ნაწარმოებები



ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 ივნისი, 2019


კაცი მე ვიცი საღორეში (ევმეოსის ქოხი)

კაცი მე ვიცი საღორეში
(ანუ დაკარგული საღორეს მონატრება)
(ევმეოსის ქოხი როგორც ნამდვილი სახლი, ასოციაციები)
ვფიქრობდი რაზე დამეწერა, არადა მთელი გულით მსურს ეს, საკმაო დროცაა გასული და თითქოს მომწყურდა.  ხოდა ველი შთაგონებას, როგორც ფუტკრები გაზაფხულს, რათა დაეწაფნონ უთვალავ ყვავილს. მეც მინდა დავეწაფო ყველა გრძნობას, განცდას თუ ემოციას რომელიც ჩემში გაედინება, რომ დავწერო ეს ოხერი ესე, თუმცა ვერ მიცვნია ისინი.
ვფიქრობდი რაზე დამეწერა. შეიძლება თუნდაც იმაზე დაწეროს ადამიანმა თუ როგორ ვერ წერს, როგორ უჭირს, როგორ იჭედება, მაგრამ არ გამოდის, მთელი გულით ცდილობ და არ გამოდის. მერე ვიფიქრე  რომელი სოციალური პრობლემაც მაწუხებს იმაზე დავწერ თქო, ხალხსაც დააინტერესებდა, აბა პიროვნება ვის რაში ადარდებს? ვის რაში სჭირდება წარუმატებლობის და დაკარგვის ღაღადი, თუნდაც განწირული ხავილი. ხოდა დავიწყე ამ სოციალურ პრობლემაზე წერა. ვფიქრობდი სახლად გარეჯს, ანდაც სამშობლოს გავასაღებ თქო ხოდა ასე დავიწყე  ,,გარეჯს გვართმევენ ეს ნაბიჭვრები“, მერე მივხვდი რომ ამის მეტი სათქმელი არ მქონდა და ჩემთვის მთლიანი ზიზღი და გულისრევა სწორედ ამ სიტყვებში იდო.
ვფიქრობდი რაზე დამეწერა და ძველი ნაწერების კითხვა დავიწყე, იქნებ რომელიში ვიპოვნო თქო ამისთვი გამოსადეგი თემატიკა, იქნებ რომელიმეში ახალი განწყობა ჩავდო და მოვარგო ამ სათაურს, ამ აზრს, იმას რომ დავიკარგე, იმას რომ სახლში მინდა, იმას რომ ვერ მივდივარ, თქო. თუმცა  დავაკვირდი მათ და არაფერი შეცვლილა, სულის პატერნი უცვლელია. ბოლოს ჩემს საყვერელ სფეროს მივუბრუნდი, ნაკელს. ოჰ როგორ მიყვარს ნეხვი, ვიფიქრე მშვენიერი იქნებოდა სწორედ ეს გამესაღებინა სახლად, ესეც მოცულობითი გამომივიდოდა, ვინაიდან ყველაფერი შეგიძლია შეადარო დღევანდელობიდან განავალს. მაგალითად ყველაზე ლამაზი და დიდი ხეები რომ გავზარდოთ, ყველაზე ნაყოფიერ ნიადაგზე უნდა მოვათავსოთ, ნაყოფიერი ნიადაგი კი ნეშომპალით უნდა იყოს სავსე, ნეშომპალა კი ბაქტერიების განავალია, ვფიქრობ მართლაც ასეა, შეიძლება ის რაც გაგვუკეთებია და ყველაზე ლამაზად მიგვაჩნია, შეიძლება რომ სწორედ ნაკელზე დაფუძნების შედეგად გახდა ასეთი. ნეხვიც მომბეზრდა.
მერე დავფიქრდი, საერთოდაც რა მაქვს სათქმელი? ყოველი დღე იწყება სურვილით იმისა რომ მქონდეს სურვილი რამის შეცვლისა, იქითკენ წაყვანისა რაც მართლა მინდა, მაგრამ ისიც აღარ ვიცი უკვე რა მინდა სინამდვილეში? რას ველი ამ გამოთაყვანებული წუთისოფლისგან? მე ვარ პიროვნება რომელსაც ერთდროულად შეუძლია მთელი გულით სურდეს მარტო ცხოვრების სწავლა და ასევე ოცნებობდეს იმაზე რომ სოციალიზაცია ისწავლოს, მე ვარ ადამიანი რომელსაც ნიღაბი არა მხოლოდ საზოგადოების წინაშე მიკეთია, არამედ ჩემს ფიქრებშიც, რეალური წარმოდგენა მაქვს დაკარგული საკუთარ პიროვნებაზე, ტყუილში ვცხოვრობ. ხშირად ვუსვამ შეკითვას საკუთარ თავს: სად ვარ? ერთი ნამდვილად ვიცი რომ სადაც ვარ, იქ არ უნდა ვიყო. ან თუნდაც რას მივიღებ იმით რომ თავი მოვიკატუნო? თითქოს ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი რიგზეა. ქვიშაზე ვდგვარ და ისე ვმსჯელობ, ერთი სული მაქვს თავი ჩავყო და მივეცე იმ თვითდავიწყბებას, თუნდაც წამიერს, რომელზეც მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ. ვხედავ სახეებს, ძალიან იშვიათად, კისრის ვარჯიშად მექცა ადამინისთვის სახეში ღიად შეხედვის ცერემონია, მაგრამ რა?! მოცემულობა იგივე თვალები, შიგ წარწერებით, დაწერილია ყველაფერი, მთელი რუტინა, თუ რას გააკეთებს როცა ახალ შენაძენს შეგამჩნევს, ახალ ვარცხნილობას და ა.შ. როდის გაიღიმებს და იხუმრებს, ზოგჯერ სიცოცხლის ნაპერწკალსაც შეამჩნევ, როგორც წესი, ნაპერწლის ზომა, მის გარშემო ხალხის რაოდენობის უკუპროპორციულია. ამოტომაც მიჭირს, სიკვდილივით მიძნელდება, სახეების ყურება რომელზედაც დაწერილია ყველაფერი, მთელი ცხოვრება. ეს ბედისწერა არაა, ეს სიკვდილია.
ღიაა ფანჯრები, მგონი ორპირად. აუდიტორიაში შესვლა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, შესაძლოა კარი მოგხვდეს ზურგში, შესაძლოა აგცდეს, მაგრამ არ აგცდება სულის გამაწვრილებელი, ცნობისმოყვარეობისგან გამოწვეული მზერა. არც აქ შეცვლილა არაფერი ლექტორი რომელიც იმ თვისებებს ავლენს რომელიც დიდი ხანია შეცვალა კალკულატორმა, ანდაც ექსელმა. და ზურგები ათასნაირი წარწერებით. ყველას მაისურზე აწერია სახეზე წაწერილის ნაგლეჯი, მისწრაფებები და ოცნებები, გატაცებები ანდაც უბრალო ფრაზა რომელიც სოციუმში აწევს მათ დონეს, მათი ფიქრის ხარისხს და განსხვავებულობას გაუსვამს ხაზს. მეც მაქვს ასეთი მაისური ამიტომ არ მესწავლება. რახან განსხვავებულობა ვახსენე იმასაც ვიტყვი რომ ამას წინად ვნახე რვეული, რომელზეც ეწერა ,,BE DIFFERENT” შემდეგ ბიბლუსის კონსულტანტს ვკითხე და თურმე მარტო ამ მაღაზიაში ხუთასი იყო ასეთი რვეული და შეეძლო საწყობიდანაც გამოეტანა, რადგან უშუალოდ ვიტრინაში მხოლოდ სამოცამდე თუ იქნებოდა. დავდივართ მერე ამ რვეულებით და სხვასაც თუ აღმოვჩენთ იგივენაირით შეიძლება მასთან საერთო ენაც კი გამოვნახოთ. მაგრამ მთავარია, ლოზუნგი, მოწოდება. დღეს ხომ ყველაფერი ზედაპირულობაზეა გადასული, არავის ადარდებს შენი ფიქრები. მთავარია გამოხვიდე საზოგადოებაში და ვთქვად ჰომოსექსუალებს დაუჭირო მხარი, სახლში თუ ლანძღავ არავის ადარდებს, არც თავად მათ. არადა მახსოვს ,,ომი და მშვიდობის" პირველი სცენა სადაც პირში აქებენ ახალგაზრდა პიერის მოსაზრებებს ზურგს უკან კი დასცინიან, ავტორს ისე ხაზგასმით აქვს ეს ზურგს უკან საუბრის ეპიზოდი რომ პირდაპირ გვახვედრებს რა უფრო მნიშვლენელოვანა, რაა სიმართლე და ა.შ. მაგრამ ამის მერე მიჩნდება კითხვა როდის წავედით ხელიდან და ხელიდან წასვლის შემდეგ პირდაპირ ტრაკისკენ როდის ავიღეთ გეზი? ხოდა სწორედ იქ მინდა სადაც პირდაპირ და დაუფარავად ამბობენ სათქმელს და მინდა სწორედ ამ ნდომაზე დავწერო, მაგრამ არ მოდის ეს დედააფეთქებული აზრები, როგორც ფოთლებით გაბიდნულ მილს აწვება წყალი და უნდა რომ გაიკვლიოს გზა, უნდა რომ გახეთქოს და გამოაღწიოს, ასე აწვება ჩემს უსაქმურობისგან გაგაბიდნულ ტვინს აზრები, ფიქრები, იდეები და ალბათ გახეთქავენ კიდევაც მალე.
დავდივართ. დავდივართ უნვერსიტეტში, რომ გვკითხო სათითაოდ ალბათ გეტყვით რომ მომავლისთვის ვსწავლობთ, საკუთარი ბედნიერი მომავლისთვის, მაგრამ ვერ ვხვდები რატომაა მომავალი ბედნიერებისთვის ძველის დათმობა საჭირო? თითქოს ზრდასრულობას მაიძულებენ, მაიძულებენ არა პირდაპირ, არამედ რაღაც სხვანაირად. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მე ვარ მდინარე, რომელსაც იმ პირველი წვეთების აკრეფის ადგილზე უნდა  დაბრუნება, მაღლა, მთაში, სათავეში, მაგრამ ჩემი სურვილისდა მიუხედავად მაინც ნეხვით სავსე ზღვას შევუერთდები, ესაა ზდასრულობა, ესაა დაუწერელი კანონი, ესაა რასაც ვერ ასცდები. არადა სახლში მინდა. ბებიაჩემთან. ბებიაჩემია ჩემი მეღორე, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი სჭირდება ჩემგან ისე ვუყვარვარ, აზრზე არაა ქრისტიანობის დოგმატების მაგრამ სწამს, ბებოსთან სადაც ყველაზე მშვიდათ ვარ, ბებოსთან სადაც ვიცი რომ ღამე თუ გადავიხადე საბანი აუცილებლად დამაფარებენ. მაგრამ ვერ წავალ! ვერ წავალ, ვერა! და რატომ, აზრზე არ ვარ. თუმცა ვიცი რომ ის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა სახლში ყოფნისას, ჩემს საღორეში ყოფნისას, აღარ არსებობს. ანდაც არსებობს და ფეხზე მკიდია.
პ.ს. ამ ესეის დაწერის მომდევნო დღეს მივხვდი რომ სახლში ყოფნა კი კარგია მაგრამ „ჩვენი ოდისეა“ არ შედგება მისგან განშორების გარეშე. როგორც ოდისევსზე არ გვეცოდინებოდა არაფერი სახლში რომ დარჩენილიყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები