ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
10 აპრილი, 2019


მტვერი (თავი 2. ნაწილი 1-6)

                                                                                                                        სამართალი

                                                                                                                                1
დაბნეული და ელდანაცემი ალექსანდრე ტაძრიდან ელენის გამოსვლას ელოდებოდა, თუმცა საყდრიდან მისი წონისთვის დამახასიათებელი მძიმე ნაბიჯით – თითქოს კუნძი მოდიოდესო –ტრილონია გამობანცალდა.

ლეტას გამოსვლისთანავე საუკუნეების ნაგებ-ნაშენი ტაძარი მყისვე ხაფი ხმით დაინგრა – შემინული ჭერხო-გუმბათი სულ მთლად ჩამოილეწა, კედლები დაიბზარა, ზოგს მსხვილი ნაპრალი დაედო, ორად გადატეხილი ერთი-ორი სვეტი გრუხუნით ძირს დაენარცხა; ქვაძელების დაცემამ მოპირწყლული, ფერადი კენჭებით დაგებული იატაკი ისე დაფშვნა, რომ უნიჭო ოსტატის მიერ შესრულებულ ნამუშევარს დაემსგავსა.

საყდარი დაინგრა თუ არა, ნაგებობის შესასვლელიდან მტვრის ღრუბელი ისე გამოიჭრა, როგორც დოღზე ქარივით ლაღად მორბენალი ცხენები ბუღის კორომებს ტალღებივით ააფორიაქებს და მათი ფლოქვები მტვრის კორიანტელს უკან მოიტოვებს ხოლმე. ზეჰის ტაძარი წარსულის ხელთ აღმოჩნდა – მოგონების მტვრად იქცა.

მთაზე შეკიდული ტაძრებიდან ზოგი სანახევროდ, ხოლო ზოგიც ბოლომდე განადგურებულიყო, ბუნების რისხვას ისინი ნაცარტუტად ექცია.

სიცოცხლის გადასარჩენად ფერდობიდან ქალაქისკენ დაძრული ხალხი ქარბუქის შემდგომ აბობოქრებულ წითელ მდინარეს ჰგავდა. გიჟური, დაზაფრული ყვირილითა და თავქუდმოგლეჯით ტყის სიღრმეებისკენ მიიწევდნენ.

ალექსანდრე ყველაფერს ზეჰის ტაძრის ეზოდან შესცქეროდა, მაგრამ იმ წუთას მხოლოდ ელენის ბედი, დის სიცოცხლე ანაღვლებდა. თვალებს აცეცებდა, თავადისასულის პოვნას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ.

– წავედით! – მატეამ განცდებს მიცემული თავადიშვილი შეანჯღრია; იმედგადაწურული ალექსანდრე ვერ გამორკვეულიყო, ყველაფერი ბუნდოვნად ეჩვენებოდა – ის ფიქრობდა, რომ ელენი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა.
– ელენი... ელენი...  – ენის ბორძიკით მხოლოდ დის სახელს იმეორებდა, ისიც დანაწევრებით, სიტყვები არ ემორჩილებოდნენ.
ტაძრისგან მოშორებით, მუხლმოყრილი ტრილონია მატეასა და ალექსანდრეს გამჭოლ მზერას არ აცილებდა. გოგომ ლეტას მზირობა იგრძნო, ამიტომაც თითქმის ჭკუადგარდასული თავადიშვილის ჯადოქრობით გამოფხიზლებისაგან თავს იკავებდა.

მატეამ ალექსანდრეს გონზე მოყვანა ჩვეული წესით სცადა, ხელი სახეში გაარტყა და უთხრა:
– ელენი უვნებელია, წავიდეთ, ვიდრე ტრილონიას რისხვა არ დავიმსახურეთ!
ალექსანდრე ახალგაზრდა ჯადოქრის მეცადინეობას არ პასუხობდა, ამიტომ მატეამ მეტი მონდომებით შეჰყვირა:
– წავედით-მეთქი!

თავადიშვილი თითქოს გამოერკვა. მყისიერად ფეხზე წამოდგა. თვალთ გადაკრული მღვრიე კვამლი გაიფანტა. მატეას გადახედა, რომელსაც ხელი მისკენ გაეწვდინა და ანიშნებდა, მომყევიო. ალექსანდრეც ჯადოქრის ნებას დაჰყვა და ორივენი გვალად და სირბილით, მორბედად ტყისკენ გაემართნენ.

მათ გეზი არა ზენეათში მიმავალი ბილიკისკენ, არამედ აღმოსავლეთისკენ აიღეს, რომელიც „მიჯნურთა ტბისკენ“ მიუძღოდა. 

                                                                                                                            2
ნანა მედროშეების სასახლის დიდ მოსაცდელ ოთახში იდგა. მიიხედ-მოიხედა; სახლი უვნებელი იყო, თითქოს მიწის რისხვა ზენეათს არ დასტყდომია. თვალი გასასვლელი კარისკენ გააპარა. ზურგიდან არჩილის გაკვირვებული ხმა მოესმა. შემობრუნდა. არჩილთან ერთად კირკე იდგა; დაღლილი სახე ჰქონდა. ნანას მოეჩვენა, თითქოს კირკეს თვალები ლაჟვარდისფრად კიაფობდა.

კირკემ მედროშეებს გონს მოსვლა არ აცალა, სწრაფად უთხრა:
– ელენი გასაჭირშია, – აღელვება ეტყობოდა.
– რა ხდება? – დაბნეული იკითხა არჩილმა, – აქ როგორ აღმოვჩნდით?! – თვალებს დაბნეულად აცეცებდა, არ სჯეროდა, რომ საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
კირკემ და ნანამ ერთმანეთს გადახედეს, მცირე დუმილის შემდეგ კი ქმარს ნანამ უპასუხა:
– კირკე ჯადოქარი,  – მეუღლეს დამნაშავის მზერით გახედა, – ელენეც ჯადოქარია, – ნანა წელში გაიმართა, – დიდი ხანია ჩემს გვარში ჯადოქარი არ დაბადებულა, – ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ამაყი გამოხედვა ჰქონდა.

ნანამ დაასრულა და მისაღებისკენ გაქანდა. ღვინის ჭიქა, რომელიც გამთენიისას დატოვა, ისევ იქ დახვდა. მაგიდაზევე იდგა სავსე კულა. ქალმა ჭურჭელი ფრთხილად აიღო და დაისხა. სამწდეური ბოლომდე შეივსო. წითელი ყურძნის მათრობელა წვენი დიდი ყლუპებით, თითქმის ბოლო წვეთამდე გამოსცალა.

– შემობრძანდით, კირკე, – ნანამ ჯადოქარი თავაზიანად მოიხმო, – გავისაუბროთ!

სტუმარი ამაყი, არა ამპარტავნული, გამოხედვით მასპინძელს მისაღებში გაჰყვა. მას ფეხდაფეხ არჩილიც შეჰყვა. განცვიფრებული თავადი დაღლილი სახით სავარძელში ჩაესვენა. რბილად მოკალათება მედროშეს ყველაზე მეტად სიამოვნებდა.

ნანამ მეორე ჭიქა გამოიტანა, ღვინო დაასხა  და სტუმარს შესთავაზა. კირკემ გამოართვა, მადლობა გადაუხადა და ორი ყლუპი მოსვა.

– მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი გადარჩენისთვის,  – ლმობიერად გაუღიმა ნანამ. კირკემ თავი დაუკრა, – თუმცაღა, ცქვირინი მკლავს,  ჩემმა ქალიშვილმა ჯადოქრობა როგორ ან საიდან ისწავლა?
– ამ საქმეში დამნაშავე ვარ, ქალბატონო! – კირკემ თავი მოიკატუნა, თავს დამნაშავედ ნამდვილად არ გრძნობდა. ხელი ჩანთისკენ წაიღო, ტყავისყდიანი წიგნი და ორი გრაგნილი ამოიღო და ნანას გაუწოდა, – ეს ის წიგნებია, საიდანაც ელენი ჯადოქრობას სწავლობდა, – თვალი არჩილის გაცბუნებულ გამომეტყველებას შეავლო,  – დღეს, ზადიკის შემდგომ მსურდა მისთვის მეჩუქებინა, მაგრამ როგორც ხედავთ, ბედის ჩარხი სხვაგვარად დატრიალდა.

ნანამ ჭიქა მაგიდაზე დადო. ჭილის გრაგნილები და წიგნი  გამოართვა და გადაათვალიერა.

ქალებს საუბარი არჩილმა შეაწყვეტინა:
– რა ხდება? – ხმამაღლა  იკითხა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ის იქ არ არსებობდა, ვერავინ ამჩნევდა, თითქოს უჩინარი ყოფილიყო, – ღმერთების გულისთვის, მიპასუხეთ რომელიმემ, – რიგრიგობით ჯერ კირკეს, მერე მეუღლეს გადახედა, – რატომ არის ჩვენი სახლი უვნებელი, ტაძრები კი  დანგრეული?! მთა კინაღამ მოწყდა... რა ხდება, რა? რა მოელის ჩემ ქალიშვილს? – დაბნეული თავადი დანაწევრებით მეტყველებდა. ქალებს მომლოდინე მზერით შესცქეროდა და პასუხებს ითხოვდა.
– ო, არჩილ, – მქისედ მიმართა ნანამ, თან ლივზინეურად  იღიმებოდა, – ძვირფასო, ჩემო გულუბრყვილო მეუღლევ, მხოლოდ ჩვენი სახლი კი არა, მთლიანად ქალაქია უვნებელი. გახედე ზენეათს! – ფანჯრისკენ მიუთითა, საიდანაც ქალაქის ხედი ხელისგულივით იშლებოდა.
არჩილი სარკმლისკენ გაემართა. შუშებს მიღმა ფრთხილად გაიხედა, შინაგანად შფოთავდა და შიში იპყრობდა, რათა თვალწინ საზარელი სურათი არ გადაშლოდა, მაგრამ სარკმლებს იქით ქალაქი ისეთივე იყო, როგორც დილით, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მხოლოდღა გაოგნებული, შეშინებული ხალხი ერთმანეთში ირეოდა  და საკუთარი სახლებისკენ გარბოდა.
– ელენი ჯადოქარია, ბატონო არჩილ,  – ჩაერთო საუბარში კირკე.
არჩილი შემოტრიალდა და სტუმარს მიაჩერდა.
– ჯადოქრობა კი როგორც მოგეხსენებათ...

ალჯანეულელმა სიტყვა ვერ დაასრულა, რადგან მოულოდნელად შემოსასვლელ კარზე ჯერ ზარის წკრიალი მოისმა, ხოლო შემდეგ კაკუნის, უფრო სწორად, ბრახუნის ხმა გაისმა, რომელიც მისაღებ ოთახში ისე ისმოდა, თითქოს იქ აბრაგუნებდნენო.

ნაცნობი ზანზალაკის ხმამ ნანა შეაშფოთა, გრძნობდა, ამ ავბედით დღეს, ეს ხმა, უცილობლად, ცუდის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო.

სახლის ლაქიამ კარი გააღო. მოსაცდელი ოთახიდან ქალაქთმცველების უფროსის მჭექარე ხმა გაისმა:
– თავად არჩილთან გახლავართ!
მედროშეებს დაუპატიჟებელი სტუმრები ეწვივნენ.

                                                                                                                            3
ხალხის დაზაფრული ხაფისებრი ყიჟინა ტაძრების ნგრევის ყუჩ ხმას შემზარავად ერწყმოდა. მათი შეუღლებული, ყურისწამღები ხმაური მაღნარის სიღრმეებშიც კი ატანდა. შეშინებულთა გოდება ისეთივე შეგრძნებას ტოვებდა, სარაჰის გაერთიანებამდე სოფლებს ტორგები რომ ესხმოდნენ, სათითაოდ ყველა დასახლებას გადაწვავდნენ, მოსახლეობას ააწიოკებდნენ და ნაალაფარით უკან, ჩრდილოეთში ბრუნდებოდნენ.

მატეა და ალექსანდრე „აღმოსავლეთის ბილიკს“ სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდნენ. ბილიკის დასასრულს რაც უფრო უახლოვდებოდნენ, ავბედით ადგილსა და ქალაქს მით უფრო შორდებოდნენ, ხოლო შიშისა და ლიჯვირის  შეგრძნება კი, უფროდაუფრო, სუსტდებოდა.

სირბილისას მატეას შავი თმა ჰაერთან ლაციცისას, ფაფუკი ბუმბულივით უფრიალებდა; მონაბერი სიო თმასთან შეხებ-შეთამაშებისას ტალღისებრ და ბაბუაწვერას ბულულის გაფრენილ ნეკრტენს ჰგავდა. მატეას ეჩვენებოდა, თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა. რამდენჯერმე უკან  მიიხედა კიდეც, მაგრამ ვერაფერი შენიშნა. ეჭვების მიუხედავად სვლისთვის არ შეუნელებია, არ უცდია, შეემოწმებინა მარტონი მიდიოდნენ თუ არა. პირიქით, ნაბიჯებს უფრო აუჩქარა. ალჯანეულთაგანს ფეხი ალექსანდრემაც შეუწყო. 

მაღნარიდან გამომავალი „აღმოსავლეთის ბილიკი“ რიყის ქვებთან სრულდებოდა. ჭერეხი წყლისხაბომდე მიუყვებოდა და წენგოსფერ  ტბას გარშემო ერტყმოდა. სამი მხრიდან ტევრიან აღმართულ მთებს შორის წყალი ტყვესავით მოქცეულიყო. მზიან ამინდში, განსაკუთრებით ხეთა გამოღვიძების დროს, ზურმუხტივით მწვანედ კიაფობს; ავდრისას გაშავდებოდა, ალბათ, ამინდს უბრაზდება; ზამთარში, როცა ფაფუკი ფიფქები მაღნარს ფარავს, თვითონაც თეთრ, ქათქათა პირბადეს მოიხურავს, ზოგჯერ კი ყინულს მაზარას შემოისხამს.

ტბასთან ახლოს, შემაღლებულ კვარცხლბეკზე თალარი იყო ნაგები. გვერდით ტირიფებს ფარდაგი ჩამოეფინა, რომელიც ფანჩატურს მზისგან ჩრდილავდა. კრამიტის სახურავს ლიანები შესეოდა და იქვე დაედო ბინა. ტირიფებისა და იასამნის ხეებს თეთრი ლიანა-ყვავილები განსაკუთრებულად უხდებოდა.

მატეა და ალექსანდრე ბილიკის დასასრულთან გაჩერდნენ, საიდანაც რიყე ნაპირი იწყებოდა.

თავადიშვილს ისევ დაბნეული სახე ჰქონდა, არ იცოდა სად უნდა წასულიყვნენ, ან იქ რას აკეთებდნენ.

– ნუ გეშინია! – მძიმედ სუნთქავდა მატეა, – ელენი აქვეა, – თალარისკენ მიუთითა.

ალექსანდრე დისკენ ნელი სვლით გაემართა. გაცნობიერებამ რომ ის ცოცხალი და ჯანმრთელი იყო, სიხარულის ამოუცნობმა ტალღამ ალექსანდრეს მთელი სხეული მოიცვა და აათრთოლა.

თავადისასული თალარში მოწყობილ მაგიდასთან იჯდა და გრაგნილს კითხულობდა. ძმის დანახვას არ მოელოდა – ცოტათი შეიშმუშნა. შემდეგ მატეაც დაინახა. გრაგნილი პატარა მაგიდაზე დადო,  დინჯად და უშფოთველად წამოდგა და სტუმრების მოლოდინში კიბის ამაღლებასთან გაჩერდა.

როდესაც ისინი ჯადოქარს მიუახლოვდნენ, ელენიმ მატეას უსაყვედურა:
– ალექსანდრე რატომღა მოიყვანე?
– რას ნიშნავს, რატომ მომიყვანა? – თავადიშვილის გაკვირვებულ სახეს გაჯავრებული ხმა ერთვოდა, – ვფიქრობ, მცირედი ახსნა-განმარტება დავიმსახურე – ტაძარში რაც გააკეთე... რაც მოხდა... ნგრევის დაყოვნება როგორ მოახერხე? – ღრმად სუნთქავდა, სირბილმა დაღალა, შუბლი ოფლის წვეთებით დაეცვარა.

ქალები დუმდნენ. მატეა საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა, არც ელენი. რამდენიმე წამი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ელენის არ სურდა ზედმეტი ცნობებით ძმა საფრთხეში ჩაეგდო. მატეა კი თვლიდა, რომ ალექსანდრესთვის ყველაფერი დას უნდა განემარტა.

იმათ შემყურე ალექსანდრემ ორივეს ალმაცერად გადახედა  და ლივზინეური ხმით განაგრძო:
– რა ამბავია, თქვენ აქ პაემანი გქონდათ დათქმული, ყველასგან უჩუმრად? – სცადა ეხუმრა, რათა დაძაბულობა განემუხტა.
ალექსანდრეს ხუმრობა ხშირად მკვახე, დამცინავი  გამოსდიოდა, ზოგჯერ უადგილოც კი.
– არც ისე მარტივადაა საქმე, ალექსანდრე, – მშვიდად მიმართა მატეამ.
– რა მოხდა ეკლესიაში? – თავადიშვილმა დას მოთმინებადაკარგული ხმითა და თხოვნის მზერით მიმართა.
– ყველაფერს აგიხსნი, რიგრიგობით, –  ელენიმ ძმას გაუღიმა, – ყველაფერს მოგიყვებით, – თავადისასულმა შეიცადა.
– მაშინ, დაიწყე, – ალექსანდრემ ხელი ჰაეროვნად აიქნია. ასე აკეთებდა ხოლმე, როდესაც მოუთმენლობა უტევდა, ეს უკვე ჩვევაში ჰქონდა გადაზრდილი.
– ჯადოქარი ვარ, – ელენიმ მოკლედ და მშვიდად მოუჭრა და სკამზე დაჯდა, – შემოდი, სჯობს, მშვიდად ვისაუბროთ! – ძმა თალარში შეიპატიჟა და გაუღიმა, როცა შეამჩნია, რომ მისმა სიტყვებმა ალექსანდრე შეაკრთო, – ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, მე ისევ შენი და ვარ. – თავადისასული ფიქრობდა, რომ არამზმელი ძმისთვის ეს ამბავი ადვილად მისაღები არ იქნებოდა.

მაგიდას ალექსანდრე დის მოპირდაპირე მხარეს მიუჯდა. აღელვებული და ცოტა დაღლილიც იყო, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდა. მიუხედავად სიახლესთან ჭიდილისას განცდილი შიშისა, ცნობისმოყვარეობა და ცქვირინი კლავდა − ალექსანდრეს ახალი გამოცდილების მიღება ყოველთვის იზიდავდა. ახლაც გრძნობდა, რომ რაღაც ამოუცნობს ეზიარებოდა.

მატეა თალარის კიბეზე ჩამოჯდა, ტყისკენ იყურებოდა, შინაგანი მღელვარება ეუფლებოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა – რატომ.

– ერთ ამბავს მოგიყვები, ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, – ელენიმ ძმას დინჯი და მკაცრი სახით გახედა.

მატეას ჩაეღიმა. იცოდა, როდესაც ელენის სახე თინჩი გამომეტყველებით შეიცვლებოდა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ამ დროს უნდა დაჰყვე მის ნებას – მაინც იმას გააკეთებს, რაც უნდა.

ალექსანდრემ დის მარჯვენა ხელის მტევანს საკუთარი დაადო – უნდოდა სითბო გამოეხატა. მან დას დამშვიდებულად და წყნარად მიმართა:
– როგორც გინდა ისე მომიყევი, თუ გინდ შენი სათქმელის მბობას ათასი წელი დასჭირდეს; ჩემთვის მთავარია, მენდობოდე,  – დას გამჭოლი მზერით მიაშტერდა, – მე ბოლომდე გენდობი.

ელენიმ გაუღიმა. გაუხარდა ძმისგან ამდაგვარი სიტყვების მოსმენა. თავადისასულმა მეორე ხელი ძმას ხელზევე დაადო და მისკენ ოდნავ გადაიზნიქა.

– იცი, ხომ ამ ტბის ამბავი, რატომაც ჰქვია „შეყვარებულის ტბა“?! – დაბალი ხმით უთხრა.
– რა თქმა უნდა, – ალექსანდრემ თავი დაუქნია, – აქ იკრიბებიან შეყვარებულები, ამიტომაცაა აგებული ეს თალარი, – თავდაჯერებით უპასუხა.
მატეამ თავი გააქნია, ჩაიღიმა და ჩუმად წაიჩურჩულა: „ყველას ეგრე ჰგონია!“.
– არა, – ელენიმ სხარტად უპასუხა, ხელები გაითავისუფლა და ყველაზე მაღალი მთისკენ მიუთითა,  – აი, იმ მთას ხომ ხედავ? იმ მთაზე მომხდარი ამბების გამო ჰქვია ამ ტბას ეს სახელი.
– მთა რა შუაშია? – კაცმა წარბები შეჭმუხნა.
– თვითონ მთა არაფერში, – ლივზინეურად უპასუხა მატეამ და უმალ გაჩუმდა.
– მართალია, – გაეღიმა ელენის, – მთა არაფერ შუაშია. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთ-ერთი თავადისასულს ახალგაზრდა ბიჭი შეჰყვარებია.

მათი გრძნობა თითქოს ვიღაცამ დაწყევლაო; ბიჭი დიდებულთა ვაჭრის შვილი იყო. თავადისასულისთვის ეს ამბავი არ ყოფილა ვაი-ვიში, არად აგდებდა მემასხაპლის წარმოშობას – ძალიან უყვარდა. ამიტომაც დაივიწყა ყველაფერი: ადათ-წესები, ხალხის წარმოდგენები. დიდხანს საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ხვდებოდნენ აქ, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, აი ამ ადგილას, – ჰაერში საჩვენებელი თითი დაატრიალა, – ერთხელაც, ღამით გოგო მამულიდან კვლავ გამოპარულა. სახლთუხუცესს ცხენზე ამხედრებული ტბისკენ მომავალი თავადისასული შეუმჩნევია. მსახურს ყველაფერი თავადისთვის უთქვამს. თავადს მცირე რაზმი შეუკრავს და ისინი თავადისასულს მორბედად დადევნებიან, რათა მამას უბედურება თავიდან აეცილებინა და გაპარული ქალიშვილი სახლში დაებრუნებინა. ტბასთან მოსულებს არავინ დახვედრიათ, სამაგიეროდ, აი იმ მთაზე, – კვლავ მიუთითა ელენიმ, – სინათლე შეუნიშნავთ, ჰოდა, ესენიც იქით წასულან. მთაზე ასულებს საიდუმლო ქორწინების წესთაადათი დახვედრიათ; ქალი და ვაჟი ქურუმის პირისპირ ერთმანეთს სიყვარულის ფიცს უცვლიდნენ. ჯერი ბეჭდების გაცვლაზე მიმდგარა, როცა განრისხებული თავადი გამოვარდნილა და რაზმით შეყვარებულებს თავს დასხმია – ქალიშვილის შეპყრობა და ვაჟის მოკვლა განუზრახავს. მაგრამ...

ელენიმ შეიცადა, დანანების ნიშნად თავი გააქნია და განაგრძო:
– ბიჭმა მათ შესაჩერებლად საკუთარი ჯადოძალა გამოიყენა – ერთი წუთიც არ დასჭირვებია, ათკაციანი რაზმი მიწას დასცა – ყველა უგონოდ ეგდო. ქურუმმა შიშისგან გონება დაკარგა.
ელენიმ შეწყვიტა თხრობა. ჩაისუნთქა.
– მთავარი ეს კი არ არის, – ჩაერთო მატეა, – უმთავრესი მერე მოხდა; მემასხაპლის ნიჭმა თავადისქალი დააფრთხო და დაზაფრული მამას სახლში გაჰყვა. საწყალი ბიჭი შეიპყრეს და ჯადოქრობისთვის გაასამართლეს. სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და „სიკვდილი გამოცდით“ მიუსაჯა. მსჯავრდებულს მძიმე აგურები ფეხებზე მიაბეს და ტბაში გადაუძახეს.
ალექსანდრეს გაკვირვებული სახე ჰქონდა, აშკარად დაეტყო, რაღაც ვერ გაეგო:
– კი მაგრამ, ტბის სახელთან ან შენთან, ეგ რა შუაშია?
– ნუ ჩქარობ, სანდრო, ამბის თხრობა არ დაგვისრულებია, – უკმაყოფილო სახითა და ხმაჟღერადობით წარმოთქვა მატეამ და თავადიშვილს გახედა.
– მართალია, – ელენი დაეთანხმა  და თხრობა განაგრძო, – თავადისასული ხანგრძლივმა სევდამ მოიცვა, ხოლო როცა გონს მოეგო, აი, იმ მთაზე ასულა და თავი მოუკლავს – ტბაში გადახტა  და იქ დაიხრჩო, სადაც მისი გულისწორი სიკვდილით დასაჯეს.
– სინდისი ქენჯნიდა, ალბათ, – ჩაიფხუკუნა მატეამ, – მამასთან ერთად რომ არ გაქცეულიყო, ბიჭი სასამართლოს თავს არ მოაკვლევინებდა; ყველამ ვიცით, ალჯანეულის მოკვლა ადვილი საქმე არ არის.
– ეს თალარი კი, – განაგრძო ელენიმ, – მამამისმა ააგო, ყოველ დღე მოდიოდა და იმ მთას გაჰყურებდა, საიდანაც თავადისასული გადმოხტა... 
– ბოლოს კი ძალზე დაუძლურებული თავადი აქ, ამ თალარში, ზამთრის სუსხს უმსხვერპლია,  – გულგრილად დაასრულა მატეამ.
– ახლა, ხომ ხვდები, ჩემს ნიჭს საიდუმლოდ რატომ ვინახავდი? – ელენიმ ძმას მტკიცე მზერითა და დამრიგებლური ხმაჟღერადობით უთხრა, – ამ ამბავს ჩემთან უშუალო კავშირი არ აქვს, ხოლო სასჯელს – კი. თუ შემიპყრეს, მეც, როგორც ჯადოქარს, იგივე ბედი მელის – აგურებდამძიმებული წყალში დახრჩობა. ჩემი ოჯახის წევრებს კი, თუ დაუდასტურდათ, რომ იცოდნენ ჩემი ალჯანეულობის შესახებ და დამალეს, ხანგრძლივი ტუსაღობა.

ალექსანდრემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ნაღვლიანი ხმით ჰკითხა:
–  მაგრამ მე რატომ მიმალავდი? ხომ იცი, არ ვიტყოდი?!
– იმიტომ, რომ ჯადოქრობის შესახებ თუ იცი და არ იტყვი, – ჩაერთო მატეა, – შენც ისეთივე დამნაშავე ხარ, როგორც ჯადოქარი. ელენი კი არა მხოლოდ ალჯანეულელია, არამედ ჯადოძალასაც იყენებს.
– ახლა, რას აპირებ? – ალექსანდრემ დას პირდაპირ ჰკითხა.
– მიწისძვრამდე, ვერიოსში უჩუმრად გაპარვას ვაპირებდი. ამბობენ, ლერნისჰიტონში დიდი წიგნთსაცავი ჰქონიათ, მას შემდეგ რაც სარაჰის დარიელმა მეფეებმა ჯადოქრობა აკრძალეს, სარაჰელი ჯადოქრების უმეტესობა ჩრდილოეთის სამეფოში გადახვეწილან და საკუთარ ცოდნას თავი იქ მოუყარეს. ახლა უჩუმრად გაპარვას ვერ მოვახერხებ, თანაც აზრიც ეკარგება...

ალექსანდრემ ელენის სიტყვა გააწყვეტინა:
– რატომ არა? – ვერ მიხვდა, – ამ ქალაქიდან სასწრაფოდ უნდა გაიქცე, თორემ მოგკლავენ. შორს უნდა წახვიდე...
საკუთარი სათქმელი თავადიშვილმა ბოლომდე ვერ დაასრულა,  ტყიდან ამალითა და ხმაურით ტრილონია გამოვიდა. ყურებამდე შეიარაღებული ქალაქის მცველები ლეტას სამხედრო სიმტკიცით გვერდში ედგნენ.

ტრილონია ამ ხნის განმავლობაში მათ უთვალთვალებდა და უყურადებდა. ის ტაძრებიდან მატეასა და ალექსანდრეს დასდევნებია, ტბასთან შორიახლოს ქვებუდანური სიხარულით ხეებს შორის იმალებოდა და ელოდებოდა, მანდატურნი საშველად როდის მოვიდოდნენ. ვიდრე მსტოვრობდა, ქალმა ლალისფერი შორუწყისნი  ქალაქის მცველებთან აფრინა, იცოდა, ავსულს მარტო ვერ შეიპყრობდა.

ელენი მოემზადა, რათა ლეტას მხლებლებს ჯადოძალით გასწორებოდა. მეგობარს დასახმარებლად მატეაც გვერდით ამოუდგა, მაგრამ თავადისასულმა თავი ძლივსშესამჩნევად გაიქნია და თვალ-უყო ,  არაფერი მოიმოქმედოთო – მეგობრის ხიფათში ჩაგდება არ სურდა.
ტრილონიამ ხელი მაღლა აღმართა, ჭილის ფურცელი ეჭირა.

ელენი შეკრთა, უეცარი გაცბუნება დაეტყო. ალექსანდრესა და მატეასთვის მოულოდნელად, თავადისასულმა განზრახვაზე ხელი აიღო და, ანაზდეულად, ტრილონიასკენ მშვიდი ნაბიჯით გაემართა. ახალგაზრდა ჯადოქარმა იმის ნიშნად, რომ არაფერს აპირებდა, ხელები წელზე ჯვარედინად შემოიწყო.

ტრილონიამაც მანდატურებს ხელით ანიშნა, მის ნიშანს დალოდებოდნენ და არაფერი მოემოქმედებინათ. 

ელენის საქციელით გაკვირვებულმა მატეამ და ალექსანდრემ ერთმანეთს გადახედეს. თავადიშვილმა, შესაჩერებლად, დას ხელი  მაჯაში სტაცა და ჩუმად უთხრა:
– რას აკეთებ, ხომ იცი გაგასამართლებენ?!
– კი, ვიცი, მაგრამ სხვა შემთხვევაში თქვენ გაგასამართლებენ...

ელენიმ მაჯა გაითავისუფლა, ალექსანდრეს ლოყაზე აკოცა – არ იღელვოო – უთხრა და წელზე ხელებშემოწყობილმა დაუპატიჟებელი სტუმრებისკენ სვლა მხნედ განაგრძო. 

ტრილონიას სახეზე ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა. თვალები ავისმომასწავებლად უბზინავდა და კმაყოფილებისგან ზეიმობდა. მიხვდა, რომ თავადისასული წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა და ჯადოქარს მშვიდად ელოდებოდა ისე, როგორც მსხვერპლს ჩასაფრებული ლომი.

ელენის მისვლისთანავე, ლეტამ წკრიალა და ხრინწიანი ხმით თქვა:
– ვიცოდი, რომ კეთილგონიერი ბრძანდებოდით. ახლაც თქვენს კეთილგონიერებას მივმართავ, თავადისასულო, ჩვენთან ერთად თუ არ წამოხვალთ, მაშინ – ტრილონიამ მედიდურად თვალით მხლებლებზე მიანიშნა, – მედროშეების სახლში ქალაქის მცველები არიან და შენს მშობლებს დააპატიმრებენ, – ხელი, რომელშიც წერილი ეჭირა, მაღლა ასწია, რათა ჯადოქარს დაენახა.
– დღევანდელ დღემდე მამაჩემმა არაფერი იცოდა, – ელენიმ დინჯად და მტკიცედ უპასუხა.
– შესაძლოა, მაგრამ, როდესაც წერილს გავხსნით, დარწმუნებული ვარ სხვა რამ ეწერება, – ტრილონიამ ბოროტულად ჩაიცინა და ისევ მხლებლებს გახედა – ელენის აგრძნობინა, რომ უნდა დამორჩილებოდა.
– ეგ წერილი დღეს დილით დავწერე... წაკითხვას ნამდვილად ვერ მოასწრებდნენ, თვითონაც ხედავთ, რომ დალუქულია.
– მართალია. მეტიც, თქვენი მჯერა კიდეც, თავადისასულო, მაგრამ, ძვირფასო ელენი, – ლეტას ხმაში პირჩოთნისეული  მზრუნველობა იგრძნობოდა, – ყოველივე ეგ სასამართლოზე უნდა თქვათ, თორემ სხვაგვარად არავინ დაიჯერებს, – ჯადოქარს მრავლისმეტყველად გადახედა და ელენის ზურგსუკან მდგარ ძმასა და მეგობარზე თვალ-უყო.

ტრილონიას მუქარისეულმა ხმაჟღერადობამ ელენი დაარწმუნა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებდა, რათა ალჯანეული გაენადგურებინა, – უდანაშაულოს დამნაშავედ აქცევდა, დამნაშავეს კი გაამართლებდა.

სამხრეთ სამეფოში ჯადოქრები იშვიათად თუ შემოხვდება ვინმეს, სარაჰში ისინი სამასი წელია თავლით არავის უნახავს. თუ ვინმე გამოჩენას გაბედავდა, უმეტესად ცუხები  აღმოჩნდებოდნენ.

– წამოგყვებით და სასამართლოზე ყველაფერს ისე ვიტყვი, როგორც უკეთესი იქნება ჩემი ოჯახისა და ახლობლებისთვის, – უკმაყოფილოდ დაეთანხმა ელენი.
– კეთილი, – გამარჯვებამ ტრილონიას ღიმილი მიჰგვარა.
ლეტამ მხლებლებს  ჯადოქრის შეპყრობა ხელით ანიშნა. მანდატურებიც თავადისასულს უმალ გარს შემოეკვრნენ.
– ერთი შემიძლია დაგპირდეთ, თავადისასულო, თქვენი ოჯახი უსაფრთხოდ იქნება, ვიდრე თქვენ მშვიდად იქნებით,  – ლეტამ მხლებლებს თავის გაქნევით ანიშნა წამოიყვანეთო. – ვიდრე მშვიდად იქნებით განაჩენის აღსრულებამდე, – ტრილონიამ უკნიდან იქედნური ხმით, ჩურჩულით დაამატა.
ელენი მათ დილეგისკენ გაჰყვა.

                                                                                                                              4
არჩილი ფიქრობდა, რომ ქალაქის მცველებისთვის სახლის გაჩხრეკის უფლება არ უნდა მიეცა, თუმცა კანონის წინააღმდეგ რას გახდებოდა.

წამიერ სისუსტეს ნანობდა, შეეძლო ისინი მოესყიდა და მშვიდობიანად გაესტუმრებინა, მაგრამ დიდგვაროვნისთვის შეუფერებელი საქციელი საკუთარ თავს არ აკადრა. მედროშეები ყოველთვის კანონმორჩილებით გამოირჩეოდნენ და ამ ადათის ღალატი არ სურდა.

მანდატურები თავადის სახლში უხეშად შეიჭრნენ. არაფერი განუმარტავთ. არჩილს, ნანასა და მსახურებს უბრძანეს, ადგილიდან არ დაძრულიყვნენ; ორი ბოქაული მასპინძლების საყარაულოდ დარჩა, ორნიც მეორე სართულზე ელვის სისწრაფით აიჭრა, ხოლო სამი პირველი სართულის ჩხრეკას შეუდგა.

ერთ-ერთი მცველი, ბზინავ აბჯარში გამოწყობილი, რომლის მკერდზე დარიელთა თვითნიშანი ჰქონდა ამოტვიფრული, მანდატურების უფროსთან მივიდა. კაცს წითელი მოსასხამი ესხა, რათა ყველასგან გამორჩეულიყო. ბოქაულმა წითელმოსასხამიანს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და ჭილის წერილი გადასცა.

უფროსი არჩილს მიუახლოვდა და მკაცრი ხმით განუცხადა:
– თქვენი ბრწყინვალებავ, – წერილი აჩვენა, – იცით ეგ რა არის?
– რა თქმა უნდა, არა, – გაბრაზებული ხმით უპასუხა თავადმა და დამცინავად დააბოლოვა, – თქვენო აღმატებულებავ, იქნებ თქვენ მითხრათ? დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ.
– თავადისასულის ოთახში ვიპოვეთ. წერილია, თქვენი სახელია მითითებული, – ბოქაულთუფროსმა ჭილის ქაღალდს მრავლისმეტყველად დახედა...
– პირველად ვხედავთ, – ჩაერთო საუბარში ნანა, – რა წერია, თუ ჩვენს სახელზეა, იქნებ მოგვცეთ?
წითელმოსასხამიანმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია:
– თქვენო ბრწყინვალებავ, ეს არ შეგვიძლია!
ისე, რომ არაფერი განუმარტავს, როგორც ამას ადათი ითხოვდა, თავი მდაბლად დაუკრა. მანდატურებისკენ შემობრუნდა და ხელით ანიშნა, წავედითო. 

ქალაქის მცველების წასვლის შემდეგ არჩილი მისაღებ ოთახში გულჩათხრობილი იჯდა და არ იცოდა, რა მოემოქმედებინა. ნანა კი კირკეს ემასლაათებოდა. არჩილს იოტისოდენა სურვილიც არ ჰქონდა გაეგო, ქალები რას საუბრობდნენ. თავადს ელენის ოთახში წერილის აღმოჩენა ცუდად ენიშნა; ფიქრებს მიეცა, გული შეეკუმშა, თითქოს უჰაერო სივრცეშიაო – სუნთქვა შეეკრა. უბედური ამბის მოახლოებას გრძნობდა. თავში ათასი აზრი უტრიალებდა. მატიანეს ცოდნით დიდად ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ხალხური თქმულებები სმენოდა, თუ ჯადოქრებს რა მოელოდათ, სასამართლო მათ როგორ უსწორდებოდა. ელენის ნატანჯი სახე, გაქექილი ძაძები და ტბისკენ მიმავალი ხალხის გრძელი რიგი წარმოიდგინა. როგორც დამნაშავის ოჯახის ყველა წევრს, მასაც მოუხდებოდა, განაჩენის აღსასრულებლად საკუთარი ქალიშვილი სიკვდილით დასჯის ადგილამდე გაეცილებინა; გონების ლანდები აწუხებდა, თუ როგორ მიუყვებოდა ტყის ბილიკს „მიჯნურთა ტბამდე“ – ყველა შესაძლო ჩარას  წარმოისახავდა. თავადი მტანჯველი ზმანებიდან კარზე ბრახუნის ხმამ გამოარკვია, რომელიც მთავარი შემოსასვლელიდან მოდიოდა. აკაკუნებდნენ არა ისე, როგორც კეთილმოსურნე სტუმარს სჩვეოდათ, არამედ, თითქოს ქალაქის კარიბჭეს ტარანით ურტყამდნენო.

– ვინღა უნდა იყოს? – გაცბუნებით იკითხა ნანამ, – ნუთუ მანდატურები მობრუნდნენ. რა მათი საქმე ბოლომდე ვერ შეასრულეს?
– არ ვიცი! – უღიმღამოდ უპასუხა არჩილმა.
მედროშეთა ლაქიამ სადარბაზოს კარი გამოაღო. ზღურბლთან ქვეიტაჰი და ორი მანდატური იდგა.
– თავად არჩილთან გახლავართ, – ქვეიტაჰმა მსახურს თავაზიანად მიმართა, – მნიშვნელოვანი ამბავი უნდა შევატყობინოთ!
– შემობრძანდით, – შემოიპატიჟა ლაქიამ, – დამელოდეთ, თქვენს მობრძანებას თავადს შევატყობინებ!

ქვეიტაჰი მხლებლებითურთ დიდ მოსაცდელ ოთახში გაჩერდა და თვალი მსახურს მიადევნა; ლაქია მისაღები ოთახის კარს მიღმა გაუჩინარდა. რამდენიმე წუთში კი უკან დაბრუნდა, სტუმრებს გაუღიმა და  მოახსენა:
– თავადი გელოდებათ, – მსახური მისაღებისკენ გაუძღვა.
მათ ოთახში მხოლოდ არჩილი და ნანა დახვდათ. კირკე ქვეიტაჰის ხმის გაგონებისთანავე ისევ დაიმალა, არ უნდოდა, უსაგნო ეჭვი და ჭორი გამოეწვია.
– მოგესალმებით თავადო, – თავი დაუკრა ქვეიტაჰმა და ნანასკენ შემობრუნდა, – ქალბატონო, – ნანასაც თავის დაკვრითვე მიესალმა, – აქ, ქალაქის სასამართლო სამეგობროს დავალებით გეახელით, რათა შეგატყობინოთ, თქვენი ქალიშვილი, თავადისასული ელენი, ჯადოძალის გამოყენების ბრალდებით ქალაქის ციხეშია დასახლებული.

ამ ცნობის გაგონებისთანავე ნანამ განმგმირავი ხმით ამოიკვნესა:
– არა! – აქვითინდა. ნანას იმედი ჰქონდა რომ ელენის ვერ იპოვიდნენ, გაიქცეოდა და თავს უშველიდა, – ეს სიმართლე არ არის, ჩემი პატარა გოგონა, მარტო, ეულად, იმ საზარელ ოთხ კედელში, – არეულად საუბრობდა, თან გოდებდა; ცრემლები დამტვერილ კაბაზე ეწვეთებოდა.
– არ მჯერა, – წაიჩურჩულა არჩილმა, შემდეგ გაცხარებული ხმით ქვეიტაჰს შეჰყვირა, – როგორ ბედავთ! ეგ გაუგონარი ბრალდებაა, – თავი ისე გაიშტერა, თითქოს არაფერი იცოდა.

სტუმარი შეცბა. შეიცადა, არჩილისგან ამდაგვარ ქცევას არ მოელოდა. სცადა, თავადის რისხვისაგან საკუთარი თავი დაეცვა:
– თქვენო ბრწყინვალებავ, – დინჯად საუბრობდა, – ჟანუნ-სოალეი  – ქალაქის ბრალმდებელი – ლეო კალაისი გახლავთ, ხოლო სასამართლო-სამეგობრო გადაწყვეტს, თავადის ასული ელენი დამნაშავეა თუ უდანაშაულო.

ლეო კალაისის სახელმა უსიამოვნოდ ჩაესმა, თითქოს ვიღაც ჩანგს უგვანოდ აჟღარუნებსო.

ქალაქის ჟანუნ-სოალეის გადამტერებას ყველა უფრთხოდა – ლეო კალაისი მეტად მზაკვარი და ქვებუდანი ადამიანი იყო. ის ყოველთვის ცდილობდა, ფარული ხრიკები დაეხლართა. ფულისა და სახელისმოყვარული ლეო იმ მიზნების მისაღწევად, რაც დასახული ჰქონდა, ყველაფერზე წავიდოდა. 

– საკუთარი ქალიშვილის ნახვა მსურს, – შეარბილა ხმაჟღერადობა არჩილმა, თუმცა თავი მტკიცედ ეჭირა – ცხვირაწკენტილი და წელში გამართული საუბრობდა.
– ამის უფლება გაქვთ, ოღონდ დღეს ვერ ნახავთ. ნახვის დრო ხვალ დილიდან საღამომდე გექნებათ, – უპასუხა ქვეიტაჰმა.
არჩილს უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ არ დასცალდა, ოთახში ალექსანდრე შემოვარდა. აქოშინებული ძლივს სუნთქავდა და განადგურებული სახე ჰქონდა.
– ეგეონ, – თავადიშვილმა ქვეიტაჰს გაკვირვებული სახით მიმართა, – აქ რას აკეთებ? – დაბნეული და გაცბუნებული ხმა ჰქონდა.
– ელენის დატუსაღების ამბავი გვამცნო. წარმოგიდგენიათ, ბრალს სდებენ ჯადოძალის გამოყენებაში?! – უპასუხა მამამ.
– მეც ამ ამბის სათქმელად მოვიჩქაროდი, ჩემი და მატეას თვალწინ წაიყვანა ტრილონიამ, – ალექსანდრე სულს ძლივს ითქვამდა, ეტყობოდა, რომ მედროშეთა სასახლემდე ბევრი ირბინა, ყოველი სიტყვის თქმისას მძიმედ ამოისუნთქებდა, ამიტომ სისინით საუბრობდა.

თავადიშვილმა გულზე ხელი მოიკიდა, ღრმად ჩაისუნთქა. არჩილმა ვაჟიშვილის გამომეტყველებაში იმედგაცრუება ამოიკითხა.

– ტრილონიამ? – გაკვირვებით იკითხა ნანამ.

ნანა, რომელიც სავარძელში იჯდა და ქვითინებდა, ქარივით შემოვარდნილი შვილისთვის არც კი შეუხედავს, ელენიზე ფიქრობდა; თუმცა ტრილონიას სახელის გაგონებაზე მყისვე გამოერკვა და ცრემლები შეიმშრალა.

– დიახ, ტრილონია იყო მხლებლებით, „მიჯნურთა ტბასთან“ მოვიდა, ელენი თავისი ნებით გაჰყვა, რაღაც წერილი აუფრიალა...
– წერილი?! – არჩილი სკამში მძიმედ ჩაესვენა, – ოჰ, ეს  წერილი, მანდატურებისთვის არ უნდა დამერთო ნება, მაღლა ასულიყვნენ, – თავადმა დანანებით აღმოხდენილ სიტყვებს სუნთქვაც ამოაყოლა.
– რა იყო წერილში? – იკითხა ალექსანდრემ.
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა არჩილმა, – როგორც მითხრეს, ელენის ოთახიდან აიღეს.
– წერილში აღიარება იყო, – ჩაერთო ეგეონი.
– აღიარება, რისი აღიარება? – ნანას გაკვირვება კარგად გამოუვიდა.
– ჯადოქრობის, – უპასუხა ქვეიტაჰმა.

ეგეონის პასუხისთანავე ნანა ფეხზე წამოიმართა. მკაცრი სახე მიიღო და სტუმრებს მიმართა:
– გმადლობთ ცნობისთვის, ქვეიტაჰო! – თავი მდაბლად დაუკრა, როგორც ამას წესი მოითხოვდა, – შეგიძლიათ დაგვტოვოთ! ხვალ მოვინახულებთ ჩვენს ქალიშვილს. ლეო კალაისს გადაეცით, რომ ნახვა გვსურს!
– კარგად ბრძანდებოდეთ თავადო, – ქვეიტაჰმა არჩილს თავი დაუკრა, – ქალბატონო, – ნანასკენ მცირედით შებრუნდა და იგივე გაიმეორა, – თავადიშვილო, – ალექსანდრესაც თავი მცირედ დაუკრა და გასასვლელისკენ გაემართა.

მხლებლებმაც ეგეონს მიბაძეს და მთავარქურუმის ხელქვეითის კვალდაკვალ მისაღები ოთახიდან გავიდნენ.

                                                                                                                              5
ალექსანდრეც ქვეიტაჰს გასაცილებლად თან გაჰყვა. კართან მისულები არ იყვნენ, როცა ეგეონმა თავადიშვილს თითქმის ჩურჩულით გადაულაპარაკა:
– ალექსანდრე, უნდა ვისაუბროთ?
– კარგი, ეგეონ! – ღიმილიანი სახით თავაზიანად და ამაყად უპასუხა ალექსანდრემ, – გთხოვთ, სტუმართა მისაღებ ოთახში გავიდეთ! – თავადიშვილმა სტუმარს მარცხნივ, დიდი ხის კარებისკენ, თვალით ანიშნა.

ალექსანდრე ქვეიტაჰს გალიაკისკენ გაუძღვა, რომელიც მისაღების ოთახის მოპირდაპირედ მდებარეობდა.

სტუმართმისაღები მთავარ ოთახზე მომცრო ზომისა იყო, თუმცა მდიდრულად გაწყობილი: მაგიდაზე დარანა სასმელისთვის განკუთვნილი სამწდეურითა და ფაიფურის სიფრიფანა ჭიქებითურთ სხვადასხვა სახეობის ღვინით სავსე ხელადა და ჭინჭილა ელაგა; დიდრონ ფანჯრებს, ეზოს რომ გადაჰყურებდა, ოქროცურვილი ფარდაგები ეფარებოდა; ყველა კუთხეში სავარძლები იდგა, ერთ-ერთი მათგანი კი ოთახის კიდეში მდგარი ფანჯრის მოპირდაპირედ განეთავსებინათ, რათა სტუმარი მშვენიერი ხედით დამტკბარიყო.

ალექსანდრემ ქვეიტაჰს დაჯდომა თავაზიანად შესთავაზა და სავარძლისკენ მიუთითა.

– ღვინოს ხომ არ დალევ? –  თავადიშვილმა, განსაკუთრებული პირობითობის გარეშე, ეგეონს ისე ჰკითხა, როგორც კარგ ნაცნობს მიმართავენ ხოლმე.
– არა, მადლობა, – ქვეიტაჰმაც მეგობრულად იუარა, –  მხლებლები მახლავს. მარტო არ ვარ, რომ მივეძალო მიწიერს სიამეებს, – ტუჩის კიდეებით გაიღიმა, მაგრამ ძლიერ უნდოდა ღვინით სავსე ჭიქა გამოერთმია და მათრობელა წვენი ბოლომდე გამოეცალა. გაიფიქრა: „მღელვარებას მაინც დამიცხრობს“.
– როგორც გინდა, – ალექსანდრემ ღვინო მისთვის დაისხა და ეგეონს გვერდით მიუჯდა, – ელენის ამბის სათქმელად შენ რატომღა გამოგგზავნეს? იციან?

ალექსანდრეს აღელვება შეეტყო. ეგეონს თვალებში ჩახედა – მისი შავი თვალები თავადიშვილს ყოველთვის იზიდავდა.

– კარგია, რომ ამ საკითხზე საუბარი დაიწყე, – ეგეონი უხერხულად შეიშმუშნა, – ტრილონიამ გამომგზავნა, მისი დავალებით მოვედი, – ქვეიტაჰმა თავადიშვილს თვალი აარიდა.
– ტრილონიამ? – ალექსანდრეს აღელვება შეშფოთებაში გადაეზარდა, ღვინის ჭიქა ბოლომდე გამოცალა, – რატომ? ხომ არ გითქვამს? კარგად იცი, ჩვენნაირები ჯადოქრების თანაწონადი დამნაშავეები არიან, – წამოდგა, ოთახში მშფოთვარედ გაიარ-გამოიარა, ჭიქა წითელი, სისხლისფერი ღვინით კვლავ შეივსო. არ დამჯდარა საუბარი ისე გააგრძელა, – იგივე ბედი გველის რაც ელენის.

ეგეონი დუმდა. მათ შორის რამდენიმე წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა. ქვეიტაჰის დუმილი ალექსანდრეს ცუდად ენიშნა. ის საუბარს თითქმის არასდროს წყვეტდა, ყოველთვის რაღაცას ჰყვებოდა, სათქმელი არასდროს ელეოდა.

– თქვი! – თავადიშვილმა მოუთმენლად შეჰყვირა. თვალებში სიბრაზისა და შიშის ნაპერწკალმა გაუელვა.

ეგეონი პასუხის გასაცემად ჯერ ფეხს ითრევდა, ხოლო შემდეგ მასში დაგროვილ მხნეობას, გამბედაობასა და ვაჟკაცობას მოუხმო და სწრაფად მიახალა:
– ყველაფერი იცის, – ქვეიტაჰმა თავი დამნაშავესავით ჩაქინდრა, – როდესაც ქვეიტაჰად აკურთხებენ, ის ცოდვათგანწმენდის  წესთააღსრულებას  გადის... თვით-ეს ადათ-წესი შენც ხომ კარგად იცი?! – ბიჭს უნუგეშო ხმა ჰქონდა.
– რა თქმა უნდა, ვიცი. მაგიტომაც ვთქვი უარი ქვეიტაჰობაზე,  – ალექსანდრემ ხმის დაუწია, მაგრამ გაბრაზება არ გაჰქარვებია. ხელი ისე უთრთოდა, ჭიქას ძლივს იჭერდა, ჩოხაზე ღვინო რომ არ გადმოსხმოდა, – შენ კი ყველაფერი დაფქვი, ხომ?! – ჭიქა კედელს ესროლა, შეანარცხა და ჭურჭელი ნამცეცებად დაიფშვნა.
– აბა, რა უნდა მექნა, ეგ ჩემი წოდების ადამიანისთვის ერთადერთი საშუალებაა, რათა ამ ქვეყანაში კაცმა სახელის დამკვიდრება შეძლოს.
– სახელი?! – დამცინავი ხმით ჩუმად გაიმეორა ალექსანდრემ, – სახელი ხომ?! – ხმას ისევ აუწია. გაიღიმა, მაგრამ უფრო სიბრაზისაგან, – გარუთ-ჟაჰული აჯიღა მოიხვიე თავს ?! თავისუფლებას მსუყე ტუსაღობა არჩიე. როგორც ჩანს, მხოლოდ სახელია შენთვის მთავარი და არა ჩვენ!
– ერთად რას მივაღწევდით?! – ქვეიტაჰმა მრავლისმეტყველად უხერხულობისა და სირცხვილისგან აღაჟღაჟებული სახით თავადიშვილს მიმართა.
– ჰმ, – ალექსანდრემ ჩაიღიმა, საკუთარ თავს დასცინა, – მართალია, ეგება ვერაფერს მივაღწევდით; შესაძლოა მთელი ზენეათისა და სარაჰის სახელმწიფეოს პირისპირ მარტონი დავრჩენილიყავით, რისთვისაც მზად ვიყავი, მაგრამ გვიან მივხდი, რომ ანგარება შენი სულის ნაწილია, – ალექსანდრემ ბოლო სიტყვებზე განსაკუთრებულად გაამახვილა ხმაჟღერადობა და ლივზინეურად წარმოთქვა.

თავადიშვილი ფანჯარასთან მივიდა. ეგეონთან ახლოს ყოფნა არ უნდოდა; ერთ დროს უახლოესი პიროვნება, ახლა მისთვის უცხო გახდა. ცას შეხედა და დანანებით გაიფიქრა: „მეც ის ბედი მელის, რაც ჩემ დას“.

დიდხანს დუმდნენ. ალექსანდრემ სცადა, დაწყნარებულიყო. დამშვიდებულ გონებაზე კი ეგეონის სიტყვები, „ტრილონიამ გამომგზავნა, მისი დავალებით მოვედი“, გაახსენდა და გადაწყვიტა ტაძრის ხელქვეითისგან ბოლომდე გაერკვია, ლეტას მისგან რა უნდოდა, რას მოელოდა.

ეგეონის მიმართ ზურგით მდგარმა თავადიშვილმა, არ სურდა მისთვის თვალი გაესწორებინა, თინჩი, აუღელვებელი ხმით ჰკითხა:
– რა უნდა ტრილონიას ჩემგან?
– შენგან?
– აბა, ვისგან? – გაიკვირვა ალექსანდრემ.
– შენგან არაფერი. არაფერს დაგიშავებს, ეს საქმე მე მოვაგვარე, – ქვეიტაჰი ფეხზე წამოდგა და თავადიშვილს მიუახლოვდა. ეგეონი ბიჭთან მეტად ახლოს მივიდა, ისე ახლოს, რომ ალექსანდრე მის სუნთქვას ყელზე გრძნობდა, – შენ ელენის გაქცევისგან თავის არიდებისთვის სჭირდები, საბაბი ხარ; ელენიმ იცის, თუ გაიქცევა ან გაქრება, ანდა ჯადოძალით რამეს მოიმოქმედებს, მამაშენს მისი წერილის საფუძველზე დაიჭერენ, შენ კი მამაკაცთან ლილატუნალისთვის  გაგასამართლებენ.
– ჰმ, გასაგებია, – ალექსანდრემ თავი მოაჩვენა, თითქოს ჩაფიქრდა.

მცირეოდენი შეყოვნების შემდეგ თავადიშვილი შემობრუნდა, ეგეონი მეტისმეტად ახლოს მოეჩვენა, მით უმეტეს ახლა, რადგან თვლიდა, რომ უღალატა და მათი სიყვარული ქვეიტაჰობისთვის გაჰყიდა;  ანიშნა მოშორებოდა, თვითონა კი კარისკენ წავიდა, და მხნე ხმაჟღერადობით უთხრა:
– მე, პირადად, არც ტრილონიას მეშინია და არც სიკვდილის. ჩემს დას მე თვითონ ვეტყვი, რომ რაც უნდა ის გააკეთოს და საკუთარი სიცოცხლე ჩემ გამო არ გასწიროს. ახლა კი მშვიდობით, ქვეიტაჰო, – კარი გააღო, – შენი წასვლის დროა! – მკაცრად მზერით კარისკენ მიუთითა.

ეგეონი კარებთან მივიდა, ალექსანდრეს ახედა. თავადიშვილმა ბიჭის თვალებში სირცხვილი ამოიკითხა, მაგრამ მისთვის ეგ უკვე არაფერს ნიშნავდა.
– მე მაინც მიყვარხარ! – მთრთოლვარე ხმით უთხრა ეგეონმა.
– მე კი მადლობის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ – ტრილონიასთან „იმ საქმის მოგვარება“ არაფერია, – ალექსანდრემ საკუთარი ხმა ეგეონის ხმას მიამსგავსა და მისი სიტყვების წარმოთქმისას ქვეიტაჰის გაჯავრება სცადა, – მართალს ამბობენ აღმოსავლელები: „ურასული ფოინუჰით  ყველაზე ახლობელი ადამიანები გაგიმასპინძლდებიანო!“ !
– ნახვამდის, თავადიშვილო, – ეგეონმა გასვლისას თავი დაუკრა.

ალექსანდრემ არაფერი უპასუხა, მისთვის არც კი შეუხედავს, ნაწყენი და გულნატკენი გამომეტყველებით გვერდით იყურებოდა.

სტუმარი ოთახიდან როგორც კი გავიდა, თავადიშვილმა სასმისი ღვინით ისევ შეივსო და ბოლომდე გამოცალა.

                                                                                                                                6
ოთახიდან, რომელიც მისაღების გვერდით მდებარეობდა, კირკე გამოვიდა. პატარა კარი მორიდებით გამოაღო, ფრთხილად შეიხედა, აწონ-დაწონა, ღირდა თუ არა შესვლა. როცა დარწმუნდა, რომ მისაღებში მედროშეებისა და მის გარდა არავინ იყვნენ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თქვა:
– ლეო ყველაფერს გააკეთებს, რომ დამნაშავე სიკვდილით დასაჯოს, ხომ გვესმის ეს? – მასპინძლებს მრავლისმეტყველად გადახედა.
– ოჰ, ეს საზიზღარი ადამიანი,  – ღვარძლიანად შეიკურთხა ნანამ, – ფული და დიდება, ორივეს ისე ებღაუჭება, როგორც ახალშობილი  დედის ძუძუს. კარგად გვესმის რასაც მოიმოქმედებს. მისთვის მნიშვნელოვანია დიდება – მეფესთან ფორთხვით ჩავა, თუ დიდგვაროვნობას შეჰპირდება და წოდებას უბოძებს... – თავადისქალი გაღიზიანებული საუბრობდა.
– მართალია. ახლა კი ზუსტად ის შემთხვევაა, დიდებას რომ  მოუპოვებს, – ჩაერთო არჩილი, – აქამდე მხოლოდ ფული ჰქონდა, ამჯერად ის დამნაშავე შეიპყრო, რომელზედაც ვერც კი იოცნებებდა.

კირკემ არჩილს თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და საკუთარი აზრი შესთავაზა:
– მისი სისუსტე ფულია, – ქალს მტკიცე ხმა ჰქონდა, – ქალაქბრალმდებელს იქნებ  შევახსენოთ ანგარებისა და დიდების სურვილი?
– სასიკვდილო განაჩენს მოითხოვს, – აცრემლებული თვალებით თითქმის წაიჩურჩულა ნანამ, ბოლოში კი ხმა გაუწყდა, – ეს მისი დიდების მოხვეჭის შესაძლებლობაა. ამაზე უარს არ იტყვის, არაფრის დიდებით არ დასთმობს.
– რა თქმა უნდა, მოითხოვს, – უპასუხა კირკემ, – იქნებ, დავიყოლიოთ, რომ განაჩენის გამოტანის შემდგომ გავაპაროთ ციხიდან, ამდაგვარად სახელდიდებაც ექნება და ფულიც.

არჩილს სახე გაუნათდა, ამდენი ცუდი ამბის გადამკიდე, ამაზე არც კი უფიქრია:
– შესანიშნავი აზრია, – თავადმა აღტყინებული წარმოთქვა.
– ურიგო არ არის, მთავარია რამდენს მოითხოვს, – ჩაერთო ნანა, – არა მგონია, ცოტას დასჯერდეს. მზად უნდა ვიყოთ, ოქროს სარაჰიტების  გადასახდელად.
– ამ შემთხვევაში, ფულს მნიშვნელობა არა აქვს, საქმე ჩვენს შვილს ეხება, – მტკიცედ განაცხადა არჩილმა, რომელიც ფულს ისევე უფრთხილდებოდა, როგორც სიცოცხლეს.

ნანა მეუღლესთან ახლოს მივიდა, სავარძელზე მოკალათდა, ღვინო დაუსხა და მიაწოდა – უნდოდა, მისთვის სითბო და ნუგეში ეგრძნობინებინა.

– მობრძანდით კირკე, – თავადისქალმა თავაზიანად მიმართა სტუმარს, მოიპატიჟა, დივანზე მიუთითა, რათა დამჯდარიყო.
კირკე დიდგვაროვნებს გვერდით მიუჯდა, თავს ისე გრძნობდა, თითქოს მათი ახლობელი ყოფილიყოს.
– წერილს ჩვენს მესარაჰიტესთან დღესვე გავგზავნი. შენ კი, – ნანამ მიმართა არჩილს, – ლეოსთან შორუწყისი აფრინე, შეხვედრა სთხოვე. ხვალვე განიხილეთ ეგ ამბავი, დრო არ დავკარგოთ, ყველაფერი სწრაფად უნდა მოგვარდეს... – აჩქარებით და აღელვებით საუბრობდა, არ უნდოდა, რამე გამორჩენოდა.

უეცრად მისაღებ ოთახში ყრუდ მოისმა კედელზე ჭიქის შენარცხებისა და დაფშვნის ხმა, თუმცა ამისთვის ზედმეტი ყურადღება არავის მიუქცევია. არჩილმა კარისკენ გაიხედა, მაგრამ გაიფიქრა მომესმაო და საუბარს მიუბრუნდა; ნანასა და კირკეს კი საერთოდ არ შეუმჩნევია.

– კირკე, – მიმართა ნანამ, – თქვენ უნდა დაგვეხმაროთ, ფულს კალაისს ჩვენ ვერ მივაწვდით, ეჭვებს გააღვივებს. თქვენ თუ მიუტანთ, უაღრესად მადლობელი დაგრჩებით.

კირკემ თანხმობის ნიშნად მცირედგაღიმებული სახით თავი დაუკრა.

– ელენისთვის ყველაფერს გავაკეთებ, – ჯადოქრის ნათქვამში გულწრფელობა იგრძნობოდა, – მართლა ნიჭიერი მისანია, ჯადოქრობის ენაც შესანიშნავად აითვისა. ასეთი შესაძლებლობის ადამიანი ზენეათსა და სარაჰის დასავლეთ მხარეში არავინაა.

კირკემ არჩილს გახედა. იმის გაგებამ, რომ ელენი და კირკე ზენეათსა და სარაჰის სამეფოში ერთადერთი ჯადოქრები არ იყვნენ, თავადი ცოტათი შეაშფოთა.

– ზენეათში რამდენი ჯადოქარია? – არჩილის ხმაში ცნობისმოყვარეობა და ცქვირინი იგრძნობოდა.
– ო, თქვენო ბრწყინვალებავ, – თავმდაბლად მიმართა კირკემ, – იმაზე მეტი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, განსაკუთრებით ლეოსა და ტრილონიას, – მრავლისმეტყველად გაიღიმა, – ზენეათი ალჯანეულის დაარსებული ქალაქია, პირველი არამზმელი, ვინც ამ ქალაქში დასახლდა, სარაჰის გადარჩენილი დედოფალი, სესილი, და მისი ქალიშვილი, ქრისტინე, იყვნენ.
– არ მსმენია მათ შესახებ, – მხრები აიჩეჩა არჩილმა.
– თრაგონების შესახებ ხომ გსმენია? – ჰკითხა ნანამ მეუღლეს და მისკენ შებრუნდა.
– რა თქმა უნდა, – არჩილმა გულუბრყვილოდ გაიცინა, – მათ შესახებ წერა-კითხვის არმცოდნესაც კი სმენია.
– კარგია რომ გსმენია, სესილი თრაგონი ჩემი წინაპარია, – ნანამ  ყველასგან მოულოდნელად განაცხადა და თავი ამაყად წამოსწია, – არავინ იცის ეგ ამბავი, დარიელთა სამეფო ოჯახს დღესაც ვემალებით და სიცოცხლეს ვუფრთხილდებით. მას შემდეგ, რაც თრაგონთა სამეფო გასაგისი  დარიელებმა რაჰიდან განდევნეს, სესილი მხლებლებითურთ აქ დასახლდა.

არჩილი საკუთარ მეუღლეს გაოცებული შესცქეროდა, რომელშიც ახლა უფრო მეტ საიდუმლოსა და გამოცანას ხედავდა, ვიდრე სახლიდან მრავალი ათასადლეულის მოშორებით ვაჭრობის დროს გამართული მოლაპარაკებისას.

– ეგ ამბავი თქვენს ოჯახში ყველამ იცის? შენმა ძმამაც იცოდა? – ჰკითხა არჩილმა მეუღლეს.
– კი იცოდა, მაგრამ ეგ საიდუმლო ვერიოსელებთან ბრძოლისას, პეტროკალას ველზე მასთან ერთად მოკვდა, – ძმის სიკვდილის გახსენებისას ნანას სახეზე ნაღველი დაეტყო, – სესილი ჩემი შორეული ბებია იყო, ხოლო სესილის ზენეათში მზმელი და ჰყავდა, მაშინ ამ ქალაქში მხოლოდ ჯადოქრები სახლობდნენ. რაჰის სასახლიდან გადმოხვეწის შემდგომ, დას შეაფარა თავი. ხიზნად იყო. სიცოცხლის ბოლომდე უკან დაბრუნების იმედი ჰქონდა. თუმცა როგორც ხედავ... თვითონ მოკვდა, იმედი კი დღესაც ცოცხლობს, – თვალები მრავლისმეტყველად მოჭუტა.
– ამიტომაც არცერთი ტაძარი ქალაქში არ აშენებულა და არ აშენდება, რადგან ალჯანეული რწმენისგან თავისუფალია, ნებისმიერ აღმსარებლობას პატივს მივაგებთ, მაგრამ ჩვენთვის არც ერთია უპირატესი,  – ჩაერთო კირკე.
– აჰა, ნამდვილად თავშესაქცევი ამბავია, – არჩილმა კირკეს ნაამბობის მიმართ გულგრილობა გამოამჟღავნა, – მაგრამ ეს იმას ნიშნავს, – უეცრად თითქოს ყველაფერს მიხვდაო, თავადს სახე გაუნათდა, – ჩვენი შვილები, – მრავლისმეტყველად გახედა ნანას, – სარაჰის ტახტის  მემკვიდრეები არიან?!
– ამაზე არც კი იფიქრო, – სიბრაზისგან ნანა სასტიკ ძუ ლომს ემსგავსებოდა ხოლმე, მასში ახლაც გაიღვიძა დედობრივმა გრძნობებმა, რომელიც შვილების დაცვას ჰკარნახობდა, – ერთ შვილს ვკარგავთ, არ ვაპირებ მეორეც დავკარგო. ნუ მიეცემი ფუჭ ოცობოდებს, – გააფრთხილა მეუღლე, − მეტიც, სარაჰის ტახტზე არანაირი უფლება დაგვრჩენია, ჩვენი გასაგისი მკვდარია და მატიანეს კუთვნილება.

არჩილი ყოველთვის ერიდებოდა მეუღლის გაჯავრებას, გულს უკლავდა, როდესაც ნანა ტიროდა ან რაღაცაზე ცხარედ ბრაზობდა, ამიტომ შეწყვიტა ამ საკითხზე საუბარი. თავადს უეცრად თითქოს რაღაც გაახსენდაო, მიიხედ-მოიხედა – ვიღაცის პოვნას ცდილობდა.

– ალექსანდრე სად არის? – არჩილს გაკვირვებული სახე ჰქონდა. წამოდგა და გასასვლელი კარისკენ გაემართა. კარი შეაღო და თავადიშვილი დაინახა, რომელიც ქვეიტაჰს აცილებდა. არჩილმა ქვეიტაჰის ბოლო სიტყვები გაიგონა:
– მე მაინც მიყვარხარ.

ალექსანდრემ კარი დახურა თუ არა მიმავალ ეგეონს თავადმა მზერა გააყოლა და გაფითრებული სახით შემობრუნდა ოთახში. სახე თოვლის ფიფქივით გაუთეთრდა, გეგონება ღამის ლანდებით მოფენილ შუკებში მოჩვენება დაენახაო. თავს ისე გრძნობდა, თითქოს გულზე მარყუჟი მოუჭირეს, ხელები შეუკრეს – სუნთქვა უჭირდა, მაგრამ არ უნდოდა დასტყობოდა და თავი მედგრად დაიჭირა.

ნანამ მეუღლეს შეუძლოდ ყოფნა მაშინვე შეატყო. ჰკითხა კიდეც, მაგრამ არჩილმა პირში წყალიო დაიგუბა, პასუხი არ გასცა. თავადისქალს სურვილი არ ჰქონდა ჭიასავით შესჩენოდა და უპასუხო კითხვის ჩასძიებოდა. 

არჩილმა მხოლოდ ის შეძლო, კირკესთვის, მისი დახმარებისთვის, მადლობა გადაეხადა და  ოთახიდან მძიმე ნაბიჯით გავიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები