ნაწარმოებები



ავტორი: თეთრი პოეტი
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2019


* * *

მე გაზაფხული ვარ,
დღეს პირველი კვირტები გამოვისხი და გახსნილ ფანჯრებში
ყვითელი სურნელი დავაყენე.

თხელი პერანგი გადავაცვი,
თოვლიან მთებზე მანამ ვიარე,
სანამ მკლავები არ გამითბო
სანამ სუნთქვა არ გამიხშირა,
სანამ ღმერთი არ დავინახე
რძისფერ მწვერვალზე.

მე გაზაფხული ვარ,
მოიისფრო მაცვია თოვლი
და ჩემს იისფერ ლექსებს ღიღინებს
გზაზე ის მწყემსი,
ის მწყემსი გზაზე _
ღმერთი რომ არის.

მე გაზაფხული ვარ,
ოცდამერვე ქუჩაზე ვცხოვრობ,
საფოსტო ყუთზე აწერია ჩემი სახელი
და თუ ღამეა,
თუ ტალახისფერ ღამეში მოყვა,
თუ გზა ვეღარ გამოიგნო ღამის მწევარმა... ნუ გეშინია...
მწყემსი იქ არის,
რძისფერ მთაზე ზის მწყემსი და...
უხმოდ ღიღინებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები