ნაწარმოებები



ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2019


თვითმკვლელის ჩანაწერები

***
ოთახი შავი, შავიც საფერფლე,
ბუხარი, ჭაღი, რუხი მაგიდა.
ვერ ვხვდები როდის უნდა გათენდეს,
არვიცი დილით ვინღა გამიტანს

ამ ხელნაკეთი სასაფლაოდან.
ან ბოლო ლურსმანს ვინ დამაჭედებს,
წავედი, როცა მარტი ყვაოდა
როცა არავის აღარ დავჭირდი.

***
ფანჯრების მიღმა ძალიან ბნელა,
წყვდიადი სხეულს კბილებით იჭერს,
ფრთები იზრდება ძალიან ძნელად,
ზოგჯერ გაფრენა უფრთებოდ გვიწევს.

***
ვგრძნობ, ჩემი თავი, ფიქრსგადაჩვეულ,
ღმერთსგადაჩვეულ ბუნაგში მიმყავს.
მე თავს კი არა, ჩემს წყეულ სხეულს
თავშეფარებულ ტკივილებს ვიკლავ.

და სწორედ მაშინ ვიქცევი ღმერთად,
და სწორედ ამ დროს ცოცხლდება ჩემში,
ის რასაც ჩემი  ხელები წერდა,
ის რისიც სწამდა გონებას, შეშლილს.

***
მორჩა, სისუსტე თანდათან მიპყრობს,
ყველა სიკეთეს თავიდან მაცლის,
დავფიქრდებოდე ნეტავი იმ დროს,
სანამ იარაღს ტყვიისგან დავცლი.

ასე მარტივი ყოფილა ნუთუ
იცხოვრო ერთხელ და მოკვდე გლახა,
ან იქნებ სწორედ ეს არის წუთი,
როცა ყველაზე ძლიერად დგახარ.

***
ფანჯრების მიღმა ძალიან ბნელა,
წყვდიადი სხეულს კბილებით იჭერს,
ფრთები იზრდება ძალიან ნელა,
ზოგჯერ გაფრენა უფრთებოდ გვიწევს.

***
და იქნებ სწორედ ეს არის წუთი,
როცა ყველაზე ძლიერად დგახარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები