ნაწარმოებები



ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2019


კაკლის მბერტყავი ქალები

ქალი იყო, სახლიც იყო, იქვე ყანა, მონა-მხევალი, ხარი და ვირი.
მე არ ვიყავი, მე უბრალოდ ვიყავი მგზავრი,
და როდესაც დავინახე ყველანი ერთად,
დავკარგე ღმერთი სადღაც, მათ შორის არ არსებულ დაცილებაში,
მერე დავკარგე სიყვარული სადღაც ჩემს გულსა და სირცხვილს შორის,
და უცებ გაქრა ქალი თვალსაწიერიდან,
მხოლოდ სახლი დარჩა, ყანა დარჩა, მონა-მხევალი, ვირი და ხარი.
და სწორედ ამ დროს დაბრუნდა ღმერთი,
ღმერთი რომელსაც ახლდა ქალი,
ქალი რომელიც შეუერთდა სახლს, ყანას, მონა მხევალს, ხარსა და ვირს,
მეც საბოლოოდ დავკარგე ღმერთი სიყვარულივით.
ამჯერად ქვეცნობიერის მიუწვდომელ რეალობაში ღრმად დავმარხე,
და ქალს გავყევი, რომელიც გულის ქშენით აღმართ-აღმართ მიდიოდა.
ცალ ხელში შვილი ეჭირა, მეორე ხელში ქმარი,
დრო-და დრო ქმარს ჩამოდებდა, ისვენებდა და გზას აგრძელებდა,
შვილს კი ხელიდან არ უშვებდა,
არც მაშინ როცა მიდიოდა, არც მაშინ როცა ისვენებდა.

მერე ტყე ნახა, დიდი, კაკლის ტყე,
ტყეში შევიდა, ქმარი და შვილიც შიგ შეიყვანა.
აიხედა და ყველა ხეზე თითო ქალი იყო აცოცებული,
ყველა ხის ქვეშ კი იმ ქალების ქმრები და შვილები ეყარნენ,
თვითონაც ნახა უქალო ხე, ქმარი და შვილი ქვეშ დაყარა ზედ ავიდა.
ბევრი იცოცა, ძალიან ბევრი, და როდესაც კენწეროში მიაღწია,
დაიწყო კაკლის ბერტყვა ქმარ-შვილისათვის.
ჯერ დაიღალა, მერე უფრო დაიღალა, მერე სულ უფრო,
ბოლოს, როდესაც მიეჩვია ამ კაკლის ბერტყვას,
ჩამოიხედა,
დაინახა რომ ვერ ამტვრევდა კაკალს ქმარ შვილი.
ძირს ჩამოვიდა, ამდენი ხნის ნაბერტყ კაკალს დაუწყო მტვრევა,
დიდ ხანს ამტვრია, იმდენად დიდ ხანს, რომ ხეზე ასვლის დრო რომ მოვიდა,
სწორედ მაშინ დაამტვრია ბოლო კაკალი.

* * *

მე იქ არ ვიყავი, მე უბრალოდ ვიყავი მგზავრი,
დიდ ხანს ვუყურე, ძალიან დიდ ხანს, მერე დავბრუნდი იქ,
სადაც მეგულებოდა სახლი, ყანა, მონა-მხევალი, ხარი და ვირი.
სახლში შევედი, სადაც ვნახე ჩემი დაკარგული ღმერთი,
კედლის მიერ ჯვარზე მილურსმნული,
ჯერ დავიძინე მის ქვეშეთში,
გაღვიძებულს კი ქალი დამხვდა ჩემს გვერდით დაწოლილი.
არა, მის მიმართ არ მითქმიდა ნამდვილად გული,
მე ხომ ღმერთიცა და ქალიც დაკარგული მყავდა,
ჰოდა დავტოვე ქალი, სახლი, ყანა, მონა-მხევალი, ქალი და ვირი.
უნდა ტყის გავლით გამევლო გზა და ბედსაც ვწეოდი.
თუმცა ტყის პირას ბაზარი დამხვდა და იქ შევჩერდი,
ნიგვზის ბაზარი _ ასე ერქვა იქ გახსნილ ბაზარს,
იდგნენ კაცები ძირითადად დახლებთან და ნიგოზს ყიდიდნენ,
სხვა დახლებთან კი გოგონები იდგნენ და ყიდნენ,
ის გოგონები, ვინც ცოლებად მოიყვანეს ხეზე ასული ქალების შვილებმა.
ბევრი არ მქონდა, ცოტა ნიგოზი ვიყიდე ერთი გოგოსგან.

გზა გავაგრძელე, ტყით გავაგრძელე ჩემი გზა,
ქალები იყვნენ კაკლის ტყეში ხეზე ასულნი,
ბერტყდნენ და ბერტყდნენ კაკლებს დაუღალავად,
ზოგი _ შეჩვეულნი, ზოგი _ ამ საქმეს მიჟაჭვული,
ზოგი _ უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით.
მაგრამ იქ იყვნენ და კაკლებს ბერტყდნენ,
ბერტყდნენ და ბერტყდნენ, და ისევ ბერტყდნენ,
ისევ და ისევ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები