ნაწარმოებები



ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2019


წაგშალე...


ტერფებიდან დავიწყე.
ლამაზი კოჭები წაგიშალე, რომ არ წახვიდე. არც გიცდია. უფრო ზევითაც ავედი. წაგიშლი მუხლებს...
საშლელის ნამცეცებს სულს ვუბერავ და წვივებსაც ვაყოლებ. ძირს დაყრილს ფეხის წვერით ვფანტავ. ბოლომდე გაქრობ.
წაგიშლი ხელებს...
ნატიფ მტევნებს, თლილ თითებს...
ერთი, მეორე, მესამე...
ესეც მეათე...
თბილი მაჯებიც წაგიშალე...
ძარღვებიც, თხელი კანის ქვეშ ნილოსის დელტასავით რომ იქსაქსებოდა.
როგორი უსუსური ხარ კიდურების გარეშე.
ფილტვებს გიტოვებ...
რომ ისუნთქო, სანამ ბოლომდე წაგშლი.
იღიმი...
ისევ ისე...
ტუჩის კუთხეებს გიშლი...
ტუჩებს გიტოვებ.
მხოლოდ ღიმილი წაგიშალე.
საშლელს თითებში ვათამაშებ.
აღარ ვიცი რა წაგიშალო.
ნიკაპი...
ოდნავ ჩაჩხვლეტილი, პატარა წვერით.
არასდროს მოგწონდა.
თმებს წაგიშლი და შუბლზე გაწოლილ ნაოჭს.
თვალები...
ვერ ვიმეტებ.
"წაშალე! თუ ძალიან გაგიჭირდა ახლიდან დახატავ"...
ფანქარს ვიღებ. სკამის კიდეს ვაჭერ და ახლადწათლილი წვერი ბოლომდე ტყდება.
დიდხანს გიყურებ. საშლელს თითებით ვაწვალებ.
ჯიბეში ვიდებ.
ხელში გკუჭავ, ვდგები და მივდივარ.

ოდესმე წაგშლი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები