ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2019


სარდაფის ცოლები "გასვლა"

"სარდაფი ნომერი 19"...
უკაწკაწებს კბილები
საათს.
თორმეტივე შავი ეშვით
ლოშნის და გააქვს  და
გააქვს
წკარა-წკური ქვის ხაოებს.

იგალობებს,
იცის აქ მრევლი მალე,
შავი და ბოხი ხმით ჩაახლიჩავს
მიწას ნეკნებს, მიწას...

მიწას, რომელსაც აქამდეც
მიაქვს თმაზე დაკიდული ობის
ნიშნები ბედიანად, ხაზებიანად, მიათრევს
მთლიანს და ამისგან ამოყავს ბალახები თქვენ რომ
დადიხართ და თიბავთ, რომ ახმობთ და აჭმევთ ცხვრებს
და  ბატკნებს და ნაგვემი ხორცით დანაყრებული ბღავიან
ბატკნები. თქვენ უკეტავთ საბძელს კარებს და იძინებთ.
***
(ძილი მშვიდი. ნების
ძილი. ანგელოზი
თავთით გიზის.
კუდიანი
კოჭლი
ფეხით
ხევში
ხუვში
მიწად
მიდის.
ამბისასა,
შავმბისასა
არ ხედავდე
ამისასა. ძილი
მშვიდი. ნების ძილი.
ანგელოზი თავთით გიზის.)

***
სარდაფი ნომერი 19
კედლები ღამესთან იცდიან,
მიტკლისფერ პერანგით ამოდის
მიწიდან მიწაზე. შიშიან, ტერფებით-
მერცხლების ფეხებით, სიჩუმემ სარდაფი
გაავსო. ამოდის, სუნი აქვს ნაზამთრი, იგლიჯავს
გიშრებს და სამაჯურს.იგონებს ყვავებს და პირიდან
სულები სცვივიან.  იხსენებს, კაცს წითელწვერებას სარდაფებს
ცელით რომ იცავს და დარაჯობს. იწმინდავს  საფეთქლებს ქონიანს
სერზე მგლების ლოცვებს ბუტბუტებს, გალობს და ლელქაშის მაგივრად
მიტკლისფერ პერანგზე ქანაობს. სარდაფი ნომერი 19 კანკალებს საათი ეშვებში...
***
და მიდის,
მიტკლისფერ პერანგით
სარდაფის ობობებს შიშიან
ღიმილით აუხსნა თვალები.
***
ზამთრის ცას მერცხლები სცვივიან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები