ნაწარმოებები



ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2019


მკაცრი ნიღაბი

რისთვის გვიმალავ ჭეშმარიტ სახეს
გარდაცვლილ სულთა უცხო ღვთაებავ,
ო, რა მკაცრია შენი ნიღაბი,
ამ ნიღაბს იქით რა იმალება . . .

ქვეყნად სიცოცხლის ვცანით სასმელი,
ვიცით სიტკბო და სიმწარე მისი
და არვინ შემხვდა შენი მნახველი,
შენი საუფლო არავინ იცის;

იქნებ ამ მკაცრი ნიღაბის მიღმა
მშვიდი, სათუთი სუფევს სამყარო,
და შეუვალი, პირქუში სახით
კეთილი გული გსურს რომ დაფარო.

როგორც სიცოცხლის ჭრელი ხატება,
თითქოს სინაზით, სიკეთით სავსე,
მაგრამ ამ ლამაზ ხატების მიღმა
საწუთრო შხამს და სამსალას გვასმევს.

რისთვის გვიმალავ ჭეშმარიტ სახეს,
ძრწოლისმომგვრელი რად გაქვს იერი,
ყველა ცოცხალს ხომ შენ აძლევ საზრდოს,
შენით ზეიმობს მზე - სახიერი.

ო, რა მკაცრია შენი ნიღაბი
ამ ნიღაბს იქით რას ვპოვებთ ნეტავ?
ვერვინ გასცდება ამ გზათა სამანს,
მის გადაკვეთას ვერავინ ბედავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები