ნაწარმოებები



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: საბავშვო
17 მარტი, 2019


ნაკადული (ზღაპარივით ნამდვილი ამბავი)

ზღაპარივით ნამდვილი ამბავი

                                              ნაკადული
         
მთის წყაროდან მხიარული ნაკადული მოედინებოდა, დიდ მინდორს კვეთდა, ხევში ჩადიოდა და, მიწაში გაჟონვისა და გაქრობის ნაცვლად, მდინარის აზვირთებულ ტალღებს უერთდებოდა. მორბოდა, ცელქობდა და თან ნატრობდა, – ნეტა, მთის ჩქარი მდინარე ვიყო, სათავეს მწვერვალებიდან ავიღებდი, ხმაურით გამოვაგორებდი ჩემს ტალღებს და უკიდეგანო ლურჯ ზღვაში გავუჩინარდებოდი. რამდენ სიკეთეს მოვიტანდი, ნაირფერი კენჭებით და თევზებით ვიქნებოდი სავსე, ტყის ნადირს დავარწყულებდი და გავაგრილებდი, ადამიანებსაც ვაბანავებდი, სარეცხს გავურეცხავდი, მტვრიან ფარდაგებს ხასხასა ფერებად ავაელვარებდი ..... – ეჰ, რა ტყუილად ვცდები, – ოხრავდა ნაკადული.
პაპანაქება სიცხე იყო. მზე სულ უფრო და უფრო აჭერდა.
– როგორ დაცხა! მეც კი ორთქლი ამდის, – გაიფიქრა ნაკადულმა.
მოულოდნელად მინდორს ბავშვები შემოესიენ. ბიჭები დაჭერობანას თამაშობდნენ. გოგონები ყვავილებს კრეფდნენ, თაიგულებს კრავდნენ, გვირგვინებს წნავდნენ, ჭრელ პეპლებს დასდევდნენ. ბავშვების სიცილმა, სილაღემ, სირბილმა და თამაშმა აახმაურა და გააცოცხლა იქაურობა.
– ეჰ, ჩემი ბედი რა ვთქვი, ბავშვებიც კი ვერ მხედავენ, – ბუტბუტებდა ნაკადული.
უეცრად ერთი გოგონა შეუძლოდ გახდა და დაეცა. ვერ გაუძლო მზის მცხუნვარებას და გონება დაკარგა. მეგობრებმა შეჰკივლეს, ბიჭები აჩოჩქოლდნენ, –  ჩქარა!  ჩრდილში გადავიყვანოთო.  თქვეს და შეასრულეს კიდეც. ფრთხილად აიყვანეს, ცოტა კი გაუჭირდათ ტარება, მაგრამ იყოჩაღეს და ხეების ჩრდილში დააწვინეს. მოულოდნელმა განსაცდელმა არ დააბნია ბავშვები.
– წყალი უნდა ვაპკუროთ, გავაგრილოთ და დავალევინოთ, – თქვა ყველაზე უფროსმა.
– სად ვიპოვოთ წყალი? – ერთხმად იკითხეს გოგონებმა
–      ეჰ, მე აქვე მივრბივარ და ვერ მამჩნევენ, – გულდაწყვეტილი ახმაურდა ნაკადული.
– აქ, მგონი, სადღაც წყაროა.
– ჰო, წყაროც არის და ნაკადულიც მოედინება. ამ პაპანაქებაში თუ არ დაშრა, სადღაც აქვე უნდა იყოს.
გაფაციცდნენ და წყლის რაკრაკი გაიგონეს. მიჰყვნენ ხმას და  ნაკადულიც იპოვეს. პეშვებით აგროვეს წყალი და გოგონას სახე, კისერი, მკლავები გაუგრილეს. გოგონა შეირხა და თვალები ოდნავ გაახილა. ოროვანდის უზარმაზარი ფოთოლი მოწყვიტეს, ნაკადულში გარეცხეს, წყლით აავსეს და წყალიც დაალევინეს. გოგონამ სული მოითქვა და გაიღიმა.
        –  დიდი მადლობა, ასე რომ იზრუნეთ ჩემზე, – თქვა და ბავშვებს გადახედა. –  გვირილების ამ თაიგულს კი ნაკადულს ვაჩუქებ, –  მადლიერი გოგონა ფრთხილად წამოდგა, მივიდა და მინდვრის ყვავილების პატარა თაიგული ნაკადულს გაატანა.
        –  აი, სიკეთეც ვქენი, – თქვა კმაყოფილმა ნაკადულმა. თაიგული წყალზე აათამაშა, თან გაიყოლა და ბედნიერი ღიღინით განაგრძო გზა .....


მზია თვალაბეიშვილი
განთავსდა 2019 წლის მარტის თვის თავფურცელზე.

დაიბეჭდა 2016 წლის საბავშვო პროზის ლიტერატურულ კონკურს „ბუკნაჭოს“ რჩეული ნაწარმოებების კრებულში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები