ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2019


რექვიემი ორისთვის (ნინა ნეკერას და ანა ლაშხელს)

არ დაბერდება დრო და ისევ
ხვალეც თენდება,
და ქარში წასვლა არ გვგონია ახლა მთავარი...
ჩვენ შევასრულეთ, გედებივით,
ბოლო სიმღერა -
დილით წავედით და ვიმღერეთ დილის საარი.
არ დავბერდებით...
დაბერება რა სათქმელია,
დროს რა ჩაატევს ჩარჩოში და ვინ ადებს ბორკილს,
სიკვდილი ჩვენით ახლა მართლა არაფერია,
იანვარი კი უთეთრესი ფიფქებით მოდის...
მოდის, რომ მიწას მიტევებად ეწვიოს თოვლი,
მოვყვებით ფიფქებს,
დავასრულეთ დილის საარი...
კარს ნუ დახურავ, ნუ გახდები ცივი და შორი,
წასვლა ნამდვილად არ გვგონია ახლა მთავარი...
ჩვენ, გედებივით, შევასრულეთ ბოლო სიმღერა,
ხელი ფრთებივით დავუქნიეთ ლურჯ დედამიწას...
უჩვენოდ არა, ჩვენთან ერთად ისევ თენდება,
და დრო რომ მოვა,
იმ ნაპირზეც ჩვენ გადაგიყვანთ...
რა დაგვაბერებს,
მზეს სხივებად შემოვემატეთ,
და ქარში წასვლა არ გვგონია ახლა მთავარი,
მერე რა, თუკი შუადღისით შემოგვიღამდა...
დილით წავედით და ვიმღერეთ დილის საარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები