ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2019


დატირება


„ჩემი თვალები, ვით ორი სული, დასტიროდა ქვეყნიერებას...“
/ბასიო/

იტირე შენი სიყვარული,
როგორც დედაშენს ან მამაშენს დაიტირებდი -
ცხარე ცრემლებით...
გამოუცვალე თეთრეული ჯერაც ცოცხალ-მკვდარს,
გადააწვინე...
ჩაალბე ქაფით გადავსებულ აბაზანაში,
მერე რა, თუ გადმოიღვრება,
დაიტბორება მთელი სახლი,
მეზობელი აგაწრიალებს,
ესეც ფიზიკის კანონია -
დააწვები - ამოგაწვება.

იტირე შენი სიყვარული,
ლექსებიანად,
სიცხიანად,
ფოთლებიანად.
გადაახურე ბალდახინი,
თუ შესცივდება
(სიყვარულმაც იცის კანკალი),
სიყვარულიც ისე იხრწნება,
როგორც მძორი ქუჩის კუთხეში,
რომელსაც გვერდი აუქცია ნაგვის მანქანამ,
რომელსაც გვერდი აუქციეს კატამ და ძაღლმა,
რომელზეც ლოთმა მიიძინა მოშარდვის შემდეგ.

შეფუთე შენი სიყვარული თეთრ სუდარაში,
ცელოიდის პარკში შეფუთე,
მოაბი თოკი,
მიათრიე ნაცნობ ბორცვამდე.
რატომღაც ბორცვზე დებენ ხოლმე მიცვალებულებს,
რაც შეიძლება მაღალ ბორცვზე,
შორს ცოცხლებისგან,
რომლებიც ხშირად უმიზეზოდ ამბობენ: „მოვკვდი...“
და ფეხს ითრევენ,
წელს ითრევენ
ასპიტებივით,
ვითომ ასპიტი არ კვდებოდეს,
ვითომ ასპიტი არ იძრობდეს ტყავს ნარ-ეკალაზე.

იტირე შენი სიყვარული.
არ გინდა ლოდი -
ლოდი და ზოდი არ სჭირდებათ მიცვალებულებს,
ეგ სანიშნეა ცოცხლებისთვის -
საკუთარ თავს რომ მიაკვლიონ,
საკუთარ მიწას,
რომ თქვან,
ბალახი ამოსულა,
ამოიხვნეშონ,
რომ კიდევ ერთხელ გადაწმინდონ ფოტოსურათი
და წამოსვლისას დაიფერთხონ ხელისგულები.

იტირე შენი სიყვარული -
მკვდრებს არ ართმევენ,
ყველაზე მეტად მკვდრების სჯერათ,
მკვდრები სჭირდებათ,
მათ ულოცავენ ნაირგვარი თაიგულებით
დაბადების დღეს,
არყოფნის დღეს,
მონატრების დღეს...
მათთვის რგავენ ხსოვნის ყვავილებს,
სოჭებს და ნარნარ კიპარისებს,
რომ სასაფლაო ბოლო-ბოლო მაღალ ტყედ იქცეს,
ზენა ქარის ხმა გაიგონოს,
ანგელოზების...

იტირე შენი სიყვარული,
შენი ქვადქმნილი,
ოღონდ ცოცხალი მის ცივ ლოდზე
ნუ წამოწვები...
ნეკროფილობა არ დაგწამონ, -
ენა უძვლოა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები