ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2019


სარდაფის ცოლები "ყვავის სიმღერა"

ადგნენ ქალები,
ხალათებში დამალეს ფრთები,
თვალები ღილის შესაკრავში გამოაძვრინეს.
გზები, წინდებზე გამოქსოვილ ბეღურის
ფეხში, ჩაატიეს და ჩააყოლეს ისიც მკვდარ სიზმრებს.

***
...ყვავებს სულები აწვალებენ
ისე ჩხავიან
და ღია წრეზე დანთებული
სანთლების ბოლზე,
ფანჯრიდან სულებს აცოცებენ
წითელთვალიანს,
თანაც ზვერავენ პირებამდე
ხომ ცოცხლად მოვლენ.

რწევით და რწევით
ქოშინით დუჟით
მოდიან,
კედლებს ბუზები
ფარავს.
რკინის ნალი კი
ლურსმნებზე
პირქვე
გათვალულივით
ამთქნარებს კართან.

***
ქალები დგანან, უწინდებოდ.
ლურჯი ცრემლები, შიშით
ამოსდით. ხალათებში
ფრთებიც სველია.

გარეთ, კაკლები შრიალებენ
ყვავის სიმღერას.
...თვალები, ღილის შესაკრავში
უკან ძვრებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები