ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2008


თავი 8. პირველკურსელები ("მაგდა")

მაგდა და ნათია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები გახდნენ. პირველი დღიდანვე ერთ მერხზე დასხდნენ,ერთი წუთით არ სცილდებოდნენ ერთმანეთს. გოგონებს ძალზე ხშირად ეკითხებოდნებ, - რა ხართ ერთმანეთისო?

ბევრს ისინი დები თუ არა, ბიძაშვილები მაინც ეგონა.
ორივე ერთნაირად მაღალი და სუსტი იყო, მათი აშხვართული ტან-ფეხი ბევრს ატყვევებდა. ორივეს თეთრი, ნაზი სახისკანი ჰქონდა, ერთმანეთისგან მხოლოდ თმისა და თვალის ფერით თუ განსხვავდებოდნენ: ნათიას მწვანე, სულ მომღიმარ-მოციმციმე, საოცრად ლამაზი ფორმის თვალები ჰქონდა და ღია ჩალისფერი, შოლტივით სწორი თმა.

მაგდას ძალიან ენანებოდა თავის ნაწნავებთან განშორება, მაგრამ “უნივერსიტეტშიც ნაწნავებით ხომ არ ვივლიო?” – თქვა და ბეჭებამდე მოიკვეცა თმა. ახლა მაგდას მხრებზე ეფინა ოქროსფერი ტალღები, მის ზღვისფერ, უძირო ტბებში კი, დიდ სიხარულთან ერთად, ძალზე ხშირად ირეკლებოდა უთქმელი სევდა, რომელიც გიასთან განშორებით იყო გამოწვეული.

ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს რებულობდა მაგდა გიას წერილებს, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა, - გიას ხმის გაგონებას ნატრობდა.  ხშირად დაჰყურებდა ჩანთაში შენახულ სურათს, ზოგჯერ ცრემლებიც კი გადმოსცვივდებოდა-ხოლმე, როცა ძალიან მოენატრებოდა გია.

ასე გადიოდა დრო, ნელა, ღოღვით, ტაატით...

მაგდა სტუდენტი იყო!
გიაზე ფიქრისთვის ნაკლები დრო რომ დარჩენოდა, მთელი დღე მეცადინეობას ანდომებდა. არასოდეს აცდენდა ლექციებს, სემინარებისთვის ყოველტვის მზად იყო, სულ “ფრიადებზე” სწავლობდა! საფაკულტეტო ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობდა.
ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ დაინახა და დააფასა მაგდას აქტიურობა, - პირველკურსელი გოგონა ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილედ აირჩიეს.

მაგრამ მაგდ აღარ დადიოდა აღარც კინოთეატრებში, აღარც დაბადების დღეებზე, არც სკოლის მეგობრებს ხვდებოდა ისე ხშირად... გიას გარეშე ყველაფერმა დაკარგა ფასი.

ერთადერთი ადგილი, სადაც მაგდა სიამოვნებით დადიოდა, - ნათიას სახლი იყო. ნათიას მშობლებმა – ვახტანგმა და ელენემ მთელი გულით შეიყვარეს მაგდა, ნათიას ძმა, მერაბი კი – თავის უმცროს დაიკოს ეძახდა.


მაგდა ზედმეტ ნაცნობობას გაურბოდა, ასე ეგონა, ყოველი ახალი ნაცნობობით გიას გულისწყრომას გამოიწვევდა...
და, ღმერთმა დაიფაროს, - რომ შეყვარებოდა ვინმეს?...
მაგდას - არა!
მაგრამ... მაგდა რომ შეყვარებოდა ვინმეს? - ამაზე ფიქრსაც კი გაურბოდა მაგდა!

რამდენჯერმე ისეთ დროს მოხვდა მაგდა ნათიას ოჯახში, როცა მერაბს თავისი მეგობრები ჰყავდა მოყვანილი.
ასეთ დროს მაგდა ან წიგნის თხოვას იმიზეზებდა და მალევე მიდიოდა, ან ნათიას ოთახში შეიკეტებოდნენ-ხოლმე გოგონები. ნათიამ ყველაფერი იცოდა გიას შესახებ, ამიტომ მეგობარს არასოდეს ატანდა ძალას. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ ნათია სწრაფად იცვამდა ტანზე და მაგდასთან ერთად გამოდიოდა სახლიდან.

მოკლედ, სადაც იყო მაგდა, იქვე უნდა გეძებნათ ნათია და პირიქით, სადაც იყო ნათია, იქვე იყო მაგდაც!

არაჩვეულებრივად მღეროდნენ, - მათ მოსმენას არაფერი სჯობდა. მაგდა პიანინოს მიუჯდებოდა და ლამაზი პირველი ხმით ამღერდებოდა. მას ნათია აჰყვებოდა თავისი ხავერდოვანი მეორე ხმით. და თუ ეს ნათიას სახლში ხდებოდა და მერაბიც სახლში იყო, ის თავის არაჩვეულებრივ ბანს მიაშველებდა-ხოლმე.
ეცინებოდათ, “ტრიო მზად გვაქვს, სცენა გვაკლია მხოლოდო”...
ხან პიანინოს გარეშეც იოლად გადიოდნენ, - ნათია ააკვნესებდა-ხოლმე გიტარას!
მაგდა ხშირად უყვებოდა ნათიას გიას შესახებ. მაშინ მაგდას თვალებს სევდის ღრუბელი ეფარებოდა, ახსენდებოდა გიას გვერდით გატარებული ყოველი დღე, ყოველი წუთი... ზოგჯერ მაგდას სადღაც შორიდან ესმოდა გიას ხმა... თითქოს ისიც მასთან ერთად მღეროდა თავისი ძლიერი, გულიდან ამომავალი მეორე ხმით... ასეთ დროს მთელი გატაცებით მღეროდა-ხოლმე მაგდა. მერე ეს შორეული ხმა მიჩუმდებოდა და... მაგდაც პიანინოს ხურავდა.
რამდენჯერ უთქვამს ნათიასთვის, - აი, ჩამოვა გია და სიმღერა მერე ნახეო!...

დრო გადიოდა...

ერთ დღეს მაგდას ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა:
- მაგდა, დღეს გია ჩამოდის შვებულებით! – და ვიდრე სიხარულით სუნთქვაშეკრული მაგდა გონზე მოვიდოდა და რამეს ეტყოდა, ყურმილში სიცილი და “დღეს პირველი აპრილიაო...” – გაისმა!

ტუუუ..... ტუუუ...... ტუუუ......

- დღეს პირველი აპრილია უკვე... – თავისთვის ჩაილაპარაკა მაგდამ, ყურმილი დაკიდა, იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა, საზურგეზე გადაწვა და ცრემლჩამდგარი თვალები მილულა....
“პირველი აპრილი...როგორ გაპარულა თითქმის 10 თვე...ათი თვე გიას გარეშე! მისი ხმის გაგონების გარეშე... მის თვალებში ჩახედვის გარეშე!... ათი თვე!  ღმერთო, მომეცი ძალა, რომ გავუძლო ამ ლოდინს, ამ დარჩენილ 14 თვეს! ღმერთო!....”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები