ნაწარმოებები



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: საბავშვო
4 აპრილი, 2019


მურა დათვი ავად გახდა

მურა დათვი ავად გახდა,   
ჩაწვა, თაფლი მოინატრა.
ჭორ–კაჭკაჭმა ეს ამბავი
მთელ ქვეყანას მიუტანა.

შეიკრიბნენ ცხოველები დიდ მდელოზე
შუაგულ ტყეში.
დათვთან წასვლის მოხალისე ვერ ინახა
ამდენ მხეცში.
იქოთქოთეს, იჭიკჭიკეს, ვერ შეთანხმდნენ,
კენჭი ყარეს.
ითვალთმაქცეს, იცუღლუტეს,
კენჭის ყრითაც ვერ გათვალეს.
კამათელი გააგორეს, მელაკუდამ დასვა შაში,
უფრო ზუსტად კი – დუ შაში.
ჩაიღიმა მწარედ მელამ,
შეიკურთხა ჩუმად გულში.
რას იზამდა ? ვეღარაფერს,
გაეხვია მგონი შარში.

მელა ჩუმად, მიცუნცულდა,
დათვის ბუნაგს მიუცუცქდა.
დატკბილული ხმით მოთაფლა,
შევიდა და მოკალათდა.

დათვი სიხარულით შეხვდა.
გაიკითხა ტყის ამბები,
იქითური–აქეთური
სოფლური თუ ქალაქური.

ბოლოს დათვმა გაამჟღავნა
სურვილი და დიდი ნატვრა:
– თაფლი მნებავს,
ის მომარჩენს,
ის განკურნავს ამ ჩემს ვნებას.
– მიმეგზავნე ტყის ფუტკრებთან,
დაპირებით, არა ფუჭად,
არასოდეს უკითხავად
არ ავიღებ მათგან ფიჭას.

გაუღიმა მელაკუდამ,
გულში ისევ შეიკურხა.
რას იზამდა ? ვეღარაფერს,
ნატვრას შესრულება უნდა.

მიცუქცუქდა ფუტკრებთან და
გაუმჟღავნა დათვის ნატვრა,
დათვის პირობაც გადასცა,
და ფიცილიც დაამატა.

წამოიღო ფუტკრებისგან
ბლომად თაფლი სამკურნალოდ.
დათვმა დააგემოვნა და
შეინახა სამომავლოდ.

ასე მორჩა ჩვენი დათვი,
და სენისგან განიკურნა.
მელაკუდამ დათვის თვალში
სამუდამო ჰპოვა ნდობა.

ტყეში ჩაცხრა ჟრიამული,
„ კრება დარჩა მხიარული.“


მზია თვალაბეიშვილი

დაწერილია 2013 წლის 13 ივლისს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები