ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2019


კედელი

ჩემთვის კედელი ხარ,
ცოცხალი კედელი,
მისმენ,
კარგად გესმის
რას გეჩურჩულები,
მაგრამ თავად მუდამ
დუმილს ინარჩუნებ.
უტყვი კედელი ხარ,
მაღალი და მშვიდი...
თუმცა საზრუნავი
გყოფნის ერთი - შვიდად,
მაინც მომიჩრდილებ
თუ სიცხისგან ვიწვი,
მზისგან - მიწის გულზე,
ან სხვა მიზეზებით.
ცდილობ დამიამო წყლული,
რაც კი შევიძინე
მე - შენამდე გზაზე,
მაგრამ  სხვა სამანის
გადალახვა აღარ დამანებე...
არ გსურს ვიყო შენი,
არც მოზაიკა,
არც ბარელიეფი...
და რაც არ უნდა ვცადო,
თუ კი არ ისურვებ
შემომიშვა შენში,
მხოლოდ შეგასკდები
სისხლის ტკივილამდე...
ვიცი რა რთულია
გულის გამოღება,
ფრთხილი ნაბიჯით
რომ შემოვსულიყავი,
როგორც კარში,
მაინც!
მაგრამ ჩემდა ბედად,
გირჩევნია ასე,
როგორც არის -
ჩემს საკუთარ
თავს თუ დამანახებ
შენი სიმაღლიდან,
ისიც,
ხანდახან და ფრთხილად.
ნეტა რისთვის?!
ან გრძნობ
რომ ვერ შეძლებ
დროში დიდხანს  მზიდო
და სწორედ ამიტომ,
ირჩევ მოგეფარო ქარში,
შენ კი მიფარებდე,
ირჩევ მისაყრდენო,
და მეც გეყრდნობოდე
ლაღად, თავისუფლად,
ჰოდა მეც გნებდები,
რადგან ვერ გტოვებ
და უკან ვეღარ ვიხევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები