ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
29 აპრილი, 2019


მტვერი (თავი 4. ნაწილი 1-4)

                                                                                          მრავალი მდინარე

                                                                                                          1
ენკენისთვის მეშვიდე დღეს ზენეათს შემოდგომის გრილი ნიავი ღადო მთებზე შეფენილი ტყიდან ნეკრტენივით ეფინებოდა. ხეები ნელ-ნელა ოქროსფერ ფოთლებს ემშვიდობებოდნენ და გამოსაზამთრებლად ემზადებოდნენ.

მედროშეების სახლში კაკუნის ხმა გაისმა. მსახურმა ქალმა კარი გააღო და უსიტყვოდ, თითქოს ოქროსფერი ჩალმა დაახურეს, ახალგაზრდა გოგონას წერილი გამოართვა. რამდენიმე წუთში ნანა ელენის წერილს თვალს აყოლებდა და სახეზე  მრისხანება ისე უკრთოდა, როგორც სიბნელეში ოთახის კედლებს ცეცხლის მოცეკვავე ალები ელაციცებიან. კითხვისას ნანას თვალის უპეები უვიწროვდებოდა; სუნთქვას მოუხშირა. გული სიბრაზისგან ისე უცემდა, რომ მისი ხმა სიჩუმეში დაფდაფების ცემას წააგავდა.

არჩილი მეუღლის ამ მდგომარეობას ხშირად შესწრებია და იცოდა, რაღაც ცუდი მოხდებოდა.

ნანამ წერილი დაჭმუჭნა, მოისროლა და მსახურს ხაფიხმით შესძახა:
– ეტლი მოამზადეთ, მივდივარ! – ნანას უცილო ხმა ძუ ლომის ღრიალს ჰგავდა, ორთაბრძოლისას მტერს რომ ერკინება.

არჩილმა დაჭმუჭნული ჭილის ნაგლეჯი აიღო, გაშალა და წაიკითხა. გაცეცხლებულ ნანას გაკვირვებული უცქერდა, წერილში მხოლოდ სელენიტების თვითნიშანი ეხატა და მის ქვემოთ ორი სიტყვა ეწერა: „ბატონობს ჩვენზე“. თავადი ვერ გარკვეულიყო, ვერ მიმხვდარიყო, ნანა რამ გააცეცხლა, თვითონ ჭილადაში მძვინვარების გამომწვევი ვერაფერი ამოიკითხა. უნდოდა, მეუღლისთვის ეკითხა თუ საქმე რაში იყო, გაიფიქრა კიდეც, ხომ არ ვუთხრაო, მაგრამ შეყოვნდა, რადგან არჩილმა კარგად იცოდა, ქარბუქიანი ზღვის დამორჩილება რთული და, რიგ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი იყო.

ნანა ვერ მშვიდდებოდა. გახელებული ქალი ბოლთას სცემდა. მზად იყო მსახური შიშველი ხელებით დაეხრჩო, რადგან ლოდინი უხდებოდა და მოთმინების ძალა ეცლებოდა. თავადისქალი არჩილთან მიიჭრა:
– წერილი მომეცი! – თავადისცოლი კართობისგან  საკუთარ თავს ვერ ფლობდა.

შემდეგ ელვისებურად გავარდა, საერთო ოთახიდან სადარბაზოში დაიტიშა  და დაჭექა:
– ეტლი-მეთქი!

შეშინებული მსახური, რამდენიმე წუთში, გარედან ელვის სისწრაფით შემოვარდა და თავადისქალს კრთომახმით მოახსენა, რომ ყველაფერი მზად იყო. ნანამ ისედაც დამფრთხალ მსახურს მრისხანე მზერა ესროლა. ეზოში ანაზდეულად გავიდა, ეტლში ჩაჯდომამდე მეეტლეს ცივად მიაძახა:
– სელენიტების მამულისკენ გასწი! – შარაბანდში თავადური მოხდენილობით ავიდა.

ეტლი ნელი სვლით დაიძრა. გზას მთავარი მოედნისკენ გაუყვა, რათა  შემდეგ გეზი ზენეათის მარჯვენა ფერდობზე გაშენებული ზემოქალაქისაკენ აეღო. თვითონ მედროშეები მარცხენა ფერდობის ზემოქალაქში სახლობდნენ.

ნანას ეჩქარებოდა. დროის გასაყვანად როგორც ჩვევია ხოლმე, ან ღვინოს ეძალება, ანდა ფიქრს მიეცემა, თუმცა მას შემდეგ, რაც სელიასგან გაიგო, რომ ელენი ცოცხალია, საკუთარ თავს პირობა აღუთქვა და დაიფიცა, ღვინოს ძველებურად თავს აღარ გააცურებინებდა. მეტიც, საკუთარი თავისთვის სიტყვა რომც არ მიეცა, შარაბანდში დარანა არ ჰქონდა, რათა მისი მათრობელა ძალით დამტკბარიყო. ამიტომაც არჩია, გზად ეფიქრა და მეხსიერების დამტვერილ კუნჭულებიდან  ელენისთან საერთო მოგონებები ამოექექა.

თავადისქალს შვილის მონატრება გულს უღრღნიდა. მთელი სხეული ისე ეწვოდა, თითქოს მგზნებარე ალზე ცოცხლად სწვავდნენ. სულის მეტისმეტად მომძლავრებულ წუხილს მხოლოდ ცრემლებიღა უამებდა.

ნანა საკუთარ ქალიშვილს იხსენებდა და ფიქრთა ოცობოდებაში გატარებული ყოველი წამით ისე ტკბებოდა, როგორც ვაჟინის  მირთმევისას. ელენის პირველ ნაბიჯებს, პირველ სიტყვებს იგონებდა და თან მსთუადად რისხვა შემოუტევდა, როდესაც თვით-იმ წერილის მონათხრობი ახსენდებოდა.

შარაბანდი სელენიტების სასახლის ჭიშკართან გაჩერდა. ნანამ მეეტლეს უბრძანა, ეზოში არ შესულიყო და გარეთ დალოდებოდა. თვითონ ღიამკლავიანი კაბის შრიალით აშთაში შეაბიჯა. მოკირწყლულ ბილიკს, ყველას სახლისკენ რომ მიუძღვებოდა, გაუყვა. კიბე სწრაფად აირბინა და დაკაკუნება სცადა, გადაწყვეტილი ჰქონდა მთელი ძალით დაებრახუნებინა, – რომ შესძლებოდა, კარსაც კი ჩამოიღებდა, – მაგრამ ვიდრე საკუთარ განზრახვას აღასრულებდა, კარი ანაზდად გაიღო.

– დედათქვენი გელოდებათ, ქალბატონო! – ჩალისფერ მოსასხამში გამოწყობილმა ქევხა-მსახურმა სტუმარს ბოხი ხმით მოახსენა და ხელით ანიშნა, შემობრძანდითო.

ნანას მრავლისმეტყველად ჩაეღიმა. თითქოს ჰაერი შეიკუმშაო, სული ეხუთებოდა. სელიას სასახლის მოქუფრული ტალანი მეტად მრუმედ და უღიმღამოდ გამოიყურებოდა. თავადისქალი ფიქრობდა, თარეჰის სასუფეველი თუ არსებობს, უცილობლად სელენიტების სახლის მაგვარი იქნებაო. მთელი ბავშვობა ურასული, რძისფერი მარმარილოთი მოპირკეთებულ უზარმაზარ ყუთში გაატარა, მაგრამ მაშინ ეს მშობლიურ და საყვარელ ადგილად წარმოედგინა; ახლა კი მედროშეების უზარმაზარ ნათელ სახლს შეჩვეული ბავშვურმა მოგონებებმა სხვა მნიშვნელობა შეისხა, თითქოს ფერები იცვალა და უფრო ნაცრისფერი გახდა, ვიდრე ადრე იყო  – ნარნარა და მყუდრო.

ნანა კიბეებს მეორე სართულზე აუყვა, დედამისის საძინებლისკენ გაემართა. კარებზე დააკაკუნა. ელენი დედამისს ჰგავდა, თავაზიანობა და ქცევის წესები არც ნანას ავიწყდებოდა. კარსმიღმა სელიას ხმა მოისმა:
– შემოდი!

კარი გააღო. დედის ჩვეული, მკაცრი და ცივი სახე რომ დაინახა, ყოველგვარი სწავლება – თუ როგორი უნდა იყოს ქალბატონი და როგორ უნდა იქცეოდეს საკუთარი ჰაეროვანი მოძრაობებით, სხვები როგორ უნდა მოაჯადოვოს ცოტა საუბრითა და ნაზი ღიმილით – ყველაფერი გონებიდან ამოუვარდა და კვამლივით გაიფანტა. მისი სხეულის ყოველი უჯრედი ბრაზს მოეცვა. იგი მძვინვარე ვეფხვს ჰგავდა. ნანა აღარ ცდილობდა თავადური ლაზათი და მოხდენილობა ჰქონოდა, აი, ისეთი, როგორიც დიდგვაროვნებს ურთიერთობისას სჩვევიათ ხოლმე და შესვლისთანავე კარი უხეშად მიაჯახუნა.

სელია შეკრთა. შეეცადა არ შეემჩნია, მაგრამ ქალიშვილის ამდაგვარი საქციელი მისთვის მოულოდნელი იყო.

– რა მოგივიდა? – შვილს მკაცრი ხმით მიმართა, – სულ დაკარგე თავი?
– ჰმ, – ნანამ სიბრაზისგან გაიღიმა.  წვრილი ტუჩები გვერდებში შეუტოკდა, – რა მომივიდა? – დედამისს თვალი მოარიდა, კაბის ჯიბიდან წერილი ამოიღო და სელიას უხეშად ესროლა.

წერილი საწერ მაგიდაზე დავარდა. სელიამ ჭილის ნაგლეჯი კვირსად  აიღო და შვილიშვილის მინიშნებებს დახედა. შემდეგ მარცხენა ტუჩის კუთხით ძლივსშესამჩნევად გაიღიმა და ნანას ახედა.

– ვცნობ მასში საკუთარ გამჭრიახობას.
– არ იცვლები, არა, დედა?! – ნანა არც ელოდებოდა პასუხს, რადგან წინასწარ იცოდა, – ყველგან უნდა თქვა საკუთარი ბოლო სიტყვა, თანაც არა უბრალო. ნუთუ, არ დაიღალე? – დედას უცქერდა, ცდილობდა, მის თვალებში სინანული მაინც ამოეკითხა, მაგრამ ამაოდ.

თავადისცოლმა შუბლზე ხელი მოისვა,  საწოლზე დაჯდა და მისთვის ჩაილაპარაკა:
– ჩემი გამკვირვებია, რას გეკითხები, ყველაფერი ნათელია; როგორც ვატყობ, ასაკთან ერთად უფრო მეტი ჟინით გინდება შენი გეგმებისა და დასახული მიზნებისთვის ფრთების შესხმა. რაც უფრო ბერდები, მით უფრო გეძალება სურვილის ახდენის ვნება, მიაღწიო იმას, რაც ყოველთვის გინდოდა. ამისთვის კი ხვანჭების დაგებასაც არ ერიდები – ახალ-ახალ ოინებს იგონებ და შენს ქსელში ობობის მსგავსად ყველას აბამ.

ნანა გაჩუმდა, თითქოს ფიქრობსო, თუმცა აზრთა ძიებანს არ მისცემია. მცირეოდენი დაყოვნების შემდეგ თავადისცოლმა იგივე შემართებით განაგრძო:
– ყველაფერში ერევი, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მართვას ცდილობ, რა მიზანი გაქვს, რა არის შენი საბოლოო მიზანი, როცა გაჩერებას შეძლებ, დედა?! – ნანას ხმაში სასოწარკვეთილება და გაურკვევლობა აირია, სახე მოეღუშა.

სელია ქალიშვილს მდუმარედ და მოთმინებით უსმენდა. წარბიც არ შეტოკებია, ელოდებოდა ნანა გულის ნადების ამოთქმას როდის დაასრულებდა − არ უნდოდა, ხელი შეეშალა და გაეწყვეტინებინა; ფიქრობდა, რომ მშვიდი საუბრის გაგრძელება ასე უფრო მარტივი იქნებოდა.
– ჩემი ბედიც შენ გადაწყვიტე. შვილებს მთელი ცხოვრება დაუნგრიე, შენს თამაშში განსაკუთრებულ ადგილს გვიმზადებდი... ახლა კი, ახლა ის მკვდარია, – ნანა აღგზნებული საუბრობდა. საწოლიდან წამოდგა, კარისკენ გაემართა, თუმცა თითქოს რაღაც გაახსენდაო, შემობრუნდა და ძუ ლომის მზერით მოხუცს გახედა, – თუმცა, როგორც ვხვდები, ჩემი შვილი, ჩემი ელენი, გყავს გეგმებში... ნუთუ, გრძნობებზე საერთოდ უარი თქვი? ნუთუ, მოკალი შენში ადამიანობა?! არაფერს განიცდი? – თავადისცოლი გაჩუმდა; ცდილობდა, თვითგრძნობების ქარბუქისეულ შემოტევას გამკლავებოდა.

სელიამ შვილის კითხვებს დაყოვნების შემდეგ მოკლედ და ნაღვლიანი გამომეტყველებით უპასუხა:
– ელენიმ მიღალატა.

ნანა დაიბნა, ვერ გაიაზრა რა უნდა ეთქვა და დედის ეს სიტყვები რას ნიშნავდა. სიბრაზემ ახლა უფრო მეტად სძლია. დაივიწყა, რომ დედამისს ელაპარაკებოდა და ყვირილით მიმართა:
– შენ ხომ არ შეიშალე? – თავადისქალს უხერხული სიცილი აღმოხდა, – სიბერემ სულ გადაგიყვანა ჭკუიდან?.. რას ნიშნავს გიღალატა?!

რამდენიმე წამი ნანა იცინოდა, თვითონაც ვერ მიმხვდარიყო რაზე ეცინებოდა. ხოლო როცა ცოტათი დამშვიდა, განაგრძო:
– როგორ უნდა ეღალატა? საკვირველია, აი, ხომ ვამბობდი, შენთვის ოჯახი მხოლოდ იარაღია. იარაღი, რომელიც სანუკვარ ოცნებას აგიხდენს და მეტი არაფერი, – ნანა სიბრაზისგან დაიძაბა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს თავს ზორბა მეომარი ორი ხელით უჭყლეტსო.

სელია შვილის ვნებათაღელვას კარგა ხანს უყურებდა. შემდეგ, როდესაც ნანა სათქმელი დაასრულა, აუღელვებლად უპასუხა:
– ჩემი ძვირფასი შვილიშვილი არ აპირებს შეეგუოს საკუთარ ბედს, ის ჯადოქარია, მაგრამ ეს მას საერთოდ არ აღელვებს... გუშინ, მემუქრებოდა კიდეც, შენი ტაძრების ნგრევას დავიწყებო, – მოხუცის სიტყვები მტკიცე იყო.
– ელენი აქ იყო? – ნანა თავზარდაცემულივით გაშეშდა, –  მშობლებთან მოსვლის ნაცვლად აქ მოვიდა?

დინჯი ნაბიჯით საწოლთან ისევ მივიდა და ჩამოჯდა. დედამისს პირდაპირ თვალებში უმზერდა, ახლა ინანა, რომ ერთ-ერთი ალჯანეულთაგანი არ იყო, რომელსაც აზრების კითხვა შეუძლია – უნდოდა, ამოეცნო ყველაფერი, წაეკითხა დედის ფიქრები. ეგონა, ასე უკეთ შეძლებდა საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვას.

– ჯადოსნური ზმანებიდან როგორც კი გამოფხიზლდა და წყალს თავი დააღწია, ჩემთან მოვიხმე. კირკეს დავავალე, მოეყვანა, მაგრამ ამაოდ, ელენი აღარაა ის პატარა საყვარელი გოგო, როგორიც „შავი მზის დღესასწაულზე“ იყო, ის შეიცვალა...
– რა შეულოცე ასეთი, რომ შეიცვალა? – ნანამ დედას სიტყვა გააწყვეტინა.
– მე არაფერი შემილოცავს, – სელიამ თავი იმართლა, – ყველაფერი საზოგადოების ბრალია, საზოგადოების უმადურობის... ამ შემთხვევაში ახალშობილივით უმანკო, უბრალო ვარ. ტყუილად არ მესროლო ტალახი, – ქალს კმაყოფილების ღიმილი გამოესახა, – საზოგადოებამ შეცვალა ის... რაღაც დაისახა მიზნად, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი რა...

ნანა ჩაფიქრდა. ცდილობდა, ყველაფერი გაეაზრებინა. დედის მიერ ნათქვამი ბოლო სიტყვები ყრუდ ჩაესმოდა. შემდეგ გონებას უხმო და სიმშვიდის ძალა მოიკრიბა; მიხვდა, რომ ამაო იყო დედაზე გაჯავრება, მრისხანების მდინარეში ბანაობა, ამიტომ გადაწყვიტა ყველაფერში გარკვეულიყო, სულ მცირე ელენისთან მიმართებაში დედის გეგმები გაეგო.

– რატომ, მაინცდამაინც,  ელენი? – ნანამ სელიას ჰკითხა და თვალებში ვედრების წყალი ჩაუდგა.

სელია დუმდა. პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. ნანამ კითხვა გაუმეორა, უფრო მშვიდი ხმით და დაწყნარებული სახით.

მოხუცი მიხვდა, რომ ჯობდა, შვილისთვის საკუთარი არჩევანის მიზეზი არ დაემალა:
– რატომ ელენი?! – კითხვა გაიმეორა და სიამოვნების ღიმილი გამოესახა, – ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ის ახალგაზრდა თრაგონებიდან ერთადერთია, ვინც ჯადოძალას ფლობს. მას შეუძლია, ჩვენს გვარს ძველი დიდება და სარაჰის ტახტი დაუბრუნოს. ოჯახი და გვარი, ეს ორი რამ არის მუდმივი, ჩვენ კი წარმავლები ვართ. არ მინდა, ჩემი მემკვიდრეობა ქარს გავატანო. როგორც ფენიქსი ისე უნდა აღვდგეთ ფერფლიდან, უფრო წელგამართული, მეტად ღონიერი და გაძლიერებული.

ნანამ წამიერად წარმოიდგინა, დედამისის გონებაში თუ რა ხდებოდა. სახე ისე დამანჭა, ყველაფერი ზედ გამოესახა, თუ რას ფიქრობდა სელიას აღსარების შესახებ. თავადისცოლს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ჭკუადგარდასული ელაპარაკებოდესო – სახეზე გაოგნება, განცვიფრება და ამოუცნობი შიში იკითხებოდა. შიში უსუსურობისა. 

– ტახტი? – გაიმეორა ნანამ, – დედა, თრაგონები გაქრნენ, სამასი წელია არავის ვახსოვართ, ვინ დაგვიჭერს მხარს, დარიელებმა სარაჰში ფესვები მკაფიოდ გაიდგეს, თითქმის ყველა საერისთავო ოჯახთან აქვთ ნათესაურ-მოყვრული კავშირები, – ხმამაღლა გაიცინა, – მხოლოდ ჯადოძალის იმედით გინდა დაიბრუნო ტახტი?
– არა, რა თქმა უნდა... ალჯანეული გაქრა, – სელია შეეცადა, შვილისთვის აეხსნა, – ამაში დიდი წვლილი დარიელებმა შეიტანეს; მათ იზრუნეს, რომ ჯადოქრები გამქრალიყვნენ, მაგრამ ტახტის დაბრუნების სხვა გზაც არსებობს, სხვა საშუალება. ელენი კი ამისთვისაა დაბადებული, ეს არის მისი ბედისწერა, რომ თავზე სარაჰული გვირგვინი, თრაგონების გვირგვინი დაიდგას... ჩემი პატარა შვილიშვილი გულისხმიერია, უყვარს ადამიანები, სასტიკიცაა და ლმობიერიც – მთელმა მისმა ბავშვობამ ჩემ თვალწინ განვლო, ვაკვირდებოდი და ვიცი, რა შეუძლია – სარაჰს ზუსტად ასეთი მეფე სჭირდება. თუმცა ამის მოყოლას არ ვაპირებ, სხვა მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს სათქმელი...
– ამბავი? – გაკვირვებულმა გააწყვეტინა ნანამ.
– შენი მეუღლის ახირებაზე უნდა დაგელაპარაკო. მის წამოწყებაზე აზიაროს ალექსანდრე ვაჭრობის დიად ხელოვნებას, – სელიამ არჩილის ხელსაქმე ღვარძლიან-დამცინავი ხმით წარმოთქვა.

ნანას დედის დამოკიდებულება ქმრის საქმიანობისადმი შეუმჩნეველი არ დარჩენია. ეგ ყოველთვის იცოდა, მაგრამ ეგუებოდა. თუმცა დედის ამგვარი ქედმაღლობა ამჯერად გულწრფელად გაუკვირდა:
– არჩილზე შენ გამათხოვე, გახსოვს?! ამდენი წლის შემდეგ კი საკუთარი სიძე აღარ მოგწონს, – დედას დამცინავი ღიმილით უცქერდა, – მაშინ რაღას მათხოვებდი?
– მთავარი ეგ არ არის, შენს ქმარზე, ანდა მის საქმიანობაზე მე რას ვფიქრობ. – სელიამ საუბრის გადატანა სცადა, – მნიშვნელოვანია, ჩემი სისხლი და ხორცი – მე ალექსანდრე მაღელვებს, ყველაფრის მიუხედავად, ის ჩემი შვილიშვილია და მასზე ვზრუნავ.
– რა არ მოგწონს, რამ შეგაწუხა? – სცადა გულწრფელად ეკითხა დედისთვის. ნანას მხოლოდ ცნობისმოყვარეობა ამოძრავებდა, სინამდვილეში დედის რჩევა, როგორიც და რაც არ უნდა ყოფილიყო ის, არც კი სურდა გაეზიარებინა.

სელიას შვილის იჭვნეულობა არ გამოჰპარვია, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და შეეცადა მისთვის აეხსნა, თუ რას გულისხმობდა:
– ცუდი ზმანება მეწვია – მესიზმრა, არჩილი და ალექსანდრე ტინარშუჰში გემით ერთად მიემგზავრებიან. შემდეგ უეცრად ბნელდება და ისინი ერთმანეთს შორდებიან, ხოლო იქ სადაც ისინი იდგნენ მხოლოდ სისხლიანი კვალი რჩება.

ამის გაგონების შემდეგ ნანას ეჭვების დამალვა არ უცდია:
– დედა, ეგ მხოლოდ სიზმარია, შენი გონების ოცობოდება. სიზმარი საღად მოგჩვენებია, არჩილი არსად აპირებს ალექსანდრეს წაყვანას, – ნანა წამოდგა, წასვლა დააპირა და კარისკენ გაბრუნდა, თუმცა დედის ხმამ შეაჩერა.
– შვილო, ჩემი სიზმრები არასდროს ყოფილა ოცობოდება, ის ყოველთვის რაღაცის მომასწავებელია, – სელიას დაჟინებული ხმა ჰქონდა, – ალექსანდრე ტინარშუჰში არ გაუშვა. ვიცი, რომ ეგ ძალგიძს, საკუთარ მეუღლეზე დიდი გავლენა გაქვს, იმდენი, რამდენიც არცერთ ზენეათელ ქალბატონს.
– შენის არ იყოს, ზენეათის ყველა მოქალაქესაც ჰგონია, რომ წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავს, – თავადისცოლს გაეღიმა.
– მაგრამ მე ვხედავ, – დაიჟინა სელიამ.

ნანამ ნიშნად იმისა, რომ დედამისს არ ეთანხმებოდა ღრმად ამოისუნთქა, რასაც ლივზინეური ბგერები ამოაყოლა.

– შენმა ვითომ უნარმა – მომავალი განჭვრიტო, გეგმებმა და ხვანჭებმა არა ერთი ბედი შეიწირა, დედა! – ნანას ნაღველი შემოეპარა, – მათ შორის ჩემი და გოალეის მომავალი...  გახსოვს?! მე კარგად მახსოვს... შენ ორივეს წაგვართვი მომავალი, თუმცა მხოლოდ ერთს – სიცოცხლე...

ძმის გახსენებისას თავადისქალს ღაწვებზე ბროლისფერი ცრემლი სანთლის დამწვარი ცვილივით ჩამოეღვენთა. უპეები მარჯვენა ხელის ცერა თითით შეიმშრალა, ტკივილისგან გაეღიმა და განაგრძო:
– სამწუხაროა! მართლაც სამწუხაროა, რომ ჩვენ შენს დაწნულ ხრიკ-საძრახისებში გავებით, – თავადისქალი აფორიაქებული საუბრობდა, ამიტომ შეყოვნდა, ცრემლები ისევ შეიმშრალა, – ნუთუ, გული არ გტკივა?! ახლა კი გინდა, ჩემი შვილები იგივე ბედს აზიარო! არა, ამის უფლებას არ დაგრთავ, ყველაფერი აქვე დასრულდეს. აღარ ვაპირებ, შენი თოჯინა ვიყო, აღარ დავიხურავ გარუთ-ჟაჰულ აჯიღას...

– ნანა, – სელიამ ნაღვლიანი ხმით მიმართა, – გოალეი შენი ძმა იყო, მართალია, მაგრამ გახსოვდეს, ის ჩემი შვილი იყო. მე ის მიყვარდა, მისთვის სიცოცხლესაც დავთმობდი... სამწუხაროა, რომ არ შემიძლია დროის უკან დაბრუნება, ალბათ, ყველაფერს სხვაგვარად წარვმართავდი, – თავადისქალს თვალები აუწყლიანდა, – ჩემი სისხლისა და ხორცისთვის სიცოცხლეს დავთმობდი და დავთმობ კიდეც... ამიტომაც გევედრები, არ გაუშვა ალექსანდრე იმ დაწყევლილ ქალაქში... ბოროტებას ვხედავ.

– არა, დედა, – ნანამ მტკიცედ წარმოთქვა, – საკმარისია, დღეიდან შენ დაკარგე ჩემს ოჯახში ჩარევის უფლება, აღარ გავბრიყვდები. არ ვიცი, ელენის რა ადგილი ეჭირა შენს ზრახვებში, ან როგორ, რა დამართე ასეთი, თუმცა წერილში კარგად ჩანს, რომ ძველ ჩვევებს არ ივიწყებ. აღარ შეიწუხო ჩემს ოჯახზე ზრუნვით თავი, – თავადისცოლმა მკაცრი სახე მიიღო და ხმაში მუქარანარევი ბგერები შეაპარა, – აღარ მიუახლოვდე ჩემს შვილებს. შენი დათესილი ხის ნაყოფს დღესაც ვიმკით ისინი, ვისაც ამ ხის ფესვები შეეხო.  დავიღალე! მართალია, რომ ამბობენ „ურასული ფოინუჰს ახლობელი ადამიანი ტკბილად დაგალევინებსო“!  –  შენ, ჩემი სული მოკალი, ნაწილებად დააქუცმაცე და შთანთქე!

ნანა დედას აღარ უსმენდა. საკუთარი სიტყვა თქვა თუ არა, გასასვლელისკენ გაემართა და კარი ხმაურით გაიხურა. კიბე სწრაფად ჩაირბინა, შარაბანდში შესვლამდე მეეტლეს უბრძანა სახლისკენ წასულიყო და ეტლის ხის კედლების მიღმა მკვირცხლად მიიმალა.

                                                                                                                              2
ენკენისთვის მეთერთმეტე დღე თენდებოდა. მატეა ჩქარობდა, სწრაფად უყრიდა თავს ნივთებს. უნდოდა, ისე წასულიყო, კირკე არ გაეღვიძებინა, დედას თავს არიდებდა.

ელენის აღდგომისა და ტრილონიას გამომწყვდევის შემდეგ, ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ხალხი ლეტას გაქრობის თაობაზე უკვე ჭორაობდა: ზოგი ამბობდა, რაჰში წავიდა და იქ, დიდ ტაძარში მსახურებსო; ზოგიც – ბოროტმა სულებმა გაიტაცესო; სხვები კი ფიქრობდნენ, რომ ზეჰსეთის ტაძრის მსახური იქაურობას განერიდა და, უბრალოდ, გაიქცა. 

განსხვავებულად ჰყვებოდა ტრილონიას გაუჩინარების ამბავს მისივე ქევხა-მსახური, რომელიც გიჟივით გაჰყვიროდა და ვინც კი შემოხვდებოდა, ვისაც კი გადააწყდებოდა − ყველას ავსულით შეპყრობილი მზერით უყვებოდა და დარწმუნებას ცდილობდა, რომ მისი უსპეტაკესობა ალქაჯმა ელენიმ და მისმა შავთმიანმა ავსულმა მეგობარმა გაიტაცეს.

მსახურის ნაამბობი უმეტესობამ ბოდვად მიიღო. ხალხმა ქევხას აკვიატება მომხდარის შემდგომ მიღებულ სულიერ ტანჯვას დააბრალეს – ზენეათელებისთვის ხომ ელენი მკვდარი იყო.

მატეამ თადარიგი დაეჭირა, ფიქრობდა,  სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, და გასამგზავრებლად სამზადისს შეუდგა, რათა ელენის ბედი არ გაეზიარებინა.

ახალგაზრდა ჯადოქარმა თავი ყველაფერს სამგზავრო მუშამბაში მოუყარა და საგზალიც მოიმარაგა. მატეას სურდა, ქალაქს დროზე გარიდებოდა. ხარიპარიას მისალმებას ელოდებოდა, რათა, გზას აღმოსავლეთისკენ გასდგომოდა. როგორც მეგობარმა სთხოვა გარუთ-გალაჰში წასვლას და ჯადოქრის პოვნას აპირებდა.

ღამე თალხისფერ ყაჭს  ფაქიზად იხდიდა. ზენეათის ტალამთებზე მზის მკრთალი ჭრტიალი კრთოდა და ქალაქს ნიმბასავით ეკვროდა, თითქოს მსუბუქი ნისლივით დაბლობისკენ კენარი მიხვრა-მოხვრით მოემართებაო.

მატეამ კიბე ფეხისწვერებით ჩამოიარა. ბარგი გასასვლელ კართან დაალაგა და სამზარეულოში გავიდა. ფანჯარასთან მდებარე კედლის თაროზე ფარდაგი გადასწია, ჯერ კარადიდან ტკივილის დამაამებელი ნაყენი აიღო და ჯიბეში ჩაიდო, − ბოლო ერთი კვირაა თავის ტკივილები აწუხებდა და უცნაური ხმები ესმოდა, − შემდეგ ნახშირისთავიანი საწერი კალამი და ჭილის ნაგლეჯი აიღო. მაგიდასთან მივიდა, დაიხარა – უნდოდა წერილი სწრაფად დაეწერა. უსტარს ხელის მოწერაღა აკლდა, როდესაც სამზარეულოში კირკე შემოვიდა. ხელში სანათი ეჭირა, მაღლა ჰქონდა აწეული, რათა ჩაბნელებულ ოთახში, სადაც ახალგაღვიძებული მზის სუსტი სხივი გზას მეზობლის მაღალი კედლებიდან სამზარეულოს სარკმელში გაჭირვებით იკვლევდა, უკეთ დაენახა, თუ რა ხდებოდა.

– რას აკეთებ?! – მტკიცე ხმით ჰკითხა კირკემ, თუმცა უკვე იცოდა მატეა რასაც აპირებდა, რადგან შემოსვლამდე ზღურბლთან სამგზავრო მუშამბას მოჰკრა თვალი.

მატეა შეკრთა. დედამისს გახედა. წერა შეწყვიტა და კალამი გვერდზე გადადო. წერილი დაგრაგნა, დედამისს მიუახლოვდა და გაუწოდა.

– ყველაფერი აქ წერია, რაც შენს ცნობისმოყვარე გონებას სურს, რომ იცოდეს, – გასვლას დააპირა, როცა კირკემ მკლავში ჩაავლო ხელი და შეაჩერა.
– სად მიისწრაფი, გამგზავრების წინ დედას არ ემშვიდობები? – კირკეს თვალები წყენაზე მეტყველებდა, ხმა კი სიბრაზეზე.
– ვიცი, რასაც აპირებ, დედა! ისიც ვიცი, რასაც გააკეთებ – კარგად გიცნობ, და არა ერთხელ გამომიცდია შენი ნება საკუთარ თავზე, – მატეას შეუდრეკელი ხმა ჰქონდა, რაც მის ურჩობაზე მეტყველებდა. ის კირკეს გამჭოლი მზერით უყურებდა – ცდილობდა, დედის აზრები წაეკითხა, მისი ყველაზე დაფარული ფიქრები ამოეკითხა.

კირკემ თვალები მოჭუტა, ხვდებოდა მატეა რის გაკეთებას ცდილობდა. მცირე ხნის სიჩუმის, ორმხრივი დუმილის შემდეგ, მეტეას მიმართა:
– ტყუილად ირჯები, შვილო! – ქალს გაეღიმა. ხელი უშვა, – ჯერ ჩემზე ძლიერი მისანი არ ხარ, არ გაქვს ამის ძალაშინი, რომ ისე წამიკითხო, როგორც გადაშლილი წიგნი.

მატეამ თვალები სწრაფად დაახამხამა. თავი გააქნია, თითქოს მთვარეული ზმანებისგან გამოერკვაო და გონს ვერ მოსულიყო, თუ სად იყო.

– კარგად გიცნონ, შვილო, – განაგრძო კირკემ, – ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ხარ; ვიდრე შენი ბაგეები სიტყვას წარმოთქვამდეს, მანამდე მესმის შენი ხმა და შენი აზრები, – ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და შვილს ნაღვლიანი მზერა მიაპყრო, – ყოველთვის თავისუფლების მოყვარე გოგონა იყავი. სხვის აზრს, თუ არ მოგწონდა, არასდროს ეპუებოდი. ვიცი, რაც გინდა, თუმცა ვშიშობ, რომ არ იცი, მიზანს როგორ უნდა მიაღწიო.

მატეა გრძნობდა, რომ დედამისი გარკვეულწილად მართალი იყო. ისიც იცოდა, რომ მის მიერ არჩეული გზა მიზნამდე ვერ მიიყვანდა, რადგან საკუთარი გადაწყვეტილების სიმტკიცეში ეჭვი ეპარებოდა – ყველაფერი მკაფიოდ არ ჰქონდა გათვლილი. მაგრამ ხვდებოდა, მშობლიური კერა უნდა დაეტოვებინა, რათა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში გარკვეულიყო, ხოლო გარუთ-გალაჰში წასვლა საუკეთესო გამოსავლად ესახებოდა.

– დრო მოვიდა, რათა მივატოვო მშობლიური ბუდე, დედა! – ახალგაზრდა ჯადოქარს მღელვარებისგან ეღიმებოდა, – არ მინდა, ისე წავიდე, რომ გულით მშობლის ნაღველი თან გავიყოლო, – დედას მავედრებელი მზერით მიაცქერდა, – გამიშვი, კარგად იცი, ვერ დამიჭერ!

მცირე ხნით მათ შორის მდუმარებამ ისევ დაისადგურა, რომელიც ზავს ჰგავდა, როგორც ხანგრძლივი ომის შემდგომ ქანცგაწყვეტილი სახელმწიფოები იძულებით რომ აწერენ ხელს და მშვიდობაზე თანხმდებიან.

სიჩუმე ანაზდეულად კირკემ დაარღვია:
– სად მიდიხარ? – გულწრფელად ჰკითხა.
მატეა დედას მიუახლოვდა და ჩურჩულით უპასუხა:
– ვერ გეტყვი. არც მინდა, რომ გითხრა. სახიფათოა. მე ვერ გკითხულობ, თუმცა სელიას შეუძლია წაგიკითხოს.

კირკეც შვილისკენ გაიწია, უნდოდა შეეჩერებინა, რადგან მატეას ქმედება სიგიჟედ მიაჩნდა.

მატეაც მიუახლოვდა დედას, სიტყვებთან ერთად – „იცოდე, დედა, მიყვარხარ!“ – სარაჰული ენის დარულ კილოკავზე ჯადოსნური შელოცვა წაიჩურჩულა და დედას სული ნაზად შეუბერა, თითქოს ჰაეროვან კოცნას უგზავნისო. კირკემ ისე, რომ ვერ მიხვდა რა მოხდა, უეცრად გონება დაკარგა. ახალგაზრდა ჯადოქარმა გრძნეული ძალაშინის მეშვეობით დედამისს იატაკზე დაცემის საშუალება არ მისცა – კირკე ჰაერში ლივლივით, ნეკრტენივით დაეშვა. მატეა დედის მძინარე სხეულთან მივიდა. კირკეს წერილი იატაკზე დავარდნოდა. ჯადოქარმა უსტარი აიღო და ხელში ჩაუდო.

მატეამ დედას ლოყაზე აკოცა და ყურში ჩასჩურჩულა:
– ყოველთვის მეყვარები!

ახალგაზრდა ჯადოქარი დედას მოშორდა და სწრაფი ნაბიჯით იქაურობას გაეცალა. გასასვლელთან დაგდებულ ბარგს ხელი სტაცა და ქალაქის ვიწრო შუკებში ელვის სისწრაფით გავარდა. საკუთარ სახლს მცირედით მოშორდა თუ არა, მეზობლის ბიჭი შემოხვდა.

– როგორ ხარ? – მიესალმა ყმაწვილი.

„ძალიან ლამაზია, ოჰ, ნეტავ ჩემი იყოს“ – მატეამ ბიჭის ფიქრები გაიგონა და მიხვდა მთელი კვირის განმავლობაში რა აწუხებდა, თავიც რატომ ტკიოდა, თითქოს ურო ჩაარტყესო.

მატეა ჯერ შეკრთა, მერე გაეღიმა და ბიჭს მიესალმა:
– შენ როგორ ხარ? მე კარგად ვარ.
– საით გაგიწევია? – დანაღვლიანდა, – „ეჰ, სამუდამოდ დავკარგავ, ანდა რას დავკარგავ, ჩემი არასდროს ყოფილა... ოღონთ შორს არ მიდიოდეს, ოღონთ შორს არ მიდიოდეს“ – ბიჭი ფიქრებში იმეორებდა.
– იქრისში მივდივარ, ნათესავთან, – მატეამ მოატყუა, – მალე დავბრუნდები.
– მართლა?! – ბიჭს სახეზე მზის სხივებთან ერთად სიხარულის ტალღამ გადაუარა, ყურადღება მხოლოდ ბოლო წინადადებას, „მალე დავბრუნდები“, მიაქცია  და იმედის ნაპერწკალი გაუღვივდა. ფიქრობდა: „მალე ვნახავ, იქნებ რამე გამოგვივიდეს“.

მატეამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, თანაც უსასოოდ შეყვარებული ბიჭის ყველა სიტყვა, რასაც გონებაში წარმოთქვამდა, ესმოდა.

– კარგია... – ბიჭმა ჯადოქრის გადაწყვეტილება მოიწონა.
– კი, თან არ მინდა, დედაჩემი დიდხანს მარტო დავტოვო, – მატეამ საკუთარი სახლისკენ გაიხედა, ბიჭს უხერხულად გაუღიმა და წასვლა დააპირა, როცა ყმაწვილმა ისევ ჰკითხა, – გაიგე ხომ, რაც მოხდა? – ყმაწვილს შეშფოთებული სახე ჰქონდა.
– არა, რა მოხდა, – მატეამ ამჯერადაც იცრუა, რადგან ესმოდა, რომ ბიჭი ტრილონიაზე ფიქრობდა.
– ლეტას სახლი დაუწვავთ, ლაქია გაიძახის ელენის ნამოქმედარიაო, იმ ალჯანეულს კი შავთმიანი ალქაჯი ახლდაო. მაგრამ მკვდარი როგორ დაწვავდა, არა?! – ბიჭს გულუბრყვილო და სულელური ღიმილი გამოესახა.
– ა, ეგ? – მატეამ ისე თქვა, თითქოს სხვა რამის გაგონებას ელოდა, – მართალია, –  ჯადოქარი ჩაფიქრდა, – მკვდარი ვერაფერს გააკეთებს... ტრილონიას ის შეხვდა, რასაც იმსახურებდა, – ბოლოს მკაცრად უპასუხა.
– რას ამბობ? – ბიჭი გულწრფელად შეკრთა და ორი ნაბიჯი უკან გადადგა, – ის ხომ ლეტაა, მყარმიწაზე ღმერთების ხელდასხმული... მასზე ეგრე როგორ ამბობ?
– დამიჯერე, ეირიკ, ადამიანი რასაც იმსახურებს, ყოველთვის იმას მიიღებს! – მატეა ბიჭს არ შეუშინდა, აპირებდა წასულიყო, როდესაც ბიჭის ფიქრები მოესმა:
„იმ ცხენებს „ივარის ველზე“ რაღა გარეკავს, უკვე დავიგვიანე!“

ბიჭის ფიქრებმა მატეა მოაბრუნა. გაიფიქრა, ჩემი ახალი ძალა ხომ არ გამოვცადოო და ჯადოქარი ყმაწვილს მიუახლოვდა, ხელებით ბიჭის სახეს წვდა, ცერა თითები საფეთქელზე დაადო, ყმაწვილის სახე მოიახლოვა, რაღაც ჩასჩურჩულა და ხელში წერილი ჩაუდო.

– რა თქმა უნდა, – ბიჭმა ამოუცნობი ნეტარება იგრძნო და სიამოვნების ნიშნად გაიღიმა, – წამყე, კარგ ბედაურსაც მოგცემ და წერილსაც გადავცემ!
მატეა ყმაწვილს გაჰყვა. სინდისი ქენჯნიდა, რადგან ქურდობისთვის ჯადოძალას მიმართა, მაგრამ თავს იმშვიდებდა და ფიქრებში იმეორებდა: „ეს ხომ გამოუვალი მდგომარეობაა“.

                                                                                                                                          3
ტრილონია ძრწოდა. გაუცნობიერებელი შიში შინაგანად აფორიაქებდა, უტევდა. უკვე ერთი კვირა საიდუმლო სარდაფში იყო გამომწყვდეული. ენკენისთვის მეცამეტე დღე იწურებოდა, ანდა მეთოთხმეტე თენდებოდა. ლეტას ჯერ კიდევ ჰქონდა უნარი, ტუსაღობაში ყოფნის დღეები ეთვალა, თუმცაღა გადარჩენის იმედი უკვე გადაწურული ჰქონდა.

ჯადოსნური სარდაფის კედლებზე მოკიაფე ჩირაღდნები თანდათან იფერფლებოდა და რიგრიგობით ქრებოდა. წიგნთსაცავი ნელ-ნელა სიბნელის წყვდიადის, ბნელ-უკუნეთის საბურველში ეხვეოდა, როგორც ტევრი, მთვარეს ღრუბელი როცა ჩრდილავს ხოლმე, შავ მაზარას გადაიკრავს.

ლეტასთვის წიგნთსაცავი უფრო საფლავს ემსგავსებოდა. მრუმე ფიქრები მიეძალა: „ალბათ, ეს არის ჩემი აღსასრული, აქ უნდა იყოს ჩემი სამუდამო განსასვენებელი, ჩემი საფლავი!“ – გონებაში ამ წინადადებას ხშირად იმეორებდა. სიტყვა საფლავის გაფიქრებისას კი მთელს სხეულში ჟრუანტელი უვლიდა.

სიკვდილის გრძნობა აშინებდა. არ იცოდა, თუ რა მოელოდა და დიდებული ზეჰი მის სულს სად განამწესებდა – თუალეჰში ჩანთქავდა თუ ღვთაებრივ სამყოფელში წაიყვანდა. ტრილონია საკუთარ უცოდველობაში დარწმუნებული არ იყო.

წამიერად გონებაში ფიქრი გაუკრთა: „ნუთუ, ელენის სამართლიანად მოვექეცი?!“ – ჰკითხა საკუთარ თავს, საკუთარმა საქციელმა დააეჭვა, მაგრამ თარეჰის მიერ ჩაგონებული ეჭვები სწრაფადვე მოიშორა: „არა, ალქაჯი იმსახურებს სიკვდილს. ისინი ბოროტების ქმნილებები არიან, ისინი იმსახურებენ ტანჯვას, როგორც მე ვიწვოდი თუალეჰის ცეცხლის ენებით, როცა სიყვარულის ჭირით დავსნეულდი და  მთელი ამ ხნის განმავლობაში მაწამებდა“. 

სიბნელის მბრძანებელმა ბოლო სანათიც ჩასანსლა და არამზმელი ლეტა, რომელიც ვეღარ შეძლებდა, ჩირაღდნები აეგიზგიზებინა, სიბნელემ მოიცვა; ირგვლივ ყველაფერს უკუნეთი შემოეკრა, როგორც სველი ტილო შიშველ სხეულს. ტრილონია გრძნობდა, ჰაერი თავს როგორ ავედრებდა – ქვაბულიდან, სულ უფრო და უფრო, მიიპარებოდა. წიგნთსაცავი სამარეს ახლა უფრო ემსგავსებოდა. ტაძრის მდივანმა გადარჩენის იმედთან ერთად გონებაც დაკარგა.

გონებაშიც ირგვლივ ყველაფერი უკუნეთს მოეცვა. თუმცაღა ტრილონია თავს რატომღაც საღად გრძნობდა, თითქოს მთის მოგლეჯა შეეძლოსო. ფეხზე წამოდგა. მიიხედ-მოიხედა.

„აქ რას ვაკეთებ?!“ – ლეტა ფიქრებში საკუთარ თავს ეკითხებოდა, თუმცა ხვდებოდა, შინაგანად გრძნობდა, რომ ეძინა.

უეცრად სიბნელემ ჩიტის ფრთები გამოისხა და გაიფანტა. ამოუცნობი ფრინველად განსხეულდა და გაფრინდა.

ტრილონია ტრიალ მინდორში აღმოჩნდა, ირგვლივ ყველაფერს ნაცრისფერი მოჰფენოდა. თითქოს დღე იყო, თუმცა გარემოს რუხი პირბადე რიდედ მოეფარა.
ტრილონიამ ფეხის გადადგმა სცადა, მაგრამ ვეღარ იძვროდა.  ძირს დაიხედა. ვერ მიმხვდარიყო თუ როგორ მოხდა ეს. ხედავს, მუხლებამდე ჭაობშია ჩაფლული, რომელიც ითრევს – გველის მაგვარი მცენარის ბოროტი საცეცები მჭიდროდ ეკვრის, როგორც ობობას ქსელი მასში მომწყვდეულ მწერს,  და არ უშვებს. შიშისგან არ იცოდა, რა ექნა; ყვირილი უნდოდა და ვერ ყვიროდა... ხვდებოდა, რომ ეძინა და ეს ყველაფერი სიზმარი იყო, თუმცა შიშს ფხიზელი ადამიანივით განიცდიდა. ნამდვილ შიშს, ჭეშმარიტს და საზარელს მთელი მისი სხეულის ყველა უჯრედ მოეცვა. ქალს თვალებზე ცრემლი მოადგა, რამდენიმე წვეთი ღაწვებზე ჩამოეღვენთა.

ლეტამ უეცრად შორიდან მომავალი ჩირაღდნოსანი დაინახა. მისკენ მომავალ ცეცხლს მღვრიედ ხედავდა. იმედის ჩამქრალ ნაპერწკალს ალი ახალი მგზნებარებით მოეკიდა. მბჟუტავი ჭვირი გულს უთბობდა და სასოებით აღავსებდა. ჩირაღდანი ნელ-ნელა უახლოვდებოდა. გაიფიქრა: „ჩემი საშველი, ჩემი გადამრჩენი“. თუმცაღა უცნობის მოახლოებისთანავე სახე შეშფოთებისგან დაემანჭა. საკუთარ ზმანებაში მოჩვენებას, ცოცხლადქცეულს ალქაჯს ხედავდა. წინ ელენი ედგა.

– რას აკეთებ აქ? – ტრილონიამ შიშნარევი ხმით, მკვახედ ჰკითხა.

ელენი იღიმებოდა. არაფერს ამბობდა.

ტრილონიამ შეჰყვირა:
– რას აკეთებ აქ? მიპასუხე!
– მე არ ვარსებობ, შენს ოცობოდებაში ვარ, ეს შენც კარგად იცი! – ზმანებამ ღიმილიანი სახით, მშვიდად უპასუხა.

ტრილონიამ თვალები მაგრად დახუჭა, უნდოდა ელენი გამქრალიყო. თუმცაღა ტყუილად გაისარჯა. ის ისევ იქ იყო და ისევ იღიმებოდა.

– სად ვარ? – ლეტა განცვიფრებას ვეღარ მალავდა.

ტრილონიამ მიიხედ-მოიხედა, ცდილობდა ადგილმდებარეობა გამოეცნო.

– სად გინდა რომ იყო? – ელენის მშვიდი, დალაგებული ხმა ჰქონდა.
– სახლში, – ტრილონიას ხმა გაებზარა, გული აუჩუყდა, – საკუთარ ოჯახთან ერთად, დედასთან მინდა ყოფნა, ჩემი კერა მენატრება, – ატირდა ლეტა.

ელენის დამცინავი სახე ჰქონდა. საკუთარი გამომეტყველებით ეუბნებოდა, რომ ლეტას გრძნობები არ აწუხებდა, არ ენაღვლებოდა მისი განცდები. 

– ხვდები, ხომ? – მოჩვენებამ კვლავ მომღიმარი სახით ჰკითხა.
– რას? – ლეტამ კითხვას კითხვითვე უპასუხა, მაგრამ ხვდებოდა, თუ იგი რას ეკითხებოდა.
– კვდები. კვდები ამ დაბურულ წიგნთსაცავში, სადაც ვერავინ გიშველის, – ელენიმ ხმამაღლა გაიცინა და გაფერმკრთალდა, თეთრ ჰაეროვან მანდილს დაემსგავსა, რომელიც ნიავის დაბერვისას ჰაერის როკვას ნაზად შეეთამაშება ხოლმე.
– არ წახვიდე, – ტრილონიას სასოწარკვეთილი ხმა აღმოხდა.  გაიფიქრა, რომ ზმანება მარტო ტოვებდა,  – არ დამტოვო მარტო!

ელენი ისევ გაუმჭვირვალე გახდა. ჩვეულებრივი ადამიანის სახე მიიღო და ისევ მშვიდად უპასუხა:
– მე მხოლოდ შენი გონების ნაყოფი ვარ, რამდენიც გინდა, იმდენხანს დავრჩები!
– რა ხარ? – ლეტამ დაბნეული ხმით ჰკითხა.
– მე ვარ შენი მტერი შენსავე სულში!
– რატომ ელენი, რატომ ალქაჯი?
– შენც კარგად იცი რატომ, – ზმანებას ღიმი არ მოსშლია, – მე ვარ ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი სინანული!
– შევცდი, ვაღიარებ, შევცდი, – ტრილონია ისე ატირდა, როგორც შვილის მკვლელი დედა, როდესაც  საკუთარ დანაშაულს გააცნობიერებს.
ლეტამ ყველაფერი ახლა გააცნობიერა.
– ვიცი, ტრილონია, მე ყველაფერი ვიცი, რასაც ფიქრობ, რასაც განიცდი!
– მაპატიე! – ტაძრის მდივანს ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა.
– საკუთარ თავს თვითონ აპატიე! – ზმანების ხმა ნელ-ნელა სუსტდებოდა. გაქრობა დაიწყო, მოჩვენების ლაციციც თანდათან ბნელ სივრცეს ერწყმოდა.

ლეტამ უფრო მგზნებარედ, ხაფიხმით დაიყვირა:
– არ დამტოვო მარტო!

ელენის მოჩვენება პასუხს არ სცემდა. ტრილონია თავს ეულად გრძნობდა. ლეტა გრძნობდა, რომ ის იქ იყო, ამიტომ მის ძახილს კვლავ განაგრძობდა.

– შევცდი, შევცდი, შევცდი! – ლეტა სასომიხდილი ხმით ერთფეროვნად იმეორებდა, თვალებში სიცოცხლე დროის დინებასთან ერთად უქრებოდა, ყელშიც თითქოს ბურთი ეჩხირებაო, იხრჩობოდა. თუმცა ჯადოქრის მოხმობას ჯიუტად განაგრძობდა.

ნელ-ნელა გარემო იქუფრებოდა. ნაცრისფერი სივრცე ისევ წყვდიადის კლანჭებში ექცეოდა. ყველაფერი ზამთრის უმთვარო, მოქუფრულ და ღრუბლიან ღამეს ემსგავსებოდა. ტრილონია კვლავ შიშმა აიტაცა, ხვდებოდა, რომ ეს მისი აღსასრული იყო. ჭაობიდან თავი დაღწევას ცდილობდა, მაგრამ რაც უფრო უძალიანდებოდა, მით უფრო ეფლობოდა.

– შურისძიება მინდოდა. მინდოდა, ჯავრი შენს ოჯახზე მეყარა, – ტაძრის მდივანმა თავის მართლება დაიწყო, – მედროშეებმა ჩემი სიყვარული ფეხქვეშ გათელეს. მეც მინდოდა, მამაშენს იგივე ეგრძნო... –  ტრილონიამ მიიხედ-მოიხედა, ზმანების დალანდვას ცდილობდა, – სად ხარ, ელენი, დარჩი... დარჩი...

უეცრად, გონებამიხდილმა ქალმა მკვეთრი რყევა იგრძნო. გამოფხიზლდა. ყველაფერს ამღვრეულად ხედავდა. ჰაერს დახამებულივით ისე ისუნთქავდა, როგორც უდაბნოში დაკარგული ადამიანი ოაზისში აღმოჩენილ წყალს დაეწაფება. დაახველა. თვალი მძიმედ გაახილა და ცაზე მოკიაფე ვარსკვლავები დაინახა. ნაცნობი ხმა ყრუდ ესმოდა: „დეიდა, დეიდა“.

– დეიდა, გონს მოდი! – ტრილონიას დისშვილი ანჯღრევდა.
– ტრატის, – დაძაბუნებულობისგან გათიშულმა ლეტამ წაილუღლუღა.
– მე ვარ, – ტრატისმა სიხარულისგან გაიცინა, – მე ვარ დეიდა! – ბიჭმა დაბეჩავებული ქალი გულში ჩაიკრა.

                                                                                                      4
თავადმა ტრისეისმა დიდი ძალისხმევა გასწია, რათა საკუთარ სასახლეში ერთადერთი ქალიშვილის ნიშნობა გაემართა და  სტუმრებს გამასპინძლებოდა, თანაც ზამთარში.

მსახურთუხუცესი სამზადისს დილიდანვე შეუდგა, რათა დაისამდე ბატონებისთვის საზეიმო ოთახის გაწყობა მოესწრო. სუფრას ნამადშეკაზმული კერძები ამშვენებდა:  სარაჰული ლიკო, დარული ღვინო და ზარაჰი, ხაბიზგინები, შემწვარი ცხვრისა და ხარის ხორცი, შაშხი და გოგრის წვენი. ტრისეის ბოლდინის ოჯახი სიუხვითა და სიმდიდრით ვერ დაიკვეხნიდა, თუმცა ის თავის წარმოჩენისთვის ყველაფერს აკეთებდა – თავზე ოქროსფერ ჩალმასაც დაიხურავდა და ცხოვრებისგან მირთმეულ ურასულ ფოინუჰსაც ვაჟინივით დალევდა.

თანდათანობით, მზე დაღლილობისგან თვალებს ნაბავდა – სარიდალს იფერებდა და მყარმიწას საკუთარ ნათებას ავედრებდა. ბაკმას ბოლდინთა ეზოში დანთებული ეზოს ჩირაღდნების კაშკაშა შუქი ერთვოდა, ერთობლივად კი დიდებულთა სასახლეს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას, ხოლო თეთრი თოვლით მოქარგულ ეზოს ოქროსფერ თინათინს  ჰმატებდა.

შემოღამებისას ბოლდინების მამულში ჩვეულ საზეიმო სამოსში გამოწყობილნი და მხრებზე ქურქმოსხმულნი, ცხენზე ამხედრებული სტუმრები იყრიდნენ თავს. ეტლები ნელი სვლით შიდა ეზოში შემოდიოდნენ. აშთაში შესვლისთანავე უჩვეულო სანახაობით იხიბლებოდნენ. თავადისქალები, მათთვის დამახასიათებელი კვირსობით , გზას მთავარი დარბაზისკენ მიიკვლევდნენ. მეუღლეებს მხიარული განწყობით უერთდებოდნენ; იცინოდნენ, კისკისებდნენ და თანმხლებთ ეარშიყებოდნენ – ჯერ არც ღვინის წვეთი და არც ვერიოსული ლიკო გაესინჯათ და უკვე ბახუსმოკიდებულივით იქცეოდნენ.

სტუმრების ნაკადი არ წყდებოდა. ბოლდინთა მსახურთთაბუნი დიდგვაროვნებს თავაზიანად ემსახურებოდა. ზოგიერთი მათგანი კი მოწიწებით სასახლისკენ უძღვებოდა და გზას აჩვენებდა.

მთავარი ოთახი ჭერსშეკიდული სანათი ჭაღებით ნათელეყოთ. სადღესასწაულო აღკაზმულობაში გამოწყობილი ქალბატონები თავს ოქრომკედით შეკერილ კაბებში, ყურთმაჯიან მოსასხამებსა და ჩიხტიკოპებში იწონებდნენ. ზოგს ჰაეროვანი ნეკრტენივით მსუბუქი მანდილი მხრებზე ფაფუკად ეფინებოდათ, ზოგს კი კისერზე შემოეხვია, რათა უფრო მომხიბვლელები გამოჩენილიყვნენ და, ამასთანავე, მამაპაპისეული ადათები არ დაერღვიათ – ზენეათში ქალებისთვის მხრების გამოჩენა ხომ სირცხვილად ითვლებოდა. რა თქმა უნდა, ყველა ამ ადათ-წესს არ მისდევდა, თუმცაღა იყვნენ ოჯახები, რომლებიც სარაჰულ სიწმინდეებს გულანთებული იცავდნენ.

ბოლდინების ოჯახში თითქმის მთელი ზენეათი შეიკრიბა. ყველას სტუმრობის საკუთარი მიზანი ჰქონდა: ზოგს ცნობისმოყვარეობა ჰკლავდა, უნდოდათ, საკუთარი თვალით ენახა, ბოლდინების გაღატაკებული ოჯახი სტუმრებს როგორ გაუმასპინძლდებოდა; სტუმართაგან ზოგიერთი, მეტად გამოხატული უტვინობით, მხოლოდ საკუთარი სწორის საპოვნელად მოსულიყო, ისინი ფიქრობდნენ, რომ რომელიმე გაზულუქებული საგვარეულოს შთამომავალთაგან ვინმეს ხელს გამოჰკრავდნენ, ანდა კიმილიის მქონე გაუთხოვარ თავადისასულებს ბედს დაუკავშირებდნენ.
სტუმრები მასპინძლისა და საპატარძლოს მოლოდინს მსახურების მიერ გამოტანილი დარული ღვინით უმკლავდებოდნენ. მინის ჭიქებითა და სამწდეურით შეექცეოდნენ წითელ სამხრეთულ ფოინუჰს, რომელსაც ჟალარჯსეშის მთებში მოწეული ყურძნისგან წურავდნენ; მხოლოდ თვით-იმ მხარეში ხარობს ყურძნის ჯიში, რომლისგანაც დარულას ამზადებენ.

ერთმანეთში მობაასე შეკრებილები თავადი ტრისეის ხაფიხმამ გამოაფხიზლა. ის მთავარ ოთახში მოულოდნელად გამოჩნდა და მჭექარედ დაიქუხა, რათა იქ მყოფთა ყურადღება მიექცია:
–  მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, ძვირფასო თანამოძმენო,  – ტრისეისმა ღიმილიანი სახით მიმართა, – მსურს, წარმოგიდგინოთ ჩემი ერთადერთი ქალიშვილი, ჩემი თვალისჩინი, თავადისასული ტატიანა ბოლდინი...

ყმაწვილ-გოგონამ მამას ხელი გაუწოდა, ნაბიჯი მორიდებით გადმოდგა და საზოგადოების წინაშე წარსდგა. თეთრი კაბა ემოსა, წელზე ოქროსფერი ქამარი შემოერტყა, რომლის ყუა კაბის წვერამდე სწვდებოდა. მზისფერი თმა გაეშალა და მხრებზე ფაფუკად ეფინებოდა. ტატიანას მორიდებული სახე ჰქონდა; დარცხვენილად იატაკს უცქერდა, თითქოს, არ უნდოდა, სტუმრები საკუთარი მზერით დაეჯილდოვებინა. თავადისასულიც სარაჰულად აღეზარდათ მშობლებს, მანაც იცოდა, რომ ქალს არ აქვს უფლება, უცხოები საკუთარ თვალებში ჩაახედოს.
შეკრებილები ტატიანათი უმალ მოიხიბლნენ; მისი სილამაზე მათზე თრიაქივით მოქმედებდა. ყმაწვილ-გოგოს, რომელიც თითქოს შუქს ასხივებსო, ყველა მონუსხულივით უცქერდა.

ჯადოსნური მიზიდულობა ისევ თავადმა გააქარვა; ღიმილიანი სახით მოწვეულ დიდგვაროვნებს მიმართა:
– დღეს, თავადისასული ალექსანდრე მედროშეზე ინიშნება, – ტრისეისი უხერხულად შეიშმუშნა, თუმცა სახეს ღიმილი არ მოსცილებია, – ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნავად კი გთხოვთ, სუფრას მივუსხდეთ, – ყველას ხელის ჰაეროვანი მოძრაობით ანიშნა დასხედითო.

ადათწესისამებრ, მასპინძლის მიპატიჟების შემდეგ, სტუმრები  მაგიდას  მიუსხდნენ და სასიძოს მოლოდინში, რომელიც ნიშნობას ერთგულების ფიცით განამტკიცებდა, ლხინს მიეცნენ.

ბოლდინების ოჯახი, მთავარი ოთახის თავში, შემოსასვლელის საპირისპიროდ დასხდა, რათა იმათი დანახვა ყველას – იქ მყოფებსაც და ახალმოსულებსაც – შესძლებოდა. საპატარძლოსთან მისასვლელი ბილიკს მაგიდების თალარი ქმნიდა, რომელიც შემოსასვლელი კარიდან მასპინძლების მაგიდამდე რიგად ჩამწკრივებულიყო.

რამდენიმე ხნის შემდეგ ოთახში ალექსანდრე მედროშე და მამამისი პირველები შევიდნენ. უკან ნანა და სელია მოჰყვებოდნენ. სელიას გალალეი და ნეო მოსდევდნენ. მედროშეები მასპინძლებამდე ამაყი ნაბიჯით მიიწევდნენ. ცდილობდნენ, ელენის „მანკიერი საქმენი“ არ შეემჩნიათ.

ჯადოქრის სიკვდილით დასჯიდან უკვე სამი თვე იყო გასული, ზეჰის დარიგების თანახმად კი ცოდვათა გამოსასყიდად ეს დრო საკმარისი იყო. ეს მედროშეებმა და ბოლდინებმაც კარგად იცოდნენ, ამიტომაც შეაყოვნეს ნიშნობა, ვიდრე დრო არ მოვიდა.

არჩილ მედროშე ტრისეის ბოლდინს  მიუახლოვდა და პატივისცემის ნიშნად თავი მდაბლად დაუკრა. ალექსანდრემაც მამას მიბაძა.
მასპინძელი წამოიმართა, მომავალ მოყვრებს მცირედ გაუღიმა და თავი მოწიწებით დაუკრა  – ბოლდინებს დიდგვაროვნებთან მოქცევის წესი არ ეშლებოდათ.

– ბატონო ტრისეის, ჩვენ გეახელით, რათა ჩემი ერთადერთი ვაჟისთვის თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ. ჩვენი ოჯახი, ჩვენ მედროშენი, დიდი პატივისცემით ვართ გამსჭვალულნი თქვენი გვარეულობისადმი, ამიტომაც თქვენთან დამოყვრება დიდ პატივად მიგვიჩნევია, – არჩილმა დაზუთხული სიტყვები, რომელსაც წესთაადათის შესრულებისას ყველა წარმოთქვამდა და რომლის წარმოშობაც არავინ იცოდა, გამოთქმითა და მსახიობური შემართებით, ლექსივით წაიკითხა.

ტრისეის ბოლდინი არჩილს მიუახლოვდა, მეგობრობის ნიშნად  ხელი ჩასჭიდა და საადათო  სიტყვებით მიმართა:
– თქვენო ბრწყინვალებავ, თქვენი მიღება ჩვენთვის დიდი პატივია. ჩვენი ოჯახი თქვენდამი იმდაგვარი პატივისცემითაა გამსჭვალული, როგორც თქვენი გვარი ჩვენდამი. დიდი სიხარულით ვაცხადებ თანხმობას, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი თქვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს, – ოჯახისთავებმა ერთმანეთს მხრები გაჰკრეს, – ეხლა ჯერი ჩვენი შვილების გადაწყვეტილებაზეღაა, ვკითხოთ აზრი მათ, – მამა ტატიანას მიუბრუნდა, – შვილო, თანახმა ხარ იყო მომავალი მეუღლე ალექსანდრე მედროშისა?

ტატიანა დადუმდა, ხმას არ სცემდა.

თავადმა კითხვა გაუმეორა:
– თანახმა ხარ იყო მომავალი მეუღლე ალექსანდრე მედროშისა?

ტატიანა იღიმებოდა. თავი დაეხარა, მამას არ უცქერდა, თითქოს დაიმორცხვაო.

წესით, ტატიანას პასუხის გაუცემლობის გამო, ტრისეისს უნდა გამოეცხადებინა, რომ ნიშნობა ჩაიშალა, თუმცა საპატარძლოს გაჭიანურებული პასუხი, ადათისამებრ, საგანგებოდ იყო დადგმული, რათა სასიძო აღელვებულიყო. ბატონი ბოლდინი სტუმრებისკენ ვითომ დამწუხრებული სახით შემობრუნდა, თუმცა ტატიანამ თავი ამაყად წამოსწია და ხმამაღლა განაცხადა:
– თანახმა ვარ, ვიყო ალექსანდრე მედროშის ცოლი, თანასწორი მისი და ერთგული მისი.

დარბაზში ხალხის მხიარული ყიჟინა გაისმა, ზოგმა დაუსტვინა, ზოგმაც ტაშს შემოჰკრა. ჯერი ალექსანდრეზე მიდგა. არჩილი სიფრთხილით შებრუნდა, ეშინოდა, ვაი, თუ მიღალატოს და უარი განაცხადოსო.

– შვილო, თანახმა ხარ იყო მომავალი მეუღლე ტატიანა ბოლდინისა? – შიშის მიუხედავად თავადმა მტკიცე და ღიმილიანი სახით ჰკითხა.

ალექსანდრე ჩაფიქრდა, თითქოს გზაჯვარედინზე იდგა, ორივე გზა კი უბედურებისკენ მიუძღოდა – არ უნდოდა ოჯახს კიდევ ერთი სირცხვილი ეწვნია, ეს ქორწილი ხომ ლაფის ჩამორეცხვის ტოლფასი იყო, ხოლო მეორე მხრივ, არ უნდოდა, ოჯახის სამსხვერპლოზე საკუთარი გრძნობები შეეწირა. თავადიშვილს ფიქრები გაუგრძელდა. კარგა ხნის შეყოვნების შემდეგ კი, რამაც სტუმრებში იჭვნეული ჩურჩული გამოიწვია, ალექსანდრემ მამის კითხვას დადებითი პასუხი გასცა.

თავადმა კმაყოფილების ღიმილით შვილს ბელგა მიაწოდა. ბიჭმა მამას შარნა უხალისოდ გამოართვა და ტატიანას ოქროთი ნაჭედი, ძვირფასთვლებიანი ყელსაბამი, ყელზე შეაბა, რითაც ნიშნობა საქვეყნოდ დადასტურდა.

ტრისეისმა მომავალ მოყვრებს ხელით მიანიშნა მაგიდასთან, საკუთარ ოჯახთან ერთად დამსხდარიყვნენ და ვახშამი გაეზიარებინათ.

კერძები საუცხოოდ გემრიელი აღმოჩნდა. დარეთიდან საგანგებოდ ჩამოტანილი ღვინოც სტუმრებზე ჯადოსნური მათრობელა ძალით ზემოქმედებდა, განსაკუთრებით ვაჟინი სიამოვნებდათ. მოწვეულთა უმეტესობა კარგად შეზარხოშებულიყო, როდესაც წვეულების მასპინძელმა სიტყვა ითხოვა – ლითონის დანა თეფშზე შემოჰკრა და ყურადღების წარმტაცი წკრიალა ხმა გაისმა.

ხალხის მოუსვენარი ნადიმობა შეწყდა. დარბაზი გაინაბა. მთელი ყურადღება ტრისეისისკენ ისე იყო მიპყრობილი, თითქოს საუკუნის საიდუმლოება უნდა გაემხილა.

– ძვირფასო სტუმრებო, მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის, ჩვენი ოჯახების დაფასებისთვის, – თავადი ბოლდინი მჭერმეტყველებაში გაოსტატებული იყო, ზივთიანი ხმა ჰქონდა, რითაც ყურადღების მიპყრობა არ უჭირდა, – ახლა კი, პირველი ცეკვის დროა!

გაისმა ტაშის გრიალი. ალექსანდრე და ტატიანა მორიდებით ისე წამოდგნენ ფეხზე, როგორც ათასი მზერამიპყრობილ ადამიანებს სჩვევიათ. ახალგაზრდა წყვილი საცეკვაოდ მოწყობილ ალაგს გავიდა და ნელი, საამო ჰანგებზე საუკუნოვან ,,რაჰული როკვას“ შეუდგნენ, რომელსაც მეფე-დედოფალნი სადღესასწაულო წვეულებებზე ცეკვავენ.

ცეკვა ალექსანდრემ დაიწყო. ჯიქივით გაემართა გოგოსკენ, რომელიც მანდილს იფარებდა, მიჯნურობით შეპყრობილ ყმაწვილისგან სახის მოსარიდებლად. როდესაც ბიჭი გოგოს მიუახლოვდა, ტატიანა თითქოს გაურბისო – ნელი ნაბიჯითა და ხელების ნაზი, ჰაეროვანი მოძრაობით როკვა დაიწყო. გოგოს ილეთები ჩიტის ნარნარ ფრენას მოგაგონებდა; მისი კენარი ტანი ლერწამივით ირწეოდა და ხელის მტევნებს ტალღებივით ათამაშებდა, რითაც ბიჭის მიმართ იდუმალ წადილს გამოხატავდა. ალექსანდრე გოგოსკენ გახევებული გაექანა, თითქოს ქალის მოტაცება და ხელში ჩაგდება უნდაო.  ტატიანა გარიდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ, ბიჭი მიეჭრა და ხელში ჩაეჭიდა. საპატარძლომ თავი გამოიხსნა და ხელის მტევანი სახეზე აიფარა – კაბის გაჭრილი სახელოს ნეკრტენივით მსუბუქმა ქსოვილმა სახე მთლიანად დაუფარა. შემდეგ პირბადე ნაზად ჩამოიხსნა და გამიჯნურებულს ალმაცერად გახედა, დარცხვენილად უღიმოდა. ალექსანდრე საპირისპირო მიმართულებით გაემართა, გოგოს არშიყს თითქოს ვერ ამჩნევსო – გულნატკენი და იმედგაცრუებული ბიჭი ნელა და მშვიდად ცეკვავდა. ამჯერად ალექსანდრესკენ გოგო გაიწია. ყმაწვილს როგორც კი მიუახლოვდა, სიხარულით აღვსილი ბიჭის მკლავებში აღმოჩნდა. ცეკვა დასრულდა.

ახალგაზრდებით უზადოთ შესრულებული „რაჰული როკვით“ გაბრუებულ დარბაზში, სიამოვნებისა და აღტაცების ტაში გრიალი გაისმა.
– გმადლობთ, – ალექსანდრეს ეღიმებოდა, – უღრმესი მადლობა, ქალბატონებო და ბატონებო, – თვალი მამამისისკენ გააყოლა, თანაც მძიმედ სუნთქავდა – ცეკვამ დაღალა, – მამაჩემი გაზაფხულს ტინარშუჰში მიემგზავრება, მეც ვაპირებ, რომ გავყვე, რათა ჩემს მშვენიერ საპატარძლოს, ტატიანას, – ალექსანდრემ გოგოს ცუხი სიყვარულით გადახედა, –  საჩუქარი ჩამოვუტანო...

მხიარულებისა და მოწონების ტაშმა დარბაზში გააყრუა. არჩილს სახეზე გაბრაზება დაეტყო, ალექსანდრეს ამგვარ კადნიერებას არ მოელოდა. სელიას იდუმალი ღიმილი ეტყობოდა და ნანას მრავლისმეტყველად უცქერდა.

– სად გაგონილა სასიძომ საპატარძლო უსაჩუქროდ დატოვოს?! – თავადი მედროშე საუბარში ჩაერთო, – ამიტომაც გადავწყვიტეთ, ტინარშუჰში ერთად წავსულიყავით და მშვენიერი ტატიანასთვის მისი სილამაზის დასადარი საჩუქარი შეგვერჩია, – არჩილს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რათა ხალხის თვალში იმ კაცებივით უნიათოდ არ წარმოჩენილიყო, რომლებიც საკუთარ ოჯახზე ვერ ბატონობენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს