ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: მზის საგალობელი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2019


განაჩენი

არ მაპატიე...
ლექსის წერას რომ შეგაჩვიე  ნარკოტიკივით,
ყოველ ჯერზე მოვდივარ შენთან ძალიან ახლოს,
დაგტრიალებ თავზე ქარივით,
საფეთქლებზე ჩამოშლილ ტკივილებს ვეძებ,
ერთად გიკრავ  და სარკეში გახედებ,რომ დაგანახო
როგორ გეზრდებიან შუბლზე დარდები...

მოგზავნილივით ქარი ხშირად  ჩემსკენ უბერავს,
ხან კი პირიქით, სხვა მხრით ქრის და მაინც ვეხლები,
რაბი, ცხოვრება ერთი დიდი მყრალი გუბეა,
ვერც ვიხრჩობი და მაინც სველი დამაქვს ფეხები
და მოთმინებაც კი არ შემრჩა იოტისხელა,
შემორღვეული სული ვკემსო ნერვების ძაფით,
მოგზავნილივით ქარი ხშირად ჩემსკენ უბერავს,
მალე წამიღებს, ჩამეჭიდე, მიშველე რაბი.

მე იმედი ვარ..მოვდივარ შენთან მაშინ,
როცა გჭირდები,
როცა აზრი არ აქვს ილაპარაკო ამინდზე, ქარზე,
არავინ გისმენს, ამიტომაც მებრალები,
დაღლილ ქალივით  ჩამოგიჯდები ხოლმე სულთან ახლოს და
ვთვლემ- დიდი ხნის ნაგროვებ ტკივილთან ერთად.
შენ ნუ იდარდებ,
ნუ გეშინია, როგორც ყველა მეც ოდესმე გამოვიღვიძებ,

მათ დამიმტვრიეს ყველა ხიდი, ოდესმე სადაც
გამივლია და გასავლელსაც უმალ მიადგნენ,
რაბი, ჩამოვრჩი სულყველაფერს წამების გარდა,
ფეხარეული მივუყვები  ისევ ლიანდაგს,
მატარებელიდან უბილეთოს აგდებენ მგზავრებს,
გარეთ სიცივე, როგორც ძაღლი ღამეებს უყეფს
ასიათასი ჭიასავით მომდგნენ და მხრავენ,
ძვლებზე დავიდნენ, აღარ დარჩათ საჭმელი უკვე.

მაშინ გგონია ყველაფერი მთავრდება...
როცა საღამოს ეხვევიან მაჯლაჯუნები
და სარკმელთან თვითმკვლელივით უბრალოდ დგახარ,
არ ელოდები მკლავს დაგიჭერს, უკნიდან ვიღაც შეგაჩერებს,
როცა ამ მომენტს სინანული ნაკლებად ახლავს,
მხოლოდ საკუთარ ტკივილს იწოვ სულიდან სისხლით,
რომ მწარე გემომ  გამოჟონოს გამშრალ ტუჩებში,
ცოტათი მაინც გაამართლო ფანჯრებთან დგომა უმისამართო ...


და უღმერთობა შემეყრება, როგორც ვირუსი
ოცდაცხრამეტი გრადუსივით შუბლზე დამაჭერს,
მერე, ოთახი და ხმაური ფანჯრის მიხურვის
რაბი, ჩვენ თვითონ ვირჩევთ ხოლმე ასეთ განაჩენს,
რადგანაც ვიცით მაღლა ცაა და ცაში ღმერთი
ღმერთში კაცია, კაცში ღმერთი, უფალი, მამა
გრძელდება ასე ამიტომაც სიცოცხლეს ვერ ვთმობთ
და როგორც მძიმე განაჩენი ჯვარივით დაგვაქვს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები