ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2019


მისია

კბილებს ვიხეხავ...
რატომ მაგონებს ეს პროცესი ერთდროულად
ლოცვასა და ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით მიღებულ შედეგს?
წყალს ვივლებ პირში, მიუხედავად იმისა რომ დილიდან არ მიხსენებია ბუდა,
ვიღებ ჩანთას, ვიცმევ დიდ ყელიან ყვითელ ფეხსაცმელს და მივდივარ ომში!
წამიყვანეო, ამბობს ერთი, ვისაც ჩემი გზის გავლა უნდა,
მე კი არ მიმყავს, რადგან მეოთხეა და ნაბოლარაა თავის და-ძმებში,
მე კი ნათლია მოკრივე მყავდა, მეც მოკრივე ვარ,
ის კი, მეოთხეა და ნაბოლარაა თავის და-ძმებში,
დაბადებული საქართველოში,
და საშიშია ახლა მისი ომში წაყვანა.
კიბეებიდან ჩამოვდივარ, კვერცხს მაწვდიან და მეუბნებიან _ ქრისტე აღსდგაო,
მახსენდება რომ თეთრი ცხელების კვირეულია,
მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი სხვა ენაზე უფრო კარგად ჟღერს,
ასე ჯობია, რადგან ახლა ომში მივდივარ,
რადგან ისევ ომში მივდივარ, უკვე ყოველდღე, მეთვრამეტე წელია თითქმის,
გაიზარდეო მეუბნებიან, უკვე ოცდარვა წლისა ხარო, რაღა დროს შენი ომიაო,
მაინც მივდივარ, არ ვუჯერებ, გულში სევდაც კი არ მერევა, ომში მივდივარ,
მოგენატრაო საგიჟეო, მეუბნებიან, იქედან გამოსულს გეშინოდა დაბრუნებაო,
მეუბნებიან, ისინი, ვინც ასევე მეუბნებიან რომ ვიღაც მოკვდა და გაცოცხლდა,
მეუბნებიან და მაშინებენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი კოშმარი _ ფსიქიატრიულით!
ფულს მოგცემთო მეუბნებიან, ფულით წადიო, არ გეკადრება მათხოვრობა ქუჩა-ქუჩაო,
შენ კი არაო, იმ შენს ოჯახს არ ეკადრებაო, მარტო შენ ყავხარ შემარცხვენელიო,
ომში წასვლამდე ტაძარში წადიო _ მეუბნებიან, იქნებ ლოცვამ მაინც დაგაბრუნოსო,
ხორცი ჭამეო, მეუბნებიან, ქრისტე აღსდგა და ხსნილიაო, ყველა ოჯახში ხორციაო,
ღვინო დალიეო _ მეუბნებიან, ქრისტეს სისხლიაო, გეწყურებაო,
იქნებ და მთვრალმა მაინც მოეგო გონსო, შინ წახვიდეო, ოჯახს მიხედოო.
ეგ აწეული ცერა თითი რაღა არისო _ მეუბნებიან, ან ეგ საყურე რაღა კაცის ნივთიაო,
მოიხსენიო, მამაშენი საფლავში ტრიალებსო, მის საფლავზე მაინც მიდიო, კვერცხი გადააგორეო,
შენ სხვის საფლავებს რას დაეძებ, მათ პატრონებმა მიხედონო,
ქრისტე აღსდგაო, ვინმეს მაინც გაუგონეო,
მეუბნებიან.

დამჩემდა ჩვევად, ცერა თითით, დამდგარი გზაზე,
ბოლომდე  ვუცდი გამჩერებლის უცნაურ მზერას,
დრო და დრო ვისმენ მანქანიდან გინების ფრაზებს,
და ბოლოს მაინც გამიჩერებს მანქანა, მჯერა,
ის რომ უცხოა აფრიკული და ჭრელი ზედა,
ამ ქალაქისთვის არც კი ვფიქრობ, ვერც კი ვიაზრებ,
ყველა შემხვედრი ურცხვი მზერით მაგინებს დედას,
ასე მივდივარ ნიკიიდან საფიჩხიაზე.
ყველა ვინც მხვდება, ჩემი სისხლი, ჩემი ერია,
წითელი კვერცხი, თეთრი ნემსი, მინის ამპულა,
ომამდე მკვდრების საფლავები _ არსად წერია,
ალბათ მათი ქვაც მიწისაგან გადაყლაპულა.

ისევ ეძებო? ასეთი ვინ იყო შენიო, რატომ არ გჯერა, ვეღარ იპოვიო,
მეუბნება მესაფლავე, მე კი ჯიუტად დავდივარ და ქვებზე წარწერებს ვკითხულობ,
დაბადებული 1948 წელს, გარდაცვლილი 1970 წელს,
დაბადებული 1965 წელს, გარდაცვლილი 1981 წელს,
დაბადებული 1956 წელს, გარდაცვლილი 1979 წელს,
ნუღარ ეძებო, დაისვენეო, საქმე საფლავში არ არისო,
ის ახლა საფლავში კიარა ღმერთთან არისო, აქ მხოლოდ სხეულიაო, ლეშიაო, გვამიაო,
სული მაღლა არისო, სასუფეველშიო, სადაც მართალნი განისვენებენო,
მის საფლავს უკვე დრო შეჭამდაო, მიწა ჩაყლაპავდაო, პატრონი გაყიდიდაო,
მის გულზე ახლა სხვა მკვდარი იქნებაო, ომამდე მკვდრების საფლავები არსად წერიაო...

ისევ ჩანთით და დიდ ყელიანი ყვითელი ფეხსაცმელებით,
დავხეტიალობ საფიჩხიის სასაფლაოზე,
ვკითხულობ გვარებს, სახელებს, დაბადების თარიღებს,
ვკითხულობ, ვეძებ, დრო-და დრო აქეთ-იქეთ ვიყურები,
მეშინია ხმამაღალი ხმის, სასწრაფოს მანქანის სირენის, თეთრი ფერის,
ვრწმუნდები რომ თავისუფალი ვარ და ისევ ვეძებ, ისევ და ისევ, დაუსრულებლად,
ზოგჯერ ვფიქრობ რომ მესაფლავე მართალი არის,
რომ სადღაც აქ, მართლა მხოლოდ სხეულია, ლეშია, გვამი,
მაგრამ მაშინ, როდესაც მთელს ქალაქში, ყველა ცერათითიანმა ასწია ცერა
მუხრანის ტყესთან და წავიდნენ აღმოსავლეთისკენ უკანმოუხედავად,
მაშინ, როდესაც მარტო დავრჩი ჩემს თავთან და თვისტომთან,
მოვალეობა და შიში ერთდროულად არ მაძლევს მოდუნების საშუალებას,
ვიცი რომ უნდა ვეძებო, ვეძებო, ვეძებო, თუნდაც ვერ მივაგნო, უნდა ვეძებო,
რადგან მეძებოს წლების მერე მეც ვინმემ, მოვიდეს, მნახოს და რამე ისეთი წამიკითხოს,
რაც შეძლებისდაგვარად მკვდრეთით აღდგომას დაუშვებს:

სიმართლეს გეტყვი, არც ახსოვხარ, არც შეგნატრიან,
ალბათ სადაც ხარ უყურებ და სიმწრის ცრემლს ყლაპავ,
მშობლები ისევ აყვარებენ ბავშვებს პატრიარქს,
მერე ისინიც იყვარებენ, რა გზა აქვთ აბა!
კვლავინდებურად საუბრობენ პოეზიაზე,
ახლა მოდაში იამბიკოს მიეცა მადა,
ფუტუ და დადას არც არვინ წერს, ვერვინ იაზრებს
თუ რა ჯანდაბად უნდა წერონ ფუტუ და დადა.
თუ სადმე ვინმე გაგიხსენებს, მხოლოდ მოკრივედ,
ამის იქეთ კი ჭირსაც მიაქვს ხსენება შენი,
აი კრივში კი, რომ ჩხუბობენ, დგანან ორივე,
წუთიერ დუმილს სულ გითმობენ ნერვების ქშენით.
ვიცი, რითმები არ გიყვარდა, წამი-წუთია,
ახლა კი, დროა მეც დაგტოვებ, მეც აღარ დაგღლი,
ძაღლი მიაკვდა მას სულშიო, ეს არ უთქვიათ,
მაგრამ რომ მოკვდი, ამ საფლავზე დაგაკვდა ძაღლი!

დგება და მიდის, მანამდე კი ზედ კვერცხს აგორებს,
ქრისტე აღსდგაო, მეუბნება, მერე იცინის იმ ფრაზებზე, რაც შეიძლება მეპასუხა,
ცოტა ხორცს ჭამს, ცოტა ღვინოს სვამს და ზედაც მაქცევს,
მე კი ვიცი, რომ სხეული ჩემი, ეკუთვნის მიწას,
და ხსოვნა ჩემი ეკუთვნის მიწას,
და წლების შემდეგ, როცა მიწად ქცეულები ერთმანეთს შევერევით,
ჩემი მტვერი იქნება წითელი, და ყველა ყავისფერი მიწის მტვერი მეტყვის,
რომ მათ ფერებში ამოვიქვარქნო,

დარჩება ზეცა დაკიდებული, სემირამიდას ბაღივით,
და ზედ ამოვლენ ვარსკვლავევბი, ამოვლენ და ჩავლენ,
ხან არ ამოვლენ ვარსკვლავები და მოვა წვიმა,
მე კი, ამ დროს, წითელი მტვერი, თავს დავაღწევ ყავისფერი თვისტომებიდან,
გავხეთქავ მიწას და თავს ამოვყოფ მწვანე ბალახად,
ვიღაც კი, მოვა ნააღდგომებს, მომგლეჯს, მიმაგდებს,
მერე ჩემს ალაგზე წითელ კვერცხს გადააგორებს, ქრისტე აღსდგაო მეტყვის,
და ისიც გაიცინებს ჩემს სავარაუდო პასუხზე!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები