ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2019


ფუფალას საკითხავი

ფუფალა ქალო,
ამ გაზაფხულზეც გამოიტირე შენი
ბედდამწვარი სიყვარული...
საგულდაგულოდ გადამალე დარდი,
რომელიც თვალის უპეებთან გაგყუჩებია.
არავინ დაგინახოს ლოყაზე ღარად ჩამომდინარე ცრემლი -
სადაა შენი ფერუმარილი ან
კიტრის ნათალი,
საცხი წაიცხე და მზეს მიუშვირე სახე,
რომ ადამიანებს ერთი ჩიტირეკია ქალი ეგონო...
ქუსლებგადაბრეცილი ფეხსაცმელებით შემოიარე
სოფლის ყველა ორღობე თუ შუკა და
ხანდახან,
შაკიკის ლოცვებიც წაუკითხე ქმრების ბუზღუნისგან თავმობეზრებულ ქალებს.
ქოლგა გაშალე, ფუფალა,
მარადიულად 16 წლის გოგო,
გაშალე შენი დაგლეჯილი,
ფერადი ქოლგა
და სიმღერ-სიმღერ დაასრულე ცხოვრების მთელი იწილო-ბიწილო.
ამ გაზაფხულზეც
მემილიონედ გამოიტირე,
გამოიგლოვე შენი გამოგონილი სიყვარული,
საკუთარი თავიც რომ დააჯერე მის არსებობაში.
ხშირად ისიც კი არ ვიცით,
ჩვენ ვართ თუ არა...
შენ კი,
რა ძალა გედგა ასეთი,
ნინორესაც რომ ნამდვილი ეგონა შენი შიოლა...
იარე,
სახე მზეს მიუშვირე,
ქოლგაც ატარე და ქუსლებდაბრეცილი ფეხსაცმელებიც,
ფერუმარილიც წაისვი და
კიტრის ნათალიც,
იმღერე კიდეც:
ლა, ლა, ლა, ლა, ლა...
შენ ხომ ყველაფერს იხდენ და ყველა ფერიც გიხდება,
ოდესღაც შენც ხომ მიაგავდი ბროწეულის მზისფერ ყვავილს,
ჩემო დღედანაცრულო ქალბატონო,
მარადიულად 16 წლის სულმშვენიერო გოგო,
მახსოვრობაში მბჟუტავი კვარივით შემორჩენილო სოფლის მშვენებავ,
ფუფალა ქალო,
გამოიტირე შენი ბედდამწვარი სიყვარული და
თვალის უპეებში მიმალული სევდით დაასრულე
ცხოვრების იწილო-ბიწილო...
შენ, ვისაც შიოლა კი არა და
დამტირებელიც არა გყოლია,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები