ნაწარმოებები



ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2019


მტვერი (თავი 3. ნაწილი 1-6)

                                                                                                                                      შუშჰალიჶ
                                                                                                                                      (სიცოცხლე)


                                                                                                                                                1
მზემ თვალები მინაბა. ხომლი შუშპარს  ასრულებდა. ზენეათის მოდარაჯე ტევრი ქალაქს შეუკრთომლად გადმოჰყურებდა; ქარი ღრმა ძილს მისცემოდა, ხოლო ვარსკვლავებით მოკირწყლულ ცაზე იაკამი , როგორც სინათლის დარაჯი, ამაყად შეკიდულიყო.

  მანგით განათებულ ბილიკს ტრილონია ქალაქის დილეგისკენ ფეხით მიუყვებოდა. გამარჯვება უზომო სიამოვნებას ჰგვრიდა – არაფერი ახარებდა ისე, როგორც დასახული მიზნის მიღწევა.

გრძნეულის დილეგის კარი ჭრაჭუნით გაიღო და ოქროცურვილ სამოსში გამოწყობილი ლეტა შევიდა. ტრილონია ვერ მიხვდა, ამ ღამით ელენისთან რა უნდოდა, ჯადოქარს რატომ ეწვია. ქალი სატუსაღოში გაუცნობიერებლად მივიდა, განსაკუთრებული არც მიზანი და არც განზრახვა ჰქონია; იჭვნეული ფიქრობდა, რომ გამარჯვებით დატკბებოდა, თავადიშვილს თვალებში ჩახედვა და მის მზერაში სასოწარკვეთილ ან მუდარანარევ ანარეკლის დაიჭერდა.

ლეტას ქურუმის ოქრომკედიანი მაზარა მოესხა. დილეგში შესვლისთანავე ციხისმცველს უთხრა, გარეთ დალოდებოდა. მგლისნიღბიანი მანდატური ნესტიან სატუსაღოს გაეცალა და საკნის კარის ჩაკეტვის ხმაც გაისმა.

ელენი სტუმართან ზურგით იდგა, მის წინ აღმართულ უსახურ კედელს გაჰყურებდა; მაღლა იყურებოდა. ლეტას შემოსვლისას თავი ოდნავ შემოაბრუნა, რათა ენახა,  ვინ იყო და ისევ კედლის ცქერა განაგრძო. ჯადოქარი არ მოელოდა ლეტას სტუმრობას – ის ხომ ალჯანეულს უფრო მეტ ბოროტებად თვლიდა, ვიდრე თვით სიკვდილით დასჯას. ელენი ფიქრობდა, რომ ოთხკედელშუა სასჯელის აღსრულებამდე მარტო იჯდებოდა. ამიტომ ტაძრის მდივნის სტუმრობა ერთგვარი შვებაც იყო; ბოლოსდაბოლოს, ვიღაცას დაელაპარაკებოდა, აღარ  იქნებოდა ქვისა და სიბნელის ამარა, რომლებიც ისეთივე უსულგულოები იყვნენ, როგორც მკვდრის გაშეშებული სხეული.

ბოლო ხანებში ელენი სიკვდილზე ხშირად ფიქრობდა. ცდილობდა, ძლიერ ცდილობდა, თავიდან ეს საზარელი ფიქრები განედევნა, მაგრამ სიკვდილით დასჯის დღე რაც უფრო ახლოვდებოდა, სასოწარკვეთა და უიმედობა მით უფრო ეუფლებოდა.

ტრილონია ელენის უცნაურ ქცევას ცნობისმოყვარეობით უცქერდა და საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა.

სტუმრის მოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თავადისასულმა, ისე რომ არც შემობრუნებულა, მშვიდი ხმით მიმართა:
– მშვენიერი გათვლა იყო წერილი, – ელენიმ ჩაიღიმა; ლივზინეური ხმაჟღერადობა ჰქონდა.
– გეთანხმებით, თქვენო ბრწყინვალებავ, მაგრამ ვფიქრობ, წერილის დაწერით თქვენ თვითონ გაითხარეთ სამარე, – მხიარული ხმით უპასუხა ტრილონიამ, – რომ არა წერილი, ალბათ, ზენეათიდან კარგა ხნის წასული იქნებოდით – გადახვეწას მოასწრებდით და ამ დაობებულ, ნესტიან საკანში მოხვედრას თავიდან აიცილებდით, – ლეტამ დილეგს თვალი მოავლო და სახეზე ზიზღი დაეტყო.
– შესაძლოა, შესაძლო, – მრავლისმეტყველად უპასუხა ელენიმ და შემოტრიალდა. თვალები ლაჟვარდისფრად უციმციმებდა.

ტრილონია მოულოდნელობისგან შეაკრთო. ლეტამ მორიდებული ხმით, თუმცა მოჩვენებითი სიმტკიცით ჰკითხა:
– რას აკეთებთ? – გაკვირვებულ ხმას ვერაფერი მოუხერხა, ვერ დამალა – მიხვდა, გრძნეული ჯადოძალას იყენებდა − შეეცადა აღელვება არ დასტყობოდა.
– ამისთვის ხელმეორედ ხომ ვერ გამასამართლებთ?! – ელენიმ გადაიკისკისა და განუმარტა, – ღამის ცით ტკბობისთვის ჯადოქრობას ვიყენებ. სიკვდილამდე როგორმე ხომ უნდა გავხალისდე?! ეს ადგილი საშინელებაა, ყველაზე ბოროტი დამნაშავისთვისაც კი, რომ  არაფერი ვთქვათ, უდანაშაულოებზე. მთვარე დღეს განსაკუთრებულად ანათებს, არა?! – ბოლო წინადადება ისე წარმოთქვა, თითქოს ლექს გამოთქმით კითხულობდესო.
– ჯადოძალა, კი მაგრამ როგორ, აქ? – ტრილონიას ელენის ჯადოქრობის არ შეშინებია, ლეტას უფრო ის აშფოთებდა, თავადისასული ჯადოძალას ამ საკანში როგორ იყენებდა.
– მართალი ბრძანდებით ლეტა, მეც გამიკვირდა, როგორ გამოვიყენე ჯადოქრობა აქ, – ელენიმ სცადა გაკვირვება გაეთამაშებინა და ტუჩები გაოცების ნიშნად მოკუმა, – შემოსვლისთანავე ვიგრძენი „ალჯანეულის ბანგი“, მაგრამ, როდესაც ადამიანი ყველაზე სასოწარკვეთილია, უსასოობას ჰყავს შეპყრობილი, მაშინ ვლინდება მასში ამოუცნობი შესაძლებლობები, – უპასუხა, კედელთან ნელი ნაბიჯით მივიდა და ცერა თითი კედელს შეახო, – თუმცა, ვფიქრობ, „ალჯანეულის ბანგმა“ ძალა დაკარგა, თან ჯადოქრობისთვის დიდი ხანია არავინ გაგისამართლებიათ. უკანასკნელი საწყალი მიჯნური იყო, რომელსაც შეყვარებულმაც უღალატა. ამ საკანზე არსებული ჭორები გადაჭარბებულია და ალჯანეულს ვერავითარი კედელი შეაჩერებს, – ბოლო სიტყვები ქილიკური ხმით წარმოთქვა.
– ისიც ავსული იყო და იმსახურებდა სიკვდილს, – ტრილონიას სახე ღვარძლისგან მოეღრიცა, – ჩემი რწმენა ამას ქადაგებს, – თითქოს თავი იმართლა.
– შენი რწმენა? – ელენიმ სტუმარს ალმაცერად გახედა. – ზეჰთარეშში სიკვდილით დასჯაზე არაფერი წერია: „არ მოკვდეს ადამიანი სხვა ადამიანის ხელით, განზრახვითა თუ სურვილითა“, – ზეჰსეთთა მთავარი წმინდა წიგნიდან სიტყვანაკვესი მოიხმო.
– „დაე, განისაჯოს ყველა ავსული და მწველი  ტანჯვით თარეჰის გვერდით მიწამ სამუდამოდ უყოს პირი“, – სიტყვანაკვესითვე უპასუხა ტრილონიამ.
– შინაარს ამახინჯებთ, ლეტა, – ნიშნისმოგებით უთხრა ელენიმ, – ქურუმი მაინც არ იყოთ, ეს სიტყვები ცალკე შინაარსისგანაა დაცლილი, – მშვიდად გაუღიმა და კვლავ ახედა აციმციმებული თვალებით კედელს.

ელენის სახე ჩირაღდნის ბჟუტავ შუქის მიუხედავად კარგად ჩანდა.

– ვერ დაგეთანხმებით, – ტრილონიამ ისე ამოიხვნეშა, როგორც სირბილისგან დაღლილი მალემსრბოლი გრძელი გზიდან წერილის მოტანისას სუნთქავს. ნელ-ნელა ჯორკოს მიუახლოვდა და ჩამოჯდა, ხელები მუხლებზე დაიწყო, შემდეგ მარჯვენა ხელი ჯიბეში გაუაზრებლად ჩაიდო და მტკიცედ და დინჯად განაგრძო, – ზეჰიმ ამ სიტყვებით თარეჰის ლაშქარს მიმართა, როცა ძმა დაამარცხა და ქვესკნელში განდევნა.
– მართალი ბრძანდებით, – ელენიმ ისევ ნიშნისმოგებით მიუგო, – ზეჰიმ განდევნა და არა ადამიანებმა, – შემობრუნდა, თვალები აღარ უციმციმებდა, – ზეჰის არაფერი უთქვამს, არიქა, ადამიანებო, დახოცეთ ერთმანეთი და ავსულებიო.
– გრისტოსმა თქვა: „ზეჰსეთთა ვალია, ამხილოს ავსული და განდევნოს ის ამ ქვეყნიურობიდან“, – ტრილონიამ საკუთარი აზრის განსამტკიცებლად ერთ-ერთი წმინდანის სიტყვები მოიხმო.
– უეჭველია,  გრისტოსმა ეგრე თქვა, – დაეთანხმა ელენი, – მაგრამ ის სიკვდილით დასჯას არ გულისხმობდა. თვითონ მან სიკვდილისაგან იხსნა ის ადამიანები, რომლებსაც ბრალს ავსულობაში სდებდნენ, – ელენის მშვიდი ხმა ჰქონდა, – ტრეფონი დარეთის მეფისგან იხსნა, რომელიც ჯადოქრობაში ადანაშაულებდა; ჰალილი – ათრას მთავრისგან, როცა მას ბრალს მამათმავლობაში სდებდნენ; ელისი – იქრისის ერისთავისგან, როდესაც მას მეძაობაში დასდეს ბრალი – ყველა სიკვდილს გადაარჩინა, – ელენიმ ლეტას გრისტოსის კეთილი საქმეები ჩამოუთვალა, – ეს ადამიანები შეიფარა, როგორც საკუთარი შვილები, მათი სულები სიკვდილისაგან იხსნა და სხეული – ტანჯვისაგან.

ტრილონიას ჩაფიქრებული იერი ჰქონდა. პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. შემდეგ, უეცრად,  თვალები გაუბრწყინდა, ტაში შემოჰკრა და წრიპინით უპასუხა:
– ადამიანის სიკვდილით დასჯა არა ზეჰის ტაძრის გადაწყვეტილება, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებაა, – ყურებამდე იღიმებოდა, – ტაძარს სიკვდილთან არავითარი კავშირი აქვს.
– ეჰ, სამწუხაროდ, ტაძარი ყველაფრის სათავეა, – იმედგაცრუებით წარმოთქვა ელენიმ, – ყოველ შემთხვევაში, მე საკუთარი პირობა შევასრულე და არ გავქცეულვარ, – ტრილონიას მტკიცე ხმით მიმართა, – ახლა პირობის შესრულება თქვენზეა, ჩემს ოჯახს არაფერი ავნოთ. თავი დაანებეთ!
– ჩემზე თქვენი წარმოდგენის მიუხედავად, – ტრილონიამ თავი გააქნია, თითქოს შეურაცხყოფა მიაყენესო, – პირობას ყოველთვის ვასრულებ, მე ქურუმი ვარ და სიტყვა წმინდაა.
– მადლობელი ვარ, – გაუღიმა ელენიმ.

ლეტა ტრილონია ფეხზე წამოდგა, გასვლას აპირებდა, როცა ელენის მამხილებელი ხმა მოესმა:
– ცქვირინისეულია, არა?! ჩემი მოსასვენებლიდან ჩემი წერილი თქვენმა დისშვილმა რა ძალით წამოიღო?!

ტრილონიამ სვლა შეწყვიტა, თითქოს ადგილზე გახევდაო. სახეზე აღელვება დაეტყო, შემოტრიალდა და ენის ბორძიკით ჰკითხა:
– საიდან იცით, რომ ჩემმა დისწულმა წამოიღო? – შემობრუნდა. ლეტა ცნობის დაზუსტებას ცდილობდა.
– მამაჩემმა იცნო, – უპასუხა ელენიმ, – მაგრამ ყველაზე ცქვირინისეული ის არის, რომ მე თვით-ის წერილი მოვაჯადოვე, მხოლოდ ჩემს მშობლებს შეეძლოთ მისი გახსნა, –  ელენის სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა, ისეთი ადამიანს ტყუილში რომ ამხელს.
– მე... მე... მე, – ტრილონიას, უნდოდა თავი ემართლებინა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ აბამდა. ღელავდა, რაც კარგად მის გამომეტყველებასა და ქცევაში გამოიხატებოდა: ძირს იხედებოდა, გაწითლდა, ხელებს იფშვნიდა, – მე არ ვიცი, რას გულისხმობთ, – ბოლო სიტყვები კისკასად წარმოთქვა.
– ო, ძვირფასო ლეტავ, – მტკიცედ და კმაყოფილების გრძნობით მიმართა ელენიმ, – ვიცი, რომ თქვენი დისშვილი გრძნეულია, ამის დამალვას აზრი არ აქვს. სხვაგვარად წერილს ვერავინ აიღებდა, გარდა მედროშისა, ვერავინ მოხსნიდა ჯადოს, გარდა ჯადოქრისა.
– ვერ დაამტკიცებ, გაგიჭირდება, – ტრილონიამ თავის მოკატუნება შეწყვიტა და ჯადოქარს შეუტია. ლეტა მუქარის ხმით საუბრობდა: ხმა გაუმკაცრდა, თვალები ბოკვერის დასაცავად შემართული ძუ ლომისებრ აუკიაფდა,  – გამთენიისას „მიჯნურთა ტბის“ ფსკერზე აღმოჩნდები, არც დრო გექნება და არც შესაძლებლობა.
– არაფრის დამტკიცებას ვაპირებ; რომც შევძლო მაინც, – ელენიმ ტრილონიას ზურგი კვლავ აქცია, – მე თქვენგან განსხვავებით ალჯანეულს არ ვღალატობ და არ ვთვლი, რომ ჩვენ სიკვდილის ღირსნი ვართ. როგორც ვხვდები, არც თქვენ თვლით ყველა ჯადოქარს სიკვდილის ღირსად.

ტრილონიას პასუხი არ გაუცია, კარისკენ გაბრუნდა. დილეგის კარზე რამდენჯერმე ძლიერ დააკაკუნა, რომელიც მალევე გაიღო. გასული არ იყო, როცა ელენიმ სიტყვა დააწია:
– თქვენს დისშვილს ჰკითხეთ, რა მოსდის ჯადოქრებს სიკვდილით დასჯის შემდეგ და რა მოსდით მათ ჯალათებს.

ელენი ლეტას მრავლისმეტყველად უღიმოდა. ჯორკოსკენ გაიხედა, სადაც ტრილონია იჯდა. იქ გრაგნილი დალანდა – ეგონა მეჩვენებაო – ყურადღება არ მიაქცია.

კარის სანახევროდ იყო დახურული, როცა ტრილონიამ ელენის აკიაფებული თვალები შეამჩნია. შეეშინდა. ლეტა ელენის მოელვარე თვალებსა და ჯადოძალას არ შეუშინებია, არამედ დისშვილის მომავალმა შეაშფოთა, რომლიც ისეთი უდრტვინველი აღარ იყო, როგორიც ტაძრის მსახურს ტუსაღთან საუბრამდე ეგონა.

თავადისასულის გაღიმებული სახე დილეგის კარის დახურვასთან ერთად თანდათანობით გაფერმკრთალდა და, საბოლოოდ, სიბნელეში და ლითონის ლუქის მიღმა გაუჩინარდა.

                                                                                                                                                        2
ალექსანდრეს ოთახში მთვარის შუქი ლანდივით იჭრებოდა და ნაზი, ფაფუკი ფოთლებივით კედლებს  ეფინებოდა. თავადიშვილს არ ეძინებოდა. ღამის დედოფლის მოსასხამქვეშ ხმილვას  მისცემოდა. მანგის ვერცხლისფერი ციალი ოთახის გასანათებლად ვერ კმაროდა, ამიტომ ფანჯარასთან მდგარ მაგიდაზე, ოქროს მოჩუქურთმებულ შანდალში ექვსი სანთელი ციმციმებდა.

სანდრო მაგიდასთან იჯდა და წიგნს კითხულობდა. მოულოდნელად არჩილი შვილს ოთახში ეწვია. ალექსანდრემ, მამის დაფიქრებული სახის დანახვაზე, წიგნი სწრაფად დახურა, მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოდგა. თავადის ჩვეულმა დინჯმა, თუმცა უჩვეულოდ მკაცრმა გამომეტყველებამ იგი ააღელვა; შინაგანად ამოუცნობი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მასში გულთმისნის ნიჭმა გაიღვიძაო.

რამდენიმე ხანი ორივენი დუმილით შესცქეროდნენ ერთმანეთს, ალექსანდრე ღამეული სტუმრობის მიზეზის გარკვევას გულისფანცქალით ელოდა და სიტყვას არ ძრავდა. 

არჩილი საწოლზე ჩამოჯდა და შვილთან საუბარი მშვიდად დაიწყო:
– იცი, შენი ხნის რომ ვიყავი, მამაჩემმა საკუთარ სამუშაო ბარანჭაში მიხმო. შიშითა და ძრწოლვით, არც კი მახსოვს, როგორ შევედი იქ, – თავადმა გაიღიმა, – მშვიდად შემომთავაზა დავმჯდარიყავი და შემომთავაზა ღვინო დამელია, თანაც პირველად, – აღელვებით იხსენებდა არჩილი – თვალები აუწყლიანდა, მაგრამ ცდილობდა, ცრემლები დაემალა. 
– ბაბუას, ჩვიდმეტი წლის ყმაწვილისგან რა უნდოდა? – ალექსანდრემ სასხვათაშორისოდ ჰკითხა, თუმცა გულის სიღრმეში ხვდებოდა, მამამისი თუ რას უპასუხებდა.

არჩილმა პირდაპირი პასუხს თავი აარიდა; არჩია, სათქმელისთვის შორიდან მოევლო:
– შვილო, შენ კაცი ხარ უკვე. დროა საფუძველი დაიდო, როგორც თავის დროზე ვქენი მე; თვრამეტი წლის წინ მამაჩემმა მომიგვარა ეს ამბავი. ამიტომაც ვთვლი, რომ ჩემი ვალია, ცოლი შეგრთო. უკვე დროა, შენი თანატოლები უკვე დაოჯახებულები არიან.

ალექსანდრე გაშრა, ოდნავშესამჩნევად აღელდა. იმედი ჰქონდა, რომ იმ წამს რასაც გრძნობდა და განიცდიდა, ცრუ ფორიაქი იქნებოდა. ცოლის შერთვა არ უნდოდა; რაც უარესია, არ იცოდა, თუ მშობლებისთვის როგორ ეთქვა ეს, საკუთარი ფიქრები როგორ გაემხილა მათთვის.

– მამა, დღეს ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევია და ურიგო, – თავადიშვილმა საკითხისთვის თავის არიდება გადაწყვიტა და საუბრის შეცვლას შეეცადა, – ელენის სადაცაა სიკვდილით დასჯიან. ამაზე ფიქრი, ასეთ დროს, ცოტა არ იყოს, მზარავს.

ალექსანდრეს იმის გაცნობიერება, რომ დაოჯახება მოუწევდა, ზაფრავდა; ცდილობდა ყველა ხერხისთვის მიემართა, რათა ქორწილი თავიდან აერიდებინა.

– ვიცი, – დაეთანხმა არჩილი, – ალბათ, მართალიც ხარ, მაგრამ ეს საქმე დროზე უნდა მოვაგვაროთ, – თავადი ალექსანდრეს მიუბრუნდა და ღიმილნარევი სახით მიმართა, რადგან არ უნდოდა უხეშად გამოსვლოდა, – მოდი აქ, –  ხელითაც ანიშნა, მასთან მისულიყო, – დაჯექი!

ალექსანდრე უჯიათი და უსტი არასდროს ყოფილა – მამასთან დამჯერი ბავშვივით მივიდა და საწოლის მეორე კიდეზე დაჯდა. მღელვარებისგან გული სწრაფად უცემდა, სახე შეუწითლდა და ოფლმაც დაასხა.

– მე ვბერდები. ჩემი ქონება კი საკმარისად გაიზარდა საიმისოდ, რომ შენ ცოლის შერთვაზე იფიქრო, – განაგრძო თავადმა, – მინდა, ამ უზარმაზარ სახლში პატარებმა ირბინონ, გაახარებს გულს. ეგება, ის უბედურება შემიმსუბუქონ, რაც წინ გველის, – არჩილს ქალიშვილის ბედის გახსენებისას გულწრფელი დარდი გამოესახა.
– რა თქმა უნდა, ცოლს მოვიყვან, მაგრამ ეგ ჯერ ადრეა, – იცრუა ალექსანდრემ, – არ ვარ იმ ასაკისა, შვილებსა და შთამომავლობაზე რომ ვიფიქრო, – გაჯიუტდა, არ უნდოდა, მამის ნებას დაჰყოლოდა.
– არც მე გეუბნები ხვალვე შეირთე-მეთქი.
– ეგ ბუნებრივია, ხვალვე ვერ ვიქორწინებ, – თავადიშვილი შეეცადა ეხუმრა.
– კი, ხვალ ვერ მოხერხდება, სამწუხაროდ. უკეთესი იქნებოდა, უკვე ცოლიანი ყოფილიყავი, – არჩილმა შვილს მრავლისმეტყველად გადახედა.

თავადიშვილს მამის მზერა ეხამუშა, თავადის გამოხედვაში რაღაც იყო ამოუცნობი. შინაგანად გრძნობდა, რომ მშობელი საყვედურობდა.

– რა არის საჩქარო? – გულწრფელად იკითხა ალექსანდრემ.
– საჩქარო? – გაიმეორა არჩილმა, – რაც მალე, მით უკეთესი შენთვის, ჩემთვის და ოჯახისთვისაც, – შვილს თინჩი და მკაცრი მზერა მიაპყრო.

ალექსანდრე უფრო მეტად დაიზაფრა; სცადა, მამისთვის მზერა აერიდებინა – თავი სწრაფად ჩაქინდრა. 

– ვერ გადაიტანს მედროშეთა გვარი მეორე სირცხვილს, – არჩილი განაგრძობდა, – ხალხისგან შერცხვენა გვეყოფა, – თავადს ხმაჟღერადობაში სიფიცხე შეერია.
– მეორე სირცხვილს? – ალექსანდრემ გაიკვირვა, მაგრამ უკვე ხვდებოდა რაშიც იყო საქმე, თუმცაღა ვერ მიმხვდარიყო, თუ მამამისს მისი კაცთამოყვარეობის შესახებ საიდან უნდა გაეგო.
– შენც კარგად იცი, რას ვგულისხმობ! – ნიშნისმოგებით უპასუხა თავადმა.
– ვერ ვხდები, – მოჩვენებითი გაკვირვებით უთხრა ალექსანდრემ, იმედს იტოვებდა, იქნებ არ იცოდესო.

თავადიშვილი ფეხზე სწრაფად წამოდგა, ფანჯარასთან მიირბინა, მამას ზურგი შეაქცია. ყოველთვის ასე აკეთებდა, როცა უნდოდა რაღაც დაემალა, რაღაცას გაქცეოდა, ანდა უხერხული საუბარი თავიდან აერიდებინა.

– გახსოვს ჩვენი მეზობელი, ილია?– ჰკითხა მამამ.
– ბუნდოვნად, – იცრუა თავადიშვილმა.

თავადიშვილს კარგად ახსოვდა მეზობლის ბიჭი – ბავშვობაში ერთად თამაშობდნენ მიუხედავად იმისა, რომ ყრმობისას ურთიერთობა აღარ ჰქონიათ. სამი წლის წინ კი, თითქოს მიწამ უყო პირი, გაუჩინარდა. მეტიც, ილიას ოჯახში მასზე აღარავინ საუბრობდა.  ზენეათში ხმა გავრცელდა, თითქოს, მოსაკარგავე ჯარში გაიწვიეს, მაგრამ თოთხმეტი წლის ახალგაზრდა სამხედროდ არავის მიჰყავს, რამაც, ბუნებრივია, ქალაქელებში ეჭვი გააჩინა.

– სამი წლის წინ, – ნაღვლიანი ხმით დაიწყო არჩილმა, – მამამისმა ილიას სასახლის საჯინიბოში ბიჭთან ლილატუნალისას წაასწრო. კარგად იცი, დიდებულები როგორ უფრთხილდებიან საკუთარ სახელს, სირცხვილს თავიდან როგორ ირიდებენ... ეჰ, საწყალი ყმაწვილი, – გულწრფელად წუხდა თავადი, – ალბათ, ივარმა დაწყევლა ის უბედური. რა დააშავა მეაბჯრეთა ოჯახმა ესეთი, რა შესცოდეს დიდებულ ქალღმერთ ზეჰს, – ნაღვლიანი ხმით არჩილი თითქოს საკუთარ თავს ეკითხებოდა.
– რა მოუვიდა ილიას? – ალექსანდრემ მამას მოთქმა-გოდება გააწყვეტინა და ისევ იცრუა, მან კარგად იცოდა, ახალგაზრდა მეაბჯრეს თუ რა ბედი ეწია.
ალექსანდრე არასდროს თვლიდა, რომ ადამიანთა უბედურება ღმერთების ან ღმერთის სასჯელი იყო, მსგავს საუბარს თავს არიდებდა ხოლმე. თუ ვინმესთან საუბრისას თანამებაასე მსგავს აზრებს გამოთქვამდა, თავადიშვილს ხმამაღლად დაცინვა არ სჩვეოდა, თუმცა ჩუმად ყოველთვის ჩაიცინებდა ხოლმე.
საერთოდ, თავადიშვილი მორწმუნე და ზეჰის ტაძრის წესთაადათის აღმსრულებელი არ იყო – რაღაცებს აღიარებდა, რაღაცები კი მის ყურადღებას საერთოდ არ იქცევდა.

– რა მოუვიდა? − გაიმეორა არჩილმა, − საწყალი ყმაწვილი, მამამისმა ჩუმად წაიყვანა ტყეში, მოტყუებით. უთხრა, სანადიროდ მივდივართო, და რამდენიმე მხლებლის თანდასწრებით ყელი გამოჭრა. მოწმეები წესთაადათის აღსავლენად სჭირდებოდა. შვილი, ოჯახისა და გვარის სირცხვილისგან დასაცავად, ბედნიერების ქალღმერთ, ფეტიჶშურს შესწირა, როგორც ამას ძველ დროში აკეთებდნენ. 

ალექსანდრემ გაკვირვებული სახე მიიღო:
– შენ ეს ამბავი როგორ გაიგე? – მამას გაოცებული ხმით ჰკითხა.

არჩილს სირცხვილისგან სახე აუღაჟღაჟდა, ვაჟიშვილს თვალი მოარიდა და ჩურჩულით უპასუხა:
– ერთ-ერთი მოწმე მე ვიყავი.
– რა?! – ახალგაზრდა თავადს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
– ერთ-ერთი მოწმე მე ვიყავი, – ოდნავ ხმამაღლა გაიმეორა არჩილმა, – ამ საქციელით ნამდვილად არ ვამაყობ... არ ვიცოდი, სად მივდიოდით, ვიდრე მოვლენის წინაშე პირისპირ არ აღმოვჩნდი...

ალექსანდრეს თავს სიბრაზის ღვარცოფი დაატყდა. უნდოდა, მამისთვის ყელი გამოეჭრა, როგორც იმ საწყალ ბიჭს დამართეს; უნდოდა, ლაონ მეაბჯრე ქალაქის მთავარ მოედანზე გამოეყვანა და საქვეყნოდ დაესაჯა, მაგრამ სიბრაზის მიუხედავად ამის გამბედაობა არ ჰყოფნიდა, არც საშუალება და არც შესაძლებლობა ჰქონდა, რათა საკუთარი ფიქრთ-განზრახვები აესრულებინა. ინატრა, ნეტა, ელენი ვიყო, მკვლელებს ხომ საკადრის პასუხს გავცემდიო.

თავადიშვილმა დამშვიდება სცადა. როდესაც ცოტათი დაწყნარდა, მამას მიუბრუნდა და გაღიზიანებული ხმაჟღერადობით ჰკითხა:
– რა გინდა მითხრა, შენც ტყეში უნდა წამიყვანო და ფეტიჶშურს შემწირო, როგორც ოჯახის შემარცხვენელი?
– არა, ეგ არ მიგულისხმია. ვცდილობ, გაგაგებინო, – არჩილი ფეხზე წამოდგა და შვილს მკაცრად მიმართა, – ერთადერთი გამოსავალი შენი დაქორწინებაა. ან ცოლს მოიყვან და პატარა შვილიშვილებს მაჩუქებ, ანდა მემკვიდრეობის გარეშე დარჩები, – არჩილი კარისაკენ გაემართა, – იფიქრე ამაზე, – უთხრა და ოთახიდან გავიდა.

ალექსანდრემ სიბრაზე ვერ დაიოკა, მაგიდაზე დადებული წიგნი აიღო და მთელი ძალით კედელს შეანარცხა. ფანჯარასთან მივიდა. აწყლიანებული თვალებით მთვარეს მზერა გაუსწორა; ცა და ვარსკვლავები იმღვრეოდა. თვალთნამი ღაწვებზე დუმილით ეღვენთებოდა. ახალგაზრდა თავადი სახეს სლუკუნით იწმენდდა. ღრმად სუნთქავდა. ეჩვენებოდა, რომ უფსკრულის პირას იდგა და სადაცაა ფეხი დაუცდებოდა; თითქოს მთელს მყარმიწაზე მარტოდმარტო იყო – ეგეონი ზეჰის ტაძარს მიეკედლა, ელენის სიკვდილით დასჯიდნენ, ხოლო მამამისმა ყველაფერი იცოდა და ულუკმაპუროდ დატოვებას უპირებდა. წამიერად თავში თვითმკვლელობის სურვილმაც გაუელვა, მაგრამ საკუთარ თავს ამ სიამოვნებას ვერ მიანიჭებდა – არ უნდოდა, მისი სული საუკუნოდ თარეჰის საჯიჯგნი ყოფილიყო, საკუთარი თავი თუალეჰის მდინარეში სამუდამო ცურვისთვის არ ემეტებოდა. როდესაც მიხვდა რომ ვერაფერს გახდებოდა, საკუთარი თავის დამშვიდებას შეეცადა, საწოლთან დავარდნილი წიგნი აიღო და კითხვა განაგრძო – ძილით, მაინც არ ეძინებოდა.

                                                                                                                                            3
მატეამ მთელი ღამე თეთრად გაათენა. მზის ამოსვლას ელოდებოდა, თვალი ვერ მოხუჭა – იცოდა, მეგობარს რაც ელოდა. ღელავდა, შინაგანად განიცდიდა თავადისასულის ბედს, თუმცა ელენის გარდაუვალ მომავალზე – სიკვდილზე – არ წუხდა, დედის სიტყვები ახსენდებოდა, რომ ალჯანეულის ნიჭით დაჯილდოებულნი ადვილად არ კვდებიან, რაც ნუგეშს ჰგვრიდა. ნელ-ნელა  თენდებოდა და ხარიპარია რაც უფრო კრთებოდა, ხოლო მზის ბაკმს ჭრტიალი ემატებოდა, მატეა მით უფრო შფოთავდა, ფორიაქობდა, თითქოს ნემსებზე ზისო. ერთ ადგილს ვერ პოულობდა – ოთახში უაზროდ მიმოდიოდა.

მატეა სამზარეულოში ჩავიდა. ცეცხლი დაანთო. ვივიტოს ნაყენის მოსამზადებლად წყლით სავსე ჩამჩა ნაზე ჩამოჰკიდა. იფიქრა, იქნებ დამამშვიდოსო. ტაო-ჟის ბუჩქი, რომლის ფოთლებისგან ვივიტოს ფხვნილს ამზადებენ, თავის დროზე, ვაჭრებმა ვერიოსში ლიბერიონის ზღვათაშუამიწიდან შემოიტანეს.
ჩრდილოეთის სამეფოდან უკვე სარაჰშიც – ათრას, იქრისისა და პათომონის საერისთავოებში – გავრცელდა. ტაო-ჟის ბუჩქი დასავლეთ სარაჰისთვის დამახასიათებელი ზომიერი ჰავის გამო ადვილად ხარობს. ვივიტოს მწვანე ნაყენი მთელს სამხრეთ სამეფოშია განთქმული. მას სხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ, ზოგიერთი დიდგვაროვნი ქალბატონი ნაოჭებთან საბრძოლველად სახის საფენებსაც იკეთებს. მატეას ნაოჭები საერთოდ არ აღელვებდა, ტაო-ჟის წენგოსფერი ფოთლებისგან დამზადებული დამამშვიდებელი ვივიტო შინაგან მღელვარებასთან გამკლავებისთვის უნდოდა.

მატეა ფეხზე იდგა. სკამს ვერ ეკარებოდა. მინის ჭიქაში წყალს ისხამდა, როცა ყოველდღიურ სამოსში გამოწყობილი კირკე ჩამოვიდა და მაგიდას მიუჯდა.

– ღელავ ხომ? – ჰკითხა დედამ.
– ცოტათი, – დაუდასტურა გოგომ, – მეშინია, იქნებ ვერ გაუმკლავდეს? – დედას გულის ნადები გაუმხილა. სიტყვებთან ერთად საკუთარი წუხილიც შეუმსუბუქდა, თითქოს მხრებიდან ლოდი მოსწყდაო, თუმცა მცირეოდენი კენჭებით დამძიმებულ ხურჯინს ვერ იშორებდა.
– ნუ ღელავ, ელენი არ არის სუსტი, გაუმკლავდება, ჯადოქარმა შეიძლება ღირსება დაკარგოს, თავმოყვარეობაც დაკარგოს, მაგრამ მზმელი სიცოცხლეს იშვიათად თუ დაკარგავს, – კირკეს სიტყვები იმედისმომცემად ჟღერდა.

მატეამ ვივიტო მოსვა. წყალი ცხელი აღმოჩნდა, სული გასაგრილებლად სწრაფად შეუბერა.

– გინდა, დაგისხა ვივიტო? – მატეამ დედას შესთავაზა.
– არა, – კირკემ თავი გააქნია და ქალიშვილს გაუღიმა, – არ მინდა, ჯერ არ მჭირდება.
– მე ნამდვილად მჭირდება.

როდესაც მატეა ღელავდა მოღუშული, უსიცოცხლო სახე ჰქონდა – ამ დროს მის თვალებში ნაღველი ისეთი შესამჩნევია, ყველა ხვდება, რომ რაღაც უჭირს. განსაკუთრებით ამას ადვილად  კირკე და ელენი ამჩნევენ.

– ეგ მალე სხვას დასჭირდება! – კირკემ მრავლისმეტყველად წარმოთქვა, – მაგრამ, არა უშავს, დალიე, ხალხში სიმშვიდეს შეინარჩუნებ,  – დედის სიტყვები უფრო გაფრთხილება იყო, ვიდრე ვივიტოს სასარგებლო თვისებების აღნიშვნა. კირკეს არ უნდოდა, მატეას საკუთარი თავი გაეთქვა.
– ესეც მართალია, – ახალგაზრდა ჯადოქარმა გაღიმება სცადა. ნაყენი ბოლომდე დალია. გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩადო და დედას მიუბრუნდა, – ლეოსთვის გამზადებული სარაჰიტები მედროშეებს დაუბრუნე?
– კი, დავუბრუნე, – სწრაფად უპასუხა კირკემ, – გუშინ ვიყავი მათთან, სასამართლოს შემდეგ მივედი და ნანას გადავეცი.

დღის შუქი თანდათან მატულობდა. მატეა მოსამზადებლად ოთახში ავიდა და რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა. შავი კაბა ეცვა, თავზე შავი პირბადე გაეკეთებინა.

– ეგ პირბადე რისთვის გინდა?! ხალხი ჭორაობას დაიწყებს, – კირკემ შვილს გაკვირვებული თვალებით შეაცქერდა.
– ზუსტად ჭორაობისთვის მინდა... ვფიქრობ, მეტი დამაჯერებლობისთვის კარგი იქნება. ჩვენი მეგობრობის ამბავი მთელმა ქალაქმა იცის, ჰოდა, ჩემი გლოვაც მთელმა ქალაქმა უნდა გაიგოს, – გოგოს მტკიცე ხმა ჰქონდა.

დღის ნათებას, რომელიც მატეას სხეულში გზას იკვლევდა და შიგნიდან წვავდა, თითქოს მდუღარე წყალი ყოფილიყოს, კაშკაში ემატებოდა; ახალგაზრდა გოგონა ხვდებოდა, მეგობრის განსაცდელის წამი მოახლოებულიყო. გრძნობდა, თითქოსდა თვითონ უნდა გადაიტანოს ის დამცირება, რაც ელენის მოელის – ხალხის რისხვა, ტალახის სროლა, უკმეხი, უხეში და უხამსი შეძახილები. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ცეცხლის ალში გახვეული ტყის შუაგულში იდგა და შველა არსაიდან ჩანდა. თვითონაც უძლური, მეგობარს ვერ შველოდა.

მზის სხივები ზენეათს ჯერ ბოლომდე არ მოჰფენოდა, როცა სცირენოვები სახლიდან გავიდნენ. მატეა მთელი გზა მთავარ მოედნამდე დედას ხმაამოუღებლად მიჰყვებოდა. დედა-შვილი სახლიდან ვიწრო ბილიკს ჩაუყვა – შემჭიდროვებულად ნაგები და ახლო-ახლო მდგარი სახლების გამო შუკებში ჩვეულებრივზე უფრო ბნელოდა – მეზობლის სახლებს ჩაუარეს. დაინახეს, მეზობლები სანახაობისთვის ემზადებოდნენ. მატეა სიბრაზემ მოიცვა.
გადაუხვიეს მარცხნივ, რიყის ქვებისგან ნაგები კიბე ჩაირბინეს და მთავარ ქუჩაზე გავიდნენ; აქედან, მოედანზე შეგროვილი ხალხი უკვე კარგად მოჩანდა.

ბრბო თანდათან მატულობდა.

                                                                                                                                      4
ელენის საკანს ტრილონია და ორი ბრგე ციხისმცველი ეწვია. ლეტას ხელზე ბადისებრი გამჭვირვალე ტანსაცმელი ჰქონდა გადაკიდებული. თვალები ბოროტულად უციმციმებდა და ჯადოქარს დამცინავი ღიმილით უცქერდა.

– უნდა მოემზადოთ, – ლეტამ ელენის მბრძანებლური კილოთი მოკლედ უთხრა და ტანსაცმელი გაუწოდა, – ჩაიცვით!
– რა არის? – ელენიმ თვალით სამოსზე მიანიშნა და გაკვირვებული ხმით იკითხა.
– ეს სათხეველია, საგანგებოდ ალჯანეულისთვის დამზადებული, მათი სიკვდილით დასჯის დროს ოდითგანვე ამას აცმევდნენ, – გულგრილი ხმით განუმარტა ტრილონიამ.
– არ ჩავიცვამ! – ელენიმ მტკიცედ მოუჭრა.

თავადისასულს უხერხულობის გრძნობა დაეუფლა, თანაც არ მოელოდა, არ ეგონა, ტაძრის მდივანი საუკუნეების წინ მივიწყებულ ადათს თუ გაიხსენებდა.
ელენის სიშიშვლის ყოველთვის ერიდებოდა. ბავშვობიდან შთააგონეს, რომ მელო  სხეული სირცხვილია, მაგრამ ახლა საკუთარი გრძნობები და თვითგანცდები დიდად არ აწუხებდა. თავადისასულმა და ტრილონიამაც კარგად იცოდნენ, რომ სარაჰში ქალის სიშიშვლე ყველაზე საზარელ ცოდვად ითვლებოდა.  მედროშეთა საგვარეულოს კი სირცხვილის ლაქა საუკუნოდ გაჰყვებოდა; ამჯერად ახალგაზრდა ჯადოქარი საკუთარ ოჯახზე უფრო წუხდა, ვიდრე საკუთარ სიშიშვლეზე.

– სიშიშვლე რა აუცილებელია? ეგ სათხეველი ტანსაცმელზეც შეიძლება მოიხვიოს ადამიანმა, – ელენიმ ორი ნაბიჯი  გაუცნობიერებლად უკან გადადგა. ბოლოჯერ გაიბრძოლა, სცადა, საკუთარი ოჯახისთვის საჯარო შერცხვენა აერიდებინა, რასაც სარაჰელები „კიიზაჰ ტა რჲტრიჶ“-ს უწოდებდნენ.
– ვიცი, ადამიანს შეუძლია, მაგრამ ჯადოქარს – არა, – ტრილონიამ ბოროტულად ჩაიღიმა, – შიშველი უნდა გახვიდე, რათა თავიდან ავიცილოთ ჯადოძალის გამოვლენა, ასეთია ადათი, – ლეტა საკუთარ გადაწყვეტილებაში მტკიცე იყო.
– კი მაგრამ, ასეთი რა დაგიშავეთ? თქვენ წინაშე რა შევცოდე, ესოდენ დიდი ზიზღი რით დავიმსახურე, ამგვარად რომ მექცევით? – ელენი შეეცადა სასოწარკვეთა დაემალა, მაგრამ მისი ხმა და გამოხედვა ჰღალატობდა.
– პირადად თქვენ... – ტრილონია რამდენიმე წამით შეჩერდა, თითქოს რაღაცას, სხვის პასუხს ელოდებაო, შემდეგ ჯადოქარს თვალი თვალში გაუყარა და მტკიცედ უპასუხა, – თქვენ – არაფერი, მაგრამ ალჯანეულს ჩემი ოჯახი ოდითგანვე ებრძვის, დარიელთა მოსვლამდეც კი ებრძოდა... ჯადოქარ-გრძნეულებს ჩემი ბაბუა, პაპა და პაპის პაპაც კი ებრძოდა, ჩვენ მონადირეები ვართ, ავსულებზე მონადირეები.

ელენი ლეტას გაკვირვებული უცქერდა, ვერ მიმხვდარიყო, ტრილონია რას უყვებოდა, – მონადირეების შესახებ არასდროს სმენია. იფიქრა, ტაძრის მსახური რაღაცას იგონებსო.

თავადისასულმა სცადა, წინააღმდეგობა გაეწია, რათა ტანსაცმელი არ გაეხადა. სასტიკ უარზე იდგა, მაგრამ ლეტამ ციხის მცველებს ტუსაღის გაკავება უბრძანა. ისინიც ბრძანებისდაგვარად მოიქცნენ: ჯადოქართან მიიჭრნენ – მათი მოსასხამები მათივე მოძრაობის კვალად აშრიალდა – ელენის იქეთ-აქეთიდან გვერდში ამოუდგნენ. დარაჯნი ქანდაკებებივით იდგნენ. ტრილონია ჯადოქართან ნელა, ნარნარად მივიდა – იმდენად მოხდენილად, რამდენადაც შეეძლო – და მარცხენა კალთის ჯიბიდან დიდი მაკრატელი ამოიღო. ელენი შეკრთა, მაგრამ იცოდა, რომ ვერაფერს ავნებდა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება ყველასთვის უზენაესია, ლეტასა და ლეო კალაისის მაგვარი პიროვნებებისთვისაც კი.

– ჯობდა, თქვენ თვითონ ჩაგეცვათ, თქვენო ბრწყინვალებავ.

ტრილონიამ მცველებს უთხრა, გარეთ გასულიყვნენ. ისინიც ტაძრის მდივნის მითითებას დაჰყვნენ და საკანი სამხედრო სვლით დატოვეს. მათი გასვლისთანავე ლეტამ ტუსაღს ტანსაცმელი შემოაცალა და სათხეველი ხელმეორედ გაუწოდა.

– ჩაიცვი! – მბრძანებლური ხმით, მკაცრად უთხრა.

ელენი მიხვდა, ვერას გახდებოდა და ბადე გამოართვა. კაბასავით შეკერილი სათხევლის სამკლავურებში ხელები ნაზად გაუყარა და წელზე შემოიხვია.

– მზად ვარ! – თავადისასულს თინჩი ხმა ჰქონდა.
– კეთილი, გავიდეთ, – ლეტამ საკნის კარზე დააკაკუნა,  კარიც უმალვე გააღეს.
– ამას არასდროს გაპატიებთ! – ელენის ხმაჟღერადობა ბრაზს გამოსცემდა, ბგერები მრისხანებას გამოთქვამდა,  – ჩემ მომართ თქვენს დამოკიდებულებას არასდროს დავივიწყებ.

ტრილონიამ ჩაიცინა და ტუსაღს ნიშნისმოგებით უპასუხა:
– რაღას დამიშავებთ?! რამდენიმე საათში აღარ იქნებით, – თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა გაიცინა, – მკვდრები არ დადიან, მკვდრებმა შურისძიება არ იციან, მკვდრები უდარდელი ლეშები არიან.
– ჯერ უნდა მოვკვდე, რომ ეგ სანუკვარი თვისებები შევიძინო, – ელენიმ ლივზინეურად წარმოთქვა და ლეტას მრავლისმეტყველად გახედა.

ტაძრის მდივანი ჯადოქრის გამოხედვამ შეაშინა; თავადისასულის თვალებში შურისძიების წყურვილი კრთოდა.

– დრო გვიჩვენებს, – ტრილონიას ეჭვი შეეპარა, ვაი თუ მართლა გადარჩესო, მაგრამ საკუთარ ეჭვებს მოერია და დამცინავად გააგრძელა, – ახლა კი, თავადისასულო, გაბრძანდით – შენი ბუნებრივი სახე მთელმა ქალაქმა უნდა ნახოს!
– დღეს, თქვენ ჩემს ოჯახს ღირსება წაართვით, – მშვიდი ხმით მიმართა ელენიმ. ჩაიღიმა და გააგრძელა,  – მაგრამ თავმოყვარეობას ვერ წამართმევთ,  – საკნის ზღურბლს ამაყად გადააბიჯა და ხვეულ კიბეს გასასვლელისკენ აუყვა.

ციხის კართან მათ ცხენებში შებმული ლითონის გისოსებიანი ეტლი ელოდებოდათ. ელენი საკანში მოათავსეს. ბადრაგის ორი მცველი ეტლის უკანა კართან დადგა, თითქოს პატიმრის სადარაჯოდ, რათა არ გაქცეულიყო, სინამდვილეში, მცველ-დარაჯები ელენის ხალხის რისხვა-კრულვისაგან იცავდნენ. 
ეტლი ქალაქის მთავარი მოედნისკენ ნელა დაიძრა. ტრილონია ტაძრის მდივნისთვის განკუთვნილი მაკოროფლით სატუსაღოს უკან თან გაჰყვა.

                                                                                                                                  5
მზე ბოლომდე ჯერ არ ამოწვერილიყო. ატმისფერი ნათება შავ აჩრდილებს ქალაქის შუკებიდან და ქუჩებიდან ნელ-ნელა აძევებდა.

ზენეათელები მთავარ მოედანზე უკვე შეკრებილიყვნენ. დამნაშავის დასჯაში მონაწილეობა, წესისამებრ, ყველას უნდა მიეღო, ეთანხმებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას თუ არა.

განსაკუთრებული „პატივი“ წილად სიკვდილმისჯილის მშობლებს, ანდა ოჯახის წევრებს ხვდება; არჩილი, როგორც მედროშეთა ოჯახის უფროსი, ქალაქისა და ხალხის წინაშე მოვალე იყო, წინ გაძღოლოდა იმ ჯორს, რომელზეც სათხეველშემოხვეული ელენი უნდა შეესვათ და „მიჯნურთა ტბამდე“ შეძახილებით გაეცილებინათ.

ზენეათის მთავარ მოედანზე შეკრებილი ხალხი ჩურჩულებდა. ზოგს ახალგაზრდა სიცოცხლის, შემოდგომის გაყვითლებული ფოთლებივით გაქრობა ენანებოდა. ზოგიც ავსულის შეპყრობის გამო სიხარულს ვერ მალავდა, ცდილობდა, ადათ-წესებისადმი საკუთარი ერთგულება დაედასტურებინა და ყველაზე შემაძრწუნებელ და შეურაცხმყოფელ შეძახილს გულმოდგინედ არჩევდა.

არჩილი მოედანზე ჯორთან ახლოს იდგა, რომელიც მისთვის გამზადებულ დაცვარულ ბალახს მადიანად ცოხნიდა. ნანას და ალექსანდრეს, რომელთაც კირკე და მატეა შეუერთდნენ, ცოტათი მოშორებით, მაგრამ დაწინაურებულად დაეჭირათ ადგილი – ეს მათი ერთგვარი დასჯა იყო.

მატეას აღკაზმულობა ყველამ შეამჩნია. შეკრებილები ისე უცქერდნენ, თითქოს კეთროვანი დაელანდათ, რომელიც ქუჩებში დასეირნობს და ყველას დასნეულებას განგებ ცდილობს. რწმენადაჩვეულნი მატეას იჭვნეულ მზერას ახვედრებდნენ, მათთვის ავსულის ქომაგობა ჯადოქრობის წონადი ცოდვა-დანაშაული იყო. მატეა უსმენდ და გასაოცრ სიმშვიდეს ინარჩუნებდა; შეკრებილთა განწყობა, მდუმარე შერისხვა თუ განგებ გამოთქმული ხმამაღალი ჩურჩული ახალგაზრდა გოგონას სრულებით არ აწუხებდა, იგი მათ აზრს ფურთხის ღირსადაც არ თვლიდა. 

ალიონზე ხალხი ორად გაიხლიჩა. მწაფელმა ცხენები ადამიანთა ტალანში შემოაჭენა. ეტლი ჯორთან ახლოს გაჩერდა. ჩამოქვეითებული ბადრაგი გისოსებს ბოძებივით ტალად ამოუდგა.

ტრილონია მაკოროფალიდან გადმოვიდა, ელენის სატუსაღო ეტლის წინ დადგა და შეკრებილებს მჭექარე ხმით მიმართა:
– სასამართლომ გამოავლინა დამნაშავე და სიკვდილი მიუსაჯა, – გაჰყვიროდა, რათა ხმა ყველასთვის მიეწვდინა, – დღეს, ამ დიდებულ დღეს, რომელსაც ზეჰი ლოცავს და მადლს ჰფენს, აღსრულდება ნება მისი – ავსული მოშორდება ხორციელ სამყოფელს. ის გადაინაცვლებს თარეჰის მხარეს. დაე, იქ ემსახუროს საკუთარ ბატონს!

ტრილონიამ მცველებს ტუსაღის გამოყვანა ხელით ანიშნა და გვერდით გაიწია, რათა სიკვდილმისჯილისთვის გზა დაეთმო.

შიშველი ელენი ეტლიდან ამაყად გადმოვიდა.  თავადისასულს კაფანდარა ტანი, ვიწრო წელი, ამოვსებული ძუძუები, აბრეშუმივით ქათქათა კანი და ბრტყელი მუცელი ჰქონდა. სწორი ფეხები, პატარა თეძოები და მომრგვალებული დუნდულები მოხდენილ გარეგნობას სძენდა. ჯადოქრის სხეულის ყველა ნაწილი ერთმანეთს კენარისეულად  ერწყმოდა.

ტუსაღის მელოსხეულის დანახვისას ჩურჩულმა ხალხში ტალღისებრ გადაირბინა. ზოგმა არ დაიზარა და ელენი წინასწარ, საგანგებოდ მომზადებული, რაც შეიძლება ხმამაღალი, შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეემკო. გაჰყვიროდნენ – ძუკნავ, თარეშის მხევალო, ავსულო, დამღუპველო. იმათგან ზოგიერთი სიტყვებთან ერთად იფურთხებოდა და ცდილობდა, საკუთარი გესლი ჯადოქრისთვის მიეწვდინა.

თავადისასულმა გონებაში წარმოიდგინა, რომ წითელი ხავერდის კაბა ეცვა, ვარდის ფურცლებივით სურნელოვანი და ბამბასავით მსუბუქი; წარმოიდგინა, თითქოს ბრბო მისი მშვენებით ტკბებოდა და არა ქალღმერთის ქანდაკებების მსგავსი შიშველი სხეულით. ამიტომაც გზა პირუტყვამდე თინჩი, შეუდრეკელი ნაბიჯით განაგრძო.

ჯორი ისევ უდრტვინველად ცოხნიდა. 

არჩილმა შვილის შიშველ სხეულს თვალი მოარიდა. შერცხვა. არ მოელოდა, რომ წესთაადათს ზედმიწევნით შეასრულებდნენ – დიდი ხანია, რაც ზენეათში მზმელი არ დაუსჯიათ და დამნაშავე არ გაუშიშვლებიათ. ამ წესს ყოველთვის უგულებელყოფდნენ. თავადს ბრაზი მოერია, მთელს სამყაროზე ბრაზობდა. ბრაზობდა საკუთარ თავზეც. ყველაზე მეტად საკუთარი უძლურება აჯავრებდა – არ შეეძლო შვილი სირცხვილისა და სიკვდილისაგან დაეცვა. წესთაადათისა და ადათ-წესების გამოისობით, ქალიშვილი სიკვდილთან შესახვედრად თვითონ უნდა გაეცილებინა.

ელენი ჯორს მიუახლოვდა. პირუტყვმა ბალახის ღეჭვა მხოლოდ ახლაღა შეწყვიტა, თავი ოდნავ შეაქანა, დაიყროყინა და ცოხნა ძველებურად განაგრძო.
ორი ქალაქთმცველი პატიმარს გვერდით ამოუდგა, ხელი მკლავებში მოკიდეს და ვარდის ფურცლებივით მსუბუქი ელენი ცხოველზე შესვეს.
ტრილონია არჩილთან მივიდა და ანიშნა, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულებას შესდგომოდა.

თავადი შეყოვნდა და ელენის გადახედა. მზმელი პირუტყვზე ამაყად იჯდა, მაგრამ გრძნობების გამკლავება სულ უფრო და უფრო უჭირდა – აღარ ჰყოფნიდა ძალა, წარმოსახვა, რათა უხერხულობა გადაეფარა; თავს იკავებდა, რომ ცრემლი არ წასკდომოდა. მამამისს თვალ-უყო, შეესრულებინა ყველაფერი, რასაც სამართალი მისგან ითხოვდა. არჩილმა ჯორს ხელი აღვირში ამოსდო და ნელი ნაბიჯით ტყის ბილიკს გაუყვა.

ბრბოც დაიძრა.

მზისპირი მთებს მიღმა შესამჩნევად აღიმართა; ჩვეულებრივ დროს იფიქრებდნენ, რომ ხალხს უღიმის, მაგრამ ამჯერად ამინდი ლივზინეს  მიმართავდა – ელენის ახლობელ-ნათესავები და გულშემატკივრები მის მშვენიერებას ვერც კი აღიქვამდნენ: ნანა ბრმად მისდევდა მსვლელობას, მთვარეულივით მიაბიჯებდა და ფიქრებით სულ სხვაგან იყო – ელენის ბავშვობას იხსენებდა – თანდათან აცნობიერებდა, რომ შვილს კარგავდა. თავადისქალს გული ეკუმშებოდა, სევდიანი გამომეტყველება კი ქალს, უფრო და უფრო, იპყრობდა; ალექსანდრეს გული ეწვოდა, სისხლსა და ხორცს ვერ შველოდა, საკუთარ უსუსურობაში დარწმუნებულს მუშტები იმდენად მჭიდროდ შეეკრა, რომ ხელისგულებიდან სისხლი წასკდა. მატეა და კირკე სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ, მაგრამ მატეას მცირედი ეჭვი გულს უღრღნიდა.

არჩილი ხეთა თაღებქვეშ გამართულ გზას თავჩაქინდრული მიუყვებოდა. ესმოდა შეძახილი – „ავსული... ბოროტი... რწმენის წამწყმედი... სიკვდილი მას, სიკვდილ მას, სიკვდილი მას!“ – რითაც სიმძიმილის გრძნობა უმძაფრდებოდა, საუდჭუქაფი  ეუფლებოდა. არ უნდოდა ფიქრი, არაფერი  უნდოდა, მხოლოდ ტირილი, მაგრამ თავს იკავებდა – „კაცს არ შეშვენის საჯაროდ მოთქმა ქალივით“ – საკუთარ თავს უმეორებდა. 

ელენის ხალხის სიბრმავესა და უმადურობაზე მდუმარედ ეცინებოდა. ღიმილით შეიარაღებული და მაღლა აწეული თავით ჯორს ამხედრებული ბედთან შესახვედრად მიდიოდა. შიშის გრძნობა მთლად დაეჯაბნა. სიკვდილის არღარ ეშინოდა. 

„მიჯნურთა ტბამდე“ ცოტა იყო დარჩენილი, როდესაც ტრილონია ჯადოქარს წესთაადათის შესასრულებლად მიუახლოვდა. ხელში ჩირაღდანი ეჭირა, ტუსაღს გზას ნათებით უკვალავდა, თითქოს ამით ელენის სულს შველოდა.

თავადისასული მარჯვენა მხარეს გადაიხარა, რათა ლეტას მიახლოებოდა და უჩურჩულა:
– იცოდეთ, ეს დასასრული არ არის! – ელენი წელში გაიმართა, თითქოს არც არაფერი უთქვამსო.

ტრილონიას ღიმილი სახეზე შეეყინა. ამოუცნობმა შიშმა შეიპყრო. ჯადოქრის სიტყვები ტაძრის მდივნის სხეულში სუსხივით შეიჭრა. თბილი ალიონის მიუხედავად, ბალანი ყალყზე დაუდგა.

მსვლელობა „მიჯნურთა ტბას“ მიუახლოვდა. 

თავადმა ჯორი ხიდისთავთან შეაჩერა. ხიდი წყალში ღრმად იყო შეჭრილი. ხიდის ბოლოს კი ჯალათი იდგა.

არჩილი პირუტყვს მოშორდა და ცოლ-შვილს შეუერთდა. რაც უფრო ელენის შორდებოდა, ფეხები მით უფრო ეკვეთებოდა, მაგრამ იცოდა, ვერაფერს გახდებოდა. უნდა შეესრულებინა ის რაც ევალებოდა, რათა ოჯახის დანარჩენი წევრები და მთლიანად საგვარეულო გადაერჩინა. მეტიც, სურვილი რომც ჰქონოდა, მაინც ვერაფერს მოიმოქმედებდა, რადგან თავადისასული ამის ნებას არ დართავდა.

ლეტა პატიმარს მიუახლოვდა. ორი ბრგე ქალაქის მცველი ტრილონიას ტალად და დარაჯად გვერდით ედგა. ასე თავს უფრო დაცულად გრძნობდა.

– გადმოიყვანეთ, – უბრძანა ბადრაგს.

ბადრაგმა თავადისასული ისეთივე სიმსუბუქით ჩამოაქვეითა, როგორც შესვეს და ხიდის ზღურბლთან დასვეს.

– შეაბით აგურები, – ტრილონიამ ქალაქის მცველებს მკვახედ უბრძანა.

ქალაქის მცველები ტაძრის მდივანს მოშორდნენ, ხიდის თავში საგანგებოდ მომზადებული ორი აგური აიღეს, ტუსაღს შეაბეს და ხიდზე აიყვანეს.
მზე უკვე კარგად ამოსულიყო. საკუთარ სითბოსა და ჭრტიალს ზენეათსაც უზიარებდა, მაგრამ ცისკრის სიგრილე ბოლომდე ჯერ ვერ დაეჯაბნა.

ტრილონია ხალხისკენ შებრუნდა, გადაწყვიტა, ისინი კვლავ დაემოძღვრა:
– აქ დასრულდება ამ ქალაქში ავსულთა ჩუმი, მალული ბატონობა. აქ აღსრულდება ნება ზეჰის, ნება მზის ლახვამის ტაძრისა!

ლეტა ჯალათს მიუბრუნდა, რომელიც ხიდის ბოლოში მსხვერპლს ისე ელოდებოდა, როგორც ობობა უმწეო მწერის მის მიერ მორთულ-დახლართულ ქსელში გაბმას – და უბრძანა:
– აღასრულე სასამართლოს განაჩენი!

მცველებმა ელენი ხიდის ბოლოში მიიყვანეს და ჯალათს ჩააბარეს. ჯალათმა, რომელსაც წითლად შეღებილი რქიანი სახის ნიღაბი ეკეთა, რაღაც ჩაილაპარაკა. ელენის მოეჩვენა, რომ ლოცულობდა. რა დროს ნიღბოსანმა ჩურჩული შეწყვიტა, სათხეველი მსხვერპლს შემოაძარცვა,  პატიმარი ხელთ აიტაცა, ფეხით ჯერ აგურები გადაყარა, ხოლო შემდეგ თავადისასულიც უხეში მოძრაობით ისე მოისროლა,  როგორც ნაგავს მოისვრიან ხოლმე.

ნიშნების მოყვარული ზენეათელები, დამნაშავეების წყალში დახრჩობით, ცდილობდნენ ღვთაებრივი ნიშანი ეხილათ. მათი წარმოდგენით, თუ ჯადოქარი დახრჩობას გადაურჩა,  ზეჰი მას მოწყალების თვალით უყურებს, ხოლო თუ დაიხრჩო, მაშინ მისი სიკვდილი ღმერთის ნება ყოფილა. ამიტომ სასწაულის მოლოდინში რამდენიმე წამი მკვდარი სიჩუმე ჩამოვარდა. იმედგაცრუების შემდეგ, შეკრებილთაგან უმეტესობამ სიხარულის ყიჟინა მორთო, ყურისწამღები აღტყინების ბგერები გადმოაფრქვიეს, თითქოს ღვთაებისთვის საკუთარი ხმის მიწვდენას ლამობდნენო, თითქოს ეუბნებოდნენ: „ნახე, შენი ნება აღვასრულე“.

ნანას, გონება წაერთვა. არჩილმა ახლა გააცნობიერა, რომ შვილი დაკარგა; ერთი კი იფიქრა, რატომ დაჰყვა ელენის ნებას, რატომ არაფერი მოიმოქმედა, რატომ არ შეძრა დედამიწა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ზენეათელთაგან ბევრი ფიქრობდა, რომ მოიშორა ბოროტება, ხოლო ზეციერნი მადლიერების თვალით გადმოხედავდნენ მათ. თუმცაღა ბევრი ზოგჯერ მწარედ ცდება.

                                                                                                                                          6
მედროშეებს გლოვა ჰქონდათ მიუხედავად იმისა, რომ სარაჰში და, მათ შორის, ზენეათშიც ავსულების დასჯისთვის ოჯახს სამძიმარს არავინ უცხადებს.
ნანა სახლში დაბრუნებისთანავე, ისე როგორც არასდროს, ღვინოს მიეძალა. ტირილისა და სულიერი ტანჯვისგან ცრემლები გაუშრა. სახე ისე მოღრეცოდა, შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ზედ აღბეჭდვოდა. „მიჯნურთა ტბიდან“ სახლში როგორ მივიდა, თავადისცოლს ვერ გაეცნობიერებინა; ალექსანდრემ და არჩილმა უგონოდ მყოფი ქალი ეტლში ჩასვეს და მწაფელს სახლში მიყვანა უბრძანეს.

წესისამებრ, ვიდრე ლეტა სასულიერო წესთაადათს არ დაასრულებდა და წყალს არ განწმენდდა, მანამდე ჭეშმარიტ ზეჰსეთს უფლება არ ჰქონდა, წესთაღსრულება დაეტოვებინა, მაგრამ მედროშეებს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. შინაგანი სიცარიელის გრძნობა, რასაც ელენის ოჯახი ვერ უმკლავდებოდა, საღ აზრს, მორჩილებასა და ტაძრის წესებს ჯაბნიდა.

მოგვიანებით, საღამო ხანს როდესაც ყველაფერი დასრულდა და არჩილი და ალექსანდრე სახლში დაბრუნდნენ. სამძიმრის სათქმელად სელენიტები, ნანას ოჯახის წევრები, ეწვივნენ. ხალხის განწყობის მიუხედავად მედროშეებს მაინც ეწვივნენ, რათა მათთვის სატკივარი შეემსუბუქებინათ. ადათისებრ ღვინო და მიშატი – ვაზში გახვეული, მსუბუქ ცეცხლზე შემწვარი ხორცი – მიუტანეს. უკვე კარგად ბნელოდა და მედროშეების სახლის კარი სტუმრების მისაღებად ფართოდ გაიღო.

– გმადლობთ, რომ მობრძანდით, – მოხუცებულ ქალბატონს თავადმა თავაზიანად მიმართა, რომელიც არჩილის დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა და მიესალმა, – თქვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია.
– რას ბრძანებთ, თავადო, ეს მცირეა, რისი გაკეთებაც ჩვენი ძვირფასი ნანას ოჯახისთვის შეგვიძლია, – სელიამ არჩილს თავი თავაზიანად დაუკრა და ნანას გვერდით დაჯდა, რათა უიმედო ქალიშვილი ენუგეშებინა. 

არჩილმა სტუმრებს სათითაოდ მიესალმა და მათგან სამძიმარიც მიიღო. შემდეგ კი მეუღლისა და სიდედრის გვერდით მოკალათდა.

– ალჯანეულს ამ ქვეყანაში გამუდმებით დევნიან, – სელიამ დაიწყო და ნანას თავზე ხელი გადაუსვა.
– ამ ქვეყანაში? – უკნიდან მამაკაცის ხმა გაისმა.
– ვერიოსში არავის ჰკლავენ ჯადოქრობისთვის, ნეო, – ქალბატონმა პასუხი მშვიდად გასცა. – ოჰ, ჩემო საბრალო გოგო, – მიუბრუნდა ნანას, – არ იღელვო, მზმელ-ჯადოქართა მოკვლა ადვილი საქმე როდია, – დამშვიდება სცადა.
– შეიძლება რთული საქმეა, – მკვახედ გამოუვიდა არჩილს, – მაგრამ ელენი უკვე მკვდარია, – გაღიზიანებული ხმა ჰქონდა.
– ვინ იცის, ვინ იცის?  – სელიამ თავადს მრავლისმეტყველად და ალმაცერად გახედა, – გალალეი, მოდი აქ! – მიმართა ნეოს გვერდით მდგომ შუა ხნის ქალბატონს, რომელსაც შავი გახსნილმკლავებიანი კაბა ეცვა.

გალალეიმ სელიასთან ისე მიირბინა, როგორც შეშინებული ბავშვი გაკასკასდება ხოლმე მშობელთან, რამე ხომ არ დავაშავეო.

– გადი სამზარეულოში და რამე მოატანინე, მშია, – სელიამ რძალს მკაცრად მიმართა.
– ახლავე დედა, – ქალს მშვიდი და ლმობიერი, დამყოლი ხმა ჰქონდა, ეტყობოდა, რომ ამდაგვარ მოპყრობას მიჩვეული იყო.

ქალი გასვლისთვის ემზადებოდა, როცა ნანამ შეაჩერა და დედას მიმართა:
– გალალეის შეწუხება არ არის აუცილებელი. მსახურები გვყავს და რაც გინდა იმას მოვატანინებთ, – თავადისცოლმა ზანზალაკი უხალისოდ აიღო და გააჟღარუნა.

სელიამ რძალს თვალ-უყო, რომ აღარ სჭირდებოდა. შემდეგ ნანას დამყოლი გამომეტყველებით მიუბრუნდა და უთხრა:
– როგორც შენ იტყვი, ძვირფასო, – არ შეეწინააღმდეგა.

გალალეი ნეოსთან მივიდა და კუნძივით დადგა.

რამდენიმე წუთში მსახური შემოვიდა. სელიამ მკაცრი ხმით მიშატის დაჭრა და მირთმევა უბრძანა, თითქოს საკუთარ სახლში იმყოფებოდეს. შემდეგ კვირსა მოქმედებით წამოიმართა და ფანჯარასთან მივიდა. „მიჯნურთა ტბის“ მიმართულებით გაიხედა.

– მოდი, ნეო, ჩემთან! – ნანამ ბიძაშვილის შვილს მუდარანარევი ხმაჟღერადობით სთხოვა. ისიც ნელი ნაბიჯით მამიდასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა, სადაც ადრე ბებიამისი იჯდა.
– მომიყევი, რა ხდება შენს თავს? გავიგე, ვეროსელების ოჯახიდან გოგო დაგინიშნავთ, რა ჰქვია?... ა, ჰო, ნია, – ნანამ გაღიმება სცადა.

თავადისცოლი ვითარების გათვალისწინებით შეუფერებლად იქცეოდა, რამაც ნეო გააკვირვა, თუმცა ნანას მწუხარების დაძლევა ასე უფრო უადვილდებოდა.

– კი, მამიდა, ნია ჰქვია, ძალიან კარგი გოგოა, ჭკვიანია, მეფის კარზეც ნამყოფია, დედოფალ ანას ემსახურებოდა, – ყმაწვილმა სცადა, ყველაფერი მოკლედ  მოეყოლა.
– კეთილი, კეთილი, – ნანამ არაბუნებრივად გაიღიმა, – ხედავ, არჩილ, მალე ახალი ოჯახი შეიქმნება, ახ-ალ-ი, – ბოლო სიტყვა დამარცვლით წარმოთქვა.
– თანაც ორი ახალი ოჯახი, – მღვრიე სახით წარმოთქვა თავადმა და ალექსანდრეს მკაცრად გახედა, – გუშინ, საკუთარი გულის ნადები ალექსანდრემაც გამანდო...

ალექსანდრე, მამა რასაც გულისხმობდა, ყველაფერს მიხვდა. სახე მოეღრიცა, თითქოს ცუდი წიგნი წაიკითხაო, რომლის დასასრულიც არსზე უარესი აღმოჩნდა.

– თურმე, ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, – მტკიცედ თქვა არჩილმა.
– რა მშვენიერი ამბავია, – სელიამ სიხარულისგან გრძნობები ვერ დამალა, ყურებამდე ღიმილით ფანჯარას მზერა მოაშორა და არჩილისკენ შემობრუნდა, – ქორწილი უცილობლად ერთად უნდა გადავიხადოთ.
– რა დროს ქორწილია, – გაბრაზდა  ნანა, – დღეს შვილი დავკარგე, თქვენ გესმით? ეგ ხომ ჩვეულებრივი ნივთი არ არის?!  შვილია... შვილი...  ახლა ქორწილს ვერ გადავიხდით, – ბრაზისგან ენა ებმებოდა.
– შვილო, – სელიამ სცადა, ქალიშვილი დაეწყნარებინა, – ელენი... – სიტყვა ვერ დაასრულა.

ფანჯრიდან შემოვარდნილმა ლაჟვარდისფერმა ჭრტიალმა თვალები ყველას აუჭრელა. გეგონებოდათ იელვაო, მაგრამ ელვას ქუხილი არ მოჰყოლია. უცნაურმა ნათებამ შეკრებილების ყურადღება მიიპყრო. ნანა ფანჯარასთან მივიდა. ქალაქისკენ გაიხედა, მბჟუტავი ნათება ნელ-ნელა იკარგებოდა. იკარგებოდა იმ მხარეს, სადაც „მიჯნურთა ტბა“ იყო.

სელია შვილს მიუბრუნდა, გაუღიმა და უთხრა:
– ესეც დასტური – ჯადოქრის მოკვლა ადვილი არ არის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები