ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
9 მაისი, 2019


მტვერი (თავი 5. კარი მეორე)

                                                                                                                          კარი მეორე


                                                                                                                    დასავლეთის ნიავი

*ბირვეთა — აქ. ელიტა, გამორჩეული კლასი.
*გრიაზე — დიდი კრება.
*ჟირიონი — კრების სასახლე.
*ფოსაჰიჶი —  ღვთაების (სარაჰული ენა). სარაჰში ღვთაებად მხოლოდ ქალღმერთ ზეჰს მოიხსენიებენ.


ექვს წელიწადში ერთხელ, „შავი მზის“ დღესასწაულზე, სარაჰის დიდი კრება იმართება. ხელმწიფე  პათომონის სამთავროსა და საერისთავოების  მმართველებს დედაქალაქ რაჰში იხმობს. სამზადისი რამდენიმე თვით ადრე იწყება, რათა ყველა ერისთავმა და მთავარმა შეძლოს სარაჰის მთავარ ქალაქში ჩამოსვლა და თათბირში მონაწილეობა. 

სახელმწიფეოს ბირვეთა  აუცილებელ საკითხებს განიხილავს და ცდილობს, სასიცოცხლო საქმენი გადაწყვიტოს; თუმცაღა, ბოლო ნახევარი საუკუნეა ძირითადად ვერიოსთან ხანგრძლივი ომის დაწყებასა თუ განახლების თაობაზე ჯერდებიან, მიღებულ გადაწყვეტილებას კი მეფე ანდერძივით აღასრულებს ხოლმე. როგორც სარაჰელები ამბობენ, რაჰში მათი ბატონები ხანგრძლივად ბჭობენ და კამათობენ, დანარჩენები კი იხდიანო.

ვერიოსელებთან გამართული ხუთი ომიდან სამხრეთი სამეფოს ერთადერთი წარმატება „პათომონის ომი“ იყო. ხელმწიფე ზექსეო მეორემ, რომელიც მეფეთ-მეფე ალთიონის ბაბუა გახლდათ, ტახტზე ასვლისთანავე, ცხრაას ორმოცდაცხრა წელს მოიწვია სარაჰის დიდი კრება. თვით-ამ თათბირმა გადაწყვიტა, რომ ვერიოსის სამეფოსთან ომი დაეწყოთ. შერკინება ჩრდილოეთისა და სამხრეთის სამეფოებს შორის ერთი წელი და რვა თვე გაგრძელდა, შედეგად კი სარაჰელებმა ხელთ პათომონის სამთავრო იგდეს. ამ დიდების გამო, ზექსეოს „დამპყრობელი“ და „გამაძლიერებელი“ შეარქვეს, დედაქალაქის მთავარ მოედანზე კი მისი უზარმაზარი ქვის ქანდაკება აღმართეს. 

მოგვიანებით ალთიონის მამამ, გიორგიმ წინამორბედის დიდების გამეორება სცადა, მაგრამ უშედეგოდ – მთელი ნიშუობა  ჩრდილოელებთან ბრძოლას შესწირა. ვერიოსეჶიონის ნაპირებთან  ჩაძირულ გემებს დღესაც შეხვდებით, რომელთა ანძაზეც სარაჰის დაძონძილი სახელმწიფეოს დროშა უბადრუკად ჰკიდია. „დაცემულთა ომის“ შემდგომ დარიელების სამეფო გვარმა საბრძოლო გემების შენება ვეღარ შეძლო.

,,დაცემულთა ომის“ ლათაიები გიორგის მეფობაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა; ჩრდილოელებთან დამარცხების შემდეგ ის სახელმწიფეო ტახტს ჩამოაშორეს. რაჰის დიდებულები ამბობდნენ, რომ  ღვთაებრივ განსასჯელს ვერ გაუძლო და სიმძიმილს  გაეცალა. თუმცა უმეტესობამ კარგად იცის, ის იძულებული გახდა, სახელმწიფეო სადავენი ახალგაზრდა მემკვიდრისთვის დაეთმო.

სიმართლის თქმა სჯობია: სამეფო კარის განრისხებულმა დიდებულებმა ბედის მუხთლობა ვერ აიტანეს, ჭირთა ზეიმი მეფის ცოდვებს დააბრალეს და სამეფო ბედაურიდან გადმოვარდნილი და დაბეჩავებული ხელმწიფე დღეთა აღსრულებამდე ჟაჰის სამთავროს ქალაქ მიშჰესში გააძევეს.

სარაჰის დიდგვაროვნებმა კარგად იციან, ტაძარი და გვირგვინი მათი ძალაუფლების საყრდენია, ამიტომ ისინი მეტად მორწმუნე ხალხია, გარეგნულად მაინც. ,,შავი მზის“ დღესასწაულზე, ნაშუადღევს როცა მთავარი ქურუმი მთავარ ტაძარში მშვიდობისა და ერთიანობისთვის ლოცვას აღავლენს, ქადაგებას უკლებლივ ყველა ესწრება, მათ შორის, გრიაზე  – რომელსაც სარაჰულ ენაზე რელიჶ ეწოდება – საკუთარი ოჯახებითურთ დედაქალაქში საკუთარ სამფლობელოთა საჭირბოროტო საკითხების განსახილველად ჩამოსული ერისთავ-მართველებიც. ადათისამებრ, ისინი ჯერ მთავარ ტაძარს მოილოცავენ, ხოლო შემდეგ, ზადიკის დასრულებისთანავე კრების სასახლისკენ მიემართებიან.

რელიჶი, ,,მამფონთა ქალაქში“, სამეფო სასახლიდან მოშორებით ჟირიონის  ციხესიმაგრეში იმართება. კრების სასახლე ფოსაჰიჶის  კორცხლის მახლობლად, მცირე ბორცვზე, ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. 

საგანგებოდ ამ დღისთვის, რაჰი სარაჰის დიდგვაროვანთა თვითნიშნებითა და დროშებითაა მორთული. დედაქალაქის შეკაზმულობის მიუხედავად, ჟირიონის ციხესიმაგრის ანგურაშრთვილ სახურავზე მხოლოდ სარაჰის სახელმწიფეო დროშა – სამეფოს თვითნიშანი – ფრიალებს. შენობის მთავარ კედელზე კი როგორც სახელმწიფოს მფარველთა ნიშანი, დარიელთა გერბიანი უზარმაზარი ტილოა გადმოფენილი.

ჟირიონის ციხესიმაგრე, ერთ დროს თრაგონების მთავარი სამეფო საყუდელი, დღეს სხვა მიზნით გამოიყენება. ნაგებობამ მხოლოდ გარეგნული სახე შეინარჩუნა; დარიელებმა მოსვლისთანავე, სარაჰის ჟამთასვლის მეხსიერებიდან თრაგონების ამოძირკვის მიზნით, ახალი სამეფო ლარდა  ააგეს, ხოლო სასახლის შიდა ნაწილი სრულიად გადააკეთეს. ადრე რვა შენობა  ერთ დიდ სრა-სახლს ქნიდა, მაგრამ ახლა შვიდი მათგანი ერისთავ-მართველებისა და მათი ოჯახების დაბინავებისთვის გამოიყენება, რათა რელიჶისას თავი მყუდროდ იგრძნონ.

დაუწერელი სახელმწიფეო კანონის თანახმად, თითოეულ მმართველს საკუთარი საერისთავოსა თუ სამთავროს სიდიდისა და სიძლიერის მიხედვით ეძლევა ციხესიმაგრის ნაწილი, რომელზედაც, ბუნებრივია, მათი საგვარეულოსა და, შესაბამისად, მათივე საერისთავოსა თუ სამთავროს გერბია გამოსახული. დაბალი კოშკურების თავზე კი მათივე დროშები ცეკვავენ.

კოშკურებზე შეკიდულ მუშამბის ნაჭერს ზურმუხტისფერი ზღვიდან მონაბერი ქარი ფაქიზად არხევს, თითქოს ქალაქი სტუმრებს თავისებურად ესალმებაო – ნიავქარი ალმებს ჯიქურ უტევს, არ ასვენებს და მუდამ აფრიალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები