ნაწარმოებები



ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პროზა
5 ივნისი, 2019


ეს არის ისა (ნაწილი 2 თეთრი ფერი სხვა ფერების წინააღმდეგ)

ნაწილი 2
თეთრი ფერი სხვა ფერების წინააღმდეგ

_ რას ხატავ? _ კითხვას სვამს დედა და შვილის ნახატს დასცქერის, იმდენი ფერის ყვავილია, წითლები, ყბითლები, და კიდე უცხო და უცნაური ფერების ყვავილები, ზოგი მათგანის სხვა და სხვა ფოთლები სხვა და სხვა ფერია, და ყველა მათგანი, თავგანწირული რაზმივით ნელ-ნელა ნადგურდება თოვლის მიერ!
_ ამდენი უცხო ყვავილი არ ამოდის ერთად, და არც თოვლია მაშინ, როცა ბუნება ამგვარად არის აყვავების ზენიტში.
წყინს შვილს დედის კომენტარი, თავს ანებებს ხატვას და ოთახიდან გადის, სხვა ოთახში შედის, თავისთან, საძინებელში, უჯრიდან საგანგებოდ დამალულ ინჰალატორს იღებს, ისუნთქავს და წვება.
ფიქრობს თოვლზე, რომელიც ყვავილებს ანადგურებს, ფერადი ყვავილების მკვლელ თოვლზე ფიქრობს.
ნეტა რა მოხდა იმ დღეს? _ ეკითხება საკუთარ თავს. _ იქნებ იმ ნაბიჭვარმა, დილით რომელიმე თანაკლასელს სიყვარული აუხსნა, იმ კახპმ კი უარი უთხრა?! იქნებ უარი რომ არ ეთქვა არ გამოფრენილიყო ასე?! ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა ეპიზოდს, რომელსაც არსებულის შეცვლა შეეძლო და ვერ შეცვალა.
ღრმად ჩასუნთქვა სცადა, გაუჭირდა, ისევ ინჰალატორი დაიხმარა და ფიქრს დაუბრუნდა.
ყველაფერი კარგად იცის, იმდენად კარგად _ რომ იქ ყოფილიყო თითქოს.
ვინ დათვლიდა სად უფრო მეტი იყო ყვავილი, ყვავილების მაღაზიის წინ დაყენებულ მანქანაზე _ ხელით მიხატული თუ თავად იმ ყვავილების მაღაზიაში, რომლის წინაც გაჩერდა მანქანა?!
მანქანიდან კაცი გადმოვიდა, გრძელი თმებით, უფრო გრძელი, გახუნებული მწვანე პერანგითა და ყვითელი შარვლით, მაღაზიისკენ სირბილით წავიდა, წვიმდა, თავსხმა იყო, კოკის კიარა, გობისპირული წვიმა.
მინდვრის ყვავილები იყიდა და ისევ მანქანაში ჩაჯდა.
რამდენიმე ქუჩის იქეთ, ქალი იდგა გაჩერებაზე. გრძელი, მოყავისფრო პალტო ეცვა, თმები აფრიკულად დაეწნა და ყვავილებიანი ქოლგა ეჭირა ხელში.
ვინ დაითვლის, ქოლგაზე მეტი იყო ყვავილი, თუ კაცის მიერ ნაყიდ თაიგულში?!
ეს რომ კინო ყოფილიყო, და ეს კადრები ცალ-ცალკე გაეშვა რეჟისორს, ცხადად მიხვდებოდი, რომ იმ კაცმა, გაჩერებაზე მყოფი ქალისთვის იყიდა ყვავილები, ხოლო ქალი შესაბამისად ამ კაცს ელოდა.
რეალურად არავინ იცის რა მოხდა ახლო მდებარე სკოლაში, ის, ვინც ამ ყოველივეზე ფიქრობს, ვარაუდობს რომ უპასუხო სიყვარული იყო მიზეზი, ერთი რამ კი ფაქტია, გაბრაზებული უფროსკლასელი თავის დიდ, თეთრ მანქანაში ჩაჯდა და მაქსიმალური სიჩქარით გაექანა სადღაც.
გაჩერებაზე, სადაც ქალი იცდიდა, როგორც იქნა გამოჩნდა ყვავილებიანი მანქანა. მიუხედავად იმისა, რომ დილით სწორედ ამ ადგილას, ამ მანქანიდან დაემშვიდობნენ ერთმანეთს, მაინც დიდი ხნის უნახავებივით გადადეხვივნენ, კაცმა ყვავილები აჩუქა, ქალმა ყელზე აკოცა და წავიდნენ.
_ ალისა შინ დატოვე? _ იკითხა ქალმა.
_ ჰო, შინ დარჩა, წვიმს და მეზარება, შინ მუსიკას მოვუსმენო! თქვენ კი რომანტიულად ისეირნეთ წვიმაშიო!
_ ამიტომ იყიდე ყვავილები რომ რომანტიული ელფერი შეგეძინა საღამოსთვის?!
_ არა, ყვავილები იმიტომ ვიყიდე რომ ლამაზია.
_ ყვავილები მინდორზე უფრო ლამაზია, ვიდრე ჩემს ხელში, ან ლარნაკში!
_ ვიცი, თუმცა ისინი მე არ დამიკრეფია, ისინი ყვავილების მაღაზიაში მელოდნენ, რომ წამომეყვანა და ლარნაკში ჩამეწყო, და ყოველ დილით გამომეცვალა მათთვის წყალი.
_ ყველაფერს როგორ მოუძებნი ახსნას _ იღიმის ქალი და ხელით ეფერება კაცს მხარზე! _ მომიყევი რა ხდებოდა დღეს!
_ ახალი არაფერი, მე წიგნს ვკითხულობდი, ალისა, სკოლიდან მოვიდა თუ არა ოთახში ჩაიკეტა და ისას ელაპარაკებოდა, ეს იყო და ეს!
_ აუჰ, ეს რა გამახსენე, ჩემი და გადამეკიდა, ფსიქიატრთან მიიყვანე ბავშვიო!
_ ფსიქიატრთანო? _ იცინის კაცი. _ რამ აფიქრებინა ეს! აააა. მოიცა, შენ წამოგცდა ხო რომ ალისას წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს?!
_ გაგიჟდი? მაგას როგორ ვეტყოდი, თვითონ უთხრა, ამასწინად მოსული იყო მისიონერული მიზნით, ალისამ ცოტა ხნით, ზრდილობის გამო მოუსმინა, მერე კი განაცხადა, რომ ისას უნდა ველაპარაკოო! წამებში გამჟღავნდა ყოველივე!
_ არაუშავს, ბავშვს არაფერი აქვს საიმისო რომ ფსიქიატრი სჭირდებოდეს, თუმცა თუ გინდა უთხარი რომ დაგვყავს და მოგეშვება!
_ ჰო, ვაპირებ რაიმე მსგავსი მოვიფიქრო!
ამის მერე კი ალბათ "ფრთხილად" ეს სიტყვა იყო, ან რამე მსგავსი, ისეთი ძალთ მოფრინავდა მარცხენა მხრიდან მანქანა...
ყვავილები... ყველა ყვავილი მოკვდა, დაჭკნა, დაიმტვრა თეთრი მანქანის დაჯახების შემდეგ.
* * *
_ ბავშვს უსახლკაროთა თავშესაფარში ვერ განვამწესებ! _ ამბობდა დეიდა!
_ ჩვენი ადამიანურ-მორალურ-ეთიკური ვალია, რომ გავზარდოთ _ პასუხობდა ქმარი _ და რაღა დაგიმალო, პირადად ჩემი სურვილიც კი!
_ განა ჩემი სურვილი არ არის? უბრალოდ ბავშვს ფსიქიური პრობლემები აქვს, მხოლოდ ამაზე ვნერვიულობ!
_ განა ძნელად აღმოსაფხვრელი?
_ არა, არამგონია!
_ მაინც რა პრობლემები აქვს ალისას?!
_ ვინმე არარსებულ , როგორც თვითონ ამბობს, მეგობარს ესაუბრება ხოლმე!
_ ვფიქრობ არ უნდა იყოს იშვიათი შემთხვევა, არც ძნელად დასაძლევი.
_ მეც ასე ვფიქრობ!
მეორე დღესვე შეუდგნენ ყველა საჭირო საბუთის მოწესრიგებას, დეიდა _ ალისას მეურვედ გამოცხადდა, დაობლებული ბავშვი კი თითქმის თანატოლ ბიძაშვილებთამ ერთად გაიზრდებოდა სახლში, რომელშიც არასდროს არაფერს მოაკლდებოდა.
* * *
_ საღებავების სუნია _ ამბობს ოთხიდან გამოსული ალისა.
_ ჰო, ახალი ნახატი დახატა _ პასუხობს დეიდა!
_ მომიყვები რა ხატია?
_ ბევრი ყვავილები, ძალიან ბევრი, და თოვლი კლავს მათ!
_ ახლა გასაგებია რატომ არ მითხრა რას ხატავდა!
_ ყოჩაღ ალისა, შენ უფრო მალე მიხვდი შინაარსს, ვიდრე მე!
_ ადვილი იყო!
_ ჰო, ადვილი იყო, მე კი შენიშვნა მივეცი!
_ ეწყინებოდა შენიშვნა!
_ ეწყინა კიდეც!
_ წავალ, დავამშვიდებ!
ნახატთან დარჩენილი ქალი ცრემლებს ვეღარ მალავდა, არ გრძნობდა თავს შვილთან დამნაშავედ, ფურცელზე გაცოცხლებული ტრაგედიით, მან და დაკარგა, მისმა შვილმა კი დეიდა, უფრო დიდი ნუგეშიც შეეძლო გამოეხატა _ ფიქრობდა ქალი და უკვე ცხარე ცრემლით ტიროდა, უმცროსი დის სახე ახსენდებოდა, მისი ბავშვობა, მისი ღიმილი და უამრავი ის საქციელი, რასაც სისულელედ ნათლავდა თავად!
_ რა გატირებს დედა? _ მოისმა უმცროსი შვილის ხმა!
_ არაფერი, რაღაც გამახსენდა და... _ ცრემლი მოიწმინდა ქალმა,
_ ისევ იმან აგატირა ხო?
_ არა, ის რა შუაშია, თავის ოთახში ალისას ელაპარაკება, ჩემით ავტირდი, რა, არ მაქვს მიზეზი ან უფლება?!
_ როგორ არა დედა _ პასუხობს შვილი და ეხუტება, ისე ძლიერად და თბილად, რომ დედას ახლა უკვე სიხარულის ცრემლი მოსდის, ასეთი შვილის ყოლის გამო! უკვე ის დროა, როცა გარეთ ბნელა, როცა სახლის ფანჯრიდან გამოსულ სინათლეში მკაფიოდ ჩანს ჩახუტებული დედა შვილი, მინდვრიან ეზოსაც ანათებს ფანჯრის შუქი, მის ქვეშ ამოსულ ყვავილსაც ანათებს ნახევრად, ამ დროს ყვავილი ნახევრად შავია, ნახევრად ნათურის შუქის ფერი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები