ნაწარმოებები



ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
25 მაისი, 2019


მტვერი (თავი 5. ნაწილი 2-3)

                                                                                                                                      2
ნაწვიმარ ქვაფენილზე სამეფო მაკოროფალი მშვიდი, მდოვრე სვლით მიდიოდა. დედოფლის ეტლს გეზი ფოსაჰიჶის ტაძრისკენ აეღო. ანა ქალაქს სარკმლიდან ათვალიერებდა. ქუჩები თითქმის ცარიელი იყო. დედოფალი ფიქრობდა, რომ ეს ამინდის ბრალი უნდა ყოფილიყო.

ოთხსართულიან შენობებს, ორმწკრივად რომ მიუყვებოდა ტაძრისკენ მიმავალ გამზირს, წინხედზე შეფენილი სხვადასხვა ქანდაკება ამშვენებდე. მარმარილოთი მოპირკეთებული კედლები კი „მამფონთა ქალაქს“ საოცარ ელფერს სძენდა. რაჰის სამეფო უბანი ყველას აღაფრთოვანებდა, ვინც კი პირველად სტუმრობდა მას.

ყოველთვის, როდესაც ანა სასახლეს ტოვებდა, ქუჩებს გაჰყურებდა, თუმცა თვალსშეჩვეული ხედები, მდიდრული სასახლეები თუ ბაღები მის ყურადღებას აღარ იქცევდა,  მხოლოდ მოქალაქეებს ათვალიერებდა; ცქვირინი ჰკლავდა, უნდოდა გაეგო, მისი ქვეშევრდომნი თუ რას საქმიანობდნენ, რით იყვნენ დაკავებულნი.

ახალგაზრდა ერისთავისასული როცა პირველად ეწვია დედაქალაქს, მდიდრულად მორთულ ანგურაშრთვილ სახლებსა და მოპირკეთებულ ქუჩებს ისიც გაოგნებული შესცქეროდა. გარუთ-გალაჰშიც არის მაღალსართულიანი სახლები, მოკირწყლული ქუჩები და ქვაფენილები, მაგრამ რაჰში ყველაფერს გასაოცარი ხიბლი ჰქონდა. საუკეთესო ხუროები, მშენებლები და ხუროთმესაქმენი ქალაქში საკუთარ ოცობოდებს, სიზმრებსა და ოცნებებს აცოცხლებდნენ,  ხოლო ხელმწიფენი არც ფულსა და არც მონდომებას იშურებდნენ, რათა „მამფონთა ქალაქს“ მდიდარული იერსახე შეენარჩუნებინა.
მდიდართა უბნიდან ღარიბთა უბანში გადასვლა ნებისმიერს მარტივად შეეძლო. ღარიბთა უბანს, რომელიც „მამფონთა ქალაქის“ შიდა კედლებს მიღმა მდებარეობს, საკუთარი ხიბლი აქვს. რა საკვირველია, ესოდენ ხელგაშლილად და მდიდრულად მოწყობილი არ არის, როგორც მეფეთა ციბსგამეში, მაგრამ უბანი საკუთარი უბრალოებით ქალაქის მთლიანობას კენარი მოხდენილობით ერწყმის და ერთად ერთიან სხეულს ქმნის.

ანას აჯადოებდა რაჰის ერთიანობა, რომლიც განსხვავდებოდა მისი მშობლიური ქალაქისგან. გარუთ-გალაჰში ღარიბები მდიდრებისგან უზარმაზარი კედლითაა განცალკევებულნი. ადამიანთა ხელოვნური, უზარმაზარი კედლებით გაყოფა კი ერისთავისასულს ბავშვობიდან აღიზიანებდა.
მაკოროფალის ბორბლების ხრიალი მოკირწყლულ ქუჩაზე შეუწყობელ ხმებს გამოსცემდა, რომელიც სეფე-ეტლის შიგნითაც ყრუდ ისმოდა. დედოფალს ეს არ აწუხებდა; მისთვის ეს ხმაური სასიამოვნო სიმღერის ჰანგებად გარდაიქმნებოდა, თითქოს საკრავი უცხო მუგვობითა და ჰანგებით აჟღერებულიყოს. ერთადერთი რასაც ანა ვერ ეგუებოდა, რაჰის ცვალებადი ამინდი იყო. გარუთ-ჟაჰში, განსაკუთრებით კი მის დედაქალაქში, იშვიათად წვიმს, საერისთავოს მკვიდრთ საკუთარ სითბოს მზე უხვად ჩუქნის. ხოლო ბავშვობიდან მშრალ ჰავას შეჩვეულ მამფონს ტენით გაჟღენთილი ჰაერი აღიზიანებდა; ოცი წელიწადია, რაც ანა სახელმწიფეოს დედაქალაქში, სარაჰის უმთავრეს ქალაქში ცხოვრობს, მაგრამ ხანდახან ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს იხრჩობაო.

ნაწვიმარზე რაჰში ნესტისა და მტვრის სუნი ტრიალებს. წვიმით დაცვარულ საშემოდგომო ყვავილებს თავი დაეხარათ, თითქოს, დედოფალს ესალმებიანო. წყლის წვეთები ხეებს ხასხასა მწვანე შეფერილობას ჰგვრიდა. მზე ღრუბელთა საბურველისგან ხან გამოიჭყიტებდა, ხანაც მორცხვად მიიმალებოდა. დღის შუქი უცებ იმძლავრებდა, შემდეგ კი უმალ მინელდებოდა, კრთებოდა და მცირედ ჩამობნელდებოდა.

დედოფლის ეტლი ტაძრის აშთაში შევიდა. დედოფალმა ქეშიკნი არ იახლა. მაკოროფალიდან გადმოვიდა თუ არა იმათ უბრძანა, იქვე დალოდებოდნენ. ისინიც უსიტყვოდ დაემორჩილნენ. ანამ გრძელი კაბა წამოიწია, რათა ფოსაჰიჶის ტაძრის კიბეზე ასვლისას ნაბიჯი არ გაემრუდებინა და სქელი საშემოდგომო სამოსი ფეხებში არ გაბლანდვოდა. ოქროსფერი შხუძაფით  შეკერილი ტერფამდე დაყრილი, გრძელმკლავიანი საწვიმარი ოქრომკედით დაქარგულიყო. მარჯვნივ ვერცხლისფერ სახლართავებში სახვევები გაყრილიყო, რომელიც ქურთუკს მჭიდროდ კრავდა და სითბოს ინარჩუნებდა.
დედოფალი კიბეს მიუახლოვდა, ჯერ ტაძარს ახედა, თითქოს მთავარქურუმთან შეხვედრას ორჭოფობსო, ხოლო შემდეგ საფეხურები თავდაჯერებულმა დალაშქრა და კარიბჭის მიღმა გაუჩინარდა.

ტაძარში შესულმა ტაძრის დინოქორს  თვალი გადაავლო და საკუთარი ქორწილი გაახსენდა. მაშინ ყველაფერი სხვაგვარად ეჩვენებოდა. მის სულში სხვადასხვა გრძნობები ირეოდა.

                                                                                                                                      ***
საკუთარი ქორწილი დედოფალს ისე მოძალებით არასდროს გახსენებია, როგორც ახლა, ენკენისთვის ამ მიზეჰს . გონების მკრთალ ბანდილებში იქექებოდა; მეხსიერების ჩაბნელებული კუნჭულებიდან კი გაელვებასავით ამოიჭრებოდა და სარაჰის მთავარი ტაძრის, რაჰის ქუჩებისა და სასახლის სამეფო ქორწილისეული მორთულობა თვალწინ ნათელ დღის მზესავით წარმოუდგებოდა. მეხსიერების დახლართულ გზებს ყველაფერი სიზუსტით ვერ შემოენახა – ადამიანს წვრილმანები არასდროს ახსოვს, ზოგჯერ დიდი ხნის უნახავი მეგობრის სახეც კი ავიწყდება – მაგრამ ანამ  ერთიანი სურათის წარმოდგენა მაინც შეძლო.

ქორწილის დღე ნათელი და მზიანი იყო. ლაჟვარდისფერ ცაზე ღრუბლის თეთრი მანდილიც კი არ დალივლივებდა. თითქოს, უფლისწულისა და ერისთავისასულის ბედნიერებას ამინდიც კვერს უკრავდა, მნათობნი ლოცავდნენ და ზეჰი დედობრივ კალთას აფარებდა.
პატარძალი ტაძრის გამზირზე საპატარძლო ღია ეტლით ჩამოატარეს. ანას გარდა ეტლში გარუთ-ჟაჰის ერისთავი და კანდრეუ ისხდნენ. უკან მათი ოჯახი და მსახურები მოჰყვებოდნენ. სიძე და მეფე-დედოფალი ტაძარში ელოდებოდნენ. 

ორ-რიგად ჩამწკრივებული ყველა თანრიგის ხალხი ახალგაზრდა ერისთავისასულს ყიჟინით, მხიარული შეძახილებითა და ყვავილებით ესალმებოდა. ეს იმ იშვიათ დღეთაგან ერთ-ერთი იყო, როდესაც „მამფონთა ქალაქის“ კარიბჭე ყველასთვის იღება ხოლმე. დღესასწაულით გახალისებული მოქალაქენი თეთრებში გამოწყობილი ტახტის მემკვიდრის მომავალ მეუღლეს სიხარულით ეგებებოდნენ.

ქალაქი საქორწილოდ იყო მორთული. თეთრ ტილოზე ოქროს საღებავებით ბეჲაშებისა და დარიელების თვითნიშანი დაეხატათ. ბაირაღები მთავარი ქუჩის ერთი მხრიდან მეორე მხარეს შენობებზე მიმაგრებულ წალაებზე გადმოეფინათ და გამზირს ტაძრამდე რიგ-რიგად გასდევდა. ჰაერის მცირე ქროლვისას თვით-ეს სამკუთხა ალმები ნაზად ფრიალებდა. ნაგებობების წინხედს სახელმწიფო დროშები და ნიშნები ამშვენებდა.

რაჰის ქუჩებში, მდიდართა თუ ღარიბთა უბნებში, სადღესასწაულო ცეკვა-თამაში გამართულიყო. მოხეტიალე მსახიობები წარმოდგენებს მართავდნენ, მალერსალნი  საქებარ ლექსებს კითხულობდნენ. ორთვალით გადახურულ დახლებზე კი ათასგვარი ტკბილეულობა იყიდებოდა. 

ეტლი ტაძრის კიბესთან გაჩერდა. ფარისტაგი და კანდრეუ პირველნი გადმოვიდნენ. მამამ ქალიშვილს ხელი გაუწოდა. ანამ მკლავი უხალისოდ ჩასჭიდა და ნაბიჯი ნაზად გადმოდგა. ტამარეა ერისთავისასულს გვერდით ამოუდგა. ფარისტაგი კი ქარქაში ჩაგებული ხმალამართული წინ გაუძღვა მათ.

როგორც კი ანამ ტაძრის კიბეზე პირველი ნაბიჯი შესდგა, ზარებმა მაშინვე საქორწილო მუგვობით დაიწყო როკვა.

ფოსაჰიჶის წრიული დარბაზი კეთილშობილ მოქალაქეებს გაევსო. საქორწინო დღესასწაულზე ისინი საგანგებოდ დაპატიჟეს. ხალხი ისე იყო განთავსებული, რომ გრძელ ტალანს ქმნიდა, რომელშიც პატარძალს უნდა გაევლო.

საამოდ ხმაურობდა ტაძარი – გარედან შემომავალი ხალხის ყიჟინა, ზარების რეკვა და სატაძრო გალობა ერთმანეთში იღრეოდა და ერთად ნატიფ ბგერებად გარდაიქმნებოდა.

ტაძრის სვეტებზეც ბეჲაშებისა და დარიელების ალმები გადმოეფინათ. ყვავილების ჯაჭვები ხალხსა და ტალანს შორის ზღვარს ავლებდა. დიდი სარკმლის ძირში მთავარქურუმი, ხოლო მის გვერდით დედოფალი-ლეტა იდგა; მათგან მოშორებით, ტახტრევანზე მეფე გიორგი დაბრძანებულიყო.

პატარძლის შესვლისთანავე, შეკრებილები ფეხზე წამოდგნენ. მგალობლები საქორწინო სიმღერის შესრულებას შეუდგნენ. მთელ ტაძარში გალობის  მშვენიერი ჰანგები ერთგვაროვნად ისმოდა.

ფარისტაგი ნელი და მდოვრე მუგვობით მთავარქურუმისაკენ მიემართებოდა, თითქოს საგანგებოდ, გალობას ეხმიანებაო.

პატარძალსა და კანდრეუ ტამარეას ნაბიჯი ერისთავისთვის შეეწყოთ და მსგავსად მიიწევდნენ წინ.

თეთრი ატლასის თავსაფარი ერისთავისასულს თმას სრულიად უფარავდა. თავსაფარი წინ პირბადით გრძელდებოდა და პატარძალს სახეზე ჩამოეფარებინა – გარუთ-ჟაჰული წესთაადათის თანახმად სადედოფლოს სახე დაფარული უნდა ჰქონოდა. ფატა ზურგზე მოსასხამივით გრძელდებოდა, მხრებსა და იატაკზე ნეკრტენივით ეფინებოდა და მზის სხივების დაცემისას ხასხასა ყვითელ ფერს ოქროსებრ სიკაშკაშეს ჰმატებდა.

ანა მდაბლად და მორიდებით თავდახრილი მიუყვებოდა მამას, რომელსაც საერისთავოს სადღესასწაულო ლერექუ ემოსა, მასზე კი მაზარა მოესხა. ყურთმაჯიანი მოსასხამი ძვირფასი თვლებით შეემკო, ხოლო მკერდს ოქროს ღილები უმშვენებდა.

ტამარეას თავზე ჩიხტი-კოპი ეხურა. ქალის მოძრაობისას ფაშფაშა კაბა შრიალისებრ ხმებს გამოსცემდა. გახსნილმკლავებიანი სქელი მოსასხამი, რომელიც ყელზე ლალის თვლიანი ღილით იყო შეკრული, მკერდზე მჭიდროდ ეკვროდა. ტამარეას გარუთ-ჟაჰელი კანდრეუსთვის უჩვეულოდ მოშიშვლებული ხელები ოქროს სამაჯურით დაემშვენებინა. სამაჯური მტევნიდან იდაყვამდე გასდევდა და ფირფიტებით იყო აწყობილი, ხოლო ფირფიტებს ერთმანეთს ოქროს ძეწკვი აერთებდა. სამაჯური სხვადასხვა ძვირფასი და ნაირფეროვანი თვლებით გაეწყოთ.

საკურთხეველთან მისულმა ფარისტაგმა, როგორც შეჰფერის ერისთავთ, მეფე-დედოფალსა და მთავარქურუმ ნინეის თავი დაუკრა. ერთი ნაბიჯი მარცხნივ გადადგა, კანდრეუსა და პატარძალს გზა დაუთმო; მამფონებსა და ტაძრის მესაჭეს ისინიც მიესალმნენ. ტამარეამ მეუღლის გვერდით დაიკავა ადგილი. ანა კი საკურთხეველთან მარტო დარჩა.

ერისთავისასულს უმწეობის გრძნობა დაეუფლა. გაიფიქრა, „არავინაა ჩემ გვერდით“, თვალებს იქეთ-აქეთ აცეცებდა, უკან გახედვას ვერ ბედავდა. ხალხის დაჟინებულ მზერას გრძნობდა. მარტოსულობის შეგრძნებამ სხეულში ჟრუანტელივით დაუარა. მუხლებში სისუსტე იგრძნო, მოეკვეთა, თუმცა თავს ძალა დაატანა და თავი შეიმაგრა. ფიქრებიდან მთავარქურუმის ხმამ გამოარკვია.

ნინეიმ ნაბიჯი წინ წარსდგა და წკრიალა ხაფიხმით დაიწყო:
– კეთილშობილნო! – ხელები ფართოდ გაშალა, თითქოს შეკრებილები გულში უნდა ჩაიკრასო, – შევიკრიბეთ, რათა ორი სული, ანა ბეჲაში და ალთიონ დარიელი, საუკუნო ჯაჭვებით შევაუღლოთ ერთმანეთს...

„დიდება ზეჰს, დიდება ზეჰს, დიდება ზეჰს!“ – ხმამაღლა დასჭექა დარბაზმა.

როცა კეთილშობილნი დაწყნარდნენ მთავარქურუმმა განაგრძო:
– ვუხმობ ღვთაების შვილს, ალთიონს, რათა შეუერთდეს ღვთაებათა შვილს, ანას.

ზარები აწკრიალდა. დარბაზის მარცხენა მხრიდან კვირსა და ამაყი მიხრა-მოხრით უფლისწული გამოვიდა. ჯერ მეფის ტახტრევანთან შეჩერდა; მიუახლოვდა მამას და ხელზე აკოცა. დედასთან მივიდა და ღაწვზე ეამბორა. ალთიონმა შეასრულა წესთაადათი, რომლითაც მეფე-დედოფალი ტახტის მემკვიდრის არჩევანს იწონებდა და მომავალი უფლისასულისადმი  კეთილგანწყობას გამოხატავდა.

ადათ-წესის აღსრულების შემდგომ ახლაგაზრდა ალთიონი ანას გვერდით დაუდგა. მომავალ მეუღლეს ღიმილით გადახედა. მთავარქურუმს მოუთმენელი მზერით გახედა; ვერ ითმენდა, ერთი სული ჰქონდა, ტაძრის მესაჭე საქორწილო წესთააღსრულებას როდის განაგრძობდა.

– ჩაკიდეთ ხელები ერთმანეთს! – ნინეიმ ხელები უფლისწულ-უფლისასულისაკენ გაიწვდინა.

ნეფე-პატარძალმა მთავარქურუმის მითითება შეასრულეს და ხელები ერთმანეთს მჭიდროდ ჩასჭიდეს. 

ნინეიმ კვლავ მიმართა მათ:
– გაიმეორეთ ჩემი სიტყვები, ნათქვამი უფლისგან: „მე ღვთაებისა და სხვა ღვთაება-ღმერთთა წინაშე ვფიცავ...“
– „ვფიცავ, ჩემი სახელით ყოველი ნათელისა და ნათების – ზეჰის, მიტურსეთის, ივარისა და ფეტიჶშურის – წინაშე, რომ ჩემი სიყვარული უმანკოა, ჭეშმარიტი და კეთილი“.

ფიცის გამეორებისას ანას ხმა აუთრთოლდა. უფლისწილმა მეუღლეს გაუღიმა, რათა უნდოდა ენუგეშებინა. 

მათ მთავარქურუმის საწესო ფიცის სიტყვები ზედმიწევნით როგორც კი გაიმეორეს, დედოფალი-ლეტა მათთან ჩავიდა. ხელში ხავერდის ნაჭერი ეჭირა, რომელზედაც ოქრომკედით, სარაჰული ანბანით შელოცვები იყო ამოქარგული. დედოფალმა ლეჲამ გადაჭდობილ ხელებზე საწესთაადათო სარტყელი ნაზად დააფინა, გაუღიმა და საკუთარ ადგილს ნელი ნაბიჯით დაუბრუნდა.

– გაიმეოროს უფლისასულმა,  – ნინეიმ მარჯვენა ხელი ანასკენ გაიწვდინა, – „მე, ანა ბეჲაში, ვფიცავ, ვიყო ერთგული ჩემი მეუღლისა და ვემსახურო მას ჭირსა და ლხინში“.

ერისთავისასულმა გაიმეორა სიტყვები. ხმა კვლავ უკრთოდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. დაბალი ხმაჟღერადობის გამო მთელი დარბაზი გასუსული უსმენდა.

– გაიმეოროს უფლისწულმა, – გაიწვდინა მარცხენა ხელი მეფისწულისკენ, – „მე, ალთიონ დარიელი, ვფიცავ, ვიყო ერთგული ჩემი მეუღლისა და ვემსახურო მას ჭირსა და ლხინში“.

ალთიონმა ბოხი და მჭექარე ხმით წარმოთქვა საკუთარი ფიცი, თითქოს სურდა, მთელს ქვეყნიერებას გაეგო მისი განზრახვა და წადილი.

– ყველა ნათების წინაშე ვაცხადებ, – საზეიმო ხმით დაიწკრიალა მთავარქურუმის ხმამ, – თქვენი ბედი ერთმანეთთან საუკუნოდ არის გადაჯაჭვული.

ლეტა-დედოფალმა მთავარქურუმს კანდელი მიაწოდა. ნინეიმ წმინდა კვამლი  შეაპკურა და თითქოს უფალი საუბრობსო, ხმა გაიკაჟა:
–  თქვენ ერთმანეთის მეუღლეები ბრძანდებით!

აპკურებდა ღვთაებრივ კვამლს მათ და ჩურჩულით შელოცვებს ისე ამბობდა, მხოლოდ მას ესმოდა. დაასრულა თუ არა ღვთაებრივ სიტყვათთქმა, ნინეიმ საპკურებელი გვერდით გადადო, ხელები ფართოდ გაშალა, კვლავ გაიწვდინა სტუმრებისკენ და საქვეყნო დასტურის ნიშნად დასჭექა:
– გაიგონოს ყველამ და იცოდეს თითოეულმა, უფლისწულმა შეიძინა უფლისასული.

ზარები ახმაურდა – ქორწილის წესთააღსრულების დასრულების მუგვობით ჩამოჰკრეს. ტაძარში გაისმა აღტაცებისა და სიხარულის შეძახილები.

ანამ შეამჩნია, მეფე-დედოფალს კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა. კარგად ენიშნა მამფონთა მიერ ქორწილისადმი გამოხატული სახისმეტყველება.

დამშვიდდა.

                                                                                                                                      ***
*ლიქვთანალ (სვან.) - მოძრაობა. აქ. ჟესტი, ჟესტიკულაცია.

დედოფალს მოგონებებმა წამადჰყო და ისევ მეხსიერების დაგრაგნილ კვანძს შეეთვისა. დროში უცაბედმა მოგზაურობამ ანას ბედნიერებისა და მწუხარების გრძნობები მოჰგვარა. ოცი წლის წინანდელი მოვლენებისგან გამორკვეულმა, აღმოაჩინა, რომ ფოსაჰიჶში ისე შესულიყო, ვერც კი მიმხვდარიყო. ტაძარში მსახური შემოეგება. მიუახლოვდა, თავი დაუკრა, მიესალმა და მოახსენა:
– თქვენო უდიდებულესობავ, მთავარქურუმმა მიიღო თქვენი შორუწყისი. ბარანჭაში გელოდებათ, – მარჯვენა ხელით ჰაერი ნაზად გასჭრა, მობრძანდითო ანიშნა და კვლავ დაუკრა თავი.
– კეთილი, – ანას გულგრილი და მკაცრი ხმა ჰქონდა.

დედოფალმა მსახურს უსიტყვოდ თვალ-უყო, რათა ის ესმას საყუდლისკენ გაძღოლოდა. ახალგაზრდა  ბიჭი ხარისხუდეს მიმართულებით მდოვრედ გაცუხცუხდა. მამფონი დინჯი ნაბიჯით გაჰყვა.

მამფონის შესვლისთანავე მთავარქურუმი სავარძლიდან მედიდურად წამოიმართა, გაემართა მისკენ და მლიქვნელური ღიმილი გამოისახა.  ანამ ხელი კვირსად აღმართა და ანიშნა მასპინძელს, შეჩერებულიყო. ესმას სახე ეცვალა, გაურკვევლობა, ეჭვი და გაღიზიანება ერთმანეთში გადაეხლართა. სტუმარმა მედიდური ლიქვთანალით, უსიტყვოდ უთხრა რომ დამჯდარიყო. მწყემსმთავარიც ლეტას უხალისოდ დაემორჩილა.

– რამ შეგაწუხათ, თქვენო უდიდებულესობავ, – მოღუშული სახით ჰკითხა ესმამ.
– ბევრი რამ მაწუხებს, თქვენო უსპეტაკესობავ, მაგრამ ერთი განსაკუთრებით, – მამფონი თავისუფალ სკამზე ისე დაჯდა, ნებართვა მასპინძლისგან არც კი უთხოვია.

მთავარქურუმმა  მსახური დაითხოვა; უსიტყვოდ მიუთითა, ოთახიდან გასულიყო. ბიჭი თვალის დახამხამებაში კვამლივით აორთქლდა.
ანამ თითქოს ფერი იცვალაო, მედიდურობა დაივიწყა, ხმის ჟღერადობაც შეეცვალა – უფრო ლმობიერი, უშუალო და წყნარი ჩანდა.

– მომწყინდა თამაში, – უკმაყოფილოდ წარმოთქვა დედოფალმა.
– შენც ნუღარ თამაშობ, – სასხვათაშორისოდ წარმოთქვა ესმამ და გაუღიმა. დინჯი ნაბიჯით მიაჩოჩა სკამი სტუმართან და დედოფლის წინ დაჯდა, – რა გაგჭირვებია, ჰე, მომიყვები?
– იცი, ხომ ტეონს ომში აგზავნიან?
– კი, ვიცი.
– ისიც იცი ხომ, რომ ეს ომი დაწყებისთანავე წაგებულია?!
– ესეც ვიცი! – მთავარქურუმმა ღრმად ჩაისუნთქა, რაშიც მომავალი იმედგაცრუება იგრძნობოდა, – მაგრამ ჩემგან რას ელი?
– როგორმე უნდა დავიცვათ ჩემი შვილი და შენ უნდა დამეხმარო.
– მე? – გაკვირვებისგან ესმას თვალები გაუფართოვდა, – მე რით შემიძლია დაგეხმარო?
– მეფეზე დიდი გავლენა აქვს რწმენას. რამე მოიფიქრე, თუ გნებავს ღმერთებიც ჩარიე ამ საქმეში, – მშრალად უპასუხა ანამ, თითქოს სათქმელს ბოლომდე არ ეუბნებაო.
– ძვირფასო მეგობარო, – ლივზინეურად დაიწყო მთავარქურუმმა, – ხელმწიფეზე ზეჰშეთის წმინდა წიგნთან შედარებით გაცილებით მეტი გავლენა გაქვს და შენ თუ ვერ შესძელი, მე რაღას მოვახერხებ?!

ანას უკმაყოფილება და სასოწარკვეთა სახეზე გამოესახა. სწრაფად წამოიმართა სკამიდან, მაგრამ ეს არაცნობიერი, უნებური პასუხი იყო უსასოობაზე. შემდეგ, მსთუადად მოეგო გონს და ისევ დაჯდა. შუბლით მარჯვენა ხელს დაეყრდნო, რათა მთავარქურუმისთვის სახე მოერიდებინა. ღრმად ჩაისუნთქა, ესმას შეხედა და გაუღიმა.

– კეთილი, რამეს მოვიფიქრებ, – ისე წარმოთქვა, თვითონაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების, – ახლა ეს მითხარი, ჩვენი საქმე როგორაა, იპოვეთ ვინც მინდოდა?
– ვეძებთ, თქვენო უდიდებულესობავ, ჯერ უშედეგოდ, მაგრამ ვაკვირდებით ათრას აღმოსავლეთს, – თავი გაუცნობიერებლად აღმოსავლეთისკენ გაიქნია, – ზენეათში შეინიშნება საეჭვო მოქმედებები. მთავარქურუმისა და ლეტას მსტოვართა გუნდი სწავლობს ვითარებას... მალე მომახსენებენ, თუ რა ხდება.

ანას თვალებში იმედის ნაპერწკალი გაუკრთა. შვება იგრძნო. ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ხანძრისგან იხსნესო. სიხარულის ღიმი გამოესახა, ესმასკენ მიიწია და ხმადაბლა უთხრა:
– მშვენიერი ამბავია, – ხელები მუხლებზე დაადო, – ძალიან გამახარე, ჩემო მეგობარო. თითქმის გადამეწურა იმედი, მაგრამ ღმერთები ჩემს მხარესაა. დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ჯადოქარს.
– ასეთი პირი უჩანს, – იმედისმომცემად დაუდასტურა მთავარქურუმმა.


                                                                                                                                      3
*შანდაკი - ფართესა და ვიწროს შორის.
*ლუნკვრეობა  - აქ. ავტორიტარიზმი, დიქტატურა, ტირანია.
*ატურეაჰი - თავისუფლება, სილაღე (სარაჰული ენა).


ღამის იდუმალი აჩრდილები რაჰის შუკებს ნაზად ეფინებოდა. მანგის წვრილი ნათება თითქოს ებრძოდა სიბნელის ლანდებს, რომელსაც ფესვები მტკიცედ გაედგა, თუმცა ვერაფრით ახერხებდა მის ამოძირკვას.

რაჰის ვიწრო ქუჩაში ეულად მიმავალ კაცს მრუმე ფერს შეუღლებული მაზარა მოესხა. ვინაობის დასამალად თავზე ჭყვერთი დაეხურა. აქეთ-იქით იხედებოდა, ცდილობდა, გაერკვია ხომ არვინ დადევნებია ან უთვალთვალებდა. ფრთხილობდა.

უცნობი ერთ უგვანო სახლის წინ გაჩერდა. ხის კარს მიუახლოვდა, ორჯერ სწრაფად და დაყოვნების შემდეგ ერთხელ კიდევ დააკაკუნა. 

– რა არის ღვთაებრივი, ამოუცნობი, დაუოკებელი მდინარე? – კარიდან ქალის ხმა ყრუდ მოესმა.
– დრო, – ჩურჩულით უპასუხა სტუმარმა.

ურდულის ყრუ ხმა გაისმა და კარი ხუჭუჭა შავთმიანმა გოგომ გააღო.

– შემოდი, ოსტატო, – გაუღიმა და გვერდით გაიწია. გზა დაუთმო.

უცნობის შესვლისთანავე გარეთ გამოვიდა, მიიხედ-მოიხედა – ვინმე ხომ არ უთვალთვალებდაო, თვითონაც გადაამოწმა – მწირად განათებულ ოთახში შევიდა და კარი საგულდაგულოდ ჩარაზა.

შავმოსასხამიანი ოსტატი შანდაკ  ტალანს გაუყვა. დაკეტილი კარების რიგს გასცდა; ხარისხუდეს მიუახლოვდა და  კიბეს დაბლა ჩაუყვა. მასპინძელს, რომელსაც ძაძის მუქი ლურჯი, მკერდზე ჩახსნილი, მოშიშვლებული საყელოთი და გახსნილსახელოიანი კაბა ემოსა, სტუმარს წინ წარუძღვა; გზას ზეთის სანათით უნათებდა.

– აქეთ მობრძანდით, ოსტატო! – გოგონა მორიდებული ხმით უთითებდა თუ საით წასულიყო, – ყველანი შეიკრიბნენ, თქვენ გელოდებით! – იღიმებოდა,  ყვითელი ცეცხლის აჩრდილთან ერთად მის თვალებში სიხარული ირეკლებოდა.

მადლობის ნიშნად სტუმარმა თავი დაუკრა და მთავარი ოთახის კარი შეაღო.

სარდაფივით ოთახში სხვადასხვა ფერის შუქები ერთმანეთში იღრეოდა. მრავალფერი ნათება სივრცეს ნათელს და ხალას ელფერს ანიჭებდა. იქ თვრამეტამდე ადამიანს თავი მოეყარა და ერთმანეთში საუბრობდნენ. ოსტატის შესვლისთანავე ყველა დადუმდა, შემოსასვლელი კარისკენ გაიხედეს; წამიერი დაყოვნების შემდეგ კი საუბარი ჩვეულებრივ განაგრძეს.

– როგორც იქნა, – შეკრებილთაგან ერთ-ერთი ღიმილიანი სახითა და გაშლილი ხელებით სტუმრისკენ გაემართა, – რატომ არ დამიბნელდება თვალები, ჰა? შენს მაზარას ასხლეტილი შუქი ყველა ერთობლივ ნათებას ჯაბნის, – ბიჭს ხუმრობანარევი ხმაჟღერადობა ჰქონდა.
– დილით არ იყავი ჩემთან? – გაეცინა სტუმარს, – ისე მესალმები, თითქოს დიდი ხანია არ გინახივარ.
– შენთან შეხვედრა, ხომ იცი, ამ ბედკრული ცხოვრების ახალი ფურცელია,  – ბოლო სიტყვებზე სახე ხელოვნურად დამანჭა, თითქოს განიცდისო.
– ეჰ, ოაში, როგორც ყოველთვის ოხუნჯობ, – ოსტატმა ჭყვერთი გადაიძრო, – როდის უნდა დადინჯდე? რა, დედა არ გსაყვედურობს? – ტუჩის კიდეებით გაიღიმა და მეგობარს მოეხვია.
– ასტერონ, შენგან განსხვავებით, მშობლები მე ნაკლებად მსაყვედურობენ. ასე არ არის? – ოაშიმ მხარზე ხელი დაადო, – წამოდი, დავიწყოთ!

ოაშის ქერა თმა ოთახის შუქზე განსაკუთრებით ბზინავდა. ცისფერი თვალები სხივებს უჩვეულოდ ირეკლავდა. შუბლი მაღალი უჩანდა, რადგან წარბები არ ჰქონდა, მაგრამ თუ ამაზე ყურადღებას თვითონ არ გაამახვილებდა, ვერავინ ამჩნევდა. განიერ მხრებზე შინდისფერი მაზარა მოესხა. ტანთ  ყურთმაჯიანი ტინარშუჰული ლერექუ ემოსა.

– დავიწყოთ?! – ოაშიმ მხიარული ხმით ყველას მიმართა.

შეკრებილი ოსტატები დაეთანხმნენ; საუბარი შეწყვიტეს და წრეზე განლაგებულ ოც კველაზე დასხდნენ. ყველა დუმდა, ასტერონს შესცქეროდა – ისინი ელოდებოდნენ მთავარი ოსტატი მნიშვნელოვან საკითხზე საუბარს როდის დაიწყებდა.

მეფისწულმაც არ დააყოვნა, ჩვეული ხმით დაიწყო:
– მოგახსენებთ, სარაჰის გრიამ ვერიოსელებთან ომის განახლება გადაწყვიტა, ხოლო ხელმწიფის საბჭომ დაადასტურა, – უფლისწულს უხალისო ხმა ჰქონდა.

ოთახი ჩურჩულის ხმაურმა მოიცვა. ზოგი გაბრაზებას ვერ მალავდა, სხვებს ნაღვლიანი გამომეტყველება და გაოცებული თვალები ჰქონდა.

ასტერონმა ხელის გაშლილი მტევანი აღმართა, რათა თანამეინახენი დაემშვიდებინა და განაგრძო:
– ჩვენი ოხარი თავისუფალ ადამიანთა გაერთიანებაა; იგი შეიქმნა, რათა ბოლო მოუღოს სარაჰის დიდებულთა, ერისთავთა ბოგინს, – თანხმობის ნიშნად ოსტატებმა თავი დაუქნიეს, – ჩვენი მიზანია, ძალაუფლება ხალხს მიეცეს და ჩვენ ჩრდილოელ თანამოძმეებთან არაფრისმომცემი ომი, ერთხელ და სამუდამოდ, შეწყდეს.

აღტაცებული თანხმობის ნიშნად ყველამ ხმამაღლა, ერთდროულად წარმოთქვა სიტყვა „დიახ“.

– სარაჰის გრია, – განაგრძო უფლისწულმა, – არაფრის მაქნის დაწესებაა, აკეთებენ იმას რაზეც წინასწარ თანხმდებიან და ერისთავთა მისწრაფებების აღსრულების იარაღად გადაიქცა...

ასტერონს სიტყვა მარცხნივ მჯდომმა შეაწყვეტინა:
– ვერ დაგეთანხმები, ასტერონ, – შავგვრემანმა, ურასელმა ახალგაზრდა გოგომ მიმართა, რომელსაც ხუჭუჭა თმა და ყავისფერი კანი ჰქონდა, – სარაჰის დიდი კრება შენი წინაპრების მნიშვნელოვანი ქმნილებაა, მაგრამ მასში ყველა არ მონაწილეობს, მხოლოდ დიდებულნი. ეს არის მისი ნაკლი, ეს არის გამოსასწორებელი, რადგან ჩვეულებრივ ადამიანებს – ვაჭრებს, ხელოსნებს, ხაბაზებს, ხარაზებს – არავინ ჰკითხავს, თუ რა არის მნიშვნელოვანი მათთვის. მხოლოდ შირტელსეშ-მეტაჰსა და მილინისშია ნამდვილი სახალხო წარმომადგენლობითი დარბაზობები...

– მართალი ხარ, ანაკინ, ჩვენც ამის შეცვლა გვინდა... – საუბარში ანაკინის გვერდით მჯდომი რაჰელი ყმაწვილი ჩაერთო.

– ზუსტად, – ანაკინმა რაჰელს უკმაყოფილო მზერა ესროლა, – მეც მაქეთკენ მივდიოდი; იქნებ მეფის წინააღმდეგ ბრძოლას ჯობდეს, ჩვენი უფლებების აღიარებისთვის ვიბრძოლოთ, რადგან ერთ თვითმპყრობს მეორე ენაცვლება ხოლმე, როგორც ეს გასულ საუკუნეს ტინარშუჰის დიდი არეულობისას მოხდა.
– მეფე მჩაგვრელთა ერთობას წარმოადგენს; მჩაგვრელებს კი მშვენიერი სახელი, სარაჰის სახელმწიფო ჰქვიათ, – წარმოთქვა დინჯი ხმით ასტერონმა, – შეუძლებელია გველის მოკვლა მხოლოდ კუდის მოჭრით.
– შენც მეფე გახდები, ოსტატო, – წვრილი აღელვებული ხმით, ფართო გაღიმებულ სახით მიმართა შავთმიანმა გოგომ, რომელმაც კარი გაუღო.
– შესაძლოა ჩემი ზეობა არც მოხდეს, ლიცია, – ლმობიერი ღიმილით უპასუხა მეფისწულმა, – მე ამის სურვილი არ მაქვს.

ოაშის სახეზე აღელვება დაეტყო, არ მოელოდა მეგობრისგან ამდაგვარი განაცხადის გაკეთებას – მასთან არასდროს უსაუბრია მისი გამეფების შესახებ. ყმაწვილმა შუბლი მოიფხანა, ისე დაიკრიჭა ეტყობოდა, აზრებს უყრიდა თავს, შემდეგ მაღალი ხმაჟღერადობით უფლისწულს მიმართა:
– იქნებ ანაკინს დავუჯეროთ, ოსტატო, იქნებ სჯობდეს, თვითონ შეცვალო ის, რასაც ვებრძვით. უფრო მარტივი იქნება შიგნიდან დაიმსხვრეს ის ჯაჭვი, ყველას მონებივით ყელზე რომ შემოგვხვევია?!

ოაშის სხვებიც დაეთანხმნენ.

ასტერონმა გულისყურით მოუსმინა ყველას, შემდეგ კი ლივზინეური ღიმილით დაიწყო:
– ერთ ამბავს მოგიყვებით, დარიელთა გასაგისის დამაარსებლის, ფარტაძის შესახებ...

შეკრებილებმა მზერა ასტერონისკენ მიაპყრეს. ოსტატს ცნობისმოყვარე გამოხედვით შეაცქერდნენ. იცოდნენ, რომ მჭერმეტყველებაში ბადალი არ ჰყავდა, მის მიერ მონათხრობი ამბები მაშინვე იპყრობდა მსმენელის გულს, ამიტომაც ოსტატებმა ცქვირინისეული გულისყურით დაიწყეს მისი მოსმენა.

ოთახში მხოლოდ მტვრის ნაწილაკების ყრუ ხმა ისმოდა, რომელიც ადამიანთა სუნთქვასთან ერთად გრიგალივით დატრიალდებოდა, დაიპყრობდა სივრცეს, ხოლო შემდეგ მშვიდად ეფინებოდა იატაკსა თუ ოსტატთა მოსხმულ მაზარებს.

– როდესაც ალჯანეული დარეთის მტრად გამოცხადდა, ამ წამოწყებას მხოლოდ გარუთ-ჟაჰმა დაუჭირა მხარი. სარაჰის თრაგონმა მეფე ატრაქსემ ქვეშევრდომთა ვედრება ყურად არ იღო და იქცეოდა ისე, როგორც ღმერთი მყარმიწაზე, – ასტერონმა თავი ჩაქინდრა, თითქოს უპატიებელი ცოდვის აღსარებას აპირებსო, – აჯანყებულ დარეთს, გარუთ-ჟაჰის მუქარანარევი მოწოდებით დამფრთხალი ურასიც შეუერთდა და ათრას საგვირგვინო ალყაში მოაქციეს. ირისტელებთან დამოყვრებულმა ბეჲაშებმა იქრისიც ჩააბეს ძმათამკვლელ ომში და თრაგონი მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს. სიცოცხლესაც გამოასალმეს...
– ეგ ამბავი წიგნებიდანაც კარგად ვიცით, ასტერონ, – შეაწყვეტინა ჟღალთმიანმა ბიჭმა, რომელსაც სწორი აწკენტილი ცხვირი და მედიდური გამოხედვა ჰქონდა.

დანარჩენმა ოსტატებმა, ჰომერის კვირსა გამოხედვას საკუთარი მზერა დრტვინვით შეაგებეს.  ყმაწვილმა დაიმორცხვა და უთქმელად მოიხადა ბოდიში  – თავი დაუკრა უფლისწულს და უხერხულად გაუღიმა. 

მეფისწული ჰომერის საქციელზე არ გაჯავრებულა, გაუღიმა და პასუხად თავი დაუკრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი მობოდიშება ოსტატმა მიიღო.

– მართალია ჰომერი, – ასტერონმა თხრობა განაგრძო, – ეს ამბავი ყველამ ვიცით, მაგრამ შედეგებზე არ დავფიქრებულვართ. არავის გვასწავლიან, რომ ატრაქსეს ვაჟი, ტახტის მემკვიდრე, მეკობრეებს მიჰყიდეს, დედოფალი სესილი კი, ქალიშვილ სელიასთან ერთად, გაუჩინარდა და რა ბედი ეწიათ არავინ იცის.

ასტერონის მონათხრობმა ოსტატები გააოცა: ზოგს გაოგნებისგან პირი დაეღო, ზოგი კი უფლისწულს გაფართოებული თვალებით შესცქეროდა.

– რაც გამოიწვია აჯანყებამ და თვითმპყრობი ატრაქსეს მკვლელობამ, – მეფისწულმა ბოლო სიტყვა თამამი ხმაჟღერადობით წარმოთქვა, რადგან სარაჰში და, განსაკუთრებით, რაჰში თრაგონთა უბედურებაზე ხმამაღლა საუბარს თავს არიდებდნენ, – ერთი ბოროტება მეორეთი შეიცვალა და ლუნკვრეობა  დამყარდა. ისევ გაგრძელდა მორჩილებადაჩვეული ხალხის მონობა. ერთ დროს თავისუფლებისთვის მებრძოლი, თვითონ გახდა ძალაუფლების ტყვეობის მსხვერპლი და უარესი მმართველი.
– შენც გეშინია, რომ ლუნკვრეობის ხიბლმა არ შეგიპყროს, არა ოსტატო? – აღტყინებული მიმართა ლიციამ.
– მართალი ხარ, – კვერი დაუკრა უფლისწულმა, – როცა ძალაუფლება კლანჭებს ჩაგავლებს, საკუთარი ხიბლისა და მკლავებ ქვეშ მოგაქცევს, მის მათრობელა ვაჟინს შეიგრძნობ თუ არა, დარანასავით მოგეკიდება და ტყვეობისგან მხოლოდ სიკვდილი გაგათავისუფლებს.
– ნუ გეშინია, ასტერონ, – მხიარული და სიცილნარევი ხმით მიმართა ოაშიმ, – ჩვენ არ მოგცემთ ამის უფლებას, არ დაგანებებთ დაივიწყო საკუთარი მოწოდება.

მადლიერების ნიშნად მეფისწულმა გვერდზე მჯდომ მეგობარს მხრებზე ხელი რბილად დაარტყა და იმედიანი გამოხედვით უპასუხა:
– ეჭვიც არ მეპარება, ოაში! ვიცი, „ატურეაჰი “ არ უღალატებს საკუთარ გზას და თავისუფლების ნავიდან ძალაუფლების ზღვაში გადახტომას არ მაპატიებს.

                                                                                                                                      ***
*დვრეუ (სვან.) - დრო. აქ. სეზონი.


შემოდგომა ცვალებადია რაჰში. ზაფხულისგან დარჩენილ სითბოს სიგრილე ებრძვის, შემდეგ კი ცივს თბილი ამინდი ხანგრძლივად ენაცვლება, ვიდრე ათრას სამთავროს გარდასვლისთვისას სიცივე სრულად არ მოიცავს.

შუა ენკენისთვეს აგრილდა. მომწვანო ზღვა შუადღის მზის მიერ ნასროლ სხივებს ხარბად შთანთქავდა და საღამო ხანს ხმელეთს მეგობრულად უნაწილებდა.

ასტერონი დედოფალ ანასთან ერთად სასახლის ბაღში სეირნობდა. შემოდგომის ზომიერი, გრილი ამინდი სეირნობას უჩვეულოდ საამოს ხდიდა. დედა-შვილი სუფთა ჰაერითა და დღის კეთილგანწყობით ტკბებოდა.

დედოფალსა და უფლისწულს მეფე მიუახლოვდა. მიესალმა. ასტერონი დედის ხელკავისგან გათავისუფლდა და მამას მცირედ დაუკრა თავი.

– კარგია, რომ ერთად ხართ, – ალთიონმა გაიღიმა და შვილს გახედა, – მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გესაუბრო, – მეუღლეს იჭვნეულად გადახედა, – რა თქმა უნდა, დედაშენმა თუ არ გითხრა უკვე.
– რა უნდა ეთქვა? – ასტერონმა გულწრფელად გაიკვირვა.

ანამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და მეფეს მიმართა:
– როგორც მოვითათბირეთ, ერთად ვეტყვით.
– კეთილი, –  ხელმწიფემ გაიღიმა და ხელით ფანჩატურისკენ მიუთითა.

მამფონნი სკამზე ჩამოსხდნენ.

ფანჩატურს უკან ტირიფი ხარობდა. მცენარეს საკუთარი გრძელი ტოტები ტალავრის სახურავზე სათუთად გადმოეფინა. გვერდით გერელეის წვრილტოტიანი ხე ხარობდა; საშუალო სიმაღლის ხეზე ყვითელფურცლიანი ყვავილები იასამანს მოგაგონებდათ. გერელეი მხოლოდ ერთი თვე ხარობს, სკიჯაჰიონის თვის ბოლოდან ენკენისთვის ბოლომდე, რომელიც ენძელასა და ყოჩივარდას სურნელს აფრქვევს.

მეფემ ღრმად ჩაისუნთქა და მხიარული ხმით უფლისწულს მიმართა:
– ბაბუაშენს, გიორგის, იმდენად უყვარდა ეს ყვავილი, – მასთან ახლოს მდგომ ხეზე ზანზალაკივით შეკიდულ გერელეის ნაზად მოეფერა, – ერთხელ გადაწყვიტა, დარიელთა საგვარეულო ნიშნად ექცია – განსაკუთრებით მოსწონდა ყოჩივარდას სურნელება, ამიტომაც ენკენისთვის ბოლოს იცოდა ხოლმე აქ სეირნობა, – თავი ჩაქინდრა, ალთიონის მღელვარება, რომელიც მშობლების მონატრებისგან იყო გამოწვეული, შესამჩნევი გახდა.
– მე სკიჯაჰიონის ბოლოს, ხასხასა ყვითელი ფერი და ენძელას სურნელი მიზიდავს, –  ანამ შვილს გაუღიმა, – ენკენისთვის შუა რიცხვებიდან, როცა უკვე იკარგება ჩემთვის საამო სურნელი, აქ არასდროს გამოვდივარ.
– მართალია, – ალთიონს გაეღიმა, – ამიტომაც ვერ ვუგებთ მე და დედოფალი ერთმანეთს, მაგრამ მთავარი ეგ არ არის.

ანამ ასტერონს ლოყაზე ნაზად მოეფერა და დედობრივი სიყვარულით გაუღიმა.

– რა არის მთავარი, მამა? – მეფისწულს ხმაში მოუთმენლობა შეეტყო, – რისთვის მოვაწყვეთ ოჯახური თავყრილობა?
– სწორია, სჯობს გითხრათ, რაშია საქმე, − მეფემ ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო,  − მალე რაჰს იქრისის ერისთავისასული ეწვევა...

ასტერონი უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო – აღელდა, მაგრამ არ იმჩნევდა – ისეთივე შეგრძნება ჰქონდა, სიზმარში ადამიანი რაღაცისგან გაქცევას რომ ცდილობს და ვერ გაურბის.

– გასაგებია, – მეფისწულმა მრავლისმეტყველად წარმოთქვა, შეეცადა ხმაში ბზარი არ დასტყობოდა და ნერწყვი გადაყლაპა, – მე უნდა ვუმასპინძლო? დიდი სიამოვნებით!
– მიხარია, რომ მასპინძლობისთვის მზაობა გამოთქვი, თუმცა ეგ არ არის საკმარისი. ევრიპა სასეირნოდ არ ჩამოდის. სახელმწიფოებრივი სტუმრობაა, ერისთავ ატროსთან შეთანხმებულია ყველაფერი...
– სახელმწიფოებრივი? – იჭვნეულად იკითხა უფლისწულმა და დედოფალს გახედა. შენიშნა, რომ ანა მღელვარების დაფარვას ცდილობდა. ასტერონი უკვე ყველაფერს ხვდებოდა.
– დიახ, სახელმწიფოებრივი, – გაიმეორა ალთიონმა, – გადაწყვეტილია უკვე, ომის დასრულების შემდგომ იქორწინებთ, – თინჩი ხმითა დაასრულა და მტკიცე მზერით გახედა შვილს.

უფლისწული რამდენიმე წამი გახევებული შესცქეროდა მეფეს. შემდეგ სწრაფი მოქმედებით წამოიმართა და ორი ნაბიჯი უკან გადადგა.

– ეგ შეუძლებელია! – მთრთოლვარე ხმით წარმოთქვა.
– ეს გადაწყვეტილია, – ალთიონმა მტკიცედ და ხმამაღლა უთხრა.
– რატომ, მამა? – ასტერონს სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა, –  თქვენ სიყვარულით შეუღლდით, მე კი ცოლი გარიგებით უნდა შემრთოთ?
– როდესაც ალთიონი გარუთ-გალაჰს ესტუმრა, არ გვიყვარდა ერთმანეთი. ივარის ნათება კარგად გაცნობის შემდგომ შემოგვეპარა.
– თქვენი ქორწილი თავიდანვე გადაწყვეტილი არ იყო, მამამ თქვა საბოლოო სიტყვა. ჩემი კი უკვე გადაწყვეტილია.

დედოფალმა შვილს თვალი აარიდა, არ იცოდა რა ეპასუხა.

– შენ ტახტის მემკვიდრე ხარ, – მშვიდად მიმართა ალთიონმა, – ჩვენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია, ხაზინას სახსრები არ ჰყოფნის, ახლა კი ეს ომიც დაემატა. ირისტელები მზად არიან გვირგვინს დაეხმარონ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც შენ თქვი, გარიგებაა. სხვაგვარად ჩვენი გასაგისი ისევე გაუჩინარდება, როგორც თრაგონები.
– მე ვარ დარიელების ხსნა? იქნებ სჯობდეს, სამამფონო საერთოდ გაუქმდეს და საკუთარი ბედი ხალხს მივანდოთ?! მათ გადაწყვიტონ, დაიწყოს თუ არა ომი, – შეუპოვრად წარმოთქვა და მამას თვალებში ჩააცქერდა.

უფლისწულის ფიქრებმა მეფე-დედოფალი განაცვიფრა. პასუხისთვის სიტყვებს ვერ ჰპოულობდნენ. რამდენიმეწამიანი დაყოვნების შემდეგ მეფე უეცრად ახარხარდა.

– ხუმრობ ხომ?! – მუცელზე ხელი მოეკიდა და ხმამაღლა იცინოდა, – ნამდვილად ხუმრობ! ასეა, არა, ჩემო დედოფალო?!

ანა მიხვდა, ასტერონი სითინჩით ლაპარაკობდა. არ იცოდა,  ქმარი მოეტყუებინა და შვილი მისი რისხვისაგან დაეცვა, თუ სიმართლე ეთქვა. დაბეჯითებით ერთი რამ იცოდა,  გასაგისისა და ოჯახის ღალატს ალთიონი არავის აპატიებდა. ამიტომაც ანა შეეცადა ვითარება განემუხტა, უფლისწულს მიუახლოვდა, ხელკავი გამოსდო და ქმარს მიიმართა:
– რა თქმა უნდა ხუმრობს, ჩემო მთვარევ, დავაცადოთ უფლისწულს, ეს ყველაფერი გაიაზროს. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ალთიონს შეუბრალებელი გამომეტყველება ჰქონდა. ისეთი სახე მიიღო, მისი შემყურე, ადამიანს შიში აიტანდა.

– მომისმინე, კარგად დამიგდე ყური! – საჩვენებელი თითი მეფისწულისკენ გაიშვირა, – იცოდე, ძალიან მიყვარხარ, საკუთარ სიცოცხლეზე მეტადაც, მაგრამ ჩვენი გასაგისის დაღუპვას არავის ვაპატიებ. დარიელთა გვარს შენ გამო  თუ რამე მოუვიდა, მაშინ... – მეფემ არ დაასრულა სათქმელი, შვილს მხოლოდ მუქარანარევი მზერით შეაცქერდა.

ასტერონი მიხვდა, მეფეს რისი თქმაც უნდოდა. შიშმა აიტაცა, მამას ასეთი გამომეტყველება მასთან საუბრისას არასდროს ჰქონია. 

– ნუ ღელავ, ალთიონ, ვაცადოთ უფლისწულს!

დედოფლის წკრიალა ხმამ მამა-შვილს შორის ჩამოვარდნილი წამიერი დაძაბულობა გაფანტა.

– კეთილი, – დაეთანხმა მეფე, – აღარ მოგაცდენთ!

ალთიონმა ფანჩატური დრტვინვითა და გაბრაზებული სახით დატოვა და სასახლის სქელ კედლებს მიღმა გაუჩინარდა.

– მომყევი, – ანამ უფლისწულს დინჯი და მძიმე სახით უთხრა და ხელით ანიშნა.

ასტერონი უსიტყვოდ დაჰმორჩილდა. დედოფალი ტახტის მემკვიდრეს სასახლის სამხრეთის ფრთისკენ გაუძღვა. დიდ სვეტებს გასცდნენ, ბოძზე სახელმწიფოს სხვადასხვა კუთხის რაინდები გამოექანდაკებინათ, ისინი ამაყად იხედებოდნენ და მათი მხარისათვის დამახასიათებელი აბჯარი ემოსათ.

– ტახტის მემკვიდრე ხარ, ღმერთების გულისთვის, ასტერონ! – დედოფალს გაბრაზებული ხმა ჰქონდა.

ანას სვლა არ შეუჩერებია  – წინ აჩქარებული ნაბიჯით მიიწევდა. შიგადაშიგ, გაჯავრებული გამოხედა შვილს, რომელიც დედას დუმილით მისდევდა.

– სახალხო მმართველობა მოგინდა სარაჰში, არა? – თავი გააქნია და დამცინავად ჩაიღიმა, – ტინარშუჰშიც კი სახალხო მმართველობა მამფონებმა ჩაანაცვლეს, გადახედე საერისთავოებს, ვინ მისცემს ხალხს იმას, რაც შენ გინდა, − დედოფალი რამდენიმე წამით დაყოვნდა, შემდეგ ასტერონს მკაცრი ხმაჟღერადობით მიუბრუნდა, −წამოდი, ნამდვილ ამბავს მოგიყვები, ამის შესახებ არავის სმენია... თრაგონების გადაშენებაო თქვა მამაშენმა... არ გინდა გაიგო, აჯანყება როგორ დაიწყო?!

დედოფალმა მარჯვნივ გაუხვია და მდუმარე, ბნელ ტალანს მიადგა.

– მომაწოდე ლამპარი, − ანამ კედლისკენ მიუთითა.

ასტერონმა სანათი გაუწოდა და ცნობისმოყვარეობის გრძნობით შეპყრობილი დედას გაჰყვა. რაც უფრო სიღრმეში მიდიოდნენ, სიცივე მით უფრო მატულობდა, თითქოს მათ სიკვდილი უახლოვდებოდათ.

ანა ჩარაზულ კართან მივიდა. ლამპარი შვილს გაუწოდა. ასტერონმა ლითონისა და მინის სანათი მაღლა შემართა, რათა დედას უკეთ დაენახა, თუ რას აკეთებდა.

– გასაღები არ გინდა? – უფლისწულმა გაკვირვებით ჰკითხა.
– ამ სასახლეში ისეთი კარებიც არსებობს, რომელთაც გასაღები არ სჭირდება! – სახელურის გვერდით კედელს გულმოდგინედ ათვალიერებდა, – აი, ვიპოვე! – ანამ გახარებით წარმოთქვა და კედელს ხელი მიაჭირა.

კედლიდან ურდულის გადაწევის ხმა მოისმა. კარი თავისით, ხრიალით გაიღო. დედოფალმა შვილს  კანდელი გამოართვა. მარჯვენა ხელი წინ გაიწვდინა და ოთახი შეათვალიერა. თავი გააქნია – შვილს ანიშნა მიჰყოლოდა – და ბნელ ოთახში გაუჩინარდნენ.

– სად ვართ? – დაბნეულად იკითხა უფლისწულმა.

ოთახში ციოდა. ობის სუნი იდგა. საიდუმლო ბარანჭაში შუქის მოფენისას, ასტერონმა დაინახა, რომ სქელი, ნაცრისფერი კვამლი ქარბუქისას აცეკვებული ფოთლებივით გაიფანტა, თითქოს ამოუცნობი ბოლი ჩურჩულის ხმით ერთი მიმართულებით, ოთახის მეორე ბოლოსკენ გაემართა. ასტერონმა გაიფიქრა, მომეჩვენაო, და იქაურობას თვალი ხელმეორედ მოავლო. სინათლეში უფლისწულმა მრავალი თარო და სამი სამკითხველო მაგიდა ცხადად დაინახა. გრძელ მაგიდებზე ჩამქრალი კანდელები იდო.

– აქ მეფესაც არ დაუდგამს ფეხი, არც ერთს, – ანა თითქმის ჩურჩულით ეუბნებოდა, – ამ საიდუმლო ოთახის შესახებ მხოლოდ ლეტა-დედოფლებმა იციან. ეს საიდუმლო თაობებს ადათივით გადაეცემა. მე დედოფალმა ლეჲამ, მას დედოფალმა ლიკენიამ გაანდო, მე კი შენს მეუღლეს ვეტყვი.

ანამ ლამპარი შვილს მიაწოდა და მიანიშნა, რომ კედელზე დაეკიდა. დედის მითითება ასტერონმა  მოჯადოებულივით შეასრულა.

– მაგიდას მიუჯექი, – დედოფალმა უთხრა და თან თაროებზე გრაგნილებს ათვალიერებდა, – ლეტას შესახებ უნდა გიამბო. ყველაფერი უნდა გიამბო!
– ფიქრობ აზრს შევიცვლი? – ასტერონმა იჭვნეულად ჰკითხა.
– ვფიქრობ?! – დედოფალმა ჩაიღიმა, – არა, – თავი გააქნია, – დარწმუნებული ვარ!
– კეთილი, – უფლისწულს ცქვირინი დაეუფლა, – მაშ, მიამბე!
– დამელოდე, ვიპოვი გრაგნილს... – ანა ძებნას აგრძელებდა, – აი, ისიც!

ჭილის ფურცელი გაშალა. შემდეგ ისევ დაგრაგნა და უფლისწულს გაუწოდა.
– წაიკითხე, შემეცნებითია!

დედოფალმა მაგიდიდან ჩამქრალი ლამპარი და კვარი აიღო. კედელთან მივიდა, სადაც სანათი ღაჟღაჟებდა. ჭურჭლის კარი ფრთხილად გამოაღო, რათა ცეცხლი არ ჩამქრალიყო და კვარის გრძელი ღერი შეაცურა. როცა დარწმუნდა, რომ ცეცხლი მოეკიდა, ნაზად გამოიღო და კარი ფრთხილად დახურა. ჩამქრალი კანდელის პატრუქს ცეცხლი მოუკიდა. აგიზგიზებული ჭურჭელი უკან, მაგიდაზე დააბრუნა.

– რა არის, – ასტერონმა გრაგნილი მაღლა შემართა, – რა ჩაიფიქრეთ, დედოფალო?!
– დამიგდე ყური და ეგ ლივზინეური ღიმილი სახიდან მოიშორე! – მკაცრად უთხრა ქალმა, – ორი ვაჟი მყავს, ორივე საკუთარ თავზე მეტად მიყვარხართ, სახელმწიფოზე და წოდებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი თქვენ ხართ. ვერც ერთის დაკარგვას ვერ გადავიტან, ჩემი სულის ნაწილები ხართ. გაფრთხილდი, ისე არ მოხდეს, რომ მამაშენს შენ მიმართ ნდობა დაეკარგოს, – დედოფალმა თავი მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელ თითებს შორის ჩარგო, რამდენიმე წამი დაყოვნდა, შემდეგ შვილს მეტი შემართებით მიმართა, – ის მეფეა, თან დარიელთა გასაგისის წარმომადგენელი. რაც მოგეცი კარგად წაიკითხე  და  რასაც გეტყვი კარგად მომისმინე!
– გისმენ, დედა! – უფლისწული გულწრფელი იყო, ცქვირინით ელოდა, დედოფალი რას ეტყოდა.
– ყველამ ვიცით, თრაგონებს რატომ აუჯანყდნენ. ხომ ასეა?!

უფლისწილმა თანხმობის ნიშნად კვერი დაუკრა.

– ყველას ჰგონია, რომ მეფე ატრაქსე და დედოფალი სესილი თვითმპყრობი მამფონები იყვნენ, განსაკუთრებით კი მეფე, რომელიც თითქოსდა სახელმწიფოს ლუნკვრეობით მართავდა. სიმართლე კი ამ საცავში ინახება, აქ არის დაცული მნიშვნელოვანი წყაროები, რასაც საუკუნეების განმავლობაში ლეტათა მრავალი თაობა აგროვებდა.
– ეგ ცნობილი ამბავია, აჯანყება ალჯანეულის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო. ეგრე არ არის? – გაკვირვებით ჰკითხა ასტერონმა.

– ეს მხოლოდ საბაბი იყო, მიზეზი სხვა რამ გახლდა. უფლისასული ქრისტინე თრაგონი დარიელი ერისთავისწულისთვის იყო დანიშნული. როცა მეფის ასული თექვსმეტი წლის გახდებოდა, ქორწილიც უნდა გამართულიყო. მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, ქრისტინემ სხვა ინდომა. ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, როდესაც ერისთავი, კანდრეუ და ერისთავისწული რაჰისკენ მოემართებოდნენ, ათრას სამთავროში მათ თავს დაესხნენ და ამოხოცეს. რა თქმა უნდა, დამნაშავე მალევე დააკავეს და მეფემ კალას ახალ ერისთავთან, ფარტაძთან, წარგზავნა. ადათის თანახმად მისი სისხლი დარიელებს ეკუთვნოდათ. დაკითხვისას გაირკვა, რომ მკვლელი ჯადოქარი იყო, რომელიც თურმე ქრისტინეს დავალებით მოქმედებდა.
– ეგ სიმართლეა?

დედოფალმა თავი იჭვნეულად გააქნია.

– არავინ იცის, თუ რა მოხდა კალაში – დამნაშავე როგორ დაკითხეს, სიმართლე თქვა თუ არა – მაგრამ ყველაფერში უფლისასული დაადანაშაულეს.
– ჩვენ რატომ არ გვასწავლიან?
– როგორ ფიქრობ, რომელი გასაგისი შეეჭიდება დროს, როცა საკუთარი ხელმწიფობა შურისგებაზეა ნაშენები?! – მრავლისმეტყველად ჰკითხა ანამ, – ხალხს ის უნდა ასწავლო, რაც შენ გარგია. მატიანე მამფონთა ხარჭაა, როგორც გინდა ისე დაწერ.

ასტერონს პასუხი არ ჰქონდა. მხრები დარცხვენილი მოსწავლესავით აიჩეჩა და დედას ცნობისმოყვარეობით შეაცქერდა.

– შემდეგ რა მოხდა?
– ფარტაძმა უფლისასულის ტყვედ წარგზავნა და ჯადოქრებისთვის მძიმე კანონთა დაწესება მოითხოვა. ატრაქსემ დარიელების ელჩი უარით გაისტუმრა. ბუნებრივია, საკუთარ შვილს ვერ შეელეოდა. ამის შემდეგ დარეთის ერისთავს დიდი დრო არ დასჭირვებია, რათა სარაჰის საერისთავოებში აჯანყების მარცვალი დაეთესა, რამაც ნაყოფი სწრაფადვე მოისხა; ძმათამკვლელი ომი ათი დვრეუ  გაგრძელდა. შენც კარგად იცი მერე რაც მოხდა...
– მე ევრიპა ცოლად რომ არ მოვიყვანო, ჩვენს გვარს, გასაგისს, სამეფოს იგივე დაემართება? – გულუბრყვილოდ იკითხა ასტერონმა.
– ოჰ, ძვირფასო, – ანა ნაღვლიანი მზერით მიაჩერდა შვილს, რომლის სახეზეც ლამპრის მქრქალი შუქი ხტოდა, – მეფე არ დაუშვებს, რომ მისი გასაგისი თრაგონებივით დაიღუპოს. ხომ გახსოვს რაც გითხრა? აშკარაა, ურჩევნია მოკვდე, ვიდრე დარიელთა გვარს რამე დაემართოს... არა მგონია, ალთიონმა ისეთივე სულგრძელობა გამოიჩინოს, როგორც ატრაქსემ საკუთარი ქალიშვილისადმი.
– გასაგებია, – უფლისწულმა დაღონებული სახით, თითქმის ლუღლუღით წარმოთქვა.
– წაიკითხე, ბევრს ისწავლი. იქნებ სახალხო მმართველობის აზრებიც ამოიგდო თავიდან.

დედოფალმა კანდელის კარი გამოაღო,  ცეცხლს სული შეუბერა და ჩააქრო. შვილს, წავედითო, უთხრა  და კედლიდან ლამპარი ჩამოხსნეს.
მარტოსული გრაგნილებით სავსე საიდუმლო ბარანჭა ისევ სიბნელემ შთანთქა.


                                                                                                                                      ***

*სტრერეი - კვირის ბოლო დღე.
*ასასი - ღამის დარაჯი.
*ღვინალი (სვან.) - აქ. ცხელი ღვინო –  მშრალი წითელი ღვინო, დარიჩინის ჩხირი და ლიმონი.
*ლუხარი (სვან.) - თავსასთუმლიანი ძელსკამი.
*შართქვინი (სვან.) - საბანი. აქ. პლედი.
*ფაფრანჯ-ნიშუობა - არმადა (ფაფრანჯი - სვან. დიდი ძალ-ღონის მქონე).
*გრგენა - მძაფრი ფიზიკური შეგრძნება.
*ინოსვირინი- ტანკენარის ნარნარი.
*საზარსიზმარი - კოშმარი.
*აკრა (მეგრ.) აქ. პლაჟი.
*არხა-ღადო - მიუვალი კლდოვანი მთა.
*გილმაზინდალ (მეგრ)- მზიდავი. აქ. კონტრაბანდისტები.
*შუათი (სვან.) - თლილი, ფიქლის მაგვარი ქვა. აქ. კრისტალი.
*თბოხარისხი - ტემპერატურა.
*თრაჟალონები - გველეშაპების მხედრები (სარაჰულად).


– გასულ სტრერეის  უნდა ჩამოსულიყო მისი ბრწყინვალება, – გაღიზიანებული ხმით, თითქოს ჩხუბობსო, ასტერონმა გული გადაუშალა ოაშის, – როდის დაგვდებს პატივს და გვეწვევა?
– მე ნუ მეჩხუბები! – გაღიმებული, ოდნავ წვრილი ხმით მიუგო მეგობარმა, – ჩემი ბრალი არ არის, იმ გოგოს ცოლად შერთვას რომ გაიძულებენ.
– ჰო, ვიცი, ვიცი! –  ასტერონმა ისე წარმოთქვა, თითქოს მისთვის საუბრობდეს, – მაპატიე, მეგობარო, – გულწრფელად მოუბოდიშა.
– ხომ იცი, ორი თვე მაინც სჭირდება აისიდან დედაქალაქში ჩამოსვლას, – ერისთავისასულის დაგვიანება ოაშიმ მისდა უნებურად გაამართლა, – ჩრდილოეთში ალბათ მოთოვა კიდეც, გარდასვლისთვე იქრისელებისთვის მეტად მძიმეა.

ასტერონმა მეგობარს გაკვირვებული მზერა ესროლა. შემდეგ, თითქოს ყველაფერი გადახარშაო, მხიარული ხმაჟღერადობით ჰკითხა:
– არ გინდა, იქრისელების მზე, ცოლად შენ მოიყვანო?

ოაშიმ გულიანად გადაიხარხარა, უფლისწულს მხარზე შემოსხმულ ქურთუკზე ხელი დაადო. შეჩერდნენ. ყმაწვილი ასტერონს წინ გადაუდგა.

– რა თქმა უნდა, მოვიყვან, იქრისშიც კი გავყვები, – თინჩი გამომეტყველება მიიღო, თითქოს არ ხუმრობსო, – მაგრამ ჩემ გარეშე რა გეშველება, მშობლებზე გულს როგორ მოიოხებ, – დაასრულა და კვლავ გულიანად გადაიხარხარა.
– გეყოფა ღლაბუცი, ოაში! – მეფისწულმა ღიმილი ვერ შეიკავა, არადა უნდოდა მკაცრი ხმა ჰქონოდა.
– დამშვიდდი, ამ მშვენიერ უმთვარო ღამეს მეგობარს ნუ უჯავრდები, – ოაშიმ ცაში აიხედა, – ისე ჯობია, ერისთავისასულმა თბილი ქურქი წამოიღოს, თორემ აქ უკვე სიცივეა.
– ნუ ღელავ, – გულგრილად წარმოთქვა ასტერონმა, – თვითონ არ თქვი, ჩრდილოეთში თოვლი იქნებაო? ალბათ, აისშიც კარგა ხანია ცივა. მთაში თოვს უკვე. დარწმუნებული ვარ, დედაქალაქს თბილი მაკოროფლითა და ჯიქის ქურქმოსხმული ეწვევა; როგორც ამბობენ, ძვირფასი და დახვეწილი ტანსაცმელი უყვარსო.
– რატომ არ ეყვარება, ხიხ, – ჩაიფხუკუნა ოაშიმ, – იქრისი პათომონის შემდეგ სარაჰის ყველაზე მდიდარი მხარეა.
– მართალია, – დაეთანხმა უფლისწული, – მაგრამ სადედოფლოსთან არ წამოგცდეს, არ უწოდო იქრისს მხარე, როგორც ვიცი არ სიამოვნებთ ყოფილ სამეფოებს, თვით-ამ სიტყვით რომ იხსენიებენ.
– კარგი შენიშვნაა, – ჩაფიქრდა ოაში, – მაგრამ ირისტელები მეფეები არასდროს ყოფილან, ასე არ არის?

ასტერონმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, თან ცალი წარბი წამოსწია.

– თუ სწორად მახსოვს, თრაგონებმა უბოძეს ერისთავობა, – ჩაეღიმა ყმაწვილს, – მაშინღა რატომ მეტიჩრობენ?

ასტერონმა მხრები აიჩეჩა. რამდენიმე წამი დუმილში გაატარეს, შემდეგ უფლისწულმა შენიშნა:
– როდესაც ადამიანი ტალახიდან ოქროს მწვერვალებზე აბობღდება, ყოფილ თანამეინახეებს ის განსაკუთრებული მედიდურობით გადმოსცქერის. ახალ ამხანაგებს კი უფრო მეტად ცხვირაბზეკილი შეჰყურებს.
– კარგი ნათქვამია, – მოიწონა ოაშიმ, – ვისია?
– ჩემი, – მოკლედ უპასუხა და სასახლის შესასვლელთან შეჩერდა, – დღეს სასახლეში დარჩი, – უფლისწული თანამგზავრს მუდარის მზერით მიაცქერდა.

ოაში ჩაფიქრდა, არ უნდოდა დარჩენა, მაგრამ მეგობრის წყენინება უფრო მეტად ეხამუშებოდა. სახე დამანჭა, კვლავ ცაში აიხედა და თითქოს ცხელ საჭმელს მიირთმევსო, სწრაფად წარმოთქვა:
– კარგი, დავრჩები, ოღონდ მსახურთთაბუნს დაავალე კარგი დარანა მოიტანოს, ისედაც ცივა და ღვინობისთვის ამ ღამეს კარგად უნა შევხურდეთ.
– ქიოქასახლში ხომ მოილხინე?! შეხურდი კიდეც. შენი სხეულის ყველა ნაწილი, ალბათ, თითოეულმა როსკიპმა იცის.
– მეგობარო, ვინ თქვა, რომ ღამე ერთი მოლხენით სრულდება? – ასტერონს ხელი მხარზე გადასდო.
– შევიდეთ, ვიდრე ასასებმა  მამფონებს ხმები არ მიუტანეს, – გააფრთხილა უფლისწულმა.

კვერი დაუკრა ოაშიმ და მეგობარს სასახლეში შეჰყვა.

კედელს ჩამოკიდებული კანდელები ტალანებსა და ღია შუშაბანდებს მქრქალად ანათებდა. მეგობრები ცდილობდნენ, სასახლის დასავლეთ ფრთის მეოთხე სართულზე უხმაუროდ ასულიყვნენ, სადაც უფლისწულის მოსასვენებელი მდებარეობდა. 

ასტერონმა ხის უზარმაზარი კარი სიფრთხილით გააღო და ჩაბნელებულ ოთახში შევიდა. ვარსკვლავების მკრთალი ნათება ცდილობდა, უკუნეთის შავ ფერში ხალისი შეეტანა, მაგრამ უშედეგოდ. უფლისწული კედელთან მივიდა და ერთ-ერთ თოკს ჩამოჰკრა.

– მალე მოვლენ, მანამდე აივანზე გავიდეთ, – მეგობარს შესთავაზა.

ოაში დაეთანხმა და მეფისწულს გარეთ გაჰყვა. ზღვის ხედი იშლებოდა. მოშორებით, გემებზე მოკიაფე შუქები კი ციცინათელების ცეკვას ჰგავდა. 

– მთვარე ისეთივე ბნელია, როგორც მეფეთა სულები, – დინჯი გამომეტყველებით თქვა ოაშიმ.

მეგობრისგან მხიარულ ქცევებსა და მასხარაობას მიჩვეულ ასტერონს ოაშის სიდინჯე გაუკვირდა.

– ოჰო, – ღიმილით შეიცხადა უფლისწულმა, – სიბრძნისმეტყველებას მიჰყავი ხელი?
– ასეთი ღამეებისას ქალღმერთი მიტურსეთი ჩემდამი საკუთარ მადლს არ იშურებს, ხოლო ივარი მის ღვთაებრივ ფრთებში მომიქცევს და მეც მელექსეობისა და სიბრძნის შურ-ქვინი მეხსნება.
– კარგად თქვი, – ოაშის ნათქვამი მოიწონა.

უფლისწულის ყურადღება აივანზე გამოსულმა მსახურმა მიიქცია.

– რას მიბრძანებთ, თქვენო უდიდებულესობავ, – მორიდებით იკითხა და  ბატონის ბრძანებას დაელოდა.
– ცოტაოდენი შუქით დააჯილდოვე ჩემი მოსასვენებელი, − ასტერონი შეეცადა ოაშივით ესაუბრა, − და მზარეულს უთხარი დარული ღვინალი  მოგვართვას, – მან მსახურს ხელით ანიშნა, რომ წასულიყო.

მოსამსახურე ქალი გასასვლელად მოემზადა, როცა უფლისწულმა შეაჩერა:
– რაც მთავარია, მიტურსეთის ხილიც მოგვართვან, – მრავლისმეტყველად და ეშმაკურად ჩაიღიმა.
– რად გინდა ეგ?
– გავერთობით, დაძინებაც გამიადვილდება.
– ღვინალთან ერთად არ ივარგებს, გემოს გაუფუჭებს.
– შესაძლებელია, მაგრამ მე დარანის მიღებას არ ვაპირებ, ხილიც საკმარისი იქნება.
– როგორც შენ იტყვი, – დაეთანხმა ოაში, – თუმცა მე მშვენიერ დარულ ღვინალზე უარს ვერ ვიტყვი.
– შენი არჩევანია, ოსტატო, – მოწყენილი ხმით უთხრა უფლისწულმა და ცაკაბადონს გაჰხედა.

რამდენიმე წუთი დუმდნენ. ერთი ბგერაც კი არ დასცდენიათ. მრუმე ღამით მოხიბლულები, ღრმა ფიქრებს მისცემოდნენ, თითქოს ამოუცნობი ძაფებით იყვნენ გადაკვანძულნი და ერთმანეთის უხმოდ ესმოდათ; ერთმანეთის სურვილებს გრძნობდნენ – იცოდნენ, რომ დუმილის ჯადოსნურ მორევში უნდოდათ ყოფნა, ცოტა ხნით მაინც.

იდუმალების ბანდილებში მოხეტიალენი მსახური მამაკაცის მორიდებულმა, მაგრამ ბოხმა ხმამ გამოაფხიზლა. ასტერონი შემოტრიალდა. კაცმა აცნობა, რომ ღვინო და მიტურსეთის ხილი მოეტანა. უფლისწულმა მადლობა უხმოდ გადაუხადა, გაუღიმა და დაითხოვა.

– წამოდი, ოაში, ხომ გინდოდა თრობა. ჯერ ღამე არ დასრულებულა, მზეს საკუთარი სხივებით  უკუნეთის მრუმე საფარველი ჯერ არ დაუსერავს, არ გათეთრებულა ზეცა, – ასტერონი სტუმარს წინ გაუძღვა.
– მე მგონი, მელექსეობა, ამჯერად, შენ დაიწყე, ჩემო მეგობარო, – ოაშიმ მოწონების ხმით უთხრა, თითქოს აქებსო.
– ვინ იცის, რას ვაკეთებ ღამღამობით, როდესაც ვხმილავ, – დანანებით წარმოთქვა ტახტის მემკვიდრემ.
– ვინ იცის, – მრავლისმეტყველად, ჩურჩულით დაეთანხმა ოაში.

მოსასვენებელი ორად იყო გაყოფილი, თითოეულ ნაწილს ერთმანეთისგან ბადისებრი ხის ტიხარი ჰყოფდა. ტიხარზე ოქროცურვილით ნაქარგი ფარდაგები ფრიალებდა. საწოლი და ტანსაცმლის უდე აივნიდან მოშორებით მდებარეობდა, ბარანჭის სიღრმეში, შემაღლებაზე – რომელიც ტიხრიდან იწყებოდა. უფრო ნათელ ადგილას, სარკმელთან სამუშაო პატარა, ხოლო ოთახის შუაგულში ოთხკუთხა, კიდეებში მომრგვალებული მაგიდა იდგა; ირგვლივ ექვსი კველა ჰქონდა შემოწყობილი. ტიხართან, შემაღლებასთან ორი ლუხარი  ერთმანეთს ტალასავით შესცქეროდნენ, გვერდით კი დაბალი მრგვალზედაპირიანი ხილისა თუ დარანის დგამი განეთავსებინათ.

ბიჭები მიუსხდნენ სუფრას. ოაშიმ ბროლის კულას დასტაცა ხელი, რომელიც შინდისფრად თითქმის ყელამდე შეევსოთ. ბროლისავე სამწდეურში ღვინალი ნაზად ჩაისხა, რათა ერთი წვეთიც არ დაჰკარგვოდა. ჭურჭლის ზედაპირი ცხვირთან მიიტანა და დარანის სურნელება შეიგრძნო, შემდეგ ერთი ყლუპი ნელა მოთქვა; ძარღვებში აბობოქრებულ მდინარისებრ სიამოვნების შეგრძნებამ დაუარა.  წითლად შეღებილი ტუჩებიდან კმაყოფილების ბგერები აღმოხდა, თავი უკან გადასწია, თვალები დახუჭა – წამიერად ნეტარებას მიეცა. შემდეგ სწრაფად გამოფხიზლდა. მეგობარს თვალებში ჩააცქერდა.

– მიტურსეთის ხილს არ მიირთმევ, თქვენო უდიდებულესობავ?
– რა საკვირველია, – დაღვრემილი ხმით უპასუხა ასტერონმა, – იქნებ ძილის ფერიები მესტუმრონ.
– ეჭვიც არ მეპარება, – ლანგარზე დალაგებული მუქი ყვითელი ხილისგან ყველაზე დახვეწილი მოყვანილობის ამოარჩია და უფლისწულს გაუწოდა, – ეს მიირთვი, კარგადაა დამწიფებული და თრიაქიც ბლომად ექნება.

ასტერონმა ნაყოფი შუაზე გახლიჩა. ატმისა და ლიმონის სურნელი ამოიფრქვა. ასხმას ერთი ლებანი ფრთხილად მოაძრო, რათა წვენი არ დაღვრილიყო, თავი გადაწია, პირი ფართოდ გააღო, ხილი ტუჩებთან მიიტანა და თითები მაგრად მოუჭირა. წვენი ჯერ თქრიალით, შემდეგ წვეთ-წვეთობით ყელში ჩაეღვარა. უფლისწულს თავბრუ დაესხა – მათრობელა-მასიამოვნებელი გრძნობა უმალ მოეკიდა.

– ასე უფრო სწრაფად ზემოქმედებს ადამიანზე, –  მეფისწულმა ოაშის განუმარტა და მეორე ლებანი პირში, ამჯერად, მთლიანად ჩაიგდო, რათა სტუმარს თავი უხერხულად არ ეგრძნო.
– ერთხელ გავსინჯე მიტურსეთის ხილი, მსუბუქი თრობა მომგვარა მხოლოდ, – მხრები აიჩეჩა ოაშიმ, – არ ვიცი, შემდეგ სურვილიც აღარ გამჩენია, მივკარებოდი. ღვინო, დარანა მსგავს შეგრძნებებს იწვევს ჩემში.
– ჰმ, – ასტერონი ხილს ღეჭვით სიტყვაამოუთქმელად დაეთანხმა, თან თავს უქნევდა.

ოაშიმ ლანგარი აიღო და იატაკზე დააგდო, რათა მეგობრისგან მიტურსეთის ხილი გაერიდებინა. უფლისწული ნაყოფისკენ გაიწია, მაგრამ მეგობარმა არ დაანება.

– გეყოფა! – მკაცრი სახითა და ხმით უთხრა.

ასტერონი ოაშის გაოცებით შეაცქერდა. ათვალიერებდა, თითქოს რაღაცის განჭვრეტას ცდილობსო – თვალებში ჩააცქერდა. უეცრად სიცილი აუტყდა, ჯერ ხმადაბლა დაიწყო, ტუჩებზე ხელს იფარებდა, შემდეგ ახარხარდა.

ოაში მიხვდა, უფლისწული მიტურსეთულ თრობას განიცდიდა. მასთან მივიდა. ხელები მხრებში ამოსდო, წამოდექიო უთხრა, თან მის წამოყენებას ცდილობდა. ასტერონი სიცილისაგან თავს ვერ იკავებდა. ოაშიმ ვაი-ვაგლახით შეძლო მეფისწული საწოლამდე მიეყვანა და ლოგინში ჩაეწვინა. ასტერონმა ბალიშზე დადო თავი თუ არა, უმალ გაითიშა.

– მართალი იყავი, როცა თქვი, – ოაშიმ მძინარე მეგობარს მიმართა, დაღლილობისგან ღრმად სუნთქავდა, – მიტურსეთის ხილი ბავშვურ ძილს მომგვრისო.

იგი მაგიდასთან მივიდა, კულასა და სამწდეურს ხელი დასტაცა და აივანზე გაიტანა. ვარსკვლავებს თანდათან სიბნელის მაზარა დაეწინწკლა. ღრუბლებიც გაფანტულიყო და მთვარეც დიდებულად გადმოჰყურებდა რაჰის ზღვას, რომლის ტალღებზე მარქვალა ცეკვით ირეკლებოდა. ოაშის შესცივდა, ჭურჭლები იატაკზე დაალაგა და ოთახში შებრუნდა. შართქვინი  აიღო. აივნის კედელზე მიყუდებული კველა გაშალა, მოაჯირთან ახლოს მიიტანა. ჩამოჯდა. სამწდეური შეივსო, კულა გვერდით დაიდგა. შესცქეროდა ცას. ფიქრობდა, თან ნელ-ნელა ღვინალს წრუპავდა.

ოთახში სანათი ჩაიწვა. შუქიც მინელდა. ღრუბელთა ფაფრანჯ-ნიშუობა  ცაკაბადონიდან ხმელეთისკენ მოიწევდა. ყველა რაჰელისთვის ცნობილი იყო, თუ რას მოასწავებდა ბუნების ეს მინიშნება. ოაშიც მიხვდა, დილით უცილობლად წამოიწვიმებდა. აკეცა კველა და კედელთან მიაყუდა. შართქვინი იღლიაში ამოიჩარა, ღვინის ჭურჭლები მეორე ხელში მოიმარჯვა. ლუხარზე დაწვა, მოიკუნტა, საბურველი გადაიფარა და დაძინებას შეეცადა. თუმცა ღამის ზმანებას ფიქრები ებრძოდა. თავს არ ანებებდა. როდესაც ჩაეძინა, ცაზე გათენების ნიშნები იკვეთებოდა. ოაშიმ ფხიზელი ძილი იცოდა, ამიტომ ძილ-ბურანში მსახურისა და უფლისწულის საუბრის ხმა ყრუდ ჩაესმოდა.

– გზის მსტოვრებმა ამბავი მოიტანეს, თქვენო უდიდებულესობავ, ერისთავის ასული მალე რაჰში შემოვა!
– კეთილი, დააბინავეთ და მოგვიანებით ვნახავ, – ასტერონს ნამძინარევი ხმა ჰქონდა, დანაწევრებით საუბრობდა, შიგადაშიგ შუბლს ისრესდა, რათა თავის ტკივილი გაეყუჩებინა.
– მეფემ გიბრძანათ, საცოლეს აუცილებელია დახვდესო!
– რადგან მეფემ მიბრძანა, დავხვდები, – ასტერონმა მსახურს ხელით ანიშნა, რომ გასულიყო.
– მხოლოდ თქვენ არ ხვდებით, თქვენო უდიდებულესობავ, მათი უდიდებულესობანი მთავარ დარბაზში უმასპინძლებენ!
– საკვირველია, – უფლისწულმა წარბები წამოსწია.

მსახური გავიდა. ასტერონი ტანსაცმლის კარადაში შევიდა. ბენგალინის პერანგი, ზემოდან კი სქელი, შავი ჩოხა ჩაიცვა. სააბაზანოში გავიდა და ცივი წყალი შეისხა. გამოფხიზლდა.

ოაში გაღვიძებული დახვდა. მოღრუბლულ ცას გაჰყურებდა. ვერ შეამჩნია უფლისწული როგორ მიუახლოვდა.

– როგორ გეძინა?

თავადიშვილი შეკრთა. შემობრუნდა და მეგობარს გაუღიმა. ჯერ მხრები აიჩეჩა, მერე სიტყვებს თავი გაჭირვებით მოუყარა და უთხრა:
– ცოტა ხანი მეძინა, – თავი აივნისკენ გაიქნია, – გამთენიისას მშვენიერი ამინდი დავტოვე, ახლა ისევ მოღრუბლულია.
– ტყუილად არ არის ნათქვამი, „არ ენდო რაჰის ამინდივითო“, –  ასტერონმა მეგობარს  გაუღიმა, – ევრიპა ჩამოდის, ცოტა ხანში აქ იქნება.
– ვიცი, მესმოდა, – გამოუტყდა ოაში, – ამიტომ მე საკუთარ კერას დავუბრუნდები, შენ კი სარაჰის სახელმწიფეოს მომავალ დედოფალს მიხედე.
– მარტო არ დამტოვო, – სასოწარკვეთილი გამომეტყველებითა და ვედრების ხმით შესთხოვა ასტერონმა.
– მარტო არ იქნები, მთელი მსახურთთაბუნი იქ იქნება, – ოაშიმ დამშვიდება სცადა, – მარტო დატოვება თუ მოინდომეს, შენი და, ლეჲე, თან გაიყოლე. ხომ იცი, განმარტოებაში ხელს შეგიშლის.
– ეჰ, რა მარტივად საუბრობ?
– მარტივად შეგიძლია შეასრულო, თუ მოინდომებ!
– კეთილი, – უფლისწული ოაშის მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო, – მაგრამ, შენ ჩემთან ერთად წამოხვალ, – უჩვეულოდ მბრძანებლური ხმაჟღერადობა ჰქონდა.

ოაშიმ უხერხულად გაუღიმა. მიხვდა, უარის თქმას აზრი აღარ ჰქონდა და მეგობარს გაჰყვა.

გარეთ ციოდა. ასტერონს მხრებზე ბეწვიანი ქურთუკი მანიაკივით მოესხა, ტყავის შავი ხელთათმანები სუსხს არიდებდა. უფლისწულისგან ნათხოვარი ქურქით შემოსილი ოაში მეგობარს ფეხდაფეხ მიჰყვა. ხელებს იფშვნეტდა – უძილობისგან უფრო სციოდა და ცდილობდა, გამთბარიყო.

ორივენი შეკრებილ ჯალაბს შეუერთდნენ და ერისთავისასულის მისვლას დაელოდნენ.

მამფონთა საყუდელში სტუმრის მოსვლის მომასწავებელი საყვირის ხმა მათი მისვლიდან ცოტა ხანში გაისმა. არაამქვეყნიური ყვირილის თანხლებით სასახლის აშთაში საერისთავო ეტლი შემოგრიალდა.

ერისთავისასულის ამალას ათი ცხენოსანი მცველი შეადგენდა, რომელიც ერთ ოთხცხენიან შეჯავშნულ მაკოროფალს იცავდა. რკინის ეტლი მოკირწყლული ეზოს პირას გაჩერდა. სასახლის მთავარმა ლაქიამ ევრიპა ირისტელის მაკოროფალთან მიირბინა, კარი გამოაღო და ქალბატონს თავი მდაბლად დაუკრა.

მოძრავი სასახლიდან შავთმიანმა, ჩვიდმეტი წლის გოგომ დასაზვერად თავი გამოყო და მიიხედ-მოიხედა; დიდხანს არ დაყოვნებულა – ეტლიდან გადმოვიდა. დაწნული თმა მარცხენა მხარზე გადმოეყარა. გრძელ საზამთრო მოსასხამის ზემოდან, მხრებზე ბეწვი ჰქონდა მოსხმული. ტყავის წითელი ხელთათმანები და წითელი ჩექმები მცირედით ასაკს ჰმატებდა. ევრიპა მედიდური, კვირსა ნაბიჯით უფლისწულის მიმართულებით გაემართა, ოაშისთან მივიდა, თავი დაუკრა და მამფონის საკადრისად მიესალმა.

– ჩემთვის დიდი პატივია, მეფისწულო, ვეწვიო ჩვენი სახელმწიფოს დედაქალაქს! – თავაზიანი, თინჩი, მაგრამ ქედმაღლური საუბრის ჩვევა ჰქონდა.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ერისთავისასულო! – მიესალმა უფლისწული.

ევრიპამ გვერდით გაიხედა, იქ სადაც ასტერონი იდგა; მიხვდა, რომ შეცდა და უფლისწული სხვაში აერია. არ დაბნეულა, თითქოს არაფერი მომხდარაო, ორი ნაბიჯი მეფისწულის მიმართულებით გადადგა. კვლავ მამფონის საკადრისი სალამით დაუკრა თავი და ჩვეული ხმაჟღერადობით მიმართა:
– მადლობას მოგახსენებთ, თქვენო უდიდებულესობავ, დედაქალაქში მოწვევისთვის.
– მადლობა თქვენ, თქვენო ბრწყინვალებავ, რათა პატივი დაგვდეთ და ეწვიეთ რაჰს! – ასტერონმა გაუღიმა.

ევრიპამ ოაშისკენ გააპარა თვალი. ბიჭი გახევებული იდგა და უხერხულობისგან წითლად შეფაკლულიყო.

ასტერონმა შენიშნა, ერისთავისასული საჩოთირო გრგენას  გრძნობდა, ამიტომაც შეეცადა ვითარება განემუხტა:
– ბევრს შევეშლებოდით ერთმანეთში, – ღიმილიანი სახით ოაშისკენ წამუყო, – განუყრელი მეგობრები ვართ.
ევრიპამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ გაუღიმა.
– წამობრძანდით, თქვენო ბრწყინვალებავ, მთავარ დარბაზში მამფონნი გველოდებიან, – უფლისწულმა ხელით მიუთითა, რათა სტუმარი თან გაჰყოლოდა, – მსახურები თქვენს ბარგს მოსასვენებელში წაიღებენ.
– კეთილი, – დაეთანხმა ევრიპა და ასტერონს გვერდით ამოუდგა.

მისაღები დარბაზი მაღალი და ნათელი იყო. შუაგულში, იქ სადაც სარკმლიდან შემოპარული მზის სხივები მკვეთრად ანათებდა, ტახტრევანი იდგა. სქელი ცადაწვდენილი სვეტები ერთდროულად ჭერსაც იჭერდა და სტუმართა აივანსაც, საიდანაც მნიშვნელოვან დღესასწაულ-ზადიკთა დროსა თუ დღეებში შეკრებილ-შეკოწიწებული ბირვეთა მეფის სიტყვას ისმენს.

ტახტრევანზე მჯდომ ალთიონს გვერდს დედოფალი უმშვენებდა. დაბლა, ჩვეულებრივ მდივან-უხუცესებისთვის განკუთვნილ ალაგს, უფლისწული ტეონი და მეფისასული ლეჲე ისხდნენ.

ასტერონი და ევრიპა მამფონებს მიუახლოვდნენ. უფლისწულმა ხმამაღლა, ღიმილმოსხმული სახით ერისთავისასული მშობლებს წარუდგინა. მეფისწულმა ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულა ისე, როგორც ადათი ჰკარნახობდა.

სტუმარმა მამფონებს მდაბლად დაუკრა თავი და გაუღიმა.

– მოხარულები ვართ გიმასპინძლოთ! – გაუღიმა ანამ და მარჯვენა ხელი გაუწოდა.
ევრიპა დედოფალს ხელზე ემთხვია.
– ჩემი ქალიშვილი ლეჲე, – ანამ მეფის ასულისკენ მიუთითა, – ტახტის მემკვიდრეს, ვხედავ, იცნობთ, ეს კი უმრწესია, – ხელი ტეონისკენ ჰაეროვნად გაიქნია.
– სასიამოვნოა, თქვენო უდიდებულესობავ! – ევრიპამ სამეფო ოჯახის წევრებს თავაზიანად მიმართა და თავი დაუკრა, – დიდი პატივია მამფონთა და მისი სამეფო ბრწყინვალებათა გაცნობა, – ხელოვნური ღიმით აღიჭურვა, რომელსაც მხოლოდ დაოსტატებული მატყუარა თუ მიხვდებოდა.

ანამ ხელი აღმართა, წამიერად მათთან შავ სამოსში გამოწყობილმა მაღალმა კაცმა მიირბინა.

– თქვენო ბრწყინვალებავ, სასახლის მსახურთაგანი მიგაცილებთ თქვენს მოსასვენებლამდე, დაღლილი იქნებით, დასვენება გენდომებათ, შემდგომ უფლისწული ასტერონი გეახლებათ! – დედოფალმა შვილისკენ გააყოლა თვალი.
– კეთილი, – დაეთანხმა ევრიპა, – მართალი ბრძანდებით, თქვენო უდიდებულესობავ, აისიდან გზა დამქანცველი და ხიფათით აღსავსეა, – ერისთავისასულმა დედოფალს მრავლისმეტყველად გახედა.

ევრიპამ მამფონებს  გამომშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა და მსახურს გაჰყვა. საკუთარი მოსასვენებლისკენ დიდგვაროვნული ინოსვირინით  გაემართა.

ერისთავისასულს უკან თავდახრილნი, მორიდებული სვლით მსახურქალები მიჰყვებოდნენ. მათ თავთ ღია იასამნისფერი ფატა-ჩიქილა ეხურათ, ტანთ ყელამდე შეკრული კაბა და მაზარა ემოსათ.

ერისთავისასული დაბინავდა თუ არა, საღამომდე თავს იწესრიგებდა. უზარმაზარი სარკე აისიდან ჩამოეტანა და ოთახის შუაგულში დაედგა. ცდილობდა, შესაშური ყოფილიყო, რათა მეფისწულს მოსწონებოდა. მსახურქალების მიწოდებულ კაბებს იწუნებდა, უნდოდა საუკეთესო შეერჩია. იქრისიდან ჩამოტანილი ექვსი სკივრი სავსე იყო ძვირფასი ნართებით შეკერილი ტანსაცმლით: ყაჭის პერანგები, ჭიჭნაუხტისა და არხამის კაბები, საზამთრო ბეწვიანი მოსასხამები, ქათიბები, სტავრის მსუბუქი გარუთ-ჟაჰული ჩიქილები, ქამხის თავსაბურავები, ოქრომკედნართული ლოროსები.

საღამო ჟამს სასახლის ყველაზე მიყრუებული კუთხეც კი კანდელით გაენათებინათ. ასტერონი, სადღესასწაულო სამოსში, მანიაკშემოხვეული ჭიჭნაურის ხაკისფერი ლოროსში გამოწყობილი ნელი ნაბიჯით ევრიპას მოსასვენებლისკენ მიიწევდა. მეფისწული ღელავდა, არ იცოდა, რა ეთქვა, საუბარი როგორ დაეწყო. გაიფიქრა კიდეც, ოაშის რჩევა ყურად ეღო და ლეჲე თან გაეყოლა, მაგრამ მომავალი ხელმწიფისთვის შეუფერებელი აზრები სწრაფად მოიშორა. ცოტა ხნის წინ ვერც კი იფიქრებდა, რომ სამეფო ოჯახის წესებს მოერგებოდა – ყოველთვის ეგონა, ჩარჩოებს გასცდებოდა, ბორკილებს დაამსხვრევდა, ლაღად იცხოვრებდა და თავისუფლებისთვის იბრძოლებდა, მეფობა კი ლუნკვრეობად მიაჩნდა.

ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია, ისე აღმოჩნდა ევრიპას მოსასვენებლის წინ. ხელის ზურგით ფრთხილად დააკაკუნა; იცოდა, ეტკინებოდა.

– მობრძანდით, – ქალის ხმა ყრუდ მოესმა.

კარი ნაზად შეაღო. ერისთავისასული კვირსად იჯდა. ასტერონის შესვლისთანავე ნებიერად წამოიმართა. მიესალმა. ლოროსი აშრიალდა. თავთ გარუთ-გალაჰური ჩიქილა ეხურა, რომელსაც ზურმუხტისთვლიანი გვირგვინი ამშვენებდა. მსახურქალები ქალბატონს თითქოს ტალად ედგნენ; ხმას არ იღებდნენ, ისე მშვიდად და მორჩილად გახევებულიყვნენ, გეგონებოდათ, არც კი სუნთქავდნენო.

– ჩემთვის დიდი... − ენა დაება ასტერონს. ევრიპას ამოუცნობი მომხიბვლელი იერი ჰქონდა, ჯადოსნურად მიმზიდველი იყო, – ჩემთვის დიდი პატივია, თქვენო ბრწყინვალებავ, თქვენი სტუმრობა, – გოგოს მიუახლოვდა, მარჯვენა ხელი საკუთარ მტევნებში მოიქცია, შემდეგ ნაზად მიიტანა ტუჩებთან და აკოცა.

ასტერონი დაიბნა; აზრები ერთმანეთში აერია: უნდოდა ეთქვა – „ჩემთვის დიდი პატივია, ამ ღამეს მეგზურობა გაგიწიოთ“ – მაგრამ თითქოს ენიდან  უთქმელი სიტყვები მოსტაცეს. ამიტომ გაიმეორა ის რაც დაიზეპირა, რასაც მისგან ადათი ითხოვდა, თუმცაღა ამჯერად გულწრფელად ეუბნებოდა და არა მლიქვნელობით.

– თქვენო უდიდებულესობავ... ევრიპამ დაიწყო.
– გთხოვთ, – შეაწყვეტინა უფლისწულმა, – სახელით მომმართეთ, – ორი ნაბიჯით უკან დაიხია.
– კეთილი, ასტერონ, – ერისთავისასულს თავის მოკატუნება არ დაუწყია, უმალ შეასრულა ტახტის მემკვიდრის თხოვნა, – მეც ძალიან მიხარია დედაქალაქში სტუმრობა, – თავდაჯერებულობით წარმოთქვა.

ევრიპა მიუახლოვდა. მოურიდებლად მკლავში მკლავი გაუყარა, მოტრფიალე თვალებით შეაცქერდა.

ასტერონი ერისთავისასულის ქმედებამ მეტად დააბნია. ასტერონი შეეცადა, არ შეემჩნია, მაგრამ გაუჭირდა.

– ნუ ღელავ ასტერონ, – ევრიპამ გაუღიმა და რბილი ხმით უთხრა, – ჩვენი საქმე გადაწყვეტილია, სიახლოვეს თუ გადავდებთ ქორწილამდე, მერე გაგვიჭირდება. ახლა კი, – მტკიცე ხმაჟღერადობით წარმოთქვა, – გამანდე შენი საიდუმლო...
– საიდუმლო? – აღელდა უფლისწული, გაიფიქრა, ოსტატების შესახებ ხომ არ იცისო.
– დიახ, საიდუმლო, როგორ აპირებ გამიწიო მეგზურობა; იმედია, მხოლოდ სასახლეს არ დამათვალიერებინებ?!

მეფისწულს შვების ღიმილი მოეფინა. თავი გააქნია, საკუთარ გულუბრყვილობას დასცინა.

– ბნელა, სასახლის დატოვებას აზრი არ აქვს. თუმცაღა, – ჩაფიქრდა, მერე თითქოს გონება გაუნათდაო, სტუმარს მრავლისმეტყველად, ხვანჭი მზერით გადახედა და განაგრძო, – ჩემს საიდუმლო ადგილს გაჩვენებ.

ოთახიდან გავიდნენ. მსახურქალები ისევ გახევებულები იდგნენ, არ განძრეულან.

გარეთ ევრიპას არ შესცივებია. მხრებზე შავი ბეწვის ქურქი ესხა, რომელიც კოჭებამდე ეშვებოდა და ხავერდოვანი წითელი ლოროსის კაბას გვერდებზე ფარავდა, რაც ზამთრის სუსხისგან შესანიშნავად იცავდა. 

იქრისელი ასტერონს ხმაამოუღებლად მიჰყვებოდა. უფლისწულიც ,,მამფონთა ქალაქის“ ჩრდილოეთი კედლისკენ მშვიდად მიაბიჯებდა. სასახლის მთავარი თავლაც გაიარეს. ცხენებს მშვიდად ეძინათ, ხანდახან ჩაიფრუტუნებდნენ, ალბათ ღამეულ საზარსიზმებს  ხედავდნენ. სასახლის ასასები ქანდაკებებივით იდგნენ, გაუნძრევლად, თითქოს სიცივისაგან გაყინულიყვნენ. კედელს გასცდნენ და გეზი დასავლეთისაკენ აიღეს. შორიდან ზღვის ტალღების ნაპირისადმი მშვიდი მისალმების ხმა მოისმა.

– აკრაზე  მივდივართ? – ფრთხილად, თუმცა თავდაჯერებით იკითხა ევრიპამ.
– თითქმის სწორად გამოიცანი, – მხიარული ხმით უპასუხა ასტერონმა.

სუსხიანი მანგი არემარეს მცხრალად ანათებდა. უფლისწული და ერისთავისასული ხეივანში ჩაფლულ, „მწვანე უბნის“ ბილიკს მიუყვებოდნენ. რამდენიმე წუთში ნაპირს მიუახლოვდნენ. შორიდან ტალღების ცეკვის ხმა ისმოდა. ბიჭმა მარცხნივ, არხა-ღადოს  მიმართულებით გაუხვია. ზღვაში კონცხივით მოქცეულ კლდეს გარშემო საცალფეხო გზა აკრავდა. აკრადან მოშორებით, რამდენიმე ნაბიჯში კი ქვაბული გამოჩნდა. ასტერონმა ამოიღო კაჟი და ხელში გაათამაშა. გამოქვაბულის შესასვლელთან მისულმა შიგნიდან ჟინჟღილი გამოიტანა. ქვები ერთმანეთს გაჰკრა. ხეს შემოხვეულ ზეთში ამოვლებულ ჩვარს ნაპერწკალი მოხვდა თუ არა, ჩირაღდანი აგიზგიზდა. 

– მშობლებს, სამეფო ასასსა და ქეშიკთ აქ ვემალები ხოლმე, – მორიდებით განუმარტა მეფისწულმა, – რაჰი ვიდრე დედაქალაქად იქცეოდა, ამ ქვაბულს გილმაზინდალები  საკუთარი ნადავლის დასამალად იყენებდნენ.

ევრიპა უსიამოვნოდ შეიშმუშნა. უკმაყოფილება და იმედგაცრუება სახეზე დაეტყო.

ასტერონმა ერისთავის ასულის შეგრძნებათა გრგენა არ შეიმჩნია. მრუმე ქვაბულში პირველი შევიდა, თითქოს სიბნელემ შთანთქაო. 

ევრიპას გაიგონა უფლისწულის ნაზად ნათქვამი მოწოდება, რომ შეჰყოლოდა. ერისთავისასული გაბედულად შევიდა.

ქვაბული საოცარი ნათებით იყო მოცული. ლაჟვარდისფერი ქვები ჟინჟღლის შუქს ირეკლავდა და კედლებზე საამოდ კიაფობდა. იქ მყოფთ სიმშვიდის შეგრძნებას უტოვებდა, თითქოს ამოუცნობი ჯადოძალებს დაედოთ ბინა.

– არავინ იცის, რატომ ხდება ეგრე, – თვალი მანათობელ ქვებს მოსწყვიტა, ჩირაღდანი მაღლა ასწია, რომ სტუმრის სახე გაენათებინა, თვალებში შეაცქერდა, – ეს შუათები  მხოლოდ ღამით კიაფობენ, როცა მთვარე მცხრალია, ჰაერის თბოხარისხი  კი დაბლი, ზამთრისპირული. იმასაც ამბობენ თრაჟალონების  მეფობისას, გველეშაპების ცეცხლმა წარმოშვაო.

– ეს, ეს, – ევრიპა სიამოვნებისაგან მოგვრილ გაოგნებას ვერ მალავდა, უფლისწულის იდუმალი საჩუქარი მოეწონა, – ეს, ნამდვილად შესანიშნავია, მადლობა, თქვენო უდიდებულესობავ, – ისე უპასუხა შუათებისთვის თვალი არ მოუწყვეტია. 

– გამიხარდა, – თვითკმაყოფილი ხმით წარმოთქვა ასტერონმა, – რომ მოგეწონათ, – ამაყი ღიმილი გამოისახა, – ეს ჩემი განმარტოების ადგილია, საკუთარი ფიქრებისთვის ყურისგდება როცა მომინდება: სასახლის ფუსფუსს, მდივან-უხუცესთა განხილვებსა და სამეფო ხვანჭებს აქ გამოვურბივარ.

– მართლა?! – გულგრილად იკითხა ევრიპამ, – რატომ უნდა გაექცე მდივანთა განხილვებს, – გაიკვირვა, – მეგონა, სასახლეში ეს ყველაზე ცქვირინისეული რამ არის. აისში ხშირად, ჩუმად დავსწრებივარ მამაჩემის განხილვებს. ფარდის უკან ვიმალებოდი, უფრო სწორად, მეგონა, რომ ვიმალებოდი, სინამდვილეში, მამაჩემმა ყოველთვის იცოდა ჩემი იქ ყოფნის შესახებ, მაგრამ არ ამხელდა და მეც არ მაგრძნობინებდა, – მსუბუქად გადაიკისკისა, – სწორედ, ეს მომწონს, სწორედ ამიტომ დავთანხმდი მამაჩემს რაჰში წამოსვლასა და უფლისწულის გაცნობაზე. ცნობისმოყვარეობა მკლავს, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, როცა დედოფალი გავხდები, – ერისთავისასულმა ბოლო სიტყვები თავდაჯერებულად წარმოთქვა.

– ამაზე საუბარი ნაადრევია, ერისთავისასულო! – მტკიცედ და უკმაყოფილოდ უთხრა ასტერონმა, – ჯერ არ გადაწყვეტილა ეს საკითხი, მე არ მიმიცია თანხმობა...

– ოჰ, ძვირფასო ასტერონ, – მიუახლოვდა, ბიჭს მკერდზე ხელის მტევანი დაადო, თითქოს უფლისწულის გულისცემის შეგრძნება სურსო, – ეს საკითხი გადაწყვეტილია. ვფიქრობ, ჩვენ არც კი შეგვეკითხებიან. მე თანახმა ვარ, ვინ არ იქნებოდა თანახმა, – ჩაიცინა, – დარიელთა გასაგისი სახსრების ნაკლებობას განიცდის, მეფე გიორგიმ ვერიოსელებთან ომის დროს დიდი ვალი დაიდო. როგორ ფიქრობ, რატომ ვერ აღადგინა მამაშენმა ნიშუობა?!

ევრიპა დაყოვნდა, უნდოდა გაეგო უფლისწული რას იტყოდა, თუმცა ხანგრძლივი მდუმარებით განცვიფრებულმა თავი გააქნია და ლივზინეური მზერით მომავალ მეუღლეს შეაცქერდა.

– მე რატომ ვიცი შენზე მეტი, უფლისწულო? – გაკვირვებული ხმით გულწრფელად ჰკითხა ევრიპამ.

ასტერონი ქალს განცვიფრებული შესცქეროდა. ერისთავისასულისაგან ამდაგვარ პირდაპირობას არ მოელოდა. უნდოდა, შესაფერისი პასუხი გაეცა, მაგრამ ბაგეთაგან დაცდენილი მისი ნებისმიერი სიტყვა ბავშვურ თავისმართლებას დაემსგავსებოდა. ამიტომ მეფისწულმა უხერხულად გაიხედა გვერდით და იქრისელ სტუმარს თვალი მოარიდა.

საკუთარ კითხვას ევრიპამ თამამი ხმაჟღერადობით უპასუხა: 
– ვხვდები, რატომაც არ იცი რა ხდება სახელმწიფეოში! – ქალმა უკან დაიხია, – რადგან სასახლისგან მოშორებით ვართ და არავინ გვისმენს, პირდაპირ გეტყვი, – ასტერონს ნელა უახლოვდებოდა, – რაჰის ნაჭუჭში ხარ გამომწყვდეული, არ გინახავს სხვა სამყარო, წარმოდგენა არ გაქვს რა ხდება სახელმწიფეოში, მის საერისთავოებში. ამიტომაც ვერ ხვდები, რომ ჩვენი საქმე გადაწყვეტილია, ასტერონ,  მეტიც, შენ მეფე რომც ვერ გახდე, მე სარაჰის დედოფალი მაინც გავხდები, რადგან დარიელთა გასაგისს ირისტელები სჭირდება, სასიცოცხლოდ სჭიდება.

ასტერონი ევრიპას განცვიფრებული უსმენდა, ხვდებოდა, რომ ქალი სიმართლეს ეუბნებოდა და პასუხად ვერაფერს ეტყოდა.

− არ იცი, რით სუნთქავს და სულდგმულობს შენი ხალხი... − ევრიპა განაგრძობდა, − ერთ კითხვაზე მიპასუხე, ბოლოს, დედაქალაქის გარეთ როდის იყავი?

ასტერონმა პირი გააღო, უნდოდა ეპასუხა, მაგრამ ევრიპამ დაასწრო:
– არასდროს... მხოლოდ სასახლეში შეთხზული ამბებით, დედაქალაქის ცნობებით იკვებები. თუმცა უნდა იცოდე, ის რასაც რაჰის საზღვრებს მიღმა ამბობენ, მნიშვნელოვანია, რათა შეინარჩუნო სახელმწიფო, როცა ტახტზე ახვალ. ის რაც რაჰს მიღმაა, ჭეშმარიტებასთან ერთი ნაბიჯით უფრო ახლოსაა, რადგან რაჰი მლიქვნელობის ზღვა, უტიფრობის ჭაობი და ტყუილის საბუდარია, – ევრიპამ თინჩი სახე მიიღო, – ამიტომაც გჭირდება დედოფალი, უფლისასული, რომელიც დაგეხმარება ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებაში, ვისაც ესმის სარაჰის საქვეყნო საქმენი.

– კარგად მომზადებული ჩამოსულხართ, თქვენო ბრწყინვალებავ, – უფლისწულის ხმაში ევრიპასადმი პატივისცემა იგრძნობოდა, – რაჰის ხვანჭები ნამდვილად თქვენი შესაფერისია. სამეფოს დახლართულ საქმეთა ბანდილებში გზის გაგნება თქვენი ბედისწერაა.
– რაც მართალია, მართალია, – თავმდაბლობის გარეშე წარმოთქვა ერისთავისასულმა, – სახელმწიფო საქმეები ჩემი საქმეა, ბავშვობიდან ამისთვის მამზადებდნენ, ბოლოს და ბოლოს, იქრისის საერისთავო ტახტის მემკვიდრე ვარ.

ასტერონი ევრიპას ცოტა ხანი განცვიფრებული უცქერდა, შემდეგ მოკლედ და თინჩად უთხრა:
– დავბრუნდეთ! – უფლისწული გასასვლელისკენ გაიწია.

ევრიპა აჩქარებული ნაბიჯით დაედევნა, მკლავში ხელი სტაცა, შეაჩერა და წინ გადაუდგა და დინჯი გამომეტყველებით უთხრა:
– იფიქრე, ჩემს სიტყვებზე, თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ! – ქალსაც თინჩი ხმა ჰქონდა, – სარაჰს არასდროს მართავდნენ მხოლოდ მეფენი, დედოფლების გარეშე.

ერისთავისასულმა გახევებული უფლისწული ჩამოიტოვა და გამოქვაბულის გასასვლელში გაუჩინარდა. ასტერონმა გასვლამდე იქაურობას თვალი მოავლო  და ევრიპას დაედევნა. გოგო თასბოშს გარეთ ელოდებოდა. აკრადან სასახლემდე მიმავალი ბილიკები ხანგრძლივი მდუმარებით ერთად განვლეს. 


                                                                                                                                      ***

*ზენაგრძნობ - ინტუიცია.
*ღვენი - აქ. პოტენციალი. შესაძლებლობათა ერთობლიობა, რომელიც აქვს ადამიანს.
*ჭარი - აქ. კოლონა.
*დვრეული - აქ. სეზონური.

რაჰში უკვე კარგად ციოდა. ძილისთვის დასაწყისისთვის სიგრილე სიცივემ ჩაანაცვლა. ჩრდილოეთი საერისთავოები და მაღალმთიანეთი თეთრ საბურველში გახვეულიყო. ჩრდილოეთის მრისხანე ქარები თანდათან სამხრეთისკენ ინაცვლებდა; დედაქალაქში ამინდმაც უჩვეულოდ მოიწყინა – ღამით სუსხიც შემოიპარებოდა ხოლმე. ყინავდა. 
თერთმეტი ძილისთვისთვის, ერთ კვირაში, ევრიპა აისში მიემგზავრებოდა. ასტერონი სიხარულისგან ბავშვივით ხტოდა – ერისთავისასულის სტუმრობამ თავისუფლება შეუზღუდა; ოსტატების თავყრილობებზე ვეღარ დადიოდა, ოაშისაც იშვიათად ხვდებოდა. იქრისელ ქალბატონს მთელი თვის განმავლობაში მასპინძლობდა. ცდილობდა, თავაზიანი ყოფილიყო და უკმაყოფილება, ზოგჯერ კი, ევრიპას გადაჭარბებული თავდაჯერებულობის გამო, გაღიზიანება არ გამოეხატა და მისთვის არ ეგრძნობინებინა.
ევრიპას ნათქვამმა უფლისწულის ფიქრებში ფესვები მყარად გაედგა, უნდოდა საკუთარი თვალით ენახა, თუ დედაქალაქის მიღმა რა ხდებოდა; ამიტომ მშობლებს პირობა ჩამოართვა, ევრიპას წასვლის შემდეგ, მეორე დღესვე, გამოსაზამთრებლად დარეთში გაემგზავრებოდა კლდეთის სახელმწიფეო აგარაკს ეწვეოდა, სადაც გაზაფხულივით საამო ზამთარი იცის, ხოლო ზაფხულში გაუსაძლისად ცხელა. ასტერონს გადაეწყვიტა, დედაქალაქში შემდეგი წლის გაზაფხულზე, ფეტიჶშურსოეჰისთვის დაბრუნებულიყო.
მამფონნი დათანხმდნენ, არ უნდოდათ, ტახტის მემკვიდრე ზედმეტად დათრგუნულიყო; ანამ იცოდა, ასტერონმა რა მსხვერპლზეც გაიღო, ამიტომ  შვილის სურვილს დაჰყვა. დედოფალს სურდა, შვილისთვის წარმოსახვითი თავისუფლება მაინც შეექმნა და სატახტო ხვანჭებისგან ცოტა ხნით მაინც გაერიდებინა.



ტახტის მემკვიდრის ოთახში დღის შუქი ახალი შემოპარული იყო, როდესაც ასტერონს მსახურკაცი გაუფრთხილებლად ეახლა.

– თქვენო სახელმწიფეო უდიდებულესობავ, – მუქი კანის მქონე ურასელმა ასტერონს მორიდებით, სუსტი ხმით მიმართა, – გამგზავრებამდე მის ბრწყინვალებას  თქვენი ნახვა სურს.
– გადაეცი ევრიპას,  მერცხლების ჭიკჭიკს დაელოდოს და ვნახავ! – მეფისწულს საკუთარ ნათქვამზე გაეცინა. ლოგინიდან თავაუღებლივ მსახურს ხელით ანიშნა, რომ ოთახი დაეტოვებინა.
– მაგრამ, თქვენო უდიდებულესობავ, მერცხლების შემოფრენამდე დიდი დროა, – გულუბრყვილოთ გაიკვირვა ბიჭმა.

ასტერონი საწოლში გადმოტრიალდა და ამოსკუპდა. ატლასის გადასაფარებელი მხრებიდან ჩამოუცურდა.

– შემახსენე რა გქვია? – უფლისწულმა თვალები იჭვნეულად მოჭუტა.
– ნ’გუა, თქვენო უდიდებულესობავ!
– ნ’გუა, – ასტერონმა ჩაიღიმა, – ჯამაგირს აზრების გამოთქმაში არ გიხდიან, ხომ ასეა?!
– დიახ, თქვენო უდიდებულესობავ! – ბიჭი გაწითლდა.

უფლისწულმა შენიშნა, რომ მსახურკაცი სასახლეში ახალი იყო  და ხმაჟღერადობაში მშვიდი, რბილი ბგერები შეაპარა, რათა ბიჭი არ დაეფრთხო.

– ჰოდა, ახლა წადი, – ისევ ხელით ანიშნა, რომ მარტო დაეტოვებინა, – და გადაეცი „იქრისელ ყვავილს“,  მერცხლების ჭიკჭიკს დაელოდოს; როცა მოფრინდებიან, მაშინ ვეწვევი.

მსახური შერცხვენილი სახით გაიძურწა თუ არა, ასტერონმა საბანს ხელი ჩაავლო, ადამიანთა ჩანასახივით მოიკუნტა და ზეწრებში გაეხვია. თვლემდა. თვალები ალბათ რამდენიმე წუთით მოატყუა, როდესაც კარის გაღების ხმა მოესმა.

– ხომ გითხარი, მერცხლების ჭიკჭიკს დაელოდოს-მეთქი! – ახალგამოღვიძებულის ხმაჟღერადობით მიმართა შემოსულს.
– გადმომცეს!

ქალის წკრიალა ხმამ უფლისწული უცაბედად გამოაფხიზლა – თვალები დაჭყიტა, ლოგინზე სწრაფად, გაუაზრებლად წამოიმართა. შიშველი გულ-მკერდის დაფარვა არც უცდია, ეგონა, ევრიპას მოერიდებოდა  და გავიდოდა, მაგრამ შეცდა.

– ჩემს შეცდენას თუ ცდილობ, – ევრიპამ თვალით ასტერონს მის სხეულზე მიუთითა, – ამაო მცდელობაა, – გაეღიმა.
– იქრისელებზე მსმენია, ჯიუტი ხალხიაო, – თასბოში საწოლიდან გადმოვიდა, იატაკზე დაგდებული ხალათი აიღო და მოიხურა, – ახლა, დავრწმუნდი კიდეც, რომ ასეა. როგორც ვხედავ, მიზნის მისაღწევად, შეგიძლია საძინებელში შიშველ კაცსაც შეუვარდე.
– ოჰ, ძვირფასო მომავალო მეუღლევ, მალე შემოვარდნა არ დამჭირდება, ამ ოთახს, სასახლესა და სამეფოს შენთან ერთად გავიყოფ!
– ძალზე თავდაჯერებული ხარ, დედოფალო! – ასტერონმა ბოლო სიტყვა დამცინავად წარმოთქვა.
– მართალია, თავდაჯერებული ვარ, – ევრიპამ ორი ნაბიჯი უფლისწულისკენ გადადგა, – მაგრამ ამ თვითრწმენის საბაბს რაჰის სახელმწიფეო გასაგისის გასაჭირი მაძლევს.
– ევრიპა, – ასტერონმა გაღიზიანებული ხმით შეჰყვირა, – ეს კვირები ამას მიმტკიცებ, ჩემზე მეტი თუ იცი, როგორმე მითხარი.

ერისთავისასულმა მრავლისმეტყველად გაიცინა. ასტერონს ისე მიუახლოვდა, მის სუნთქვას გრძნობდა.

– ამის უფლებას ვერ მივცემ საკუთარ თავს, – ლივზინეური ხმა ჰქონდა, ეტყობოდა, რომ გულწრფელი არ იყო, – ჯობია, შენი ოჯახის საქმე შენმა ოჯახმა მოგახსენოს.
– საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევ; აქამდე არაფერს გაუჩერებიხარ, შეგიძლია, მომიყვე, მე გრთავ ნებას, – გაღიზიანებული ხმით უთხრა უფლისწულმა.
– რადგან არ იშლი, – ხალათში ხელი მაცდუნებლად შეუცურა, – გეტყვი...

ასტერონმა ევრიპას ხელი საკუთარი სხეულიდან თავაზიანად მოიშორა და ხალათი ისე შეიკრა, რომ ყველაფერი დაჰფარვოდა.

– როგორც ვხედავ, არ ხარ მზად... − ასტერონს მოშორდა და თავის უკმაყოფილოდ გაიქნია, არ ხარ მზად მოსასმენად.
– მაშ რატომ მოხვედი? გინდა, გამაღიზიანო, გამაფიცხო? – ასტერონმა მღელვარებისგან ხელები გაშალა.
– მომენატრე, – ამჯერად ევრიპა გულწრფელი ჩანდა, – თუმცა დავიკმაყოფილე სურვილი. ნახვამდის!

ერისთავისასული ისევე მოულოდნელად გავიდა ოთახიდან, როგორც შემოვიდა. უფლისწულს იქრისელის გამბედაობა ხიბლავდა და თან აღიზიანებდა; თითქოს, რაღაც ამოუცნობი, უხილავი ძაფები აკავშირებდა მასთან. ზენაგრძნობით  მასში სახელმწიფეოსთვის სასიკეთო ღვენს  ხედავდა.

– „ნამდვილად, კარგი დედოფალი იქნებოდა“ – უფლისწულმა გაიფიქრა და ლერექუდეში შევიდა, რათა ოაშისთან შესახვედრად მომზადებულიყო. 



ზემოქალაქის მდიდართა უბანში, თავადთა დასახლებაში ცხენზე ამხედრებულ რამდენიმე ქეშიკთან ერთად ასტერონის მაკოროფალი დათოვლილ ქუჩებს სერავდა და ბორბლების რაკუნით ოაშის სახლისკენ მიემართებოდა. უფლისწულმა შუა გზაში სამეფო ჭარი  გააჩერა. ეტლიდან გადმოვიდა და მწაფელს უთხრა, ოაშის სახლთან დახვედროდა. მცველებს უბრძანა მეეტლეს თან გაჰყოლოდნენ, თვითონ კი გზა შეიმოკლა და დახლართულ ბილიკებს გაუყვა.

გზად რაჰის მჩხიბავს ეწვია. უნდოდა, საკუთარი მომავალი გაეგო, თანაც უსიამო ცნობებს უფრთხოდა. დათოვლილ ეზოს მიადგა. სახლის კარამდე მიმავალი ბილიკი გაწმენდილიყო, ეტყობოდა, რომ სუსხიან ამინდშიც კი დედაქალაქის წინასწარმეტყველს სტუმრები არ აკლდა. უფლისწული მდიდრული შენობის აივანზე გულისფანცქალით ავიდა და ფრთხილად დააკაკუნა. კარი ახალგაზრდა შავგვრემანმა ქალმა გაუღო. სახე წითელი თვითნიშნებით მოესვირინგებინა – ვერავინ ხვდებოდა, თუ რას აღნიშნავდა. თუმცაღა ყველა თვლიდა, რომ მისანს ზებუნებრივ ძალას ანიჭებდა.

ქალი სტუმარს მიესალმა, შეიპატიჟა და ოთახში შეუძღვა. სავარძელზე მიუთითა, მოკალათდიო. ასტერონიც მასპინძლის ნებას დაჰყვა და უსიტყვოდ, მონუსხულივით  მყუდრო, ბალიშებით გაწყობილ ძელსკამზე ჩაესვენა.

– რასაც შეუწუხებიხარ, იმისკენ მიისწრაფვი, თქვენო უდიდებულესობავ! – როგორც ყოველთვის, საუბარი ქარაგმებით დაიწყო.

ასტერონს ხმა არ გაუღია, ელოდებოდა, სხვას რას ეტყოდა.

– ბედნიერი დასასრული აქვს შენს მოგზაურობას, – ხელი გაუწოდა მეფისწულს, თითქოს რაღაცას სთხოვსო.

ასტერონმა მჩხიბავს მარცხენა ხელი გაუშვირა. წინასწარმეტყველმა პატარა დანით თითი გაუსერა და ორი წვეთი სისხლი თეთრულას ხის ფოთოლს დააწვეთა.

– ნამდვილად, – საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა თავი დასტურის ნიშნად დაიქნია და მომავლის შეცნობას მეტი გამბედაობით შეუდგა, – შენი მოგზაურობა ბედნიერების მომტანი იქნება, ეჭვი არ არის, მაგრამ, უფლისწულო, ცრემლსა და ტკივილსაც ვხედავ. გზას რომელსაც მიუყვები შენი დასასრულებელია. თუალეჰის ღრუბლები შენს თავზე შეგროვდებიან. ღალატს მრავალი სახე ექნება, თუმცა პირველად ლახვარს სისხლი ჩაგცემს, ხოლო შემდეგ სული. უფრთხილდი მომავლის ხაფანგებს, ორი ბილიკი მიგიძღვება მისკენ და შენ უნდა აირჩიო, რომელს შეუდგები – ერთი მტვრად გაქცევს, ხოლო მეორე განგადიდებს, – ქალი ისე საუბრობდა, თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებაო.

მისანმა დაასრულა საუბარი. ფოთოლი დაჭმუჭნა. ქურასთან მიიტანა და ცეცხლს მისცა.

– სხვას ვერაფერს გეტყვი, თქვენო უდიდებულესობავ, – მჩხიბავმა თავი გააქნია.

ასტერონი მიხვდა, ეს გამომშვიდობების მანიშნებელი იყო და ფეხზე უხალისოდ წამოიმართა. იმედი ჰქონდა, მისი მომავლის, მეფობის შესახებ მეტს გაიგებდა, მაგრამ რაც შეიტყო მხოლოდ ის იყო, რომ გადაწყვეტილების ტვირთი მას ჰქონდა დაკისრებული და განგება ზარმაცობდა. 
უფლისწულმა კალთის ჯიბიდან ტომსიკა ამოიღო და მჩხიბავს გაუწოდა. მასპინძელმა უცნაურად, არაბუნებრივად გაუღიმა, თითქოს თავს ძალას ატანსო. საფასური გამოართვა და გვერდით, მაგიდაზე დადო.

სტუმარმა გასვლა დააპირა, როდესაც ქალმა გამაფრთხილებელი ხმაჟღერადობით მიმართა:
– უფლისწულო, ბედნიერება მუდმივი არ არის!

ბიჭმა თავი დაუქნია და მკრთალად განათებულ ოთახს სასწრაფოდ გაეცალა. ოაშის სახლისკენ მიმავალი მჩხიბავის სიტყვებზე ფიქრობდა, აზრისა და მინიშნებების ამოცნობას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. წინასწარმეტყველის სიტყვებში რაც უფრო მეტად ეფლობოდა, მით უფრო მეტად გრძნობდა დაძაბულობას.

ასტერონი გაუცნობიერებლად, თითქოს დრომ შეწყვიტა ჟამთასვლაო, მეგობრის საცხოვრებელთან აღმოჩნდა.

რაჰისთვის დამახასიათებელი ანგურაშრთვილი სახლი მარმარილოთი იყო მოპირკეთებული. დიდ აშთაში დვრეული, მარადმწვანე მცენარეები ხარობდა. სიცივის მიუხედავად ათრას თეთრულას ხეს ყვავილები გამოესხა, რომელიც გამაბრუებელ სურნელს აფრქვევდა.

ასტერონი ეზოში უკანა ჭიშკრიდან შევიდა. აივანზე ოაში ელოდებოდა, რომელიც მოაჯირს დაყრდნობილი მეგობრის მოლოდინში შემოსასვლელს გაჰყურებდა.

უფლისწულის დანახვაზე ოაში წელში გასწორდა, წამოიმართა, კიბე ბურინით ჩამოირბინა და მეგობარს შუა გზაში შეეგება.

– მეგონა გადაიფიქრე, – შვებით უთხრა სტუმარს.
– რას ამბობ, – შეიცხადა ასტერონმა, – დარეთი, ზეჰის ბრძოლის მრუმე დღეების შემდეგ, მზის ამოსვლას ჰგავს, როგორ შეველევოდი?! – მოეხვია თავადიშვილს.
– მეც მომენატრე, – ხუმრობით უთხრა ოაშიმ.

მეფისწულმა მეგობრის მონატრებით გული იჯერა. მისი ლივზინეური პასუხი არ შეიმჩნია, თითქოს არ გაუგონიაო. 

– მართლაც, დიდი ხანია არ მინახავხარ.

სახლისკენ ნელი ნაბიჯით გაემართნენ. კიბეებს აუყვნენ. ოაშის სამგზავრო მუშამბა გაემზადებინა და კიბის თავში დაედო.

– გააცილე „იქრისის ყვავილი? – ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ოაში დაიმანჭა, ევრიპას გაჯავრება სცადა, რაც კარგად გამოსდიოდა.
ასტერონს გაეღიმა.
– გავაცილე და თავისუფალი ვარ. დედაჩემმა მითხრა, არ იჩქარო, დაფიქრდი და ისე მიიღე სწორი გადაწყვეტილებაო... – ნაღვლიანი ხმით უთხრა.
– ხოლო სწორი გადაწყვეტილება მისი ცოლად შერთვაა, ხომ? – ასტერონის ნაცვლად წინადადება ოაშიმ დაასრულა.

მეფისწულმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია; მეგობარს სევდიანი თვალებით შეაცქერდა, თითქოს მისგან ითხოვდა დახმარებას, თუმცა ხვდებოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

– როგორც ვხედავ მზად ხარ! – ასტერონმა ბარგზე წამუყო.

ოაშიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და დააყოლა:
– ჩემს მშობლებს როდესაც ვუთხარი, უფლისწული მეპატიჟები კლდეთის საზაფხულო სასახლეში-მეთქი, უარის თქმაც კი არ უფიქრიათ. დედაჩემმა ტანსაცმელი, ლამის, საკუთარი ხელით ჩამილაგა.
– ეჭვიც არ მეპარება, – ასტერონმა ხალისიანი ხმით უთხრა და ჩაეღიმა, – მომავალ მეფეს უარს ვინ ეტყვის, არა?!
– ასეა! – დაეთანხმა ოაში.
– შენი მშობლები არ ვნახოთ წასვლამდე, – ასტერონმა მეგობარს სასხვათაშორისოდ ჰკითხა, სინამდვილეში კი ჩქარობდა, – გამოემშვიდობებოდი.
– დილით გამოვემშვიდობე, თანაც სახლში არ არიან, ზენეათში გაემგზავრნენ, ზამთარს იქ გაატარებენ.
– სად? – უფლისწულმა წარბები წამოსწია.
– ზენეათში, – გაუმეორა ოაშიმ, – წარმოშობით იქედან ვართ, არ აუხსნიათ რატომ მიდიოდნენ, მის ნათესავს ცუდი ამბავი შეემთხვა, როგორც მითხრეს.
– სად არის ეგ სოფელი? – მეფისწულმა გულწრფელად იკითხა და ჩაფიქრდა, სახელი ეცნობოდა, მაგრამ ვერ იხსენებდ საიდან.
– ქალაქია ათრას სამთავროში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, – ოაშიმ მუშამბას ხელი დასტაცა, მხარზე შემოიგდო და მეორე მუშამბისკენ გაიწია.
– აჰა, გასაგებია! – ასტერონმა მეგობარს არ დააცალა და მის მეორე ბარგს ხელი სხარტად დასტაცა, – დაგეხმარები.
– მადლობა! – თავადიშვილმა მადლიერება ნასიამოვნები ხმით გამოხატა.
– კეთილი, წავედით, – უფლისწულმა თავი აშთის მიმართულებით გაიქნია, – მაკოროფალი გველოდება. უკვე მოსული იქნება.
– კი, შენს მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ქორივით შემოგრიალდა. ქეშიკებიც დაგვემგზავრებიან?
– რა თქმა უნდა, მეფემ ისე ვერ წახვალო, – გაიცინა, – გემს საკუთარი დაცვა ჰყავს, სამამფონო მხედრიონი რაღა საჭიროა არ ვიცი, მაგრამ როგორც უნდათ ისე იყოს, ყოველ შემთხვევაში, ზედმეტი დაცვა არ გვაწყენს.

ეტლისკენ გაემართნენ. გაიარეს აშთა. ასტერონი ათრას თეთრულას სურნელმა მოხიბლა. ხესთან მივიდა და დედოფალივით განავარდებული ყვავილოვანი ტოტი მოატეხა.

– რომელი გემით მივდივართ?
– დედოფლის.
– ყველაზე სწრაფით?
– კი, ორ კვირაში კლდეთში ვიქნებით, თან რვაიალქნიანია და მიტტაზეჰელი მენიჩბეები ჰყავს, ხომ იცი, რა კუნთიანი ხალხია.

მსახურმა ბატონებს ბარგი გამოართვა და მაკოროფალის წინა საბარგულში მოათავსა. ასტერონმა უბრძანა, გეზი ნავსაყუდელისკენ აეღოთ.

– როდისთვის ვბრუნდებით? – ჰკითხა ოაშიმ.
– ახალიწლის კვირეულში48,  ჰალტელეის ხუთამდე უნდა დავბრუნდეთ, ჯარის შეკრებას უნდა დავესწრო, მაგრამ მე მგონია, მეფეს ჩემი სასწრაფოდ დაქორწინება აქვს განზრახული – იქრისში მგზავნის.
– მერე, შენ რას ფიქრობ, აპირებ ევრიპასთან ჩასვლას?
– არ ვიცი, – სევდიანი ხმით უპასუხა ასტერონმა, – ამაზე ახლა არ ვფიქრობ, გაზაფხულზე დავფიქრდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები