ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2019


მტვერი (თავი 1)

                                                                                კარი პირველი

                                                                            უმუ ალჯანეულეი (ჯადოქარი ვარ)

                                                                                              1
სარაჰის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთით, დარეთის დიაზღვის  ნაპირებთან ათრას სამთავრო მდებარეობს, ზღვისგან შორს, მთებში პატარა ქალაქ-დასახლებაა ჩაძირული − ზენეათი ჰქვია. ზენეათელები მეტად ცნობისგამომწვევნი, ცქვირინისეულნი  და ცნობისმოყვარე ხალხია; მთელ ვერიჰიონში ვერ იპოვით მსგავს კუთხეს, სადაც ასეთ ადამიანების ერთობას ერთ ალაგს მოეყარათ თავი, თითქოს სარაჰის სამთავრო-საერისთაოების ყველა მკვიდრს ბინა ზენეათში დაედო.
სარაჰელებს გამოცანისეული ნიშნები სიგიჟემდე უყვართ; სრულიად ჩვეულებრივსა თუ მართლაც უცნაურ მოვლენებში ცდილობენ მინიშნებები, ანდა წინასწარმეტყველური თვითნიშნები ამოიცნონ. სჯერათ, ამქვეყნიერებას ზებუნებრივი ძალები განაგებენ და თვით-ამ მიუწვდომელთა მცდელობაა, რომ მიწიერი არსებები უამრავი გამოცანებითა თუ თავსატეხით გააფრთხილონ. მაგრამ ერთი კია, მათთვის ამ ნიშნების გამოცნობა-განმარტება უფრო ძნელია ხოლმე, ვიდრე მათი აღმოჩენა.

ჩვევა-ადათის კარნახითა და ეჭვდაუდებელი რწმენით, მოვლენებს ზეციერთა მინიშნებად მიიჩნევენ. ღრმად ჩაფიქრდებიან, დაიწყებენ ბჭობას, სჯა-ბაასსა და მითქმა-მოთქმას. ქალაქის მოედანზე, ქუჩებსა თუ შუკებში შემხვედრ ნაცნობებს, და ზოგჯერ უცნობებსაც კი, აზრს ეკითხებიან, მაგრამ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რას მიანიშნებენ უხილავნი ვერ გამოიცნობენ, ვიდრე შემდგომში მომხდარ რომელიმე ავბედობას არ დაუკავშირებენ.

სულ ბოლო ხანს, ამდაგვარ სირთულეს მაშინ წააწყდნენ, როცა ზენეათში მთის ფერდობებზე შეფენილ მაღნარს, ქალაქს გარს გალავანივით რომ აკრავს, მეხი დაეცა. ზენეათელებმა ეს ღვთიურ მინიშნებად მიიღეს და იმ გვალვიანობასთან შეაუღლეს, რომელმაც ათრას მხარეში თითქმის მთელი მოსავალი გაანადგურა; ასე დაუკავშირეს ღვინობისთვეში  მომხდარი ბუნებრივი მოვლენა თარეჰსოეჰის  უბედურებას.

სარაჰის სამეფოში ბევრი რამ ითვლება სასწაულად, მაგრამ ერთი რამ მართლაც გასაოცარია: ექვს წელიწადში ერთხელ, სკიჯაჰიონის თვის  ბოლოს, როდესაც დიაზღვა ჰაერივით გამჭვირვალეა და ამინდიც მშვიდი, სწორედ მაშინ ცაკაბადონზე ნაცრისფერი ლანდი აღმოცენდება; თვით-ეს აჩრდილი ზღვის სიღრმეში წამომართულ მწვერვალებს წააგავს, ისეთს, უღრუბლო ამინდით განებივრებულ დღეს ნაპირებიდან შორეული მთები რომ მოსჩანს.

თვითონ თვალთაზმანება სარაჰელებს არ უკვირთ, გასაკვირი უჩვეულო დაისია, ამ დროს აქ რომ იცის: როგორც კი დღის გუშაგი ჩასათვლემად მიიჩქარის, ლანდი მუქდება – თანდათან შავდება; მზის სხივებით ნაქსოვ პირბადეს შარავანდედივით მოისხამს, ხოლო ცაკაბადონის შეალისფერებისას გრძნეულ სიმქრქალეს გარშემო ოქროს ციალი ეკვრის, რომელიც მას ელაციცება და თან ელვარებს. ყოველივე ეს რამდენიმე წუთი გრძელდება, შემდგომ კი ეს საოცარი  მოვლენა ხანგრძლივი დროით უჩინარდება.

მათ სწორედ ეს იშვიათობა აღაფრთოვანებს. ამიტომაც აღტაცებულმა ხალხმა ამ დღეს „შავი მზის“ ბინდი უწოდა, მოგვიანებით კი  თვით-ამ მწუხრის წინა დღე უქმედ გამოაცხადეს და „შავი მზის“ დღესასწაული დააწესეს.

სარაჰელებმა ზადიკი ადათად აქციეს და მისი აღნიშვნა ყოველწლიურად დაიწყეს. მოვლენის ბუნებიდან გამომდინარე, დღესასწაულის გამართვის დღე მოძრავია, ექვს წელიწადში ერთხელ სკიჯაჰიონის თვის ბოლოს, მეთოთხმეტე დღეს აღინიშნება, როდესაც ზღვის სიღრმეში ოქროსფერი შარავანდედი გრძნეული თვალთაზმანების თავზე მართლა აკიაფდება; დანარჩენ ხუთ წელიწადს კი დღესასწაულს მეცამეტე დღეს ამთხვევენ.

როგორც ყველა, ასევე „შავი მზის“ ზეიმსაც საკუთარი თვითნიშნები აქვს. ამ დღეს ყველა მხოლოდ თეთრსა და წითელ ტანსაცმელში იმოსება. ეს ერთადერთი დღეა, როდესაც ზენეათის ზემოქალაქში მცხოვრები მდიდარიც და ქვემოქალაქის მკვიდრი ღარიბი თუ გლეხი, საგანგებოდ, თეთრ-წითელ ქამხით, ხიფთანით, ხამით, ჯუბა-კაბებით, ჭიჭნაურითა თუ მაზარით იკაზმებიან. სარაჰის სამეფოს ქვეშევრდომნი, განურჩევლად საზოგადოებრივი თანრიგობისა, აღკაზმულობით ერთმანეთს ემსგავსებიან.

ადათის მიხედვით დღესასწაულის დღის  გათენებამდე შუქი სარაჰელების სახლებში არ ქრება; ღამით დანთებული სანთელი, აკაშკაშებული ლამფა, ბაზმა თუ ლამპარი ყველას უნთია.

ზენეათის ზემოქალაქში მდებარე მდიდართა სასახლეებიდან შუქი შუკებისა და ქუჩებისკენ აღელვებული მდინარესავით მკვეთრად მოედინება, ვიდრე ქვემოქალაქში მდებარე ხულებიდან, რადგან ქუჩები ვიწროა, შენობები კი ერთმანეთთან ახლო-ახლო დგას.

ამ დღისთვის სარაჰელები სადღესასწაულო სამზადისს ცისკრის ვარსკვლავის გამოჩენისთანავე იწყებენ: საგანგებოდ ნაადრევად იღვიძებენ, რათა  გამოპრანჭვა-გამოწყობანი მოასწრონ. განსაკუთრებით ქვემოქალაქის მკვიდრი ქალები დგებიან ადრე, მათ ევალებათ ქმრებს ცისკრის შეჭამანდი და სამოსი გაუმზადონ; ალბათ, ისინი ღმერთებს მადლობას სწირავენ, რადგან მეუღლეების შემოსვაც მათ მოვალეობაში არ შედის. ზემოქალაქის მცხოვრებთ ყველაფერს მსახურთგუნდი უმზადებს; წვრილმან საქმეებს ისინი აგვარებენ, რათა ბატონებმა მზის ამოსვლამდე კარგად გამოიძინონ, მოასწრონ მომზადება − საუზმისთვის ზედმეტი დრო არ დაკარგონ − და ტაძრების დროზე მოლოცვაც შეძლონ.

როგორც კი მზის ბაკმი გაჰკვეთს იაკინთისფერ ცისკარს, დღესასწაული იწყება. მოსახლეობა „მისაგებელი მსვლელობისათვის“ საერთო მოედანზე სათითაოდ იკრიბება. შემდგომ ნელი სვლითა და სრული მდუმარებით საკუთარი სალოცავებისკენ მიემართება. სალოცავები კი იმ მთებზეა შეფენილნი, ქალაქს გარს რომ აკრავს  და დარაჯივით გადმოჰყურებს.

„შავი მზის“ დღესასწაული მეტად ცქვირინისეული დღეა. ეს ის დღეა, როდესაც დიდგვაროვან-მდიდართა თაბუნს სალოცავების მოლოცვა ახსენდებათ.

                                                                                                                                    2
„შავი მზის“ დღესასწაულისთვის სამზადისი მედროშეთა სახლთუხუცესმა მზის პირველი სხივების გამოჩენამდე დაიწყო – ნოქართდედაწული უკმეხი ხმითა და მკაცრი გამომეტყველებით გააღვიძა. ჯერ კიდევ თვალებმინაბულ მზარეულებს საუზმის მომზადება დაავალა და მოითხოვა, ბატონებისთვის საზრდო სწრაფად გაეკეთებინათ; მსახურებს სახლის მოწესრიგება და სადღესასწაულოდ მორთვა-მოკაზმვაც უბრძანა, რათა წვრილმანი თავსატეხი ტაძრიდან თავადისა და მისი ოჯახის დაბრუნებამდე დასრულებულიყო; ამგვარად, ბატონებიც სტუმრებს მშვიდად მიიღებდნენ.

როგორც კი მზარეულებმა ბრძანება ზედმიწევნით შეასრულეს, სახლთუხუცესი  ბატონების გასაღვიძებლად მოემზადა. ვიდრე თავადის ოჯახის მოსასვენებელ ოთახებს დაივლიდა, მსახურთთაბუნიდან ექვსი მოახლე შეარჩია; მათ ჯერ ტანსაცმელი, ხოლო შემდგომ ფრჩხილები და ხელები შეუმოწმა, ისე აკვირდებოდა, გეგონებოდა, ლუპით ჩაჰკირკიტებსო. შერჩეულებს საწოლის ხის პატარა ლანგარ-მაგიდაზე დალაგებული საუზმე მიაბარა და უბრძანა თან გაჰყოლოდნენ. როგორც ეს დიდებულებს სჩვევიათ, ბატონებისთვის საუზმე გაღვიძებისთანავე, დილითვე უნდა მიერთმია. დღეს კი, მით უმეტეს, განსაკუთრებული დღე იყო, თავადნი „მისაგებელ მსვლელობას“ უერთდებიან და უზმოდ ვერ წავიდოდნენ.

ზემოქალაქში შემაღლებაზე მდგომი ერთადერთი ანგურაშრთვილი  ამხარაა , განმარტოებით მდგომი სასახლე, რომლის ფანჯრებში ღაჟღაჟა შუქი ზენეათის ყველა კუთხიდან ჩანს. იგი ბორცვზე დგას, გარს დიდი აშთა აკრავს და მეფე-დედოფალთა მოსასვენებელს უფრო ჰგავს, ვიდრე მდიდართა სავანეს. უჩვეულოდ კოხტადაცაა ნაგები. მეზობლად წამომართული ვაჭრების, სხვა თავადებისა თუ მოხელეთა სასახლეებისგან განსხვავებით დიდიცაა და განმაცვიფრებელიც. თავადმა კონსტანტინე მედროშემ ცნობილი კირითხურო ვერიჰიონის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ზღვათაშუამიწაზე მდებარე სავაჭრო ქალაქ ტინარშუჰიდან ჩამოიყვანა. ამიტომაც მედროშეების სასახლე სარაჰულ ხუროთსაქმეს არ ჰგავდა.

მედროშეთა ოჯახი ზენეათში ძალიან დიდი ხანია ცხოვრობს, იმდენად დიდი, რომ ოჯახსაც კი არ ახსოვს, მათი წინაპრები იქ როდის დასახლდნენ. ერთი იცის ყველამ, მათი გვარი წარმოშობით სარაჰის ერთ-ერთი სამთავროს დიდგვაროვანთა შტოს ეკუთვნის. პირველი მედროშე, რომელმაც დიდი ხნის წინ ზენეათში  ბინა დაიდო, ქალბატონი იყო. მას ჲოავილეი ერქვა, ამიტომაცაა, რომ მედროშეებს ხშირად „ჲოავილესიანებს“ უწოდებენ, რაც სიამოვნებთ კიდეც, ეს ხომ საკუთარი გვარის უძველეს და კეთილშობილურ წარმომავლობაზე მიანიშნებს.

კონსტანტინე მედროშეს საკუთარი გვარის წარსული დიდება ნაკლებად ადარდებდა, რადგან იცოდა, წარმომავლობის დიდებულება ვერაფერი ნუგეშია, როცა სიღარიბე კარზე გიკაკუნებს, ამიტომაც თავი ვაჭრობაში გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა წარჩინებულები ამ საქმიანობის გამო ამრეზით უყურებდნენ, ის მუხლჩაუხრელად შრომობდა და ბევრი ქონებაც დააგროვა. ფული საკმარისზე მეტი ჰქონდა და გადაწყვიტა, ყველასგან გამორჩეული სასახლე აეგო, რომელიც, როგორც კონსტანტინე მედროშე ამბობდა, ზენეათში აგებულ სხვა დიდებულთა თუ მდიდართა ქოხმახების მსგავსი არ იქნებოდა. 

საკუთარი მიზნის ასრულება დაგროვილი კიმილიისა და საქმიანობის წყალობით მარტივად შეძლო კიდეც. ვაჭრობა ბევრ მოგზაურობას მოითხოვდა, შესაბამისად, კონსტანტინეც, სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეული ქვეყნების სიკეთეებს ეცნობოდა.

სიცოცხლის განმავლობაში თავადმა ბევრი რამ იხილა, ბევრი რამ მოსწონებია და ბევრიც დაუწუნებია, მაგრამ ვაჭარ-დიდებული ტინარშუჰის ხუროთსაქმემ ყველაზე მეტად მოხიბლა.

ერთხელაც კონსტანტინე რაჰის ნავსაყუდელში უცნაურად აღკაზმულ, სარაჰელთათვის უჩვეულოდ ჩაცმულ, წვეროსან, მხცოვან მეგზურთან ერთად სავაჭრო აფროსანი გემიდან გადმოვიდა. რამდენიმე წელიწადში კი ზენეათის საგვარეულო მამულში სასახლე აღიმართა, უზარმაზარი შესასვლელი კარით, რომელიც მაღალჭერიან მოსაცდელ ოთახში გეპატიჟებოდა. თავადმა სასახლის უკან, წელიწადის სხვადასხვა დროს მოყვავილე ყვავილნარითა და ხეხილით მორთული, სამი ფანჩატურით, ორი თალარითა და შადრევნებით გაწყობილი ბაღი მოაწყო. ყოველივე ეს ზენეათელებისთვის ახალი იყო, თუმცა მალევე აითვისეს სიახლე, კონსტანტინეს ბევრმა მიბაძა და სახლი ისე ააგეს, როგორც მედროშეებს უცნაურმა მოხუცმა დაუგეგმა.

ვაჭრობაში განსწავლულ თავადს, სიკვდილის მაუწყებელი სუამამსვალდის მოსვლის ჟამს,  ერთი ვაჟი, არჩილი და ორი შვილიშვილი, ელენი და ალექსანდრე დარჩა. ამიტომ თვალების სამუდამოდ დახუჭვამდე, ზეცას მადლი შესწირა და მოსულ სტუმარს სახეზე გამოსახული ღიმილითა და ბედნიერი გამომეტყველებით გაჰყვა.

ეს პირველი წელი იყო, როცა მისაგებელ მსვლელობას კონსტანტინე მედროშის გარეშე ხვდებოდნენ. თუმცა ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც აქამდე; დაახლოებით ერთ საათში, დანაყრებული მედროშეთაგან თითქმის ყველა გალიაკში შეკრებილიყო, მისაღებ ოთახს მხოლოდ ელენი და თავადი აკლდნენ.
თავადისქალი ნანა მოსაცდელი ოთახისკენ აღელვებით გაფარფატდა და კიბე სწრაფად აიარა. ტალანის ბოლოს მდებარე ელენის ოთახს მიუახლოვდა. დაკაკუნება არც კი უფიქრია კარი ისე შეაღო.

ელენი საკუთარ ოთახში სარკის წინ იჯდა, თავს იწესრიგებდა, როცა დედამისი სადღესასწაულო სამოსით შეფრიალდა. წითელი ხავერდის კაბას გრძელი ყურთმაჯიანი სამკლავური ჰქონდა. თავზე ლალისთომარიანი, თეთრი მარგალიტებით გაწყობილი ჩიხტიკოპი ეხურა. თეთრი მანდილი კი თმებს უფარავდა და მკერდზე ფაფუკად, ციდან ჩამოცვენილი თოვლის ფიფქივით ეფინებოდა. 

ელენიმ ჟღალი თმის ვარცხნა შეწყვიტა და სარკეში დედის ანარეკლს აღელვებით გახედა, თითქოს აჩრდილი შემოსულიყოს. მღელვარება არ შეიმჩნია, სარკეში დედის ორეულს თვალი სწრაფადვე მოარიდა და  თმის ვარცხნა განაგრძო.

– მსახურ ქალებს ხომ არ ვუხმო? – ნანამ ღიმილით შესთავაზა და საწოლს დახედა, მისი ყურადღება პატარა ლანგარ-მაგიდამ მიიქცია – საუზმე ხელუხლებელი იყო.
ელენის წარბიც კი არ შეუტოკავს, მშვიდი ხმაჟღერადობითა და ერთფეროვნებით უპასუხა:
– თუ დამჭირდება, თავადვე ვუხმობ, დედა! – საკუთარი ხმა ვერ დაიმორჩილა.
ელენი ენამჭევრობით გამოირჩეოდა, მაგრამ ყოველთვის იცოდა, სად, როგორ ესაუბრა. მშობლებს დიდ პატივს სცემდა, ამიტომაც შეეცადა როყიოდ არ გამოსვლოდა. ქცევის წესებს ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ; ალბათ, მტერსაც კი ისე მოექცეოდა, როგორც კეთილშობილ ქალბატონს შეეფერებოდა.
– დახმარება თუ დაგჭირდეს, დამიძახე! – დედამ ელენის კეთილი მზერით გახედა, – ყველაფერში დაგეხმარები, – მის ხმაში დედობრივი მზრუნველობა იგრძნობოდა.

ნანას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სათქმელს თავს ვერ უკრავდა – გორდიას კვანძის სათავეს ვერ პოულობდა.

პასუხად ელენიმ თავი მდაბლად დაუკრა, ტუჩის კიდეებით გაუღიმა – უნდოდა დედას  მისი კეთილგანწყობა ეგრძნო. გოგონა წამოდგა, საწოლზე გადაკიდებული თეთრ-წითელი ქალაქური კაბისკენ გაიწია. აიღო. ლამფის შუქზე შეათვალიერა – ლაქა ხომ არ აქვსო. როცა დარწმუნდა, ყველაფერი რიგზე იყო, ნაზად უკანვე დააფინა  და სარკეს მიუბრუნდა.

– ეგრე ვიზამ, – თმა ჩამოივარცხნა, – დამიჯერე, რამე თუ მოხდება, პირველს, შენ გეცოდინება!
– კეთილი, როგორც ინებებ, – ნანამ მსუბუქად გაუღიმა  და ტუჩებთან მდინარესავით დაკლაკნილი ნაოჭები გამოუჩნდა.

ელენი გრძნობდა, დედამისი სულ სხვა მიზნით შემოვიდა. ნანას უნდოდა, ქალიშვილს მერლანებთან დამოყვრების თაობაზე დალაპარაკებოდა. ამ საკითხზე სიტყვა თავადისქალმა გუშინ, ვახშმობისას ჩამოაგდო. შედეგად კი ის მიიღო, რომ ელენიმ ოჯახური თავყრილობა გაღიზიანებულმა დატოვა. ამიტომაც თავადისცოლმა გულის წადილის ბოლომდე გამხელისაგან ამჯერად თავი შეიკავა.

თავადისასულმა სარკეში დედის მიმავალ ანარეკლს  თვალი გააყოლა და ღრმად ჩაისუნთქა.

ნანას გასვლისთანავე ელენი კართან საჩქაროდ მივიდა და საიმედოდ გადაკეტა. თოვლივით ქათქათა კანზე აღელვება საერთოდ არ ეტყობოდა; ის არასდროს წითლდებოდა.

საწოლთან გულისპირიან კაბას დასტაცა ხელი და სარკის წინ ჩაცმას შეუდგა. ცოტა გაუჭირდა. ძვირფასი ქსოვილისაგან შეკერილი სამოსი მკერდზე მარგალიტებით შეემკოთ. სულ  წითელი იყო. თეთრი ქამარი წელში ვიწროდ ეკვროდა. ქამრიდან თეთრი სარტყელი კაბისბოლომდე ეშვებოდა. კაბას თეთრი მოსაცმელი ახლდა, ყოშებიანი სახელოთი, რომელიც წითელი ლიანდაგებით იყო ამოქარგული. კაბის ყურთმაჯებზე კი მარგალიტები მიეკემსათ. ელენის წერწეტა ტანს კაბა უფრო  მეტად ამშვენებდა; სხეულის მოხაზულობებს: აწკენტილ მკერდსა და გრძელ კისერს გამოჰკვეთდა.

ელენიმ ბოლო ღილი შეიკრა. სავარცხელს სასარკეზე ნაზად მიუჩინა ადგილი და მოყვითალო ჭილის გრაგნილი გვერდით დაუდო. ფანჯარასთან მივიდა, რომელიც ეზოს გადაჰყურებდა. თოკს მოქაჩა. რამდენიმე წუთში კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ელენიმ ჩარაზული კარი გააღო და მსახური ოთახში შემოუშვა. უთხრა, თმების ჩაწვნა მინდაო, დაბალ სკამზე დაჯდა. კველა  საგანგებოდ ფანჯრის წინ დაედგა – სურდა, გათენებისას საკუთარი სახლიდან მშვენიერი ხედით დამტკბარიყო.

მოახლემ საქმე დაასრულა თუ არა, ელენიმ  დაითხოვა და ჩახვეულ თმებში სასარკესთან დალაგებული მარგალიტის თმისსაწნავები გაიკეთა. მანიაკით დახრილული ვარცხნილობა სპილენძისფერ თმას საუცხოო ხიბლს ჰმატებდა, კაბასთან კი გასაოცარ ერთიანობას ქმნიდა. თმის ფერი ელენის ქათქათა კანს განსაკუთრებულ იერს სძენდა.

თავადისასულმა საბოლოოდ მოიწესრიგა თავი, ვარდის სურნელის ტინარშუჰული ნელსაცხებელი ყელზე იპკურა, ოთახს თვალი მოავლო და მისაღებისკენ გაემართა.

ქვემოთ თითქმის ყველა მზად იყო. ამჯერად შეკრებილ ოჯახს მხოლოდ თავადი აკლდა.

ნანა სავარძელზე იჯდა და ქმრის გამოჩენას ელოდებოდა. ხელში წითელი ღვინით სავსე სამწდეური სიფრთხილით ეჭირა, რათა თეთრი ხელთათმანები არ დასვროდა. ღვინო  ნაზად მოსვა და ჭიქა სავარძელთან მდგარ პატარა მაგიდაზე მინის კულის გვერდით დადგა.

ელენი ძმას მიუახლოვდა. ალექსანდრე ფანჯარასთან იდგა და ღრმადჩაფიქრებული, თითქოს არაამქვეყნიური, ლურჯ-იაგუნდისფერ სივრცეს გაჰყურებდა. და მიესალმა. თავადიშვილი ფიქრებიდან გამოერკვა  და ელენის მოეხვია.

ოთახის შუქზე ალექსანდრეს მზისსხივისფერი გრძელი თმა  და ლაჟვარდისფერი თვალები ადვილად შესამჩნევი იყო. საერთოდ, ის და ელენი გარეგნობით ერთმანეთს ჰგავდნენ – ორივეს სწორი ცხვირი და სქელი ტუჩები ჰქონდა, მათი სახეები მსგავსი მოხაზულობისა იყო. ელენიც და ალექსანდრეც გარეგნობითა თუ იერით დედას ჰგავდნენ, ოღონდ ნანას წაბლისფერი თმა – აქა-იქ შეპარული ჭაღარათი – და ჭროღა  თვალები ჰქონდა, რომელიც მზის სხივებთან ლაციცისას ხაკისფრად გარდაისახებოდა. და-ძმას მედროშეებისგან რაც დაჰყვა, კონსტანტინესეული თვალის ფერი იყო.

ალექსანდრეს წითელი ჩოხა ეცვა, რომელსაც ძვირფასი თვლებით გაწყობილ ქარქაშში შავი ქამარ-ხანჯალი, თეთრი პერანგი და თეთრივე ყელსახვევი ამშვენებდა. თავადიშვილს თავი ვაჟკაცურად და დინჯად ეჭირა.

– მამა სად...? – ელენიმ შეკითხვა ვერ დაასრულა, როდესაც თავადი კიბეზე როხროხით ჩამობანცალდა და ჯალაბს შეუერთდა.
– წავედით, დრო მოვიდა! – არჩილმა მბრძანებლური ხმით წარმოთქვა.

პოხიერება მისი მეგზური მას შემდეგ იყო, რაც ნანა ცოლად შეირთო და მამის საქმენი გადაიბარა. თავადი ამოზნექილი ღიპის გამო უფრო დაბალი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. არჩილმა რამდენჯერმე სცადა, ზედმეტი წონა მოეშორებინა, გათავისუფლებულიყო სიბერის შეგრძნებისაგან, გაეხსენებინა ახალგაზრდობის წლები, როცა საკუთარი სხეულის არ სრცხვენოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შემწვარ გოჭსა და ცხიმიან საკვებზე უარი ვერაფრით თქვა.
მეუღლის მოსვლისთანავე, ნანა სავარძლიდან წამოიმართა და სანახევროდ დაცლილ ღვინის ჭიქას თვალი გააყოლა. ქმართან მივიდა და გარეთ ერთად გავიდნენ.

ელენი ალექსანდრეს  გვერდით ამოუდგა, ხელკავი გამოსდო და და-ძმა გასასვლელისკენ გაემართა.

                                                                                                                    3
მატეა სცირენოვიმ დილით ადრე გაიღვიძა. მსვლელობის დაწყებამდე ორი საათი იყო დარჩენილი.

ტანსაცმელი არ ჩაუცვამს, ფეხზე წამოდგომისთანავე ფანჯარაში გაიხედა, მედროშეების სახლის მეორე სართულიდან შუქი ბჟუტავდა; მიხვდა, რომ ელენის ეღვიძა. ბაზმა დაანთო. კარადიდან მრავალჯერ ნაცვამი სადღესასწაულო კაბა გადმოიღო და ჩაიცვა. წითელ კაბას თეთრი ბოლოები გაქექილი ჰქონდა.

მატეას ყოველ წელს უხდებოდა დილის სამზადისი თვითონ გაეწია. ეს წლებია გრძელდება, თუმცა ამით უკმაყოფილო არასდროს ყოფილა. ის და დედამისი მარტო მას შემდეგ ცხოვრობენ, რაც მამა ვერიოსელებთან ბრძოლაში დაიღუპა, ამიტომ სახლის საქმეებს შეჩვეული იყო.

გოგონამ პირველ სართულზე ჩაირბინა. სამზარეულოში შევიდა. მუშამბის წინსაფარი  აიფარა და ბუხარი დაანთო. წყლით სავსე ქვაბი ნაჭას შეჰკიდა. ვიდრე წყალი ადუღდებოდა, მეორე სართულის ვიწრო ტალანი გაიარა, დედამისის საძინებელში შევიდა და ფარდაგები გადასწია. მთვარის რძისფერი ბაკმი იაკინთისფერ სიბნელეში ნელ-ნელა იკარგებოდა, ფანჯრიდან მანგის თვირნათენი  მორიდებით შემოიჭრა. მატეა კირკეს საწოლთან ჯიქურ მივიდა და გააღვიძა.

– მსვლელობაზე არ დაგვაგვიანდეს, – ბაზმა სასთუმალთან ახლოს დაუდგა, კარადიდან კაბა გამოიტანა და ფეხებთან დაუფინა, – ჩამოდი, ვისაუზმოთ, მალე დაიწყება. უზმოდ ხომ არ წავალთ?!
– მალე ჩამოვალ, – დედამ ტუჩის კიდეებით გაუღიმა, სარეცელზე წამოჯდა და ცივ იატაკზე შიშველი ფეხები გადმოდგა; უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.
– კეთილი, სამზარეულოში დაგელოდები, –  უთხრა მატეამ და სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
გოგონას უკვე მზად ჰქონდა საუზმე, როდესაც კირკე ჩამოვიდა.
– საამო სუნია, გემრიელი იქნება, – შეაქო შვილი.
– შენ რომ მასწავლე, ისე მოვამზადე,  – დედას გაუღიმა. ესიამოვნა შექება, კირკე მატეას ხშირი ქებით არ ანებივრებდა.
გოგონამ თახჭიდან თეფში გადმოიღო. დედას წვნიანი დაუსხა და პურთან ერთად მიაწოდა. კირკე მაგიდას მიუჯდა, მადლობის ნიშნად ძლივს შესამჩნევად გაუღიმა.

მატეას დედის გულგრილობა, გრძნობების გამოხატვის უნარის სიმწირე, ყოველთვის არისხებდა, მაგრამ ამასაც შეეჩვია და ყურადღებას ნაკლებად უთმობდა. მეტიც, ასაკთან ერთად სხვა საზრუნავი გაუჩნდა, რამაც დედის ცივი ხასიათი საკუთარი მეხსიერების მიკარგულ კუნჭულს მიაბარა.

– ელენის ღვიძავს, ალბათ, ღელავს, – მატეამ დედას ნერვიული სახით გახედა და წვნიანი თვითონაც დაისხა. პური აიღო და კოვზი ტუჩებთან ნაზად მიიტანა, ერთი-ორჯერ შეუბერა სული, გაცივდესო, და დინჯად მოწრუპა.
– თავდაპირველად ყველა ღელავს, თანდათან შეეჩვევა, – დაამშვიდა კირკემ.
რამდენიმე წუთი სიჩუმეში ისხდნენ და ჩუმად მიირთმევდნენ. სიჩუმე მატეამ დაარღვია:
– კი მაგრამ, მე უფრო ის მაღელვებს, რომ შეიძლება ვერ გაუმკლავდეს და საკუთარი თავი გათქვას.
– ნუ გეშინია, ჩვენნაირებს ვერას აკლებენ. რა თქმა უნდა, შეუძლიათ ეცადონ, მაგრამ არაფერი გამოსდით. ჩვენი შეპყრობის საიდუმლო დიდი ხანია დაკარგულია. მადლობა კი ნევის უნდა გადავუხადოთ, – კირკემ თეფში აიღო და ბოლო წვეთები მოსვა, – მართლაც, გემრიელი წვნიანია.
მატეამ მადლობა გადაუხადა, თეფში გამოართვა და საკუთარ ფრიალასთან ერთად ნიჟარაში ჩაალაგა.
– მშვენიერად გამოიყურები, – ქათინაური უთხრა.
კირკემ მადლობა გადაუხადა, სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი არ შესცვლია.
– გარეთ დაგელოდები, – სხარტად უთხრა მატეამ და გასასვლელისკენ გაემართა.
– კარგი, მეც მალე მოვალ, რაღაცეებს წამოვიღებ, –  კირკემ გარეთ მიმავალ შვილს სიტყვა დააწია.

ქალი სამზარეულოდან გავიდა და წიგნთსაცავში შევიდა. ოთახი დიდი არ იყო, თუმცა სამზარეულოს გაცილებით სჭარბობდა. ბიბლიოთეკაში მაგიდაზე წიგნების გროვა და რამდენიმე ხელნაწერი უწესრიგოდ ეყარა. კირკემ ბაზმა მაგიდის კიდეზე დადო, რათა ცეცხლი ფურცლებს არ მოსდებოდა და ხანძარი არ გაჩენილიყო; წიგნები გადაალაგ-გადმოალაგა, სასურველი ჩანთაში ჩაიდო, ხელნაწერები დაგრაგნა და ისიც წიგნთან ერთად ჩაილაგა. საქმეს მორჩა თუ არა, მატეასთან გავიდა და ქალაქის მოედნისაკენ ვიწრო ქუჩებს ერთად გაუყვნენ.

მოედანზე ხალხი ნელ-ნელა გროვდებოდა.

ცრიატ ცარგვალზე ჭვირი ლურჯ-იაგუნდისფერ სიბნელეში იმზირებოდა – მზის მკრთალი ჩალჰი ხარიპარიას აკრთობდა.
თენდებოდა.

                                                                                                                  4
მზემ ცისკრის ვარსკვლავი საღამომდე გაისტუმრა. ღადო მთების ფერდობებზე აღმართული, ერთმანეთის ტალად მდგომი სალოცავებისკენ ხალხი მდინარის მდოვრე დინებასავით გაემართა. მათ წინ მაღნარი ჰქონდათ გასავლელი, რომლშიც ჭერახით მოკირწყლული დაკლაკნილი გზა მზის ჭვირივით იჭრებოდა და თამამად სერავდა, თითქოსდა ხელთუქმნელი ყოფილიყოს.

თითოეული ოჯახი, ყველა საგვარეულო სახლი მათთვის დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩეოდა; ზოგიერთი გვარი ერთ ჯგუფად მიემართებოდა, ზოგი ცალკ-ცალკე, თუმცა ჯალაბს არ სცილდებოდა, ზოგიც საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, თუ ვისთან ერთად მიუყვებოდა მსვლელობას.

ელენი და მატეა იმ ადამიანთა სირას  მიეკუთვნებოდნენ, რომლებისთვისაც მთავარი არა საგვარეულოსთან ერთად სიარული, არამედ იმ პიროვნების გვერდიგვერდ სვლა იყო, ვისთან ყოფნაც სიამოვნებას ანიჭებდა. ამიტომაც ყოველ წელიწადს ისინი დამღლელ აღმართს მდუმარებით – რადგან საუბარი განურჩევლად ყველას ეკრძალებოდა – ერთად მიუყვებოდნენ. ხელიხელჩაკიდებულები ორნახევარ ათასადლეულს  ფეხით ისე გაივლიდნენ, გასავლელი გზის სირთულის გამო არ დაიწუწუნებდნენ. სალოცავთან მიახლოებისთანავე კი საუბარს იწყებდნენ და მანამდე არ წყვეტდნენ, ვიდრე დღესასწაული არ სრულდებოდა.

მატეასა და ელენის განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ, თითქოს ერთი სულის ნაწილები ყოფილიყვნენ – ერთმანეთს ავსებდნენ, ხასიათებით დიდად არ ჰგავდნენ, თუმცა საერთო აზრები და მისწრაფებები აერთიანებდათ; ორივე გამჭრიახი და მიზანდასახული ადამიანი იყო. რაღაც ზებუნებრივი მიზიდულობა მათ შორის, რომლის ახსნა მათაც კი უჭირდათ, განსაკუთრებულ, უხილავ კვანძებს ხლართავდა და ერთმანეთთან უფრო აახლოებდა.

მედროშეებიც და სცირენოვებიც მზის ლახვამის ტაძრის სამწყსოს ეკუთვნოდნენ. ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როდესაც მედროშეებისთანა მდიდარ-დიდგვაროვნები და სცირენოვებისთანა უგვარონი, ანდა ღარიბებიც, უზენაესი ქალღმერთის ზეჰის კორცხლის  დარბაზში თავს თანასწორად გრძნობენ.

დღესასწაული ტაძარ-საყდრებში მთავარქურუმის ქადაგებით იწყება. როგორც წესი, ის ჰყვება სამყაროს შექმნისა და ზეჰის გმირობის ამბებს – როგორ შეიქმნა მზე და მნათობები, ხოლო შემდგომ მყარმიწა და კაცობრიობა. შეკრებილებს უყვება, თუ ზეჰს როგორ უღალატა ძმამ,  შემდეგ ქალღმერთმა ზეციდან როგორ გამოაძევა, დასაჯა და ქვესკნელს მიაჯაჭვა; თუ როგორ დაავალა ზეჰმა ძმას მოკვდავთა სულთათვის ზრუნვა.

ყოველივე ეს ერთ დიდი მოსაწყენ წარმოდგენას ჰგავს:
ჯერ ზეჰის ტაძარში შეკრებილ სამწყსოსთან მთავარქურუმი გამოდის, რომელსაც თეთრ, ძოწეულით დახრილულსა და ოქროცურვილით, ოქრომკედით ნაქარგ ფელონზე წითელი მაზარა ესხა. გვერდს ლეტა, ანუ მდივანი და ქვეიტაჰი – ხელქვეითი უმშვენებს. ლეტას ხაკისფერი, ხოლო ქვეიტაჰს იასამნისფერი ტალარი  აცვიათ.

ლეტას, რომლის ნამდვილი სახელი არავინ იცის, რადგან იგი სატაძრო ზედმეტსახელით აქვს შეცვლილი, სამწყსო ტრილონიად იცნობს. თვით-ეს სახელი მიტტაზეჰელი მთავარქურუმს ეკუთვნოდა. ის ცნობილი იყო ლოცვით განკურნების ნიჭით, ამიტომაც ტაძარმა იგი ქადაგად შერაცხა.
ტრილონიამ, როგორც ამას წესთაადათი მოითხოვდა, ჭილის გრაგნილი ატრეინის მიაწოდა. მთავარქურუმმა გრაგნილი გაშალა, წინ მდგომ შემაღლებულ მაგიდაზე დააფინა და ქადაგება სასიამოვნო ხმაჟღერადობით დაიწყო:

– თარეჰმა მყარმიწაზე მუბვირ-ფაქრავანი  და ,,ბნელი ხანა“ დაამკვიდრა, რომელიც ადამიანებს ძვირი დაუჯდა – მსოფლიო კიმილია არ ეყო თარეჰის მიერ კაცობრიობისთვის მოყენებული ტანჯვის ასანაზღაურებლად, ვიდრე ზეჰიმ „მზის ლაშქარი“ არ გადმოსხა და საკუთარი ძმა ქვესკნელში არ გამოამწყვდია; დედა ქალღმერთმა საკუთარი სისხლი და ხორცი სასიკვდილოდ არ გაიმეტა – უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთაებათა სიკვდილი ადამიანურ მოკვდინებას არ ჰგავს, ისინი უკვდავები არიან, მაგრამ კაცობრიობაში მათი სახელის გაქრობა მათთვის სიკვდილის ტოლფასია, – ამიტომაც უფსკრულის კუნჭულში მწველი ცეცხლოვანი მდინარის პირას, თუალეჰის ხაბოსთან კენტად აყუდებულ ღადოზე ჰაეროვანი, უჩინარი ჯაჭვით მიაბა, რომლის ახსნასაც მხოლოდ „შავი მზის“ დღესასწაულისას ახერხებს. ეს დღე მისთვის შვებაც არის და სასჯელიც. ამ დღეს ის მოვალეა მკვდარი სულები მკვდართა საუფლოში გადაიყვანოს...
–  საკუთარი ძმა სასიკვდილოდ არ გაიმეტა, – ჩაიღიმა მატეამ,  – უარესი დამართა, კაცი წლების განმავლობაში მდინარის პირას იხრუკება, – თვალი ელენისკენ გააპარა, – მე კი მდინარესთან მხოლოდ გასაგრილებლად ჩავდივარ.
ელენის გაეცინა. ცოტათი ხმამაღლა მოუვიდა, რამაც ტრილონიას ყურადღება მიიპყრო. თავადისასულმა უხერხულობა იგრძნო, გაწითლდებოდა კიდეც, რომ შესძლებოდა – ლეტას გამჭოლი მზერა, რომელშიც გაკიცხვა და საყვედური იგრძნობოდა.  ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ტრილონია ჯაშუშ-მსტოვარივით მას კითხულობდა, ტვინში უძვრებოდა და მის აზრებს განჭვრეტდა. ელენის შეაჟრჟოლა, სიცივის შეგრძნება დაეუფლა.
– ტრილონია გვიყურებს, – მატეას თავმდაბალი ღიმილით მიმართა.
– წინ ვდგავართ, ბუნებრივია, შეგვამჩნევს, – უპასუხა მეგობარმა.
– არა, ვგრძნობ... ვერ გეტყვი... ჯანდაბა... – ელენიმ შეიკურთხა.
– რა მოგივიდა? – მატეას გაკვირვებული ხმა ჰქონდა.
– არ ვიცი, – ელენი დაბნეული ჩანდა, ეტყობოდა, რომ რაღაც აწუხებდა, – ეს ქალი მაშფოთებს, მაშინებს კიდეც.
– რა საშიში ეგაა, ჩვეულებრივი ლეტაა, როგორც ყველა დანარჩენი, – გაიკვირვა მატეამ და მეგობრის დამშვიდება სცადა.
– ვერ გეტყვი, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სულში მიძვრება, – ელენიმ მატეას აღელვებით გადახედა. თავადისასულს შეწუხებული გამომეტყველება ჰქონდა.
– არა მგონია, ამ გაღძუებულ დედაბერს ეგ შეეძლოს,  – მატეამ საკუთარ სიტყვებზე თვითონვე ჩაიფხუკუნა. 
მეგობრის ნათქვამზე თავადისასულს ოდნავ გაეღიმა და მკაცრი სახე ანაზდეულად მიიღო, თითქოს არაფერი გაუგონიაო.
– გაღძუებულს ჩვენი სულები უპყრია, – თინჩი ხმით ისე თქვა, რომ ელენის ლეტასთვის თვალი არ მოუშორებია.
ელენის მღელვარება საგრძნობი გახდა.

მატეა ყოველთვის ხვდებოდა, როდის უჭირდა მეგობარს; ამის ერთ-ერთი მანიშნებელი იყო, როდესაც ელი შესამჩნევად მკაცრი გამომეტყველება და გამჭოლ მზერა ჰქონდა. მატეამ ელენის თვალებში ცქერით, რომელშიც თავადისასულის განცდები ნათლად ირეკლებოდა, მეგობრის სულში დატრიალებული მღელვარება თვითონვე იგრძნო, თითქოს გადმოედო.

მატეას სხვისი თვითგანცდების შეგრძნება არ სიამოვნებდა, ამიტომ საუბრის შეცვლა სცადა:
– ქვეიტაჰს გახედე, – თავი მთავარქურუმის მარცხნივ მდგომი ბიჭისკენ გაიქნია, რომელსაც კელაპტარი და კვერთხი – სინათლისა და ძალაუფლების თვითნიშანი – უწესრიგოდ ეჭირა, –  ყოველთვის  ნაბოლოვარი ადამიანები როგორ უნდა დანიშნონ ამ საქმის შესასრულებლად?! შეხე, შეხე, ვერც კი ართმევს თავს, – თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
– ვერ ვიტყვი რომ ნაბოლოვარი, ანდა უვიცია. ჩემთან ერთად სწავლობდა სასწავლებელში, – ელენიმ, არც თუ უსაფუძვლო, ეჭვი გამოთქვა.
– კარგი ადამიანია, პირადად ვიცნობ, ამბობენ მთავარქურუმის ძმისშვილია, მისივე ხელდასხმითაა ქვეიტაჰი, – ჩაერთო საუბარში ალექსანდრე, რომელიც მატეას გვერდით იდგა.
– ეჭვიც არ მეპარება, – მატეამ ალექსანდრეს ალმაცერად გახედა, – მაგრამ უკეთესის პოვნაც შეიძლებოდა.
– უკეთესის ვისი? – ალექსანდრემ ჩუმად, თუმცა მკაცრად მოუჭრა, – იცნობ ისეთ ადამიანს, ვინც ამ თანამდებობას დათანხმდება  და  ატრეინის ხუშტურებს აიტანს?!
– სამაგიეროდ ეგეონს ვიცნობ, თანაც კარგად და ხვადაგის მწყემსობა ზედ შეეფერება, ვიდრე ქვეიტაჰობა, – დამაჯერებელი ხმით უპასუხა მატეამ.
ალექსანდრეს უნდოდა პასუხი დაებრუნებინა, მაგრამ საუბარში ელენი ჩაერთო, უნდოდა კამათი დასაწყისშივე აღეკვეთა:
– მე მგონი ამთავრებს, – თავი მთავარქურუმისკენ გაიქნია, – მოვუსმინოთ, სადაცაა დასრულდება ის, რაც ყველამ ზეპირად ვიცით, – მატეასკენ გაიხედა და გაუღიმა.

ელენიმ ძმას მკაცრად გახედა, აგრძნობინა, რომ ჯობდა, საუბარი დაესრულებინა, თანაც თავი მრავლისმეტყველად გააქნია.
ალექსანდრეც დადუმდა. მაღალი კი იყო, მაგრამ როცა უხერხულობის დასაფარავად კისერი დაიგრძელა − თითქოსდა ტრილონიას უკეთ დასანახად −  ერთი თავით ამაღლდა.

– ...დღეს პატივს მივაგებთ გარდაცვლილებს, – განაგრძობს ატრეინი. ქვეიტაჰს ხელი გაუწოდა, ეგეონმა კვერთხი მიაწოდა. მთავარქურუმმა ის მაღლა აღმართა და მჭექარე ხმით დასძინა, – დაე, ჩვენს წინაპრებს ზეჰის მოწყალება შესწევდეს, – კვერთხი მდივანს გადააწოდა.
ლეტამ კვერთხი ჭილქაღალდზე  დიაგონალურად მოათავსა.

მთავარქურუმმა მარცხენა ხელი ქვეიტაჰს ისევ გაუწოდა. ბიჭმა კელაპტარი მიაწოდა. ატრეინიმ წინ და უკან ერთი-ორჯერ გაიქნ-გამოიქნია და სამწყსოს სათნო ხმით მიმართა:
– ვილოცოთ, რათა მათ გზას მკვდართა საუფლოსკენ ნათელი მოეფინოს...
შეკრებილებმა ხელები შეატყუპეს და ქურუმის მითითების აღსრულება განიზრახეს – თავი ჩაქინდრეს და პირჩოთნედ დაიწყეს ტუჩების ცმაცუნი, თითქოს ლოცულობენო.
– მათი ცოდვები, დაე, ნუ დაამძიმებთ მათვე; სამარადისოში მათმა სულებმა ნეკრტენივით იფარფატოს! – მთავარქურუმმა თავი ჩაქინდრა და ხმას ოდნავ დაუწია, – დაე, თუალეჰის მდინარის ხიდი მსუბუქად გადაიარონ, რათა თარეჰის ბნელ მონასპაში საუკუნოდ არ დაიმკვიდრონ ადგილი, – სამწყსოს უეცრად საყვედურის მზერით გადახედა, – ჩვენი ცოდვები თარეჰს აძლიერებს და მუბვირ-ფაქრავანისკენ მიგვიძღვის. ნათქვამია: „ავსულთა მონასპა, თარეჰის მეთაურობით, თალხისფერ დროებას მყარმიწაზე დააბრუნებს“. გავაძლიეროთ ჩვენი სულები და სიმტკიცისთვის ღმერთებს შევევედროთ!
ატრეინის ქადაგება დასრულებული არ ჰქონდა, უეცრად ტაძარი მსუბუქად შეირხა.
ელენიმ რყევა შეიგრძნო და მშობლებს გახედა; ისინი დიდ სვეტთან უდრტვინველად იდგნენ, ეტყობოდათ, რომ ვერაფერი იგრძნეს. თავადისასულმა ქურუმთალაგს გადაავლო თვალი, ტრილონია კელაპტარს გრაგნილის გვერდით დიაგონალურად ისე დებდა, რომ ლათინური  X გამოსახულიყო.
– აღსრულდეს ნება ზეჰისა, – ატრეინიმ ხელები ცად აღაპყრო და მჭექარე ხმით განაგრძო, – სულები გადასულები არიან მკვდართა საუფლოში...
მთავარქურუმმა საკუთარი სიტყვა ვერ დაასრულა. ტაძარი ამჯერად მძლავრად შექანდა; მოხარატებული სვეტები, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ტაძარს ამაყად, ბურჯად ედგა, ნელ-ნელა რყევისგან იბზარებოდა.

სამწყსო მხოლოდ მაშინღა მოეგო გონს, როდესაც მთავარქურუმმა  მიწისძვრააო დაიხაფა . ატრეინის სიტყვებს თან ტაძრის მინის ჭერხო-გუმბათის მსხვრევა მოჰყვა, რომელმაც შეკრებილებს სეტყვისმაგვარი რახით შეუტია.

თავზარდამცემი ყიჟინა გაისმა. ხალხი ერთმანეთში ჭიანჭველებივით აირია  – ყველა გასასვლელისკენ გაქანდა.
ალექსანდრემ მატეასა და ელენის ხელები მჭიდროდ ჩაჰკიდა და ადგილზე გახევდა. მატეა აღრეულ ბრბოში დედას თვალებით ეძებდა, რომელიც მოშორებით, მედროშეებთან შენიშნა.

როგორც მატეა და ელენი, ასევე მათი მშობლები, ამ აყალმაყალში, შვილების პოვნას ცდილობდნენ და ისინიც თვალებს გიჟებივით აცეცებდნენ.
ფშვნის ხმამ მთელი ტაძარი სიოს ქროლასავით მოიარა. უზარმაზარი სვეტები ისე დაიბზარა, რომ ერთ-ერთი შუაში გადატყდა – საყდრის სახურავს საყრდენი გამოეცალა. ერთ-ერთი სვეტის მოზრდილი ნაწილი ღადოს მოწყვეტილი ფერდობივით ჩამოიშალა, ხოლო სახურავიდან მინის მოზრდილი  ნამსხვრევი პირდაპირ ტაძრის შუა ნაწილისკენ გამოქანდა, სადაც მატეა, ელენი და ალექსანდრე იდგნენ. ტაძრის დაფშვნილი ძელი კირკეს, ნანასა და არჩილისაკენ გადმოიხარა და გაჭყლეტას უქადდა.

ანაზდეულად, ელენიმ ალექსანდრესგან უხეში მოძრაობით თავი გაითავისუფლა და ხელები მაღლა აღმართა. თითქოს ჰაერი აიმღვრაო, ტაძარში ჩარჩენილმა სამწყსომ მსუბუქი ბიძგი იგრძნო, მაგრამ არა მიწისძვრისა, არამედ ჰაერის უჩინარი ტალღისა; ზღვის ტალღა რომ მსუბუქად  შეგათამაშებს, ისეთი გრძნობა ჰქონდათ. ლიჯვირყოფილმა  ხალხმა ჭიანჭველებივით ქაოტური მოძრაობა შეწყვიტა.

ტაძარი აღარ ინგრეოდა, მაგრამ მიწისძვრა არ შეწყვეტილა. ყველა დარბაზის შუაწელისკენ იხედებოდა, სადაც ელენი მინის გადმოცვენილ ნამსხვრევებსა და დაშლილ სვეტებს ჯადოძალებით აკავებდა. ტაძრის ნანგრევები ჰაერში ლივლივებდა.

– ალექსანდრე! – ელენიმ გაოგნებულ ძმას მჭექარე და დაღლილი ხმით შესძახა, უნდოდა იგი გამოეფხიზლებინა.
თავადიშვილი ვერ აცნობიერებდა, თუ ელენი რას ეუბნებოდა.
ელენიმ იმედგადაწურული ხმით ძმას ისევ შესძახა:
– გაიყვანე ხალხი აქედან!

ალჯანეულელს უჭირდა ნანგრევების შეკავება. იფიქრა, დრო არ ითმენსო და მატეას თვალით ანიშნა, ალექსანდრეს დახმარებოდა.

მატეამ თავადიშვილს ხელი სტაცა და გამოფხიზლება სცადა, თუმცა ამაოდ – მოულოდნელობისგან განცვიფრებული და დამფრთხალი თავადიშვილი არ იძროდა, კუნძივით გაშეშებულიყო.

ვიდრე ელენი ნგრევას აკავებდა, მატეამ ალექსანდრეს დავალება საკუთარ თავზე აიღო და ტაძრიდან ხალხის გაყვანას შეეცადა. ის გახევებული სამწყსოსკენ შებრუნდა და რახიანი ხმით მიმართა:
– რიგში ჩადექით, თითო-თითო გადით, ნუ შიშობთ, ტაძარი არ დაინგრევა! – ისეთი ხმა ჰქონდა, რომ დაზაფრულ და ლიჯვირყოფილ ხალხში იმედს აღვივებდა. 

მატეამ ხელები  ისე, რომ არავის დაენახა, ჩუმად მოიქნია. ზეჰის ტაძრის ჭკუადაბნეული სამწყსო დამშვიდდა. მისნობის უცნაურ ძალებს დამორჩილდნენ და მშვიდი სვლით გასასვლელისკენ დაიძრნენ.

ელენიმ ჯერ იქით გაიხედა, სადაც მშობლები ეგულებოდა, მაგრამ იქ უკვე აღარავინ იყო. შემდგომ ახალგაზრდა ჯადოქარმა მზერა ქურუმთალაგს მიაპყრო, სადაც მხოლოდ ტრილონია იდგა და მხსნელს ილუმელი თვალით უცქერდა. ლეტას თვალებში გესლი და ზიზღი ერთმანეთში ირეოდა, სახეზე იქედნური ღიმილი დასთამაშებდა და გრძნეულს ავი განზრახვით უმზერდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები