ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
31 მარტი, 2019


მტვერი (თავი 1, კარი პირველი)

  სარაჰისა და ვერიოსის სამეფოებში უხსოვარი დროიდან შემორჩენილია თქმულება ცეცხლისმფრქვეველ გველეშაპებზე, თუმცა ისინი თვალით არავის უნახავს.
  იშვიათად, თორმეტ წელიწადში ერთხელ, ვერიჰიონის კონტინენტის ცარგვალს ძოწისფერი ალა აქა-იქ მოეფინება. სარაჰელები ამ საკვირველ და ამოუცნობ მოვლენას „გველეშაპის კართობას“ უწოდებენ. ისინი თვლიან, ამ დროს ურჩხულები ერთმანეთს ერკინებიან, ხოლო ორთაბძოლისას მათი ხახიდან აღმოგზნებული ცეცხლი ცისკამარას წვდება, კინკროს –  მყარმიწას  მანდილივით რომ გადაჰფარვია – ლაჟვარდისფერი მოსასხამი შემოეკვრება და მზისა და ცის მბრძანებელს გნასს ჰმატებს.
  თქმულების მიხედვით, შერკინებას მდედრ გველეშაპთა ცეკვა იწვევს. ისინი როკვას მაშინ ასრულებენ, როდესაც მამრთან შეწყვილების ჟამი დგება. მათ სურთ, საუკეთესო მეწყვილე იპოვონ, მოხიბლონ და ყველაზე ძლიერი, ყველაზე ცეცხლისმფრქვეველი შთამომავლობა გაამრავლონ.
ბრძოლის დაწყებამდე, მეწამულქერცლიანი მდედრი ურჩხულები ცად აიჭრებიან, მგზნებარე ალს აღმოანთხევენ,  ვეებერთელა ფრთებს გაშლიან, წრეზე ისე დატრიალდებიან, რომ მზერას ერთმანეთს არ აშორებენ, შემდეგ ერთმანეთისკენ გასროლილ ისარივით გაიჭრებიან, ჰაერს გაჰკვეთენ და მოწინააღმდეგეს მახვილი კლანჭებით უტევენ.  ბრძოლაც იწყება. მოწინააღმდეგის დასაძაბუნებლად მწველი ალით შანთავენ და ერთმანეთს ბასრი კბილებით კისერში კბენენ, მეტი ზიანის მისაყენებლად მოქიშპეს ისარწაწვეტებულ კუდებს უქნევენ, თუმცღა მეალურსეს  სასიკვდილოდ არ იმეტებენ. ბრძოლის ბოლოს, ძლეულნი მიწას ენარცხებიან, სევდიანად გრგვინავენ და საუკუნო ძილს ეძლევიან; გამარჯვებულნი ხვლიკისფერქერცლიან მამრებს ელაციცებიან და ჰაერში ერთად ნავარდობენ. მზის ჩასვლის ჟამს კი ერთმანეთს ერწყმიან.
  სარაჰისა და ვერიოსის სამეფოებში არამხოლოდ გველეშაპების, არამედ ვეება ურჩხულთა მხედრების შესახებაც ჰყვებიან, რომელთაც სარაჰულსავე ენაზე თრაჟალონებს უწოდებენ. ანდრეზების მიხედვით, გულმარიხი და ხასი რაინდები აფროსანი გემებით ვერიჰიონის დასავლეთით – დაისის ოკეანის ერთადერთ კუნძულ სჰეოტერიასკენ, სადაც ცეცხლისმფრქვეველნი ბინადრობდნენ – შეუდრეკლად მიემგზავრებოდნენ. კუნძულზე ისინი გველეშაპის წიწილებს ათვინიერებდნენ. მორჯულებული საზარცხოველი და მხედარი კი სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთს ტალად ედგნენ და ერთგულებდნენ.
სარაჰის სამეფოში თრაჟალონების ხანას ხშირად იხსენებენ. ჰყვებიან იმ დროებაზე, როდესაც სამართალი მეფობდა და არა მეფენი, დიდებულებს კი ვერცხლმოყვარეობის დაავადება ჯერ არ შეჰყროდათ. სიმართლისა და სამართლის მოდარაჯე თრაჟალონები ელვისფერი ცეცხლით უსწორდებოდნენ მჩაგვრელებს, ბოროტისა და ავის მზრახველებს.
  ვერიჰიონის ზღვათაშუამიწაზე  თრაჟალონ-გველეშაპებზე ხალხურ თქმულება-გადმოცემებს ყველგან შეხვდებით. თუმცაღა ფართოდ გავრცელებული რწმენა-წარმოდგენების მიუხედავად, გველეშაპების კვალი არსად ჩანდა. მათი არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას ვერც ძველ ჭილის ფურცლების დამტვერილ ჩანაწერებში და ვერც ნივთიერად მიაკვლიეს – მცირედი ხრტილიც კი არ იყო შემორჩენილი – რათა სწავლულებს დაბეჯითებით ეთქვათ, რომ ურჩხულები არსებობდნენ. გველეშაპებისა და თრაჟალონების ხსენება მხოლოდ ხალხურ ლექსებსა, თუ მხატვრულ ნაწარმოებებს შემორჩენოდა.
  მაგრამ მაინც, ეს სარაჰელებს ხელს არ უშლიდა ლათაიების ნამდვილობა ერწმუნათ. ისინი თვლიდნენ, რომ საზარცხოველებს საუკუნო ზმანებით სძინავთ და, დღეს თუ არა ხვალ, გამოიღვიძებენ; ისევ გაშლიან დიდრონ ფრთებს, მზის ღიმილს რომ ჩრდილავს, მყარმიწას ცეცხლოვან ყიჟინას დასცემენ და მთელ მსოფლიოს ამცნობენ, რომ დროება იცვლება.  სარაჰელებს ცეცხლისმფრქვეველი ურჩხულების გამოღვიძებისა ღრმად სწამთ. ელოდებიან კიდეც. მათთვის ეს ხალხური წინასწარმეტყველება უფროა, ვიდრე ლათაია.  ვერიოსელებისთვის კი ეგ ბავშვებისთვის მოსათხრობი კეთილი ზღაპარი და მითიური ოცობოდებაა.
  სარაჰელებისა და ვერიოსელების განსხვავებული წარმოდგენების მიუხედავად, ვერიჰიონის ორივე სამეფოში ძოწისფერი ცა აღფრთოვანებას იწვევს და გველეშაპების ხელახალი გახსენების, მეხსიერების დამტვერილი კუნჭულებიდან მათი ამოქექვის ნიშანია. ამ დროს სახალხოდ, კოცონთან ჩაფერხებული მოგზაურნი, სრა-სასახლეში შეკრებილი დიდებულები თუ ქოხმახებში, კერიას შემომსხდარი უაზნონი მითების, ზღაპრების, ჭეშმარიტებისა თუ წინასწარმეტყველების თხრობას ხელახლა იწყებენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები