ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
9 აპრილი, 2019


შენთვის უსვრია ავრორას თუ კაია, ანუ როგორ ვიშოვნე სამუშაო და არა მარტო...

დასავლეთიდან ჩამოვედი. ევროპის კი არა, საქართველოს. როცა სოფლად სამუშაო დაილია (თუმცა სამუშაოს სოფელში რა დალევს, მაგრამ საქმე ის არის ანაზღაურებას არ იძლევიან), ელიავას ბირჟას მივაკითხე.  ვიცი ყველა ხელობა: შტუკატურკა, შპაკლი, გაჯი, კაფელი, პარკეტი, ციკლოვკა, სტიაჟკა, ელექტრობა... აქ საიდუმლო რაშია, ჩერდება მანქანა, ე. ი. სამუშაო აქვთ. მირბიხარ პირველი, იღებ შეკვეთას რომელიმე სამუშაოზე, მნიშვნელობა არ აქვს  რომელზე - ადამიანს ყველაფერი შეუძლია. მერე ეძებ ნაპარნიკს, რომელმაც შენზე უკეთ თუ არა, ცუდად არ იცის შესაბამისი საქმე. მიდიხართ, მუშაობთ  ერთად  და თანხას შუაზე იყოფთ.  მორჩა, გამდიდრებით თუ არ გამდიდრდები, ახალ შეკვეთამდე მაინც უნდა იმყოფინო ის თანხა...
ასე ვმუშაობდი, სანამ ნოემბრის ერთი ცრემლიან-წვიმიანი დღის შემდეგ ცოტა ხანში მუდმივი სამუშაო არ ვიშოვნე... 
მანამდე კი შვიდ ნოემბერს,  ავრორას სროლის დღეს (ეს ავრორა სკოლიდან მახსოვს -  გელოდი  მასწავლებელი  ისე გვიყვებოდა  მის ამბებს თითქოს  თვითონ ყოფილიყოს  იმ კრეისერზე, ამ სროლით  დაიწყო ზამთრის სასახლის შტურმიო და რევოლუცია, რომელმაც  მსოფლიოც შეაზანზარა და ჩვენც  დაგვღუპაო), თითქმის მთელი ბირჟა უკეთესი მომავლის და სამუშაოს იმედით მთავრობის სახლთან თუ პარლამენტთან (თუ ორივეს ერთი სახლი აქვთ) ვიდექით. იქ ჯერ ცივი  წყლის ჭავლი რომ მოგვიშვირეს, იმას გადავრჩი  (ახალი ნაბანავები ვიყავი და ავერიდე), მაგრამ რეზინის ჯოხსა და ტყვიებს  და ცრემლსადენ გაზს ვერ გავექეცი. გავექეცი კი არადა გაზური შეტევის წინა ხაზზეც კი მოვხვდი, თუმცა იქ ყველგან წინა ხაზი იყო. მანამდე კაი გვარიანად მირტყეს ზურგში. ბარათაშვილის ხიდამდე კი გავუძელი თან გუნებაში ლექსს ვიმეორებდი: ,,უკან მომჩხავის, ავბედითი, შავი ზონდერი..."  მერე ბოლსა და უბედურებაში ბირჟის ბიჭებიც დამეკარგნენ სადღაც. წამიერად მოვიგუდე თითქოს, სუნთქვა მინდოდა და არ შემეძლო და შევატყვე გონებას ვკარგავდი, სასწრაფოები კი ხალხის მიხედვას ვერ აუდიოდნენ, იქვე სანაპიროზე ჩავუხვიე და შუქნიშნის წითელ ფერზე თუ პრობკაში გაჩერებულ ტაქსში ჩავჯექი.  მძღოლმა იმის მაგივრად რომ ეკითხა სად მიდიხარო, მკითხა, ოჯახში ხო ყველა კარგად ხართ,  რა გატირებსო. მგონი მოვიწამლე-მეთქი. თვალებიც ალბათ ამიტომ  გაქვს ცრემლიანი და წითელიო? ალბათ-მეთქი. მეც არ მომწამლოო და ფანჯარა გააღო, თუმცა წვიმდა და საკმაოდ ციოდა.  მივდივართ, თან მეკითხება,  რას შვებიენ ჩვენებიო? ვინ ჩვენები-მეთქი.  შენ ვისკენ ხარ მითხარი და გეტყვი ვინ არიენ ჩვენებიო.  მე  უბრალო ხალხისკენ ვარ-მეთქი.  უბრალო ვარ მეც, ხოდა რას შვებიენ, ჩვენებიო. მე ის გამახსენდა,  ბავშვობაში სოფლის  კლუბში ,,გიორგი სააკაძე” გადიოდა და მთვრალი მეზობელი  შემოვიდა და ომი რომ დაინახა, ჩვენები რომელიაო იკითხა.  ჩვენი საქმე სამართლიანია, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება-მეთქი. აგაშენა ღმერთმაო.  გზაში ვაკვირდებოდი და თანდათან მასაც ჩემსავით აუწითლდა თვალები და ცრემლიც წამოუვიდა. ცოტა  რომ გავიარეთ ატირებული მეუბნება,  თუ ძმა ხარ, გამარჯვება კი ჩვენ დაგვრჩება, მაგრამ მანამდე თუ მოვიწამლე, რად მინდა ასეთი გამარჯვება, ის მოწამლული კაფსულა ჯიბეში ხომ არ გიდევსო.  არა-მეთქი. არ მინდა არც შენი ფული და არც არაფერი, ოღონდ ახლა სხვა რამეს წაყევიო. ეტყობა ჩათვალა, მე ვიყავი უკვე მომწამვლელი კაფსულა და ჩემი თავიდან მოცილება გადაწყვიტა. ბინამდე ვიყავი უკვე თითქმის მისული და წინააღმდეგობა არ გამიწევია, მაინც დიდი მადლობა უნდა მეთქვა მგზავრობის საფასურად და გამიხარდა კიდეც, თვითონ რომ მითხრა შენი არაფერი მინდაო.
სანამ სახლში ავიდოდი, ცრემლები კი გამიჩერდა (გათავდა ალბათ), მაგრამ ახლა თავის ტკივილი  დამეწყო. წესით თავი არა, ზურგი უნდა მტკენოდა, იმიტომ რომ ზურგში მომხვდა რამდენჯერმე საკმაოდ მწარედ რეზინის კეტი და ტყვია. ჩავთვალე რომ მოწამლული ვიყავი  და ჯერ მარკეტ „მაკაში” გამყიდველ მაკასთან გავიარე. მაკას  იმ კორპუსის ქვეშ აქვს მაღაზია სადაც ვცხოვრობ. აქ ბინა რომ  ვიქირავე, მესამე დღეს შევედი ამ მარკეტში და ვინანე, აქამდე სად ვიყავი-მეთქი. თავიდან რომ დავინახე, გულმა ისეთი ბრახუნი ატეხა, თითქოს მეკითხებოდა, სახლში თუ ხარო, მე კი პასუხის მაგივრად გაშტერებადამართებული ვიდექი.  ისევ მაკამ მოიფიქრა და  რა გნებავდათო. აქამდე ვიცოდი რა მნებავდა, მაგრამ ახლა თქვენ რომ დაგინახეთ დამავიწყდა და ცოტა ხანს ვიდგები აგერ გიყურებთ, იქნებ გავიხსენო-მეთქი.  გაიცინა. იმის მერე დღეში მინიმუმ სამჯერ  ვნახულობდი მაკას. რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, მაკას რომ დავინახავ სიცოცხლე მიხარია, ცა და ქვეყანა ჩემი მგონია. მაკაც მგონი ცუდი თვალით არ მიყურებს, ბიჭები მყავდა ნისიადაც კი გამატანა ერთხელ  ლუდი და რაღაცეები. ახლა კი ყიდვით არაფერი მინდოდა, მაგრამ ვნახავ, იქნებ ტკივილებმა გადამიაროს-მეთქი და იმიტომ შევედი. მაკა  პატარა ტელევიზორში  იმას უყურებდა, რაც მე ჩემი თვალით ვნახე და ზურგთ ვიწვნიე, თან მეუბნება,  ნახე რა ხდება, ხალხი როგორ ცემეს, ატირეს და დაწამლესო? მე ვუთხარი ვნახე კი არადა გამოვცადე კიდეც-მეთქი. შე საწყალო, ალბათ იმიტომ გაქვს თვალები წითელიო. ეჰ, შენ ზურგი უნდა ნახო, როგორი წითელი მაქვს-მეთქი. მაკას ჩემი წითელი  ზურგის ნახვისთვის ძალიან არ გამოუდვია თავი, მჯერაო.  მოწამლვაზე კი რძე და კვერცხია კარგი, შხამებს გამოდევნის. „დედოფალი მარგო” ხო გაქვს წაკითხული, მოწამლულ კარლოს მეცხრეს ძიძა ზუსტად ასე მკურნალობდაო. ვიფიქრე, ვკითხავ ეს კარლოს მეცხრე რომელ მიტინგზე მოწამლეს-მეთქი მაგრამ გადავიფიქრე. ისღა ვკითხე, კიდე ნისიად მატან-მეთქი? ხო, გენდობიო. რა კარგი გოგო ხარ მაკა, თუ რამე დაგჭირდა შენს გვერდით მიგულე-მეთქი. კარგიო, გაუხარდა თითქოს. ხო, მობილზე დამირეკე მაშინ თუ რამე-მეთქი. ნომერი იცოდა უკვე, ამას წინათ მეუბნება, შენი მობილური მათხოვე, სიმღერები გექნება კარგი და გადამაწერინეო. მაშინ მობილურის ამოღება შემრცხვა, სულ პირველი თაობაა, ასე ათი წლის წინ რომ მარიაჟობდნენ  და ახლა კი გამოჩენა სცხვენიათ. ვუთხარი, მაკა სიმღერები არ მაქვს ჩაწერილი და თუ გინდ რამე სიმღერას მე თვითონ გიმღერებ-მეთქი, მაგრამ არა, აქ უხერხულიაო. ის აღარ მითხრა, კლიენტები დაფრთხებაო, მაგრამ გაფიქრებით რომ გაიფიქრა ეს აშკარაა. მაშინ სიმღერები არა, მაგრამ ნომერი კი ჩავაწერინე ჩემი. ახლა კი მაკამ დიდი მონდომებით დაამატა ნისიების სიას ჩემი სახელის გასწვრივ  ერთი პაკეტი რძე და სამი კვერცხის საფასური. ორი რამ მიკვირს ამ მაკასი: ერთი, როგორ მენდობა ამ ნისიას და  მეორე  კიდე ის, რომ კი ბატონო, მენდობა, მაგრამ ერთხელაც მანქანამ რომ დამარტყას გზაზე ან დენმა დროებით სამუშაოზე, ვინ გადაუხდის ამ ნისიას? დავემშვიდობე და ბინაში ასულმა თვითმკურნალობას მივყავი ხელი. ერთი პაკეტი რძე რომ გამოვცალე  და სამი უმი კვერცხი მივაყოლე,  თავის ტკივილმა ცოტათი მიკლო  და მეზობლის მიერ გადასაგდებად გამოტანილი და ჩემს მიერ ნაქირავებ ბინაში შემოტანილი შავ-თეთრი ტელევიზორი ჩავრთე, სადაც ჯანმრთელობის მინისტრი გამოდიოდა, ეს კარგად აპრობირებული და დასავლეთის ქვეყნებში ბევრჯერ გამოყენებული  ცრემლსადენი გაზია და ისე გამოდის ორგანიზმიდან, არავითარ უარყოფით ჩვენებას არ ტოვებსო და მგონი ისიც დაამატა, სასარგებლოც კია, იმიტომ რომ ცრემლები გულს შვებას ანიჭებს და თვალებს ასუფთავებსო.
ამის  შემდეგ ისღა დამრჩენოდა, დამეძინა, იმ იმედით რომ თუმცა ზურგი და თავი კი მტკიოდა, მაგრამ ხვალ მაინც გავიღვიძებდი.
ღამით რამდენიმე სიზმარი ვნახე. საერთოდ სიზმრებს იშვიათად ვნახულობ. იმ დღეს რა იყო არ ვიცი. მრავალსერიანი ვერ ვიტყვი, მაგრამ სამსერიანი სიზმარი კი გამოვიდა. პირველად შევარდნაძე დამესიზმრა... ტიროდა. რა გატირებს-მეთქი ჩვენი დრო სულ სხვა იყო, ჩვენ ყველაფერში თანმიმდევრულები ვიყავით, ჩვენ ჯერ ვურტყამდით ხალხს, მერე ვატირებდითო. ამ ხელისუფლებამ  ყველაფერი თავდაყირა დააყენა,  ჯერ ატირეს ხალხი, მერე ურტყესო...
მერე შევარდნაძე წავიდა და ახლა ბუში მოდის ვხედავ კინტაურის ცეკვით როკ-ენ-როლის სტილში, თან ქართულად მებაზრება, წამო ლუდზე გეპატიჟებიო, მეთქი სად ბანაობ ბიჭო, სად  მეპატიჟები,  დღეს სტუმარი ხარ შენ ჩემი-მეთქი. სტუმარი კი არა ისა არ გინდაო, სტუმარი შენ ხარ პირიქითო, საქართველო მე ვიყიდეო,  თუმცა ძვირი დამიჯდა და რამდენად გავყიდი აზრზე არ ვარო, მეშინია წაგება არ ვნახოო.  თუ გინდა გეპატიჟები ლუდზე,  თუ არადა კარგად იყავი, გადაგყვები ახლა ზედო. მეთქი გაუქანე ახლა ამას ერთი და გლიჯე, მაგრამ რა ვიცი, ჩემი ფიქრი გამოიცნეს თუ რა იყო, სამი მუტრუკი (ერთი შავი,  გაგებით არა, ფერით - სადღაც წავიკითხე ზანგის თქმა რომ უკულტურობაა, ანუ შავკანიანები იყვენ) ამესვეტა  წინ.  ერთმა ხელები ამომიტრიალა, მეორემ ხელბორკილი დამადო, თავი დაბლა დამაწევინა და ზუსტად ისე,  ვიდეო-პატრულში რომ აჩვენებენ, საპატრულო მანქანაში რო სვამენ დამნაშავეებს თუ დანაშაულში ეჭვმიტანილებს, მეც რაღაც შავ მანქანაში  ჩამსვეს...
მიდის მანქანა და ვფიქრობ ჩამაყუდეს და ისაა, პერედაჩებს ვინ მომიტანს,  ნეტა მაკა მომიტანს?  არა, უარს ვეტყვი. ვთხოვ რომ არ მოიტანოს. ერთხელ ახლობელთან მიმქონდა და იქ ისეთი ამბები დამხვდა, დედა შვილს ვერ აიყვანდა ხელში, ამიტომ ვერც დედაჩემს ვეტყვი... არა, ისევ ძმაკაცები თუ მომიტანენ რამეს.... 
ამ ფიქრში ვარ და ჩადი მანქანიდანო, ქართულად მეუბნებიან და ხელბორკილებიც ამხსნეს.. 
გამიხარდა, თავისუფალი ვარ, არის რამე ამ ქვეყანაზე თავისუფლებაზე კარგი? რავი ახლა, ამ წუთში ვფიქრობ არაფერი. ანეკდოტი გამახსენდა ერთი აჯიკაზე,  აი  ჭიჭიკია რომ მარტოა შვიდი წელი  კუნძულზე და ლამაზი ქალი ამოდის წყლიდან,  რა გინდა ჭიჭიკიაო  და იმან აჯიკაო...   
გადმოვდივარ გახარებული მანქანიდან და სადაა მანქანა? გაქრა უცებ და უდაბნოში ვარ... ყვითელი ქვიშაა ირგვლივ და სხვა არაფერი და საშინლად მწყურია.  ჯერ  მივდივარ, მერე ძალა გამომელი და ცხელ ქვიშაზე  მივფრორთხავ და ოაზისს ვხედავ, ახალი ქართული დროშით. ჩვენთან ბირჟასთან კაფე-რესტორანია, სახელად „ოაზისი”, იქედან ვიცი ოაზისი რაც არის. მიხარია, ბოლო ძალებს ვიკრეფ,  ვუახლოვდები  და თურმე მირაჟი...  უცებ მიშა, სააკაშვილი... მე კი მწყურია,  პირი მიშრება...
მიშა, ვეუბნები, წყურვილით ვიღუპები, გახსოვს  შვიდ იანვარს ცივი წყლით  რომ დაგვასველე მიდი რა კიდე-მეთქი, ან  ერთი შადრევანი მაინც გააკეთე რა-მეთქი და არაო, ესო ხალხის მოსყიდვაში ჩამეთვლება, მე ახლა უბრალო პრეზიდენტობის კანდიდატი ვარო... ეჰ, ბედი არ გინდა, მე რომ შადრევანი დამჭირდა, მაშინ არ ხარ პრეზიდენტი-მეთქი და გამეღვიძა...
ავდექი., გარეთ ღამეა ისევ და წვიმს. მწყურია და თან თავი მტკივი, წრიულად,  თითქოს ცეცხლი რკალი შეიკრაო თავის ირგვლივ. მკრეხელურმა ფიქრებმაც კი გამიელვა - სარკეშიც  კი ჩავიხედე, შარავანდედი ხო არ მადგას-მეთქი. არა -  გამოდის, მოწამლული ვარ ისევ... არ მიშველა ეტყობა რძემ და კვერცხებმა... არც მქონდა მეტი და წყალი ვსვი ბევრი... თან სიზმარზე ვფიქრობ,  რად მინდოდა ეს სამი კაცი, არ ჯობდა ერთი ქალი დამსიზმრებოდა,  პამელა ანდერსონი მაგალითად  და მაკა გამახსენდა უცებ და შემრცხვა... ნეტა არ  გაიგოს!  რა კაი გოგოა მაკა...  დავწექი ისევ და მაკა წარმოვიდგინე, თითქოს მობილურის მაგივრად მე ვუმღერი, ის კი მიღიმის  და მიკლო თავის ტკივილმა და ჩამეძინა და ახალი სიზმარი ვნახე, თითქოს მაკას მობილური ვარ და მთელი ღამე „რა ვქნა რომ ბედი არ მწყალობს”... ვმღერივარ. დიდად არც ეს სიზმარი დამვასებია, მაგრამ ისე ვიყავი დაღლილი, შემეზარა გაღვიძება... 
გავიღვიძე დილას, რა  კაია,  გამოდის არ მოვკვდი. ვფიქრობ ეს ახალი სიზმარი რაღას ნიშნავს. ჩემს პირდაპირ იეზდი მანანა ცხოვრობს, ამას წინათ ბიჭები რომ მესტუმრნენ მესტუმრენენ,  სამი საინი ვეთხოვე. მაშინ მითხრა, კაი ბიჭი ჩანხარ, არ გინდ გიმკითხაო, არა სამი საინი მინდა-მეთქი.  ახლაც შევედი და რა, კიდე სამი საინი გინდაო, მეკითხება. არა  ახლა სხვა საქმეზე ვარ, მკითხაობა ხო იცი, იქნებ სიზმარიც ამიხსნა-მეთქი,.  ის კი მეუბნება,  მეზობელო-ჯან, კაი ბიჭი ჩანხარ, ცოლი რატომ არ მოგყავს, რამე ხომ არ გჭირსო.  არაფერი მჭირს, არა მგონი უფულობა მჭირს-მეთქი, ეჰ, ცოლს ფული რად უნდა, ცოლს ალერსი უნდა. აბა რა სიზმარი ნახე მომიყევიო. ვუყვები, ვნახე თითქოს მობილური ტელეფონი ვარ.  რას უნდა ნიშნავდეს-მეთქი. ვაი, ვიბროზვანოკზე ხომ არ იყავო?  არა, „ოტელ-კალიფორნიას” ვმღეროდი-მეთქი.  რას გადარჩი, აი ზინას არტურას დაესიზმრა, თითქოს მობილური ტელეფონია, ვიბროზვანოკით და აღარ უდგებაო. ცოტა უხერხული კითხვა კი არის, მაგრა შენ საიდან იცი, რომ ესა და ისა-თქო...  მე არა, ზინამ იცისო... მოკლედ გადარჩიო.  ერთ უბედურებას კი გადავრჩი მაგრამ, თავის ტკივილები მქონდა კიდევ ერთი კვირა...  ერთი კვირა დამქონდა რძე და კვერცხი მაკასგან, ხან ნისიად, ხან სამუშაო გამოჩნდა  და ნაღდი ფულით...
ერთი კვირის მერე გამიარა თავის ტკივილებმა, მაგრამ მთლად არა... გამიხსენებს ისევ, ოღონდ სულ არა,  ეპიზოდურად...  აი მაგალითად ახრჩოლებულ ნაგვის ბუნკერთან თუ გავიარე,  ან კიდევ მანქანა თუ გამოივლის  და ბოლავს ბუხარივით, ან კიდევ ბიჭები ბირჟაზე სიცივის გამო პაკრიშკას თუ წაუკიდებენ ცეცხლს...
ათი დღის თავზე ერთი ჩაქუჩაა იქ ჩვენთან, კაი  ბიჭი,  უღალატო, კაცური გვერდით დადგომა  იცის ყველა ამბავში.  ისე რიჟაა, მაგრამ გული აქვს ოქროს. რიჟა ფერიც ხო გავს ოქროსფერს. რომ ამბობენ, რიჟები თარსები არიანო და რამე.  სულაც არ არის მართალი.  პირველი ის თუ დავინახე,  სულ მიმართლებს იმ დღეს, ტოტალიზატორშიც კი მოვიგე ერთხელ ჩვიდმეტი ლარი, ის კი არა ახალ წელს სოფელში ვიქნები, თორემ მეკვლედაც დავპატიჟებდი. ჰოდა ჩაქუჩას დაბადების  დღე ქონდა. გიამ (გია ჩემი სოფლელია, ოღონდ ის ახლა თბილისში ცხოვრობს. ომი რომ იყო და უბედურება, რო გარბოდა ხალხი ქალაქიდან, ის მაშინ ჩამოვიდა. ბინები იყო მაშინ იაფი  თბილისში, ორი მეწველი ძროხა გაყიდა და ბინა იყიდა ერთოთახაინი გლდანში), იკისრე რამე აქვე მინდორში, თათარიახნადო, ყოველდღე კი არ გაქვს დაბადების დღეო.  ჩაქუჩამაც მოიტანა რაღაცეები: ერთჯერადი თეფშები და ჭიქები, ცივი სადილი (ბანკით),  თონის ცხელი პურები, ზეიკიძის კალბასი, ნიკორას გარციცა, მჟავე წიწაკა,  ყველი ორნაირი (დასავლეთის - იმერული, აღმოსავლეთის - გუდის. ბიჭები ზოგი აღმოსავლეთიდან არიენ, ზოგიც - ჩემსავით დასვლეთიდან)  და სასმელი. ღვინოს რა დალევს ამ სიცივეშიო და ქარხნული არაყიც მოიტანა რაღაც, მაგრამ გახსნეს თუ არა დამეწყო თავის ტკივილი.  ბიჭებო, არ მომწონს რაღაც ეს არაყი, მგონი ვიწამლებით-მეთქი, -  ვთქვი. ერთი აბრეზა გვყავს (სად აბრეზა და სად ხელოსნობა, მაგრამ გვყავს), ეს  კიდე მიტინგზეაო...  რეკავს ამ დროს ტელეფონი და მაკაა, ახლოს თუ ხარ სადმე, მოდი რა, კარს ვერ ვკეტავ, მოძვრა რაღაც, დამეხმარეო. ახლოს ვარ, ერთ ნაბიჯში, ახლავე მოვალ-მეთქი. გიას ტაქსის ფული გამოვართვი  და გავვარდი, ვერც მოვასწარი უბილარის სადღეგრძელო ისე (ლიმონათის მოსატანა იყო წასული, გიამ უთხრა, რაღაც წამალს ვსვამ და არაყს ვერ დავლევ და ლიმონათი მაინც მოიტანეო)... წამოვედი თუ არა, გადამიარა თავის ტკივილმა, მაგრამ მაკამ დამირეკა და არც მახსოვს უკვე არაფერი...
მოვედი მაკასთან, ტაქსი ცოტა მოშორებით გავაჩერებინე, ხო ვუთხარი ერთ  ნაბიჯში ვარ-მეთქი. ანჯამა იყო მომძვრალი რკინის გარეთა კარის,  კუთხოეები ერთმანეთში  ვერ ჯდებოდა, რას დაკეტავდა.  ავედი ბინაში, ჩამოვიტანე ლურსმანი და ჩაქუჩი და შევაკეთე კარი... დავკეტეთ. დიდი მადლობაო,  მაკამ, შენი მევალე ვარ, რით გადაგიხადოო, ისე მითხრა ვითომ ნახევარი რვეული  სავსე არ ქონოდა ჩემი ნისიებით...  თეატრში წავიდეთ-მეთქი. კარგიო. ადრე ვკითხე, რომ დაგპატიჟო სადმე შეიძლება-მეთქი  და სად მაქვს დრო, ისე თეატრი მიყვარს ძალიანო. მე არ მიყვარს თეატრი, ტყვილად გაცდენილი დრო მგონია, სულ თეატრი არ არის ჩვენი ცხოვრება? ბარემ წავიდეთ-მეთქი და  ახლა გვიანია, დაკეტილი იქნებაო, გაიცინა  და  იქეთ კვირისთვის შევთანხმდით.
ამასობაში კი გავიდა ორი საათი, ერთი პირობა გადავწყვიტე, მივბრუნდები ბიჭებთან, ციოდა, მომიხდებოდა ახლა არაყი-მეთქი და მირეკავს გია, სა ხარო... როგორ სა ვარ,  სახლში ვარ-მეთქი, ბიჭები დაიწამლნენ, საავადმყოფოში ვარ და სისხლია სასწრაფოდ საჭიროო... რომელი ჯგუფი გაქვსო... არ ვიცი, მაგრამ რომელიმე ხო იქნება,  ვინმეს როგორ არ გამოადგება მეთქი და გავვარდი, ვაჩერებ ტაქსს. ისევ ის ტაქსი, მაშინ მიტინგიდან რომ წამომიყვანა. როგორ ხარ, ცოცხალი ხარო, იმ დღეს რას მერჩოდი რომ მწამლავდიო. ძმაკაცები დამეწამლნენ, თუ ძმა ხარ, მიხაილოვამდე მიმიყვანე, სისხლია საჭირო-მეთქი. მოკლედ შენ კაცი ხარ თუ მოწამლვის კერა, ვერ გავიგეო, კაი წამოდიო.... ჩავჯექი მანქანში, ამტკივდა თავი უცებ, ისევ ისე  - წრიულად. სახლში საჭმელი ხომ არ მიგაქვს რამე-მეთქი, ვეკითხები... კიო, კალბასი ვიყიდე აგერ, ჩემს ცოლს და ბავშვებს  უყვარსო, გადააგდე თუ კაცი ხარ, მოწამლულია-მეთქი, ვეუბნები... ისე შემომხედა, აშკარად შეეტყო გიჟი ვგონივარ... კაიო, დამეთანხმა, ზუსტად ისე, გიჟებს რომ ეთანხმებიან... მივხვდი, არ მიჯერებდა, თუ ძმა ხარ გამიგონე, არ ჭამოთ მაგი კალბასი, ეტყობა ვადაა აქვს გასული-მეთქი... მივედით ამასობაში და არ გინდა არაფერიო, არც მქონდა არაფერი...  სისხლი მქონდა მხოლოდ. აბრეზას გამოადგა, დავნათესავდით თითქმის, იმდენი გადაუსხეს...  გადარჩნენ ბიჭები, ზოგი ვისი, ზოგი ვისი სისხლით... გაწერით არ გაწერეს მაინც არც ერთი.  ექიმმა უნდა დარჩნენო რამდენიმე დღესო... რეაბილიტაციაა საჭიროო, ვიყიდოთ მერე ეს რეაბილიტაცია-მეთქი  და ეს არ იყიდებაო.  რავი, მეგონა საქართველოში ყველაფერი იყიდებოდა-მეთქი...
გამოვდივართ მე და გია გარეთ და მოდის ამ დროს ისევ ის ტაქსი... გადმოდის მძღოლი,  მოდის ჩემსკენ, გადამეხვია, მეთქი რა უნდა? მართლა მოწამლული ყოფილა ის კალბასიო,  ხელები უნდა დაგიკოცნო (ხელები რა შუაში იყო, მაგრამ კიდევ კარგი სხვა რამის დაკოცნა არ მოიწადინა) და რა მოხდა მეთქი, ის კალბასი სახლში ასვლამდე  ცოტა მაწანწალა ძაღლს მოვუტეხე და მოკლაო.  უნდა დაგეჯერებინა, ძაღლი რა ცოდო არ იყო-მეთქი?  ამას ვჩივივარ, ცოლ-შვილი გადამირჩაო, წავედით ახლა რესტორანშიო, ვერ წამოვალ-მეთქი. გაგიჟდა  გია,  კაცი გულით გეპატიჟება, უარს რატომ ეუბნებიო. მეთქი ძაღლი მეცოდება. ცოლ-შვილ გადარჩენილმა კაცმა, მაშინ სად წაგიყვანოთ, მითხარითო. ვუთხარი, გია წაიყვანე გლდანში, მე ფეხით წავალ-მეთქი და წავიდნენ..
მეორე დღეს ყველა ისე მესალმებოდა, როგორც რომელიმე დიდ ქიმიკოსს, აი მენდელეევს, რომ ესალმებოდნენ ალბათ თავის დროზე, ძილში თუ ნამძინარევზე ტაბულა რომ აღმოაჩინა, თორემ ახლა ვის უნდა ქიმია. ამ გიას ხო ვერ გააჩერებ, მთელმა ბირჟამ იცოდა ჩემი ამბავი.  პურს არ ტეხავდნენ სამი დღე უჩემოდ... მეოთხე  დღეა, ვდგავართ ბირჟაზე,  მანქანა ჩერდება. ჯიპია შავი, სიზმარში რომ ვნახე ზუსტად ისეთი.  არ მომეწონა რაღაც. მივიდნენ ბიჭები, სამუშაო გონიათ,  ფანჯრიდან ეუბნებიან რაღაცას და ბიჭები  ჩემსკენ იხედებიან.  გადმოდის ორი მუტრუკი, შავკანიანი არა, თეთრები,  ესა და ეს ხარო? კი-მეთქი, ხომ არ დავმალავდი?!  უკაცრავად, საქმე გვაქვს შენთან, უნდა წამოგვყვეო. საიდან ამდენი ზრდილობა ამ მუტრუკებს. მესამე, შავი, ალბათ მანქანაში მელოდება, - ვფიქრობ.  ამათ ჩემი სიზმარი ხომ არ ნახეს, ან სიზმრის გულისთვის ხომ არ მიჭერენ, სიზმარი ვერ გინახავს კაცს. მოკლედ ამერია თავში ყველაფერი. შემატყვეს ყოყმანი და ნუ გეშინია, კაი საქმეზე ვართო. რისი უნდა მეშინოდეს წავიდეთ-მეთქი.  მართლა შეგიძლია მოწამლული  პროდუქტის ამოცნობაო, მეკითხებინ მანქანში რომ დავჯექით - ხო, ის მესამე მართლა შავი იყო და ქართული იცოდა.  კი-მეთქი. მაშინ ცდა ჩავატაროთ, თუ მართლა ასეა,  შენ ბედს ძაღლი არ დაყეფს, მაგარი სამუშაო გეჩითებაო. წამიყვანეს, რაღაც ლაბორატორია იყო.  დადგამენ ჩემს წინ ხან ჩვეულებრივ წყალს, ხანაც მოწამლულს. შეხედავ ერთნაირია, მაგრამ მე ხო ვიცი უკვე რომელია მოწამლული. ამოვიცანი ყველა.  მერე საჭმელები მოიტანეს,  ისიც ასე, ზოგი მოწამლული, ზოგი ჩვეულებრივი.  აქაც არ შემშლია რამე. გაგიჟდნენ, შენ ვინ ყოფილხარო? მოკლედ ხვალიდან  ბირჟაზე აღარ ივლი, ერთი კაცის საჭმელს შეამოწმებ  წინასწარო.  ვინ არის ეს ერთი კაცი-მეთქი და რაში გაინტერესებსო, შენ შენი საქმე გექნებაო...  მაწანწალა ძაღლი გამახსენდა უცებ და  ლამის დავთანხმდი.... ცოდოა ყველა...  მაინც უარზე ვარ.  უნდა მითხრათ, იქნებ  და ცუდია კაცია-მეთქი.  შენ მთლად ნორმალური არ ხარ,  იცი რამხელა ხელფასზე ამბობ უარსო, მაინც არა-თქო  ვუთხარი.  კარგი, დაგველოდეო.  გავიდნენ სადღაც.  ცოტა ხანში დაბრუნდნენ. ბავშვები გიყვარსო, - მეკითხებიან.  გიჟები,  აბა ამას პასუხი რად უნდა, ცხოველებსაც უყვარს პატარები. მოკლედ საბავშვო ბაღში  იწყებ  მუშაობას და ყოველ დილით პროდუქტებს შეამოწმებ და  ხვალიდან ბირჟაზე არ ივლიო. ხელფასი  იმხელა რიცხვი მითხრეს,  თავიდან ვიფიქრე, მომეყურა. ერთი გამიმეორეთ,  რამდენი-მეთქი, იგივე ციფრი რომ მითხრეს, წელიწადში-მეთქი, არა თვეშიო. შენთვის უსვრია ავრორას, შენთვის ყოფილა შვიდი  ნოემბერიო (ცოდნიათ ამათ ყველაფერი). შენთვის უსვრია თუ კაია ავრორასაც და ამერიკელების ავიამზიდსაც-მეთქი.  გაიცინეს.  მთლად კიდე არ მჯეროდა ეს ყველაფერი, თან მივხვდი, საბავშვო ბაღი რატომაც მოიფიქრეს, მაგრამ უარიც ვერ თქვი.  ავანსი მომეცით-მეთქი (ვალები გამახსენდა, თან ჩვენთან ასეა: მრავალდღიან სამუშაოს თუ იწყებ ავანსს ითხოვ. თუ მოგცეს ხო კაი, უფრო ხალისიანად მუშაობ  თუ არადა ისე რა მუშაობ).  კაიო, ნახევარი თვის ხელფასი მომცეს და ხვალ აქა და აქ მოხვალ, სამუშაო დღე იწყება დილის  9-ზე, მთავრდება საღამოს ექვსზეო და მისამართი მითხრეს სადაც უნდა მივსულიყავი. ცხრიდან ექვსამდე სულ ჭამაშია ის კაცი-მეთქი? მორჩი ახლა ღადავსო. კაი, ანუ ექვსის მერე არ ჭამს, დიეტაზეა ეტყობა,  გაიხაროს მაგან-მეთქი და წამოვედი. წამოსვლამდე ჯერ კონტრაქტი გავაფორმეთ, სადაც ერთი პუნქტი მაინტერესებდა, ხელფასი.  ყოველთვიური ანაზღაურების გრაფაში ორჯერ ეწერა ჩემი ხელფასი, ჯერ ციფრებით და მერე ასოებით ზუსტად იმდენი რაც მითხრეს. მოვაწერე ხელი ფულის მიღებაზე. სიზმარში მგონია თავი. დავბრუნდი ბირჟაზე ბიჭებთან  და მუდმივი სამუშაო ვიშოვნე პირველი ხელფასის ნახევარი ავიღე უკვე-მეთქი...  არ მიჯერებდნენ, ფული რომ დაინახეს დაიჯერეს.  ასეა რა, ფული თუ გაქვს ყველა გიჯერებს...
მერე ,,ოაზისში“  შევედით, პირველი ნახევარი ხელფასის ნახევრით პირველი ნახევარი ხელფასი აღვნიშნეთ.  შუადღემდე ვიქეიფეთ და მერე შენ კი იშოვნე სამუშაო, მაგრამ ჩვენს ხო გვინდაო, გავიდნენ ბიჭები ისევ ბირჟაზე...  მე კი ვალები მინდა მაკას გადავუხადო... 
შევედი მაკასთან, ალბათ ყურებამდე მქონდა პირი ახეული და ისე ვიღიმოდი. ნასვამი ხარო, მკითხა. კი, ცოტა დავლიე, პირველი ხელფასი აღვნიშნეთ ბიჭებმა-მეთქი. ვისი პირველი ხელფასიო, გაუკვირდა? ჩემი-მეთქი. მაკა, აბა რამდენია ჩემზე ნისია-მეთქი და რა იყო, გადადიხარ სადმეო? - მკითხა და თითქოს დადარდიანდა კიდეც, ან რა ვიცი, მომეჩვენა. არა-მეთქი.  აბა გეწყინა რამეო... არა, რა უნდა მწყენოდა-მეთქი, აბა ტოტალიზატორში მოიგე? გაიგე ის ერთი გუნდი რომელია, ყოველთვის რომ გიმაზავდაო? - გამიცინა. აქ რომ ერთი ასო ამომეკლო, გამცინა გამოდიოდა, მაგრამ მაკა არასოდეს არ მცინის.... არა, მართლა მუდმივი სამუშაო ვიშოვნე  და ხელფასის ნახევარი ავიღე უკვე-მეთქი. გაუხარდა ძალიან. არ მინდა ჯერ ფული, რამე იყიდე შენთვისო. არ იტოვებდა, მაგრამ გადავიხადე მაინც რაც მქონდა ვალი...  კვირას ხო გახსოვს, სად მივდივართ-მეთქი, კი, როგორ არ მახსოვს, მაგრამ რა ვნახოთო, მეკითხება.  რა ვიცი, რაც შენ გსურს,  ოღონდ ბილეთები გვერდი-გვერდ უნდა ავიღოთ უცილებლად.  შენ იყავი ჩემს გვერდით და სულერთია-მეთქი... კიდე გაიცინა...
ასე ვიშოვნე სამუშაო, ახლა კვირას კი თეატრშიც მივდივარ. რა კარგი გოგოა ეს მაკა, ნეტა ცოლად წამომყვება.  არ ვიცი? აი,  თეატრში რომ წავალთ და იქედან რომ გამოვალთ, მერე ვკითხავ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები