ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: თამუნა.გელიტაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 იანვარი, 2019


სიკვდილთან შერიგებული გენიოსი (გალაკტიონ ტაბიძის „შერიგება“ და „მთაწმინდის მთვარე“)

თამარ გელიტაშვილი




„უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა”

გალაკტიონ ტაბიძე


„აღფრთოვანებულ ფიქრებში იდგა ყრმა მეოცნებე და გენიოსი”, - წერდა 1909 წელს ჯერ კიდევ 17-18 წლის გალაკტიონ ტაბიძე ლექსში „რაა ეს გრძნობა”. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ პათეტიკურ სიტყვათა მიღმა იდგა მარტოსული, დედის მუცლიდან თანდაყოლილი არსებობის შიშით შეძრწუნებული პოეტი, რომელმაც საკუთარი ყოფიერება ლექსად გარდაქმნა.
გაივლის სულ მცირედი დრო და „გენიოსი ყრმის” შემოქმედებითი მღელვარება თავბრუდამხვევი სისწრაფით მიაღწევს იმ თვალშეუდგამ პოეტურ სიმაღლეს, რასაც რუსთაველის შემდგომ თითქმის არც ერთი პოეტი არ შესწვდენია.
გალაკტიონისათვის განსაკუთრებით ნაყოფიერია 1915-18 წლები. სწორედ ამ პერიოდიდან ვეცნობით მას, როგორც სიმბოლისტ პოეტს, როგორც ტონის მიმცემს ქართული პოეტური სივრცის ყველაზე უფრო ძენალდასახსნელი და რთულადაღსაქმელი ლექსებისა. აღნიშნული წლების მისეულ პოეზიაში უფრო მეტია სიმბოლიზმი; აქ უფრო მეტად ჩანს დღემდე ბოლომდე ამოუხსნელი მგოსნის უკიდეგანო იდუმალება - „მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს” - და ამასთანავე შემოქმედებითად განუძარცველი სული - თავისუფალი ეპოქის კონიუნქტურისაგან.
მოიპოვებს რა სალიტერატურო კრიტიკისა და საზოგადოების აღიარებას, შემოქმედებით შესაძლებლობებში თავდაჯერებული პოეტი საკუთარ თავს ასე შეაგულიანებს:

შენ გელის დაფნა, შენ დიადი დიდება გელის
პოეტო! არვინ არ ყოფილა ესდენ ძლიერი.

ეს სიტყვები გალაკტიონმა 1915 წელს წარმოთქვა ლექსში „აუზისაგან”, ხოლო ვიზიონერული ხილვა მეფური დიდების გვირგვინით შემკობისა იმავე, 1915 წელს გამოხატა ლექსებში: „შერიგება” და „მთაწმინდის მთვარე”.

* * *
„შერიგებას” მეტად  საგულისხმო და დამაფიქრებელი სათაური აქვს. იგი არ გულისხმობს ვინმე კონკრეტულ პიროვნებასთან შერიგების სურვილს. მას გაცილებით მეტი სიღრმისეული დატვირთვა აქვს. ოღონდ თუ რა შინაარსის მატარებელია ლექსის სათაური (რაც ამავდროულად ნაწარმოების დედააზრიცაა), ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ლექსის ზოგად მიმოხილვაზე შევჩერდეთ.
„შერიგება” თავიდან ბოლომდე საზეიმო, ამაღლებული განწყობილებითაა გამსჭვალული. ამგვარი ეგზალტირებული მზაობა პირველივე სტრიქონიდან ჩნდება და ფონად გასდევს მთელ ნაწარმოებს. გალაკტიონი მისთვის ჩვეული, ამოუცნობი იდუმალებით იკარგება შთაგონების მიღმა, სადაც თეთრი ტანსაცმლით მორთვასა და ქარში გასვლას აპირებს მოცარტის მსუბუქი მუსიკის ზვირთებით გარემოცული:

...თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.

გალაკტიონის საოცარ ფერთა პალიტრაზე არაერთხელ შეინიშნება თეთრი ფერი, როგორც სიმბოლო სიწმინდისა, როგორც სასწაულის დადასტურება სხვა სამყაროსკენ მიზანსწრაფული მგზავრისა („სადმე ყრუ ადგილს დავესახლები, / სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი” - „გზაში”), მაგრამ ამ პოეტური აღმაფრენის ჟამს უჩვეულო და მნიშვნელოვანი სულ სხვა რამეა: გალაკტიონის მზერაცა და გონებაც კონცენტრირებულია თვალშეუდგამი სიმაღლისაკენ - მყინვარის მწვერვალისაკენ, სადაც მყინვარის მარადიულ სიდიადესთან ერთად თვალნათლივ ხედავს საკუთარ პოეტურ დიდებას, დრო-სივრცეში აღმობრწყინებულსა და მოკაშკაშეს.
გალაკტიონი მყინვარს „მაღალ ზრახვათა მეფეს” უწოდებს და ამ პოეტური ალუზიის საშუალებით რადიკალურად განსხვავებულად წარმოგვიდგენს ილია ჭავჭავაძის მიერ „მგზავრის წერილებში” დახასიათებული მყინვარის ნიშან-თვისებებს. იმისათვის რომ ეს თვალშისაცემი სხვაობა ნათელი გახდეს „მგზავრის წერილები” გავიხსენოთ: „დიდებული რამ არის ეგ მყინვარი. აბა მაგას შეუძლიან სთქვას: ცა ქუდადა მაქვს და დედამიწა ქალამნადაო. ცისა ლაჟვარდსა მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად. ერთის მუჭისოდენა ღრუბლიც არა ჰფარავდა მის მაღალს შუბლსა, მის ყინვით შევერცხლილ თავსა. ერთადერთი ვარსკვლავი, მეტად ბრწყინვალე, ზედ დაჰნათოდა, ერთს ალაგს გაჩერებული, თითქო მყინვარის დიდებულ სახეს განუცვიფრებიაო. მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი.  დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, - ერთის სიტყვით მყინვარია. მყინვარი მთელის თავის დიდებულებით საკვირველია და არა შესაყვარებელი. აბა რად მინდა მისი დიდება? ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ  ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა  დედამიწაზედ უდგა,  თავი კი ცას მიუბჯენია,  განზედ გამდგარა; მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ განდგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა”.
როგორც მოცემული მონაკვეთიდან ჩანს, ილიას გული ვერ მოუნადირებია მყინვარის სიდიადეს, ვინაიდან მწერალი ფიზიკურ ხატში კი არ ეძებდა ხიბლს ყოველი არსისა (იქნებოდა ეს სულიერი თუ სულიერად გარდაქმნილი უსულოება), არამედ შინა-არსში.
„მგზავრის წერილებში” მყინვარის „მაღალი შუბლი” მარტოოდენ ყინვით შევერცხლილ მშვენიერებას განასახიერებს, თუმც, სწორედ ილიას ფრაზა: „მყინვარი უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა” იქცა გალაკტიონის შთაგონების წყაროდ, ვინაიდან პოეტმა მყინვარის მიუწვდომელ დიდებულებაში, მის მეფურ სიდიადეში სულ სხვა რამ - საკუთარი უკვდავებისა და დიდების ანალოგი შეიცნო; ამიტომაც მოიხსენიებს მას: „მაღალ  ზრახვათა მეფედ”. ილიასთან თუ მყინვარს ერთადერთი ვარსკვლავი დაჰნათის და არა ვარსკვლავთა დასი, გალაკტიონთან ის მზით დაფერილი ყინულებიდან არეკლილ კაშკაშა ნათებად წარმოჩინდება, რასაც მგოსანი „უმძიმეს იაგუნდებს” უწოდებს.
ამდენად, ილიას მიერ უარყოფით კონტექსტში დახატული მყინვარი გალაკტიონთან აშკარად ტრანსფორმირდება და სულ სხვა განზომილებაში ინაცვლებს:

და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს.

მოცემულ პასაჟში მგოსანი პოეტურ ლიცენციას მიმართავს და ნაცვლად სიტყვისა - „ააგიზგიზებს”, საოცრად ფერადოვან და ხატოვან სიტყვას ქმნის - „ააზამბახებს”, რაც ერთდროულად გულისხმობს აგიზგიზებასაც, აფერადებასაც, აყვავებასაც, აყვავილებასაც. აქ, როგორც აღინიშნა, საქმე გვაქვს პოეტურ ლიცენციასთან - ოკაზიურ ფორმასთან. ამგვარი სიტყვაქმნადობა უპირველესი მახასიათებელია გალაკტიონის პოეზიისა, რათა სიტყვას მაღალმხატვრული ელფერი მიანიჭოს, უფრო ღრმაშინაარსიანი, ნატიფი და მოქნილი  გახადოს - ფრაზა დაიმორჩილოს.
„შერიგების” აზრობრივი შინაარსის ამოსაცნობად საჭიროება მოითხოვს, კვლავ მყინვარის დიდებულებას მივუბრუნდეთ. ვსაუბრობთ რა მის მარადიულ სიდიადეზე, უნებლიედ ჩნდება კითხვა: რა საერთოა მყინვარსა და პოეტს შორის? ამ კითხვას მგოსანი მარტივად და მკაფიოდ პასუხობს:

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:
მე მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,
მყინვარს – უმძიმეს იაგუნდებით.

ამრიგად, ლექსის თანახმად, პოეტი და მყინვარი ერთმანეთს იგავმიუწვდომელი დიდებისა და მარადიულობის ნიშნით აღბეჭდილი გვირგვინებით ემსგავსებიან. ამიტომაც ამკობს გალაკტიონი მყინვარს მეფური დიადემით - უმძიმესი „ყინულის იაგუნდებით”, ხოლო საკუთარ თავს - „მსუბუქი დაფნის ფოთლებით”.
აქვე უნდა ითქვას, რომ არა მარტო ამ ლექსში („შერიგება”), არამედ სხვაგანაც, სავარაუდოა, რომ სწორედ მყინვარის დიდებულებამ უბიძგა პოეტს საკუთარი თავისთვის შემოეძახებინა:

შენ მხოლოდ მარადი სიმაღლე გიშველის,
როს შუქად მშობლიურ ცას შეეშენები.
(„დრო”).

როგორც ცნობილია, გალაკტიონს 1921 წელს ამკობენ სიმბოლური დაფნის გვირგვინით და ანიჭებენ მას ქართული პოეზიის (პოეტების) მეფის ტიტულს. მანამდე კი იდუმალი პოეტი, რომელსაც ტიციან ტაბიძემ, 1916 წელს, „მარტოობის ორდენის კავალერი” უწოდა, წინ უსწრებს მწერალთა კავშირის ერთი ნაწილის  გადაწყვეტილებას და საკუთარ თავს თვითონვე უმკვიდრებს პოეზიის (პოეტების) მეფის სახელს. სწორედ ეს თამამი განაცხადია გამჟღავნებული 1915 წელს დაწერილ ლექსებში: „შერიგება” და „მთაწმინდის მთვარე”.
ლექსში „მთაწმინდის მთვარე” საკუთარ შემოქმედებით პოტენციაში ღრმად დაჯერებული პოეტი დაუფარავად აცხადებს: „რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები”. ამ სიტყვებით სავსებით შეცნობადი ხდება გალაკტიონის იდუმალთმეტყველება - ის თავის ტოლად და სწორად არც ერთ თანამედროვე პოეტს არ მიიჩნევს.  ერთი წლის შემდეგ კი კიდევ უფრო მკაფიოდ იტყვის: „როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი”. თუმც, აღსანიშნავია, რომ თანამედროვეთა ერთგვარი იგნორირების მიუხედავად, გალაკტიონი ღრმა პატივისცემით არის გამსჭვალული გამორჩეულ წინაპართა მიმართ. ამაზე ნათლად მეტყველებს „მთაწმინდის მთვარე”, სადაც გალაკტიონმა პირდაპირ მიანიშნა, თუ ვის სულიერ მემკვიდრედ მიიჩნევს საკუთარ თავს. ეს პოეტები არიან: ნიკოლოზ ბარათაშვილი და აკაკი წერეთელი.
წერილში „საკუთარი ლექსების შესახებ” გალაკტიონი წერდა: „რომ მეფე ვარ და პოეტი” - მქონდა ასეთი ფრაზა „მთაწმინდის მთვარეში”. ეს ლექსი  („მთაწმინდის მთვარე”) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი არ არის, როგორც ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემი შემოქმედებისა. ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რა თავს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის მემკვიდრეთ” (გალაკტიონ ტაბიძე, 1950-1958, გვ. 22),
ასე რომ, სრულიად მიზანმიმართული და კონკრეტული შინაარსის შემცველია „მთაწმინდის მთვარის” პოეტური სტრიქონები: „ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...” და „აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით...”
დიდი კვლევა არ სჭირდება იმის დადგენას, თუ ვის გულისხმობს გალაკტიონი მოხუცში, ვისაც „სძინავს მეფურ ძილით”, რადგან ლექსის პირველ ვარიანტში ის აკაკის პირდაპირ ასახელებდა: „აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით” (ეს ასეა დღესაც ზოგიერთ გამოცემაში). შემდეგ კი, როგორც თავად უწოდებდა: „დაუმონებლად ამაყი და ციური ნიჭით დაჯილდოებული ნამდვილი  პოეტი აკაკი” კონკრეტიკას  აარიდა და მისთვის, სიმბოლისტისთვის ჩვეული საფარველით შებურა - სიტყვა „აკაკი” „მოხუცით” ჩაანაცვლა: „აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით”. ეს კი იმისათვის დასჭირდა, რათა ფრაზისთვის მეტი მხატვრული გამომსახველობა მიენიჭებინა, დამაფიქრებლად ეფექტური გაეხადა მკითხველისა და მსმენლის წინაშე წამოჭრილი  ამოცანა - თუ ვინ იგულისხმება მეფური ძილით განსვენებული მოხუცის ლანდში.
„მთაწმინდის მთვარეს” ისევე, როგორც „შერიგებას”, ფონად გასდევს ავტორის უაღრესად ეგზალტირებული, მძაფრი პოეტური იმპულსით გაჯერებული ამაღლებული განცდა. ორივე ლექსში მგოსანი თავს პოეზიის (პოეტების) მეფეს უწოდებს და არ არსებობს ამქვეყნად ძალა, რომელიც შემოქმედის ემოციას  შეაფერხებს, დათრგუნავს მის ესოდენ ძლიერ გრძნობას – გამარჯვების სიხარულს, რომელიც პოეტის არსებაში მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც გააცნობიერა, რომ თავისი უკვდავი პოეზიის წყალობით თვით სიკვდილიც კი დაამარცხა. „მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა”, - იტყვის გალაკტიონი ცოტა მოგვიანებით (1916 წელს). მანამდე კი თავისი სათქმელი, როგორც უკვე ითქვა, ყველაზე მძაფრად „შერიგებასა” და „მთაწმინდის მთვარეში” გამოხატა,  სადაც აკლდამისა და სასაფლაოს ხსენების მიუხედავად, მაინც იგრძნობა მაჟორული ტონალობა.
მთაწმინდაზე მყოფ პოეტს მთვარის იდუმალება შთაგონებით აღავსებს და ძვირფას ლანდებს გამოახმობინებს. პოეტურ საუფლოში ამაღლებულ, სულიერი ჰარმონიით გამსჭვალულ მგოსანს არა თუ თრგუნავს ან აშინებს ბინდბუნდის აჩრდილებთან ლაციცი, პირიქით, ათამამებს კიდეც დიდებულ ლანდებთან სიახლოვე, ვინაიდან მან უკვე იცის,  რომ მთაწმინდის არც ერთი ბინადარი, არც ერთი დიდი მგოსანი გარდაცვლილად არ ჩაითვლება, რადგანაც ხალხის ხსოვნაში მათ თავიანთი შემოქმედებით სამარადჟამო დიდება და უკვდავება დაიმკვიდრეს. ამიტომაც სუფევს მთაწმინდის პანთეონში არა მწუხარება, როგორც საზოგადოდ შეეფერება სასაფლაოს, არამედ მგოსანთა საძვალე აღიქმება პარნასად – ვარსკვლავების შუქით  აკიაფებულ მხიარულ გარემოდ:

აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული.

სწორედ ამგვარი განცდა უბიძგებს პოეტს, რომ საკუთარი  თავი მაშინაც კი პოეზიის უჭკნობი გვირგვინით - დაფნის გვირგვინით  შემკობილად წარმოიდგინოს,  როდესაც დადგება დრო მისი აღსასრულისა, რომელთან შეხვედრაც გედის სიმღერით, ანუ თავისი უკვდავი პოეზიით სურს („რომ წაჰყვება  საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...”). თუ რაოდენ დიდია  ემოციური მუხტი სიკვდილის დამარცხებით გახარებული პოეტისა, რაოდენ რომანტიკულად წარმოუდგება სიცოცხლის დასასრული, ამას შემდეგი სტრიქონები გვამცნობს:

და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ მთვარემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა.

როგორც ითქვა, გალაკტიონი სიკვდილის შიშს პოეზიით ამარცხებს, რადგანაც იცის, რომ მარადიულ დიდებას საკუთარი ლექსები დაუმკვიდრებენ. ამიტომაც ეჩვენება მას აღსასრულის გზა ვარდისფრად, ანუ მსუბუქად, სადაც მშვენიერ ზღაპარს ემსგავსება მგოსანთა შემოქმედებითი წვა და თავგანწირვა.
ის ფაქტი, რომ „შერიგება”  და „მთაწმინდის მთვარე” კონცეფციურად ერთმანეთის მსგავსია, უკვე ითქვა. ახლა კი დადგა დრო, დავაკონკრეტოთ, თუ რისი მიმანიშნებელია სათაური ლექსისა - „შერიგება” და რა საერთო აქვს მას ნაწარმოების აზრობრივ შინაარსთან.
ერთ თავის წერილში „ავტობიოგრაფიული ჩანაწერები” გალაკტიონი აღნიშნავს: „ჩემი ტრიბუნა იყო პოეზია და მე არასოდეს არ მიმიტოვებია ეს ტრიბუნა და არ გადამიცვლია რაიმე სხვა სამსახურზე” (გალაკტიონ ტაბიძე, 1952, გვ.175). პოეტურ ტრიბუნაზე შემდგარი პოეტი „შერიგებაში” საკუთარ სულს თეთრ აკლდამაზე, ანუ სიკვდილზე ამაღლებისაკენ მოუწოდებს:

ამაღლდი სულო, თეთრ აკლდამაზე
მშვენიერების ლექსით მქებელი:
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი.

ესაა ახალგაზრდა პოეტის რიტორიკული მიმართვა საკუთარი თავისადმი, იმ პოეტისა, რომელიც, შემოქმედებით ძალებში დარწმუნებული, სიკვდილს იოლად ურიგდება, ვინაიდან შესანიშნავად იცის, რომ პოეზია უკვდავებას დაუმკვიდრებს და მაშინაც კი, როდესაც მისი სხეული მიწას შეერევა, სახელი პოეტისა არასოდეს დაეშვება დიდების მწვერვალიდან.

* * *
დასასრულ, მსურს, ორიოდე სიტყვით შევეხო მოსაზრებას, გამოთქმულს „შერიგების” შესახებ (ამ შემთხვევაში გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, თუ ვის ეკუთვნის იგი). ხსენებული მოსაზრების თანახმად, გალაკტიონი იმიტომ ურიგდება სიკვდილს, რომ ამას მისი რელიგიური მრწამსი განაპირობებს და მას, უბრალოდ, სხვა გზა არ დარჩენია, რადგანაც ბუნების კანონზომიერება აღსასრულის კლანჭებიდან თავის დაღწევას შეუძლებელს ხდის. მიმაჩნია, რომ ასეთი მოსაზრება აღარიბებს ლექსის ღრმააზროვან შინაარსს,  რამეთუ ამგვარ შერიგებას ყოველი მართლმორწმუნე ქრისტიანი აცნობიერებს, მაგრამ სიკვდილის მოახლოებას ჯერ არავინ შეხვედრია ხელებგაშლილი, აღფრთოვანებული და სიხარულით აღსავსე. პოეტის პათეტიკური განწყობა, ლექსის საერთო ამაღლებული ტონალობა, რომლის მიღმა ვხედავთ ნეტარებამოგვრილ  ავტორს,  რომელმაც თითქოს ეს-ესაა საკუთარი მარადიული დიდებისა და უკვდავების მიზეზი შეიცნო, რითაც სიკვდილზე ამაღლდა - „დღეს ყველგან მზეა და სილამაზე, / სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი”, - გვაფიქრებინებს, რომ ეს არ არის  ჩვეულებრივი მოკვდავის აუცილებელი ხვედრი, ეს უფრო ამაღლებული, სულიერი ჰარმონიით აღვსილი შემოქმედის ყოფაზე მიგვანიშნებს, უფრო დიადსა და მიუწვდომელზე, ვიდრე თითოეული ჩვენგანის შეგუებაა გარდაუვალ აღსასრულთან. თუმც, ყოველივე ეს – ფიქრი დიადსა და ამაღლებულზე, უკვდავსა და მარადიულზე - ყველაზე  უკეთ თვითონ გალაკტიონმა გამოხატა. ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვუხმოთ მას:

ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოდ დაშრება ვიდრე,
მასში დიდება პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე – უკვდავებაც არაფერია.
თეთრი დღეების ისევ ისე მიჰყვება დასი,
მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია.
(„ცხოვრება ჩემი”)

ამგვარი შემართებით ეგებება გალაკტიონი გამოცხადებას, როდესაც 1959 წლის 17 მარტს „თეთრი დღეების” ბროლებით მოჯადოებული და სიკვდილისშიშდაძლეული ადის ფანჯრის რაფაზე და საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან ხელებგაშლილი მიისწრაფვის მარადისობისაკენ, რათა საკუთარ სხეულთან გაუცხოებული მისი სული სამუდამოდ შეუერთდეს უკიდეგანო იდუმალების მიღმა მოლივლივე თავისსავე ლანდს – დაფნის გვირგვინით შემკულსა და უკვდავი დიდებით გაცისკროვნებულს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები