ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2019


***

გველოდებიან ჩვენ-ჩვენი მკვდრები...
ერთ წერტილს მიშტერებული მზერით გველოდებიან...
უხმოდ,
მოსალოდნელი სიხარულის გამო მიწას
ღიმილად დააჩნდებიან მინდვრის ყვავილები...
გველოდებიან...
უტკივილოდ - ვერ:
სევდისფერია მათი ტკივილი:
უაქეთობის გამო სევდისფერი...
მათ საფლავებზე პაწაწინა ნაფეხურებს დატოვებენ შვილიშვილები,
გულზე წითელ კვერცხებს გადაუგორებენ და
დასატოვებლად ვერ გაიმეტებენ:
განსაკუთრებულად გემრიელია აღდგომის კვერცხი...
კაცები ჯერ საფლავებზე დაასხამენ ღვინოს,
მერე - დალევენ.
დაილოცებიან...
სასაფლაოც ეკლესიასავითაა აქ:
სულ ლოცვა ისმის...
იციან მკვდრები...
მათაც უნდა გავუზიაროთ საყოველთაო სიხარული ქრისტეს აღდგომის...
და აღარ არიან მკვდრები...
ვგრძნობთ,
გვგრძნობენ...
და აღარაა მათი მზერა უტყვი და მშრალი:
გვეფერებიან...
და ჩვენ, აქაურებს, გვჯერა, რომ
ქრისტე იქაურებისთვის უფრო აღდგა...
და ვბრუნდებით შინ:
სიმთვრალისგან ფეხარეულები,
დაქანცულები,
დასიცხულები და
მაინც კმაყოფილნი:
არ გავუმტყუნეთ მოლოდინი
იმათ,
იქითურებს...
და როცა ჩვენი მზერაც გაშრება,
ამ ერთ დღეს იქ ჩვენც მოლოდინად ვიქცევით...
მომსვლელი, საფლავზე კვალის დამტოვებელი არ გამოგვილიო,
უფალო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები