ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: არია
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2019


მიტოვებული კაცების კლუბი

ჩემგან მიტოვებულმა კაცებმა პირი შეკრეს,
ჩემგან მიტოვებული კაცების კლუბი შექმნეს.
ბნელ ჰოლში სხედან მიტოვებული კავალრები,
წრედ ჩალაგებულ ხის სკამებზე, ანდა გიგანტურ სავარძლებში, ზოგიც _ ეტლებში.
ოთახის ოთხივ კუთხეებში ანთია ცეცხლი და ყველა ფარდა საიმედოდ დაშვებულია.
და ყოველივე ძალიან ჰგავს სიზმარში ნანახ ანდა წიგნიდან ამოკითხულ სპირიტუალურ შავბნელ რიტუალს.
მიჯრით სხედან და ეწევიან ჰაშიშს ან თრიაქს, ზოგიც ოპიუმს და ან სიგარას,
ვინ _ არ ეწევა და ჩაის სვამს დინჯი მანერით,
ზოგი მალიმალ ილუკმება დედის ან ცოლის გაკეთებულ მსუყე სენდვიჩებს.
ზოგი მათგანი ლამაზია და ზოგი _ უშნო,
ზოგი _ ვერც იტყვი,
ზოგი _ ყმაწვილი, ზოგი _ ზრდასრული, ზოგიც _ ბებერი,
ზოგი _ მწყემსი და ზოგი _ მეტყევე, სხვა _ მონადირე ან მოთამაშე,
ზოგიც _ პოეტი.
სხედან, ოთახის მძიმე ჰაერს ინაწილებენ, როგორც იყოფდნენ ჩემს უხვ სხეულს, ჩემს თმას, ჩემს სუნთქვებს.
ლაპარაკობენ, რომ მე მქონდა თეთრი კანი და თმა წითელი.
ლაპარაკობენ, რომ მიყვარდა ოთახებში სიარული მათი ტანსაცმლით.
ზოგნი ამბობნენ, რომ სულაც არა, რომ მე მქონდა წაბლისფერი, შეკრეჭილი თმა და უსირცხვილოდ დავაბიჯებდი ღია ფანჯრებთან სულ მთლად შიშველი.
გაიხსენებენ როგორ ურცხვად გავიცინებდი, ხანაც როგორი სევდით სავსე ვიღიმებოდი.
ლაპარაკობენ, რომ მიყვარდა გულაღმა წოლა.
ლაპარაკობენ, რომ მიყვარდა დილის ძილი და რბილი ბალიში.
ლაპარაკობენ, რომ მყავდა კატა და ღამღამობით მასთან ერთად სადღაც ვქრებოდი.
იხსენებენ, რომ იასამნის სუნი ჰქონდა ჩემს ამოსუნთქვებს.
ლაპარაკობენ, რომ თვალებით ანგელოზს ვგავდი, ხანაც _ სატანას,
ხოლო ხელებით, ხოლო თმებით, ხოლო ღიმილით და ხმაში სევდით _ ქალს პირველყოფილს და პოეზიას.
ლაპარაკობენ, რომ ჩემს სხეულთან განცდილის შემდეგ სხვა სხეულებთან ვეღარაფერს ვერ განიცდიან.
და აღარც ჩემი სულის მცნობელთ აღარ აქვთ ჟინი სხვა სულის ცნობის.
ლაპარაკობენ. რა ტკივილით ლაპარაკობენ...
და ყოველ ღამე ხდება ასე, კარი იღება და ვიღაც ახალს ესალმება კაცების კლუბი.
და კიდევ ერთი ცოლი სწავლობს უკაცოდ ყოფნას და ყოველ დილით ულამაზოდ გამოღვიძებას.
და ყოველ დილით ოთახს ტოვებს თვალჩამქრალი კაცების კლუბი.
და დამეძებენ
ქუჩებსა და მოსახვევებში,
ძვირადღირებულ რესტორნებსა და კაფეებში, კაზინოებში, მეტროსა და ავტობუსებში.
საროსკიპოსთან დადგებიან ჩაფიქრებულნი და ყველა გამვლელს თვალებსა და სურნელს უთვლიან.
და ყველა ქალის თმასა და ხმაში უიმედოდ მოგზაურობენ.
და ხდება ასე,
და ხდება ხშირად, რომ ერთ ღამესაც, ავბედით ღამეს, სავსე მთვარისას,  ჩემი მკერდით გავსებულ ღამეს,
რომელიმე აღარ მივა მიტოვებული კაცების კლუბში.
და ბნელ ოთახში შეკრებილთაგან ყველამ იცის ამის მიზეზი.
იტყვიან, კარგი კაცი იყო, ღმერთმა უშველოს, თუ ღმერთის სწამდა,
სიმშვიდე ნახოს, სადაც არის და როგორც არის.
და იმ დღეებში, როცა მოძმის სიკვდილის სუსხი ბნელ ოთახში სანთლებსა და ფარდებს შეარხევს,
ყველაფერი კიდევ უფრო ემსგავსება სპირიტუალურ ღამის რიტუალს.
და ხმები ისმის ოთხივ კუთხით დანთებული ცეცხლის ენებში:
"სიკვდილმაც კი ვერ მაპოვნინა ის, რაც დავკარგე. დაე, იცოცხლეთ, მეგობრებო!"
მაგრამ ყოველი სავსე მთვარისას
კიდევ ერთ ტყვიას იმიზნებენ შუბლში კაცები
და კიდევ ერთი ცოლი იცვამს უსიტყვოდ შავებს.
ლაპარაკობენ, სევდიანად ლაპარაკობენ
სამუდამოდ მიტოვებული კაცების კლუბში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები