ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 აპრილი, 2019


გიორგი გაბესკირიას შესახებ

ბებიაჩემის ძმის, ზეციურ საქართველოში გადანაცვლებული ქართველის - გიორგი გაბესკირიას ლექსი:

ჩარგალში

ჩარგალში ვიყავ პირველად
ფეხით მინდოდა მეარა,
ის ბილიკები ჭიუხთა,
ვაჟამ რომ შემოიარა.

მგოსნის გზა კვალი ნათელი,
ამ ბარისა და მთისაა.
აღურიცხავი განძია,
ჩვენს წინაპართა ზიარად.

ჩარგალში ვნახე ვაჟას ძე,
მივუძღვენ თბილი სალამი,
მიამბო მგოსნის ცხოვრება,
ხელში ავიღე კალამი.

მონათხრობს გულით ვუსმენდი,
არაგვის პირას მჯდომარი.

სახლ-კარი დიდის მგოსნისა,
ღვთის ნებით შემოგვრჩენია,
კლდესთან ნაგები საკანი,
მის სიდიადის მჩენია.

ვაჟას გენიამ ტრიუმფით,
მსოფლიო შემოიარა,
ტყეებს ატყვია იარად,
რაც ვაჟამ გაიზიარა.

ნაკადს მიყვება ნაკადი,
ფშავის ხევ-ხუვთა ზიარად.
რაც ვაჟას დაბადებიდან,
არაგვის წყალმა იარა,

მტკვარს ჩაეკონა მცხეთასთან,
წვეთი არ დარჩა ტიალად.

არაგვი ისევ არაგვობს,
არწყულებს ფშავის ნაგრამსა,
დილის სხივები ნათელს ჰფენს,
დიადი მგოსნის ნაკვალსა.

როს მთვარეს ცისკრის ვარსკვლავი,
ცაზე კანდელად ეახლა,
გზას გავუდექი ბარისკენ,
მეკვლედ ლექსები მესახა.

უკან მაბრუნებს ის ხიბლი,
ვაჟას რომ ადრე ეახლა.

გიორგი გაბესკირია

1976

.....................................................................................

ცნობისათვის: გიორგი გაბესკირია რამდენიმე წიგნის, მათ შორის ერთი პოეტური კრებულის ავტორია. რედაქტორობა და წინასიტყვაობა პოეტ ოთარ ურუშაძეს ეკუთვნის. გიორგი გაბესკირიამ პირველი ლექსი 1976 წელს ვაჟა-ფშაველას ჩარგალში დაწერა.

გიორგი გაბესკირია ძველ კოლხთა შთამომავალი იყო, ფსევდონიმად ,,ჯორჯ კოლხელი“ ჰქონდა აღებული. გთავაზობთ მის კიდევ ერთ ლექსს, რომელსაც ,,მამულეთი“ დაარქვა:

,,სადაც დაირწა აკვანი
ქუჯის და აიეტისა.
სადაც სიყვარულს მედეამ,
ოქროს საწმისი შესწირა.

სადაც ავიდგი ფეხი და
სად მეგობრები მელიან.
სად საარაკო ტყის პირას,
მწვანე ხასხასა ველია.

სად მირბენია ფეხშიშველს,
სად დამატყვევა ფერიამ.
ეს ჩემი კოლხთა სავანე,
ეს ჩემი მამულეთია.

აქ ცოტნეს სულის სალხენად,
ნოქალაქევის ბჭენია.
სადაც ეგრისის ვაჟკაცებს
დუშმანი დაულეწიათ.

სადაც სევდიან სიმღერებს,
ისლის ფაცხებთან მღერიან“.

გიორგი გაბესკირია პირადად იცნობდა და პატივს სცემდა პირველ პრეზიდენტს - ზვიად გამსახურდიას, იცნობდა ასევე პოეტ მურმან ლებანიძეს, იუმორისტ ქართლოს კასრაძეს, კინორეჟისორ კარლო ღლონტს და სხვა მამულიშვილებს.

გაბესკირიების გვარმა გიორგი გაბესკირიას ჩათვლით, არაერთი მამულიშვილი აღუზარდა საქართველოს, მათ შორის კინორეჟისორი გიზო გაბესკირია (გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად ,,დათა თუთაშხია“ გადაიღო) და სოხუმის მერი გურამ გაბესკირია, რომელიც ჟიული შარტავასთან, მამია ალასანიასთან და გენო ადამიასთან ერთად დახვრიტეს სეპარატისტებმა - 1993 წლის 27 სექტემბერს. გურამ გაბესკირიას ჟიული შარტავასთან, ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან და კიდევ რამდენიმე მამულიშვილთან ერთად ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული!

გიორგი გაბესკირიას ბიძაშვილი, რომელსაც ასევე გიორგი ერქვა, ჯაზ-ორკესტრის ხელმძღვანელი იყო, გიორგი გაბესკირიას ჯაზ-ორკესტრში სულიკო კოროშინაძეც მღეროდა.

დაბოლოს:

წერილი ზეციურ საქართველოს

შენთან დიდი ქართველები არიან,
სევდიანად შრიალებენ ვერხვები,
გულში წვიმს და სულშიც ნაწვიმარია,
უფლის ნებით მოვალ, - გადაგეხვევი.

შენთან დიდი ქართველები არიან,
ნაღვლიანად შრიალებენ ვერხვები,
სხვამ რა იცის რა მწყინს, რა მიხარია,
გავიხარებ, - როცა გადაგეხვევი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები