ნაწარმოებები



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
29 მარტი, 2019


უცნობი და მარგარიტა

«Никогда не разговаривайте с неизвестными»
Михаил Булгаков «Мастер и Маргарита»
                                     
                                          უცნობი და მარგარიტა

– უცნაური ხალხია მამაკაცები, –  ფიქრობდა საროსკიპოში გაზრდილი მარგარიტა.
სუფთა, სპეტაკი და მშვიდი იყო. ბორდელში ცხოვრებასთან სრულიად შეუთავსებელი.
გოგონასთან პირველი ღამის გატარების უამრავი მსურველი იყო, მაგრამ „დედილოს“  არავინ მიაჩნდა ნორჩი ქალწულის ღირსად. გამოცდილი მეძავი განსაკუთრებულ კლიენტს ელოდა. ალღომაც არ უმტყუნა.
ჩვეულებრივი საღამო იდგა, მზე ჩადიოდა, როდესაც საროსკიპოს კარი მაღალმა, საკმაოდ სიმპათიურმა, უცნობმა მამაკაცმა შეაღო. ძვირფასი კოსტიუმი ეცვა, შავი ცილინდრი ეხურა, მოგრძო სახე და სხვადასხვა ფერის თვალები ჰქონდა. ერთი სიტყვით, უცხოელი იყო.
„გერმანელი“, – გაიფიქრა დედილომ. „ინგლისელი“ ,– გაიფიქრა მარგარიტამ.
კაცმა მარჯვენა, შავი და ცარიელი თვალი აღტაცებით შეავლო მარგარიტას და მისი უმანკოება მოითხოვა. გახარებული დედილო არ შემცდარა, გასამრჯელომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მარგარიტამ ვერც კი იგრძნო, როგორ აღმოჩნდა უცნობთან ერთად უმწიკვლობის ოთახში.
– გაიხადე და გამხადე, მშვენიერო მარგარიტა. – ვნებით ჩურჩულებდა კაცი. მარცხენა, მწვანე თვალში კი მაცდური სხივი უკიაფებდა.
მორჩილმა მარგომ ფრთხილად მოხადა ქუდი და შეკრთა, პატარა რქები დაინახა. ფეხსაცმელები გახადა და ჩლიქები შერჩა ხელში. გაშიშვლებული უცნობის კუდმა კი მათრახივით გაიშხუილა ჰაერში. მარგო კარს მიაწყდა.
– ნუ გეშინია! – დაამშვიდა უცნობმა. –  გეჩვენება. გეშინია და გეჩვენება.
„ –  სპეტაკი ხარ და ხედავ. ხვალ ვეღარაფერს დაინახავ, ცოდვის ლიბრი გადაგეკვრება თვალებზე “, – რატომღაც მხიარულად გაიფიქრა მან. სიამოვნებით შეავლო თვალი გაშიშვლებულ მარგარიტას. გრძელი, გამხდარი თითები ერთმანეთს გადააჭდო, ხრტილებში გაატკაცუნა და სულის შებერვით ჩააქრო შუქი.                                                 
                                                                    * 
გაღვიძებულმა მარგომ ფრთხილად შეათვალიერა უცნობი. საეჭვო ვერაფერი შენიშნა. 
„– მომჩვენებია“ ,–  გაიფიქრა და ტკბილად განაგრძო ძილი.

მაცდურმა მაცდურად გაიღიმა.



მზია თვალაბეიშვილი

დაწერილია 2012 წლის 7 თებერვალს


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები