ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
18 მარტი, 2019


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XXV )

                                                                                                                                      ***

  დილით კარებზე კაკუნის ხმამ გამომაღვიძა. ბალიშიდან თავი მძიმედ ავწიე და დივანზე წამოვჯექი. კარების გაღებას რატომღაც არ ვჩქარობდი. ორიოდ წამის შემდგომ გავიაზრე, რომ დივანზე დამძინებია, ირგვლივ კი ქაღალდები და ცარიელი ღვინის ბოთლები მახსენებდნენ წინა საღამოს გამოვლილ ქაოსს. რა საშინლად გამოიყურება აქაურობა. როგორც ჩანს ღამით ისევ დამილევია. ყველაფერი უცებ მოვაგროვე და გვერდზე მდგარ მაგიდაზე მივუჩინე ადგილი. შემოსასვლელისკენ მძიმედ მივაბიჯებდი. კარი გავაღე და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს საერთოდ არ გამკვირვებია, რომ მის მიღმა მარიამი იდგა. უსიამოვნოდ ამათვალ-ჩამათვალიერა და შიგნით შემოვიდა. ყვიროდა, ჩხუბობდა, ცდილობდა წინა საღამო დეტალებში გაეხსენებინა ჩემთვის, თუმცა მე არც არაფერი დამვიწყებია. ხელების მოძრაობით თითქოს სივრცეში კადრებად გამოხატავდა ყველაფერს. მისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. გამოსაფხიზლებლად სახეზე ცივი წყალი შევისხი, მოვწესრიგდი. შემდეგ კი ყავის მოსადუღებლად სამზარეულოსკენ გადავინაცვლე. როცა მიხვდა, რომ მის საუბარს არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა ჩემსავით სამზარეულოსკენ წამოვიდა.
-არ მისმენ?
-რა გინდა, რომ გითხრა?!-უკან მოუხედავად ვუპასუხე.
-მთავარი ის კი არ არის გუშინ რა მოხდა, არამედ ის, რომ მთავარი დამიმალე-...და ამ სიტყვებზე მისი ბობოქარი ხასიათი სადღაც მიჩუმდა.
-რას გულისხმობ?-მისკენ მოვბრუნდი და ფინჯანი გავუწოდე.
-არ მინდა.
-კეთილი...-ყავა მაშინვე გადავაქციე და მის წინ ჩამოვჯექი. ნეტავ იცოდეთ, როგორ მინდოდა იმ წუთას იმ მდგომარეობისთვის თავი დამეღწია, რადგან უკვე აშკარა იყო თუ საით მიჰყავდა საუბარი. -შეგიძლია აღარ გააგრძელო.-ცივად მოვუჭერი.-ლუკამ ყველაფერი გითხრა ხო?
-როდის აპირებდი ამის თქმას?
-არ ვიცი.
-მგონი ჩემს გარდა ყველამ იცის ირგვლივ, რომ ცუდათ ხარ?!
-...და ახლა, რომ გაიგე, გგონია უკეთ გავხდები ან რაიმე შეიცვლება?
-ძვირფას ადამიანებს ასე არ ექცევიან.-თავი უემოციოდ გაიქნია და ჩემს წინ ჩამოჯდა. მისმა გახშირებულმა სუნთქვამ უფრო ცუდად გამხადა. -ეჭვი ყოველთვის მქონდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. როდესაც შენი და ექიმის საუბარი მოვისმინე მას შემდეგ ყოველთვის მინდოდა მეკითხა, მაგრამ არა. რაღაცას ყოველთვის გაურბოდი და სწორედ ეს "რაღაც" იყო ჩემთვის გამოცანა.
-ლეიკემია მაქვს.-თვალებში შევხედე და პირდაპირ თქმა ვარჩიე.-ბოლო სტადიაა და მკურნალობის კურსს აღარ ექვემდებარება. ჩემი ექიმი მხოლოდ დროის გახანგძლივებაში მეხმარება.
-...და ჩვენ?
  მის სიტყვებზე უაზროდ გამეღიმა. თავი დაბლა დავხარე და საჭირო პასუხებს თითქოს არსაიდან ვეძებდი. თუ ახლა გადაჭრით არ ვეტყოდი სიმართლეს ვიფიქრე, რომ კიდევ უფრო დავტანჯავდი.
-ჩვენ... აღარ იქნება.
  სიჩუმე დიდხანს გაგრძელდა. ისე დაჟინებით მომჩერებოდა თითქოს ჩემი სახის ყოველ ნაკვთს ზედმიწევნით იმახსოვრებდა. თვალებიც აუწყლიანდა. ცრემლები სახიდან ხელით მოიშორა და სკამიდან წამოდგა. გასასვლელისკენ მიმავალი შეჩერდა. ვიცოდი რაღაცის თქმა სურდა, თუმცა ყველაფერს უთქმელობა არჩია. კარი ასევე მძიმედ მიიხურა. წავიდა. არც დროებით და ალბათ არც სამუდამოდ, თუმცა ვინ იცის?! უბრალოდ ადგა და წავიდა. ალბათ ასეც სჯობდა.

                                                                                                                  ***

  გარდაცვლილი ადამიანი წონაში 7-6 გრამს იკლებს. რომ არა დადასტურებული ფაქტები ვიტყოდი, რომ ყურით მოთრეული მშრალი თემაა თქო, მაგრამ რა იქნებოდა მაშინ, როდესაც მრავალი წლის შემდგომ იქ დაბრუნდებოდი, საიდანაც შენი ისტორია დაიწყო?! ისევ ის ძველი სახლი და ნივთები, რომლებთანაც ათასგავრი მოგონება გაკავშირებს. ქუჩა, სადაც გათენებამდე უაზროდ დაიარებოდი ან გაჩერება, როდესაც ტრანსპორტს არ ელოდები. თითქოს გაურკვეველი მიმართულებით მიდიხარ არა და ერთ ადგილას დგახარ. როცა უბრუნდები იმ ადგილებს, რასთანაც მრავალი მოგონება გაკავშირებდა, თუმცა ეს სახლი შენი აღარ არის. მასში აღარც სიცოცხლე იგრძნობა და აღარც ჩვეული ჟრიამული. შენც აღარ ხარ შენ, რადგან იქაურობამ დაგივიწყა. არა და მთელი შეგნებული ცხოვრება ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა, რომ გეარსება ისე, რათა შენი სახელი სამარადჟამოდ უკვდავგეყო. ახლი კი ზიხარ იმ ეზოში, სადაც ვერავინ გხედავს და ფიქრობ განა რა უნდა დაგეწერა ისეთი, რაც ჯერ არავის დაუწერია?! როგორ უნდა შეგექმნა და გადმოგეცა მკითხველისთვის ისტორია, რომელიც გამორჩეული იქნებოდა ყველასგან და ყოველთვის. რა დარჩა ისეთი, რაც ჯერ არავის უთქვამს?! იქნებ " სიყვარული ნათელ ფერებში"?! ამ სამი სიტყვის ერთობლივი კომბინაცია არასდროს მსმენია. თუ ნაწარმოებიც სათაურივით გამორჩეული იქნება მაშინ მშვიდად სიკვდილი და შემდეგ უკან დაბრუნება აღარ იქნება ისეთივე მოულოდნელი და მძიმე სანახავი, როგორც ახლა. მაშინ ყველაფერი სულ სხვაგავარ აწმყოს გვიქადის, რადგან განსაკუთრებულ ისტორიებს ადამიანები არასოდეს დაივიწყებენ, არამც თუ მის თანაავტორს. მაშინ აღარ ვიფიქრებ ისეთ სისულელეზე, როგორც გარდაცვალების შემდგომ, რომ ადამიანის სული 7 გრამს იწონის. სხეული სულის გარეშე ან სული სხეულის გარეშე. ალბათ ბოლო პერიოდმა განაპირობა ჩემშიც ეს ფიქრები. ირგვლივ ყველას მხოლოდ ერთი საფიქრალი გვამოძრავებდა... გოგა. მის ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე ვატოს შევხვდი, რომელიც წინა დღეების ამბებს მიყვებოდა. თურმე მამამის კიდევ ერთხელ უნახავს ბიჭები ერთ-ერთ მეტრო სადგურში და დაბრუნება უთხოვია. კინაღამ მუხლიჩოქა დაგვიდგა, რომ უკან დავბრუნებულიყავითო, მაგრამ მე მაინც ცივი უარი ვუთხარიო, მიყვებოდა ვატო. საკმაო დრომ განვლო, რაც ბიჭები ოჯახებიდან წამოვიდნენ, თუმცა მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩებოდი და ვატოსაც სწორედ ეს ვუთხარი. ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნებოდნენ ოჯახებს, რადგან მათი მშობლებისთვის უკვე დიდი მაგალითი იქნებოდა, რაც აქამდე ნახეს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუნდაც ვატოს მამამ უკვე კარგა ხანია გაიაზრა, რომ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არ უნდა ვიფიქროთ და რომ ჩვენს გარშემო არიან სხვებიც. ამ საუბარზე თავი უაზროდ გაიქნია და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. მითხრა, რომ მასაც ენატრებოდა თავისი ოჯახი, თუმცა ეშინოდა, რომ იქ მისულს ის რეალობა არ დახვდებოდა, რისი მოლოდინიც ჰქონდა. ვუყურებდი და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი, რომ მეც უდიდეს შეცდომას ვუშვებდი ქალბატონ ელენესთან. ჭკუას ვარიგებდი ერთს, თუმცა თავად არ ვაკეთებდი მეორეს. გოგას ოპერაციის მოლოდინში თითქოს, რაღაცეები თავის ადგილს უბრუნდებოდნენ, რაც ძალიან მომწონდა. ბოლოს და ბოლოს ხომ შეიძლება ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას?! მაგალითად ის, რომ ბიჭები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, მე მთელი ძალისხმევით შევძლო და ქალბატონ ელენეს სიმართლე ვუთხრა, რომელიც უკვე ორი წელიწადია თვალით არ მინახავს. გოგამ ჯანმრთელმა და ბედნიერმა დატოვოს საავადმყოფოს კედლები. ხოლო, რაც შეეხება მარიამს მანდ უკვე ყველაფერი ისედაც ცხადია. წინა დღეებში მომხდარი ამბები უბრალოდ არ უნდა მომხდარიყო და ამას თავადაც ვხვდები. არ ვიცი შემდგომ რა იქნება, თუმცა იმედს ვიქონიებ, რომ ლუკას გულწრფელად უყვარს ის და აქ სწორედ მის დასაბრუნებლად ჩამოვიდა. მარიამი ლუკას გამოჩენისთანავე მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში წამიერი გაელვება ვიყავი. ვნებას აყოლილი ორი ადამიანი. ვერც იმას დავმალავ, რომ ამ აურზაურში საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ. მე, რომ მის გრძნობებში ასე ღრმად არ შემეტოპა ახლა უფრო მარტივად შეძლებდა არსებულ რეალობასთან შეგუებას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ "სიყვარული ნათელ ფერებში" თავისი ისტორიიდან გამომდინარე უნაკლო პიროვნებამ დაწერა მწარედ შემცდარა. წარმოსახვა რეალობასთან არასდროს გააიგივო, თუმცა ნურც რეალური გმირების არსებობის ალბათობას გამორიცხავ, რადგან ნათქვამია, რომ თუ თითო ადამიანმა თითო წიგნი დაგიტოვა მაშინ ეს ბედნიერების ილუზია სულაც არ იქნება. ერთადერთი ახლა ამ ადამიანებზე ბედნიერი სახეების ხილვას მინდა, რომ მომასწროს ღმერთმა და სხვა დანარჩენზე საუბარი ჩემთვის მხოლოდ წყლის ნაყვა იქნება. 
    მოკლედ, ნანკას გარეშე ბიჭების ნახვა ვარჩიე და რაღა თქმა უნდა ყველაფერი ისევ იქ მოხდა ნაცნობ მეტრო სადგურში. ისინი კვლავ აგრძელებდნენ თავისი შეგროვილი ფულით ადამიანების დახმარებას და ამით სულ უფრო ზევით მიიწევდნენ ცის უკიდეგონო მხარესა და სამყაროს მიღმა. გგონიათ მწერალი ადამიანები ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამენ?! არა... ისინი ხედავენ იმას, რასაც სხვები ვერც კი ამჩნევენ. დიდხანს ვისაუბრეთ ყველაფერზე. თითქმის იქამდე, სანამ დაცვის თანამშრომელმა არ შეგვახსენა, რომ მეტრო იხურება. გარეთ გამოსულებს კი ვატოს მამა შეგვხვდა, რომელსაც ბიჭების ლოდინში კიბეებზე ჩასძინებოდა. ვატო ადგილზევე გაშეშდა. გაუჭირდა იმის დაჯერება, რაც დაინახა. გეგა კი პირიქით, არც დაბნეულა. ქურთუკი სასწრაფოდ გაიხადა და მძინარე მამაკაცს მხრებზე მოაცვა. გაურკვეველი თვალებით ვუყურებდით ერთმანეთს, თუმცა პაუზა დიდხანს არც გაგრძელებულა. მამაკაცი ვატოს დანახვისთანავე ფეხზე სწრაფად წამოდგა. ეტყობოდა, რომ კანკალმა ერთიანად აიტანა. ვატომ ხელი მშვიდად მოკიდა, რათა ცალკე ესაუბრათ, თუმცა ამჯერად ის არ გაჰყვა მას. არც არაფერის ახსნა არ დაუწყია მისთვის. ჯიბიდან ფული ამოიღო, რომელიც გაზეთში იყო გახვეული და ვატოს გაუწოდა. მახსოვს, რომ მითხარი პატარი ბიჭის შესახებ და ამიტომ უარი არ მითხრა ამ თანხაზეო. მის მშობელს ახლა ეს ნამდვილად წაადგებაო, რადგან ვიცი თუ რამდენს ნიშნავს ეს ბავშვი თქვენთვის. ვატომ ზედმეტი კითხვების გარეშე გამოართვა თანხა, რის შემდეგაც მამაკაცმა თბილი ღიმილით ბიჭებს თავი დაუკრა და დაემშვიდობა. ვატო თითქოს ადგილზე გაიყინა, არაფერს ამბობდა. მის წინ მიმავალ მამაკაცს უყურებდა, რომელიც სიცივისგან სულმთლად მოხრილიყო. მოულოდნელად ფული გოგლიკოს ხელებში მიაჩეჩა და მისკენ გაიქცა. მამაკაცმა უკან გამოხედვაც კი ვერ მოასწრო ისეთი სისწრაფით დაეწია მისი შვილი და ჩაეხუტა. ალბათ სწორედ ისე, როგორც პატარა ბიჭები, რომლებიც შინისაკენ მომავალ მამას ხედავენ. ამის შემხედვარე ახლა ჩვენ გავშეშდით და გავიყინეთ ერთ ადგილას. ყველაფერი იმდენად ამაღელვებელი იყო ჩემთვის, რომ ჟრუნატელმა სხეულზე ჭიანჭველებივით დამიარეს. პატარა გოგას გადასარჩენად თითქოს სრულიად სამყარო თანადგომას გვიცხადებდა. ქვეყნიერება თავდაყირა დადგა. მე ვხედავდი რეალურ ვატოს, რეალურ გეგასა და გოგლიკოს. ეს სიყვარული აკლდათ მთელი ამ ხნის განმავლობაში. არც არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მშობელმა უკეთ იცის თუ რას განიცდის მეორე მშობელი, ვიდრე ჩვენ. იმ საღამოს ვატო ჩვენთან ერთად დარჩა, თუმცა ვატყობდით, რომ ჩვეულებრივზე მეტად უბრწყინავდა თვალები. მომხდარისგან, რომ ჩვენც გაოცებულები ვიყავით, ისედაც აშკარა იყო. სული ბედნიერებისგან ერთიანად ამევსო და თითქოს სისხლძარღვებშიც კი დაიარაო. დილამდე დავიარებოდით თბილისის ქუჩებში და ირგვლივ ემოციებად ვშლიდით ხმებში სხვადასხვა სიმღერებს. იმ დილით ჩვეულებისამებრ არ გათებულა. იმ დილით სხივები სიყვარულის ნათელ ფერებად გადაეკრა ქალაქს.


                                                                         
                                                                                                        (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები