ნაწარმოებები



ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2019


მტვერი (თავი 5. ნაწილი 7-8)

                                                                                                                                7

*ფეტიჶშურსოეჰი – გაზაფხულის მეორე თვე (შედეგბა 30 დღისგან).
*მათრიხი – წონის ერთეული, შეადგენდა 0,9 კილოგრამს.


სასტუმროს ოთახში არჩილს ფეხაკრეფით შემოსვლის ხმა მოესმა. გაიფიქრა, ალექსანდრე იქნებაო, შემდეგ ყრუდ მოესმა:
– საძინებელში იქნება. აქ დამელოდე, გამოვიყვან!

თავადი მიხვდა, ალექსანდრე მარტო არ იყო და ვიღაც მოიყვანა. ათასი აზრი გაუკრთა თავში. სიფრთხილით გაიფიქრა, ისევ ხომ არ მიუბრუნდა საკუთარ ჩვევებსო. ფიქრებიდან კი კარის ფრთხილად გაღების ხმამ გამოარკვია.

– მამა, – შეყოვნდა ალექსანდრე.

არჩილმა იჭვნეულად გახედა. თავადის თვალებში ვედრება იკითხებოდა, თხოვნა შვილის მიმართ, რომ არ ეთქვა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა.

– გისმენ, – თავს ძალა დაატანა და მშვიდი ხმაჟღერადობით უპასუხა მამამ.
– მამა, – თავადიშვილი ფრთხილობდა, – ვიცი, არ გინდოდა „სწრაფ მბრძანებელთან“ საქმის გაგრძელება, ამიტომ ახალი ვიშოვე, – თავადს მოლოდინის მზერით მიაშტერდა.
– მართლა? – არჩილს ამ ამბის გაგებამ შვება მოჰგვარა, −ცქვირინისეული ამბავია...

ალექსანდრემ თანხმობის ნიშნად ღიმილიანი სახით თავი დაუქნია.

– კეთილი, − თავადი წამოიმართა და სკამზე მყუდროდ მოკალათდა, − მაშინ მომიყევი რაშია საქმე! –ხელების თითები ერთმანეთს შეატყუპა, ტუჩებთან მიიტანა და შვილის მონათხრობს ცნობისმოყვარეობით აღვსილი მზერით დაელოდა. 

ალექსანდრემ თხრობა დაიწყო. პირობები, თუ რას თავაზობდა პეტრი, ჩამოუთვალა.

არჩილი ალექსანდრეს გულისყურით უსმენდა. თან სიამაყის გრძნობა ეუფლებოდა, რადგან მისმა ერთადერთმა ვაჟმა კონსტანტინე მედროშის წამოწყებულ საქმეს ალღო ასე სწრაფად აუღო. შემდეგ თავადი ფიქრებში გადაიჭრა, შვილის ლაპარაკი შიგადაშიგ ყრუდ ჩაესმოდა, თითქოს ვიღაცის საუბარი შორიდან ისმოდაო.

ალექსანდრე შეჩერდა − მიხვდა, არჩილს ყურადღება გაფანტვოდა. სცადა მამა გამოეფხიზლებინა:
– მისმენ, – შეპარვით მიმართა.
– ა? – ფიქრებში სანახევროდ ჩაძირული თავადი გამოერკვია, – კი როგორ არა? რას მეუბნებოდი?
– როგორც გითხარი,  „სახელმწიფოს“ მეპატრონეს მყუდრო ხორეუ გამოვსტყუე, შენთვის და ჩემთვის. თანაც სამსახურს არც ისე ძვირად გაგვიწევს. შენ რომ დაიქირავე იმ გემზე ნახევარჯერ ნაკლებს გადავიხდით.

არჩილი ჩაფიქრდა. რამდენიმე წამის შემდეგ დუმილი თავადმავე დაარღვია:
– როდის გადის?
– ზეგ დილით.
– ჰმ, ვფიქრობ, ტვირთის გემბანზე ატანას ვერ მოვასწრებთ, – დანანებით თქვა არჩილმა. 
– თვითონ გამოგზავნის გემის თაბუნს, – ალექსანდრე მედგრად ცდილობდა, მამამისი დაერწმუნებინა, რომ გარიგება სარფიანი იქნებოდა, – დედაქალაქში ამაზე უკეთესი რა უნდა ვიშოვოთ?!
– ხომ იცი, – წამოდგა არჩილი, – ვაჭრები...
– მუქთად არაფერს ვაკეთებთ, – თავადთან ერთად ალექსანდემაც გაიმეორა. – მაგრამ მუქთად არ აკეთებს. ეს გარიგება მასაც არგია – ახალი მოთამაშეა და ყურადღების მიპყრობა უნდა.
– კეთილი, – არჩილი დაეთანხმა, – მაშინ, ჯერ შენ მიერ შერჩეულ გემის მეპატრონეს გავიცნობ  და მერე გადავწყვიტოთ, – მამა შვილს თანასწორივით ესაუბრებოდა.

ალექსანდრეს სიხარულის ღიმილი გამოესახა, კარი გააღო და პეტრის უხმო.

– ვიცოდი, რომ გაცნობის გარეშე არ დამთანხმდებოდი, ამიტომაც მოვიყვანე აქ.

არჩილის თვალებში ეჭვმა დაიბუდა, როცა კარში რაჰულ ლერექუში გამოწყობილი, ალექსანდრეზე ცოტათი მაღალი და, სულ მცირე, ათი წლით უფროსი მამაკაცი შემოვიდა. თავადი მედროშის გონებაში დიდგვაროვნულმა თავაზიანობამ  ვაჭრულ ალღოს სძლია, ამიტომ სტუმარი სტუმართმოყვარეობით შემოიპატიჟა და მაგიდისკენ მიუთითა, დაჯექიო. ალექსანდრე პეტრის გვერდით მიუჯდა, მასპინძელი კი მაგიდის თავში დაჯდა.

პეტრიმ თავადს ყველაფერს წვრილად მოუყვა, თუ რას სთავაზობდა და რა ფასად. საუბრის ბოლოს არჩილს ეჭვებმა შეუტია, მაგრამ შეთავაზება მეტად მომგებიანად და დამაკმაყოფილებლად მოეჩვენა. იფიქრა, ჩიტი ბდღვნად ღირსო და შეთანხმების ნიშნად ხელი გაუწოდა. 
პეტრის სიხარულისგან გაეღიმა და გაწოდებულ ხელს თანხმობით უპასუხა.

– მიხარია, რომ შევთანხმდით, – თავაზიანად მიმართა არჩილმა, – მაგრამ გასვლის თარიღთან დაკავშირებით საჭიროა დამატებითი სიცხადე შევიტანოთ.
– რა თქმა უნდა, თქვენო ბრწყინვალებავ.
– ჩვენ, – ალექსანდრესკენ მიუთითა, – პირველს ფეტიჶშურსოეჰს  ვაპირებდით გასვლას, შენ როგორც ვატყობ, რაჰის დატოვებას ახალი წლის კვირეულის დამთავრებას ამთხვევ. მინდა გკითხო, შესაძლებელია, გამგზავრება ერთი დღით გადავწიოთ?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, – უხერხულობის გარეშე უთხრა პეტრიმ, – ვწუხ, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ ხომალდის თაბუნის საკვები თითოეულ დღეზეა გათვლილი. რაჰიდან ტინარშუჰში ჩასვლისა და დაბრუნების თითოეული ჩეჲ გაანგარიშებული მაქვს.
– რამდენია? – თავადმა მოკლედ მოუჭრა.
– გემზე, ჩემი ჩათვლით, ორმოცი ადამიანია, თითოეულის სამჯერადი კვება არის ას ოცი ულუფა დღისთვის. მთელი თაბუნის დასაპურებლად საჭიროა, – დაიწყო თითებზე თვლა, ჩაფიქრდა, გონებაში ანგარიშობდა, – ოცდათექვსმეტი მათრიხი  პური, ოცდაათი ხელადა წუნეუშქური, ორი ტახი და ოცი მათრიხი ლობიო. ჯამში, – თვალები ჭერს აღაპყრო და რამდენიმე წამში დარწმუნებით წარმოთქვა, – ერთი სარაჰიტი, შვიდი ფლივი და ოცდათვრამეტი ჩეჲ დაჯდება.

არჩილმა გაკვირვებისგან წარბები ასწია – ნამდვილად იაფი იყო, ვიდრე მოელოდა. „სწრაფი მბრძანებლის“ მეპატრონე სულ მცირე ნახევარჯერ მეტს მოსთხოვდა. თავადს კმაყოფილების გრძნობა დაეუფლა. ფეხზე წამოდგა.

პეტრიც წამოიმართა. მის კითხვებს არჩილის სახის გამომეტყველებამ წინასწარ უპასუხა. მისკენ მიმავალი თავადისკენ შემხვედრი ნაბიჯი გადადგა.
არჩილმა ხელი გაუწოდა:
– სასიამოვნოა თქვენთან საქმის დაჭერა, – გაუღიმა.
პეტრიმ არჩილს მადლობით უპასუხა და მკლავი ჩამოართვა.


                                                                                                                              ***

*„ჩრდილოეთის რაში“ – ცივი ჰაერის მასები.
*„სამხრეთის კოცონი“ – თბილი ჰაერის მასები.
*„გველეშაპის დაბლობის“ –  იწყება ათრას სამხრეთი საზღვრიდან იქრისის ჩრდილოეთამდე, „ზეჰის მთების“ სამხრეთ ფერდობებამდე და სიღრმისკენ მიუყვება სამკუთხოვნად გარუთ-ჟაჰის მთაგრეხილამდე.
*ირინეჰი (სარაჰ) – გაზაფხულის ყვავილი. აქვს თაფლის სურნელი. გაფურჩქვნისას მზეს ჰგავს,  გაფურჩქვნამდე კი ყურძნის მტევანს. გარედან მუქი შინდისფერია, შიგნიდან ყვითელი, გული კი მუქი მწვანე აქვს. ხარობს გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

*გარაშა – აქ. გვარდია.
*არძა – ბამბის უხეში ქსოვილი.
* არა-გიშულირი (მეგრ.  აზრზე მოსული;) – აქ. არა-რაციონალური.


სარაჰის ჯარის შეკრებას ზექსეოს მოედანზე უცნაურად მზიანი ამინდი დაემთხვა. ახალიწლის კვირეულის მეხუთე ჰალტელეის, დილით გრილოდა, შუადღისას კი ზღვიდან თბილმა სიომ დაჰბერა; „ჩრდილოეთის რაში“ , ზამთრობით სუსხი და თოვლი რომ მოაქვს დედაქალაქში, „სამხრეთის კოცონთან“  დამარცხდა, რომლის ცეკვა „გველეშაპის დაბლობის“  მკვიდრთ გაზაფხულის მოსვლას აუწყებდა. ოქროსფერი ბორჯღალო ლაჟვარდისფერ ზედაპირზე თავს იწონებდა და რაჰს დიდებულებით გადმოჰყურებდა, თითქოს უღიმისო. 

თვითნიშნების მოყვარულმა რაჰელებმა ეს მოვლენა ღვთაებრივ თანხმობას მიაწერეს, ამიტომ სულიერი სისავსით გადაწყვიტეს მამფონთა მხარდაჭერა და ყველა მთავარი მოედნისკენ დაიძრა.

მერცხლებს ომის დაწყების თაობაზე მთელი სახელმწიფეოსთვის ეცნობებინათ. სამთავროებისა და საერისთავოების ლაშქარი მხედართმთავრებითურთ პირდაპირ პეტროკალას ველისკენ დაიძრა; ჯერ პათომონში, მდინარე ვენტეჶინესთან შეიკრიბებოდნენ და მთავარსარდლის და სპასპეტების მოსვლის შემდეგ, ვერიოსის საზღვარს გადაჭრიდნენ.

რაჰში კი ჩვეულ წესთააღსრულებას მამფონები მართავენ, რა დროსაც უმრწესს მთავარსარდალთან და ხუთას სამეფო ჯარისკაცთან ერთად საბრძოლველად გააცილებენ, მთავარქურუმი ლოცვას აღავლენს, ხალხი გაზაფხულის ყვავილებით – იასამნებით, გვირილებით, ლარაჰებით, ნარგიზებით, ირინეჰებით  – სახელმწიფეო ლერთქემს გზას დაულოცავს, ცოლები ქმრებს გამოემშვიდობებიან, მამები კი შვილებს დაემშვიდობებიან. 
დილით, არჩილს აივნის ფანჯარა ღია დახვდა, ალბათ, მსახურმა გამოაღოო, გაიფიქრა. მოსაწესრიგებლად სახეზე წყალი შეისხა. ხელები ნიჟარაში ჩაიბანა. სკივრიდან საგაზაფხულო ტანსაცმელი ამოიღო და გამოეწყო. მეზობელ ოთახში გავიდა, ალექსანდრეს გავაღვიძებო იფიქრა, მაგრამ საწოლი ცარიელი დახვდა. ფანჯარაში გაიხედა, რომელიც ზექსეოს მოედანს გადაჰყურებდა. უზარმაზარი ქანდაკება ზღვის ხედს ნაწილობრივ უჩრდილავდა, მაგრამ გორისპირს მდებარე სასტუმროდან წენგოსფერი, მცირედით მღელვარე ზღვით დატკბობა მაინც შეეძლო. თავადმა ეს ოთახი სწორედ მაგიტომ შეარჩია, რადგან მოედანი ხელისგულზეა გადაშლილი, ზღვიდან მონაბერი სიო კი ყოველ დილით ფანჯრებში იჭრება და გაზაფხულის სასიამოვნო სურნელება მოაქვს.

თავადს კარის ფრთხილად, ჩუმად გაღების ხმა მოესმა და მისაღებში გავიდა. ალექსანდრე საკუთარი საძინებლისკენ ფეხაკრეფით მიდიოდა. არჩილმა გადაწყვიტა, მისალმებოდა.

– გამარჯობა მამა, – თავადიშვილი შეკრთა და უხერხულად გაიცინა, თითქოს რაღაცას მალავსო.
– სად იყავ? – არჩილმა მოკლედ და მკაცრად ჰკითხა.
– პეტრისთან ერთად ვიყავი, – შეყოვნდა და ჩაფიქრდა, თავადს სიმართლეს ვერ ეტყოდა, თუ მთელი ღამე ტინარშუჰელ ვაჭართან რას აკეთებდა, თუმცა იცოდა, რომ დამაჯერებელი ტყუილი უნდა ეთქვა.
– აჰა, – თავადმა მრავლისმეტყველად წარმოთქვა და შვილს დავიწროებული თვალებით ჩააცქერდა, გეგონებოდათ, ალექსანდრეს აზრების ამოკითხვას ცდილობსო, – და რას აკეთებდით?
– მთავარი მოედნის ქიოქასახლში ვიყავით, – წარმოიდგინა მთელი ღამე და თავადიშვილს სიამოვნების ღიმილი გამოესახა.
– მშვენიერია, – არჩილს სიხარულისგან უცნაური ხმა აღმოხდა, – მიხარია, მართლა. სასიხარულოა ეგ ამბავი, – თავადმა ალმაცერ მზერას მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი შეათვისა და შვილს ისე გახედა.

ალექსანდრემ წარბები წამოსწია. არაფერი უპასუხა, ოთახის კარი გააღო და საძინებელში სწრაფად შეაბიჯა.

არჩილმა შვილს მისაღებიდან გასძახა:
– მოემზადე, დღეს ჯარის შეკრებაა, გავიდეთ და სარაჰელ მამაც გულებს გზა დავულოცოთ.
– კეთილი, – ალექსანდრე უმალ დაეთანხმა, – მეც მოედანზე ვაპირებდი წასვლას, პეტრის უნდა შევხვედროდი. კარგია, ერთად წავალთ, იქნებ დაილაპარაკოთ ისევ.
– სალაპარაკო აღარაფერია, – უპასუხა თავადმა, – რაც საჭირო იყო გავარკვიეთ.
– უკეთესი, – მოწონების ხმაჟღერადობით წარმოთქვა ალექსანდრემ, – მაშინ, მაცადე... რამდენიმე წუთში გამოვალ.

თავადმა შვილს თანხმობის ნიშნად გასძახა:
– ჩემს ოთახში გელოდები. დამიძახე და ერთად გავიდეთ.

ალექსანდრე მართლაც მალე გამოვიდა. ტანსაცმელზე სუნამო დაეფრქვია, სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. თავადის გაკვირვებული სახე შენიშნა, დაელოდა, რამეს ხომ არ მკითხავსო, მაგრამ არჩილი შვილს აღარ ჩასძიებია, თუმცა ალექსანდრემ გადაწყვიტა განემარტა, რათა მამისთვის ეჭვები გაექარწყლებინა.

– დღეს თბილა, არ მინდა ოფლის სუნით ავქოთდე, – ჩოხის კალთები დაიბერტყა, ხელის ზურგს დაყნოსა, სიამოვნებისგან ღრმად შეისუნთქა.
– გავედით! – მბრძანებლური ხმით უთხრა თავადმა.

არჩილი ოთახიდან პირველი გავიდა. დაელოდა შვილი როდის გამოვიდოდა, მერე კარი საგულდაგულოდ ჩარაზა, შეამოწმა ღია ხომ არ დამრჩაო და ზექსეოს მოედნისკენ გულდამშვიდებული გაემართა.

მამა-შვილი ზღვის მიმართულებით წავიდა. მთავარ მოედნამდე სასტუმროდან ორი გზა მიდიოდა, ერთი საეტლე, ხოლო მეორე საფეხმავლო. მათ საფეხმავლო აირჩიეს და სასტუმროდან დედოფლის უბანში ჩამავალ კიბეს დაუყვნენ. 

კიბე ზოგჯერ ბილიკით იცვლებოდა. დამრეც ადგილებში მიმავალთ კვლავ საფეხურები წაეშველებოდა და ასე მეორდებოდა, ვიდრე მოედნის გზამდე.
დაბლა ჩასული თავადი და ალექსანდრე ხალხის მდინარეს შეერწყნენ და მათ დინებას მიჰყვნენ.

მთავარი გზა, რომელზეც მამფონებს უნდა გაევლოთ, სამეფო გარაშას  გადაეკეტა. ყველა მისასვლელთან ჯარისკაცი იდგა და ქალაქის მთავარ სისხლძარღვს მოქალაქეებისგან იცავდა. 

მოედანზე სამზადისი სრულდებოდა. სამეფო ლერთქემი შეკრებილიყო, მხოლოდ მამფონები, უფლისწული და მთავარქურუმი იყვნენ მოსასვლელები.
სამეფო ლაშქარი ასეულებში ოთხ რიგად და ხუთ მწკრივად განლაგებულიყო. ხუთი ასეული ზექსეოს ქანდაკებასა და შენობებს შორის ერთმანეთის უკან და გვერდიგვერდ იდგა. მოწინავე სამი ასეულის პირველი რიგი მსუბუქი ცხენოსანი და მძიმე აბჯროსანი ჯარისაგან შედგებოდა. ორი ასეულის პირველ-მეორე რიგს ორცხენიანი ჩვეულებრივი საბრძოლო ეტლები შეადგენდა. დანარჩენ რიგებს კი მსუბუქად აღჭურვილი ქვეითი ჯარი ავსებდა.
ცხენები მშვიდად იდგნენ. მზეს ეფიცხებოდნენ და ელოდნენ საკუთარ წამს, როდის მისცემდა მხედარი ბრძანებას, რათა საკუთარ სხეულზე გაჭრილი ჰაერის სასიამოვნო ლაციცი შეეგრძნოთ. ზეჰი თითქოს გზას ულოცავდა – უღრუბლო ცაზე ყვითლად მოკაშკაშე ბურთი დედოფალივით იჯდა. სარაჰელებისთვის ეს საკმარისი იყო, რათა ომის წარმატებულად დასრულება ერწმუნათ. 

– ზეჰი ჩვენს მხარესაა, – სარაჰის ლერთქემის ხილვისას არჩილმა საკუთარ სიტყვებში სიამაყის გრძნობა ჩააქსოვა, – დაე, ღვთაებამ დაიფაროს სარაჰი! 
ალექსანდრემ თავი უხალისოდ გააქნია.
– არ მჯერა, რომ კაცთა კვლას ღვთაება ზეჰი მფარველობდეს, მამა, – ეჭვი გამოთქვა ბიჭმა.
– რას ამბობ, – გაღიზიანდა თავადი, – არავინ გაგიგოს...

არჩილს სიტყვა გაუწყდა, რადგან წინადადება მის ნაცვლად პეტრიმ დაასრულა:
– თორემ რაჰელები ჯვარს მიგაკრავენ! – ლივზინეური ხმა ჰქონდა.

არჩილმა და ალექსანდრემ თავები პეტრისკენ მიაბრუნეს. ტინარშუჰელმა მისალმების ნიშნად თავი დაუკრა.

– მართალია, – არჩილი უკმაყოფილოდ დაეთანხმა, რადგან მალათირეს ხმაჟღერადობა არ ესიამოვნა.
– მეც ვთვლი, რომ ღვთაებებს კაცთა საქმეებისთვის არ სცალიათ, – მშვიდად წარმოთქვა პეტრიმ, ალექსანდრესკენ მზერა გააპარა და გაუღიმა.
– ვერ დაგეთანხმებით, – არჩილი სიბრაზის მოთოკვას ცდილობდა, – ღვთაებები განსჯიან ჩვენს სულებს სიკვდილის შემდგომ. მაშ, რატომ გგონიათ, რომ მნათობებს ჩვენთვის არ სცალიათ?! – ისე წარმოთქვა, საკუთარ კითხვაზე პასუხს არ ელოდა.
– მე, მნათობთა არსებობის, არ მჯერა, თქვენო ბრწყინვალებავ. ვთვლი, ისინი კაცთა მოგონილია, რათა მთელი ცხოვრება შიშსა და ტყვეობაში გავატაროთ.

უარყოფის ნიშნად, არჩილმა თავი გააქნია. ხელი აიქნია და შეკრებილი ჯარისკენ გაიხედა. საუბრის გაგრძელება არ უნდოდა, რადგან იცოდა, კამათი არსად მიიყვანდა და აზრებს ვერ შეაჯერებდნენ.

პეტრი ალექსანდრესთან მივიდა და გვერდით დაუდგა. თავი მისკენ გადადრიკა და ჩასჩურჩულა:
– კარგია, რომ აქ მოხვედით – სადაც შევთანხმდით.
– ხალხის დინებას თავი ძლივს დავაღწიეთ, – ჩურჩულითვე უპასუხა ალექსანდრემ.

პეტრიმ შეკრებილ საზოგადოებას გადახედა. რაჰელები სარაჰულ სამოსში გამოწყობილიყვნენ, ზოგს ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი ლერექუ ემოსა, ზოგიერთს კი არძის  და ნარმის ბალახონი  ჩაეცვა. ჩამოსულებს სხვადასხვა, ადგილობრივთათვის უჩვეულო ტანსაცმელი ეცვათ. ქალაქში მყოფთაგან თითქმის ყველა სანახაობის სათვალთვალოდ გამოსულიყო.

– ამდაგვარი ღონისძიებები დიდხანს გრძელდება ხოლმე? –  პეტრიმ თავი ჯარისკენ გაიქნია.
– როგორც წესი, მამფონთა მოსვლას სჭირდება დიდი დრო. როგორც წესი, იგვიანებენ. მერე ყველაფერი სწრაფად ჩაივლის, – უპასუხა თავადიშვილმა
– კარგია თორემ, ეს მზე...

საყვირის ხმა გაისმა. ხალხი ახმაურდა. ყიჟინა დასცეს. ცხენოსნებმა ღვედს მოზიდეს, რათა ტაიჭნი დაეშოშმინებინათ. ქვეითი ჯარი საბრძოლო წყობისთვის მოემზადა. მწაფელები და მხედრები წელში გაიმართნენ.

ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამეფო მაკოროფალი მოედნისკენ მოიწევდა. მას დარიელთა საგვარეულო ნიშნითა და სახელმწიფეო ალმით მომარჯვებული ცხენზე ამხედრებული ქეშიკნი მოუძღოდნენ. ეტლი მამფონთა და მთავარქურუმისთვის მომზადებულ ადგილას გაჩერდა. სამეფო გარაშა შემჭიდროვდა, შუბები მაღლა შემართა და ხალხისკენ შემოტრიალდა; რკინის ერთმანეთზე ცემისა და მაზარათა შრიალის ხმები ტალღისებრ გავრცელდა.

ეტლის კარი მწაფელმა გააღო. საბრძოლო აბჯარში აღკაზმული ალთიონი, სადღესასწაულო კაბაში გამოწყობილი ანა და ლეჲე მაკოროფალიდან პირველები გადმოვიდნენ და საკუთარ ალაგს მივიდნენ, რომელსაც მზისგან მოსარიდებელი ორთვალი ჰქონდა გადაფარებული.

მამფონები ტახტზე დასხდნენ თუ არა, მთავარქურუმი და ლეტა-შეტნუში მათთან ავიდნენ, თავი დაუკრეს და დედოფლისა და მეფისასულის გვერდით დადგნენ.

– შეხედე, ტრილონია, – გაოცებული სახით ღვარძლიანად წარმოთქვა ალექსანდრემ, – აქ რას აკეთებს?

თავადიშვილმა არჩილს გახედა. თავადს წარბები კუშტად შეეკრა. თვალებში მრისხანების ნაპერწკალი უღვივოდა, ხელი გაუცნობიერებლად წელისკენ გააპარა, სადაც ჩვეულებრივ ხანჯალი ეკეთა. ალექსანდრემ მამას ხელი მანუგეშებლად მხარზე დაადო.

– როგორც ვხედავ, ბოროტებამ დედაქალაქში ფასი დაიდო, – სიავით წარმოთქვა თავადიშვილმა.

სამეფო ეტლი მოედნიდან გავიდა. ქეშიკები მამფონთა საყუდელს გარს შემოეხვივნენ, რათა ისინი უკეთ დაეცვათ.

– მართალია შვილო, – დაეთანხმა არჩილი. თვალები აუწყლიანდა, – დარიელები მათ, ვინც ჯადოქრებს იმ ქვეყნად ისტუმრებს, დიდ პატივს სცემენ.

თავადმა მზერა ალექსანდრეს მოარიდა და თავი გვერდით გასწია – ცრემლი მოერია; წამიერად მეხსიერების დახლართული, მიუწვდენელი კუნჭულებიდან ელენის სიკვდილით დასჯის დღე ამოტივტივდა. მედროშეთა გვარის შეურაცხყოფის გრძნობამ თავადის სისხლძარღვებში აბობოქრებულ მდინარესავით გაირბინა. იმ წამს ტრილონიას შიშველი ხელებით დახრჩობისთვის ყველაფერს იზამდა. უნდოდა კიდეც მიახლოებოდა, თვალებში ჩაეხედა, რათა ტრილონიას საკუთარი სიცოცხლის ბოლო წამები მისი სახის ცქერაში გაეტარებინა. თუმცაღა ხვდებოდა, ეს თვითმკვლელობა, გაუაზრებელი და არა-გიშულირი  ქმედება იქნებოდა. საკუთარი მრისხანების, სიბრაზისა და შურისძიების გრძნობის მოსათოკად თავს ძალა დაატანა.
 
– ვინ არის ტრილონია? – პეტრიმ ალექსანდრეს ცნობისმოყვარეობით გადასჩურჩულა.

თავადიშვილმა თავი გააქნია, სახის მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, რამაც პეტრი შეაკრთო. ალექსანდრემ მზერით მიანიშნა, რომ ამის ასახსნელად არც შესაფერისი დრო იყო და არც ადგილი.

სამეფო ეტლმა მოედანი დატოვა თუ არა, ცხენზე ამხედრებულ ქეშიკთ ორი მხედარი გამოეყო. ერთ-ერთი მათგანი ჩამოქვეითდა, მუზარადი მოიხსნა და იღლიაში ამოიჩრა. ასტერონი მეფისკენ გაემართა. ქეშიკებმა გზა გაუთავისუფლეს. უფლისწულმა მამას რაღაც ჩასჩურჩულა და გვერდით დაუდგა. მეორე მხედარი პირველი ასეულისკენ გაემართა. ცხენზე ამხედრებულ მთავარსარდალთან მივიდა. მოიხსნა მუზარადი, მუხლზე დაიდო და მწკრივში საგანგებოდ მისთვის გამოთავისუფლებულ ადგილას ჩადგა.

მეფე წამოიმართა. ხალხმა სიხარულის ჟრიამული დასცხეს. ალთიონმა ხელები ფართოდ გაშალა, თითქოს შეკრებილებს ეხვევაო და ქვეშევრდომთ გაუღიმა. შემდეგ მათ გასაჩუმებლად ხელი აღმართა.

გაირინდნენ.

– მოგესალმებით, – მტკიცე ხმით დაიწყო, – ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ვერიოსელებს ჩვენი ძლევამოსილება ვუჩვენოთ.
ხალხმა მეფის სიტყვებს აღტყინებული ყიჟინი შეაგება.

ალექსანდრემ ჩაიცინა და პეტრის მრავლისმეტყველად გადახედა. მამფონის სიტყვებმა ტინარშუჰელსაც ღიმილს მოჰგვარა.

– სარაჰის დიდი კრების გადაწყვეტილებით, ჩვენ ვერიოსელთა ვასილისოს, ჩრდილოეთის სამეფოს დედოფალს, ომი გამოვუცხადეთ, რათა ღვთიური სიტყვა შევიტანოთ მათთან, – ალთიონი დამაჯერებლად საუბრობდა. – ვერიოსელები ალჯანეულს დღემდე იცავენ, პათომონის სამთავროს მკვიდრთ აწიოკებენ და იმ ავაზაკთ მფარველობენ, რომელთაც სარაჰში სიკვდილი მოელით. ჩვენ კი ამას არავის ვპატიობთ...

მოწონების ნიშნად ხალხი ახმაურდა.

– მომკალი და არ მჯერა, – თავი გააქნია თავადიშვილმა. – თვითონ თუ სჯერა რასაც ლაპარაკობს? – თავი მეფისკენ გააქნია, – აქ ავაზაკებს კი არა, უდანაშაულოებს სიცოცხლეს ასალმებენ. სარაჰის სამართლის მახვილს ვინ გაექცევა, ჰა?!
– გაჩუმდი, – უხეშად შეაწყვეტინა არჩილმა, – ხელმწიფეს მოუსმინე!

ალექსანდრეს ხმამაღლა გაეცინა. ხელი ტუჩებზე დაიფარა, რათა სიცილი არავის დაენახა. მამის გამჭოლ მზერას შეეჯახა თუ არა, საკუთარი თავის დამშვიდება სცადა – თავის მოსაჩვენებლად ჩაახველა, თითქოს ნერწყვი გადასცდენოდა.

მეფე აგრძელებდა. ხალხს დინჯად ესაუბრებოდა, გეგონება მისი მდივან-უხუცესები ყოფილიყოს – უშუალო და მტკიცე ხმა ჰქონდა...

– ზეჰის მადლი მოჰფენია დღევანდელ დღეს, – ალთიონმა ზეცას ახედა.
– ასეც ვიცოდი, ღვთაებას სადღაც ჩააქსოვდა, – პეტრიმ ალექსანდრეს ხმამაღლა, თითქმის ყვირილით უთხრა, რათა ხალხის ზეჰის სადიდებელი შეძახილები გადაეფარა.
– სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა, – თავადიშვილმა გაიღიმა, – საკუთარი თავდაჯერებულობისთვის ჯობია, ირწმუნო დაუჯერებელი, ვიდრე სინამდვილეს გაუსწორო თვალი.

მეფემ ტეონი წარადგინა, ხელი მისკენ მედიდურად გაიშვირა.

– ჩვენი წესთაადათის თანახმად, თქვენი უფლისწული გაუძღვება ბრძოლას...
– არ ეშინია? შვილს ხოცვა-ჟლეტისთვის იმეტებს? – ალექსანდრემ მამას გადახედა.
– ასეთია სარაჰის წესი, – მტკიცედ უპასუხა არჩილმა შვილის გაკვირვებული სახის დანახვისას, – უკვე საუკუნეებია, უმრწესი უფლისწული, როცა დრო მოდის, მიჰყვება ჯარს საომრად. ალთიონმაც მოიხადა საკუთარი ვალი...
– ალთიონმა? – გაკვირვებით წარმოთქვა თავადიშვილმა, – უმრწესი არა თქვი? – დაბნეული ხმა ჰქონდა ალექსანდრეს.
– კი, ვთქვი, – დაეთანხმა არჩილი, – მაგრამ ალთიონს უფროსი ძმა ჰყავდა, ვიდრე ჭლექი შეჭამდა. თავიდან არავის ეგონა, რომ ტახტზე ალთიონი ავიდოდა. რაღაც სჭირს ამ ოჯახს, ტახტის მემკვიდრეები, რატომღაც კვდებიან, – ტუჩის კიდეები დადრიკა. ისე წარმოთქვა ბოლო წინადადება, თითქოს ფიქრობსო.
– ცქვირინისეულია, – თავადიშვილმა ტუჩებთან საჩვენებელი თითი მიიტანა და ჩაფიქრდა.
– ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, – თითქოს ჰაერს ესაუბრებაო არჩილი, მოედნის სიღრმეში იყურებოდა; ტრილონიას თვალს არ აშორებდა, – აი, მთავარქურუმი დალოცავს ლერთქემს, – ხელი გაიშვირა ესმასკენ, რომელიც ჯარისკენ მიდიოდა, უკან კი ტრილონია მიჰყვებოდა. ლეტა-შეტნუშს დაწვრილებული თვალებით უმზერდა.

მთავარქურუმმა წეს-ჩვეულებითა და ზეჰის ლახვამის წმინდა წიგნით, ზეჰთარეშით,  დანაწესი წესთაადათი აღასრულა. ლერთქემი აკურთხა, შელოცვები ჩაიბუტბუტა, დილის ცვარი აპკურა. კურთხევას მორჩა თუ არა, ესმამ ტრილონიას სამწერობელი გადასცა და ჯარს გაეცალნენ, რომელიც გასამგზავრებლად უკვე მზად იყო. 


                                                                                                                            ***
ღამის სიჩუმეს მთვარის ბაკმა ერწყმოდა. რძისფერი ნათება დედაქალაქს შარავანდედივით მოსხმოდა. ზღვასაც მშვიდად ეძინა, მხოლოდ აკრაზე ტალღების ყრუ ამბორი თუ მოისმოდა. განათებული გემბანიდან შუქები წყალზე ვარსკვლავებივით ირეკლებოდა, ხოლო შორიდან ხომალდები მოციმციმე უზარმაზარ ციცინათელებს ჰგავდა. 

სასტუმროს აივნიდან არჩილი მშვენიერ ხედს გადაჰყურებდა და ღვინალს მიირთმევდა. შუაღამე იყო. ნავსადგურიდან გემი დილით გადიოდა, ალექსანდრე კი არსად ჩანდა. მამას შვილი დილიდან არ ენახა. თავადს ეჭვები ჰკლავდა, სურდა, შვილის ასავალ-დასავალი სცოდნოდა. მოსვენება დაჰკარგვოდა. ფიქრებში გახლართული კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა. ღვინალით სანახევროდ შევსებული სამწდეური პატარა მაგიდაზე დადო, საძინებელი ოთახი გაიარა და მისაღებში გავიდა. კარი ფრთხილად გამოაღო, იფიქრა ალექსანდრე დაბრუნდაო, თუმცა კართან მეუსტარე დახვდა. ხელთ ორად გაკეცილი მოყვითალო-რძისფერი ბარათი ეჭირა.

– ღამე მშვიდობისა, ბატონო! – სტუმარმა მასპინძელი აათვალიერა, – არჩილ მედროშე, თქვენ ბრძანდებით?
– დიახ, – თავადმა დაბნეული უპასუხა, ვერ მიმხვდარიყო, ვისგან უნდა მოსულიყო ღამეული ცნობა.
– თქვენთან ბარათი გამომატანეს, – მეუსტრემ წერილზე დიდად გაკეთებულ მინაწერს დახედა, შემდეგ დაბეჯითებით წარმოთქვა, – დიახ, დიახ, – თავადს ბარათი გაუწოდა და განუმარტა, – ალექსანდრე მედროშისგან გახლავთ.

არჩილმა წერილი გამოართვა. ჯიბიდან სამი ფლივი ამოიღო და მაცნეს ღიმილიანი სახით გაუწოდა. გახარებულმა მებარათემ ფული სწრაფად გამოართვა, უბეში ჩაიყარა, გულუხვ მუშტარს თავი დაუკრა და წავიდა. 

არჩილმა გადაიკითხა ბარათი. ალექსანდრე რამდენიმე სიტყვით ატყობინებდა, რომ ის დილით გემზე დახვდებოდა, ნივთებს პეტრის თაბუნი წაიღებდა, დღეს კი სასტუმროში აღარ დაბრუნდებოდა, რადგან ტინარშუჰელთან ერთად „ღიმილის სახლში“ იმყოფებოდა. 

წაკითხვის შემდეგ, თავადმა ბარათი ოთხად გადაკეცა, კალთის ჯიბეში ჩაიდო. აივანზე გავიდა. ღვინალი გაცივებულიყო, მაგრამ გადაწყვიტა, საკუთარი შესუსტებული ეჭვი დარანით ბოლომდე მოესპო. ვიდრე ძილი არ მოერია, ღვინალს სვამდა. ბოლოს თვალებში მოციმციმე ტალღებმა ცეკვა დაიწყეს. მაშინ მოეგო გონს, საძინებლამდე არეული ნაბიჯით ძლივს მივიდა და საწოლზე გათიშული დაეცა. 


დილით თავი არჩილს ისე ტკიოდა, თითქოს მძიმე საგანი ჩასცხესო. ნაბახუსევს ცხელი წვნიანი მოუხდებაო, გაიფიქრა, მაგრამ იცოდა, ვერ მოასწრებდა, რადგან კარზე ბრახუნის ხმა ნივთების წასაღებად პეტრის მსახურების მოსვლას ატყობინებდა. 

ლოგინიდან გაჭირვებით წამოდგა. თავზე ხელი იტაცა. თვალდახუჭული, გზას მისაღები ოთახისკენ ბრმად მიიკვლევდა. კარის სახელურს ხელი ძლივს შეახო.

ზღურბლთან შვიდი ბრგე იდგა.

– კარზე ბრახუნი ასე აუცილებელია? – ბუზღუნით ჰკითხა არჩილმა.
– ბოდიშს გიხდით, თქვენო ბრწყინვალებავ, – მიმართა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც კართან ყველაზე ახლოს იდგა. მას ფართო მხარ-ბეჭი და შავი თვალები ჰქონდა,  – თითქმის ორმოცი წუთია, რაც თქვენს გაღვიძებას ვცდილობთ, – თავი იმართლა.
– მართლა?! – თავადს თვალები გაუფართოვდა.

კაცმა თავი დაუქნია. სახე ყინულივით ცივი და უგრძნობი ჰქონდა.

– მაშ, შემოდით, – გვერდით გაიწია, – აქვეა ყველაფერი, – მისაღებში დაყვავებულ სკივრებზე მიუთითა. 

მსახურები ჭიანჭველებივით დაფაცურდნენ. რამდენიმე წუთში, ოთახიდან ათი სკივრი გაიტანეს და ფორანში დატვირთეს.

– თქვენო ბრწყინვალებავ, – გასვლისას ისევ შავთვალა კაცმა მიმართა, – გემი ორ საათში დატოვებს რაჰს.
– კარგით, – არჩილმა გულგრილად უპასუხა, – მაგ დროისთვის მეც გეახლებით.

მხარბეჭიანმა თავი დაუკრა და ოთახიდან სწრაფი და მძიმე ნაბიჯით გავიდა. აბჯარი ისედაც მძიმე აღნაგობის მსახურს წონას ჰმატებდა. 
არჩილმა ოთახს საბოლოოდ გადახედა. სინანულის გრძნობა დაეუფლა  – იქაურობას უკვე შესჩვეოდა. რაჰში შვილთან ერთად თოთხმეტი დღე დაჰყო. ამიტომ წინა სტუმრობებისგან განსხვავებით, ოჯახური გარემოს მცირედი შეგრძნება ტინარშუჰში გამგზავრების მოლოდინის დამღლელ წუთებს უფერმკრთალებდა. 

თავადმა ღრმად ჩაისუნთქა. მომრგვალებულ ღიპზე ხელები დაიწყო და თითები აათამაშა. იქაურობას თვალი კიდევ ერთხელ მოავლო  და მიმღებში ჩავიდა. დახლთან მეფუნდუკე შენიშნა.

სასტუმროს მისაღებში ხალხი ირეოდა. ზოგი წასვლას აპირებდა, ზოგი კი ოთახის ქირაობას.

მეფუნდუკე მუშტარს ემსახურებოდა. თავადი დახლისკენ გაემართა. მეფუნდუკეს არჩილის დანახვისას თვალები გაუნათდა; იცოდა, კარგი მომსახურებისთვის ზენეათელი სარაჰიტებს არ დაიშურებდა. ამიტომ გვერდით მდგომ გოგონას მკაცრი სახით რაღაც გადასჩურჩულა, თვითონ კი გოგოს ადგილი დაიკავა და არჩილს თავაზიანად გასძახა:
– აქეთ მობრძანდით, თქვენო ბრწყინვალებავ!
– დილა მშვიდობისა, გეგა, – მიახლოებისას არჩილი ნაცნობივით მიესალმა.
– მშვიდობა თქვენდა, თავადო! – ხალისიანი ხმით უპასუხა მეფუნდუკემ.
– ანგარიშის ქაღალდს ხომ ვერ მომაწოდებდით?
– ახლავე, თქვენო ბრწყინვალებავ, – გეგამ უპასუხა და სხარტად შებრუნდა და თაროდან სკივრი გადმოიღო.

ვიდრე მეფუნდუკე საკუთარ საბუთებში იქექებოდა, არჩილმა ღია შემოსასვლელ კარს გახედა. თავადს ისეთი მზერა ჰქონდა, ეტყობოდა, რაღაცას ეძებდა და ვერ პოულობდა.

– ჩემი ეტლი მოვიდა? – სასხვათაშორისოდ იკითხა, ეტლის ძიებაში კვლავ გარეთ იყურებოდა.
– რა თქმა უნდა, თქვენო ბრწყინვალებავ, – პატარა სკივრი ჩარაზა, გვერდით გადადო და თაროდან მეორე გადმოიღო, – როგორც გუშინ დაგვავალეთ ისე მოვიქეცით.
– მშვენიერია, – არჩილი გეგასკენ შებრუნდა, – ვერ იპოვე? – მეგობრულად ჰკითხა.
– აქვეა, თქვენო ბრწყინვალებავ, – მეფუნდუკე უხერხულად შეიშმუშნა, – არ ვიცი, ალბათ, ჩემმა მეუღლემ საბუთებს ადგილი შეუცვალა, – კოხტად ჩალაგებული ჭილის ფურცლებს ათვალიერებდა, – აი, ისიც, – ბოლო სიტყვა გრძლად და სიხარულის ხმაჟღერადობით  წარმოთქვა, – ხომ ვთქვი, აქ იქნება-მეთქი, – ქვითარი არჩილს გაუწოდა.

ქაღალდზე შავი მელნით მსხვილი, გამოყვანილი ასოებით ეწერა ჯამური ფასი: თვრამეტი სარაჰიტი, ორმოცდაორი ფლივი და ათი ჩეჲ. ქვემოთ თითოეული მომსახურების საფასური დაწვრილებით ჩამოეწერა.

არჩილმა ქვითარს ორჯერ გადახედა, შემდეგ მოულოდნელობის გამომხატველი ხმაჟღერადობით წარმოთქვა:
– გაძვირებულა, – თავი გააქნია.
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, ომის გამო ყველაფრის ფასმა მოიმატა, – დამწუხრებული სახით განუმარტა მეფუნდუკემ.
– თუ ომს სჭირდება, მაშინ გასაგებია, – დახლიდან კალმისტარი აიღო, სამელნეში ფაქიზად ჩააწო და ქაღალდის ძირში ქვითარს ხელი მოაწერა.

თავადმა ფურცელს სული შეუბერა და ჭილი დახლზე გეგასკენ გააჩოჩა. შემდეგ მარცხენა ჯიბიდან ტომსიკა ამოიღო. სარაჰიტები გადმოყარა. ცხრამეტი ოქროს ფული გადათვალა და მეფუნდუკეს გაუწოდა.

– ძალიან მომწონს ეს სასტუმრო, – გაუღიმა არჩილმა და შეაქო.
– ყოველთვის სასურველი სტუმარი ბრძანდებით, თქვენო ბრწყინვალებავ, – კმაყოფილებით გაუღიმა გეგამ.
– დიდად გმადლობ. ამიტომ ერთ სარაჰიტს დაგიმატებთ კიდევ. ბოდიშს გიხდით, მეტს ვერ შევძლებ.
– რას ბრძანებთ, – შეიცხადა გეგამ, – ოცი სარაჰიტი საკმარისზე მეტია.

არჩილმა გაუღიმა.

– თქვენი ეტლი, იქითაა, – გეგამ  მიმართულება ხელით აჩვენა.
– მაშ, ნახვამდის!
– კეთილი მგზავრობა, თქვენო ბრწყინვალებავ!

არჩილი გარეთ გავიდა. გზის პირას, სასტუმროს აშთის გასასვლელთან მაკოროფალი იდგა. თავადის დანახვისას მწაფელმა კარი გააღო და მუშტარს სამხედრო დგომით დახვდა.

– საით, თქვენო ბრწყინვალებავ?
– ნავსაყუდლისკენ.

მეეტლემ კარი საგულდაგულოდ დახურა. მოსინჯა, ხომ არ იღებაო. შემდეგ მაკოროფალზე ავიდა. აღვირი მოზიდა, ტალღოვნად მოიქნია, ცხენებს შესძახა: „აჩუ, აჰა, გასწით!“.

ეტლი ადგილს სწრაფად მოსწყდა და დაღმართზე დაეშვა.


                                                                                                                            ***
*ნავთუხუცესი – კაპიტანი.
*ნავკოსალარი – გემის უფროსი.
*ტყლაშუნა იალქანი – ბიზანანძაზე მიმაგრებული იალქანი ე.წ სპანკერი.
*გრემა – ფერკეთილ-უფერულს შუა.


ნავმისადგომთან არჩილს ალექსანდრე დახვდა. მისი სახე ღიმილს დაემშვენებინა. შვილის ბედნიერი გამომეტყველების ხილვამ, თავადს სიამოვნების გრძნობა მოჰგვარა. რა თქმა უნდა, არ იცოდა რა ხდებოდა, რა უხაროდა, რას გრძნობდა მისი ვაჟი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მისთვის მთავარი ალექსანდრეს სასოებით აღვსილი თვალები იყო.

– ყველაფერი მზადაა, მამა.
– მიხარია, – თითქოს შვილის სილაღე და მხიარულება გადაედო – ხალისის ჟრუანტელმა დაუარა, – ავიდეთ?!
– ოო, კი, კი! – ალექსანდრეს პასუხი ოცობოდიდან გამორკვევას ჰგავდა, – ხორეუც მზადაა.

თავადიშვილი მამას გემზე აუძღვა. არჩილი ვაჟს უშფოთველად მიჰყვებოდა. გემბანზე ასვლისთანავე, მეზღვაურებმა გემსაბელი ახსნეს და გემი გასვლისთვის მოამზადეს. ექვსი მებაგირე ღუზას დაექაჩა, დანარჩენები გემსართავებით ანძებზე აძვრნენ, რათა აფრები აეშალათ. ისინი კვანძს სწრაფად არღვევდნენ და ნაჭრის უზარმაზარი იალქნები შრაშუნით იშლებოდა. არჩილმა დაინახა, რომ პეტრი ნავთუხუცესსა  და მხერვალს ესაუბრებოდა. ტინარშუჰელმა თავადს წამიერად გადახედა, მაგრამ, თითქოს ვერ შეამჩნიაო, მენავეებთან ბაასი ჩვეულად განაგრძო. 

– ნავკოსალარი  საქმიანი ჩანს, – არჩილმა პეტრისკენ გაიქნია თავი.
– სიმართლე ითქვას, საქმის საუკეთესო მცოდნეა, თითქოს ზღვაზე დაიბადაო, – აღფრთოვანებით საუბრობდა ალექსანდრე, – სისხლში აქვს, ძვალსა და რბილში გამჯდარი.
– დამაიმედებლად ჟღერს, – მოწონებით თქვა თავადმა და კიჩოში მდებარე ზედნაშენის დერეფანში შევიდნენ, სადაც საცხოვრებელი ხორეუები მდებარეობდა.
– ასეცაა... – ალექსანდრე თვითგანცდებით საუბრობდა, – ბიზანანძაზე საგანგებოდ ტყლაშუნა იალქანი  მიამაგრა... მისი გამოგონებაა... ყოველ შემთხვევაში ასე მითხრა... – იჭვნეული ხმაჟღერადობა ჰქონდა, პეტრის სიტყვებში ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, – გემის ბრუნვადობას აუმჯობესებსო.
– გუშინ აქ იყავი? – ჩაეკითხა არჩილი, – გემს ათვალიერებდით?
– კი, – დაბეჯითებით უპასუხა, მოტყუება არც უცდია.
– ჰმ, – არჩილმა მრავლისმეტყველად გამოსცა.

ტალანი გაიარეს და მოჩუქურთმებულ კართან გაჩერდნენ. ალექსანდრემ ხელით ნაზად ჰაერს მოეფერა, თითქოს ვიღაცას ეპატიჟებაო. არჩილმა შვილს იჭვნეულად ახედა.

ბიჭმა თავი ნაზად დაუკრა და დასძინა:
– კიჩოსთანაა, – ფანჯრებისკენ მიუთითა, – დილით მზის ამოსვლით დატკბები, ღამით – მთვარის ცქერით.
თავადმა სახელური ჩამოსწია, კარი შეაღო და შევიდა. გაკვირვებისგან ელდანაცემივით გახევდა. არ მოელოდა იმას, რაც დახვდა: ხორეუ ვრცელი, ნათელი და კოხტად გაწყობილი იყო; კუთხეში ოქროს ტანსაბანი ნიჟარა იდგა. მოშორებით კი ოთხძელიანი საწოლი, რომელზეც ყაჭის ფარდები ეკიდა. მიიხედ-მოიხედა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს რაღაც დააკლდა, რაღაც არ იყო იქ. ალექსანდრესკენ ჩაფიქრებული შებრუნდა.
– შენი საწოლი არ არის!
– ვიცი, – თავადიშვილს სახე ეცვალა, მხიარულებით აღვსილი თვალები თითქოს ჩაუბნელდა, ბურუსმა მოიცვაო, – ერთ ოთახში არ ვიცხოვრებთ, მამა.
– სად იქნები? – არჩილს სახეზე გრემა  ფერი დაედო.
– მეორე სართულზე! – თავადიშვილი კართან გაშეშებული იდგა, გეგონებოდათ, გასაქცევად ემზადებაო.

თავადი გრძნობდა, შვილი სათქმელს ბოლომდე არ ეუბნებოდა – ფეხს ითრევდა. გაიფიქრა კიდეც, თავი დავანებოო, მაგრამ გონების წიაღიდან ამოხეთქილი ათასი ფიქრი ერთმანეთს შეერწყა, ერთ დიდ გროვად იქცა და ცუდის მოლოდინის შეგრძნება დაეუფლა.

გემი შეირყა. ნავსაყუდელიდან გდიოდა. ალექსანდრემ ფანჯრებს მიღმა გაიხედა.

– აქ რატომ არა? – არჩილი ფანჯრებისკენ გაემართა, უნდოდა უდრტვინველი და ლაღი გამომეტყველება ჰქონოდა და არა ეჭვიანი და მკაცრი მამის.
– როგორ გითხრა... ვიცი არ მოგეწონება, – თავადიშვილს ხმა აუთრთოლდა, – არ მინდა, ვიცრუო.

ალექსანდრემ ფანჯრებში კვლავ გაიხედა. უკვე ნავმისადგომები მოჩანდა, ბიჭს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ეკლებზე ზისო – ეჩქარებოდა.

– შენც არ მომატყუო!
– კარგი, – ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა, – საწოლთან მდგარ მაგიდასთან მივიდა, წყალი ლითონის ჭიქაში დაისხა. მოსვა.
– რას მიმალავ? – თავადი მოთმინებას კარგავდა.

ალექსანდრეს ხველება აუტყდა – წყალი გადასცდა – ჭიქა ხელიდან გაუვარდა. შეშინებულმა არჩილი შვილთან მიიჭრა და მხარზე ხელი დაარტყა. თავადიშვილმა მამას აცრემლებული თვალებით გახედა. შემდეგ თავი ფანჯრებისკენ გასწია. გემს სისწრაფე განევითარებინა. ქალაქი შორს იყო.

– მე პეტრისთან ერთად დავიძინებ, – არჩილს მორიდებით ახედა.

თავადი გაშეშდა. გაგონილს ვერ იჯერებდა.

– დაიძინებ? – ხმას აუწია, – როგორ?
– როგორც ეგეონთან! – მოკლედ უპასუხა და ფეხზე სწრაფად წამოდგა.

ლიჯვირყოფილმა თავადმა რამდენიმე წამი ვერაფერი თქვა. შვილს შესცქეროდა. თითქოს ავსული ჩაუსახლდაო, მისი წონისთვის შეუსაბამო სისწრაფით ალექსანდრესკენ გაქანდა. გაშლილი ტორით ხელი მოიღერა და შვილს სახეში გაარტყა.

თავადიშვილმა წონასწორობა დაკარგა. წაბარბაცდა და ხორეუს იატაკზე დაეცა. წამოდგომა სცადა, მაგრამ არჩილი მიქანდა, ხელი საყელოში სტაცა და ნეკრტენივით წამოსწია.

– როგორ ბედავ? – უკვე ყვიროდა, საკუთარ თვითგრძნობებსა და მრისხანებას ვერ იოკებდა.
– ეგ ჩემი ბუნებაა, მამა.
– დანიშნული ხარ... – მოიქნია შვილი.

ალექსანდრე კედელს შეენარცხა. ტუჩი გაუსკდა. სისხლმა იფეთქა. მარცხენა ხელი მოისვა. შინდისფრად მოთხვრილ სახელოს დახედა. მამას ზიზღისა და შიშის თვალებით ახედა. თავადიშვილს ესოდენ განრისხებული არჩილი არასდროს ენახა.

– სადაცაა ცოლს მოიყვან, – განაგრძობდა არჩილი.
– ისე მეუბნები, ვითომ მე მდომებოდა ტატიანას ცოლად შერთვა, – თვალები ტკივილისგან აუცრემლიანდა, – შენ მაიძულე, შენ დაგეგმე, ჩენი ჩანაფიქრია.

არჩილმა შვილს ზიზღითა და სიძულვილით აღვსილი მზერით გახედა. თავადი ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა, რადგან იცოდა, ალექსანდრეს რაღაცას ავნებდა, ან სულაც მოკლავდა.

– მძულხარ, – თავადმა გადააპურჭყა და საჩვენებელი თითი ფურთხისკენ გაიშვირა, – ამის ფასი ხარ შენ!

ალექსანდრე ფეხზე წამოდგა. ცრემლები შეიწმინდა და მამას მკაცრი სახით, დათრგუნული მზერით უთხრა:
– სამაგიეროდ ბედნიერი ვარ, – კარისკენ გაემართა.

კართან მისული არ იყო, არჩილის მძიმე ტორი იგრძნო. დაეცა. თვალთ დაუბნელდა. ყველაფერს მღვრიედ ხედავდა. ვეღარ გრძნობდა, თუ თავადი წიხლებს როგორ ურტყამდა. მთელი სხეული გაუყუჩდა, თითქოს ბანგი გაუკეთესო.

არჩილი ალექსანდრეს ფეხებით ცემას განაგრძობდა. საკუთარ თავში გიშულირი ჩაიკლა, მამობრივი გრძნობები დათრგუნა და გონებადაკარგულ შვილს გააფთრებული უყვიროდა.

– შენ, მზის ლახვამის შემარცხვენელო, ავსულო ცოდვილო. მირჩევნია მოკვდე, – თირკმლებში ფეხი მძლავრად ჩაარტყა, – მირჩევნია მოკვდე! 

გაცეცხლებულმა თავადმა ოთახში შემოჭრილი პეტრი და მისი მცველები ვერც კი შეამჩნია. ტინარშუჰელმა მცველებს მისი შეჩერება უბრძანა. ისინიც არჩილს სწრაფად მიეჭრნენ, გარს შემოეხვივნენ,  ხელებში სწვდნენ და ალექსანდრეს მოაშორეს. გამეხებული თავადი საწოლთან მიიყვანეს და ძალით დასვეს. არჩილი მათგან თავდახსნას ცდილობდა, თუმცა ისინი მასზე გაცილებით ძლიერები იყვნენ.

პეტრი დასისხლიანებულ თავადიშვილთან მივიდა და მუხლი მოდრიკა. მკერდზე ყური დაადო, შეამოწმა, მისი გული ფეთქავდა თუ არა. იმედის ღიმილი გამოესახა. 

– მოშორდი ჩემს შვილს! – შეჰყვირა არჩილმა, – შე არაკაცო, ცოდვილო, ჩემი შვილიც აიყოლიე?! დაეხსენი, დაანებე თავი!

პეტრი მშვიდად წამოდგა. მცველებს უხმოდ უბრძანა არჩილი ფეხზე წამოეყენებინათ. მიუახლოვდა. საყვედურით აღვსილი მზერით გახედა. მუშტი მოიღერა და სახეში უთავაზა.

– ამ შეურაცხყოფისთვის, სხვას ზვიგენების ლუკმად ვაქცევდი, მაგრამ შენ, – პეტრი შეყოვნდა, თავი გააქნია, – შენ ჩემი მუშტარი ხარ, თან ალექსანდრეს მამა, ამიტომ თავს შევიკავებ.

ძლიერმა დარტყმამ არჩილის რისხვა დააცხრო. ნავკოსალარისგან ამგვარ ქმედებას არ მოელოდა. გაკვირვებული გამომეტყველებით შესცქეროდა მას.

– მე თქვენი შვილი მიყვარს, – განაგრძო პეტრიმ, – მას, ალბათ, ეგ გართობა ჰგონია, მაგრამ ჩემთვის სულ ერთია, მასთან გატარებული ნებისმიერი წამი ათასი წლის ბედნიერების ტოლფასია, ამიტომ მასზე ხელის აღმართვას მეორეჯერ არ გაპატიებ...

არჩილმა ტინარშუჰელის თვალებში ამოიკითხა, რომ ის არ ტყუოდა, არ ხუმრობდა, ან ლიტონ დაპირებებს არ აძლევდა და სიმართლეს ეუბნებოდა. ერთმანეთში აღერია ერთი მხრივ ზიზღი, მათი ცოდვილი ქმედებათა და სიბინძურის მიმართ, ხოლო მეორე მხრივ აღფრთოვანება, პეტრის სიმტკიცისა და თავგანწირვის გამო.

– ახლა დამშვიდდით, – მბრძანებლური ხმაჟღერადობით მიმართა პეტრიმ, – და ილოცეთ, რომ თქვენი შვილი გონს მოვიდეს, ცოცხალი იყოს, თორემ, – ტინარშუჰელმა მზაკვრულად გაიცინა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია, – თქვენი სულის დასანდობად ზეჰიც რომ ჩამოვიდეს, ისიც ვერ გიშველით.

არჩილმა მისი საქციელი მაშინ გადახარშა, როდესაც პეტრისგან სიტყვები – „გონს მოვიდეს, ცოცხალი იყოს“ – გაიგონა. გაათვითცნობიერა, რომ შვილი შესაძლოა მართლა მოეკლა. რისხვა-წყრომისაგან საღ აზრს ბინდი გადაჰკვროდა. იატაკზე უგრძნობად მყოფ ალექსანდრეს სხეულს შიშით გახედა. თვალები აუწყლიანდა, თავი ჩაქინდრა. ცდილობდა არ ეტირა. 

– გამეცალოს შენი დამქაშები, – პეტრის ახედა და ხელების გათავისუფლება სცადა.

ტინარშუჰელმა მცველებს ანიშნა, ხელი გაუშვითო. მათაც თავადი გაათავისუფლეს. არჩილმა ალექსანდრესკენ გაიწია, მაგრამ ტინარშუჰელი გადაუდგა. თავი გააქნია, მდუმარედ უთხრა: არ გაგიშვებ.

– ნუ გეშინია, დღეს საკმარისი იწვნია...
– არ მეშინია, – ზორბა მცველებისკენ წამუყო.
– ცოცხალია? – არჩილს ხმაში შიში შეეპარა.
– კი.
– მიმიშვი შვილთან, – თავადმა მტკიცედ და თინჩად უთხრა, მაგრამ თვალებით ევედრებოდა.

მცველები არჩილის ხმაჟღერადობის გაგონებისას მისკენ გაემართნენ, მაგრამ ისინი პეტრიმ ხელით შეაჩერა.

– როცა გამოფხიზლდება მიგიშვებ, – ალექსანდრესკენ გაემართა, – რა თქმა უნდა, თუ თვითონ ისურვებს.

პეტრიმ თავადიშვილთან ისევ ჩაიმუხლა, მის უმწეო სახეს დახედა – შინდისფერი სისხლი შედედებულიყო და ტანსაცმელი დაელაქავებინა. 

– ის ჩემი სისხლი და ხორცია, – თავადმა უკმაყოფილოდ უთხრა, – მამა ვარ, რომელმაც შვილი სწორად უნდა აღზარდოს, – სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.
– სამწუხარო სინამდვილეა, –  ნავკოსალარმა არჩილს ახედა, –  შენ ის მამა ხარ, რომელმაც სიყვარულის გამო შვილი ლამის სიცოცხლეს გამოასალმა.
– ის რასაც აკეთებს ცოდვაა, ზეჰი დასჯის, თუალეჰში შთანთქავს, – თავადმა თავის გამართლება სცადა.
– თუ ზეჰი დასჯის და თუალეჰის მდინარეში შთაინთქმება, დაე, ზეჰმა გააკეთოს ეგ და არა შენ. თუ თავი ღმერთად წარმოგიდგენია?
– არ მინდა მისი სული სამუდამოდ იტანჯებოდეს...
– სამაგიეროდ გინდა, რომ მისი სხეული ტკივილისგან უგონოდ ეგდოს, ხომ? – ტინარშუჰელმა ალექსანდრე ხელში აიყვანა, ქეშიკებს ანიშნა მომყევითო, – ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ვიდრე ალექსანდრე არ გამოფხიზლდება, ხორეუ არ დატოვოთ, თორემ სადმე რომ გადამეყაროთ, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. სხვა მხრივ, არ იღელვოთ, შეთანხმება ძალაშია და ქევხა დილით ისევე მოგემსახურებათ, როგორც ეს თავადს შეეფერება, –  კარისკენ გაემართა.

მცველები ბატონს უკან დაედევნნენ.

– ვნანობ, – გულწრფელად თქვა არჩილმა, – მართლა, საკუთარი თავი დავკარგე.

კართან მისულმა პეტრიმ ისე უპასუხა, რომ არ შემობრუნებულა:
– შენს ღმერთს სთხოვე პატიება...

კარი მცველებმა მოხურეს.

არჩილი საწოლთან მივიდა, თავი ხელებში ჩარგო და ატირდა. წარმოიდგინა თითოეული წამი, შვილს როგორ სცემდა და, თითქოს, ალექსანდრეს ტკივილი იგრძნო. მისი ბავშვობა გაიხსენა, ხელში პირველად რომ აიყვანა. ახლა კი შესაძლოა ისიც სამუდამოდ დაეკარგა. დანაშაულის გრძნობისგან გული შეუღონდა. სუნთქვა შეეკრა. შვილის სიკვდილი წარმოიდგინა. მიხვდა, ამას ვერ გადაიტანდა. საკუთარ თავს გაშმაგებას ვერ აპატიებდა. თავადმა იცოდა, ეს გრძნობა არ დაეხსნებოდა და სიკვდილის ბოლომდე მუდამ თან გაჰყვებოდა. 


                                                                                                                              8
 
*მაცაბერი – მოკლე ნაბიჯებით მვლელი.
*ბოჭვერი (მეგრ.) – გადასახადის ამკრეფი.
*კარე-მაღაზიები – აქ. სავაჭრო ცენტრებში მაღაზიისთვის განკუთვნილი ოთახი. 


რაჰი ცხოვრებას ჩვეულებრივ განაგრძობდა, თითქოს სარაჰელები ვერიოსელებთან ომის მოლოდინში არ ყოფილიყვნენ. დედაქალაქი გაზაფხულსა და ფეტიჶშურსოეჰს ყვითელგულა და წითელფოთლოვან ფურისულასავით იხდენდა, რომელიც ღეროზე ამაყად დგას და, ამავდროულად, ყლორტს მორიდებით დრეკს. სარაჰის მთავარ ქალაქს დამსვენებლები თუ საქმოსნები, ტინარშუჰელები თუ მილინისელები ისევ სტუმრობდნენ. საროსკიპოები, სასტუმროები და დუქნები საქმიანობას უდრტვინველად განაგრძობდა. ქალაქში გაცხოველებული ვაჭრობა ერთი დღითაც არ შეჩერებული.

ტრატისი დახლებს შორის გაკვირვებული დაიარებოდა და  ვაჭრებსა და ნოქრებს შესცქეროდა; მათი შემართებით, მონდომებით, უზრუნველობით განცვიფრებულიყო; ერთადერთი რაც მათ აწუხებდათ, რასაც მგზნებარედ თავს ართმევდნენ, რაც მათში ცხოველურ დაუნდობლობას აჩენდა, მუშტრების მოზიდვა და საქონლის გაყიდვა იყო. ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი მყიდველი მოენუსხათ და მეტი საქონელი გაესაღებინათ.

ტრატისს არ სიამოვნებდა დახლ-დახლ სიარული, თუმცა დედოფლის მწიგნობარი საჭირო ნივთების  შესაძენად სასახლის მსახურს ბაზარში თან გაჰყვა, რათა მისთვის ეჩვენებინა, თუ ზუსტად რა სჭირდებოდა. მამფონის მატიანის სათაურებისა და დიდი ასოების დასაწერად ოქროსფერი, ხოლო დანარჩენ წერილობას შავი მელნით ასრულებდა. მცირე ჩანახატების გასაკეთებლად ზეთის საღებავებს იყენებდა. ამიტომაც ჭილის ფურცლები, რომელიც ქევხამ მოუტანა, დაიწუნა; იმედგაცრუებული მზერითა და საკუთარ თავზე გაჯავრებული ხმით – რადგან გულუბრყვილოდ იფიქრა, ის რაც მას კარგად ესმის, სხვასაც შეეძლო მარტივად გაეგო – განუმარტა, რომ ჭილი ადვილად ფუჭდება და გამძლეობა აკლია, ამის გამო ეტრატს ამჯობინებდა. სწორედა ამიტომ გადაწყვიტა, გაჰყოლოდა, რათა შემდგომში მისთვის ის მიეტანათ, რაც სჭირდებოდა.

ტრატისი ბაზრის შენობაში აპირებდა შესვლას, როდესაც ლაფაროში მოწყობილ ჩიმჩაირიდან წკრიალა ხმა მოესმა:
– აქეთ მობრძანდით ბატონო!

ტრატისი ცნობისმოყვარეობით აღვსილი შეტრიალდა და დახლთან ყავისფერთმიანი, მომცრო ტანის ახალგაზრდა გოგო დაინახა. მწიგნობარი მისკენ მაცაბერი  ადამიანივით გაემართა. ყუთთან მივიდა, ვაშლს დახედა, ერთი ცალი აიღო, ხელის მტევნებში მოიმწყვდია და გწმინდა. ტუჩებთან ნელა მიიტანა, რათა დაეყნოსა, მიწის სუნი არ ჰქონდესო და ჩაკბიჩა. გემრიელად ჩაახრამუნა. ლუკმა გადაყლაპა და გამყიდველს გაუღიმა.

– რამდენი მოგართვათ? – ჰკითხა ტრატისმა.
– ეგ, – გოგომ თვალებით ვაშლზე ანიშნა, – ოცდათხუთმეტი ჩეჲ ბატონო, – გაუღიმა, – ერთი მათრიხი ორი ფლივი, – ვაშლს ხელი გადაატარა, თითქოს ეფერებაო, – სულ ახალია, ათრულია. ხომ არ გინდათ? აგიწონოთ?

ტრატისმა თავი დაუქნია.

– ახლავე ბატონო, რამდენს ინებებთ?
– მათრიხი...

გოგონას თვალებში სიხარულის ნაპერწკალი გაუკრთა. დახლქვემოდან სასწორი სწრაფად ამოიღო, ბადის ჩანთაში ხუთი ცალი ჩაყარა და ტრატისის თვალწინ აწონა.

– ერთი მათრიხი და მეოთხედია, ბატონო.
– იყოს, – ლუღლუღით წარმოთქვა ტრატისმა, პირი ვაშლის ლუკმებით ჰქონდა გამოტენილი, – რამდენი მოგართვათ?
– ორი ფლივი და ოცდაათი ჩეჲ.

ტრატისმა ტომსიკა მაზარის შიგა ჯიბიდან ამოიღო. გახსნა, სამი ფლივი გადათვალა და გოგონას გაუწოდა.

– აიღე!
– ეგ ზედმეტია, ბატონო! – გამყიდველმა შემკრთალი და ეჭვმოცული გამომეტყველებით უკან დაიხია – მწიგნობრის მაზარაზე გამოსახულ სამეფო თვითნიშანს მიაცქერდა.
– ვიცი, მაგრამ ომის გამო მოგიხდა აქ დგომა, როგორც ვხდები, ასეა?!. აიღე, – ბიჭმა მისკენ ხელი გაიწვდინა, – გამოგადგება.

გოგომ ფულს იჭვნეულად დახედა. შემდეგ ტრატისს ახედა. 

– როგორ მიხვდით, ბატონო?

ტრატისს ჩაეღიმა – მარიამი და თეჲა გაახსენდა.

– პირველი არ ხარ, ვინც ამ მსხვერპლზე მიდის.
– მართლა? –  გოგო ტრატისს თვალებში ჩააცქერდა.
– მართლა, – თავი დაუქნია, – ერთ სოფელში სამიკიტნოს ორი და მართავს. მათი ოჯახის წევრები ომში გაიწვიეს. მარტოდმარტონი არიან. შენი დანახვისას ისინი გამახსენდა. 
– მართალია, – გოგონამ სასწორი შეინახა, –  მამაჩემი გაიწვიეს, სახლში მხოლოდ მე და დედა დავრჩით, – ბადეს თავი მოუკრა და ტრატის გაუწოდა, მეორე ხელით კი ფული გამოართვა, – ასე, რომ ვცდილობთ როგორმე გავიტანოთ თავი, ვიდრე სოფლის გამგებელი არ ჩამოივლის და გადასახადებს არ აკრეფს.
– სოფლის გამგებელი? – გაკვირვებულმა ტრატისმა შენაძენი გამოართვა.
– დიახ, – დაღონებული უპასუხა გოგონამ, – ადრე გადასახადებს იშვიათად კრეფდა, ახლა იმუქრება, თუ არ გადაიხდით, ხელმწიფესთან გიჩივლებთ, ომია და სახელმწიფოს სჭირდებაო. ამ კვირაში ოთხი წიწილა წაიყვანა, ორი სამწდეური რძე, ხბოს წაყვანასაც აპირებდა, მაგრამ დედაჩემმა არ დაანება. 

ტრატისი გამყიდველს გაოცებული შესცქეროდა. სახელმწიფო საქმენი დიდად არ გაეგებოდა, დედაქალაქში ახალი ჩამოსული იყო, მაგრამ კარგად იცოდა, რომ ზენეათში გადასახადებს საგანგებოდ დანიშნული ბოჭვერები  კრეფდნენ, ისიც განსაზღვრული ოდენობით. მწიგნობარს არასდროს სმენია, რომელიმე სოფელში ან ქალაქში გამგებელს თუ ქალაქისთავს სავალდებულო გამოსაღები თვითონ აეკრიფოს.

– შენს სოფელს ბოჭვერები არ ჰყავს? – ტრატისი ცდილობდა ამ საქმის შესახებ მეტი ცნობა მოეპოვებინა, რათა უკეთ გარკვეულიყო.
– კი როგორ არა, – ლივზინეურად გაიცინა გოგონამ, – ისინი თვეში ერთხელ მოდიან და დანაწესებს გვახდევინებენ.
– დანაწესებს? – დაიბნა ბიჭი, ეს სიტყვა არ სმენოდა.
– ხო, – გოგო გაკვირვებით შეაცქერდა, – თვეში ერთ ფლივს, ან სამოცდაორ ჩეჲს. ეს დანაწესია და არასდროს იცვლება.
– გასაგებია! – ჯადოქარი ყველაფერს მიხვდა. ვაშლს დააცქერდა, მაგრამ არ უყურებდა, ფიქრობდა, შემდეგ გამყიდველს უეცრად ჰკითხა, – რა ქვია შენს სოფელს?
– ციხისპირა, ქალაქის ჩრდილოეთით ორ ათასადლეულში მდებარეობს, – გოგონამ თავი წინ, ტრატისისკენ გაიქნია.
– მადლობა ვაშლისთვის, – სათნო ხმით უთხრა ტრატისმა.
– რას ბრძანებთ, ბატონო. მადლობელი მე გახლავართ, თქვენი გულუხვობისთვის.

ტრატისმა მხოლოდ გაუღიმა. გვერდით მდგომ მსახურს ანიშნა, გაჰყოლოდა. შენობაში შევიდნენ თუ არა, თანმხლებს ჰკითხა, საით წასულიყვნენ.

– მარცხნივ, თქვენო აღმატებულებავ.

ტრატისს არ ეხამუშა მიმართვა, მაგრამ არაფერი უთქვამს. უნდა შეესრულებინა მისთვის დაკისრებული ვალდებულება. ამიტომ იძულებული იყო ახალ მიმართვებს შეჰგუებოდა. მწიგნობარი ხელმწიფის კარზე მნიშვნელოვან სახელმწიფო მოხელედ ითვლებოდა. შესაბამისად, წოდებაც შესაფერისი უნდა ჰქონოდა. 

მეორე სართულზე ავიდნენ, დახვეულ ვიწრო კიბეს აუყვნენ. აივანზე დახლების ნაცვლად კარე-მაღაზიები  იყო, სადაც ძვირფასეულობა და იშვიათი, ძვირადღირებული ნივთები იყიდებოდა.

ტრატისმა მსახურს ჰკითხა:
– არ ეშინიათ ყაჩაღობის ან ქურდობის?
– სახიფათო არაფერია, თქვენო აღმატებულებავ. საგანგებო სამეფო გარაშა იცავს. იდუმალად არიან შემოსილნი, საჭიროების შემთხვევაში კი ქალაქის მთავარი სავაჭრო ალაგი იარაღმომარჯვებულებს შეუძლიათ დაიცვან, – მსახურმა წვრილად განუმარტა. 

შთაბეჭდილებისგან ტრატისმა ტუჩები შეარხია და წარბები ასწია. მესამე კარე-მაღაზიასთან მივიდა, სადაც ჩასუქებული, ნაცრისფერწვერებიანი ვაჭარი იდგა. კაცს ოქროქსოვილისაგან შეკერილი ლერექუ ეცვა, რომელსაც წენგოსფერი ყურთმაჯები, მოკლე საყელო და არშია ჰქონდა შემოვლებული. ჩაფრასტებით შეკრული ტალავარი ღიპს უფარავდა და კოჭებამდე ეშვებოდა.

– რით გემსახუროთ, ბატონებო? – თავაზიანად და თავმდაბლობით მიმართა ვაჭარმა.

ტრატისმა ვაჭარს წამიერად გახედა. თაროების თვალიერებას თავი ანება და უპასუხა:
– გმადლობთ, ჯერ არაფრით, შევხედავთ!

მწიგნობარმა მასპინძელს თვალი მოაშორა, თაროებისთვის ცქერა განაგრძო, ნელი ნაბიჯით მიდი-მოდიოდა და თან ფიქრობდა.

– აი, – ტრატისმა მაღალი თაროსკენ მიუთითა, – თუ შეიძლება, ის ეტრატი მაჩვენეთ!
– ახლავე ბატონო, – თეთრწვეროსანი უკანა ოთახში გასასვლელი კარისკენ შებრუნდა და ხმამაღლა დაიძახა, – ელიონ მოდი, ბატონებს შენი დახმარება სჭირდება.

ქერა, ხუჭუჭთმიანი ქალი გამოვიდა.

– ის ეტრატი ჩამოუღე, ბატონს! – მბრძანებლური ხმაჟღერადობით მიმართა.

ქალმა თაროსთან კიბე სასწრაფოდ მიაყუდა. თვალის დახამხამებაში აძვრა და ერთი, სანიმუშო ეტრატი ვაჭარს ზემოდან მიაწოდა. კაცმა ელიონს ეტრატი გამოართვა და ტრატისს გაუწოდა.

– ინებეთ, ბატონო!

მწიგნობარმა ფურცლის ყუა თითებში მოიმწყვდია. შემდეგ დაყნოსა. თავისთვის რაღაც ჩაილაპარაკა და გაღიმებული სახით ვაჭარს ახედა.

– ორასი ცალი დამიგრაგნეთ! – მტკიცედ უთხრა.
–  რამდენი? – ვაჭარმა იფიქრა მომესმაო.
– ორასი, – გაუმეორა.
– ბატონო, ძვირი დაგიჯდებათ! – მასპინძელმა ისე გაიღიმა, ეტყობოდა ამის თქმა ეუხერხულებოდა.

ტრატისს ხმამაღლა გაეცინა. მსახურს გადახედა და ნიშნის მოგებით გადაულაპარაკა:
– ძვირი დაგიჯდებაო, – საჩვენებელი თითი გულთან ამოქარგულ თვითნიშანთან მიიტანა და ვაჭრის ყურადღება იმისკენ მიაქცია, – ხედავ, – თავი დაუქნია ვაჭარმა, – ჰოდა, რაც არ უნდა ღირდეს, ორასი ცალი დამიგრაგნე, – მკაცრი სახე მიიღო, – თუ შეიძლება!

მასპინძელმა შეშინებული და გაბრაზებული სახით ელიონს  ანიშნა, მუშტრის შეკვეთა შეესრულებინა.

– კიდევ, – ტრატისი მიუბრუნდა, – ორასი ფურცლის სამყოფი ოქროსი და შავი მელანი, ზეთის საღებავები და წვრილთავიანი ფუნჯი.
– ახლავე ბატონო, – ამჯერად ვაჭარს შეწინააღმდეგება არც კი უფიქრია – აქაო და არაფერი მავნოსო. ვიდრე ელიონი ეტრატებს ფუთავდა, თვითონ დანარჩენების მოძიებას შეუდგა.

თვალის დახამხამებაში, რაც ტრატისმა მოითხოვა, ყველაფერი დახლთან  ელაგა.

– რამდენი? – მოკლედ ჰკითხა მწიგნობარმა.

ვაჭარმა თითებზე თვლას მოჰყვა. რამდენიმე წამში კი უპასუხა:
– სამი სარაჰიტი, ორი ფლივი და რვა ჩეჲ.

მწიგნობარმა მსახურს ანიშნა, გადაუხადეო. თანმხლებმაც ტომსიკა სასწრაფოდ ამოიღო,  ლითონფულები გადათვალა და ვაჭარს გაუწოდა.
ელიონს უკვე ყველაფერი გაემზადებინა –  ფუნჯი, მელნები, საღებავები და ეტრატები ქაღალდის დიდ ფურცლებში გაახვია.

ტრატისმა ქაღალდში გახვეული ზეთის გამხმარი საღებავები ფრთხილად აიღო და მუშამბის ტომარაში ფრთხილად ჩაალაგა. ეტრატები, მელნები და ფუნჯი მსახურს გაუწოდა. ელიონსა და კაცს მადლობა გადაუხადა და გამობრუნდა. 


                                                                                                                            ***
– თქვენო უდიდებულესობავ, – ტრატისმა დედოფალს შეშფოთებული სახით მიმართა, – ათრას სამთავროში ერთ-ერთი სოფელია, ციხისპირა, სადაც გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას მარაგებსა და სახსრებს სძალავს.

დედოფალმა საბუთის კითხვა შეწყვიტა და მწიგნობარს ახედა. სახე ყინულივით ცივი ჰქონდა. ტრატისის სიტყვებზე წარბიც კი არ შეურხევია. ტუჩის კიდეები შეარხია და კითხვა განაგრძო.

– თქვენო უდიდებულესობავ? – ანას გულგრილობამ მწიგნობარი იმაზე მეტად განაცვიფრა, ვიდრე გოგონას ნაამბობმა.
– გავიგონე, ტრატისს! – მშვიდი და აუღელვებელი ხმით უდარდელად უპასუხა.
– ხელმწიფე არაფერის მოიმოქმედებს? – ჩაეძია მწიგნობარი.
– არა! – მოკლედ უპასუხა, თან ხმაჟღერადობით მიანიშნა, რომ ეს საკითხი საერთოდ არ აწუხებდა. 
– რატომ?

დედოფალმა ჯადოქარს მკაცრი სახით ახედა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, მნახველს შეაკრთობდა, მაგრამ მწიგნობარი მამფონის თვითგანცდებს უკვე შეჩვეულიყო.

– ეგ საკითხი არ გვაწუხებს. რაც მაწუხებს საიდუმლო კელიაშია, – ანამ საბუთი გვერდით გადადო, წამოდგა. სკამმა იატაკზე გაჩოჩებისგან დაიწრიპინა, – ახლა ეს მითხარი, იპოვე შელოცვა, რომელიც უფლისწულს სიკვდილისგან იხსნის?

ტრატისმა შუბლი მოიქავა.

– თქვენო უდიდებულესობავ, კელიაში ბევრი რამ ვიპოვე, – საუბარი დამნაშავის აღსარებას ჰგავდა, გეგონებოდათ, თავს იმართლებსო, – სხვადასხვა ჯადოსნური შელოცვებიდან დაწყებული, სამკურნალო ნაყენების მომზადების წურაფით დამთავრებული, მაგრამ ის რაც თქვენ გინდათ, იქ არ არის – არც დამტვერილ ეტრატებში და არც ალჯანეულის წყაროებში.
– ჰოდა, მიხედე ამ საქმეს, იპოვე ის რაც გადაარჩენს უფლისწულს, მექრთამე მოხელეები შენი საზრუნავი არაა.
– შესაძლოა მართალი ბრძანდებით, თქვენო უდიდებულესობავ, – ტრატისი იმედგაცრუებული ჩანდა, – მექრთამე-გამომძალველი სახელმწიფოს მუშაკნი ჩემი საქმე არაა, მაგრამ ხელმწიფის საქმე ნამდვილად არის, რადგან დღეს არა და ხვალ, ხალხი აჯანყდება.
– არ აჯანყდება, – მამფონს თავდაჯერებული ხმა ჰქონდა, – ხალხს არ აწუხებს მექრთამეობა, მოსწონთ კიდეც. სასახლის კარი მექრთამეებითაა სავსე. როგორ ფიქრობ, როგორ უნდა ებრძოლოს მეფე მათ?!
– დასაჯოს, სახალხოდ დასაჯოს, რათა სხვამ ვერ გაიმეოროს მსგავსი რამ, – მწიგნობარმა სხარტად უპასუხა.
– კეთილი, – ანა თითქოს დაეთანხმა, – ვთქვათ, რამდენიმე სახელმწიფო მოხელე დასაჯა, ეს ამოძირკვავს ფულის სიყვარულს?
– არა!
– მაშინ, როგორ უნდა მოიქცეს მამფონი, ფულის სიყვარული აკრძალოს?
– არ ვიცი, ვფიქრობ...
– მშვენიერია, შევთანხმდით, – არ დაასრულებინა დედოფალმა, – მაშინ იმ საქმეს მიხედე, რაც კარგად იცი და იპოვე უფლისწულის გადასარჩენი შელოცვა.

ტრატისს უნდოდა რაღაც დაემატებინა. მაგრამ დედოფალმა ხელით ანიშნა, რომ ამ საკითხზე საუბრის გაგრძელება აღარ სურდა.

– შეხვედრამდე! – დაემშვიდობა მამფონი.
– ნახვამდის, თქვენო უდიდებულესობავ, – ჯადოქარი კარისკენ გაემართა, შემდეგ დედოფლისკენ სწრაფად შემობრუნდა, რაღაც გაახსენდა, – თქვენო უდიდებულესობავ, – ჩაფიქრებული ხმაჟღერადობით მიმართა.
– გისმენ! – ანა მწიგნობარს ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა.
– ძველ მატიანეში ჯადოქარ ნევის წყევლაზე ერთი რამ ამოვიკითხე.
– მართალ? – ანას თვალები ცქვირინით აევსო, – რა?
– „შავი გაზაფხულის“ – ალჯანეულისა და კაცთა შორის პირველი ბრძოლის – დაწყებამდე, ფარტაძს, დარეთის ერისმთავრის კანდრეუ, ნანა, ჯადოსანი ყოფილა, იცოდით?

დედოფალმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

– ნანა, თურმე „დასავლეთის ოხარის“ წევრი ყოფილა,  საკუთარი დებისთვის უღალატია და  ერისთავს  ცოლად გაჰყოლია. როგორც მატიანედან არის ცნობილი, – დაეჭვებით წარმოთქვა ტრატისმა, –  ჯადოქართა „შავი გაზაფხულის“ მოწყობაში კანდრეუს წვლილი დიდი ყოფილა.
– მერე? – მოუთმენლობა დაეტყო მამფონს, მზერითა და ხმაჟღერადობით აჩქარებდა მწიგნობარს.
– შემდეგ მათი ოხარიდან ერთ-ერთ ჯადოქარს დარელთა გასაგისი დაუწყევლია. თუმცა სამწუხაროდ, წერილობა სრული არ არის და გადმოცემებს ეყრდნობა, რამდენად მართალია – თავს ვერ დავდებ.
– მშვენიერია, – ანა მხიარული ხმაჟღერადობით წამოიმართა, – ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.

ტრატისი ანას გაკვირვებით შესცქეროდა, ვერ მიმხვდარიყო, დედოფალს რა უხაროდა.

– ვიცი, არ გესმის სასიხარულო ამაში რა არის, შენს სახეზე ვკითხულობ ამას. მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, საიდან დაიწყო ყველაფერი, ხოლო როცა ნაცნობია დასაწყისი, არსის პოვნაც გაგვიადვილდება.

ანა ღიმილიანი სახით აივნისკენ გაემართა.

ტრატისი ბოლომდე ვერ მიხვდა, დედოფალი თუ რას გულისხმობდა. გადაწყვიტა, მამფონი საკუთარ ფიქრებთან მარტო დაეტოვებინა და ვიდრე საკითხს ბოლომდე არ შეისწავლიდა, დროებით გასცლოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები