ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
3 მაისი, 2019


მტვერი (თავი 4. ნაწილი 5-7)

                                                                                                                              5
დიდხანს ცდილობდა ტრილონია დანაკარგის მძაფრ შეგრძნებას, სულში სიცარიელეს რომ უტოვებდა, გამკლავებოდა, როდესაც ჩაფიქრებული გამომეტყველებითა და ნაღვლიანი თვალებით საკუთარი სახლის ნაცარტუტად ქცეულ გროვას უცქერდა. ლეტა მომხდართან შეგუებას ლამობდა; უნდოდა, მომხდარი ისე აღექვა, როგორც ყოველდღიურობა. ამიტომაც ჭვარტლით შებურული ქვის უსიცოცხლო კედლების დასათვალიერებლად ხშირად მიდიოდა, თითქოს ამით რაიმე შეიცვლებოდა, ყველაფერს შეეჩვეოდა, სირცხვილის გრძნობა გაქრებოდა და უდრტვინველ ცხოვრებას განაგრძობდა, თუმცა ამაოდ. დანახშირებული ხის საბძლები, ფანჯრები და კარები – ყოველივე ეს იმ დიდების საცოდავი სანახაობა იყო, რასაც დიდი ხნის მანძილზე მზის ლახვამის ტაძრის მდივანი აშენებდა.

მას შემდეგ, რაც ტრატისმა დეიდა შეიხიზნა, თითქმის სამი თვე იყო მიწურული. ტრილონია ყმაწვილის გულკეთილ შეთავაზებას დათანხმდა და საცხოვრებლად მასთან გადავიდა. სხვა გზა ჰქონდა კი?! ზენეათში ერთადერთი ნათესავი მხოლოდ მისი დისშვილი და გარდაცვლილი და იყო.

ზამთრის სუსხის მოახლოებასთან ერთად კი ტრილონია საკუთარ მამულს, სულ უფრო და უფრო, იშვიათად სტუმრობდა.  შესასვლელი ჭიშკარი ახლა მუდამ ღია იყო, ლეტას ხომ უცხო სტუმრების, არასასურველი პირების ხილვა აღარ აშინებდა. ხოლო თოვლის პირველ ფიფქებთან ერთად ტრილონიას საკუთარი სახლისადმი გრძნობები გაუნელდა, უფრო სწორად, წარსული მეხსიერების ღრმა კუნჭულებში დამალა; ისე იქცეოდა, თითქოს ჯადოსნური მანქანებით გონებიდან და გულიდანო ეს სავალალო მოვლენა ამოიკვეთაო.

რაც უფრო ეცემოდა თბოხარისხი ლეტა ნანგრევების მოსანახულებლად უკვე აღარ დადიოდა. ალბათ, უფრო სიცივის ბრალი იყო, მაგრამ ისე აღარ განიცდიდა, როგორც თავიდან: ღამე შეწუხებული აღარ ეღვიძებოდა, აღარც ელენი ელანდებოდა და აღარც ესიზმრებოდა. ყოველ დილით საზარსიზმრებიდან ახალგამორკვეულივით გაფითრებული სახე აღარ ჰქონდა: ელენის ლანდი ტრილონიას აღარ აიძულებდა, საკუთარი ცოდვებისთვის თვალი გაესწორებინა და უკუნეთისთვის დილამდე ეცქირა. ეცქირა მანამ, სანამ ცარგვალზე ხარიპარია  ნელა შემოპარულ ბაკმასა და მზის ნათებას ასპარეზს არ დაუთმობდა. მზე თითქოს შორიდან მოიჩქარის, ნელ-ნელა კადნიერდება და საბოლოოდ იპყრობს ღამეს, სიბნელეს კი ანადგურებს.

შუა ზამთრის სუსხიან დილას ზენეათი უხვად დაფენილი თოვლით შეხვდა. ერთ ღამეში იმდენი მოთოვა, რომ ზენეათმა თეთრი საბურველი დაიხურა.
მგლის ქურქში ჩაფუთნული ტრილონია გარეთ გამოვიდა. ტრატისი თოვლში სეირნობდა.  ლეტამ შეამჩნია, დისშვილი ჯადოძალას როგორ იყენებდა: თოვლს ეთამაშებოდა, ხან ყინავდა, ხანაც ალღობდა. მერე წყალს ისევ გაყინა და კვლავ თეთრ, ქათქათა თოვლის ფანტელებად აქცია, რომელიც ჰაერში დალივლივებდა.

– ყოველთვის გიყვარდა ჯადოძალით თამაში! – ტრილონია დისშვილს თანდათან უახლოვდებოდა.

ტრატისი  შორიდან მომავალმა ხმამ შეაკრთო, მაგრამ არ შეშინებია. შემობრუნდა და დეიდას გაუღიმა.

– ჯადოქრობა ყოველთვის ჩემი ნაწილი იყო, – ბიჭმა უდრტვინველად უპასუხა.
– მესმის, ძვირფასო! – ლეტა დისშვილს ცივი ხელით ლოყაზე მოეფერა და დედობრივი გრძნობის გამომხატველი ღიმილით დააცქერდა, – სამწუხაროდ, დედაშენს ეგ არ ესმოდა, – ტრილონია დანაღვლიანდა, გული შეუღონდა, მწუხარე მოგონებები მიეძალა.
– დედაჩემს არ ესმოდა ადამიანის, – ტრატისმა დეიდას მრავლისმეტყველად გახედა.

ტრილონიამ საკუთარი მზერით დისშვილს ანიშნა, რომ  მის ნათქვამს ვერ ჩაწვდა, ვერ მიხვდა, თუ რას გულისხმობდა.

ახალგაზრდამ შეამჩნია რა დეიდის გამოხედვა, სცადა განემარტა:
– ვიცი, დედაჩემი შენი და იყო და ძლიერ გიყვარდა, მაგრამ როგორც დედა სრულებით უვარგისი პიროვნება აღმოჩნდა. როცა მოკვდა გამიხარდა კიდეც,  – ტრატისმა სუნთქვას ღვარძლიანი ბგერები ამოაყოლა, რომელიც მშობლისადმი სიძულვილს აშკარად გამოხატავდა.
– რას ამბობ, შვილო! – ლეტას ნაწყენი ხმა ჰქონდა, – დედაშენს უყვარდი!
– დედას არავინ უყვარდა საკუთარი ქმრის, მამაჩემის გარდა... ისე მექცეოდა, თითქოს მისი სიკვდილი ჩემი ბრალი ყოფილიყოს, – ტრატისმა მხრები აიჩეჩა, – სასაცილოა, ცოცხალ არსებაზე უფრო, ზმანება, აჩრდილი უყვარდა, – სჯაღიმილი გამოესახა.
– ქალის გულს რას გაუგებ, ძვირფასო! – ტრილონიამ დისშვილს მრავლისმეტყველად გახედა და თვალი მოარიდა.
– არა მგონია, ქალის გული იყოს დამნაშავე, – ტრატისმა გაიკვირვა, – დედობას შენ ხომ მიწევდი?... შენი გული, – თითი ტრილონიას მკერდისკენ გაიშვირა, – დედაჩემის გულისაგან რით განსხვავდება?
– ასე იყო საჭირო, ალბათ... წაიჩურჩულა ლეტამ.
– რას ნიშნავს ეგ? – ახალგაზრდა ჯადოქარი თითქოს გრძნობდა, რომ დეიდამისი რაღაცას უმალავდა.
– არაფერს! – ტრილონიამ უარყოფა სცადა.
– ხომ იცი, – ტრატისმა ღიმილიანი გამომეტყველებითა და ხუმრობანარევი ხმით დაიწყო, – შემიძლია, თქმა გაიძულო!
– ვიცი, რა შეგიძლია და რა ძალა გაქვს... მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამას არ გააკეთებ!
– ნუ იქნები ასე მტკიცედ დარწმუნებული! თუ რამე იცი, მითხარი! – ახალგაზრდას ხმა გაუმკაცრდა.
– ვიცი... – ტრილონიას ხმაჟღერადობა დაუმდაბლდა, მხოლოდ ტუჩებს აცმაცუნებდა. ისეთი სახე ჰქონდა, ეტყობოდა, დისშვილს დანებდა, –  არ მინდა გული გეტკინოს და დაიტანჯო... – ლეტა დანაწევრებულად საუბრობდა, სიტყვებს თავს ვერ უკრავდა, ერთმანეთს ვერ აბამდა, თითქოს თავსა და ბოლოს ვერ ჰპოულობდაო.

ტაძრის მდივანმა ცაში აიხედა. თეთრი ღრუბელი ქალაქს სახურავივით გადაკვროდა და მზის სხივებისაგან არიდებდა.

– აქ ცივა, სახლში შევიდეთ და ყველაფერს იქ მოგიყვები, – ტრილონიამ ხელები წელზე შემოიხვია და გააძაგძაგა.

ტაძრის მდივანმა ტრატისს ხელით ანიშნა, რომ წინ გაძღოლოდა. ახალგაზრდა ჯადოქარი უკმაყოფილო სახით დეიდამისს წარუძღვა  და თბილ სახლში შევიდნენ.

მისაღებ ოთახში მსახურს ბუხარი დაენთო და ცეცხლის ალების მხურვალება ყოველ კუთხე-კუნჭულს სწვდებოდა.

ყმაწვილი სკამზე დაჯდა. დეიდას ცნობისმოყვარეობით უცქერდა, გული უძგერდა, თუმცა ცდილობდა, ღელვა არ დასტყობოდა. ტრილონია კარგად ხვდებოდა, დისშვილის გულში თუ როგორი ქარიშხალი ტრიალებდა, ლეტა ტრატისს თვალებში უმზერდა, რომლებიც ახალგაზრდა ჯადოქარს ღალატობდნენ; ტრილონიას ბიჭის განცდები და თვითგანცდები გადაშლილი წიგნივით შეეძლო წაგეკითხა.

– გისმენ! – ტრატისმა მტკიცედ თქვა, სცადა ტრილონიასთვის მკაცრად შეეხსენებინა, რადგან იგრძნო, რომ დეიდა  საუბრის დაწყებას აჭიანურებდა.
– ახლავე, – ლეტამ ღრმად ჩაისუნთქა, – ამის მოთხრობა ცოტა რთულია, მაგრამ, ალბათ, თავის არიდება უფრო დაგვაზარალებს, – ქალს ღელავდა ეტყობოდა, – ყველაფრის სათავე ჩემი შეცდომაა, რომელიც ახალგაზრდობაში მომივიდა, – ტრილონიას თვალები აუწყლიანდა.
– შეცდომა, – გაიკვირვა ტრატისმა, – რა შეცდომა?
– ახალგაზრდა ადამიანებს არ უნდა მოსდიოდეთ ასეთი შეცდომები, რომელიც შემდგომ მთელი ცხოვრება თან გაჰყვებათ, – ლეტას უხერხულად გაეღიმა.

ტრილონიამ ღრმად ჩაისუნთქა. ღელავდა. ცეცხლთან ახლოს მივიდა და მოგიზგიზე მზისფერ ენებს მიაჩერდა. შემდეგ დისშვილისკენ შემობრუნდა და ჩუმი ხმაჟღერადობით დაიწყო:
– სიყვარული ადამიანებისთვის ბოძებული ღმერთების საჩუქარიცაა და მიწიერი წყევლაც, არავინ უწყის, სიყვარულის აზვირთებული ტალღა საით გადაგისვრის, რომელ ზღვაში ამოგაყოფინებს თავს, საითკენ დაუბერავს სიყვარულის ქარიშხალი... – ტრილონია ჩაფიქრდა, ახალგაზრდული მოგონებების ოკეანეში შესცურა, რამაც მცირედი ღიმილი მოჰგვარა; ეტყობოდა, ბედნიერ დროისნაკვესებს იხსენებდა, – მაგრამ როგორც კი ივარის თვით-ეს ნიჭი კლანჭებს ჩაგავლებს, აღარ გაგიშვებს და  ისეთ საოცრებებს ჩაგადენინებს, როგორიც მრავალმა ჩაიდინა შენამდე და მომავალშიც ჩაიდენს...

ტრილონიას ხმა გაუწყდა. მცირე ხნით შეიცადა.

ტრატისი ფეხზე წამოდგა და დეიდამისთან მივიდა.

– შენი მშობლების სიყვარულის ამბავი, – განაგრძო ლეტამ, – წიგნებსა და კერიის პირას მონათხრობ ლათაიებსა და ზღაპრებს არ ჰგავს. ის არ იყო საჩუქარი, ის უფრო წყევლა, ორი განსხვავებული ადამიანის ერთმანეთისადმი ლტოლვა იყო... იმდენად განსხვავებულისა, რომ მათთვის იმის გაფიქრებაც კი, რომ ერთად იქნებოდნენ, უკვე დანაშაულად ჩაითვალა.
– ვერ მიგიხვდი, დეიდა?! – ტრატისს ცნობისმოყვარეობა და გაურკვევლობა ერთმანეთში აღრეოდა.
– დამასრულებინე, ძვირფასო, ყველაფერს მოგიყვები, ნუ ხარ სულსწრაფი, – ტრილონიას გაეღიმა და ფანჯრის მიღმა სივრცეს გახედა, – დედაშენს მაგონებ, მასაც ყველაფრის სწრაფად გაკეთება უყვარდა.
– შესაძლოა, – ტრატისი თითქოს დანაღვლიანდაო, – მაგრამ მე დედაჩემი სხვანაირი მახსოვს!
– ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, შვილო! – ტრილონია დისშვილს მიუახლოვდა, უკვე გამთბარი ხელით სახეზე მოეფერა, – დედაშენი თავადისასული იყო, მამაშენი კი მეჯინიბე.
– რა?!! – ტრატისმა გაიკვირვა, განცვიფრებული მის შინაგან განწყობას სახე უკეთ გამოხატავდა, ვიდრე სიტყვები.

ტრილონიამ დისშვილის გამომეტყველებაში ის გრძნობა ადვილად ამოიკითხა, რომელიც მისთვის კარგად ნაცნობი იყო – გაოგნება.

– კი, – ლეტამ თითქოს ტრატისის უთქმელ კითხვას უპასუხა, – მამაშენი ჩვენთან მეჯინიბედ მუშაობდა. ჰოდა, ერთ მთვარიან ღამეს დედაშენმა ახალგაზრდული სული გამოიჩინა და ვნებას მიეცა, მასთან გაიოროფა  – ერთმანეთის მიმართ ლილატუნალის ჟინს ვერ გაუმკლავდნენ. ლიცინიას ღამეული სეირნობანი სასახლის ლაქიამ შეამჩნია და თავადს მოახსენა. ბაბუაშენმა შენს მშობლებს მაშინ მიუსწრო, როცა გაპარვისთვის ემზადებოდნენ და წუთი-წუთზე ზენეათს დატოვებდნენ... ქაანმა მამაშენი სიცოცხლეს გამოასალმა, „მიჯნურთა ტბაში“ დაახრჩო. ლიცინია ამის შემყურე, ჭკუიდან შეირყა და თავი ლეტა ტოლინიას შეაფარა; სხვაგვარად, ბაბუაშენი – ისეთი ყაიდის კაცი იყო – ეჭვიც არაა, ლიცინიას იქვე მოკლავდა, ან უკეთეს შემთხვევაში ელენივით საქვეყნოდ შეარცხვენდა.

ტრატისი დეიდამისს გაოგნებული მზერით უსმენდა. გონს ბოლომდე ვერ მოსულიყო. აქამდე ეგონა, მამამისი მეომარი იყო, რომელიც ვერიოსელებთან ომს შეეწირა. თურმე, ყველაფერი სხვაგვარად და, გაცილებით, რთულად ყოფილა. ბიჭმა ინანა კიდეც, დედამისზე უგვანოდ რომ ფიქრობდა.

– ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ შენი დანაშაული რა არის? – ჰკითხა ტრატისმა.
– ჩემი დანაშაული? – ტრილონიამ კითხვა გაიმეორა და უხერხულად გაიცინა, – მე ეს ყველაფერი ვიცოდი; ვიცოდი, რომ ლიცინია მეჯინიბეს ხვდებოდა და ხელს ვუწყობდი; ვიცოდი, ბაბუაშენმა ყველაფერი რომ შეიტყო და შენი მშობლები არ გავაფრთხილე... ო, დიდო ზეჰ, როგორ ვნანობ!.. როგორ ვნანობ, რომ არ გავაფრთხილე, მაგრამ ქაანი უსასტიკესი პიროვნება იყო, შვილის მოკვლას არ მოერიდებოდა, ეგ ხომ ზუსტად ვიცი, – ტრილონია ატირდა და ტრატისისგან ნუგეშის იმედად დისშვილს ჩამოეყრდნო.

ტრატისს  დეიდის მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა. ლეტას მძლავრი მკლავებით შეეხიდა და ომახიანი ხმით შესთავაზა:
– წამოდი, – თვალით დივანისკენ ანიშნა, – დაჯექი!

ტრილონიამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და დისშვილს გაჰყვა. ორივე დივანზე ჩამოსხდა. ლეტამ ცრემლები შეიმშრალა და განაგრძო:
– შენ არ იცნობდი ბაბუაშენს, ღმერთებს მადლობას ვწირავ, რომ არ იცნობდი, –  დეიდა დისშვილს ისევ მოეფერა. – მამაჩემმა ლეტასთან შევარდნა და ლიცინიას ძალით გამოთრევა ვერ გაბედა, მორწმუნე იყო მაინც, თორემ აპირებდა, ლიცინია ვირისთვის თმებით შეება და მთელი ქალაქი ორსული ქალი ასე ეთრია... ეს ყველაფერი ჩემმა დამ კარგად იცოდა, ამიტომაც უსაფრთხო ადგილას, ლეტასთან გაგაჩინა. როცა ბაბუაშენი მოკვდა, მეც ლეტა გავხდი. საკუთარ დანაშაულის გრძნობა თავს არ მანებებდა და მინდოდა, დასთან ახლოს ვყოფილიყავი, მაგრამ ლიცინიამ არ მიმიღო...

– სამწუხაროა, – ტრატისი დანაღვლიანდა, გული გამალებით უცემდა. ბიჭი ტრილონიას თანაგრძნობის გამომხატველი მზერით მიაჩერდა.
– კი, სამწუხაროა! – დაეთანხმა ტრილონია.

ტრატისმა არ იცოდა რა ეთქვა. მოულოდნელი იყო, რაც მოისმინა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მძიმედ დაჭრეს. რამდენიმე ხანი ბიჭი ცეცხლს უცქერდა და ტრილონიას მდუმარე ქვითინს უსმენდა. შემდეგ ჯადოქარმა ცეცხლს მზერა მოაშორა, დუმილი დაარღვია და  დეიდას გაკვირვებული ჰკითხა:
– მაშინ ეს სახლი ვისია? როგორც ვხვდები, მამაჩემის არაა.
– არა, – ლეტამ  ცრემლი  შეიმშრალა და გაიცინა, – სწორად შენიშნე, მამაშენის სახლი არ არის, ეს ლეტა ტოლინიას სახლია. ტოლინიამ დედაშენის ამბავი რომ გაიგო, შეეცოდა და შეიკედლა... რას ვიფიქრებდი, რომ მეც ამ სახლში მომიხდებოდა ცხოვრება... – ტრილონიამ მაღლა აიხედა, თვალი იქაურობას მოავლო, – ლიცინია ლეტამ იშვილა  და სახლიც მას დაუტოვა.
– ამიტომაც ვძულდი არა, დედაჩემს?! – ყმაწვილი ცდილობდა, დედის გრძნობებში გარკვეულიყო, – მე მაბრალებდა მის უბედურებას, ასეა ხომ?!
ტრილონიამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და დისშვილს თვალებში ჩააცქერდა, თითქოს მისი სულის ამოკითხვას ცდილობსო.

– დედაშენს უყვარდი, შვილო, მაგრამ არ უნდოდა, შენი ჯადოძალა გამოგევლინა, ამიტომ გექცეოდა მკაცრად. ერთხელ, ბაღში, შემოდგომის მიწურულს, დამჭკნარ ყვავილს ეთამაშებოდი. უეცრად ვარდმა ფოთლები შეისხა და ყვითლად აციმციმდა. დედაშენი მიხვდა, ჯადოძალის მფლობელი იყავი, ამიტომ დაგტუქსა, რათა ეს ძალაშინი საკუთარ თავში ჩაგეკლა. ვიდრე ლეტასთან ერთად ცხოვრობდით, საფრთხეში იყავი; ტოლინიას შენი ნიჭის შესახებ რომ გაეგო, დედაშენს სახლიდან მოისვრიდა, შენ კი „მიჯნურთა ტბაში“ გადაგისვრიდა და  მამაშენის ბედს გაიზიარებდი. დედაშენი მხოლოდ მაშინ გსჯიდა, როცა ჯადოქრობდი. როგორც ვხედავ, ეს მეხსიერებაში ღრმად ჩაგებეჭდა.

ტრილონია ფეხზე წამოდგა, დისშვილს უთხრა, დავიღალეო, და საძინებლისკენ გაემართა.

ტრატის უნდოდა, დეიდამისს მისთვის მეტი მოეთხრო, მაგრამ ხვდებოდა, რომ ეს ტრილონიას ტკივილსა და სულიერ ტანჯვას აყენებდა, ლეტა, თითქოს, ყველაფერს თავიდან განიცდიდა.

                                                                                                                              6
*ძილისთვე — ზამთრის პირველი თვე.
* სკოიტჟოჶჲჶისი — შვიდკუთხედი (სარაჰული ენა). ასე უწოდებენ მთავარქურუმთა სამუშაო ადგილს.



ძილისთვე  ზენეათში ცივი იცის, ხოლო თვის ბოლოს სუსხიანი დღეები და ყინვიანი ღამეებია.

ატრეინი მთავარქურუმთა საყუდელში იმყოფებოდა, როდესაც ეგეონი ეწვია. შვიდკუთხა სასახლე, ქურუმთა უბანში, მზის ლახვამის ტაძრის წინამძღოლის საცხოვრებელიცაა და სამუშაო ადგილიც.

ქალაქი მკაცრი სიცივის საბურველში, უფრო და უფრო, ეხვეოდა. ამიტომაც ზენეათის სკოიტჟოჶჲჶისკენ  მიმავალ ქვეიტაჰს სიცივის მომაკვდინებელი კლანჭებისგან დასაცავად ტანთ სქელბეწვიანი ქურქი მოესხა. 

მთავარქურუმთან შესვლამდე ეგეონმა ქურქი გაიხადა და მსახურს მიაწოდა. მსახურმა იგი იქვე საკიდზე ჩამოკიდა, სტუმარს თავი დაუკრა და გავიდა. ეგეონმა აზრები მოიკრიბა, ატრეინისთან შესახვედრად შინაგანად მოემზადა და მთავარი ოთახის კარი შეაღო.

მთავარქურუმი მოსულ ხელქვეითს გულთბილად მიესალმა. ხელის ჰაეროვანი მოძრაობით სკამისკენ მიუთითა და სთხოვა დამჯდარიყო.

ეგეონმა მთავარქურუმს გაუღიმა. მაგიდას, რომელზედაც კულა და თეთრი ღვინით ნახევრად შევსებული სასმისი იდგა, შემოუარა, ქალბატონს მიუახლოვდა და მასთან მისული ჩაიმუხლა, ხელზე ემთხვია და მითითებულ ადგილას დაჯდა.

– რამ მოგიყვანა, შვილო?! – დედობრივი ლმობიერებით ჰკითხა ატრეინიმ.

ეგეონმა აღელვებული ხმაჟღერადობით დაიწყო:
– წმინდაო დედაო, თქვენო უსპეტაკესობავ, – იგი ცდილობდა, სწორი სიტყვები ეპოვნა და ერთად შეეკოწიწებინა, – მსურს, დავტოვო ჩემი საქმოსნობა ზეჰსეთის ტაძარში...

ატრეინი შეცბა, ეგეონისგან ასეთ განაცხადს არ მოელოდა. საკუთარივე სურვილით საკუთარი საქმე არც ერთ ქვეიტაჰს დაუტოვებია – მათ ამ მოვალეობისგან მხოლოდ სიკვდილი ათავისუფლებდა.

– შეიძლება, გავიგო, შვილო ჩემო, ამ ნაბიჯის გადადგმა რატომ გადაწყვიტე?
– არ დაგიმალავთ, წმინდაო დედავ, – ეგეონმა თვითგანცდები ვერ შეიკავა – მისი ტკივილი ბროლისფერ ცრემლებად გარდაიქმნა და ლოყებზე დამდნარი სანთელივით ჩამოეღვენთა, – ჩემი ცხოვრება მაშინ დასრულდა, როდესაც ტრილონიას ბრძანებითა და ძალდატანებით საკუთარი ზნის წინააღმდეგ წავედი. თავს  გარუთ-ჟაჰული აჯიღა ჩამოვიცვი, ლეტას ნებას დავემონე და  გაუგონარი რამ ჩავიდინე; შევცოდე, და-ძმა ერთმანეთს დავაშორე, ტრილონიას მიერ დაწნული ხაფანგისთვის საქსოვი ძაფი აღმოვჩნდი...

ეგეონმა თავი გააბრუნა, რათა ცრემლი უჩუმრად შეეშრო. ატრეინის ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია.

– არ ვიცი, ჩემს სულს ამ ცოდვებს რა ჩამორეცხავს... – სწუხდა ქვეიტაჰი.

ატრეინიმ ეგეონს ხელით ანიშნა, რომ მასთან მისულიყო. ქვეიტაჰი ნელი ნაბიჯით მთავარქურუმთან მივიდა და თავი ქალბატონის კალთაში ჩარგო.

– ზეჰი და ღვთაებანი – ყველა გულმოწყალეა, ეგეონ, – გაუღიმა მთავარქურუმმა, – ისინი შეგინდობენ ცოდვებს. რაც უფრო გულწრფელია ადამიანის მონანიება, მით უფრო გასხივოსნდებიან მნათობნი,  მით უფრო ემატება ნათება, მით უფრო სიამოვნებთ მათი ქმნილების სიკეთე და სიცოცხლის ძალას უღვივებს. შენი მონანიება გულწრფელია და შეცოდებანი მოგეტევება, შვილო!
– წმინდაო დედაო, მე საკუთარი ცოდვების გამო არ ვღელავ – ვიცი,  ჩემი სული თუალეჰის მდინარეს შესცურავს და თარეჰის საჯიჯგნი იქნება – მე უფრო სხვისი უბედურება მაღელვებს და მაწუხებს, რომელმაც დღის სინათლე ჩემი ხელშეწყობით იხილა.

მთავარქურუმი ეგეონს დედობრივი სიყვარულით მოეფერა, შემდეგ ორივე ხელი მოჰკიდა და თავი კალთიდან ააწევინა. ატრეინი ქვეიტაჰს თვალებში ჩააცქერდა და უთხრა:
– ეგეონ, გულწრფელი სინანული დაფასდება ღმერთების მიერ. ზეჰთარეშში წერია: „ცრემლი მწუხარებისა და ტკივილი გულწრფელობისა განწმენდს ადამიანს ბოროტებისგან. შეინანოს ადამიანმა ქმედებანი მისი და შეევედროს ღმერთებს ცოდვათა შენდობისთვის. ღვთაებათა გულმოწყალება დიდია“, – მთავარქურუმი უღიმოდა და სანუგეშოდ ზეჰსეთების სპეტაკი წიგნიდან ნაკვესს უკითხავდა.

ეგეონმა თითქოს შვება იგრძნო. ფეხზე წამოდგა და ატრეინის დამშვიდებული მზერა მიაპყრო.

– გმადლობთ, თქვენო უსპეტაკესობავ! – გულწრფელად გადაუხადა მადლობა.
– გახსოვდეს, რომ ღმერთები ადამიანში სიკეთეს ეძიებენ. შენ ეგ სიკეთე გაქვს და ვისურვებდი, არ დაგეკარგოს, – ატრეინიმ კეთილი ღიმილით, გამომშვიდობების ნიშნად, თავი დაუკრა.

ეგეონმა ორი ნაბიჯი უკან გადადგა და ქვეიტაჰის აღჭურვილობანი მოიხსნა. იასამნისფერი ქისა ქალბატონს მიაწოდა, რომელშიც მთავარქურუმის მეორე ბეჭედი იდო. თვით-ამ ბეჭდის ტარების უფლება მხოლოდ ქვეიტაჰს ჰქონდა.

– მე ვიხსნი საკუთარ მოვალეობას, მე ვიხსნი საკუთარ მოვალეობას, მე ვიხსნი საკუთარ მოვალეობას, – ადათ-წესისამებრ სამჯერ გაიმეორა ეგეონმა, ატრეინის  დამშვიდობების ნიშნად ისევ ხელზე აკოცა და კარისკენ გაემართა.
– ღმერთებმა საკუთარი სხივები გაჩუქონ, შვილო ჩემო! დაე, აგარიდოს ყველა შეცოდება! –  მთავარქურუმმა ეგეონი დალოცა.

ყოფილი ქვეიტაჰი შემობრუნდა და მადლობის ნიშნად თავი დაუკრა. ტალანში გავიდა, საკუთარი ქურქი შემოისხა და სწრაფი ნაბიჯით დაგრეხილი კიბე ჩაირბინა. გარეთ გავიდა, სკოიტჟოჶჲჶის, რომლის კედლებშიც არაერთი წელი გაატარა, თვალი ბოლოჯერ შეავლო, შარაბანდში  ჩაჯდა და სახლისკენ გაემართა, რათა სამზადისს შესდგომოდა და ქალაქი მსთუადად დაეტოვებინა.

                                                                                                                  ***
ეგეონი ზენეათს ეტლიდან ემშვიდობებოდა. გადაწყვიტა, შირტელსეშ-მეტაჰში წასულიყო – შორს ათრადან, შორს ზენეათიდან, შორს ალექსანდრესგან – სამეფოს დასალიერში გადახვეწილიყო.

ყოველთვის უნდოდა მოგზაურობა, მაგრამ გამოუცდელობისა თუ სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ ბედავდა. ახლა ფიქრობდა, რომ საუკეთესო შესაძლებლობა ჰქონდა, რათა ოცნებადქცეული სურვილები აესრულებინა და  საკუთარი თავი გამოეცადა. 

მიზნის მიღწევისთვის ყველაფერი იღონა: მამისეული სახლი ზეჰსეთის ტაძარს საჩქაროდ მიჰყიდა, თანხით კი ეტლი დაიქირავა, შეკრა ბარგი-ბარხანა და გზას გაუდგა.

სახლს ძლივ შეელია, მთელი ცხოვრება იქ გაატარა, თორმეტი წლის წინ კი მარტო დარჩა და მას შემდეგ თვალის ჩინივით უვლიდა. მშობლების სიკვდილის შემდეგ, მხოლოდ ეს სახლიღა ჰქონდა მათგან დანატოვარი.

ზუსტად თორმეტი წლის წინ, როდესაც სარაჰელებსა და ვერიოსელებს შორის მორიგი ომი გაჩაღდა, ეგეონმა მშობლები დაკარგა; მამა ათრას რაზმში რიგითად იბრძოდა, დედა ,,კეთილ დებთან“ ერთად მეომრებს ეხმარებოდა. ორივენი პეტროკალასთან გამართულ შეტაკებას შეეწირა. ვერიოსელების მხრიდან გაუგონარი სისასტიკის მსხვერპლნი გახდნენო – ასე უყვებოდნენ ეგეონს ამ ამბავს. მას მშობლები თითქმის არ ახსოვს, მის მეხსიერებაში შემორჩენილი მათი სახება მღვრიე წყალში დანახულ საკუთარ ანარეკლს ჰგავდა.

დაობლების შემდეგ ზეჰსეთთა ტაძარში იზრდებოდა – ჯერ მგალობელი, ხოლო შემდეგ ლეტას დამხმარე იყო. ბოლოს, ატრეინის მთავარქურუმად მოვლენის შემდეგ, ქვეიტაჰი გახდა. ყოველთვის თვლიდა, რომ ღმერთები სწყალობდნენ და წარმატებას ესოდენ სწრაფად ამიტომაც აღწევდა.

ახლა კი ეგეონი საკუთარ ცხოვრებას ემშვიდობებოდა, რათა ახალი დაეწყო. უნდოდა, წარსული დაევიწყებინა. თვლიდა, რომ წარსულისგან სხეულებრივი განრიდება, ზენეათისა და ათრასგან განშორება, მისი ცხოვრების ამ ნაწილს შავი ბურუსით შემოსავდა, ასე კი გონებიდან ამოგლეჯაც გაუმარტივდებოდა.

შირტელსეშ-მეტაჰში ბიძამისი, დედისძმა ცხოვრობდა. ალეინეს დაღუპვიდან რამდენიმე წელიწადში მისგან წერილი მიიღო; ის ეგეონს მეტჶუნშეთში ჩასვლას სთავაზობდა, ერისთავის სასახლეში სამუშაოს შოვნასა და შესაფერისი განათლების მიცემას ჰპირდებოდა. თუმცაღა, ახალგაზრდა მგალობელმა  ზენეათში დარჩენა არჩია. დედისძმას უპასუხა, რომ მამისეულ კერას ეულად, სრსვილის საჯიჯგნად ვერ მიატოვებდა. სიმართლე კი სულ სხვა რამ იყო, ეგეონი ალექსანდრეს ვერ ელეოდა, თავადიშვილისგან შორს ყოფნა არ უნდოდა. მაგრამ ახლა ყველაფერზე უარს ამბობდა: ფიქრობდა, საკუთარი სახელიც კი შეეცვალა და დედის გვარი აეღო. ამიტომაც მცდელობას არ აკლებდა, რათა ტორგთათვის დამახასიათებელ სახელი გაეხსენებინა, მაგრამ ვერ და ვერ იხსენებდა. თვითონ ხომ შირტელსეშ-მეტაჰის მთიანეთში არასდროს ყოფილა, დედის წარმოშობის ამბავი მხოლოდ გადმოცემით იცოდა, ისიც ბიძამისის წერილიდან.

ეგეონის დედის გვარი – გარდალიშ – ტორგთა ენაზე არწივს ნიშნავს, ხოლო სახელი ალეინე – ნორჩ ყვავილს. ოცდაოთხი წლის წინ ალეინე ,,კეთილ დებთან“ მსახურობდა, როდესაც ეგეონის მამა, მჲკელეი გაიცნო. თოთხმეტი წლის გოგონა, რომელიც ოჯახმა „კეთილი დების“ ოხრას მიჰყიდა, პათომონის სამთავროში იმყოფებოდა და მეომრებს უვლიდა. მჲკელეი, ტორგის სილამაზით დატყვევებული, საკუთარ ვნებებსა და განცდებს თურმე ვერ გამკლავებია, საღი აზრი  გრძნობებმა დაუსუსტა და  „კეთილ დებს“ ახალგაზრდა ყვავილი მოსტაცა. ბიჭმა ალეინე ათრასკენ წამოიყვანა, ხოლო ზენეათში ჩამოსვლისთანავე იქორწინეს. სამი წლის შემდეგ ამქვეყნიერებას ეგეონი მოევლინა. ვაჟიშვილის დაბადებით მჲკელეიმ ბედნიერების ამოუცნობი ჟრუანტელი მეორეჯერ იგრძნო, ზუსტად ისეთივე თვითგანცდებით აღივსო როგორც მაშინ, როდესაც ალეინე გაიცნო.  ერთი წლის თავზე, პირველივე დღეობაზე, მშობლებმა პატარა ყმაწვილი ზენეათის ზეჰსეთის მთავარ ტაძარში რჯულზე მოაქციეს.

ეგეონი ფიქრებში ღრმად იყო ჩაძირული. მას დედის გვარით მოგზაურობა მტკიცედ გადაეწყვიტა და, ამიერიდან, გარდალიში ყოფილიყო. იქრისის მთავარქალაქ აისისკენ მიმავალ დათოვლილ გზაზე სახელის მოფიქრებას ცდილობდა,  თუ რა დაერქვა, მაგრამ ვერა და ვერ შეარჩია – არც არავინ ჰყავდა რომ აზრი ეკითხა, რჩევა ეთხოვა.

                                                                                                                              7
*ივარსოეჰი — ზამთრის მესამე თვე.


– ათასი ლეტა ჰყოლია ზენეათს, შეიძლება მეტიც, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ არც ერთი არ დაუმწყვდევიათ ჯურღმულებში, თანაც ჯადოქარს, – დამცინავი ღიმილით მიმართავდა ტრილონიას ატრეინი, რომელიც მაგიდასთან იჯდა და წერილს წერდა.

– თქვენო უსპეტაკესობავ... – ტრილონიამ თავის გამართლება სცადა, თუმცა სათქმელი ვერ დაასრულა, ისე რომ ატრეინის წერა არ შეუწყვეტია, მარჯვენა ხელით კი ტრილონიას ანიშნა გაჩუმებულიყო.

ტრილონიას ყველაფერი გაეთვალა, აზრებს თავი მოუყარა ისე როგორც მოფიქრებული ჰქონდა. ლეტა ვიდრე მთავარქურუმს ეახლებოდა, ატრეინისთან საუბრისთვის შეემზადა, აზრები დაალაგა, როგორ უნდა ელაპარაკა და საკუთარი საქციელი როგორ გაემართლებინა, თუმცა ტაძრის მდივანს არ დასცალდა, მთავარქურუმმა შეაწყვეტინა.

მთავარქურუმმა წერილზე საბოლოო წერტილი დასვა, ჭილს იასამნისფერი სანთელი დააწვეთა, მთავარქურუმის  ბეჭედი, რომელიც მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე ეკეთა, დაადო და უსტარი დალუქა. შორუწყისის გამოსახულებიან თვითნიშანს სული შეუბერა, რათა ცხელი სითხე გამყარებულიყო. ჭილადა დაგრაგნა და ზანზალაკს შემოჰკრა. რამდენიმე წამში ახალი ქვეიტაჰი შემოვიდა. მთავარქურუმმა წერილი უსიტყვოდ მიაწოდა და ტრილონიას თინჩი მზერა ესროლა.

– დაჯექი ლეტა, – ატრეინის მკაცრი ხმა ჰქონდა.

ტრილონია უხალისოდ საწერ მაგიდასთან საგანგებოდ სტუმრებისთვის განკუთვნილ სკამზე მოკალათდა. ცნობისმოყვარეობა ჰკლავდა, უნდოდა, გაეგო მთავარქურუმის მიერ დაწერილ ჭილზე რა ეწერა, მაგრამ ვერ ბედავდა, ატრეინისთვის ეკითხა. ადრე, არ მოერიდებოდა, გაერკვია ის რაც უნდოდა, თუმცა ახლა განსხვავებული ვითარება იყო – საკუთარი თავის მიმართ რწმენა შეებღალა, მისი თავდაჯერებულობა ზაფხულის გახვობისას  მინდვრის წყალივით აორთქლდა.

მთავარქურუმმა მიმავალ ქვეიტაჰს თვალი გააყოლა, თავი მისკენ გაიქნია და ლეტას მრავლისმეტყველად უთხრა:
– როგორც ხედავ, ჩვენთან ცვლილებებია, ახალი ქვეიტაჰი გვყავს...

ტრილონიამ მორიდებითა და ძრწოლვით ახალგაზრდა, შავგვრემან ყმაწვილს თვალი გააყოლა. ლეტას გული გამალებით უცემდა, ისეთივე გრძნობა ჰქონდა, როგორც ,,მიჯნურთა ტბის“ წიგნთსაცავში გამოკეტილს.

– იცი, ლეტას მოვალეობა რა იყო? – ატრეინიმ  თინჩი ხმით ჰკითხა სტუმარს.

ტრილონიამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. ზუსტი პასუხი არ ჰქონდა, ეშინოდა არ შემცდარიყო.

– მაშინ მე გეტყვი. ჩვენი, ზეჰსეთის რწმენა-რჯულის ჩამოყალიბების ადრეულ ხანაში, ლეტა ჯადოქრებსა და ტაძარს შორის დამაკავშირებელი ხიდი იყო. იცი, ჩვენ ერთ დროს ვთანამშრომლობდით კიდეც, – ატრეინიმ თავია უკმაყოფილოდ გააქნია, – ახლა კი, თვითონ ხედავ, ყველაფერი თავს ჩამოგვექცა, ლეტა ჯადოქრებს დასდევს, – ქურუმი ჩაფიქრდა და ჩაილაპარაკა, – სამასი წლის წინ ტაძრის მდივნებისთვის რომ გეთქვა, გრძნეულთა ჯალათები იქნებოდნენ, სასაცილოდ არ ეყოფოდათ.

ტრილონია მთავარქურუმის მიერ მოთხრობილმა გააოგნა და ჰკითხა:
– თქვენო უსპეტაკესობავ, მამტყუნებთ იმის გამო, რასაც ჩემი რწმენა ჩემგან მოითხოვდა?! – ხმაში თავისმართლება უფრო იგრძნობოდა, ვიდრე სიმტკიცე.

ატრეინი ცოტა ხანი ლეტას მდუმარედ უცქერდა, თითქოს მის ამოკითხვას ცდილობსო. თუმცა ქურუმის მზერაში ტრილონიასადმი შეფარულ დაცინვას, ლივზინეურ ცქერას ამოიცნობდით.

− რწმენა? − ჩაეღიმა ატრეინის − თუ გინდა რწმენა დაარქვი იმას, რაც ჩაიდინე...

მთავარქურუმმა თვალებზე ხელი აიფარა, სათქმელი ბოლომდე არ დაასრულა, შუბლზე ჩამოყრილ თმას შეეთამაშა და განაგრძო:
– არ გამტყუნებ და არც გაგამტყუნებ. მეტიც არ ვაპირებ, გაგკიცხო და შენს დასასჯელად რამე  მოვიმოქმედო. დაე, ღმერთებმა განგსაჯონ და განსაჯონ შენი ქმედებანი, – მთავარქურუმი ტრილონიას თვალებში უყურებდა, თითქოს ისევ მისი ფიქრების ამოცნობას ლამობსო, – ლეტას ადგილი იმიტომ არ დაგიჭერია, მთავარქურუმ ტელოსიას იმიტომ არ უბოძია იგი შენთვის, რათა შენი პირადი შურისძიებისთვის გამოიყენო.
– თქვენო უსპეტაკესობავ, – ტაძრის მდივანს ხმა აუკანკალდა, – მე ვმოქმედებდი ისე, როგორც ამას „სპეტაკი წიგნი“ გვასწავლის.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! – მრავლისმეტყველად გაიმეორა ატრეინიმ, ფეხზე წამოდგა, ტრილონიასკენ გაემართა და მის უკან დადგა, – თუმცა უნდა შევნიშნო, რომ ტრატისთან მიმართებაში მსგავსად არ მოქცეულხარ, არ გაგხსენებია „სპეტაკი წიგნის“ დარიგებანი! ჯადოქართან ცხოვრობ, ჯადოქარმა შეგიკედლა და ჯადოქარი შენი დისშვილია, – მთავარქურუმმა ლეტას მხრებზე ხელი დაადო.
– ვერ მიგიხვდით, – ტრილონიამ სცადა,  მთავარქურუმის სიტყვები უარეყო და გაკვირვება გამოეხატა, მაგრამ უნიჭოდ გამოუვიდა.
– შენს დისშვილზე ვსაუბრობ, – ატრეინი კარადისკენ გაემართა, – ტრატისზე. თავს ნუ მოიკატუნებ! განა არ ვიცი, ამ ქალაქში რა ხდება?! – ყველაფერი ვიცი!

მთავარქურუმმა კარადიდან შავი გრაგნილი გადმოიღო. ტრილონიასთან მივიდა და გაუწოდა.

– წაიკითხე! – ატრეინის მბრძანებლური ხმაჟღერადობა ჰქონდა.

ლეტამ გრაგნილი გახსნა და  დარიელთა სამეფო ნიშანი ამოიცნო – წითელ მრგვალ ბეჭედში გაშლილ სამეფო მაზარაში მუხლმოყრილ ჯიქს კისერი ჰქონდა მოღერებული, თვითნიშანს თავზე კი სახელმწიფეო გვირგვინი ამკობდა.

რამდენიმე წუთიან სიჩუმეში ტრილონია შავი ჭილის შინაარს ეცნობოდა. როგორც კი წაიკითხა, განცვიფრებული სახით მთავარქურუმს მიაშტერდა და გაკვირვებული ხმით ჰკითხა:
– რას უნდა ნიშნავდეს ეს? – ლეტამ წერილი მაგიდაზე ფრთხილად დადო.
– რას უნდა ნიშნავდეს ეს? – გაკვირვებული ხმაჟღერადობით მთავარქურუმმა კითხვა გაიმეორა, – რაც წერია იმას – დედაქალაქში გიბარებენ, როგორც ჩანს!
–  და, ჩემგან რას ელიან?
– დედოფალი გიბარებს, ტრილონია! – ატრეინი საკუთარ ადგილას მივიდა და დაჯდა, – კარგად იცი, როცა მთავარნი გვიხმობენ, ჩვენ ვეახლებით, – მთავარქურუმმა დამრიგებლური ხმაჟღერადობით მკაცრად მოუჭრა.
– როდის მივემგზავრები?
– მოგვიანებით. თუ გავითვალისწინებთ დათოვლილ გზებს, ამინდს და სხვა მრავალ წინაღობას, სავარაუდოდ, ივარსოეჰის  ბოლოსთვის გაემგზავრე, ახლი წლისთვის რაჰში იქნები.

ტრილონიას შიშისა და ცნობისმოყვარეობის გრძნობები თანაბრად ეუფლებოდა და რაღაც ახალ განცდას უქმნიდა. სურდა, გაეგო, რისთვის დაიბარეს დედაქალაქში და თანაც ეშინოდა; ეშინოდა არა სიკვდილის, როგორც ამას წიგნთსაცავში გრძნობდა, არამედ ტრატისის ბედი აღელვებდა.

– ჩემს დისშვილს ხომ არ ემუქრება საფრთხე? – სასხვათაშორისოდ იკითხა ლეტამ, სურდა, გაეგო მთავარქურუმმა იმაზე მეტი ხომ არ იცოდა, ვიდრე ამბობდა.
– არა მგონია, თუმცა მოგიწევს ტრატისიც წაიყვანო. ერთ ჯადოქარს ბოლო მოუღე, სხვა კი არ გვყავს. არა და, სარაჰში ვერც ვიპოვით, ვერიოსში კი ალჯანეულთაგანის შესაპყრობად ვერ გადავალთ, –  მთავარქურუმს ტუჩის კიდეებით გაეღიმა, – ეს ჩემზე კარგად შენ იცი!

ტრილონია ჩაფიქრდა. ღელავდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, თავი მარყუჟში გააყოფინეს და სადაცაა ჩამოახრჩობენო; სუნთქვა უჭირდა.

– მე სულელი, ეს რა ჩავიდინე... – ლეტამ სინანულით წარმოთქვა. ხმაში სასოწარკვეთილება ეტყობოდა.
– ბევრი ცუდი რამ, – მთავარქურუმმა მკაცრად შეაწყვეტინა და ტრილონიას ნათქვამი დაუდასტურა, არც კი უცდია, ლეტა ენუგეშებინა, – ეგეონი გუშინწინ მოვიდა და ქვეიტაჰობა დატოვა. ეს შენი ბრალია. საწყალი ბიჭის სისუსტე გამოიყენე და საკუთარი მიზნის მისაღწევად აიძულე ისე მოქცეულიყო, როგორც არ შეეფერება ადამიანობას – ლეო კალაისს სიკვდილით დაასჯევინე ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ადამიანები სიკვდილისგან იხსნა. ორსახოვან თამაშს ეწევი და ხელს აფარებ საკუთარ დისშვილს. მეტი რაღა ჩამოგითვალო?
– დამნაშავე ვარ, თქვენო უსპეტაკესობავ, დამნაშავე, მთელი ქვეყნის და ზეჰის წინაშე, – ტაძრის მდივნის  ნათქვამში შიში უფრო იგრძნობოდა, ვიდრე სინანული.
– ეჰ, ლეტა, ლეტა, შენ ვიდრე გაიგებდი ელენის შესახებ, ჩვენ... – ვერ დაასრულა ატრეინიმ, რადგან ტრილონიამ შეაწყვეტინა.
– იცოდით?! – გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
– რა თქმა უნდა, – დაუდასტურა მთავარქურუმმა, – ნუთუ გგონია, არ ვიცოდით, ელენი მედროშე ვინ იყო?! –  ხმას აუწია, – ან ვერ ვამჩნევდით მის ძალაშინს?! ზეჰსეთთა ტაძარს ჯადოქრების მიმართ საკუთარი გეგმები აქვს, თვით-ეს გეგმები კი სარაჰის მთავარქურუმთანაა შეთანხმებული. შენ კი შენი შურისძიებით ყველაფერი გააფუჭე...

ტრილონია, როცა მიხვდა, რომ ატრეინიმ მისი მოქმედების საბაბი გამოიცნო, თუ რა იყო ელენი მედროშეს სიკვდილით დასჯის ნამდვილი მიზეზი, რა იყო ამ ქმედების მამოძრავებელი ძალა, გაკვირვებისგან სახე ეცვალა, თვალები გაუფართოვდა და მთავარქურუმს მზერა მოარიდა.

– მართალი ბრძანდებით, თქვენო უსპეტაკესობავ, – ლეტა მიხვდა, რომ უარყოფას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ სინანულის გამოხატვა სცადა, – შურისძიების წყურვილი მკლავდა, მინდოდა არჩილი ისე დატანჯულიყო, როგორც მე დავიტანჯე, როცა ჩემი სიყვარული უარყო,  – ტრილონიას თვალები აუწყლიანდა, თავი ჩაღუნა, რათა ატრეინის მისი ტკივილი არ დაენახა.
– ვიცი, ტრილონია, ვიცი, – მთავარქურუმს მწუხარება დაეუფლა და გამოხედვაც ნაღვლიანი გაუხდა, – აღსარებას ტყუილად არ ვიბარებთ, როდესაც ჩვენი მუშაკნი სამსახურს ტაძარში იწყებენ, უნდა ვიცოდეთ მათი სისუსტეები. სამწუხაროდ, – ატრეინიმ თავი იმედგაცრუების ნიშნად გააქნია, – შენი სისუსტე უპასუხო სიყვარულია, რომელზეც უარი ვერ თქვი. ახლა კი შენი შეცოდების გამო მოგიწევს საკუთარივე დისშვილის ბედს გაურკვევლობის მაზარა შემოახვიო, – ტაძრის წინამძღოლმა დაასრულა და ტრილონიას ხელით ანიშნა, თავისუფალი ხარო.

ტრილონია მოკრძალებით წამოიმართა, ატრეინის გამომშვიდობების ნიშნად თავი ჩვეულებისამებრ დაუკრა და ოთახიდან გავიდა. ტაძრის მდივანი თავს უსუსურად გრძნობდა, თითქოს თაგვი ყოფილიყოს, რომელიც მახეშია გაბმული და სიკვდილის მტანჯველ მოლოდინში საკუთარ უმწეობასა და უიმედო ყოფაზე ფიქრობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები