ნაწარმოებები



ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2019


შენ

ნახე ქალაქებს თეთრი მზე უმზერს,
მე კი ამ ყოფას ვერ ვეურჩები,
წამეპოტინე დაღლილ სხეულზე,
შემომაშველე ცხელი ტუჩები...

ცაში ავარდნილ ნისლის ოხშივარს,
ტანზე ღრუბლები გადაახურეს,
მე პოეზიის ერთი გროში ვარ,
შავი დღისათვის გადანახული.

შენ კი ცხელ ტანზე დაყრილ კვირტების,
კვლავ გამოგიჩნდა თეთრი არშია,
მე ჩემს თავს ასეთს მიტომ გპირდები,
რომ სხვანაირი არ გამაჩნია.

ნახე ზეცაზე ღრუბლის კათარზისს,
ახლა მკურნალი თეთრი მზე უშლის,
წამეპოტინე დაღლილ ამ ტანზე,
უკვდავება რომ იგრძნო სხეულში...

გადავიპეპლოთ ყველა მხარიდან,
იქ სადაც სხვები ვერ გაგვრიყავენ,
მე პოეზიის მემანქანე და,
შენ მემანქანის საჭე იყავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები