ნაწარმოებები



ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2019


სიკვდილის ანგელოზები

  ქალი გამიხდა ავად. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. ბორგავდა სხეულიცა და სულიც. ეს ოხერი ასაკი რა ყოფილა.  ნამეტნავად გიყვარს, ნამეტნავად გეჭირვება, ან იქნება და სიმარტოვისა გეშინია კაცსა.
  მარტოხელები ვართ. ერთმანეთი გვყავს და კიდევ ერთი ბოჩოლა. ბიჭმა გვიყიდა საზღვარგარეთ წასვლამდე, გაერთობითო. ეჰა, შვილო, ბარემ კი ვიცი ამ ბოჩოლას დევნას, რომ შვილიშვილებთან თამაში, მათთან მდელოზე წამოწოლა და ზღაპრების მბობა მირჩევნია, მაგრამ  ვერაფერიც ვერ ვუთხარი.  მადლობა-მეთქი, დიდად მადლობელი, რომ მშობლებზე ასე ზრუნავ! რის მადლობა, კაცო, განა დამვიწყებია რამდენი გაქვთ ჩემ გამო გადატანილიო.
  ვცხოვრობთ ახლა სოფელს მე და ჩემი ქალი და ჩვენი შრომის საზღაურს - წაბლისფერ ბოჩოლას ვაბალახებთ.  ხან ვეფერებით ერთმანეთსა და ხან კიდევ წავკინკლავდებით. მეხიც შენ დაგეცესო,- გამიჯავრდება ხოლმე ხანდისხან, მაგრამ ეგეც სულ  სიყვარულით მოგვდის. თორემ აბა ჩვენ რაღა გვაქვს სადაო და საჯახირო. ისეთ ასაკში ვართ, მივხვდით უკვე, ცხოვრება  მხოლოდ ის ღიმილებია, ფერდობზე შეფენილი გვირილებივით რომ დაბნევია ადამიანს სახეზე, სხვა ყველაფერი ტყვილია. იმ გვირილებად და კიდევ სიყვარულად ღირს არსებობა.
  ჰოდა, გამიხდა ავად ჩემი ქალი. ის ამოიკვნესებს და მე კიდენა გეგონება მდუღარე წყალი გადამავლეს, ისე მეთუთქება გულ-ღვიძლი. ძლივს ინათა. ინათა და წავიწვანე ქალაქს. აქ უკვე, ჩვენს სოფელს, აღარც ექიმი გვყავს და აღარც ვექილი. გზამდინ გაჭირვებით ჩავიყვანე. მერე ერთ შებერებულ ავტობუსში ავედით და კანგადამძვრალ სავარძელზე მოვკალათდით. მალი-მალ თვალს ვაპარებ ჩემი დედაკაცისკენ.
-დაგიამდა, თებრონე?
-ეჰ, გოგია, მიწა თუ დააამებს ჩემს ჯანსა,- მოადგება ცრემლი თვალზე.
  რამე მინდა ვუთხრა, გულის მოსაქონი, ხასიათზე მომყვანი და ეს ოხერი სიტყვები აღარ მახსომს. ცრემლი ყელში მებჯინება და ხმაურით ვყლაპავ წუხილს.  ვაჰ, კაცოო, რა ყოფილა სიბერე, სულ იქითურებზე გეფიქრება. სულ ელოდება, ელოდები... და რას გეტყვი იცი? თურმე, როგორი გაძაღლებული ცხოვრებაც უნდა გქონდეს, მაინც არ გეთმობა, მაინც გეშინია. აი, სიბერე და ბავშვობა ამითი ჰგავს ერთურთსა, ბალღობაშიც ხომ სულ გეშინია, ხან წაქცევის, ხან სიბნელის, ხან მარტო ყოფნის, ხან დედის, ხან ბუებისა და ხანაც კიდევ მაჯლაჯუნების. სულ შიშში ხარ და მერე კიდევ ამ შიშის გადალახვის, საფრთხიდან თავის დაღწევის სიხარულში. აი ესაა ხანიც.  დაწვები და ფიქრობ, ვინ იცის კიდევ თუ გამითენდებაო. მერე ისე გეშინია, წევხარ, დაგიჭყეტია თვალები და ძილს უძალიანდები, თითქოსა და ღმერთის მოტყუილება შეგძლებოდეს.  ხან ალთასა ხარ შენი ფიქრებითა და ხან კიდევ ბალთასა. რასაა რომ არ იხსენებ, ბებოს გამომცხვარ ხმიადებს, პაპას მოყოლილ ზღაპრებს  ჩიტუნა ცხენებზე, დედას ყოილებით მოჩითულ კაბას და მისი ხელების სუნს, პირველ სიყვარულს... ეჰ, გამოედები ღობე-ყორესავით წარსულს, ყველა ძეძვს მოედები, ყველგან შენს კვალს სტოვებ თითქოს. მერე კიდევა თვლემა მოდის, და ბოლო ფიქრი ძილის წინა ისეაა, რომ დასრულდაო, აი ეგაა და დასრულდაო... მამლის ყივილამდე რომ გაახელ თოლებსა და აგერ კაცო შენი ძირგამომპალი სახლი, შენსავით შებერებული კედლები, აგერა კიდევ შენი მყინვარწვერივით თმათეთრი ცოლი... გეგონებოდეს მსოფლიო ჩემპიონი დაგემარცხებინოს ისეთი სიხარულია, ისეთი ძლევამოსილად გრძნობ თავს, გული ისე გამალებით გიცემს...
  ჰოდა, სიბერე სიკვდილის შიშშია ისე ჩამბალი, ისე გასჯდომია ძველ-რბილში იქაურობის ფერი და სუნი, გინდა არ გინდა, თან დაგყვება, წამითაც არ გავიწყებს თავს. მერე კი წამოგაგონდება ხოლმე,  სიკვდილზე ჯეელობისას რომ მეფიქრაო ამდენი, მაშინაც რომ მხსომნოდაო, იქნება და სულაც სხვა გზა ამერჩია, სხვა მთების საძებნელად წავსულიყავო. მაგრამ რაღა დროს მაგაების ჯავრია, რაღას უშველი. ჰოდა, ახლა რომ ვფიქრობ, როგორ ეშინია ჩემს ქალსა გული მეწურება. არა და შავპირდი, მაშინა, როცა ერთ ურელს შავებით: არაფრის შეგეშინდეს, მე დაგიცავ, მე ვიქნები-მეთქი დღეიდან შენი ფარი და მახვილი. ახლა კიდევა, ახლა ორივე სიკვდილის ანგელოზს დავმსგავსებივართ, ახლა ერთმანეთის სიბრალული თუ შეგვძლია მხოლოდა. მაგრამ მე მაინც მაგრად უნდა დავდგე, ახლა მისი მოფერება და დაყვავება არ შაიძლება. ქალო, რას შეჭამე-მეთქი გული წუწუნით. ვინ ავად არ გამხდარა, ქვეყანა სატკივარით არის-მეთქი სავსე, ვერა ხედავს შენი თოლები?!- ვუჯავრდები. ის კიდევ მიღეჯს კისერს გვერდზე და ასე დამდურებულები ჩავდივართ ქალაქამდინ.
  ღმერთმა უწყისს რამდენი ხანია ქალაქს არ ჩამოვსულვარ. გაუცხოებული კაცივით დამხვდა, ნაუცბათევად გამდიდრებული და სახედაკარგული, წარსულდავიწყებული. მაშინ, როცა მე ვიცნობდი, მის თავზე ცა ჩანდა, ახლა ოჩოფეხებივით აწოწილი სახლებია მხოლოდ. ვეღარც ქალაქი ვიცან და ვეღარც ადამიანები.
  გზა ვეღარ გამიგნია. ვიტრიალე წინ და უკან, მერე ერთ ღვთისნიერ კაცს ვკითხე, ესეთი და ესეთი ამბავია, შვილო, იქნება მიმასწავლო-მეთქი გზა და კვალი. ეგ საავამდყოფო, ძია კაცო, დიდი ხნის წინ გაყიდესო. მომეკვეთა მუხლი. შემატყო და ნუ დარდობო, მაგის მეტი რა არის, აგერ ნიუ თუ ბიუ რაღაც ფინ-ფანფო სახელი მითხრა, იქ ჰყავთო პროფესიონალები. ვააჰ, ვერაფერი გავიგე. იქნება და დამიწერო-მეთქი სახელი, ეგრე ადვილად ვერ ვიმახსოვრებ, შვილო, მტკვარზე ხანმრავალი ვარ-მეთქი უკან. დამიწერა და წავიდა. მადლობის მეტი რაი მეთქმის? კარგი კაცი იყო. დავხედე ფურცელს და ვერაფერსაც ვერ ვარჩევ. ჩემს დედაკაცს გავუწოდე ე ქარალდი.  ქალო, ერთი გასინჯე, რა წერია-მეთქი. ღმერთმა რომ იცის შენი თავიო, აბა მე რაი გამეგება, ეს საზღვარგარეთულ ენაზე წერიაო რაღაც. ვააჰ, რა ყოფილა ეს მთა ხედამ შენა, ენაც შაუცვლიათ უკვე, მე კიდენა ჯერ ისევ მგონია, ის სულმნათი შოთა რომ წერდა, ისევ ის ანი და ჰოე გვქონდა. რაღას ვუშველი, ვჯავრობ, მაგრამ მხოლოდ ჯავრი რომ დედამიწას უკუღმა ატრიალებდეს, აგერ ჩვენი მეზობელი ქსენია იმდენს ქოთქოთებს, კარუსელას მოგვიწყობდა. 
  ახლა კიდენა  ვიღაც გოგო გავაჩერე.
-შვილო, ბიდიში მომითხოვია და აი აქ როგორ უნდა მივიდე?
  არა, ცილს როგორ დასწამებ, გამომართვა, დახედა, მარჯვენა ყბიდან მარცხენაში გადაიტანა მუჭისოდელა კევი და ასე ღლაჭუნ-ღლაჭუნით მითხრა:
-N49 მარშუტკაში ჩაჯდები, ჩამოხვალ "მანგოსთან" გადაკვეთ გზას  და  ქუჩაზე დაუყვები, მიხვთი?
გაგახაროს-მეთქი ღმერთმა. არა და ვერც მივხთი და ვერც მივხვდი ვერაფერს, ცალკე ის მიკვირს, როდის შემდეგ ხარობს-მეთქი მანგო თბილისში, ცალკე კიდევ იმის ჯავრი მაქვს, როგორ წავიყვანო ეს ქალი ექიმთან.
  სანამ მე გზა-კვალის გაგნებას ვცდილობდი ჩემი ქალი ცუდად გახდა. ფეხები მოეკვეთა და ტროტუარზე ჩაიჩოქა.
-თებრონე, ქალო, თებრონეე, გამოიხედე!- ვაჯანჯღარებ ამ ჩემს ქალსა. წყალი მაინც მქონდეს-მეთქი, ფუიჰ ჩემი ბედის რა ვთქვა მე. ამაებში ვარ და მომესმა ხმაა:
-ვაიმეე, დედაა, საწყალიი, საცოდავი!- გავიხედე და ქუჩაზე ქალი გადმორბის. ვიფიქრე გაახარა ღმერთმა, შველა თუ უნდა-მეთქი. მაგრამ იმ დალოცვილმა გვერდი აგვიარა მე და ჩემს ქალს, გასცდა ყავარჯენს დაყრდნობილ ცალფეხა ჯარისკაცს, არც ის ფეხშიშველა ბავშვი შეუმჩნევია, თონესთან რომ იდგა ხელგამოშლილი, მშიერი თვალებით, გაუარა შავოსან დედასაც და მზის გულზე  წამოშხლართულ კარგა ჩასუქებულ ძაღლთან ჩაიმუხლა.
  -თებრონე!-ისეთი დავიღრიალე, შეშინებულმა აჭყიტა თვალები ჩემმა ქალმა.
-ადექ! სოფელში მივდივათ, ქალო! თორემ გამისკდება გული და მერე იდარდე შენი ნაღველა და გამწარებული პირი!
ავბრუნდი სოფელს და ბალახ-ბულახებით ცოტა გამოვაკეთე  ეს დედაკაციც.  დავრჩით ისევ მე და ჩემი თებრონე, ჩვენი სიბერის საზღაურთან, ბოჩოლასთან, ერთად. ჰოდა, სულ თავს დავფათფათებ ჩემს წაბლისფერ ბოჩოლას, აბა კაცო, მაშ როგორა, ამ გაუკუღმართებულ და უადამიანოდ დარჩენილ ქვეყანაში, რომ დავიხოცებით  ეგ თუ დაგვიტირებს თორემა, ჩვენ თვალები დაგვფსებია ერთურთის დასანახად. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები