ნაწარმოებები



ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
26 აპრილი, 2019


მტვერი (თავი 3. ნაწილი 7-11)

                                                                                                                                  7
მატეა და კირკე არ დაელოდნენ ხალხი როდის დაიშლებოდა, როგორც კი ელენი სიკვდილით დასაჯეს, იქაურობას მყისვე გაეცალნენ.

– უნდა მოვემზადოთ, – კირკე შვილს აქოშინებული ეუბნებოდა.

ისინი სწრაფი ნაბიჯით ქალაქისკენ მიიწევდნენ.
შინისკენ მიმავალი შუკები უმალ გაირბინეს, მაგრამ კირკე სახლისკენ არ წასულა, გეზი ზემოქალაქისკენ აიღო.
მატეა დედას გაუცნობიერებლად გაჰყვა.

– მოვედით, – უთხრა დედამ შვილს, როდესაც ზემოქალაქის ერთ-ერთი სასახლის ჭიშკარს მიუახლოვდნენ.
– აქ, რას ვაკეთებთ? – მატეას სახეზე გულწრფელი გაკვირვება აღებეჭდა, – ეს ხომ...

მდიდრულ სასახლის წინა ეზო დიდებულად იყო მოწყობილი. აშთას ფანჩატურები და შადრევნები ამშვენებდა. პატრონს თავი, სულ მცირე, მამფონად  წარმოედგინა. უზარმაზარ სვეტებით გარშემორტყმული აივანი შესასვლელი კარისკენ მიგიძღოდათ.

– კი, მისი სახლია, – კირკემ მატეას მკაცრი სახით გააწყვეტინა და შვილს ეჭვები დაუდასტურა.
– რას ვაკეთებთ აქ? – მატეამ დედას კითხვა გაუმეორა.

კირკე პასუხის გაცემას არ ჩქარობდა, შესაფერისი სიტყვების პოვნას ცდილობდა, მაგრამ არ იცოდა, საიდან დაეწყო.

– ელენის ჯადოქრობაში განსწავლა ჩემი აზრი არ ყოფილა, – აივნის კიბე აიარეს და შესასვლელი კარებისკენ გაემართნენ, – ყველაფერი ამ სახლში გადაწყდა და დაიგეგმა, – კირკემ ზანზალაკს მძლავრად მოქაჩა. კარი რამდენიმე წამში გაიღო.
– გისმენთ, – მაღალი, ჭაღარათმიანი მამაკაცი მედიდური სახითა და ხმით მოსაცდელი ოთახის ზღურბლთან იდგა, – რით დაგეხმაროთ?
– ქალბატონ სელიას გადაეცით, კირკე გეახლათ-თქო!

ლაქიამ ისინი თავაზიანად, თუმცა მედიდურად შეიპატიჟა. სთხოვა, მოსაცდელ ოთახში დალოდებოდნენ, თვითონ კი ნელი ნაბიჯით კიბეს აუყვა. რამდენიმე წუთში დაბრუნდა და სტუმრებს მიმართა:
– ქალბატონი გელოდებათ, გთხოვთ, გამომყვეთ! – ამჯერად უფრო მეტად თავაზიანი იყო.

დედა-შვილი მსახურს აუჩქარებლად გაჰყვა. სწრაფი სიარულის გამო კირკეც და მატეაც მძიმედ სუნთქავდნენ; თუმცა კირკეს სუნთქვა უფრო უჭირდა.
ჭაღარათმიანი მამაკაცი სტუმრებს დიდ ოთახში შეუძღვა, სადაც მოზრდილ სავარძელში სელენი იჯდა და რაღაცას კითხულობდა. მატეასა და კირკეს შემოსვლისთანავე ლაქიას უბრძანა, რომ არავის შეეწუხებინათ და სტუმრებს ურასული ღვინითა და ნამცხვრით გამასპინძლებოდა.

მსახურმა კარი როგორც კი გაიხურა, კირკემ არ დააყოვნა:
– აღსრულდა.
– მთავარია, გამოცდას გაუძლოს, – სელიამ ისე უპასუხა, წიგნისთვის თვალები არ მოუშორებია.
– ძლიერია, გაუძლებს,  – კირკემ სასოებით აღსავსე ხმით წარმოთქვა.

მატეა დედამისსა და სელია სელენიტის ბაასს გაოგნებული უცქერდა. არასდროს უფიქრია, კირკეს დიდგვაროვან ქალბატონთან იოტისოდენა კავშირი თუ ექნებოდა.

სელია კითხვას მორჩა, ღიმილიანი სახით ამოხედა სტუმრებს, გამჭოლი მზერა მატეას გააყოლა.

– ოო, – წარმოთქვა ცნობისმოყვარე ხმით, – ეს შენი მშვენიერი ქალიშვილი უნდა იყოს?! – ფეხზე წამოდგა და მატეას მიუახლოვდა, – მართლაც მშვენიერია.
– გმადლობთ, – სელიას ქათინაურს კირკემ თავაზიანად უპასუხა, – ძალიან კეთილი ბრძანდებით!
– ალბათ, ჯადოქრობაში დედაშენივით გაწაფული ხარ, არა?! – თავადისქალი შებრუნდა, მაგიდიდან წიგნი აიღო და მატეას მიაწოდა, – წაიკითხე, ნამდვილად გამოგადგება!
– დიდი მადლობა, ქალბატონო, – სელიას საქციელი მატეას ეუცნაურა. – აუცილებლად წავიკითხავ.

მატეას განცვიფრებული სახე ჰქონდა, თვითგანცდას ვერ უმკლავდებოდა. ჯადოქარმა წიგნს დახედა, მოვერცხლისფრო ასოებით, ტყავის ყდაზე ეწერა: „სამეფო ჯადოქართა ამბავი“. 

კარზე კაკუნის ხმა გაისმა და ქევხა-მსახური ლანგრით ხელში შემოვიდა. ლანგარზე ღვინით სავსე ბროლის კულა და ნამცხვრის ნაჭრები ელაგა. კაცმა ღვინო და ნამცხვარი მაგიდაზე დაალაგა და ლანგარმომარჯვებული იქაურობას უსიტყვოდ გაეცალა.

სელიამ ბროლის ჭიქებში ღვინო ჩამოასხა და ხელების ჰაეროვანი ლიქვთანალით  სტუმრებს ანიშნა, აიღეთო.

მატეა მაგიდასთან მივიდა, თავის მდაბლად დაკვრით ორი სასმისი აიღო და ერთ-ერთი დედას მიაწოდა.

თავადისქალი კირკეს მიუბრუნდა:
– ახლა ყველაფერი დროის ამბავია, ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია!
– სხვა რაღაა სანუგეშო?! – კირკემ მოკლედ უპასუხა, სწრაფად მოსვა ღვინო და მატეას ანიშნა წავედითო.

სტუმრები ფეხზე წამოდგნენ და გასასვლელისკენ გაემართნენ.

სელია ახალგაზრდა ჯადოქარს უცნაურად გამოემშვიდობა:
– ნახვამდის მატეა, – სახელი ისე წარმოთქვა, თითქოს, ამ სიტყვაში მთელი გრძნობა ჩააქსოვა, მაგრამ ეს გრძნობა არც დედობრივი სიყვარული და არც მტრული სიძულვილი გახლდათ, – დარწმუნებული ვარ კიდევ შევხდებით, – თავადისქალს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
– ნახვამდის ქალბატონო, – ზედმეტი გრძნობების გარეშე გამოემშვიდობა მატეა, – წიგნისთვის, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა!
სცირენოვები სახლისკენ გაეშურნენ.

მთელი გზა მატეა უცნაური თვითგანცდებს მოეცვა, რომელიც თვითონაც ვერ ამოეხსნა. სელია რაღაც ახლობელს, საკუთარ თავს აგონებდა, თუმცა საკუთარ გრძნობებს ვერ ხვდებოდა, ისიც არ იცოდა, ასეთი შეგრძნება თუ რატომ დაეუფლებოდა.

                                                                                                                                                        ***
მზე ნელ-ნელა მთებისკენ იწევდა. დღე ნაცრისფერ საფარს იკრავდა. საღამო ჟამს ცოტათი აგრილდა კიდეც.

სახლში შესვლისთანავე მატეამ არც აცია, არც აცხელა კირკეს ჰკითხა:
– ეს რას ნიშნავდა, დედა? – მკაცრი და გაურკვეველი გამომეტყველება ერთმანეთს ერწყმოდა.

კირკეს თავის მართლება არ დაუწყია. შვილის კითხვას გულწრფელად უპასუხა:
– სელენიტები უძველესი ჯადოქრები არიან. მათ ოჯახში სელიას შემდეგ მზმელი არავინ დაბადებულა. ელენის დაბადება კი მისთვის შვება აღმოჩნდა. პეტროკალას ველზე გოალეის დაღუპვის შემდეგ სელიამ მიხმო და მთხოვა, ელენი განმესწავლა, ოღონდ, მისი მონაწილეობა საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო – არც ელენის და არც ნანას არ უნდა გაეგოთ ამის შესახებ. სასარგებლო წიგნებს, ჭილებს, გრაგნილებს, რომლითაც ელენის ვასწავლიდი და, სხვათა შორის, შენც, სელია მაწვდიდა. სელია სელენიტი ის ადამიანი არ არის, რომელსაც უარს ეუბნებიან, რა გინდ დიდად გწადდეს უარის თქმა; საშიში ქალბატონია, ბოლოსდაბოლოს, თრაგონთა შთამომავალია, ამით კი ყველაფერია ნათქვამი. 

მცირეოდენი დუმილის შემდგომ განცვიფრებულმა მატეამ დედას იჭვნეულად ჰკითხა:
– თრაგონთა? იმ თრაგონთა?
– კი, იმ თრაგონთა  ერთადერთი შთამომავალია, – კირკემ შვილს მტკიცედ დაუდასტურა.
– გასაგებია, – მატეა ჩაფიქრდა, − და სელიას სურვილი რა მიზანს ემსახურება? რად უნდა, რომ შვილიშვილს ჯადოქრობა შენ გესწავლებინა?! – დედას იჭვნეული მზერით გახედა.
– არ ვიცი და არც მიკითხავს! – მოკლედ მოუჭრა კირკემ.
– რა თქმა უნდა, „სელია სელენიტი ის ადამიანი არ არის, რომელსაც უარს ეუბნებიან“! – მატეამ დედის სიტყვები უკმაყოფილოდ გაიმეორა.
– მართალია, – უხალისოდ დაეთანხმე კირკე, – მეტიც...

კირკემ სიტყვა ვერ დაასრულა, უეცრად მოვლენილი ლაჟვარდისფერი სხივი, რომელიც ცაში სვეტივით იჭრებოდა  და „მიჯნურთა ტბას“ გადაფარებულ ტყეს თოვლის ფიფქივით ეფინებოდა, ზენეათს უჩვეულო ნათებასავით მოეფინა.

– შესძლო, – სიკვდილს გადარჩენილი ადამიანივით წარმოთქვა მატეამ.

ბედნიერების თვითგანცდით აღვსილ მატეას ყველაფერი დაავიწყდა. სიხარულის უჩინარმა მდინარეებმა კალაპოტი, თითქოს, მის სხეულში გაჭრა – მატეას თვალები გაუნათდა, სახეზე ღიმილი მოეფინა.

კირკემ სახელდახელოდ გამზადებულ მუშამბის ჩანთას ხელი დასტაცა და ქალიშვილს სიხარულის თვალებით შეაცქერდა.

მატეამ პასუხად დედას ფართოდ გაუღიმა. წავედითო, სულმოუთქმელად წარმოთქვა და სახლიდან ანაზდეულად გამოვიდა ისე, რომ კირკეს არც კი დალოდებია. „მიჯნურთა ტბისკენ“ ახალგაზრდა ჯადოქარი ნაჩქარეულად გაემართა.

                                                                                                                                        8
ვერცხლისფერ, თითქმის გაბადრულ მთვარეს „მიჯნურთა ტბა“ სარკის ზედაპირივით ირეკლავდა. წყალი ისეთივე მშვიდი იყო, როგორც მის გარშემო, მთებზე შეფენილი წიწვოვანი ტყე.

მსახვრალმა  ზენეათს სიოს ქროლაც კი დაავედრა, ყველაფერი შეუკრთომლად უძრავი იყო, თითქოს დრო გაახევესო. ცაზე კენჭებივით შეკიდული ვარსკვლავები მთვარეს – მათ მბრძანებელს – გვერდს უმშვენებდნენ, ახალისებდნენ. ტბის გლუვ ზედაპირზე ხომლის ანაბზენი წინწკლებივით მოფენილიყო. სარკისფრად მოელვარე ცისკალთებზე ღრუბლის ნაგლეჯიც კი არ მოსჩანდა – შაბიაბნისფერი საბანი „მიჯნურთა ტბისთვის“ მხოლოდ ვერცხლის გულსაბნევსა და ბრჭყვიალა კენჭებს იტევდა, ის კი მთვარის ცივ და ვერცხლისფერ-რძისფერ ნათებას უდრტვინველად ითვისებდა. უცნაურ კაშკაშში არც ცხელოდა და არც ციოდა, თითქოს არაფერი უნდა მომხდარიყო, თითქოს ელენის სიკვდილით დასჯა ბუნებამაც მშვიდად მიიღო.

უცაბედად ტბაზე წვრილმა რგოლებმა ცეკვა დაიწყეს. წყლის რკალები ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მსუბუქი სიოს, ანდა მიწის მცირედი შეზანზარებისას რომ წარმოიქმნება, თუმცაღა ბუნების სიმშვიდე არაფერს შეუკრთია – ნიავს ქართა მბრძანებლის კალთებიდან გადმოსვლა არც კი გაუბედავს. რამდენიმე წამიანი შეყოვნების შემდგომ, წრიულები ტბის ზედაპირზე ისევ აცეკვდნენ, თუმცა უფრო ძლიერ, ვიდრე პირველ ჯერზე; შემდგომ, თითქოს ძალა მოემატათო, მგზნებარედ დაიწყეს როკვა; ჯერ მცირე ღელვით, შემდგომ, უფრო და უფრო, სწრაფი, ბოლოს კი  მძლავრი, თუმცა მცირე ტალღებად გადაზრდილი გზას ნაპირისკენ მიიკვლევდნენ. მთვარისა და ვარსკვლავების მოცეკვავე ანარეკლი ნელ-ნელა იმღვრეოდა და ტბის მრუმე ფერში უჩინარდებოდა.

წყლის სიღრმიდან – იქ სადაც ხიდი სრულდებოდა, საიდანაც ელენი წყალში მოისროლეს – მკრთალი, წერტილისოდენა ნათება გამოჩნდა. შუქმა თანდათან იმძლავრა: წერტილი მომცრო წრედ გადაიქცა, წრე კი წყლის მღელვარე ზედაპირზე იშლებოდა, ვიდრე მთელმა ტბამ რძისფერი შეფერილობა არ მიიღო.
რძისფერ წყალზე რგოლები უკეთ გასარჩევი გახდა. ტალღებიც ნაპირს უკვე ჯიქურ ეხეთქებოდა, თითქოს მის გარღვევას ცდილობსო. იმ ადგილას, საიდანაც წერტილისოდენა შუქი აღმოცენდა, ლაჟვარდისფერმა სხივმა ამოხეთქა და ცაში აიჭრა – სხივი ელვას ჰგავდა. ლაჟვარდმა რამდენჯერმე გაიჭრტიალა და გარშემოხვეული სიბნელე შთანთქა; საკუთარი ფერადი კალთა დღის შავ მაზარას გადააფარა.

ნათება იმდენად თვალისმომჭრელი იყო, მთელმა ქალაქმა დაინახა – ამოუცნობმა, ღია ლურჯმა შუქმა ყველა სახლის ფანჯარაში შეაღწია.

ტბიდან ამოჭრილ ჭრტიალს ერთი წუთიც არ დასჭირვებია, ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გაჩნდა.

წყლიდან, საიდანაც ლაჟვარდისფერი სხივი ამოიჭრა, ნაზი მოძრაობით, ქალთევზასავით ელენი აღმოიმართა. შიშველ სხეულს მხოლოდ წყლის ნაზი წვეთები უფარავდა. ნაბიჯი წყალზე სათუთად და ფრთხილად გადადგა – ჰაერში ლივლივებდა, თითქოს მოჩვენება ყოფილიყოს – და ნაპირისკენ აუჩქარებლად გამოემართა.

მზმელს თვალები ცისფრად უციმციმებდა. სველი თმა წელზე მჭიდროდ ეკვროდა. ნაპირზე ფეხი გადმოდგა თუ არა, ჩაიმუხლა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. დაახველა. ტბისკენ შებრუნდა, ხელი წყლისკენ გაიშვირა და ზედაპირს ჰაეროვნად მოატარა, თითქოს ღამის ტილოზე მუქი ფერების წაშლა უნდაო. წყლის მცირედი ნაწილი წამოიმართა, ელენის სხეულს შემოეკრა და გველივით მთელ სხეულზე შემოეხვია. წყალმა კაბის მოხაზულობა მიიღო, თან ვერცხლისფრად ციმციმებდა – მანგის ნათებას ბაძავდა.

აღმდგარი თავადისასული თალარისკენ გაემართა. ერთ-ერთ ბოძთან მივიდა, იმ მხარეს, სადაც ყვავილოვანი ხე ხარობდა. არწივის გამოსახულებიან ამონაკვეთს ხელი გადაუსვა. ყრუ ხმა გაისმა. ფანჩატურის საფუძველთან მიწა ჩაიზნიქა და კიბეები ჩაიკეცა, თითქოს უდაბნოს ქვიშაში იძირებაო, ნელ-ნელა ჩაიწია, ორად გახლეჩილი ნაგებობა ფართოდ გაიღო და ტალანი გამოჩნდა.

ფართო დერეფანი, ჯადოძალის მეოხებით, ჩირაღდნებით იყო განათებული. კიბე სტუმარს მიწისქვეშ, იდუმალებისკენ მიუძღოდა. ელენიმ საფეხურები ჩაირბინა თუ არა,  ტალავერი დაიხურა და ფანჩატურმა ჩვეული სახე მიიღო.

მიწისქვეშ, „მიჯნურთსაყუდელს“ ქვემოთ, დიდი ოთახი იყო მოწყობილი, სადაც უამრავი გრაგნილი რიგებად ჩაყოლებულ თაროებზე ელაგა. ჩირაღდნები იქაურობას ნათელს ჰფენდა.

წყლის კაბაში გამოწყობილი თავადისასული  ოთახის სიღრმისკენ მიიწევდა – იცოდა საით მიდიოდა და რაც უნდოდა,  ეს მის თავდაჯერებულ, ამაყ მოძრაობასა და სახის გამომეტყველებასაც ემჩნეოდა.

წიგნთსაცავის ბოლოს განლაგებულ ერთ-ერთ თაროს მიუახლოვდა. გრძელ ნაცრისფერ გრაგნილს  ხელი სტაცა და სასწრაფოდ გასასვლელისკენ გამოემართა. ნაზი მოძრაობით ისეთივე არწივისებრ თვითნიშანს, როგორიც თალარის თვით-იმ საყრდენზე იყო, ხელი გადაავლო და კედელი შუაზე გაიჭრა. გლუვმა იატაკმა ისევ კიბის მოყვანილობა მიიღო. მზმელი საფეხურებს მშვიდად ამოუყვა. გარეთ მატეა და კირკე დახვდნენ.

მატეას სიხარულისგან სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. მკაცრი გამომეტყველებით მდგარ ელენის მიუახლოვდა და გადაეხვია. ყურში ჩასჩურჩულა:
– გამიხარდა... ძალიან მიხარია... შენ მოახერხე ეს! – დანაწევრებულად მეტყველებდა, სიტყვებს თვითგანცდებისგან ერთმანეთს ვერ აბამდა.

როცა მეგობარმა მეგობრის სიყვარულით გული იჯერა, ელენიმ ცივად უპასუხა:
– მადლობა, – გაღიმება სცადა, არ უნდოდა უხეშად გამოსვლოდა. თავი კირკესკენ გაიქნია, – დედაშენს ტრილონია რომ არ მოეჯადოებინა და იმ ბოროტ არსებას ის გრაგნილი არ მოეტანა, ალბათ, არ გამომივიდოდა. კარგი გათვლა იყო, კირკე! – შეაქო და მოწონების ნიშნად თავი დაუკრა, – პირველად კი გამიკვირდა, ლეტა საკანში რატომ მესტუმრა, მაგრამ გასვლისას ჯორკოზე დატოვებული გრაგნილი დავინახე და ყველაფერს მივხვდი.

მატეამ იჭვნეული ხმით იკითხა:
– გრაგნილი? – დედისკენ შებრუნდა, – რა გრაგნილი?
– სელიას მოწოდებული გრაგნილი, – გამოტყდა კირკე.
– სელიას? – ელენის გულწრფელად გაუკვირდა, ვერ გაეგო, ბებიამისს ამ ყველაფერთან რა აკავშირებდა.
– შენი გაწვრთნა, ჯადოქრობის შესწავლა ბებიაშენმა მოიფიქრა, – მეტეამ მკვირცხლად განუმარტა, რომელიც ელენის კაბამ დაესველებინა.
– ბებიაშენს შენთან დალაპარაკება უნდა, – კირკეს ხმაში თრთოლვა იგრძნობოდა, – წავიდეთ?! – შესთავაზა, მაგრამ მისი ხმით მიხვდებოდი, რომ ეს ვედრებას უფრო ჰგავდა, ვიდრე თხოვნას.

ელენიმ აღმზრდელის შიში იგრძნო, ამიტომ არ გაჯიუტებულა და არ მოუთხოვია ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა. გაიფიქრა, რომ ყველაფერს სელიასთან გაარკვევდა.

– კეთილი, წამოვალ. მანამდე კი უნდა გამოვიცვალო, – ხელები გაშალა და მის ჯადოქრობაზე მიუთითა, რომელიც დედა-შვილს შეუმჩნეველი დარჩა; ელენის ხილვის სიხარულით გამოწვეულმა მღელვარებამ ისინი თითქოს დააბრმავაო.
– კარგი ნამუშევარია, – გაიღიმა მატეამ, – ზაფხულში გაგაგრილებს.

მატეამ, როდესაც ელენის შიშველი სხეულის ლანდი დაინახა, ცალი წარბი ოდნავ ზემოთ ასწია.

– უცილობლად, – ჯადოქარმა მეგობარს პასუხადვე გაუღიმა.

კირკემ თავში ხელი შემოირტყა და მხიარული ხმით წარმოთქვა:
– სულ დამავიწყდა, ეს შენ, – მუშამბის ჩანთა ელენის გაუწოდა.

გრძნეულმა ჩანთა გახსნა და მასწავლებელს მადლობა გადაუხადა. იქედან ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამოიღო. გონების ძალით წყლისგან „შეკერილი“ კაბა ჩამოიშალა – წყალი სხეულზე ხმაურით ჩამოეღვარა. შავი ტყავის შარვალი და მქისე ქსოვილის ზედატანი სწრაფად ჩაიცვა, უქუსლო ლანჩა  წვივებზე თასმებით დაიმაგრა.

კირკემ მოსასხამი მოიხადა და მოწაფეს მიაწოდა:
– ეგ მოიხურე, თავზე ჭყვერთი  დაიხურე, არავინ გიცნოს!

ელენიმ მოსასხამი მოიხურა. მართალია ლანჩები არასდროს სცმია, თუმცა ეს არ აწუხებდა, სიამოვნებდა კიდეც.

– წავიდეთ?! − კირკემ გოგოებს შეახსენა.

ისინი ზემოქალაქისკენ, სადაც სელია სელენიტის სახლი მდებარეობდა, ერთად გაემართნენ.

                                                                                                                                    9
სტუმრებისა და სტუმრობისგან დაღლილი ალექსანდრე მკრთალი შუქით განათებულ მისაღებ ოთახში მარტო იჯდა და ღრმად ჩაფიქრებულიყო. ფიქრობდა დის ბედზე, მამამისის მოთხოვნა აღელვებდა და, შესაბამისად, საკუთარი მომავალიც. 

მთვარის შუქი ოთახში ჰაეროვანი მანდილივით იჭრებოდა, თუმცა მას სანათის მზისფერი ნათება ჯაბნიდა. ალექსანდრეს გარეთ გასვლა ერჩივნა, მაგრამ ილაჯგამოცლილი ფეხს ვერ დგამდა. ნამტირალევი თვალები ოდნავ ჩასწითლებოდა. გული ეწვოდა. თითქოს მარყუჟი კისერზე მოუჭირესო – რაღაც ახრჩობდა: ვერ გაეგო ელენის სიკვდილი უფრო სტანჯავდა თუ საკუთარი გრძნობები, რომელსაც უღალატეს. ახლა კი, მის შესახებ არჩილმაც გაიგო და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.

სელიამ უკვე გადაწყვიტა, მედროშეების ოჯახი ვისთან დაემოყვრებინა და არჩილს საკუთარი რჩეული ბოლდინთა ოჯახიდან შესთავაზა კიდეც.

„მდიდარიც გახლავთ, არჩილ, დიდგვაროვანი და შესახედავადაც კარგი“, ჩაესმოდა ალექსანდრეს ბებიამისის სიტყვება.

თავადიშვილი ბრაზობდა. ბრაზობდა საკუთარი თავზე, ბრაზობდა ყველაზე და ყველაფერზე: ბოლდინებზე, მზის ლახვამზე, ტრილონიაზე...

თავადისქალის ნათქვამმა არჩილი დააფიქრა. ალექსანდრე ხვდებოდა, რომ ტატიანა ბოლდინი მისი მეუღლე გახდებოდა. მამამისს მხოლოდ ხელის მიკვრაღა აკლდა, თორემ შემდგომ ყველაფერს შესანიშნავად გააკეთებდა. ბებიამისმა მარტო ხელი კი არ  მიჰკრა, არამედ კარამდეც მიიყვანა, თავადს მხოლოდ დაკაკუნებაღა აკლდა, რასაც  მამამისი დაუყოვნებლივ გააკეთებდა.

დედის შემოთავაზებაზე ნანას არაფერი უთქვამს. არც კი უნდოდა, რამე ეთქვა, ამის თავიც არ ჰქონდა. ალექსანდრე კი ჩუმად უსმენდა, თუ როგორ გეგმავდნენ, ჭრიდნენ და კერავდნენ მის ცხოვრებას, მას კი არაფერს ეკითხებოდნენ.

თავადიშვილს ყველა ეჯავრებოდა და საკუთარი თავიც. უნდოდა, ცხოვრება თვითონ ემართა, გაეკეთებინა ის, რასაც მისი გონება და გრძნობები ჰკარნახობდა, მაგრამ უძლური იყო. შეწინააღმდეგების ძალა არ ჰქონდა, მისი ერთადერთი თანამესაიდუმლე, მეგობარი და დარდის განმქარვებელი კი მკვდარი იყო.

                                                                                                                                  10
მცირეოდენი ხანი ჯადოქრებმა მდუმარებაში დაჰყვეს. სელია საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა. ფურცელზე გამალებით წერდა. ლამფის შუქზე კი მოხუცებული სახე იმდენად უგვანო ჩანდა, თითქოს ჟალიის ტბის დამანჭული ურჩხული ყოფილიყოს.

ელენი და მატეა უკმაყოფილების ნიშნად თვალ-ჰყოფდნენ და სათქმელს ერთმანეთს ტუჩების მოძრაობით ახვედრებდნენ. კირკე თავადისქალის მისდამი ამდაგვარ დამოკიდებულებასა და მოპყრობას შეჩვეული იყო, ამიტომ სელიას ილუმელ  ქცევას ყურადღებას აღარ აქცევდა.

– ესეც ასე,  – გულგრილად და მკაცრად თქვა მასპინძელმა, – დავასრულე!

გრაგნილი დაკეცა. ზემოდან სანთლის ცვილი დაასხა. უჯრიდან  საკუთარი ბეჭედი ამოიღო და ჭილის ფურცელს დასხმულ ცვილს ნიშნად დაადო. თავადისქალმა სტუმრებს შუქის მკრთალი ნათების მიღმა გახედა და წერილი გვერდით გადადო. 

– ელენი, ელენი! – სელიამ კმაყოფილებით წარმოთქვა და გაუღიმა, – ვიცოდი, რომ ჩემს იმედებს გაამართლებდი.

საწერი მაგიდიდან გამოფარფატდა, შვილიშვილთან მივიდა და გადაეხვია. შემდეგ ელენი შეათვალიერა, მაგიდასთან მივიდა და ზანზალაკი ააწკრიალა.

– ეს რა გაცვია, საწყალო, − შვილიშვილი შეათვალიერა, უკმაყოფილება სახეზე აღებეჭდა.
– იმედებს? – თავადისასულმა სპილენძისფერი თმა შეათამაშა და კითხვა ბებიას მკაცრი ხმაჟღერადობით გაუმეორა, – რა იმედებს?
– სელენიტების იმედებს, – განუმარტა და სელიამ ჩაიღიმა, – შენ მზმელი ხარ... ალჯანეულიანი ჩვენს ოჯახში, სელენიტების ოჯახში... ჩვენი გვარი თრაგონებიდან მოდის, ამიტომ თავიდან არ დავიწყებ მოყოლას... – საუბრობდა და საწერ მაგიდას უახლოვდებოდა, – ჩვენში ყოველთვის იყო ჯადოქრის ძალაშინი  – გრძნეულობის შინაგანი ვნება, – თავადისქალი მაგიდას მიუჯდა.
– იმედის გამართლება? – ელენი ბებიას პასუხმა არ დააკმაყოფილა და კითხვა კვლავ გაუმეორა, – ეს რას ნიშნავს?

კარზე კაკუნის ხმა მოისმა. სელიამ მბრძანებლური ხმაჟღერადობით შემოდიო თქვა და ოთახში ქევხა-მსახური შემოვიდა.

– სტუმარს სამოსი მოუტანე, დილით რომ გეუბნებოდი ის, – მსახურს ხელით ანიშნა, საქმეს შესდგომოდა.

მსახური ოთახიდან მსთუადად გავიდა თუ არა, თავადისქალი შვილიშვილს მიუბრუნდა და თითქოს სასიხარულო ამბავს ატყობინებსო, უთხრა:
– მშვენიერი კაბა გადავინახე შენთვის.

ელენიმ ბებიას ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია და კითხვა კვლავ გაუმეორა. ელენის მტკიცე ხმა ჰქონდა, სახეზე ჯიუტი შემართება ეტყობოდა, რითაც სელენის მდუმარედ ეუბნებოდა, რომ იგი არ მოისვენებდა, ვიდრე სასურველ განმარტებას არ მოისმენდა.

თავადისასული დაჟინების გამო სელიას სახე უკმაყოფილების ნიშნად მოექუფრა, მაგრამ გადაწყვიტა, ეპასუხა:
– ჩვენი ოჯახის მოლოდინები შენ უნდა გაამართლო...

ჯადოქარს ბებიას ნათქვამი არ ესიამოვნა, ამიტომ პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე,  ლივზინეური და გაბრაზებული ხმაჟღერადობით უთხრა:
– ჩვენი ოჯახის, თუ თქვენი, ბებია? მამაჩემის ერთადერთი საზრუნავი ვაჭრობაა, დედაჩემის – ღვინო, ჩემი ძმის კი... – არ დაასრულა სათქმელი, თავი გვერდზე გაიქნია და განაგრძო, – მე კიდე თქვენს გეგმებში რა ადგილი მიკავია, რა არის ჩემი წვლილი?
– გეგმებში? – ჩაიცინა სელიამ, – ეგ მხოლოდ გეგმები არ არის, – თინჩი  გამომეტყველება მიიღო, თვალებში მცირეოდენი ნავარი  სხივი უკრთოდა, – ეგ ჩვენი მომავალია, მაგრამ ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.

კარზე კაკუნი ისევ გაისმა.
– შემობრძანდით! – გასძახა სელიამ.
მსახურმა კაბა შემოიტან.
– ეგ ელენის მიეცი, იოან!

მსახური  თავადისქალთან მივიდა და კაბა გაუწოდა. ელენიმ სამოსი გამოართვა და დაელოდა, როდის გავიდოდა ქვეხა, რათა ჩაეცვა.

თავადისასული ვიდრე სამოსს იცვლიდა, სელია საუბარს განაგრძობდა:
– ახლა, რაც მთავარია, ეს წერილი ერთ ჩემს კარგ ნაცნობს უნდა გადასცე. ის მოგხედავს და ჯადოქრობაში შენს გაწვრთნას გააგრძელებს. გარუთ-ჟაჰში უნდა წახვიდე! ის ბატონი იქ დაგხვდება. დაწვრილებით შემდგომში შეგატყობინებ ყველაფერს, – წერილი მაგიდასთან დაბრუნებულ ელენის გაუწოდა. სელია ისე იქცეოდა ეტყობოდა, რომ შვილიშვილისგან ბრმა მორჩილებას ითხოვდა.

ელენიმ ჭილიდა დაუფიქრებლად და გაუაზრებლად გამოართვა, მაზარის ჯიბეში ჩაიდო, რომელიც კირკემ შეხვედრისას მიაწოდა და ბებიამისის ნაჩუქარ კაბაზე მოესხა.

– მე დედაჩემივით თქვენი სათამაშო თოჯინა არ ვიქნები. დასრულდეს ოინები!.. ჩემი ოჯახი გულზე არასდროს გეხატებოდათ – ახლა მის მიმართ ამდენ მზრუნველობას რომ იჩენთ  – მხოლოდ სიმდიდრე და გავლენა განაღვლებდათ, ამიტომაც მიათხოვეთ ერთადერთი ქალიშვილი მამაჩემს! – ელენი თითქმის ყვიროდა.
– შესაძლოა მედროშეების ოჯახი არ მიყვარდა, მაგრამ ჩემი შვილიშვილები ყოველთვის მიყვარდნენ – შენ ყოველთვის მიყვარდი, – სელიას სიტყვებში თვალთმაქცობა და ტყუილი არ იგრძნობოდა,  – მაგრამ...
– ეგ მილინისური ლათაია იმას უამბე, ვინც დაგიჯერებს, – თავადისასულს მრისხანე ხმა ჰქონდა.
– სრულებითაც არ არის ტყუილი, შენ ჩემი თვალის ჩინი, ერთადერთი მიზანი ხარ, – წარმოთქმისას მოხუცს თვალები თითქოსო აუწყლიანდა, – ჩემი და ჩვენი გვარის შვება და...

ელენიმ ბებიას სიტყვები გააწყვეტინა – ჩაეცინა, თავი დაღუნა, მუშტი ტუჩებთან მიიტანა, ისევ ჩაეცინა, შემდეგ თავი მკვირცხლად აწია, სელიას თვალი თვალში გაუყარა და უპასუხა:
– უცნაურია თქვენი სიყვარული! – იჭვნეულად უმზერდა.

მატეა და კირკე მათ საუბარს განცვიფრებით უსმენდნენ. კირკეს თავადისასულის უდრეკობა აკვირვებდა, მატეას კი სელენის პირდაპირობა.

– მართალია, ჩემი სიყვარული შენდამი უცნაურად შეიძლება აღიქვან; ალბათ, ვერც კი გაიგებენ, – სელია თითქოს დაღონდაო, – მაგრამ ვერ დავასრულებ იმას, რასაც შენ ოინებს უწოდებ, – ტაძრები მთებზე იმიტომ არ დამინგრევია, რომ ჩანაფიქრი აქ შევწყვიტო! – თავადისქალს თვალებში ნავარი ნათება ისევ აუთამაშდა.

ელენიმ და მატეამ ერთმანეთს გადახედეს. ახალგაზრდა ჯადოქრებს სელიას აღიარება, თუ შემთხვევით ნათქვამი სიმართლე, არ ესიამოვნათ. მატეამ ვეღარ მოითმინა და თავადისქალს გაკვირვებით ჰკითხა:
– მიწისძვრა თქვენ მოაწყვეთ? – უჩვეულოდ მკაცრი ხმა ჰქონდა.

კირკე მატეას დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ, ახალგაზრდა მზმელს უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდა.

– დიახ, – სელიამ უხეშად უპასუხა, – მე მოვაწყვე, რათა ელენის საკუთარი ჯადოძალა შეეგრძნო. საკუთარ თავში დარწმუნებულიყო, გრძნეული ვნება ბოლომდე აეთვისებინა. ვიცოდი, ადამიანების გადარჩენის სურვილი ამისკენ გიბიძგებდა, – მზერა ელენისკენ გადაიტან, –  ამით ჯადოსნური ძალაშინი  საკუთარ გზას იპოვიდა, მიუსვლელ კუთხე-კუნჭულს დატოვებდა და შენს სხეულს დაიპყრობდა. ოდითგანვე ასე ხდებოდა;  როდესაც ჯადოქრის გამოცდას აპირებდნენ, საგანგებოდ ისეთ ვითარებას უქმნიდნენ, საიდანაც თავის დაღწევა მხოლოდ ალჯანეულიანს შეეძლო.

მატეამ და ელენიმ უკმაყოფილების ნიშნად ამოიხვნეშეს.

– სასტიკი ადათია. არ გიფიქრიათ ადამიანების ბედზე, რა მოუვიდოდათ იქ მყოფებს?! თქვენ მიერ დადგმულ ხვანჭს  რამდენი სიცოცხლე შეეწირა! – ელენი კირკესკენ შებრუნდა, – შენ როგორ დათანხმდი ამ უბედურებაში მონაწილეობას, როგორ გაისვარე ხელები? – მოწაფეს გამკიცხავი მზერა ჰქონდა.
– ეგ პირველად გავიგე, არ ვიცოდი, ჩემთვის არ უთქვამს, – კირკეს გულწრფელ ხმას განცვიფრებული და, ამავდროულად, დაბნეული მზერაც ერთვოდა, მოსმენილით გაცბუნება სახეზეც აღბეჭდვოდა.

უხერხულობისგან აღმზრდელმა ელენის თვალი მოარიდა, მაგრამ საპირისპიროდ მატეას მკაცრ მზერას შეეჯახა.

– საზოგადოება, რომელიც შენნაირ გულკეთილ ადამიანებს, მხოლოდ და მხოლოდ, ცრურწმენების გამო ღუპავს, გადარჩენის ღირსი არ არის, – სელია სრულიად გულღიად საუბრობდა, – ყველა ტაძარი უნდა დაინგრეს, რათა ნანგრევებზე ახალი აშენდეს.
– თქვენ, ყველას ერთ ქვაბში ხარშავთ, ბებია. ეს ჩემთვის მიუღებელია – დამნაშავე ისჯება, უდანაშაულო კი უბრალოდ კვდება. ყველა ტაძარი უნდა დაინგრეს, არა?! – ელენიმ ლივზინეურად გაიმეორა, – ტაძარს მე დავანგრევ და თქვენი ტაძრით დავიწყებ, ბებია, ბოროტების ტაძრით, განუკითხაობის ტაძრით. 

ელენი გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ყოველთვის როდესაც ამდაგვარი გრძნობა ეუფლებოდა, ტანში ჟრუანტელი უვლიდა, აციებდა, სხვის განცდებს – კეთილი იქნებოდა თუ ავი – ზებუნებრივად შეიგრძნობდა.

– ო, არ გირჩევ ჩემთან თამაშს, ელენი!

მუქარანარევი რჩევისას სელიას გამოხედვაში ამოუცნობი მრავლისმეტყველება იბუდებდა, რასაც თან ალმაცერა ღიმილი ერთვოდა. ყოველივე ეს მოხუცის დანაოჭებულ-დამანჭულ სახეს ერწყმოდა და შეშფოთებას აღძრავდა მათში, ვისაც ესაუბრება.

ელენი ბებიის სიმკაცრეს, სიკეთესა და გაუგონარ სიმტკიცესაც კი, რომელსაც შვილიშვილების მიმართ იჩენდა, შეჩვეული იყო. ამიტომაც წითელთმება (სელია ელენის ეგრე მიმართავდა ხოლმე) თავადისქალს, ვინც სხვაში შფოთსა და თავისტკივილს იწვევდა, შესაშური მედეგობით შესცქეროდა.

– სრულებით არ ვთამაშობ, თქვენო აღმატებულებავ, – ელენიმ ტუჩის კიდეებით გაიღიმა, – მე თქვენ არ გემორჩილებით, თქვენი მონა და მიზნების აღსრულებისთვის განკუთვნილი მორიგი თოჯინა არასდროს ვიქნები, – ფეხზე სხარტად წამოიმართა, მატეას და კირკეს მიუბრუნდა, – წავედით, აქ აღარაფერი გვესაქმება!
– იცოდე, ჩემო ძვირფასო, − თინჩი და მკაცრი სახით მიმართა სელენიმ, − მე ამას ჩვენთვის ვაკეთებ. დაიმახსოვრე, მტრების ლამპარი უნდა ჩაქრეს, არაკეთილმოსურნეთა ნაყოფი უნდა მოიშთოს. რაც გეღობება – სიკვდილს ელოდება...

კირკემ თავადისქალს თავი დაუკრა. ელენი და მატეა არც კი გამომშვიდობებიან, კარი ისე გაიხურეს.
სელია მიმავალთ ღიმილიანი სახით უცქერდა. მის გონებაში ახალი გეგმები და ხვანჭები მწიფდებოდა.

                                                                                                                        11
მშვიდ ამინდს ღამის ჩურჩული აკრთობდა. ქალაქს იაკინთისფერი საბანი გადაკვროდა. ცასშეკიდული დაწინწკლული საფარი მკრთალ ნათებას ასხივებდა და მოქალაქეებისგან დაცლილ ქუჩებზე ბაკმმოფენით  სიმშვიდეს მოუსვენრად აფრთხობდა.

მთებიდან, გალავანივით რომ აკრავს ზენეათს, სიომ დაჰბერა. ტყე აშრიალდა, მაგრამ არ შეშფოთებულა. ნიავის ჰანგები დაჭრილი ფრინველის კვნესას ჰგავდა, რომელიც გარემოს ლაზათიანად ეხამებოდა.

მატეა და ელენი უკვე ქურუმთა უბანში იმყოფებოდნენ, როდესაც ქალაქთმცველების ოთხკაციანმა რაზმებმა ქუჩების დაზვერვა დაიწყეს. ისინი ქურუმთა და საგამრიგეო უბნებს განსაკუთრებით სწყალობდნენ. ქალაქის დანარჩენ ნაწილებს იშვიათად თუ სტუმრობდნენ. მხოლოდ ქიოქა ლამაზმანების დასაუფლებლად, ანდა მაშინ, როცა სამიკიტნოებსა და საროსკიპოებში ჩხუბი თუ გაიმართებოდა.

ახალგაზრდა ჯადოქრებმა სელიას სასახლე როგორც კი დატოვეს და კირკე სახლში გაისტუმრეს, მათი საქმისთვის ქალაქის სამხრეთით გაემართნენ.
რაზმის დანახვისას ელენი და მატეა ერთ-ერთი სახლის უკან ჩაბნელებულ კუთხეში მიიმალნენ, რათა არ შეემჩნიათ. ორივეს შავი კაბები ეცვა – მატეას ისევ ის, რომლითაც მეგობრის სიკვდილით დასჯისას თავს იწონებდა; ელენის კი ის გრძელი მრუმე კაბა, ყორნისფერი, ღია სამკლავურიანი მაზარით ემოსა, ბებიამისის სახლში რომ მიართვეს. მათი ტანსაცმელი, თითქმის გაუნათებელ ქუჩებში, დამატებით ნიღბავდა და შეუმჩნეველს ხდიდა.

– ტრილონიას სახლია, – ელენიმ მტკიცედ წარმოთქვა, როდესაც ლეტას საყუდელს მიუახლოვდნენ და საკუთარ გადაწყვეტილებაში დაეჭვებული მზერით ჰკითხა მეგობარს, – არ ვიცი, ეგებ არ ღირდეს?
– შენი გადასაწყვეტია მეგობარო, – მტკიცედ უთხრა მატეამ და გამხნევება სცადა.
– ბებიაჩემს ვემსგავსები, – დანანებით თქვა ელენიმ და სახლისკენ გაემართნენ.

ჯადოქრები ჭიშკარს გასცდნენ და აივანზე ავიდნენ.

– არ არის აუცილებელი ყველა ტაძრის დანგრევა, – გაუღიმა მატეამ, – მთავარია, დამნაშავის ტაძარი დაინგრეს. მართლა ავსულები ხომ არ ვართ?! – ლივზინეური ხმაჟღერადობით დაასრულა და კარზე დააკაკუნა.

კარი ფრთხილად, ტრილონიას ქევხა-მსახურმა შიგნით შეაღო. კაცმა მხოლოდ მატეა დაინახა, ელენი ისე დადგა, რომ ვერ დაენახა.

– რა გნებავს? – მედიდურად მიმართა.

მატეას არაფერი უპასუხია, სახეში ფხვნილი შეაყარა. ლაქია უგონოდ დაეცა. ელენიმ კარი ფართოდ გააღო და სახლში შევიდა.  ფეხდაფეხ მატეაც მიჰყვა.

– ჩარაზე კარი, – სთხოვა ელენიმ  მეგობარს.

მზმელმა თავადისასულის მითითება შეასრულა.

− ზემოთ იქნება, ავიდეთ! – ივარაუდა მატეამ.

ნელი ნაბიჯით კიბეს მეორე სართულისკენ აუყვნენ. მატეას თვალები ლაჟვარდისფრად უკიაფებდა – კედლების მიღმა ლეტას საპოვნელად იცქირებოდა.

– ამ ოთახშია, – კართან შეჩერდა  და ცერა თითით ელენის ანიშნა.

თავადისასული  მეგობრის მითითებას მიჰყვა და კარი ფრთხილად შეაღო. ტრილონია საწოლში იწვა. ეძინა. მეგობრები  სიზმრების სამეფოში მყოფ ლეტას ფეხაკრეფით მიუახლოვდნენ.

– გამარჯობა, ტრილონია! – ელენიმ ხმამაღლა წარმოთქვა, რათა მძინარე ქურუმი გაეღვიძებინა.

ლეტამ თვალები გაახილა. შეკრთა. იფიქრა მეჩვენებაო. ნამძინარევ გონებას არ დაუჯერა, მაგრამ შიშმა უმალ გამოაფხიზლა, როცა ელენი მეორეჯერ, უფრო მაღალი ხმაჟღერადობით მიესალმა.

– არ მელოდი, ხომ? – თავადისასულმა გადაიკისკისა, – რა თქმა უნდა, არ მელოდი!
– კი მაგრამ, როგორ, რა ავსულისეული მანქანებით?! – დაზაფრულობისგან ტრილონიამ თვალები ფართოდ დაჭყიტა.
– ხომ გაგაფრთხილე, დისშვილს დაელაპარაკე-მეთქი. ალბათ, დრო არ გქონდა, იმდენად გართული იყავი ღვთისმსახურებითა და ჩემი დასჯით.

ტრილონიას უნდოდა ეყვირა მიშველეთო, მაგრამ მატეამ მოასწრო და შეულოცა.

– იყვირე რამდენიც გინდა, – მატეამ ლივზინეურად და დამცინავად ჩაიცინა, – მხოლოდ ჩურჩულსღა შეძლებ!

ლეტა შეეცადა უკანასკნელი ხმით ეყვირა, თუმცა ჯადოქრობა მოქმედებდა – მხოლოდ ხრიალს გამოსცემდა.

– წამოდექი! – უბრძანა თავადისასულმა, – ,,მიჯნურთა ტბაზე“ მივდივართ, შენთვის საჩუქარი მაქვს, – ელენი ლეტას აგდებულად ელაპარაკებოდა, თითქოს მის წინაშე უგრძნობი არსება ყოფილიყოს.

ტრილონია წამოდგომას არ ჩქარობდა. შიშისაგან ცახცახებდა. გრძნობდა, რომ შველა არსაიდან მოვიდოდა.

– ნუ გეშინია, ლეტა, არ მოგკლავ, სიკვდილი შენთვის საჩუქარია. მინდა, ისე დაიტანჯო, როგორც მე, ციხეში ყოფნისას, – უთხრა ელენიმ.
– წამოდექი, ბებერო! – უხეშად მიმართა მატეამ, რომელსაც ქცევის წესები საერთოდ არ ანაღვლებდა, მისთვის მთავარი შედეგი იყო – დაავლო ხელი საბანს და ტრილონიას გადახადა.

უმწეოსახიანი ლეტა საწოლიდან წამოიმართა − მიხვდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, ჯადოქართა ნებას უნდა დაჰყოლოდა.

– შენ არ მოკვდები, ყოველ შემთხვევაში, დღეს. ხომ დაგპირდი, ეს დასასრული არ არის-მეთქი... ეგრეა, შენი საქმის შედეგებს ახლა მოიმკი. ვალი უნდა გადაიხადო,  – უთხრა ელენიმ, – ყველა ჯალათი ისჯება, ვინც გრძნეულს შეეხება!

თავადისასულმა ტრილონიას  მკლავში ხელი უხეშად ჩაავლო და წამომჯდარი ლეტა ლოგინიდან გადმოათრია.

– ჩაიცვი, უნდა გავისეირნოთ, – თავადისასული შანდალთან მივიდა, მაგიდიდან ასანთი აიღო და სანთელი აანთო, – საღამურით ხომ არ გავისეირნებთ, არა? – ლივზინეურად გადაიკისკისა.

ტრილონია ვიდრე ემზადებოდა, ელენიმ ფანჯარაში გაიხედა, გარემო შეათვალიერა, ეზოს გადახედა, შემდეგ კი ლეტას მიუბრუნდა:
– კარგი ხედია. სამწუხაროა, რომ ამ სილამაზით ვეღარ დატკბები!

ტრილონია ვერ მიხვდა, ელენი რას გულისხმობდა. ყვირილს აღარ ცდილობდა, თითქოს ბედს შეეგუა. იცოდა, რომ ორი ალჯანეულიანის წინააღმდეგ მაინც უძლური იყო.

ლეტა მოწესრიგდა თუ არა, ელენიმ თვალით ანიშნა, გარეთ გაჰყოლოდა.

– ტაძარი უნდა დაინგრეს! –  ელენიმ ხმამაღლა წარმოთქვა და სანთლებით აგიზგიზებული შანდალი საწოლზე მოისროლა.

ლოგინის ჰაეროვან ფარდაგებს ცეცხლი სწრაფად მოეკიდა; ნამწვავი საწოლს ფერფლებად ეცემოდა. ცეცხლი საწოლსაც გადასწვდა და ოთახი ალისფერმა ნათებამ მოიცვა.

ტრილონიას უნდოდა ეყვირა; ეყვირა მთელი გულით, ხმამაღლა, ყველას გასაგონად, მაგრამ მხოლოდ სიმწრის ცრემლები ცვიოდა. დაუპატიჟებელი სტუმრები გასასვლელისკენ წასვლას აიძულებდნენ. ლეტას იძულება არც კი სჭირდებოდა, ხანძარმა მთელი ოთახი მოიცვა და ტალანისკენ მოიწევდა.

ქვემოთ  ჩავიდნენ. ხანძარი მეორე სართულს სწრაფად მოეკიდა. ტრილონიას შინაგანი სიცარიელე დაეუფლა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი წაჰგლიჯესო.

– ეს გარეთ გავათრიოთ, – ელენიმ მეგობარს უგონოდ მყოფ ქევხა-მსახურზე მიანიშნა, შემდეგ ტრილონიას მიუბრუნდა და ჰკითხა, – სხვა ვინმე არის სახლში?
ლეტამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– კეთილი! – თქვა თავადისასულმა და სახლის პატრონს გარეთ გაუძღვა.

მატეამ მსახური ჯადოძალით ჰაერში აალივლივა და სახლიდან გამოიყვანა. იქვე, ეზოში, მინდორზე ჰაეროვნად დასვა და ჭიშკართან მისულ ელენისა და ტრილონიას შეუერთდა.

– მინდა, რომ უყურო, როგორ იწვის შენი სახლი, – ელენიმ კმაყოფილებით მიმართა ტრილონიას.

ხანძარს ლეტას საძინებელი ოთახი მთლიანად მოეცვა და სხვა ოთახებზეც გადასულიყო. ფანჯრებიდან ცეცხლის ენები ჟანგბადს ხარბად შთანთქავდა. ცეცხლი სახურავსაც წაჰკიდებოდა.

თავადისასულმა ტრილონია აიძულა ყველაფრისთვის ეყურებინა, ეცქირა ალისფერი მხეცი ამხარას თუ როგორ ეუფლებოდა.

სახლი უკვე ბოლომდე ცეცხლში იყო გახვეული, როცა ტრილონიას აშთას ხალხი მოაწყდა; დაბნეული ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. მატეა და ელენი, ამ დროს, ტყვესთან ერთად „მიჯნურთა ტბისკენ“ მიმავალ გზას შემდგარიყვნენ და ბილიკებს ხეთა ჩრდილქვეშ მიიკვლევდნენ. 

– აი, მეორეჯერ მოხვედი, – მატეამ ლეტას ლივზინეურად მიმართა, როდესაც ტბასთან მივიდნენ, – მზის ერთ ბრუნში, „მიჯნურთა ტბის“ ამ სიხშირით სტუმრობა ეჭვებს ბადებს – ვინმე ხომ არ გყავს?! – გადაიკისკისა.

ტრილონიამ შავთმიანს გესლიანი მზერა ესროლა, თუმცა მატეას ამისთვის იოტისოდენა ყურადღებაც არ მიუქცევია.

– ნუ გეშინია სიკვდილი არ გემუქრება, – ელენიმ საკუთარი პატიმარი კვლავ დაამშვიდა. თალარს მიუახლოვდა და საიდუმლო შესასვლელი გახსნა.

ლეტა  ორადგაყოფილ ნაგებობასა და ჯადოძალით აღაჟღაჟებულ ტალანს განცვიფრებული უცქერდა. არასოდეს უფიქრია, რომ მიჯნურთა საყუდელის ქვემოთ რამე არსებობდა და ისიც ჯადოსნური შესასვლელით. ალბათ, საკუთარ თავზეც ბრაზდებოდა, რომ ამ ბოროტების შესახებ არ იცოდა, მაგრამ სიბრაზისთვის დრო აღარ ჰქონდა.

ელენიმ ტრილონიას მხარზე მსუბუქად წაჰკრა, რათა ტუსაღი წიგნთსაცავში შესულიყო, თუმცა ლეტა შესვლას არ ჩქარობდა; წაიბორძიკა და მხოლოდ ორი მცირე ნაბიჯი გადადგა. მატეა შეშინებულ ტაძრის მდივანს მიეჭრა და ხელი მძლავრად მიჰკრა.

– შედი! ბევრი წიგნია მანდ. იმედია, განათლება შენს გახრწნილ ტვინს და გონებას უშველის და გაანათებს. – მატეამ ბოლო სიტყვები საფეხურებზე ფეხარევით მიმავალ ტრილონიას უკნიდან მიაძახა.

ლეტა უკან გამოსვლას ლამობდა, როდესაც ელენიმ საიდუმლო გასასვლელი დახურა. შემდეგ მეგობარს მიუბრუნდა და კმაყოფილი ღიმილით უთხრა:
– იცოდე, დიდხანს არ დატოვო, სურსათი და წყალი რამდენიმე დღე ეყოფა მხოლოდ. მის დისშვილს შეატყობინე სადაცაა, რათა იხსნას.
– კეთილი, – კვერი დაუკრა მატეამ, – რას აპირებ? – ცქვირინისეული გამომეტყველებით ჰკითხა.
– ვერიოსში უნდა წავიდე, – ჯიბიდან გრაგნილი ამოიღო, რომელიც მიჯნურთა იდუმალი სამალავიდან გამოიტანა, – „მტვრიანი წიგნები,  უკანასკნელი ჟამთაწიგნები იქ ინახება, შესაძლოა, გინეკაიას წიგნთსაცავშიც.
– „მტვრიანი წიგნები“? – გაიკვირვა მატეამ, – რად გინდა?
– მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული, მათ შორის, თრაგონების შესახებაც. ბოლოსდაბოლოს, უნდა გავარკვიო ყველაფერი ჩემი წინაპრების გაქრობის თაობაზე. სარაჰში მათ სახელს არ ახსენებენ, მივიწყებასაა მიცემული.

მატეამ თავი დაუკრა. შემდეგ ელენის ანაზდეულად, გახსენებული ამბის თაობაზე რომ იკითხავენ ხოლმე, ისე ჰკითხა:
– სელიას მოცემულ წერილს რა უნდა უყო?
– ოჰ, ეგ სულ გადამავიწყდა, – თავადისასულმა მაზარის შიგაჯიბიდან წერილი ამოიღო.

ბაკმის ნათება სელიას ცვილის ბეჭედს მბზინვარებას ჰმატებდა. ელენის წერილი ჩვეულებრივზე მძიმედ მოეჩვენა, რისთვისაც ბებიამისის სახლში ყურადღება არ მიუქცევია. თავადისასულმა ლუქი გატეხა და სამად გაკეცილი ქაღალდი გაშალა. გაშლისთანავე ძირს რაღაც დავარდა, რამაც დაცემის წკრიალა ხმა გამოუშვა.

ელენიმ და მატეამ ძირს დაიხედეს. მანგის ჭრტიალში მიწაზე რაღაც ბრჭყვიალებდა. მატეა დაიხარა, საგანს სიფრთხილით დააკვირდა და აიღო.

– ეს ბებიაშენმა, როგორც ჩანს, გაჩუქა, – მატეამ ელენის ბეჭედი გაუწოდა.
– ლამაზია, – თავადისასულმა სელიას საჩუქარი სხარტად შეაფასა.

ელენიმ მეგობარს ბეჭედი გამოართვა. მიტტაზეჰური ოქროთი დამზადებული ბეჭედი გველეშაპის მოყვანილობისა იყო – ბეჭდის გვერგვს  გველეშაპის სხეული ქმნიდა და თითს მთლიანად ეკვროდა, ბეჭდის ბუდეს საზარცხოველის თავი წარმოადგენდა, ცხოველის თვალები მილინისური, შინდისფერი ლალის ქვებით იყო შემკობილი. თავადისასულმა ბეჭედი არათითზე გაიკეთა და წერილს მიუბრუნდა.

მთვარის შუქი საკმარის ნათებას გამოსცემდა, რათა ელენის სელიას ნაწერი ამოეკითხა. მანგის ვერცხლისფერი სხივები მოყვითალო ჭილადას ეცემოდა. ასოები ადვილად გასარჩევი იყო. თავადისასულმა ხმამაღლა კითხვა დაიწყო:

  „ძვირფასო ტიგონ,
  იმედია, თავს კარგად გრძნობთ და ჯანსაღად ბრძანდებით. მსურს, გულითადი სიყვარულით მოგიკითხოთ.  თქვენი დარიგებები ჯადოქრობის თაობაზე
  კარგად მახსოვს, როდესაც გარუთ-ჟაჰის ერისთავის სასახლეში სეფექალად ვმსახურობდი.
  ამ წერილს გწერთ, რათა გთხოვოთ მიხედოთ ამ წერილის მომტანს, ისევე როგორც წლების წინ ჩემზე ზრუნავდით. ის ჩემი შვილიშვილია.
  უმორჩილესად გვედრებთ, გააცნოთ ყველა ის ჯადოსნური ოინ-ფანდი, რაც კი თრაგონებთან მსახურობის დროს და ამ წლების მანძილზე შეისწავლეთ და მეც
  შემასწავლეთ.
  ძვირფასო დამრიგებელო და მასწავლებელო, ჩემი უსაყვარლესი შვილიშვილის კეთილდღეობისთვის თქვენ ჩემი ერთადერთი შველა და ნუგეში ბრძანდებით.
  ელენი ძლიერი ჯადოქარია, დიდი მომავალი აქვს. ის შესაფერისია, რათა დაიკავოს თრაგონების სამეფო ტახტი, ამიტომ მას ესაჭიროება სამეფო თამაშებისა და
  მზაკვრობათა ამოცნობის შესწავლა. მას სჭირდება ჯადოძალის განვითარება, რათა დაიცვას საკუთარი თავი ნავართმზრახველთაგან.
  თქვენს ხელშია, ძვირფასო ტიგონ, ჩემი სისხლისა და ხორცის ბედი, მისი მომავალი.
  კეთილი სურვილებით,
                                                                                                                            სელია თრაგონი.“

წერილს ბოლოს სელიას ხელმოწერა ერთვოდა.

– რას ნიშნავს, თრაგონებთან მსახურობის დროს? – გაიკვირვა ელენიმ, – ეს ადამიანი, ყველაზე მცირე, სამასი წლის მაინც უნდა იყოს. რა ქვია? –  წერილში ჩაიხედა, – ჰო, ტიგონი. არაფერი მსმენია მასზე, – თავადისასულმა მეგობარს გაკვირვებული მზერა მიაპყრო.
– ალბათ, მაგიტომაც ჰქვია ეგ სახელი, – შენიშნა მატეამ, – არა მგონია ასე ვინმე არქმევდეს დღეს, ამ საუკუნეში მაინც, – ტუჩის კიდეები მოკუმა.

ელენიმ წერილს თვალი კიდევ ერთხელ სწრაფად გადაავლო და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

– მე არ მინდა და ვერც წავალ გარუთ-ჟაჰში, ვერიოსელებთან უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, – ელენის სიტყვებში სიმტკიცე იგრძნობოდა.
– თუ თრაგონებთან მსახურობდა, მათ შესახებ ბევრი რამ უნდა იცოდეს, არა?!. არ ჯობია, გარუთ-ჟაჰში წახვიდე და შენი წინაპრების ამბავი პირველწყაროდან შეიტყო? – მატეამ თავადისასულს შესთავაზა.
– არა, ჩრდილოეთ სამეფოში უნდა წავიდე. „მტვრიანი წიგნები“ უნდა ვიპოვო. ის მხოლოდ თრაგონების წარსულს და მათ აღსასრულს არ ეხება; ის ალჯანეულის ჟამთაწერაა; მეტიც, ბებიას არ ვენდობი და ხრიოკ გარუთ-ჟაჰში მხოლოდ იმიტომ, რომ ტიგონს შევხვდე და მისგან  გრძნეულთ-მზმელობა ვისწავლო, ამისთვის ვერ წავალ, – ელენის გადაწყვეტილება მყარად მიეღო.

მატეა მეგობრის გაჯიუტებას საკუთარ გადაწყვეტილებაში ბოლომდე ვერ მიმხვდარიყო, მაგრამ არ უნდოდა ჩასძიებოდა.

– კეთილი, – მეგობარმა ელენის კვერი დაუკრა, – მაშინ აღმოსავლეთისკენ მე წავალ. აქ მაინც ვერ გავჩერდები, ტრილონიას გათავისუფლება ჩემს სიკვდილს ნიშნავს, არა მგონია ეგ ბებრუხანა გამოსწორდეს.
– კარგი მეგობარო, – ელენიმ წერილი დაკეცა, ხელი გადაატარა და ჭილიდამ ისეთი სახე მიიღო, როგორიც გახსნამდე ჰქონდა, – აიღე, – წერილი მატეას გაუწოდა, – იპოვე ეგ ტიგონი და ყველაფერი რაც მე უნდა მესწავლა შეისწავლე.

მატეამ თავადისასულს წერილი გამოართვა  და ჯადოძალით გააქრო.

– გემშვიდობები. იმედს ვიტოვებ, მალე გნახავ, – ელენი მეგობარს გადაეხვია, – რაჰში ჩამოდი, ვერიოსში საქმეებს როცა მოვრჩები, დედაქალაქში წავალ.

მატეამ მეგობარი გულზე მჭიდროდ მიიკრა და ყურში ჩასჩურჩულა:
– წასვლამდე მშობლებს არ ნახავ?
– არა, დროც არ მაქვს. ხანძრის გამო ქალაქი უკვე ფეხზე დგას, – ელენი ცოტათი შეყოვნდა, შემდეგ სხარტადვე განაგრძო, – თანაც ცხენიც უნდა ვიშოვო. ჯობია,  შენ უთხრა, რომ ცოცხალი ვარ. ეს წერილი ჩემს ოჯახს გადაეცი! – ჯიბიდან დაკეცილი ჭილის ფურცელი ამოიღო, რომელზეც მისალმების ნაცვლად ეწერა: „უმუ შუშჰალლე” .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები