ნაწარმოებები



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
4 სექტემბერი, 2019


წერილი შარლოტ, ემილი და ენ ბრონტეებს

წერილი შარლოტ, ემილი და ენ ბრონტეებს

მისამართი: უსასრულობა ............

...
ვწერ ამ წერილს და ვაგზავნი უსასრულობაში ...  რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სამყარო კანონზომიერია, არაფერი იკარგება უკვალოდ, ერთი ან მეორე ფორმით განაგრძობს არსებობას და იძენს სამყაროში კუთვნილ ადგილს, ვინ იცის, იქნებ ეს წერილიც ...
...
შარლოტ, ემილი და ენ,

    გიხაროდეთ! თქვენი ნაწარმოებები ცოცხლობენ და თქვენი სამშობლოდან მრავალი ათასი მილით დაშორებულ პატარა საქართველოშიც კი გიცნობენ, ახსოვხართ, კითხულობენ თქვენს რომანებს და უყვართ თქვენი შექმნილი პერსონაჟები. 
    როგორ გაგიფრინდათ სიცოცხლე, რა ხანმოკლე იყო თქვენი ცხოვრება, გაჭირვებით, ავადმყოფობითა და ტრაგედიით სავსე. როგორი ძლიერები აღმოჩნდით, ამაღლდით ყოფაზე, მოახერხეთ გაქცეოდით ეთრფეროვან, მოწყენილ არსებობას და წარმოსახვაში შეგექმნათ სრულიად განსხვავებული სამყარო. როგორ? როგორ შეძელით ამ სუსტმა, ავადმყოფმა ახალგაზრდა ქალებმა, რომლებმაც ბავშვობაში დედის და ორი დის გარდაცვალება განიცადეთ? თავადაც მუდმივი ავადმყოფობით დათრგუნულები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ არა, სიცოცხლის სიყვარულით სავსე იყავით და ჩვენც გაგვიზიარეთ თქვენი ფარული, ამაღლებული სამყარო.
    ერთსა და იმავე წელს გამოვიდა სამივეს რომანები. ჯერ შარლოტის „ჯეინ ეარი“, რომელსაც არნახული წარმატება ხვდა წილად, შემდეგ ემილის „ქუხილის უღელტეხილი“ და ენის „აგნეს გრეი“. სამივე რომანის ყველა ეგზემპლიარი გაიყიდა. რა ბედნიერები იქნებოდით, მხიარულები. ღმერთმა ყველა მოგასწროთ ამ დიდ წარმატებას და სიხარულს. ამ მიღწევებისა და წარმატებების მომდევნო წელს კი ისევ დიდი ტრაგედია დაატყდა თავს თქვენს ოჯახს, ერთადერთი ძმა ბრენუელი და მოგვიანებით მისი მომვლელი და, ემილი, ჭლექით გარდაიცვალნენ. შემდეგი წლის გაზაფხულზე კი ჭლექმა ახალი მსხვერპლი მოითხოვა – უმცროსი და ენი. დარჩა შარლოტი დაბრმავებულ მამასთან ერთად.
    იგი ყველა თქვენგანის წილ დაფასებას და აღიარებას მოესწრო. მაგრამ ისიც უიღბლო აღმოჩნდა და გათხოვებიდან სულ რამდენიმე თვეში ნაადრევი მშობიარობის დროს ჭლექით გარდაიცვალა.
    ასე წახვედით სამივე ამ ქვეყნიდან და დატოვეთ რომანები, რომლებიც ინგლისური და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკაა.
    მე, ჯერ კიდევ სრულიად ნორჩ ასაკში, წავიკითხე „ჯეინ ეარი“ და „ქუხილის უღელტეხილი“, შემდეგ ისევ დავუბრუნდი და გადავიკითხე. განსაკუთრებით მაღელვებდა „ქუხილის უღელტეხილი“. უკაცრავად, ენ, უნდა ვაღიარო, რომ „აგნეს გრეი“ არ წამიკითხავს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს.
    შარლოტ და ემილი, თქვენ ხომ ბრიუსელში სწავლობდით ფრანგულს და თან, სწავლის ხარჯების დასაფარად, ინგლისურს ასწავლიდით? მე ახლა ბელგიაში ვცხოვრობ და როცა ბრიუსელში ვარ, ალბათ, იმავე ქუჩებით დავაბიჯებ, რომლითაც თქვენ დადიოდით.
მინდა გითხრათ, რომ, ზოგჯერ, ჩემს თავს ჯეინ ეართან ვაიგივებ, პიროვნულ მსგავსებას ვხედავ. არ გაგეცინოთ ....
    ახლა კი გემშვიდობებით. თქვენ დარჩით იქ, სადაც იმყოფებით. მე კი ამ ქვეყანაზე გავაგრძელებ ჩემს ხანგრძლივ, ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებისეულ გზას.

მშვიდობით,
მზია თვალაბეიშვილი
   
–  –  –
დაიბეჭდა 2014 წლის 9 თებერვალს გაზეთ „რეზონანსის“ ლიტერატურულ დამატება „გალაკტიონში“, რუბრიკით „ წერილი საყვარელ მწერალს“.
ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ფორუმის (ებლიტფოს) პროექტი გიორგი კილაძის თაოსნობით.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
შენიშვნა: ინგლისურად არის Jane Eyre – ვფიქრობ, სწორი თარგმანია ჯეინ ეირი, არადა ქართულში, რატომღაც, დამკვიდრებულია ჯეინ ეარი.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –


P.S.                                  ისევ და ისევ ეს უცნაური დები ბრონტეები


    რადგან შარლოტ ბრონტეს პოეტ რობერტ საუტისთან(Robert Southey) მიმოწერის ერთობ უსიამო გამოცდილება ჰქონდა, კერძოდ, პოეტმა საპასუხო წერილში, მართალია, დადებითად შეაფასა მისი ლექსები, მაგრამ დაარიგა, ნუ აჰყვებოდა პოეტურ ზეაღტაცებას, ეს ხელს შეუშლიდა მას, როგორც ქალს, საოჯახო საქმეების კეთებაში და შეეძლო ჯანმრთელობაზეც ემოქმედა, ამიტომ დებმა გადაწყვიტეს კაცების (ძმების) ფსევდონიმები აეღოთ და, მართლაც, „გახდნენ“ კარერ ბელ–Currer Bell (შარლოტი), ელის ბელ–Ellis Bell (ემილი) და ეკტონ ბელ–Acton Bell (ენი). სწორედ ამ ფსევდონიმებით გამოსცეს დებმა ლექსების პირველი საერთო კრებული (კრიტიკოსების ყურადღება განსაკუთრებით ემილის ლექსებმა მიიპყრეს). შემდეგ ამავე ფსევდონიმებით  გაგზავნეს შარლოტის რომანი „პროფესორი“/მასწავლებელი/, ემილის „ქუხილის უღელტეხილი“ და ენის „აგნეს გრეი“ გამომცემელთან ლონდონში. „პროფესორი“ გამომცემლობამ დაიწუნა. „ქუხილის უღელტეხილი“ და „აგნეს გრეი“ კი მიიღო. ელისს და ეკტონს გამომცემლობამ გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა წიგნების გამოსაცემად იმ პირობით, რომ თუ გამოცემის გარკვეული პროცენტი გაიყიდებოდა, დაუბრუნებდა ამ თანხას. მათ ეს თანხაც გადაიხადეს, მაგრამ გამოცემა ისე გაჭიანურდა, რომ შარლოტ ბრონტემ ამასობაში ახალი რომანის, „ჯეინ ეარის“, დაწერა მოასწრო და სხვა გამომცემლობაში გააგზავნა. რომანი მალევე გამოიცა და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. (ბევრი ლიტერატორი და კრიტიკოსი ფიქრობს, რომ რომანის ინსპირაცია ენ ბრონტეს „აგნეს გრეი“ და შარლოტის პირადი გამოცდილება იყო). მხოლოდ შარლოტის, იგივე კარერ ბელის, წიგნის წარმატების შემდეგ დაფაცურდა გამომცემელი და გამოსცა ელის და ეკტონ ბელების წიგნები, მიხვდა, რომ წარმატება გარანტირებული იყო. ასე და ამრიგად, სამივე რომანი ერთ წელს დაიბეჭდა და სამივე გამოცემის სრული ტირაჟი გაიყიდა. ელისს და ეკტონს ფული, რასაკვირველია, არავინ დაუბრუნა. ნაწარმოებებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს. ემილის „ქუხილის უღელტეხილს“ ლიტერატორების ნაწილმა შედევრი უწოდა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც შუათანა ძმას საშიშ პიროვნებად მიიჩნევდნენ და მისი ვნებათაღელვით სავსე წიგნის მოზარდი თაობისგან გარიდებას ითხოვდნენ. ემილიმ თითქოს მთელი თავისი არსება ჩააქსოვა ამ წიგნში.
    ზოგიერთის აზრით, ამ სამი ფსევდონიმის უკან ერთი ავტორი იდგა. განსაკუთრებით აიგივებდნენ კარერ და ეკტონ ბელებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ შარლოტი და ენი გაემგზავრნენ ლონდონში გამომცემელთან, რათა დაემტკიცებინათ საკუთარი არსებობა.
    მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ძმებმა“ სახელი მოიხვეჭეს, ცნობილი გახდა, რომ ამ წიგნების ავტორები დები ბრონტეები იყვნენ. მალე გამოვიდა ენ ბრონტეს რომანი „უცნობი ქალი უაილდფელ–ჰოლიდან“, რომლის მთელი ტირაჟიც გაიყიდა და რომელმაც შოკური ეფექტი იქონია საზოგადოებაზე. წამოჭრილი იყო იმ ეპოქისთვის წარმოუდგენელი თემა – როგორ ტოვებს ქალი ქმარს და ცდილობს დამოუკიდებლად იცხოვროს. ამავე დროს შემზარავი სიზუსტით იყო აღწერილი ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის სცენები. (ენმა აღწერა ის, რაც მან გადაიტანა ძმის ხელში. ბრენუელ ბრონტე ხატვის მასწავლებელი იყო რობინსონების მდიდარ ოჯახში. მას შეუყვარდა დიასახლისი, ქმარმა გამოააშკარავა ისინი და ბრენუელი გამოაგდეს, შედეგად, იგი ძალიან სწრაფად გალოთდა და ოპიუმსაც მიეძალა. ბევრის მნახველ ოჯახს თავს დაატეხა ამ მანკიერებებთან დაკავშირებული ყველა უბედურება – ნუ დაგვავიწყდება, რომ ბრენუელიც ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსია, იგი წერდა და აქვეყნებდა მშვენიერ ლექსებს, თარგმნიდა, მათ შორის ჰორაციუსის ოდებს). საზოგადოება არ იყო მზად შეულამაზებელი სიმართლისთვის და მიუხედავად ამისა, რომანი ძალიან პოპულარული იყო.
    ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ენის პოპულარობას ბევრი დააკლო, მისი გარდაცვალების შემდეგ შარლოტის მიერ რომანის „უცნობი ქალი უაილდფელ–ჰოლიდან“ გამოცემის აკრძალვამ, ის თავიდანვე წინააღმდეგი იყო ამ რომანის გამოქვეყნებისა, იმ მიზეზით, რომ იგი „ამოვარდნილი“ იყო დების შემოქმედებითი სტილიდან. არადა რომანზე დიდი მოთხოვნილება იყო.
    სამწუხაროა, რომ ემილი და ენი მათი რომანების გამოსვლიდან ძალიან მალე გარდაიცვალნენ და თავის წილ წარმატებას და დაფასებას სრულად ვერ მოესწრნენ. 

    ამდენი უბედურებისგან დაბრმავებული მამა, პატრიკ ბრონტე, რომელმაც, თავის დროზე, ყველა ღონე იხმარა, რომ ჯერ თვითონ ესწავლა წერა–კითხვა და შემდეგ, შეძლებისდაგვარად, განათლება მიეცა შვილებისთვის, რომელმაც ცოლის და ექვსი შვილის გარდაცვალება გადაიტანა, რომელსაც არ დარჩა შთამომავლობა, მიუხედავად ყველაფრისა ამაყობდა სახელოვანი შვილებით, დიდხანს იცოცხლა და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
    მათი სახლი დღემდე უცვლელად არის შემონახული. მათ შორის სოფაც, რომელზეც ემილი გარდაიცვალა. შარლოტის მონაცრისფრო–მომწვანო კაბა ძალიან ვიწრო წელით და მისი წარმოუდგენლად მცირე ზომის, შავი ფეხსაცმელი.

    კიდევ ერთი უცნაურობა, რომელიც დების საოცარ კავშირზე მეტყველებს:

    ბრენუელის დაკრძალვაზე ემილი გაცივდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმედ იავადმყოფა, მაგრამ წამლებს აღარ სვამდა. თითქოს წასასვლელად ემზადებოდა. „ქუხილის უღელტეხილში“ ერთი უცნაური აზრი გამოკრთის, რომ გარდაცვლილი შეიძლება დაბრუნდეს, თუკი იგი ამ ქვეყანაზე ვინმეს ენატრება, ელის და ეძახის მას. ასე ბრუნდება რომანში ქეითი(ქეთრინი) და აკაკუნებს სახლის ფანჯარაზე, შემთხვევით იქ მყოფ სტუმარს კი ხის ტოტი ჰგონია.
    მძიმედ კვდებოდა შარლოტი. მის სასთუმალთან ქმარი და მოახლე ისხდნენ. შარლოტი კი დებს და ძმას ეძახდა. მათ სახელებს იმეორებდა. ყველაზე მეტად ემილი ენატრებოდა. ემილი შინაყუდა იყო, სახლში ყოფნა უყვარდა, თითქოს ამ სახლის სული იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი სრულიად დაცარიელდა. შარლოტი დაჟინებით ეძახდა ემილის. ქმარი და მოახლე განაცვიფრა ფანჯარაზე კაკუნმა. რასაკვირველია, „ეს იყო ტოტი“. შარლოტმა გაიგონა კაკუნი, გაიღიმა, დამშვიდდა და დახუჭა თვალები.

ინგლისელები შარლოტ ბრონტეს დიდ მწერალს უწოდებენ, ემილის – გენიოსს და ენს –კარგ მწერალს. სამივეს წიგნები ინგლისური ლიტერატურის კლასიკაა.



მზია თვალაბეიშვილი
2019 წლის 1 სექტემბერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები