხელოვნების მწვერვალი „მონა ლიზა“ - მნახველი დღეს მასთან სელფის გადასაღებად უფრო მიდის, ვიდრე საცქერლად. მარსელ დიუშანმა ამ ნამუშევრის გაშარჟებით თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე შედევრი შექმნა - მიუხატა წვერი, ულვაში და მიაწერა, რომ ამ ქალს მხურვალე უკანალი აქვს! ერთი შეხედვით, ეს ხულიგნობაა, მაგრამ ასე არ არის, რადგან მხატვარმა ამ ქმედებით ხელოვნებაში „მობეზრების ფაქტორის“ არსებობა დააფიქსირა, ხელოვნების ნიმუშის წინ მდგომი დამთვალიერებლის გულგრილობას ფარდა ახსნა! წარმოიდგინე ბომჟი, რომელიც სარჩოს ნაგვის ბუნკერში ეძებს - თუ მას ყოველდღიურად გაუმასპინძლდები ერთიდაიმავე კერძით, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს, გარკვეული ხნის შემდეგ, სარჩოს საძებნელად ის ისევ ბუნკერს მიაშურებს, რადგან აღნიშნული კერძი დასანახად შესძულდება!
მხატვრობაში ეგრეთ წოდებული „გამოკლების პროცესი“ მარტო შესრულების მანერის გამარტივებით არ ამოიწურა, თანამედრევე მხატვრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თავად გამოსახულების გამოკლების დროც დადგა, ანუ - უსაგნო ხელოვნება! სწორედ აქ იძენს გენიალურობას მალევიჩის „შავი კვადრატი“, რომლითაც მხატვარმა დააფიქსირა სახვითი ხელოვნების საკაცობრიო ციკლის დასასრული! მალევიჩისგან განსხვავებით მარსელ დიუშანი კიდევ უფრო შორს წავიდა; პირველმა თუ მხატვრობაში „შავი კვადრატით“ ყოველივე არსებულის ანულირება მოახდინა, მეორემ ნულის იქითა მხარეს გადააბიჯა, ანუ სივრცის მიღმა ანტისივრცე შექმნა! ეს დაახლოებით ჰაერის ტემპერატურის საზომ თერმომეტრს ჰგავს, სადაც სითბოს ნულის ნიშნულამდე ვზომავთ, ხოლო ნულის იქით, ყინვას. „შავი კვადრატი“ მაინც ფუნჯით ტილოზე დაფიქსირებული ნამუშევარია, ანუ მხატვრის ფიზიკური შემოქმედება. აი, დიუშანმა კი ეგრეთ წოდებული „მზა ნივთების“ წარმოჩენით სწორედ მინუსებში გაიკვლია გზა - ექსპოზიციაზე წარადგინა მაღაზიაში ნაყიდი სამშენებლო ნიჩაბი, ბოთლების საშრობი, აგრეთვე ყოვლად სკანდალური ნივთი - „პისუარი“, მამაკაცთა საპირფარეშოს აქსესუარი, ზედ დატანებული ავტოგრაფითურთ, რა თქმა უნდა...

...რა თქმა უნდა, მე ამას არ ვეთანხმები! ჩემ თავთან ფიქრი გავაბი: ამ მკვდარის თქმით, ხელოვნების საბადო არა მხატვრის სულიერ სამყაროშია, არამედ ის მაღაზიის დახლებზე მოიპოვება; აი, ასეთი სცენა წარმოვიდგინე - შევდივარ მაღაზიაში:
- რა ღირს ტუალეტის ქაღალდი?
- 30 000!
- 30 000 ლარი?! - ვიყვირე.
- ლარი არა, სარი - 30 000 დოლარი!
- რატომ?
- მხატვრებს გამოფენებზე გააქვთ და იქ, 60 000 ყიდიან!
გავოგნდი, მაგრამ ამით რა... მერე ვკითხე:
- საწერი ქაღალდის ფასიც მითხარი!
- ლარნახევარი.
- რატომაა მათში ასეთი განსხვავება?
- უკანასკნელზე მოთხოვნილება არ არის.
- გასაგებია... საწერი ქაღალდი მომეცი!
ფიქრიდან მოსაუბრემ გამომარკვია:

- შენ მე არ მისმენ, არადა, ჩემს აზრებს უბის წიგნაკში უნდა იწერდე!
- უბის წიგნაკში ვიწერ, ოღონდ არა შენს აზრებს, არამედ შენი აზრების საპირისპირო ჩემს აზრებს; და ამის კეთება შენს გაცნობამდე ბევრად უფრო ადრე დავიწყე - შენ ასლი ხარ მისი, ვისაც შენამდე შევხვდი! ის შენამდე მყოფიც ასევე სხვისი ასლი იყო და ასე გაუთავებლად! რა თქმა უნდა, არც მე ვარ პირველი და უკანასკნელი... ახლა, რაც შეეხება „ხელოვნების ციკლის დასრულებას“ - ის ქვანახშირისა თუ გაზის საბადო არ არის, რომ ოდესღაც ამოიწუროს. ხელოვნება ადამიანის თვისება, მისი სულის ნაწილია და სანამ კაცობრიობა იარსებებს ეს ფენომენიც მისი თანამგზავრი იქნება. იმ მხატვრებმა, ვინც მხატვრობაში ახალი ვერაფერი შექმნეს, იფიქრეს, რომ შესაქმნელი ამოიწურა - „ჩვენ, ასეთი დიდნი თუ ვერ ვქმნით, სხვა ვინღა გამოჩნდება შემქმნელიო?!“ - და როგორც შენ ბრძანე, ხელოვნების საკაცობრიო ციკლის დასრულებას შეუდგნენ. ასე და ამგვარად, მალევიჩის „შავი კვადრატი“ შინაარსობრივად გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად არ იარსებებდნენ ისეთი მხატვრები, როგორიცაა პიკასო, დალი და სხვები, ვინც მხატვრობაში ახალი გვერდის ჩამატებით ხელოვნების დაშლის მცდელობა აღკვეთეს!
ჯოკონდას დამახიჯების ფაქტი ცალკე თემად უნდა გამოიყოს - ის იმდენად ხელშეუხებელი საგანძურია, რომ მისი აბუჩად აგდების უფლება თვით მკვდრეთით აღმდგარ ლეონარდოსაც ვერ მიეცემა! მარსელ დიუშანს კი ეს საქმე შედევრად მიუწერეს იმ ფსევდო ხელოვნებათმცოდნეებმა, ვინც „მეფის სიშიშვლე“ ცხოვრების ნორმად აქციეს. ეს სწორედ ის ფსევდო ხელოვნებათმცოდნეები არიან, პროფესორები და მუზეუმის დირექტორები, ვინც მოდილიანი სიცოცხლეში ვერ შეამჩნიეს, ხოლო ლუჩიო ფონტანა, დაუხატავი ტილოების დასერვით გამორჩეული, თანამედროვეობის ერთ-ერთ ბუმბერაზ მხატვრად შერაცხეს! ამ უკანასკნელის შემოქმედება, ტილოების დასერვის გარდა, სხვა ღირებულებას არ ითვლის.
ყოველივე ჩემს მიერ თქმულის თავმოსაყრელად, იტალიელ „მხატვარ“ პიერო მანზონის შემთხვევას გავიხსენებ, რომელსაც ნახატები ასევე არ გააჩნია; მისი ყველაზე წარმატებული შემოქმედებითი პროექტი დალუქულ კონტეინერებში მოთავსებული რამდენიმე კილომეტრიანი ლენტები იყო. იმდენად მოუწონეს ეს იდეა, რომ გაყოყოჩებულმა ყოვლად ამაზრზენი პროექტი შექმნა - კონსერვის ქილებში მოათავსა თავისი ფეკალური მასა (30-30 გრამი) და თითო 30 გრამ ოქროს ფასად გაყიდა! მყიდველთა ფოტოებიც არსებობს - მდიდრები, ბრწყინვალე განათლებით, რიგით კაცს თავს რომ არ გაუტოლებენ ისეთნი, განავლიანი ქილებით თავს იწონებენ!
- შენ ხარ წარუმატებელი მხატვარი, წარუმატებელი მწერალი, და საერთოდ, წარუმატებელი ადამიანი, მაშინ, როცა სხვისი განავალიც კი ოქროზე ძვირად ფასობს! თუნდაც ამ შენი ლექციით გგონია რაიმეს მიიღებ - ფეისბუქზე სამ ლაიქს და ერთსაც, პოსტის გაზიარებას!
- შესაძლოა ესეც არ იყოს - „სამი ლაიქი“ და „პოსტის ერთი გაზიარება“; რა გაეწყობა, გაუძლებს კაცი...

ჩვენ შორის იმდენად ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა, რომ ვიფიქრე, მას რაღაც შეემთხვა. თუმცა ამ დროს მე სხვა სადარდებელი მქონდა - დაგვიანებულს ვაიდა დაკეტილი დამხვედროდა სამარის კარი! ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართე თხოვნით:

- მკვდარს მაინც იქით გაქვს გზა; ზურგზე მოკიდებული ეგებ მიგეყვანე სამარის კარამდე!
- ...
- ისევ არ მიპასუხა. არ მიპასუხა კი არა და, სადღაც გაქრა - აუუ! არსაიდან ხმა, არსიდ ძახილი...
სად დაიკარგა ეს მკვდარი?

P.S.
პანაშვიდი
ვწევარ - ვუყურებ მათ, ვინც მე მიყურებს; ვხედავ მათ, ვინც მე ვერ მხედავს... და არავითარი აზრი არ აქვს ამას.


                                                 
                                                        პატივისცემით, ნიკო ლეჟავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები