ნაწარმოებები



ავტორი: აირინი
ჟანრი: პროზა
15 მაისი, 2019


გასეირნება ( ნაწილი I )

ორნი იყვნენ. ქალი და კაცი. გემოვნებით შერჩეული შავები ეცვათ. იდგნენ და უხმოდ მათვალიერებდნენ.

- სტომატოლოგი თუ გინდათ, ერთი სართულით დაბლა ცხოვრობს. – ვერ მოვითმინე.
- ჩვენ სტომატოლოგი არ გვჭირდება. – გაიღიმა კაცმა და ქალს  გახედა. – ძაღლი უნდა გაჩუქოთ.
- უკაცრავად?! – შუბლზე ჩამოშლილი თმა ხელში შერჩენილი ფუნჯით გადავიწიე. -  რატომ უნდა მაჩუქოთ?
- რამდენიმე დღეში ქვეყნიდან გავდივართ. ქუჩაში ხომ არ დავტოვებთ?
- მესმის, მაგრამ, მე რატომ ამომარჩიეთ? დაბლა სართულებზე ჩადით. იქნებ, იქ უნდოდეთ.
- ვიყავით დაბლა, სხვა სადარბაზოებშიც. მხოლოდ თქვენს კართან გაჩუმდა. აღარ წკმუტუნებს. იგრძნო ცხოველმა დადებითი აურა. თქვენ გჯერათ აურის და მსგავსი რაღაცეების?
- რა ვიცი! – მხრები ავიჩეჩე

კიბისკენ გავიხედე. მეგონა, მოაჯირზე ყავდათ მიბმული. იქ არავინ იყო. ქალმა პარკიდან პატარა, მოწნული კალათა ამოიღო. ჟირაფებიან საფენზე კნუტივით მომცრო. შავ-თეთრი ლეკვი იწვა. წინა თათები კალათის ნაპირზე ეწყო და შემომცქეროდა შავი, წყლიანი თვალებით.

- ვაიმე, რა პატარა და საყვარელია!
- ესე იგი, თანახმა ხართ? - გამოცოცხლდა ქალი.
- მაპატიეთ! რა ვქნა, ვერ დავიტოვებ. ვერ მოვუვლი.
- ძაღლები არ გიყვართ?
- მიყვარს, მაგრამ ეზოში.
- კარგით! კარგით!
უცბად დამემშვიდობნენ და წავიდნენ.

ის იყო, ფერები შევაზავე პალიტრაზე და ზარმა დარეკა. სანამ კარს გავაღებდი, ჩამავალი ლიფტის ხმა მომესმა. ზღურბლზე კალათა იდო. ლეკვს ცალი ყური ჩაკეცილი ჰქონდა და კუდის ტრიალით ცდილობდა ჩემი ყურადღების მიქცევას. როგორ გაეშმაკდა ხალხი! აივანზე გავვარდი. ეზოს გადავხედე. შავებიანი წყვილი სადარბაზოდან გამოვიდა და სახლის კუთხეს მიეფარა. წერილი იდო კალათაში. ” ბოდიშს გიხდით, სხვა გზა არ გვქონდა. ეს არის იაპონური ხინი. შვიდი თვის. ლილი ჰქვია, სტერილურია. დღეში სამჯერ ჭამს. სამი თვის შემდეგ – ორჯერ შეჭამს. შემდეგ, შეიძლება ერთხელ მოითხოვოს საკვები. დანარჩენს ვეტერინარი  გეტყვით.” არც მთლად ლეკვი ყოფილა! რა ვუყო ახლა ამ არსებას, შორიშორს ჩასმულ, რამის ყურებამდე გადაჭიმულ თვალებს მონდომებით რომ აბრიალებდა.

მაშინვე დავგუგლე: იაპონური ხინი - ჩინური და  იაპონური ძაღლის ნაჯვარი. სიმაღლე 12-15 სმ. სიგრძე – 15-20სმ. ცოცხლობს 8-10 წელი. ახლობელთან, ვისაც ძაღლი ყავდა, დავაზუსტე, სად იყო ზოომაღაზია, ვეტერინარი. დღეში რამდენჯერ უნდა გამეყვანა სასეირნოდ და ათასი წვრილმანი კიდევ. ინფორმაციების მოძიებაში ისე გავერთე, საჩუქარი მიმავიწყდა.

გაბმულმა წკმუტუნმა გამომაფხიზლა. კალათიდან გადმოსულიყო. ოთახის ცენტრში იდგა და თავჩაღუნული საცოდავად წკმუტუნებდა. ლილი! – დავუძახე. გამოქანდა, მუხლებზე დამეკიდა. შუბლზე გულის ფორმის თეთრი ლაქა ჰქონდა. ხელში ავიყვანე. მოშორებით დავიჭირე. კ.არგად შევათვალიერე. სუფთა, ვარდისფერი მუცელი შიშისგან უცახცახებდა. უცბად, ჩემსკენ გადმოიწია, მხარზე გადმომემხო, კისერი ყელზე გადამაჭდო და გაყუჩდა. შემეცოდა. თავი თავზე დავადე და ჩავიხუტე. ისეთი თბილი იყო, ისეთი პატარა და სათუთი! ღუნღულა ბეწვით დაფარულ კისერთან პატარა ბავშვის სურნელი ასდიოდა. . .
*
მრავალი წელია ქუჩის ამ მხარეს ფეხით არ გამივლია. მარცხნივ მანქანის სავალი გზა. შუაში - გრძელი, ვიწრო, “ძაღლების პარკი” ნავევარსაუკუნოვანი ალვებით, აკაციებით და ნაძვებით. რაც თავი მახსოვს, აქ ძაღლებს ასეირნებენ. მარჯვნივ -პარკის მთელ სიგრძეზე სამხედრო ქარხნის ალაგ-ალაგ ბლოკებმორღვეული, მავთულხლართებიანი კედელი ძველი წარწერებით: სდექ! ისვრიან! ცუნცულ მიყვარხარ! დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს! თავისუფლება ცოტნე გამსახურდიას! კიგბოქსინგი ტელ:. თითქოს, ქუჩის ამ მხარეს დრო გაჩერდა. ყველაფერი ისე იყო, როგორც წლების წინ.

მერე რა, რომ ქარი ქროდა, ცოტაც ციოდა. ზემოდან ფიფქებივით იცრებოდა აკაციის ყვავილები. ნაძვების მტვერი ყვითელი არშიებივით მოსდებოდა გუბეებს. გახალისებული მივაბიჯებდი პარკში. ცხოვრებაში პირველად მყავდა ძაღლი. ნაცნობები მხვდებოდნენ სხვადასხვა ჯიშის და ზომის ნაგაზებით. ლილი ყველას უყეფდა. განიერი საყელური კისრიდან რამდენჯერმე მოსძვრა. დაბლა ვერ ვუშვებდი. მეშინოდა, გზაზე არ გაქცეულიყო ან დიდ ძაღლს არ ეკბინა.

თვალის კუთხიდან ვხედავდი ერთმა მანქანამ რამდენჯერმე, ნელი მოძრაობით ამიარა, ჩამიარა. გამეღიმა. მივხვდი – ეს, ჩემი ბაღელი, ჩემი კლასელი, მეზობელი და მეგობარი, ამჟამად, ჩვენი რაიონის  პოლიციის უფროსი - კვი იყო. მანქანა გააჩერა, თავი გადმოყო. ისეთი გახარებული მიყურებდა, თითქოს, ორი დღის წინ ერთად არ ვიყავით სკოლის დამთავრების N წლისთავზე.

- საიდან ეგ კნუტი?
- რას ამბობ?! კნუტი კი არა, იშვიათი ჯიშის ძაღლია. მაჩუქეს.
- მართლა? ძალიან კარგი! თუ რაღაც, აქვე ვარ.
- შენი იმედით ვაგრძელებთ სეირნობას.
- მარისა!
- რა?
- არაფერი.
- მარისა!
- წადი რა, მიხედე ნარკომანებს, კრიმინალებს!

საშინლად წითელი, ხვეული თმა ჰქონდა კვის. თვალები კი – სასწაული, საოცრება, ოქროსფერი, მუქი ყავისფერი წინწკლებით. თითქოს, სიღრმიდან ვიღაც სხვა ადამიანი, როგორც ფანჯრებიდან, გარეთ იყურებოდა და მზერას სითბოდ და სიყვარულად აფრქვევდა.  ძალიან მაღალი იყო. უშნოდ აწოწილი კი არა, დაკუნთული, მოხდენილი. უცნაური ნიჭით გამოირჩეოდა. სკოლაში რამის ყველას უწერდა წინასწარმეტყველებებს შავი პასტით. ამ წინასწარმეტყველებებში დაწვრილებით იყო აღწერილი თითოულის მომავალი, დამსახურებები, რითი კვდებოდნენ და როდის. ორი ბიჭი და ერთი გოგო ისე დაიღუპნენ, როგორც კვიმ იწინასწარმრტყველა. სკოლის დირექტორს შვილი ანემიით, რომ გარდაეცვალებოდა  დამრიგებელმა ერთი წლით ადრე შეიტყო კვისგან. მე არ მიწერდა არაფერს. რატომ? არ ვიცი. პირველი კლასიდან სკოლის დამთავრებამდე ჩემს გვერდი იჯდა. დააგდებდა მერხზე ჯერ წითელ ფაფარს, შემდეგ თავს, სახით ჩემსკენ და თვალს არ მაცილებდა გაღიმებული. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, დაცვასავით დამდევდა და მიყურებდა. მიყურებდა და მიყურებდა წლები. მერე, მე გავთხოვდი. კვი უცოლოდ დარჩა.

ნაშვილები რომ იყო, მთელმა უბანმა იცოდა. ერთ დილით, ქარხნის შესასვლელთთან იპოვა თურმე დაცვის უფროსმა, შოთა მიქელაძემ. იჯდა კედლის ძირში კოჭებამდე პერანგით და გულამოსკვნილი ტიროდა. ორი, ორწლინახევრის იქნებოდა. შეშინებული ვიღაცას უხმობდა სრულიად გაუგებარ ენაზე, განწირული ხმით – კვუუ! კვუუ! დედას ეძახისო დაასკვნეს. ნავთლუღის ბაზარში ციგნები დაკითხეს. იფიქრეს იმათი მოპარული იყო. თვალშისაცემი გარეგნობის გამო თავიდან მოიცილეს, მიატოვეს. დაიღალა მიქელაძე გამოძიებით და მკითხაობით. იშვილა ბიჭი. კვი დაარქვა სახელად.  გულზე ხელს იდებდ თურმე პატარა, კვი, კვიო. ესე იგი, კვი მქვიაო.

შიოდა ჩემს ჭყეტელას. მერხზე მოვკალათდით. ბლომად მიირთვა ძვლის ფორმის ბისკვიტები. გაშმაგებული ჭამდა, მაგრამ საყვარლად. ყურადღება მარჯვნივ გამექცა. ფხებდაგრეხილ ბიჭს თავისზე მაღალი გოგო აეყუდებინა ხეზე, მკლავების რკალში მოექცია და რაღაცას უყვებოდა ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით. დაახლოებით ასეთი შინაარსი გამოვიტანე მონაყოლიდან: მის სახლთან ახლოს სასაფლაო იყო. ღამით გარკვევით ხედავდა, ახალი საფლავებიდან როგორ ამოდიოდნენ ფოსფორისფერი ბურთები, შავ მარმარილოებზე ირეკლებოდნენ, ნელ-ნელა სცილდებოდნენ იასამნის ბუჩქებს და ლიცლიცით უჩინარდებოდნენ ღრუბლებში. შეშინებული გოგო კიოდა და მკერდზე ეკვროდა ბიჭს. იცოდა ლაწირაკმა, რას ყვებოდა და რისთვის.

გვიან ჩევამჩნიე, ლილი აღარ იჯდა ჩემს გვერდით. მერხის ქვეშ შევიხედე. არ იყო იქ. ვეძახდი, ვერ ვნახე. გამვლელეს ვუხსნიდი, როგორ ძაღლს ვეძებდი. გავგიჟდი. გული ყელში მომებჯინა, მეტირებოდა. ათასი უბედურება წარმოვიდგინე: იქნებ, დიდმა ძაღლმა პირი დაავლო და სადღაც გააქანა? იქნებ, საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა და გდია იქ დამტვრეული? იქნებ, ვიღაცამ მომპარა, სანამ ბიჭს ვუსმენდი? თასმა ხომ არ შემოეხვია კისერზე და გაიგუდა? დავრბოდი პარკში აღმა – დაღმა. ბოლოს, ქარხნის კედლის დასასრულს, დაღმართში, საწყალობელი წკავწკავი მომესმა. კედლის ძირში, დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსის, წყლის საწრეტი რკინის ცხაურის მიღმა იჯდა და მოთქვამდა ძაღლურად. სიხარულისგან მართლა ვიტირე. ჩავეჭიდე გისოსებს. ვეხვეწე, ვემუდარე, ახლოს მოსულიყო. ფეხი არ მოიცვალა. ბისკვიტები შევუყარე, ზედაც არ დახედა. არ აპირებდა გამოსვლას. ქარხანა დაკეტილი იყო. როგორ უნდა გადავსულიყავი იქით? კედელს ავხედე. კედელზე ამსვლელი ვიყავი მე?

ლილიიი, დავიყვირე და მთელი ძალით შევაჯანჯღარე ცხაური. მოულოდნელად, მსხვილი ხრეში ჩხრიალით ჩამოიყარა ფეხებთან. ვიგრძენი, სამაგრი რკინები ნელ-ნელა მოძვრა ბლოკებს. უფრო გავაქტიურდი. სად მქონდა ამხელა ძალა? მძიმე ცხაური ხელიდან გამისხლტა და ჟღრიალით გადავარდა ქარხნის ტერიტორიაზე. დავინახე, შეშინებული ლილი გვერდზე გახტა, გაიქცა და მწვანედ შეღებილი შენობის სანახევროდ გამოღებულ კარში შევარდა.

ჯერ სათვალთვალო კამერას ავხედე, მერე უკან მოვიხედე, არავინ მიყურებდა. ჩავიმუხლე, გიჟები ხო მარ არიან, მესროლონ? არ მახსოვს ვინმე მოეკლათ აქ. თავი გავიმხნევე და გავძვერი მეორე მხარეს. ოხვრით ჩამოვიბერტყე კალთიდან მტვერი და მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე: დავიჭერ ამ საძაგელს, სახლში არც მივიყვან, ისე შევაჩეჩებ ვინმეს ქუჩაში.

გრძელი, კარგად განათებული დერეფანი წრიულად ეშვებოდა დაბლა. აღარ ვეძახდი ლილის. აზრი არ ქონდა. გაიქცეოდა, გაჩერდებოდა, მომხედავდა. მერე ისევ გაიქცეოდა და ასე შემდეგ. არ ვიცი რამდენი ვიარეთ, ან სად მივდიოდით. ობობები რიგრიგობით ეშვებოდნენ ჭერიდან. მერჩივნა თაგვი დამენახა. მტვერში ამოგანგლული ტარაკნებიც შევნიშნე. კიდევ ერთი, ღია კარი გამოჩნდა ბოლოში. შუქი გამოდიოდა იქიდან. ლილი წკმუტუნით შევარდა შიგნით. მეც შევყევი. მოულოდნელად ფეხი დამისხლტა და ხაკისფერშარვლიან ქალს დავეჯახე, რომელიც ჩასაფრებულივით იქვე იდგა, ჩემი ლილი ხელში ეკავა და ეფერებოდა. დავიბენი.

- იცით. . მე. . .
- ვასკააა! -დაიყვირა ქალმა და კარი ჩაკეტა - სტუმრები გვყავს.
- კარგი რა აზა, კარგი! არ მოგწყინდა ეს გაცვეთილი ხუმრობა?

ანტრესოლის კიბეზე გამხდარი, ვასკად წოდებული კაცი გამოვარდა. მხარზე განიერი, პინგვინებიანი პირსახოცი ტოგასავით ჰქონდა შემოხვეული.  ჩემს დანახვაზე ნაბიჯი აერია.. წაიბორძიკა, მოაჯირს დაეჯახა. ბოლოს, თავი ხელში აიყვანა და რომაელი დიდებულივით მომესალმა მაღლა აწეული ხელით. აჭიმებიანი, განიერი შარვალი ეცვა. აჩქარებით ჩამოირბინა საფეხურები. ჩემსკენ გამოქანდა. ორივე ხელი მხრებში ჩამჭიდა, გვარიანად  შემაჯანჯღარა და მიბრძანა:

- უცბად, უცბად, დაუფიქრებლად მითხარით სიტყვა ან წინადადება, თავში პირველად რაც მოგივიდათ. თუნდაც უაზრობა და სისულელე.

მეზღვაურის მაისურიდან დამჭკნარი ყელი უჩანდა. საზიზღარი ოდეკოლონის სუნი ცხვირში მეცა. გავიბრძოლე. არ გამიშვა. უხვად ედო თავზე ჭაღარა, ხვეული თმა. ძალიან გავდა ჩემი შვილის მუსიკის მასწავლებელს, მკაცრ, უხეშ, კაცური გარეგნობის რიმა მარკოვნას. “ბებერი ცხვარი” –გავიფიქრე.

- სწრაფად! სწრაფად!

ცოტა არ იყოს, შემეშინდა. არ მცოდნოდა, რომ ქარხანაში ვიყავი, ვიფიქრებდი, ფსიქიატრიულში მოვხვდი. წამებში მოვედი გონს, უკან გადავიზნიქე და საკმაოდ ომახიანად შევძახე:

-კართაგენი უნდა დაინგრეს!

ვასკამ ლილივით დააჭყიტა თვალები და დაასლოკინა.

-პარდონ!  ღმერთო ჩემო, რა საყვარელი ვიღაც ხართ! - თქვა და შემეშვა.

ერთდროულა გავხედეთ აზას. აზას მაგრად ყავდა ლილი ჩაბღუჯული და თვალს არ გვაშორებდა. ბოდიში მოვიხადე, ძაღლს შემოვყევი მეთქი. ლილი ჩამოვართვი, წასვლა დავაპირე. ვასკა გადაირია- გთხოვთ, ჩაი დავლიოთ ერთად და მერე დაგვტოვეთ. შემრცხვა. ჩამოვჯექი სკამზე, გრძელ მაგიდასთან. სანამ ვასკა ფუსფუსებდა, გაათმაგებული ცნობისმოყვარეობით შევათვალიერე იქაურობა.

ანგარივით მაღალი, უფანჯრებო, ვრცელი შენობის ერთ ნაწილში განლაგებული  გრძელი ნიკელის მაგიდები, ცილინდრები, უცნაური დანადგარები ბრწყინავდა და თვალს მჭრიდა.. ერთმანეთში გადახლართულიყო მკლავის სიმსხო ფერადი სადენები.  ცალკე მონიტორები. მეორე მხარეს – დანომრილი ოთახები. შორს, სიღრმეში, კედლის მაგივრად, მოლივლივე, იასამნისფერი ნათება. ამ ჩემთვის გაუგებარი სივრცის და რამდენიმე კარის წინ განიერი, წითელი ზოლები მიუყვებოდა. სინესტის და სიძველის სუნი ტრიალებდა ირგვლივ. არ ვიცი, რატომ, აუხსნელი, უმიზეზო სევდა შემომაწვა გულზე. რამ ამაფორიაქა? როგორ ადვილად შემოვედი, ვითომ, ძალიან დაცულ სამხედრო ქარხანაში. სად არის დაცვა? მართლა რომ ესროლათ? 

აზამ სიგარეტის კოლოფი “პამირი” ჩემსკენ მოაცურა. გვერდებგაქუცული წიგნი სანიშნით დააფიქსირა და კუთხისკენ მიწია. კისერი დავიგრძელე, დამაინტერესა, რას კითხულობდა ქალი ამ ჯურღმულში. ჟორჟ სანდი – “კონსუელო” იმედი გამიცრუვდა. უფრო ტექნიკურ ან სამეცნიერო ფანტასტიკას ველოდი. არ ჩანდა ისეთი ქალი, რომანები ეკითხა. ასეთი სიგარეტიც არ მენახ. ვასკამ, იქნებ გალეტი გესიამოვნოთო და პალმებიანი თუნუქის ყუთი წინ დამიდო. გალეტი ორცხობილა აღმოჩნდა. მძაღე კარაქის გემომ ზიზღიაგან სუნთქვა შემიკრა. ჩუმად ვისხედით. ჩაის მივირთმევდით ალუმინის ტოლჩებიდან. ეტყობა, ფინჯნები არ ქონდათ. თითქოს, ჩემი ფიქრები წაიკითხა აზამ.

- ალუმინი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს. ომის დროს, სანგრებში ასეთებს ხმარობდნე

აზას მარჯვენა ხელის არათითზე თვლიანი ბეჭედი ჰქონდა ამოსვირინგებლი. შემამჩნია, ვაკვირდებოდი და “ლიპებიანი”პერანგი უხერხულად შეისწორა. რას აკეთებდა აქ, ჩემთვის სრულიად ამოუცნობ ადგილზე, გაურკვეველი ასაკის, ეროვნების, ფერმკრთალსახიანი ორი ადამიანი, უცნაურად ჩაცმულები და აღელვებულები? თითქოს, რაღაც მიზეზით გასაქცევად აჩქარებულებმა ტანზე ის გადაიცვეს და ამოიცვეს რაც ხელთ მოხვდათ. რას და როდინდელს ჭამდნენ და ეწეოდნენ, ღმერთმა იცის.

ბოლო მესიჯი შევამოწმე: “დეეე, თონის პური გამოაყოლე, რაა!” საშინლად მომიჭირა ახალმა ფეხსაცმელმა. ვინ ასირნებს ძაღლს გამოპრანჭული? ლილი იატაკზე დავსვი და ფეხზე გავიხადე ბოდიშის მოხდით. საშინლად მქონდა ქუსლები გადაყვლეფილი. ის იყო შვებით ამოვისუნთქე და. . . აზა და ვასკა ყვირილით წამოხტდნენ და წინ გაიჭრნენ. ლილი, აქამდე წყნარად რომ დაცუნცულებდა მაგიდის გარშემო, გვერდზე თავგადაგდებული ანგარის სიღრმისკენ მირბოდა. ამათ რომ შეეშინდათ, მეც იმიტომ შემეშინდა. არ ვიცი, რა მოხდებოდა, რა მოუვიდოდა, რისი უნდა მშინებოდა. ფეხშიშველი, სირბილით და ყვირილით გავეკიდე ორივეს და გავუსწარი. ლილიიი! ლილიიი!

ლილი დროდადრო  ტრიალდებოდა ყეფით. ის იყო, დავიჭირე მეთქი ვიფიქრე და გასხლტა, გადსცდა წითელ ზოლს, მოიქნია გაფუებული კუდი და ისე სწრაფად გადაეშვა უცნაურ სინათლეში, თასმის წვერსღა მოვკარი თვალი. შენ არ გადახვიდე, შენ არ გადახვიდე, მომყვიროდნენ აზა და ვასკა. რატომ არ უნდა გადავსულიყავი? ვიგრძენი, ბეტონის ფილებიდან როგორ დამიარა სიცივემ. ტერფებზე დავიხედე. ფეხსაცმელები! ეჰ, რა დროს ფეხსაცმელები იყო? ყეფა აღარ მესმოდა. ერთი მოვხედე აზას და ვასკას, ახლავე მოვალ მეთქი მივაძახე და მივყევი ლილის. . .

გაგრძელებით


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები