ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: საბავშვო
9 თებერვალი, 2019


დევ(კაც)ის სიყვარული (ბალადა)

დევ(კაც)ის სიყვარული

გაბრაზდა დევი, გაშმაგდა,
სად გადამალეს მზევარდი.
მოდის და ყვირის: – მიყვარდი!
მიყვარხარ! სულ მეყვარები!

კლდეებს გაუდის ზანზარი,
მდინარეები ტირიან,
შემკავებელი არავინ
არ არის, კარგად იციან.

ერთ კლდეს რომ წიხლი მიარტყა,
გახეთქა, წყალმა იხუვლა,
უწყლოდ დამშრალმა სოფელმა
სიხარულისგან იმუხლა.

მოდის, გზა ჩახერგილია,
ზვავმა ლოდები მოსხიპა,
ეტაკა, მისწი–მოსწია,
გზა გახსნა, მადლი მოისხა.

მოადგა გამყოფ მდინარეს,
ხიდი რომ წყალმა წაიღო,
ქარიშხლით ამოგლეჯილი
მუხა ხიდივით გაიდო.

სევდის კოშკში ზის მზევარდი,
არ მოსწონს არა ვაჟკაცი,
გულს ირთობს ჟაკარდის ვარდით,
ნაჩუქარია დევკაცის.

შეყვარებულმა დევმა კი
ბრაზით სიკეთე აკეთა,
რაც კი რამ გაფუჭებულა,
გზადაგზა სულ შეაკეთა.

მოვიდა, რიხით იკითხა:
– სად არის ჩემი მზევარდი!
გაიგო ქალმა დევის ხმა,
ნაწნავს ჩამოჰყვა ფეხმარდი.

გამოექანა, ჩაეფსკვნა,
დევმა ჰაერში ააგდო,
აათამაშა ბავშვივით,
– რას მოვესწარი ამასო!

ქორწილი გადაიხადეს
სოფელში, ტყეში, მინდორში.
აახმაურეს მთა–ბარი,
მაჟორში, განა მინორში.

ბედნიერები არიან,
უსაზღვროდ, უკიდეგანოდ,
ტყუპი შვილები ეყოლათ
წათე და ურჩი მელანო.




მზია თვალაბეიშვილი

დაწერილია /სავარაუდოდ/ 2015–ში

ლექსი დაიბეჭდა ლიტერატურული კონკურსის „მოდინახეს“ 2014–2015 წლების ფინალისტთა რჩეული ლექსების კრებულში.
გავიდა 2019 წლის თებერვლის თვის თავფურცელზე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები