ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: მელანქოლია_
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2019


”მას, ვინც აქ აღარ არის, ხმად იქცა ქარის”

დღეს გრძელი ქუჩა ამოვიარე,
დაგინახე და ვერ დაგინახე.
გზაზე ნაპოვნი ყველა მწვანე და
ყველა ციცქა და
ყველა კრახუნა
სულ ერთიანად შევაგროვე და
სულ ერთიანად გადავინახე.

დღეს გრძელმა ქუჩამ (ფოტოებიდან)
დაიზეპირა შენი ანფასი,
ყველა ”იყო” და
ყველა ”არ იყო”,
ყველა სიჩუმე შენი თეკლასი.

დღეს გრძელი ქუჩა სულ გამოვთვალე
ნაკვალევით და არ-ნაკვალევით;
უბის წიგნაკში ჩამოწერილი
ყველა ”დიდი” და
ყველა ”მცირე” და
ყველა ”საშუალო”
ზომის ცრემლებით.

დღეს გრძელი ქუჩის ყველა აღმართზე
გაჩნდნენ ტბები და გაჩნდა სურამი.
მე ჩემს ასაკზე გადავამრავლე
ყველა უცნობი შენი ამბავი -
ყველა ”გახსოვს?” და
ამ ერთ კითხვაზე
ბევრჯერ ნათქვამი ჩემი უარი.

დღეს გრძელ ქუჩაზე მხოლოდ შორს ჩანდი,
წიგნით ხელში და იქნებ ”უცხოთიც”.
სულ ეს იყო, რაც დამამახსოვრდა,
ჩამებეჭდა და
შემესისხლხორცა:
ჩვენ მივდიოდით სათამაშოდ და
შენ საკითხავად სახლში რჩებოდი.

დღეს გრძელი ქუჩის ლამპიონები
ისე ბჟუტავდნენ და არ ბჟუტავდნენ,
მოგინდებოდა, გამოგეგონა
ყველა შუქი და
ყველა ბჟუტვა და
ყველა საჭირო თეთრი სინათლე.

დღეს გრძელი ქუჩის ბოლოს სახლებთან
(იქ იყავი და იქ არ იყავი),
ყველამ "ვიმღერეთ", რაც გულში გვქონდა...
და მზის გულიდან ამოსულივით
ყველა გოგო და
ყველა ბიჭი და
დავიზეპირე ყველა ”ვახოსი”.

დღეს გრძელი ქუჩის ყველა კუნჭული
უკრავდა ჯაზს და მღეროდა სამღერს -
მე ვიხსენებდი შენს მოწონებებს
იმ ფილმებზე და
სიმღერებზე და
ზოგიერთ პოსტზე,
რომლებიც დავდე.

დღეს მთელ გრძელ ქუჩას აუდიოდა
წინანდლის მარნის რქაწითლის სუნი.
და მე ჭიქიდან ვეტანებოდი
ერთი ცხვირით და
ერთი პირით და
წყვილი თვალით და
ყვითელი გულით.

და სულ ეს იყო, რაც შემეძლო და
არ შემეძლო და
ვეღარ შევძლებდი...

დღეს გრძელი ქუჩა ამოვიარე.
დაგინახე და ვერ დაგინახე.
გზაზე ნაპოვნი ყველა მწვანე და
ყველა ციცქა და
ყველა კრახუნა
სულ ერთიანად შევაგროვე და
სულ ერთიანად გადავინახე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები