ნაწარმოებები



ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
2 ივნისი, 2019


სხვა ( მოლოდინი)

ხეებს და მინდვრებს, ზვრებსა და ქორფებს სულ სხვანაირად უხდებაო მზე,-ნათესაურად, საკუთარი თავის გადასაჩხრეკად,ამოსაქოლად. სხვებმა იკითხონ ზინაიდა, შენ ისიც გეყოფა, კაცი რომ გაივლიდა შენს ჭიშკართან დაღლილ-ცარიელი, ეგებებოდი ღვინით-მარილით, რას არ არქმევდი ამ უდიადეს ცერემონიალს, საქმეს რიტულას  და არავითარ შემთხვევაში ამბავს.

დალპეს და  ჩამოვარდეს ყველა ნაყოფი, ცხრა ზღვა გადაეფინოს შენს ვენახს, მდელოს, ბილიკებს თუ ყოველივე საქმის მერე აღტაცებით სახლს მიაშურო, თუ კაშხალი ვერ ააშენე. 
დგახარ მდუმარედ მდინარის პირას, შენი ხელებით მოხნულ მინდორს თვალს აყოლებ და ვენახის ცვარი კი არა, რა არ ამოგვარდნია თვალებიდან, რა მოვლენების სიაშკარავე, მე გადაბმული ვარ ყველა მკვდარზე, შენი ზვრების ბოლოა ჩემი აკვანი.
ზინაიდა.
იავნანავ.
ნანავ.

შენ გაღმა მხარეს  მკერდზე გაწევს ტიტანური ამაოება,
მცირე პერსონაჟიანი ცხოვრება, მოდიოდნენ და მოდიოდნენ, წითელი ცხვირსახოცით ჯიბეში,-ეს გულთან ახლოს, თორემ ისის კი გახსოვს, ტაძრებთან დაღლილი ფეხსაცმლებიდან თეთრად ამოსულები, გათენებასავით..

მე ვერ მიშველი, ორღობის ენაც რომ გაიხსენო, შენი დილის გადმომღმაა ჩემი საღამო ზინაიდავ, შორეული,მიუსვლელი.
მოდიხარ ჩემთან, ან თავს გახსენებს მიწის სიმძიმე ,ყვავილები, მითქმ-ლეგენდა და სასწრაფოდ ეს მძიმე ლოდი თუ არ მოვირგეთ-აღარ ივარგებს.

დიდად აღარ გვესმის ერთმანეთის ზინაიდავ, შენ მაინც გიყვარს მიწა, ვალში ხომ აღარ დარჩები, მიწას ჰყავს თავისი ფესვი, შენ კი სველი გაქვს თვალები, როგორც გადაბმულ ყველა მკვდარზე და მაფიქრებინებ, რომ შეიძლება თქვა ის , რაც არ გინდა,
რასაც წარმოიდგენ,
რაც შორია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები