ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 მარტი, 2019


== დაგნი - ცისკრის ვარსკვლავი == (დოკუმენტური მოთხრობა) ნაწილი 3

== მარტა - მირიამი ==


„ ოქროს ბავშვო, ცეცხლისფერთმიანო მირიამ...“  - არასდროს არავინ დალაპარაკებია მარტას ასე.
არასდროს არავის უთქვამს ასეთი თბილი სიტყვები - მარტას უყვარს სტახუ.
მარტას მგონი, მხოლოდ სტახუ უყვარს ამქვეყნად. - ასე იყო როცა მუსიკის გაკვეთილებს იღებდა მისგან...
როცა, სტახუს მისი უფროსი და - როუზი უყვარდა და როუზს -  სტახუ.
მაგრამ, ახლა, ბერლინში ხელახლა შეხვედრის მერე, მგონი, სტახუც არ არის გულგრილი მის მიმართ. აბა, მაშ, რატომ შეავლებს ხოლმე
ჩაფიქრებულ მზერას ერთ ოთახში ყოფნისას ?! რატომ ეუბნება ხოლმე თბილ სიტყვებს?!
რატომ თქვა სხვების და მის გასაგონადაც ორაზროვნად სტახუმ „ნეტავ, დღეს ვინმე მაინც თუ მესტუმრება საღამოს სახლში
ჩემი სახელობის დღის მოსალოცად“-ო და თან თვალი თვალში რატომ გაუყარა მარტას?!
უსათუოდ უყვარს სტახუს მარტა... უბრალოდ ერიდება ამის ხმამაღლა თქმა, როუზის გამო... მისი ადრინდელი გრძნობების გამო
როუზის მიმართ. ამიტომ, მარტა აიღებს თავის თავზე მათი სიყვარულისთვის ბრძოლას.
და აი, 1891 წლის 8 მაისის საღამოს, სტახუს კართან ღვინის ბოთლით ხელში დგას ოჯახიდან ჩუმად გამოპარული. ოჯახიდან,
რომელსაც აღარასდროს დაუბრუნდება.
  მომდევნო დილით ბედნიერებით სავსე და თბილი მარტა სტახუს მკლავებში იღვიძებს.
არ ადარდებდა არც ის, რომ თავადაც უსახსროდ არის, არც ის, რომ სტახუც დარჩენილიყო სტიპენდიის გარეშე და მისი
პირველი ნაშრომების გამოქვეყნებასაც არ ჩქარობდნენ გამომცემლები. მარტასთვის მათი ვაჟი ბოლესლავი - უდიდესი
სიყვარულის ნაყოფია... მაგრამ არა სტახუსთვის... „შენ ჩაისახე ფიზიოლოგიური მოთხოვნილების გამო და არა სიყვარულისა,
იმიტომ რომ ერთი წამითაც არ მყვარებია მარტა...უბრალოდ, სიბრალული....სიბრალული...სიბრალული...“ 
... „ ის მაღმერთებდა, მე კი ვიყავი ჩვეულებრივი ნაძირალა, რომელმაც მხოლოდ ექსპერიმენტისთვის დავიტოვე მარტა ...
ბოლესლავის მოვლინების შემდეგ კი, ვემუდარებოდი დაბრუნებულიყო დედამისთან, მან კი არაფრით არ ინდომა....“ - ეს
იკითხებოდა სტანისლავ პრშიბიშევსკის წერილებში მოგვიანებით.
  დაუმალა 24 წლის სტახუმ თავის ოჯახს ბოლესლავის დაბადება, მითუმეტეს, რომ დედამისი მთელი გულმოდგინებით
იყო ჩართული საქორწინო სამზადისში. მთელი გულით სურდა დედას თავისი საყვარელი ვაჟი ბოგუმილა ლაკომსკაიაზე
დაქორწინებულიყო. მართლაც, თავდავიწყებამდე შეუყვარდა სტანისლავს ბოგუმილა. თუმცა, ამასაც არ შეუშლია ხელი
სტახუსთვის, რამდენიმე რომანი გაება და საბოლოოდ, ეს ქალიც მიივიწყა.
და როცა, 1892 წელს პშიბიშევსკის პირველმა წიგნმა „ ნიცშე და შოპენი“ დღის სინათლე იხილა. როცა, მწერალი უკვე ბერლინის
ბოჰემის სიამაყე და მთავარი მოქმედი გმირია, როცა, სახლში იშვიათად მოდის - მარტას სწამს, რომ ასეა საჭირო... რომ სტახუს
ახლა კონტაქტები და ურთიერთობები სჭირდება, რომ სტახუ ღამეებს იმ საზოგადოებაში იმიტომ ატარებს, რომ განვითარდეს,
მეტი შესძლოს, მეტი შემოსავალი გაუჩნდეს. არც მარტას ძინავს ღამღამობით. ბოლესლავის ერთადერთ ხელ ტანსაცმელს რეცხავს
და აშრობს - ხვალ რომ ჩააცვას. არაფრად აგდებს გაჭირვებას, შიმშილს, სიცივეს.
მარტას სიყვარული და ერთგულება სტახუს ქედმაღლობას სალბუნად ედება და მოთმინება და თანხმობა კი, უბრალოდ
სიამოვნებს სახლში იშვიათად მყოფ მწერალს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მარტას ხასიათი არაერთხელ გამოადგა პერსონაჟების
პროტოტიპად წიგნების წერის დროს პშიბიშევსკის.
მარტა -ჩუმი;
მარტა - მომლოდინე;
მარტა - იმედებით მოსულმდგმულე;
მარტა - სტახუს გულშემატკივარი...
და როცა, სტანისლავი გაზეთ „რაბოტნიცის“ მთავარ რედაქტორად დანიშნეს - დაუფასდა იმით, რომ ბავშვთან ერთად
უფრო დიდ ბინაში გადაიყვანა, სადაც სტახუს ძმა ანტონი და მისი მეუღლე მარიანაც ცხოვრობდნენ. შეიყვარეს მარტა ანტონმა
და მარიანამ, არაერთგზის სთხოვეს ძმას დაეკანონებინა მისი ქორწინება ერთგულ, მოსიყვარულე ქალთან...მაგრამ, სტახუ უკვე
ბოჰემაშია ჩაფლული...სტახუს თავისუფლება უყვარს... და არც არასდროს შეელეოდა, რომ არა ...ცისკრის ვარსკვლავი.



== 1893  ==


გულის ქვეშ ახალი სიცოცხლე უცემს მარტას.
ახალი სიცოცხლე იმისგან, ვინც ახლა იმას ამბობს, რომ ხელახლა  დაიბადა სულ სხვა ქალთან შეხვედრის შემდეგ.
სტახუს სხვა უყვარს.
სტახუმ ამა წლის მარტის თვეში ვინმე ნორვეგიელი, დიდებული ქალი გაიცნო და თავის უპირველეს მუზად აღიარა.
სტახუმ სანუკვარი თავისუფლება დათმო და გაცნობიდან ხუთ თვეში ცოლად მოიყვანა ნორვეგიელი პიანისტი და მწერალი
ქალი, უამრავისთვის სათაყვანებელი და ბევრის შემოქმედებისთვის აუცილებელი მუზა - დაგნი.
მარტა, ახლა, მხოლოდ, მისი ვაჟის, ბოლესლავის  და სულ რაღაც სამ თვეში ქვეყანას მოვლინებული მათი ქალიშვილის - მეჩისლავას დედაა
სტახუსთვის.
მარტა ისევ მხოლოდ იმედების ამარაა დარჩენილი.
მარტამ იცის, რომ დაგნი ლამაზია, მას კი დუხჭირმა ცხოვრებამ სახის ნაკვთებიც კი გაუუხეშა. ისიც იცის, რომ დაგნი
განათლებულია, მებრძოლი, ბობოქარი. თვითონ, კი მხოლოდ თავისი უპრეტენზიობის გამო რჩება სტახუსთან ახლოს. იცის, რომ
დაგნი იმდენად დიდებულია, იმდენად საოცარი, რომ ორსული მარტაც კი უყოყმანოდ დატოვა სტანისლავმა.

მაინც არ ჰკარგავს იმედებს მარტა. მითუმეტეს, რომ ანტონი და მარიანაც სულ მასთან და ბავშვებთან არიან.
1895 წელი დგას. აგერ უკვე ორი წელია სტახუ დაგნისთან ერთად მოგზაურობს, საზოგადოებაში ჩნდება, მაგრამ, ბოლოს
მაინც მასთან მოდის.
აქვს იმედის ქონის უფლება.
აქვს უფლება - იმედი ჰქონდეს.
ამ წლის 6 თებერვალს რომ მათი ნაბოლარა - იანინა მოევლინა ქვეყანას, ეს ხომ კიდევ უფრო ცხადჰყოფს, რომ სტახუს
მის გარეშე არ შეუძლია?!
დიახ, აქვს იმედის ქონის უფლება.
აქვს უფლება - იმედი ჰქონდეს მარტას.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები