ნაწარმოებები



ავტორი: გოგონა დღიურით
ჟანრი: პროზა
5 ივნისი, 2019


ზურგით

მან ყველას ზურგი აქცია. რაც კი სჭირდებოდა, ერთ შეკვრად ჩააწყო და მთებში გადაიკარგა. დიდ, მოხუც მთებს შეეხიზნა, მათ სთხოვა შველა. ოღონდ, ჯერ კიდევ არ ესმოდათ ერთმანეთის.
ცაზე ვარსკვლავების ცქერა ქანცს რომ აცლიდა, შევიდოდა ხოლმე ხის სახლში და ცარიელ მაგიდას დაჟინებით ჩააცქერდებოდა. რაღაც ხდებოდა, რაღაც აკლდა თითქოს, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა. უფრო ძნელი ეგონა განმარტოება, აქ არავინ აწუხებდა, ადამიანის
ხმა არ ესმოდა და წესით მშვიდად უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო.
მერე მგელი გამოჩნდა. რუხი, უცხო, მასსავით განდეგილი. რაღაცნაირი სიახლოვე იგრძნო მგლის მიმართ, მაგრამ მაინც შეეშინდა, ჯერ კიდევ დაბინდული იყო მისი გონება. ჯერ კიდევ კითხვები ტრიალებდნენ, გამუდმებით, ქაოსურად, ერთმანეთს ეხლებოდნენ და
თავს ატკიებდნენ. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე - კითხვებივით. უბრალოდ, ამჟამად ეგონა, რომ პასუხი იცოდა, როცა წრეში აღმოჩნდა.

სადღაც მიყრუებულ სოფელში მანქანა გაჩერდა და დაკარგული გოგონას ამბავი იკითხა. ოთხი დღის შემდეგ ძებნამ შედეგი გამოიღო და ხის სახლს მგლებისგან გარიყულმა ძაღლებმა მიაგნეს, უბრალოდ, შიგნით არავინ იყო.
კვალი ტყეში გადიოდა, დიდრონ ფიჭვებთან. ერთ ხეს ჯერ კიდევ ეტყობოდა მოშავო ლაქა. ყველაფერი ცხადიაო, გაიფიქრეს კაცებმა, მაგრამ ძაღლები უაზროდ ტრიალებდნენ წრეზე. წრეზე ტრიალებდნენ კაცებიც.

მან თვალი გაახილა და მგლისფერ გამოქვაბულს თვალი მოავლო. იქვე, ახლო ჰორიზონტზე თავისებურად მომხიბვლელ, მაგრამ მახინჯ არსებებს მოეყარათ თავი და მისთვის ერთ დროს გაუგებარ, მაგრამ ახლა სრულიად გასაგებ ენაზე საუბრობდნენ. მის ფეხქვეშ
პირველი მგელი იყო გაწოლილი, რომელმაც თავი წამოყო. ახლა უფრო ჩაეღვარა უცნაური, არაამქვეყნიური სიმშვიდე მთელ სხეულში და გაბედულად აუსვა ენა გაჭრილ ხელისგულს. სისხლის გემო ბავშვობიდან მოსწონდა, ახლა შეუყვარდა.

წითელი არსებები ერთბაშად შემოტრიალდნენ და დამცინავი საუბარი დაიწყეს, თუმცა ეს სიმშვიდეს არ ურღვევდა. საღი ხელი რუხ ცხოველს გადაუსვა და მოქილიკეებიც გაჩუმდნენ, თუმცა მცირე ხნით. მან მგლებთან ურთიერთობაზე უხამს კითხვას თავი
აარიდა და ბერძნულადვე ჩაეკითხა, აქ რისთვის ვარო.

ჯგუფიდან ერთ-ერთი, თითქმის არაფრით განსხვავებული, ოდნავ მოელვარე რქიანი წინ წამოიწია და მგელს მიუახლოვდა. ახლა ორივე ერთად ეფერებოდნენ ნეტარებაში მყოფ მტაცებელს. იცი, რისთვისაცო, უთხრა არაბულად.
უეცრად რქიანთა ჯგუფი ორ წრედ შეიკრა და მძევალმა თითოეულში საკუთარი თავი დალანდა. ჯერ კიდევ მშვიდად იყო, თუმცა მის წინ ჩამუხლული მახინჯი არსება არ მოსწონდა. გამიშვიო, უნდა ეთქვა, მაგრამ რვიანის ფორმით შეკრულმა არსებებმა დაასწრეს
- გამოქვაბულს ექოდ დაურბინეს ცივმა, უსულო ხმებმა, ვერსად წახვალო.

მაშინ ის ადგა და ახლაღა მიხვდა, რომ მთლად შიშველი იყო. მის ბარძაყზე წვეთ-წვეთად ეცემოდა მეწამული სითხე. რუხი, მდუმარე მგელი უკან მისდევდა, თვალს არ აშორებდა მის ხელს და როცა წინამძღოლი რვიანის მოხაზულობით შეკრებილთა წინ გაჩერდა, ყმუილი
ამოუშვა და უცნაურად, უკუღმა გაწვა.

მან, რქებმოელვარემ, დაჭრილი მტევანი ხელებში მოიქცია და თავისთვის, გაბმულად დაიწყო ვედრების მსგავსი ჩურჩული. ამას სხვებიც ერთბაშად აჰყვნენ და ახლა უკვე მშობლიურ ენაზე, სრულიად შიშველს, მთების ძახილივით ჩაესმოდა სიტყვა „სავანე“,
ოღონდ, მომენტებში, ექო სხვაგვარად ჟღერდა და, რომ არა მის ძარღვებში მდინარე წინაპართა სისხლი, „სამარესგან“ ვერ გაარჩევდა.

მერე შემზარავად ცივ მიწაზე ჩაიკეცა, მგლის გვერდით და გონებაში ყველა კითხვას თავისით გადაესვა ხაზი, თითქოს თავადაც გაქრა. გაყინული ხმა შიგნეულს უწვავდა, მაგრამ მაინც მშვიდად იყო, მიუხედავად იმისა რომ მაჯა საშინლად სტკიოდა.
ახლა გამიშვებთო, ღიმილით აღმოხდა და უკუღმა გაწოლილ პირღია მგელს ეშვებზე მეორე ხელისგული დაუსვა. რქებმოელვარე ცარიელ სივრცეში დარჩა, გამოწვდილი ხელებით.

მისი ჩვევა იყო ეს. ყველას ზურგს აქცევდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები