ნაწარმოებები



ავტორი: ჭარელი
ჟანრი: პროზა
14 მაისი, 2019


შუა ჭავჭავაძეზე


მინდა მოგიყვეთ გაურკვეველ გრძნობაზე,რომელმაც სხვა გზას დამდგარი,ძალ-ღონ გამოლეული ადამიანი
გაუსაძლის წვიმასა და საშინელ სიცივეში უკან მომაბრუნა.
----------------------------------


-„ბიჭო შეხედე ცუდადაა მგონი ის კაცი გადავიდეთ“
შორიდან ვხედავ,როგორ გასცქერის ყოველჯერზე ახლად გამოჩენილ ადამიანს და მასში იმედის ნაპერწკლის დანახვას ცდილობს.
-„აქედან ვერ გადახვალ ხიდზე უნდა ავიდეთ“
გზაჯვარედინთა ოსტატი და კანონის მორჩილი,ჩემი უახლოესი მეგობარი დათო მარწმუნებს,რომ შუა წვიმაში იმ რკინის კონსტრუქციაზე უნდა ავიდეთ რომლიდანაც ჩამოსვლა არ ჩამოსვლის საკითხი იმ ამინდში თეორეტიკოსთა და არქიტექტორთა გამოცდილი მუშაკების საკამათო თემა შესაძლოა გამხდარიყო.
ქუჩა გადავკვეთეთ.
გაჩერებას ისეთი მიდამოები აქვს რომ ავტობუსის მომლოდინე 10 ადამიანი მაინც თავისუფლად იპოვის წვიმისაგან თავის დასაცავ ადგილს თან ისე,რომ სხვას ხელს არ შეუშლის.
ძნელი გამოსაცნობი არაა რომ დაახლოებით მაგდენი გულგრილი ადამიანი დაგვხვდა ფლანგებზე.
გავიარეთ პირველი ‘ფრთა’,რათა მივახლოვებოდით შორიდან დანახულ,წაქცეულ ადამიანს.
მიახლოებულს ოცდაათიდან ორმოც წლამდე,უსახლკარო ადამიანი დაგვხვდა,რომელიც რამდენიმე სანტიმეტრის რადიუსით აქეთ-იქით დაბობღავდა.კაცი ნასვამი იყო და შესაბამისადაც ბოდავდა.
[18:13]
-„ერთი,ერთი,ორი გისმენთ!“ (112)
-გამარჯობა,ადამიანია ცუდად სასწრაფო გამოუშვით.
მომიხდა ‘პაციენტის’ ყველანაირი მახასიათებლის აღწერა და ბოლოს,რასაკვირველია,ჩემი სახელი და გვარი.
-„კარგით,გადავცემ და გამოვლენ“
-მადლობა.
დათო,წამოყენებას მთავაზობს გზაზე რომ არ გადაგორდეს შემთხვევით.
[18:25]
ხელი მოვკიდეთ და სკამისკენ ‘მოვიტანეთ’.
მიუხედავად,იმისა რომ მისდამი დახმარების გრძნობის მეტი არაფერი მამოძრავებდა,მაინც შემზიზღდა.
არ ვიცი ზიზღი გატალახიანებული ტანისსამოსის,ჩემი იმდროინდელი მდგომარეობის თუ პირდაპირ ძირს დაგდებული ადამიანის მიმართ გამიჩნდა,რომლის დასახმარებლადაც სულ ცოტა ხნის წინ ქუჩა გადმოვკვეთე,მაგრამ ამის გარეშე ეს ისტორია არ იქნებოდა.
გულწრფელად შემრცხვა.
წვიმა უფრო გაძლიერდა,შემდეგ კიდევ და რამდენიმე წუთში საბოლოოდ შეწყდა.ის უაზრო რეალობა არ გვყოფნიდა ახლა წვიმაც რომ შეწყდა.ერთადერთი ყურადღების გადამტანი მოვლენაც ხელიდან გამოგვეცალა.
დათო მაღაზიაში მიდის.
მე ისევ სასწრაფოს ველოდები,მათ ხომ ჩემი სახელი აქვთ.
ამასობაში ‘ერთი-ერთი-ორს’ პატრულის გამოგზავნას ვთხოვ.
პატრული სასწრაფოზე ადრე მოვიდა.
მანქანიდან ისე გადმოვიდა გვეგონა ‘ჩვენი პაციენტის’ პატრონი გამოგვეცხადა და ახლა წყნარად წავალთ მეგობრის სანახავადთქო.
სიტუაციას ვუყვებით.(ვითომ,ცხადი,არ იყოს ყველაფერი)
პოლიციელი რიჟა,არაფრისმთქმელი სახის,მელოტი ადამიანი იყო,რომელსაც ისეთი გამომეტყველება ჰქონდა იფიქრებდი თბილისელი არ უნდა იყოს ეს კაციო.
-„კარგით,ბიჭებო გასაგებია სასწრაფო მოვა დაელოდეთ და თუ რამე გართულებაა ხოლმე შემდეგ გვიძახებენ ჩვენ“
მიდის.
მხსნელი..
ფლანგზე გაიარა და მანქანასთან მივიდა.ამ დროს ‘ჩვენმა პაციენტმა’ არვიცი,რატომ მაგრამ წამოდგომა გადაწყვიტა.
ნეტა არ ამდგარიყო.
როგორც კი გაიმართა ინერციით ეგრევე დაეხეთქა გუბეში,რომელიც შუა ჭავჭავაძეზე წვიმას ჰქონდა ამოვსებული.
-„უკაცრავაად!“
დათო რიჟა პოლიციელს უყვირის.
უნდა გენახათ ფეხის სისწრაფე პოლიციელს რომ ჰქონდა განვითარებული.წამით დავეჭვდი დასავლეთ საქართველოს პირმშო იყო ეს კაცი თუ იამაიკის.
მოდის,შეწუხებული.
ჩერდება და ხელის აწევით მხოლოდ საჩვენებელ თითს გვანახებს.
მანქანისკენ ბრუნდება და ახლა უკვე ხელთათმანებით შეიარაღებული უკან მოდის.
-„სკამთან მივაჩოჩოთ“
დათო ეხმარება და ‘პაციენტი’ ისევ იქ ბრუნდება საიდანაც დაიწყო.
[18:27]
-„ერთი,ერთი,ორი გისმენთ“
-გამარჯობა,დავრეკე სასწრაფოზე,არ ჩანს არავინ და რახდება?
ველოდები რომ ნომერი შეამოწმოს.
-„ბატონო,იცით,ყველა ბრიგადა დაკავებულია და როგორც კი გათავისუფლდებიან მოვლენ“
-კარგი,ველოდებით.
[18:35]
სასწრაფო,მოვიდა.
ძლივს.
კარფურამდე გადმოკვეთა ქუჩა და მანქანა გაჩერებასთან მოაყენა.
გაგიკვირდებათ და რიჟა,მელოტი პოლიციელი ჩვენთან ერთად ელოდებოდა.
---
გადმოვიდა,მაგრამ რა გადმოვიდა.
სასწრაფო დახმარების მანქანა დატოვა ადამიანმა,რომელზეც,რომ გენახათ,იტყოდით ამ ქალთან ‘მკურნალობის’ შემდეგ შექმნა კენ კიზიმ ‘მის რეჩედის’ პერსონაჟიო.
სტიგმათა ასხმა.
სტერეოტიპთა კოსმოსი.
ადამიანი,რომელმაც ჩამოსვლისას,ფეხის მიწაზე დადგმამდე გადაცვალა სახის სამი გამომეტყველება.
ზიზღი პროფესიულმა ფიცმა შეცვალა.
ჰიპოკრატესთვის ნათქვამი სიტყვების მოვალეობრივი მდგომარეობა კი პოლიციელის დანახვის რიდმა ჩაანაცვლა.(სასაცილოა ის რომ სავარაუდოდ პოლიციელიც მსგავსად,ჩვენი მობრუნებული,მაგრამ მაინც დავალებული მუშაკის როლის ბოლომდე მისაყვანად ელოდა სასწრაფოს.)
მოკლედ,ბევრს არ გავაგრძელებ და თავს აღარ შეგაწყენთ ამ ეპიზოდის სხვა ასპექტებზე საუბრით,რომელიც მხოლოდდამხოლოდ სასწრაფოს მძღოლსა და‘ჩვენი მის რეჩედის’ ასისტენტს მოიცავს,მომავალში მთავარი ექიმის გზის გამგრძელებელს რომ წააგავს.
------------
ამის წერა იმიტომ დავიწყე,რომ მინდოდა მისი, წაქცეული ადამიანის, სახე საბოლოოდ დამევიწყებინა.
იმ რამდენიმე ათეული წუთის განმავლობაში იმ კაცმა ჩემი სხეული თავისი თვალებით დაიტოვა.
იჯდა შუა ქუჩაზე და მზერით ჩემი სულის ყველა იმ ნაწილს უყვიროდა,ადამიანთა სახედაკარგულ ჩრდილებს რომ იტევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები