ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სანდრო რუხი
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2019


მტვერი (თავი 6. ნაწილი 2.1)

                                                                                                                                      2

*ძილისთვე  −  ზამთრის პირველი თვე, შედგება 31 დღისგან.

*მეგემსართავი − მატროსი.
*მზვერავები − აქ. ვინც ანძიდან ჰორიზონტს ზვერავს.
*საფურავი − პატარა, მრგვალი, უფარფლო ქუდი.
*ნეწვიდმეგამი (სვან.) - აქ. ბამბუკი. (ზუსტი თარგმანი, წვრილი ხე).
*ხეზი − ძაფზე მომსხო ნართი.
*ღართი (მეგრ.) − იგივ. ჩოხა.
*ფირცქეუილ (სვან.) – ტყუილი. აქ ილუზია
*გითაცადებელი (მეგრ.) დასაცდელი; მოსაცდელი (ადგილი).  − აქ. ჰოლი
*კუხი (წილკ.) – რისიმე ამოზნექილი ნაწილი. აქ. რელიეფი.
*სუამამსვალდ (მეგრ.-სვან. ფრთიანი ადამიანი) − აქ. ვერიჰიონის მითოსური არსებები.


ზურმუხტისფერი ზღვიდან მონაბერი ქარი აფრებს ნაზად ელაქუცებოდა და გემიც სამხრეთისკენ დაუბრკოლებლად მიცურავდა.

ზამთრის მზე დარეთში ძილისთვისთვის  ისეთივეა, როგორც ზაფხულობით ათრაში. თბოხარისხი გრილია და საამო; კალაში ზოგჯერ შუა ზამთარიც კი თბილი იცის.

ასტერონსა და ოაშის საზამთრო სამოსი გამოეცვალათ და თხელი აბრეშუმის ელეგი ჩაეცვათ, ზემოდან კი ყურთმაჯიანი ჩოხა მოესხათ. მეზღვაურები, – მეაფრეები, მეგემსართავეები , მზვერავები , – საზღვაო სამოსში გამოწყობილიყვნენ, როგორც ამას სარაჰული კანონი მოითხოვდა; ტყავის ზედატანი და ნაჭრის ფართე შარვალი, ფლოსტები და სამკუთხა, მოხარშული ტყავის საფურავი  გამოარჩევდა თაბუნს ნოქართდედაწულისგან, რომელიც უფლისწულს ემსახურებოდა. თოსბოშის ამალას, სამეფო კარის ტანსაცმელი – რძისფერი ლერექუ, რომელზედაც გულის მხარეს დარიელთა თვითნიშანი ამოექარგათ – და შავი ჩექმები ემოსათ. ნავკოსალარი და მესაჭეს სამკუთხა ყავისფერი ტყავის ქუდი ეხურათ; ნავკოსალარის ქუდს მარცხენა მხარეს ოქროსგან, მესაჭეს კი ვერცხლისგან ნაკეთი იალქანი თვითნიშნად ჰქონდათ მიმაგრებული.

კიჩოსთან გამართულ ფანჩატურში, სამეფო ჯალაბს საუზმე გაეშალათ; თაფლის კვერები, ტაო-ჟის ნაყენი, ახლადგამომცხვარი პური, ერბო და დარული ატამი, გაფცქვნილი და მოჭიქული თიხის თეფშზე კოხტად დალაგებული მიერთვათ.

დილით, ვიდრე მზე კენწეროში ჩამოეკიდებოდა, გრილოდა. ასტერონი ტაო-ჟის ცხელ წვენს მიირთმევდა და ზღვას გასცქეროდა – მიმავალი გემის მიერ დანატოვარ ნაკვალევს ღრმად ჩაფიქრებული, გაუცნობიერებლად უცქერდა.

– საღამომდე კალას ნავსაყუდელში ვიქნებით, – შენიშნა ოაშიმ.

მეფისწულმა დაბნეული მზერა მიაპყრო და მორიდებით ჰკითხა:
– ბოდიში, ვერ გავიგონე, რა მითხარი?
– საღამომდე კალაში ვიქნებით-მეთქი, – ოაშიმ გაკვირვებული ხმით გაუმეორა და გაღიმება სცადა.
− უკვე ორი კვირაა გზაში ვართ, − ჩაფიქრებული წარმოთქვა ასტერონმა, − შეხედე, ძილისთვის ოცდაცხრაა და გეგონება შემოდგომის დასაწყისიაო. სასწაულია! − დარეთის ჰავაზე უფლისწული აღფრთოვანებით საუბრობდა.
− სამხრეთი ყოველთვის თბილია,  − სასხვათაშორისოდ უპასუხა ოაშიმ.

ასტერონს მეგობრის სიტყვები ისევ არ გაუგონია, ფიქრებით სადღაც შორს იყო, თითქოს მოგონებათა ბანდილებში გზა დაჰკარგვოდა.

– ისევ ევრიპაზე ფიქრობ? − ოაშიმ თასბოშის გამოფხიზლება სცადა.
– არა, – ასტერონმა მოკლედ უპასუხა და კვლავ ზღვას გახედა, მეგობარს მიანიშნა, რომ იქრისის ტახტის მემკვიდრეზე საუბარი არ სურდა.

უფლისწულის ნაღველი თვალებში ღრმად დაბუდებული მღელვარებით იგრძნობოდა. ასტერონი სკამიდან უხასიათოდ წამოიმართა, ამოიხვნეშა, კიჩოს მოაჯირს დაეყრდნო და ზღვისკენ გადაიზნიქა. თვალები დახუჭა – სახეზე ქარის მოფერება შეიგრძნო, მარილიანი ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ოაშისკენ სევდიანი ღიმილით შემობრუნდა.

– ზღვაზე სიკვდილი... – თასბოშმა აბნეულად წარმოთქვა.
– რა? – მეგობარმა დაბნეული ხმით ჰკითხა, – რას გულისხმობ? – სახეზე მღელვარება დაეტყო.
– ზღვაზე სიკვდილს რა სჯობს, როდესაც სული წყლის ქალთევზების გამაბრუებელ სიმღერებში აღმოგხდება; როდესაც ზღვის მბრძანებლის ნაზ და საამო მოფერებას შეიგრძნობ. სიკვდილის ჟამს ბედნიერების განცდა – ღმერთებისთვის სათხოვნელად ესღა დაგვრჩენია.
– სიკვდილზე ფიქრი ჯერ ადრეა, მეგობარო, – ოაში ასტერონს მიუახლოვდა და მხარზე ხელი გადასდო, – მთელი ცხოვრება გვაქვს წინ!
– ცხოვრება? – ასტერონმა ლაგაცურად ჩაიცინა, თითქოს უფლისწული საკუთარ თავს დასცინისო, – მონის ცხოვრება მღრღნელთა სიცოცხლეზე უფასურია.
– თავისუფლება ჩვენშია, მხოლოდ გამბედაობაა საჭირო, რათა გავთავისუფლდეთ!
– გამბედაობა, მხნეობა, წინააღმდეგობის გაწევის უნარი, საკუთარი თავის დამარცხება – საჭიროა, ყველაფერი ერთად გქონდეს და თითოეული − ცალკ-ცალკე, რათა თავისუფალ პიროვნებად იქცე, – ასტერონმა თავი ჩაქინდრა და გააქნია, – მაგრამ როცა დარიელთა გასაგისში იბადები, მნიშვნელობას მხოლოდ ერთადერთი რამ იძენს: გვარი. მამაჩემისთვის არაფერია საუნჯე, გარდა დარიელთა სახელმწიფეო, სამამფონო ოჯახისა; მე, ტეონი, ლეჲე, დედოფალი, მრავალ-მრავალი ბიძაშვილ-მამიდაშვილნი, მხოლოდ გასაგისის დიდების წყარო და იარაღები ვართ, არა ადამიანები, არამედ უსულო საგნები, – უფლისწული გაბრაზებული საუბრობდა, ხმაჟღერადობაში ცხოვრებისადმი ზიზღი იგრძნობოდა, – ჩვენ მონები ვართ, საკუთარი დიდების ტყვეები, საკუთარი გამორჩეულობის ტუსაღები და პატივმოყვარეობის პატიმრები.

მეფისწულმა ზღვის სიღრმეში გაიხედა. წელში გაიმართა, ხელები წელზე გადაიჯვარედინა და ჰაერი კვლავ ხარბად ჩაისუნთქა. მზეს ახედა, რომელიც შუადღისკენ მიფარფატებდა. დინჯი ნაბიჯით ფანჩატურისკენ გაემართა. მაგიდას მიუჯდა, ტაო-ჟითი ფინჯანი შეივსო, პურის ნაჭერი თეფშზე დაიდო და თაფლში აზელილი ერბო ზედ გადაუსვა. თბილი სითხე მოსვა, პურს ჩაკბიჩა, ფეხზე გადაკიდებული ნაჭრის ხელსახოცით ტუჩები შეიწმინდა და ოაშის გახედა.

– შემომიერთდი, – პურს ლუკმა კვლავ მოაკბიჩა, ტაო-ჟი დააყოლა, ნაყენით დასველებული პური მარტივად გადაყლაპა და განაგრძო, – მარტო კაცი ჭამაშიც ცოდვააო, ხომ გაგიგია! – ტუჩები ისევ შეიწმინდა და გაღიმება სცადა.

ოაში მეგობარს უხალისოდ შეუერთდა და მაგიდას მიუჯდა. ფიქრები სტანჯავდა; უნდოდა, ასტერონის აზრები, თვითგანცდები ამოეკითხა. უფლისწულს გამჭოლი მზერით უსიტყვოდ უცქერდა, თითქოს წინ ხორციელის ნაცვლად გამჭვირვალე შუშის ქანდაკება ეჯდა.

– ნუ, ჩამაცქერდი! – თასბოშმა მხიარული ხმაჟღერადობით მიმართა და ოაშის საუზმისკენ წამუყო, – მიირთვი, თორემ ყველაფერს შევჭამ.

თავადიშვილმა ქერა თმაზე ხელი გადაისვა. ატმის დაჭრილი ნაჭრები თეფშზე გადაიღო და მცირედ მოკბიჩა. მიუხედავად იმისა, რომ ატამი წვნიანი იყო, ოაშის მღელვარებისგან ლუკმა ყელში არ გადასდიოდა; უფლისწულის სიტყვებზე, რაც გულში ხინჯად ჰქონდა ჩარჩენილი, ფიქრობდა. საკუთარი თვითგანცდების დასაფარად, ბიჭმა ზღვას გახედა; იცოდა, რომ მისი თვალები საიდუმლოს შენახვით ვერ დაიკვეხნიდა და ადვილად გასცემდა – ოაშის ყველაფერი ყოველთვის მზერაზე აღებეჭდებოდა. 

ბიჭმა ხელები მოიფშვნიტა, ამოიოხრა – საკუთარი თავი რაღაც მნიშვნელოვანისთვის შეამზადა, მეგობარს იჭვნეული მზერა მიაპყრო და შეპარვით ჰკითხა:
– ასტერონ, რაჰში დაბრუნებისას რას აპირებ? – არ უნდოდა, პირდაპირ ეკითხა, უფლისწული თავის მოკვლას აპირებდა თუ არა. იცოდა, რომ მაინც არაფერს ეტყოდა.
– არ ვიცი, – მოკლედ უპასუხა, – ახალი წლისთვის უნდა დავბრუნდეთ, ჰალტელეის თვეს ჯარის საომრად გაცილების წესთააღსრულებაა. მაგ დროისთვის დედაქალაქში უნდა ვიყო, – უფლისწული ნეწვიდმეგამის  წვრილი ტოტებისაგან დაწნული და კანაფის ხეზით  გადანასკვული სკამის საზურგეს მიეყრდნო და ტაო-ჟის ნაყენი ბოლომდე დალია.
– იქრისში შენი გულისწორის ჩამოსაყვანად არ უნდა წახვიდე? –  ოაშიმ მხიარული ხმით ჰკითხა, თუმცა ცდილობდა, მეგობრის მიზნები გაერკვია, რათა თვითმკვლელობის ეჭვები გაეფანტა.
– ალბათ, მომიწევს, – ასტერონმა სიტყვებს სევდა ამოაყოლა, – ეჰ, რა მშვენიერი ამინდია, შენ კიდევ იმ ალქაჯზე მელაპარაკები, – შეიკურთხა, სწრაფად წამოიმართა და გემბანისკენ ჩასასვლელი კიბე სწრაფად ჩაირბინა, გემის გვერდიდან ანძისკენ გაჭიმულ ბაგირს მოეჭიდა და ზღვისკენ გადაიზნიქა.

შეშინებული ოაში მეგობართან მიიჭრა. სახეზე ფერი დაჰკარგვოდა, მარმარილოსავით გაფითრებულიყო. ნელი ნაბიჯით უფლისწულთან მივიდა და საუბარი ფრთხილი, დაბალი ხმაჟღერადობით დაუწყო.

– ჩამოდი, ასტერონ, დავფიქრდეთ, იქნებ გამოსავალი არსებობს? მართლა ზღვის ქალთევზების კოცნას ხომ არ ელტვი?

ოაშიმ გემიდან ფრთხილად გადაიხედა, ხომალდი წყალს მიაპობდა. იქედან გადამხტარი ადამიანი წარმოიდგინა: თუ გაუმართლებდა, ზღვაში ჩავარდებოდა, მაგრამ დიდი ვარაუდით წყლის ზედაპირამდე  ვიდრე მიაღწევდა, გემის გვერდი თავს გაუპობდა; მსხვერპლი, თუ მიტურსეთი მას საკუთარ ბადეში გახლართავდა და ფეტიჶშური მასზე ხელს აიღებდა, ჯერ გემის გამოშვერილ გვერდს დაეცემოდა, რომელიც ფილტვებს გაუხეთქავდა, ხოლო შემდეგ სული მწარე გვემით აღმოხდებოდა; სხეული, უჰაერობის გამო, ფკერისკენ დაეშვებოდა, ადამიანი სუნთქვას შეეცდებოდა, მაგრამ დაგლეჯილი ფილტვები ჰაერს ვეღარ გაატარებდა, ყელი სისხლით აევსებოდა, ზღვის ნაცვლად ბოლოს სისხლი მოუღებდა. ზღვის სიღრმეში რაც უფრო მეტად ჩაიძირებოდა, მით უფრო წყლის წნევა მოიმატებდა, მის ყურებს დააჭერდა, ხოლო თვალებს დაუბრმავებდა. თვითმკვლელი ბედს უნდა მინდობოდა; ოაშის კი მეგობრის ტანჯვა და დაკარგვა არ სურდა.

ასტერონმა თავადიშვილის გაოგნებული, ლიჯვირყოფილი სახე შეათვალიერა, თითქოს ოაშის ფიქრები წაიკითხა და მშვიდი ხმით მიუგო:
– ნუ გეშინია, თავს არ მოვიკლავ! ამდენი გამბედაობა რომ მქონოდა, გავთავისუფლდებოდი, – ლივზინეურად ჩაიხითხითა.
– აბა, მანდ რას აკეთებ? – გულუბრყვილოთ ჰკითხა ოაშიმ.
– როგორც ფილოფოზები ამბობენ,  თუ არ მოკვდი, ვერ იცოცხლებ. ასე არაა, – ასტერონმა მეგობრის კითხვას არ უპასუხა, ოაშის მხოლოდ მრავლისმეტყველი მზერა მიაპყრო, – იმისთვის რომ დროის მდინარეში გადავრჩეთ, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია, ძალისხმევაა საჭირო.
– ნამდვილი სიცოცხლე, როგორც მჲზეჰილვარიო მამარდა ამბობს, სიკვდილითაა აღსავსე, რადგან ჩვენი აზრები სხვათა გაგრძელებაა, ჩვენი გრძნობები გარშემომყოფთა ანარეკლია – მხოლოდ ჭეშმარიტი გრძნობა, წარმოშობილი შურ-ქვინიდან გვაცოცხლებს, ჩვენში სიცოცხლის კოცონს დაანთებს და ათასი ვარსკვლავივით ააგიზგიზებს!
– ჭეშმარიტებაა, – უფლისწულმა კვერი დაუკრა, – ამიტომ ნამდვილი სიცოცხლისთვის, ჭეშმარიტი შეგრძნებებისთვის, ჰაერს ვეფერები და მზეს ვეფიცხები, – ასტერონი ჩამოხტა და მეგობარს მიუახლოვდა. მხრებზე ხელები ჩასჭიდა და დაამშვიდა, – ჩემი სიკვდილი ჯერ ადრეა, ასე არ მითხარი?! – ოაშიმ თავი დაუქნია, – ჰოდა, წამოდი, ვიდრე კალაში ჩავალთ, მოვემზადოთ.

საღამომდე, ოაში და ასტერონი, უფლისწულის ხორეუში ისხდნენ და ბაასობდნენ. თავადიშვილმა შეამჩნია, რომ საუბარი ასტერონს გუნება-განწყობილებას უხალისებდა. ოაშიც გაუჩერებლად ლაქლაქებდა, სხვადასხვა საკითხს მიედ-მოედებოდა, ათასი ფილოფოზისა თუ ბრძენთა ნათქვამს მოიშველიებდა. მეგობრები, მგზავრობის პირქუში წუთების გასაქარვებლად, ერთმანეთს სახუმარო ამბებს უყვებოდნენ, რაზეც გულიანად თვითონვე იცინოდნენ.

საუბარში ოაშისა და ასტერონს დრო ხელიდან დაუსხლტათ. მზე ეტლს უკვე ცაკაბადონისკენ მიაქროლებდა. რამდენიმე წუთიც და დღე თვალებს დახუჭავდა. ცას შეკიდული ნარინჯისფერი მარქვალა ზღვის კიდეს ეცეკვებოდა, როდესაც ბეღურის ბუდეში მოწყენილად მჯდომმა მზვერავმა კალა ქალაქის მკრთალად მოკიაფე შუქურა შეამჩნია, ხმამაღლა – ქალაქი, ქალაქი – დაიძახა და ზარს შემოჰკრა. ოაშიმ და ასტერონმა გემბანზე მსთუადად გამოირბინეს. ასტერონს ქალაქი მრავალი წელია არ ენახა, ოაშის კი არასდროს.

შორიდან ქალაქი დიდებული, შვიდ ბორცვზე გაშენებულ, ლაზათიანად ნაგებ სასახლეს ჰგავდა. ნაგებობები ერთმანეთს კვირსად ერწყმოდა და დანარჩენი სარაჰული ხუროთსაქმისგან გამოირჩეოდა; კალას ტინარშუჰული გავლენა ეტყობოდა. ზღვის კედლის დანგრეულმა ქონგურებმა უფლისწულს ბავშვობა გაახსენა; სულ უნდოდა, კედლებზე ერბინა, მაგრამ ანა უკრძალავდა. ზღვის მხარეს გალავანი მხოლოდ მაღალ გორაკებზე შენარჩუნებულიყო, რომელიც დიაზღვაში კონცხად იჭრებოდა. ნაპირზე, ჩამონგრეული კედლებთან, სხვადასხვა ნაგებობები აეშენებინათ – ზოგი მათგანი საროსკიპო, ზოგიც მოსასვენებელი სახლი, ზოგი დუქანი და ზოგიც სასტუმრო იყო.

სარაჰის დედოფლის გემი ნავსაყუდელში მაშინ შევიდა, როდესაც მზე ცაკაბადონს მოფარებულიყო. კალა დაისის სხივებში ნელ-ნელა ღამის გიშრის ფერში ეხვეოდა. ბორცვებზე შეფენილ გუმბათოვან მაღალ სასახლეებში შუქები ციცინათელებივით, თანდათან, ენთებოდა. რაც უფრო ღამდებოდა, შენობებიდან მოციმციმე ჭვირით დარეთის მთავარქალაქი მით უფრო მზისფერ ყვითლად იფერებოდა, თითქოს შუქთა თაიგული ღამეს ერწყმოდა და მის მუქ მაზარას ღია ფერებს ჰმატებდაო.

ნავსაყუდელში ხომალდი მეზღვაურებმა ნიჩბებით, აფრებდაკეცილი შეიყვანეს. გემსაბმელებზე გემსართავებით მიაბეს. რკინის უზარმაზარი ღუზა ცხვირს მოწყდა და გრუხუნით ზღვის ფსკერს ჩაეჭიდა. მეგემსართავეებმა დარჩენილი აფრები, რომელიც გვერდით ქარს აწონასწორებდა, რათა გემი არ გადაზნექილიყო, აკეცეს და მოსასვენებლად ქვემობანისკენ გაემართნენ. 

საღამო მშვიდი და წყნარი იყო, მხოლოდ კალას კლდეებიდან ზღვაში ჩამდინარე ჩანჩქერების ხმა მოისმოდა და მძინარე სიჩუმეს აფრთხობდა.
– მშვიდია, დედაქალაქს არ ჰგავს, – ოაშიმ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ზღვიდან ახლახან ამოეყვინთოს და ცაზე განფენილ, მკრთალად მოკიაფე ვარსკვლავებს ახედა, – აქ თითქოს ცაც სხვანაირია.

ასტერონს ჩაეცინა. გემბანიდან ბაქნისკენ ნაბიჯი გადადგა, მეგობრისკენ შემობრუნდა და მომღიმარი სახით უთხრა.

– დარეთის მთავარქალაქი მრავალი სხვა რამითაც მოგხიბლავს, მეგობარო! – ნელი ნაბიჯით კიბეს ჩაუყვა, – წავედით, სამამფონო სასახლემდე ახლო გზა ნამდვილად არ გვაქვს გასავლელი.

რაჰელები გემიდან როგორც კი გადმოვიდნენ, დარულ, თავადურ სამოსში გამოწყობილი კაცი, რომელსაც აბრეშუმის თეთრ ელეგზე ატლასის ახალუხი, ზემოდან კი ხვლიკისფერი შალის ღართი  ემოსა, ფეხზე კი მოხარშული ტყავის წაბლისფერი წაღები ეცვა, სტუმრებს მიუახლოვდა, მკერდზე ჩაფრასტებით შეკრული საღამოს ყურთმაჯიანი მაზარა შეისწორა და მიესალმა.

– თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ, – ასტერონს ხელი გაუწოდა, უფლისწულმაც უპასუხა და ერთმანეთს მკლავი ჩამოართვეს, – მე, კალას სამამფონო სასახლის მმართველი, სულჰან აჩარელი გახლავართ.

უფლისწულმა პასუხად სასახლის მმართველს უცნაურად გაუღიმა, უნდოდა, თავაზიანი გამოჩენილიყო, მაგრამ  აჩარელის დახვედრამ გააკვირვა და მზერაში ასახული გაოცებით სულჰანს ჰკითხა:
– რა იცოდით, რომ ამ დროს ჩამოვიდოდით?
– მისი უდიდებულესობის, სარაჰის დედოფლის წერილი თქვენს ჩამოსვლამდე მივიღეთ, ამიტომ სადედოფლო გემს დილიდან ველოდებოდით.
თქვენს დასახვედრად სამზადისს ალიონიდანვე შევუდექით და ყველაფერი უკვე მზადაა, მხოლოდ თქვენს მისვლას ელოდება. სამეფო ეტლი ნავსაყუდლის შემოსასვლელთან გველოდება.

– ყველაფერი მზადაა? – ასტერონმა სულჰანის სიტყვები გაიმეორა.
– დიახ, თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ, – აჩარელს უცნაურად გაეცინა, – კალას დიდებულები სასახლეში გელოდებიან, თქვენთვის განსაკუთრებული ცეკვები და გასართობი ნადიმი გაიმართება; თქვენი ჩამოსვლა ყველას უხარია.  როგორც მოგეხსენებათ, დარელები თასბოშისა თუ სამეფო ოჯახის სხვა წევრების ხშირი სტუმრობით განებივრებულები არ ვართ.

ასტერონს შეწინააღმდეგება უნდოდა. უფლისწულს ყველაფერი სახეზე აღებეჭდა: წარბები მოექუფრა, შუბლი შეჭმუხნა, ფერი ეცვალა; სადაცაა ეტყოდა, ყველაფერი გააუქმეთ, ამისთვის არ ჩამოვსულვართო, მაგრამ ოაშიმ მეგობარს მკლავში ხელი ჩაავლო, ასტერონს სიტყვები პირზე შეაშრა და თანამგზავრს გაკვირვებული მზერით გახედა.

– მშვიდად მივიღოთ ეგ საჩუქარი, უარი არ თქვა, – ოაშიმ უფლისწულს ჩასჩურჩულა.

ასტერონმა თანხმობის ნიშნად ოაშის თავი დაუქნია და სულჰანს მკაცრი ხმით მიმართა:
– აბა, სახლთმმართველო, გაგვიძეხი! – თვალებით ანიშნა, რომ წინ წასულიყო და თვითონაც აჩარელს მშვიდი ნაბიჯებით აედევნა.

ხის, შავ მაკოროფალში ოთხი ბედაური შეებათ, რომლებიც მოწყენილობისა და წყურვილისაგან ადგილზე ჩლიქებს იქნევდა და მოუსვენრად ფრუტუნებდა. სულჰანმა მეფისწულსა და ოაშის კარი გაუღო, თავი დაუკრა და მეეტლეს უბრძანა, გეზი სასახლისკენ აეღო.

შენობებიდან გადმოღვრილი მკრთალი შუქი ღამის რუხ საბურველში ძლივს ატანდა. ეტლის სარკმლებიდან მხოლოდ ფანჯრებიდან გამოპარული ჭვირი და კედლების მოლიცლიცე ანარეკლები მოჩანდა. ასტერონმა თვალები მინაბა, რათა სხეული მოეტყუებინა და ძილის ფირცქევილი  შეექმნა – მგზავრობამ დაღალა, ხოლო იმაზე ფიქრმა, რომ სასახლეში დარელი დიდებულები დახვდებოდნენ, განწყობა წაუხდინა.

მაკოროფალი ერთ დროს დარიელთა მთავარ საყუდელს უახლოვდებოდა. სამეფო სასახლე კალას ყველაზე მაღალი გორაკიდან ქალაქს დიდებულად გადმოჰყურებდა, თითქოს ღვთაებათა ქანდაკება ყოფილიყოს. გალავნის ასასთა და მცველთა მართკუთხა კოშკურები ღამის წყვდიადს უზარმაზარ თასებში აგიზგიზებული ცეცხლით აფრთხობდა. შესასვლელი კარიბჭე, რომელიც წაწვეტებულ თაღს შუაზე ჰყოფდა, მიტტაზეჰური ფოლადისგან იყო დამზადებული, ზედ კი ერთმანეთზე გადასკვნილი ვაზის მტევნები ამოეკვეთათ.

ეტლის მიახლოებასთან ერთად ქონგურებზე გადმოკიდებული პარეხი საყვირის ხმა ყველას ამცნობდა, რომ სასახლეს ვიღაც სტუმრობდა. რკინის სასტვენიდან გამოპარულ ყიჟინას კარიბჭის გაღება მოჰყვა – მაკოროფალში ფოლადის ერთმანეთზე ხახუნისა და ჯაჭვების მოზიდვის ხმა ყრუდ მოისმოდა.

აშთაში შესვლისთანავე მაკოროფალის ბორბლები მოკირწყლულ ქვაფენილებზე არაკრაკდა. სასახლეში შესასვლელი მუხისგან გამოთლილი კარი სტუმრებს ღია დახვდათ. შესასვლელი კიბის გვერდებზე ქვისგან გამოთლილი ლომების დახვეწილი ქანდაკებები აღმართულიყო, თითქოს დარაჯობდნენო.

სასახლიდან მსახური ეტლისკენ გაქანდა. საფეხურები სწრაფად ჩაირბინა, მაკოროფალთან მივიდა და კარი თავაზიანი მიხრა-მოხრით გამოაღო. სულჰანი პირველი გადმოვიდა, მას ოაში და ასტერონი მოჰყვნენ. სახლის მმართველი უფლისწულსა და თავადს გაუძღვა.

მუხის კარს მიღმა ვრცელი გითაცადებელი  რაინდების, წმინდანებისა და დარეთის მმართველთა ქანდაკებებით იყო გაწყობილი. შუაში მარმარილოს კიბე სადღესასწაულო დარბაზში მიემართებოდა, რომელიც შემაღლებაზე მდებარეობდა.

ვიდრე კიბეს აუყვებოდნენ, სულჰანი ასტერონს მიუბრუნდა და მორიდებული ხმით გააფრთხილა:
– თქვენო უდიდებულესობავ, დიდებულებს თქვენი პატივისცემის სურვილი ჰკლავთ, ყველას უნდა თავი გამოიჩინოს, – სასახლის მმართველმა ასტერონის სახეზე უკმაყოფილება ამოიკითხა და შეპარვით განაგრძო, – რას იზამთ, ყველას სიამოვნებს, როდესაც ტახტის მემკვიდრეს სიამოვნებს. ამიტომაც, თავადმა დაშელმა საგანგებოდ თქვენთვის დარული ცეკვის საღამო მოაწყო, რომელსაც საღამოთი შემოგთავაზებენ.
– ამბობენ, დარელი ქალები ცეკვისას ისეთი ნაზები და მოქნილები არიან, როგორც რბილი სიოს ქროლისას ლერწმის რტოო, – ოაშიმ მრავლისმეტყველად შენიშნა, მეგობარს თვალი ჩაუკრა და პასუხის მოლოდინში სულჰანს მიაშტერდა.
– მოსწრებულადაა ნათქვამი, თქვენო ბრწყინვალებავ, – სასახლის მმართველმა ოაშის ნაძალადევად გაუღიმა, – თუმცა ვგონებ თქვენით დარწმუნდებით, რაოდენ დიდებულია ცეკვა დარული.

სულჰანმა კიბისკენ მიუთითა და სამივენი სადღესასწაულო დარბაზისკენ დაიძრნენ. ოთხკუთხა დარბაზის ფართო ფანჯრებიდან და ფერადი მინებით გაწყობლი ლახურებიდან მთვარის მკრთალი ჭვირი იმზირებოდა, რომლის მარქვალა ორმწკრივად განლაგებულ დიდებულებს ესალმებოდა.

უფლისწული დარბაზში ჩასასვლელი ოცსაფეხურიანი კიბისკენ დაიძრა, რათა ტახტრევანთან მისულიყო. სულჰანმა შეაჩერა და მორიდებით, შეპარვით უთხრა:
– თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ, მამფონთა დავალებით, მე გიკარნახებთ რომელ დიდებულთან როგორ უნდა მოიქცეთ! – ბოლოში ხმა თითქოს გაუწყდა.
– ვერ მიგიხვდით! – მეფისწულმა მკაცრი სახითა და გაკვირვებული ხმით მიუგო.
− როგორ? − გაიკვირვა სულჰანმა, − დედოფლის წერილში ნათქვამია, რომ გასაგისის განსამტკიცებლად უფლისწული კალას ეწვევაო, − სახლმმართველი მეფისწულს დაბნეული მზერით უცქერდა.
– დედოფალს სამოყვრო დავალებით გამოუშვიხარ, მეგობარო! – ოაშიმ ჩაიფხუკუნა, ასტერონს მხარზე ხელი დაადო, თუმცა გაბრაზებულ მზერას რომ შეეგება, ღიმილი მოიშორა და შეეცადა, დამშვიდებული ხმით აეხსნა, – როგორც მივხვდი, ანა დედოფალმა, შენი მოგზაურობა ხელმწიფის გაძლიერებისთვის გამოიყენა. გარუთ-ჟაჰი შფოთავს და დედოფალი, როგორც ჩანს, ცდილობს, საერისთავოებსა და სამთავროებში მეფის ხელისუფლება გაამყაროს... ასე არ არის, სახლმმართველო?!
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, – კვერი დაუკრა სულჰანმა.
– გასაგებია, – ასტერონი სულჰანისკენ დაწყნარებული სახით მიბრუნდა და ისე წარმოთქვა, როგორც იმედგაცრუებული ადამიანი კამათს წყვეტს ხოლმე. შემდეგ მტკიცედ განაგრძო, – საჩუქრებს კიდევ უნდა ველოდო, თუ სულ ეს იყო, – ასტერონს საკუთარ გულუბრყვილობაზე გაეღიმა, რადგან დედას ენდო, – რამე მელის კიდევ?

უარყოფის ნიშნად სახლმმართველმა თავი გაიქნია და ხელით კიბისკენ ანიშნა.

აჩარელი ასტერონს წარჩინებულებით შექმნილი ტალანის გავლისას არიგებდა,  ვისთვის მკლავი უნდა ჩამოერთმია  და ვისთვის სიტყვა ეთქვა. უფლისწული ტახტრევანთან ძლივს მიჩანჩალდა. მეფისწულს ლაპარაკისაგან ყელი გაუშრა, მკლავის ჩამორთმევისაგან კი მაჯა სტკიოდა. ტახტრევანთან მისული ხის დასაჯდომს ისე დაენარცხა, რომ დუნდულები ეტკინა. იქვე დარეთის ყველაზე გავლენიანი თავადი ელოდებოდა, რომელიც თასბოშს გვერდით ამოუდგა. თავადს სახეზე ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა, სამეფო სტუმარს საუბარს როდის გაუმართავდა.

ასტერონმა დარბაზი კვლავ შეათვალიერა; სვეტებიდან, მაღლა, როგორც გითაცადებელში, დარიელთა გასაგისის წარჩინებული, ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლების კუხისებრი  გამოსახულებები და მცირე ზომის ქანდაკებები იმზირებოდნენ. ასტერონის ყურადღება მარცხენა დედაბოძზე ამოკვეთილმა გველეშაპმა და მისმა მხედარმა მიიპყრო. სასახლის მმართველს უხმო და მნიშვნელობა ჰკითხა.

– თქვენო უდიდებულესობავ, ეს კუხ-ტვიფრულები უძველეს ლათაიებს გადმოგვცემენ, თრაჟალონების შესახებ გვიყვებიან.
– კეთილი, – უფლისწულმა დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა, ცქვირინისეული მზერა სახლმმართველს მიაპყრო და ჩურჩულით უთხრა, – მოგვიანებით დაწვრილებით მომიყევი ამათ შესახებ, – ხელით დედაბოძისკენ მიუთითა, – დღეს ამის დრო არ გვექნება, როგორც ვხედავ, – მის გვერდით მდგარ დიდებულისკენ წამუყო.
– მართალს ბრძანებთ, თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ, – სულჰანმა კვერი დაუკრა, – დღეს დედოფლის დავალება უნდა აღვასრულოთ, – მორიდებით ჩაიღიმა და ხმამაღლა განაგრძო, – ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ დარეთის მთავარი გვარის წარმომადგენელი, არგოტ დაშელი, – მარჯვენა ხელით მიუთითა ასტერონის გვერდით მდგომ კაცისკენ.

თავადმა თავკერძა ღიმილით უფლისწულს თავი დაუკრა. ასტერონმა გაღიმება სცადა, ტუჩის კიდეები ოდნავ შეარხია და თავი მცირედით დახარა.

– თქვენო უდიდებულესობავ, – სულჰანმა განაგრძო, – თავად არგოტს თქვენთვის საჩუქარი აქვს, სურს, წარმოგიდგინოთ დარეთის ულამაზესი ცეკვა...
– მშვენიერია, – უფლისწულმა მსახურს სიტყვა გააწყვეტინა, – თვალს წყალი დავალევინოთ!
– როგორც მიბრძანებთ, თქვენო უდიდებულესობავ, – ბოხი, ომახიანი ხმითა და ღიმილიანი სახით, რომელსაც კმაყოფილების ელფერი ტალღებივით დაჰკრავდა, არგოტმა უფლისწულს მხიარულად უპასუხა, ნაბიჯი წინ წარსდგა და ტაში შემოჰკრა.

მთელი დარბაზი გაისუსა. შეკრებილებმა კიდეებისკენ გადაინაცვლეს და საცეკვაოდ სივრცე გაათავისუფლეს.

ასტერონმა სტუმრებს თვალი გადაავლო, ოაშის ეძებდა, რომელიც კუთხეში ვიღაც ახალგაზრდა გოგოს ებაასებოდა. თავადი ცალი ხელით კედელს ეყრდნობოდა და ქალისკენ გადაზნექილიყო, ქალი უღიმოდა, ეარშიყებოდა და ეტყობოდა, რომ ჩრდილოელი დიდგვაროვნის ყურადღება სიამოვნებად. ოაშის მოზღვავებული ვნება საკრავების გრიგალმა და ამოხეთქილმა ჰანგებმა დააოკა.

ვიდრე მოცეკვავეები გამოვიდოდნენ, აჩქარებული ნაღვლიანი ჰანგები აჟღერდა. საოცარი ბირა, რომელიც დაწყებისას ნელა, ძილივით შემოგეპარება და ფიქრებში გისტუმრებს, სასახლის მთავარი დარბაზის თითოეულ კუთხეს დაეუფლა. მისი მოსმენისას გინდა თვალები დახუჭო და განსჯას მიეცე, დაფიქრდე, თუმცა ვერ ხვდები, ანდა საკუთარ თავს არ უტყდები, რომ ფიქრთა ბანდილი მხოლოდ წარმოსახვაა, სინამდვილეში სხვადასხვა სიმებიანი და დასარტყამი საკრავების ერთიანი, მდინარისებრ ერთარსად ქცეული მომნუსხველი ხმაური  გატყვევებს.

ყველაფერი თითქოს წამებში მოხდა, უფლისწულმა ვერც კი გაიაზრა, ფარდაგებს ამოფარებული არწივებივით მოცეკვავეები საცეკვაო მოედანზე რა ხანს შემოიჭრნენ.

კაცებს შავ დარულ ტანსაცმელზე იასამნისფერი ნაჭრის ქამარი შემოეკრათ, შიგნით კი იასამნისფერივე ელეგი ემოსათ. ფეხზე შავი, ტყავის ბრტყელძირიანი წაღები ეცვათ. ფეხსაცმელი იმდენად მსუბუქი იყო, რომ არწივნი ძალისხმევას მხოლოდ ილეთების შესრულებისთვის მიმართავდნენ. თითქოს სანადიროდ შემართულნი ჰაერში დალივლივებდნენ; ერთმანეთის ტალად ქცეულნი, ჰაეროვნად დარბოდნენ: ჯერ სამ რიგად სწორ ხაზზე ორ ნაწილად დაეწყვნენ – ერთნი დარბაზის ერთ მხარეს, მეორენი – მეორე მხარეს. ისე ტრიალებდნენ, როგორც არწივნი და ქორ-შევარდენნი დასტრიალებენ მსხვერპლს; შემდეგ ფრთები ფართოდ გაშალეს და მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით დაიწყეს – თითქოსდა ერთურთს ხელი არ შევუშალოთო, საპირისპირო მიმართულებით გაიარ-გამოიარეს და ისევ ჩვეულ მწყობრს დაუბრუნდნენ. ბოლოს მოძრაობა წრიულად დაიწყეს და ერთადერთის მოლოდინში ორ რიგად გაიყვნენ ისე, რომ იმ მახრეს, საიდანაც მოცეკვავე უნდა შემოსულიყო, ერთმანეთთან უფრო ახლოს დადგნენ, უფლისწულისა და მთავართა მხარეს კი შედარებით გაშლილად.

ქალიც შემოვიდა. ხასხასა მწვანე, ჰაეროვანი კაბა ემოსა. კაბის შიგნით მწვანე, ფეხის ტოტების ძირებში შავ არშიაზე ოქრომკედით ნაქარგი მცენარეული, სახეებიანი შეიდიში ეცვა. წელზე ოქროსფერი სარტყელი შემოეკრა. წელში გამოყვანილი ზედატანი ღრმად ჩახსნილი ჰქონდა. ფეხს ოქროს სირფიფებით შემკული ტყავის, ქუსლებიანი ფეხსაცმელი ამშვენებდა. ოქრომკედით ნაქარგი თავსაკრავი, გვირგვინისებურ, მსუბუქ ქუდზე ეკეთა, რომელიც თავზე მწვანე ფერისვე ჩიქილას ამაგრებდა.

შავთმიანი, მკერდზე ნაწნავებგადმოყრილი ქალი ნაზი იყო და, ამავდროულად, მრისხანეც; სახეზე მაცდუნებელი ღიმილი დასთამაშებდა. ბირას მუგვობა თანდათან დაეცა და აუჩქარებელი ნაღვლიანი ჰანგები თავდაპირველს ენაცვლებოდა.

უფლისწული ქალის დანახვისას ტახტრევანზე გასწორდა. თითქოს ახალი ძალაშინი მიეცაო, ჰაეროვან და ლერწამივით მოქნილ მოცეკვავის როკვას ცქვირინისეული მზერით უცქერდა. უცნაური რამ იგრძნო, თითქოს ამოუცნობი ძალა ქალისკენ იზიდავდა – უცებ მოუნდა ფეხზე წამომდგარიყო და მასთან ერთად ფერხულში ჩაბმულიყო, მაგრამ იცოდა, რომ ეს უხერხული და დაუფიქრებელი ნაბიჯი იქნებოდა და თავი შეიკავა. ასტერონი იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო, თავი მარჯვენა მუშტზე ჩამოდო და ჯეირანივით მორბენალ ქალს დაუცხრომელი მზერით მიაჩერდა.

როგორც ჯიხვები სალ კლდეებზე უშიშრად დახტიან  და ღრმა უფსკრულს არ ეპუებიან, ქალიც ამგვარად ტრიალებდა და არწივდარაჯებს მკაცრი გამომეტყველებით თვალებს უჟუჟუნებდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ჯეირანი ყელსაბამის მშვენიერი, ძვირფასი ქვა ყოფილიყოს –  ყველაფერს იპყრობს და მთელი ყურადღებაც მასზეა. არწივთა, ქორ-შევარდენთა ძლიერება მისი სილამაზისა და მოქნილობის ქვეშ ფერმკრთალდება.
ასტერონი მოცეკვავის სილამაზემ მოხიბლა; ქალის მშვენიერი სახე როკვას ერწყმოდა და დიდებულ სანახაობას ქმნიდა. უფლისწული, თითქოს დაბრმავდაო, თავი მუშტიდან აღმართა და ისევ ტახტრევნის საზურგეს მიეყრდნო, მისთვის სივრცე ირგვლივ გაფერმკრთალდა, მწვანე ტანსაცმელში გამოწყობილი მოცეკვავის გარდა ვერავის ამჩნევდა. თითქოს დარბაზში აგიზგიზებული სანათები საწყისმა მუბვირ-ფაქრავანმა შთანთქა და ჯადოსნურ ნათებას, როგორც პირველწყარო, მხოლოდ ქალი ასხივებდა. როგორც ღამის წყვდიადში ჩაფლულ გემს გზას შუქურა უკვლევს და შორიდან მხოლოდ ის მოჩანს, უკუნეთით შემოსილ ოთახში ასტერონიც მხოლოდ ქალს ხედავდა.

ქალი ალმაცერად იღიმებოდა. უფლისწულივით გამიჯნურებული დარაჯნი უკან ფარად დაუდგნენ და თვალისჩინს იცავდნენ, თუმცა ჯეირანი, თითქოს თავისუფალი, ირგვლივ ვერავის ამჩნევსო, დედოფალივით ცეკვავდა და მთელი სამყაროც მას ეკუთვნოდა; მოახლოებულ არწივ-მოცეკვავეს მკაცრად დაუხვდებოდა, განშორებულს ეარშიყებოდა და მისკენ იხმობდა, იზიდავდა, შორიდან ელაციცებოდა. აღტყინებული არწივნი შემოეხვივნენ. ქალიც, ყველას ყურადღებით განებივრებული ცეკვას აგრძელებდა: წელში იხრებოდა, მაღლა ხტებოდა და ფეხებს ჰაერში კოხტათ იქნევდა. საკუთარი მიხვრა-მოხვრით ყველას ეუბნებოდა, მე ჩემთვის და თქვენ თქვენთვისო.

იმედგაცრუებული არწივებიც გაიფანტნენ. მოცეკვავე კი როკვას განაგრძობდა. ახლა უფრო მეტად გახარებული, მეტად აღგზნებული მამრთა ყურადღებას იტაცებდა, მისკენ მოიხმობდა და მიახლოებულთ ხელს ჰკრავდა: ჯერ მარცხნივ გაიჭრა, მერე მარჯვნივ. ისინიც შორიდან ცქერით ტკბებოდნენ და აღარ ეკარებოდნენ, მაგრამ ჯეირანი, რომელიც თითქოს მათგან თავს შორს იჭერსო, მათვე იწვევდა, მაცდუნებლად უმზერდა, ახლოს მოსულებს ეუბნებოდა მომშორდითო და მოშორებით მყოფი არწივების ცდუნებას ლამობდა. ქალმა წრე მისით გამიჯნურებულ არწივებს უკანასკნელად შემოურბინა და დასასრულს, არწივთა მთელი ერთობა მის ფერხთით დაეგო. ბირაც შეწყდა.

დარბაზი მქუხარე ტაშმა გააბრუა. უფლისწულს კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა და ხელის მტევნებს ერთმანეთს მთელი ძალით სცემდა.

– ნამდვილად ღვთაებრივია, – ოცობოდებიდან ასტერონი ოაშიმ გამოარკვია, – ჰაერზე მსუბუქად დალივლივებს და დუმილზე ჩუმად მოძრაობს, – შენიშნა თავადმა, რომელიც მეგობარს მრავლისმეტყველად უცქერდა.

უფლისწულმა ოაშისკენ გაიხედა; როდის მისულიყო ვერ გაეგო, მაგრამ მეგობარი გვერდით ედგა, ტახტრევანთან თავი დაეხარა და მეფისწულს ეჩურჩულებოდა.

– შენს თვალებში ჟინს ვხედავ, მეგობარო, ასეა არა?! – ჩუმად ჩაიცინა, – ის ქალი გინდა! – ოაშიმ მტკიცე ხმითა და გაღიმებული სახით დაასრულა და წელში გაიმართა.
– ასეა, – დაუდასტურა უფლისწულმა, – შენ ჩემი სულის მჩხიბავი ხარ, – მეგობარს სევდიანი მზერით ახედა, – სამწუხაროდ, იქრისში მომავალი დედოფალი მელოდება, რომელსაც მამფონობა ჩემს ცოლობაზე მეტად უნდა, – ასტერონმა თავი გააქნია.
– ეჰ, მეგობარო, – ოაშიმ დამწუხრებული ხმით დაიწყო, – არავინ გთხოვს, ცოლად მოიყვანო ეს ქალი, – თავადმა დარბაზიდან გამავალ მოცეკვავისკენ თავი გაიქნია, – სასახლეში მოიწვიე, დატკბი მისი ცქერით. როგორც მითხრა იმ მშვენიერმა სუამამსვალდმა მითხრა, ეს ყველა მოცეკვავე თავადი დაშელის მამულში მუშაობს, – თავი ასტერონის ყურთან ახლოს მიიტან, ვითომ ჩუმად უნდოდა ეთქვა, რათა უფლისწულის გვერდით მდგარ არგოტს არ გაეგონა, სინამდვილეში, ხმამაღლა განგებ წარმოთქვა.
– თუ ნებას მომცემთ, თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ, – თავადის პასუხმაც არ დააყოვნა, – მოცეკვავეები მართლაც ჩემთან მუშაობენ, ის ქალი ჩემი მოკრძალებული სასახლის მოახლეა, – ისე წარმოთქვა თავმდაბლობის წარმოჩენა უნდოდა, რაც თავადს უნიჭოდ გამოუვიდა, − თუ გნებავთ ხვალვე გამოვუშვებ თქვენთან!

ასტერონს სიხარულისგან გული აუძგერდა, სისხლმა ძარღვებში სწრაფად იწყო დენა, თვალები აუბრიალდა; დაივიწყა არგოტის ამპარტავნული ხმა, რომელიც უფლისწულს სასტიკად აღიზიანებდა.

უფლისწული თავადისკენ გადაიხარა და ჰკითხა:
– თავადო არგოტ, როგორც ვიცი, თქვენ საქმე გაქვთ ჩემთან, ასეა არა?
– დიახ, თქვენო უდიდებულესობავ! – თავადმა დაუდასტურა და სიხარულის ღიმი მოეფინა.
– კეთილი, თქვენო ბრწყინვალებავ, თქვენს მოკრძალებულ სასახლეში ხვალვე გესტუმრებით და ვისაუბროთ, – მეფისწულს ლივზინეური ხმაჟღერადობა ჰქონდა.

უფლისწულმა არგოტს ახედა, რომელის სახიდან ღიმილი გაზაფხულის თოვლივით გამქრალიყო. ასტერონმა, რათა არგოტის მხრიდან უკმაყოფილება თავიდან აერიდებინა, თავადს სიტყვის თქმა არ აცალა და სწრაფად განუმარტა:
– დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდით თქვენთან დღესვე, რაც, დარწმუნებული ვარ, მეტად მნიშვნელოვანია, თუმცაღა მგზავრობამ მე და ჩემი თანამგზავრი, – ასტერონმა ოაშისკენ გააყოლა თვალი, – ძალიან დაგვღალა და მოსვენება არ გვაწყენდა. თანაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი საღამოსთვის, რასაც დღეს ჯეროვნად ვერ მოვახერხებ.
– როგორც ინებებთ, თქვენო უდიდებულესობავ, – არგოტს მშვიდი და ნასიამოვნები ხმა ჰქონდა, როგორც ჩანს, ასტერონის დანაპირებმა, მადლობის სათანადოდ გადახდამ, კმაყოფილების გრძნობით აღავსო, – თქვენს სტუმრობას მოუთმენლად ველი, თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ, ჩემი მეუღლეც და შვილებიც დიდი სიამოვნებით გაგიწევენ მასპინძლობას.
– მშვენიერია, – ასტერონმა ფართოდ გაიღიმა, ხვალ საღამოსთვის მოვალ თქვენთან, თუ დილით გირჩევნიათ?
– ვახშმად გვეწვიეთ, თქვენო უდიდებულესობავ, რათა თქვენი საკადრისი მასპინძლობა გავწიოთ.

ასტერონს არ ეხამუშებოდა თავადისგან მისდამი ზედმეტი პატივისცემის გამოჩენამ, უფლისწულმა იცოდა, არავინ არაფერს გააკეთებს, თუ სარგებელს არ ელოდება, თუმცა ცდილობდა, გრძნობათა გამომჟღავნებისგან თავი შეეკავებინა და დედის გეგმას მიჰყოლოდა.

– ძალიან კარგი, თავადო არგოტ, ხვალვე გეწვევით, თანაც ჩემს თანამგზავრს ვიახლებ!
– როგორც თქვენ ინებებთ, თქვენო უდიდებულესობავ! – არგოტმა ღიმილით თავი დაუკრა.
– ახლა კი დაგემშვიდობებით, – ასტერონი წამოიმართა და თავადს ხელი გაუწოდა.

არგოტიც დაემშვიდობა და მკლავი ჩამოართვა.

უფლისწულმა სულჰანს მიანიშნა, რომ მეჯლისი დაესრულებინა. სახლმმართველმა კვერთხი იატაკს სამჯერ დაჰკრა. დარბაზი გაისუსა. აჩარელმა მაღალი და ბოხი ხმაჟღერადობით საყოველთაოდ განაცხადა, რომ უფლისწული მოსასვენებლად მიდიოდა.
ასტერონი გასასვლელისკენ დაიძრა და სულჰანს მიანიშნა, თან გაჰყოლოდა, რათა საძინებლისაკენ გზა ეჩვენებინა.


                                                                                                                              ***

*მეხიობე (ხიობა მეგრ. ამაღლებული მუსიკა, აქ. მუსიკა) − მუსიკოსი.
*მჟღერშვიმი (ქართ-სვან. შუიმ - სიმღერის სახე) − აქ. მაჟორული მუსიკა (საპირისპირო ყრუშვიმი).
*კვირსობა − აქ. გრაციოზულობა.

შებინდებისას დარიელთა სამეფო სასახლიდან უფლისწულის მაკოროფალმა გეზი თავადის სასახლისკენ აიღო. ეტლი გზას მთაზე შეკიდულ ჭიაყელასავით დახვეულ და მდინარესავით დაკლაკნილ ქვაფენილებზე მიიკვლევდა.

უსწორმასწორო კალას ქუჩები სართავი ძაფებივით ერთმანეთში გადახლართულიყო; ფართო და განიერ გზებს ვიწრო შუკები ერთვოდა, რომელიც ბანდილში დაკარგულივით დაგაბნევდა. რაც უფრო ზღვისკენ იშლებოდა ქალაქი, ქუჩებიც მით უფრო ხშირდებოდა, სიმაღლისკენ კი მცირდებოდა. ეს ბუნებრივიც იყო, გორაკებზე დიდგვაროვანთა სასახლეები აღმართულიყო, ზღვასთან ახლოს კი ვაჭართა სახლები მდებარეობდა. ნაპირისგან მოშორებით სამსართულიანი შენობები, ხის დარაბებითა და კრამიტის სახურავებით, ერთმანეთთან მიჯრით ისე აეგოთ,  რომ მათ შორის ორი ადამიანი გაჭირვებით თუ აუქცევდა გვერდს. ამ სახლებში მოახლეები, ღარიბები და ხელოსნები ცხოვრობდნენ.

გორაკებზე შეფენილი მდიდრული და ბაღნარით გარშემორტყმული, დიდი აშთითა და კარიბჭით დაცული წარჩინებულთა სასახლეები ქალაქს ბატონებივით, ზემოდან გადმოცქეროდნენ. დარიელთა ერთ დროს მთავარმა ქალაქმა ასტერონს იმედები გაუცრუა – ზედმეტად ხალხმრავალი და აბურდული ეჩვენა, არ მოელოდა, რომ დედაქალაქივით აწეწილი იქნებოდა.

არგოტის სასახლეს გარს გალავანი ეკრა, რომელსაც სამეთვალყურეო კოშკურები ტალად დასდგომოდა. ციხე-სიმაგრეს გარს თხრილი შემოჰხვეოდა. დაკიდული ხიდი შესასვლელ კარიბჭესა და მისასვლელ გზას შორის ერთადერთ კავშირს წარმოადგენდა. კოშკებიანი სასახლის უკან კი კლდე ამაყად, მკერდმოღერებული წამომართულიყო, რომლის დალაშქვრაც საჩოთირო საქმე იქნებოდა.

უფლისწულს თავადის ამდაგვარი სიფრთხილე ეუცხოვა, მაგრამ იცოდა, ვერაფერს ეტყოდა, თავი უნდა მოეკატუნებინა და დედოფლის გეგმა, რომლის შესახებაც ჩამოსვლამდე არაფერი იცოდა, ბოლომდე შეესრულებინა; ასტერონს ბრაზი ახრჩობდა, ფიქრობდა დასვენებისთვის ჩამოვიდა, კალაში კი სახელმწიფეო ბრძანებულებები დახვდა და თვითონ კი იძულებული იყო, დინებას მიჰყოლოდა.

ბინდისთვის ჩვეულ სიბნელეს აშთაში აღაჟღაჟებული ლამპრები ფანტავდა. ეზოში თავადი, თავადისცოლი და თავადიშვილები ასტერონის მოსვლას ელოდებოდნენ. უფლისწილი მიხვდა, არგოტი სამეთვალყურეო კოშკურებს რისთვისაც იყენებდა; მის მისვლამდე მასპინძელს მთელი ჯალაბობა მეფური დახვედრისთვის გარეთ გამოეყვანა.

მაკოროფალი კიბეებთან გაჩერდა. მეეტლე სხარტად ჩამოქვეითდა და საუფლისწულო ეტლის კარი გააღო. პირველი ასტერონი გადმოვიდა, შემდეგ ოაში, ხოლო მას სულჰანი მოჰყვა. თასბოში მასპინძელთან მივიდა და მკლავი გაუწოდა.

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თქვენო უდიდებულესობავ! – არგოტმა სტუმარს მკლავი ჩამოართვა, – ნება მიბოძეთ, ჩემი მეუღლე, ლია და ჩემი შვილები, ანნა და გიორგი წარმოგიდგინოთ, – თავადმა ოჯახის წევრებისკენ ხელი სიამაყით გაიშვირა.

მასპინძლებმა მცირედით ჩაიმუხლეს და უფლისწულს მიესალმნენ.

– ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა, თქვენო ბრწყინვალებავ, – ასტერონმა ღიმილიანი სახით მადლობა გადაუხადა, – როგორც ვატყობ, კალაში მზე ცაკაბადონს გვიან ეფარება, – უფლისწულმა შებინდებულ ცას ახედა, – ვფიქრობ, მშვენიერ ზამთარს გავატარებ. – არგოტს კმაყოფილი მიაცქერდა და ელოდა, როდის შეიპატიჟებდა.
– ნამდვილად, თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ, კალაში მუდამ თბილა, – კვერი დაუკრა თავადმა, – გთხოვთ მობრძანდეთ და ვახშამზე დაგვეწვიოთ! – არგოტი გვერდით გაიწია და სასახლის შესასვლელისკენ ხელით მიანიშნა.
− თქვენი ნებართვით! − ასტერონმა გაიღიმა და მასპინძელს, ადათისამებრ, ხელით ანიშნა, რომ წინ გაძღოლოდა.

აშთაში ზღვის ხრიალი ისე ისმოდა, თითქოს ნაპირთან ყოფილიყვნენ. მთვარეს საკუთარი ადგილი ცის კალთაზე ჯერ არ დაუჭერია, ვარსკვლავები კი ნელ-ნელა მოციმციმე ციცინათელებივით ჩნდებოდნენ და ლურჯად შეფერადებულ ღამის საბურველზე ალასავით იწინწკლებოდნენ.

სასახლის გითაცადებელი მდიდრულად გამოიყურებოდა: მარმარილოს კიბის მოაჯირებს მოოქროვილი ბირკვილი და წითელი ხის სახელურები ამშვენებდა; მაღალ სვეტებზე კუხისებრი ქანდაკებები სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებს ასახავდა – რამაც უფლისწულის ყურადღება უმალვე მიიპყრო; ოქროს შანდლები სინათლის სხივებს ირეკლავდა, მეტად კაშკაშებდა და ბრჭყვიალებდა, ირგვლივ კი ყველაფერს ბზინვარე ელფერს სძენდა – ოქროსფერი ათინათი კედლებზე ფერხულს როკავდა და ტალღებივით დალივლივებდა.

მასპინძელმა სტუმრები სავახშმოდ ოთახში მიიწვია. სუფრა მდიდრულად გაეწყოთ: უნაკლო იყო, ეტყობოდა, რომ თავად არგოტს არაფერი დაუშურებია, რათა უფლისწულისთვის თავი მოეწონებინა. მაგიდაზე ოქროს შანდლებში სქელი სანთლები იღვენთებოდა. შემწვარი საქონლისა და ქათმის ხორცს მადისაღმძვრელი სურნელი ასდიოდა. წუნეუშქურის, წითელი და თეთრი ღვინის კულები გვერდიგვერდ ელაგა.

არგოტმა თრაგოს მორიდებულად ანიშნა, რომ დაბრძანებულიყო.  უფლისწულმა თავადს მადლობა თავაზიანად გადაუხადა და მაგიდას მიუჯდა. წესისამებრ, ყველა თასბოშს დაელოდა, როდის დაჯდებოდა და სუფრას შემდეგ შემოუსხდნენ.

თავადმა მაგიდიდან მოშორებით მდგომ მსახურებს ანიშნა, მათ მომსახურებოდნენ. მსუბუქ და მოხდენილ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონები უმალ დაფაცურდნენ: ჯერ ღვინო ჩამოასხეს, შემდეგ სტუმრებს ხორცეული გადმოუღეს და საკუთარ ალაგს მიუბრუნდნენ.

ღია ფანჯრებიდან საღამოს სიო იპარებოდა და ვახშამს უფრო სასიამოვნოს ხდიდა. შანდლებში მოგიზგიზე სანთლის ალები მცირედ დაქროლებაზეც კი აცეკვდებოდნენ. მსახურთა ლაჟვარდისფერი, წენგოსფერი და შუადღის ცისფერი ჰაეროვანი კაბები კი ნეკრტენივით ფრიალებდა.

− ძალიან ლამაზი სასახლე გაქვთ, თავადო! − ოაშიმ თავაზიანად წარმოთქვა და წითელი ღვინით სავსე სამწდეური ტუჩებთან ნაზად მიიტანა, თან ანნას გამჭოლი მზერით უცქერდა.
− მადლობა, თქვენო ბრწყინვალებავ, − თავაზიანადვე უპასუხა არგოტმა, თუმცა ოაშის ქალიშვილისადმი არშიყობა შეუმჩნეველი არ დარჩენია.
− მართლაც მშვენიერი სასახლეა, − ასტერონი დაეთანხმა მეგობრის შეფასებას, − როგორ ფიქრობთ, თავადო, მამაჩემის სასახლეა უკეთესი თუ თქვენი? − უფლისწულს გაეღიმა, რადგან ხვდებოდა, არგოტი რა პასუხსაც გასცემდა.
− თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ, − თავადმა ასტერონს ალმაცერად გახედა, − ყოფილ სამეფო სასახლეს ძველი დიდება აქვს, ხოლო ჩემსას − ახალი.

არგოტის პასუხს უფლისწული არ მოელოდა, ჩაფიქრდა. ყველამ მას შეხედა. ელოდნენ, რას იტყოდა. ასტერონს სიამოვნების ღიმი გამოესახა, ფეხზე წამოდგა და თავადს მიმართა:
− თქვენ ის იშვიათი ადამიანთაგანი ბრძანდებით, თავადო არგოტ, რომელთანაც საუბარი სიამოვნებას მომანიჭებს, − თასბოშმა ჭიქა მაღლა შემართა და სადღეგრძელოს სათქმელად მოემზადა.

ყველამ მას მიბაძა, წამოიმართნენ და ჭიქები აღმართეს.

− ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს თავადო! − მჭექარე ხმით წარმოთქვა ასტერონმა, − ვფიქრობ, ნაყოფიერი ურთიერთობა გვექნება, − უფლისწულმა ჭიქა ბოლომდე დაცალა და დაჯდა.

შეკრებილებმა სადღეგრძელო დალიეს და დასხდნენ.

− მადლობა, თქვენო უდიდებულესობავ, ვიმედოვნებ, ჩვენს ურთიერთობას ზეცა დალოცავს! − ნასიამოვნები სახით თქვა არგოტმა.
− ვფიქრობ, ზეციერთ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ, ვიდრე ჩვენს ურთიერთობას ადევნონ თვალი, − ლივზინეურად თქვა ასტერონმა.

უფლისწულის სიტყვებს სიჩუმე მოჰყვა. დაშელები თეფშებს ჩააცქერდნენ, არ სურდათ, ასტერონისთვის გაკვირვებული მზერით ეცქირათ. თასბოშს მხოლოდ გიორგი დაშელი უყურებდა, რომლის თვალებში ცნობისმოყვარეობის ნაპერწკალი ელვარებდა.

− ბოდიშს გიხდით, თავადო, − ასტერონმა გააცნობიერა, რომ ეს შესაძლოა უხეშობად აღქმულიყო, − თქვენი წყენინება არ მიფიქრია, უბრალოდ ვთვლი, რომ ღმერთების ჩარევა ორი ადამიანის ურთიერთობაში თვით-ამ ურთიერთობას დაასამარებს.
− ცქვირინისეულია, − გიორგი საუბარში მოულოდნელად ჩაერთო, რომელსაც გაკვირვებული ხმაჟღერადობა ჰქონდა, − თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ, არ თვლით, რომ ადამიანთა ბედი წინასწარ, ზეციერთა მიერაა განსაზღვრული?
− გიორგი, − არგოტი შვილისკენ გაბრაზებული გამოხედვით შეტრიალდა და  შვილს გაჩერება სცადა, − იყუჩე! − თავადს მკაცრი ხმა ჰქონდა.
− არა, − გიორგის ასტერონი გამოესარჩლა და არგოტს მიმართა, − მიხარია მსგავსი საუბრები, თქვენო ბრწყინვალებავ, ნებას თუ დაგვრთავთ, გავაგრძელებთ, − ასტერონს ღვინის დარანა მოეკიდა, თუმცა ჯერ საღად აზროვნებდა.
− როგორც გენებოთ, თქვენო აღმატებულებავ! − არგოტმა გაღიმება სცადა.
− კეთილი, − მადლიერების გამომხატველი მზერით ასტერონმა მასპინძელს მადლობა გადაუხადა და გიორგის მიუბრუნდა, − თავადიშვილო, არ ვთვლი, რომ ღმერთების ხელი ადამიანთა ბედისწერაში, მათ მოქმედებაში საერთოდ ერიოს. თუ მათთვის ჩვენ სათამაშო თოჯინები ვართ, მაშინ ჩვენს სიცოცხლეს აზრი ეკარგება, ხოლო მე არ მსურს, მყარმიწაზე ჩემთვის გამოყოფილი დრო უაზრო ცხოვრებით გავატარო.

ასტერონმა შეამჩნია, რომ გიორგი ცქვირინისეული მზერით უცქერდი, სახეზე საუბრის გაგრძელების წადილი აღბეჭდვოდა, თუმცა მამის ეშინოდა და პასუხს ვერ სცემდა. ამიტომ გადაწყვიტა, თავადიშვილი თვითონ გაემხნევებინა და გამბედაობა შეემატებინა.

− თუ არ მეთანხმებით, − უფლისწულმა გიორგის გაუღიმ, − შეგიძლიათ თავისუფლად ისაუბროთ, − შემდეგ არგოტს მიუბრუნდა და თინჩი გამოხედვით ჰკითხა, − ასეა, არა თავადო?!

მასპინძელს უფლისწულის განაწყენება არ სურდა, ასტერონს ნაძალადევი ღიმილიანი სახით თავი მდაბლად დაუკრა და შვილს ლმობიერი ხმაჟღერადობით უთხრა, გაეგრძელებინა.

− მაშ ჩემს სათქმელს ღიად ვიტყვი, თქვენო უდიდებულესობავ, − გიორგიმ თამამად დაიწყო, − ვფიქრობ, ღმერთები ცაში საკუთარ თამაშს ეწევიან, ხმელეთზე კი ადამიანები მათ ჩანაფიქრს აღვასრულებთ. ისინი გეგმავენ, ჩვენ ვაშენებთ, ჩვენ ვბჭობთ, ისინი ლაგაცურად შემოგვცქერიან. ყველა და ყოველი მათი მიზნების აღსასრულებელი იარაღები ვართ. ღმერთების მიერ დაგრეხილ ჯაჭვში ჩვენ მხოლოდ რგოლები ვართ, ერთად კი იმ ხუნდებს ვინარჩუნებთ, რომელიც დაბადებიდან ბედისწერის სახით გვადევს.
− ბედისწერის? − ჩაეღიმა ასტერონს, − საკუთარ ბედისწერასა და რჩეულობაზე ბაბუაჩემი საუბრობდა, როდესაც ვერიოსთან მორიგი ომი წამოიწყო, თუმცა დღეს ჟაჰის სამთავროშია და დედაქალაქში ვერც ჩამოდის. ასე, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ მასთან.
− მართალი ბრძანდებით, თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ, − თავი დაუკრა გიორგიმ, − ღმერთების ნებას ჩვენ არასწორად აღვიქვამთ.
− თქვენ თვლით, რომ მხოლოდ ღმერთების ნება გვაცოცხლებს? მაშინ ადამიანთ თავისუფალი ნება არ გვქონია? − გაიკვირვა ასტერონმა, − ნუთუ ესეც ფირცქევილია, არ არსებული და ადამიანთა მიერ შეთხზულია?
− თავისუფალი ნება? − გიორგის ჩაეღიმა, − ის მოგონილია, ჩვენი თვალის ასახვევად შეთხზული ტყუილი, თითქოს რაიმეს გადაწყვეტის შესაძლებლობა, არჩევანის გაკეთების საშუალება გვქონოდეს, სინამდვილეში დაბადებიდანვე ყველაფერი განსაზღვრულია და არჩევანსაც იმ გეგმის მიხედვით ვაკეთებთ, რაც თავიდანვე შუბლზე გვაწერია.
− ეგ როგორ? − საუბარში ოაში ჩაერთო, რომელიც ასტერონისა და გიორგის საუბარს გულისყურით უსმენდა.
− მარტივად, − გიორგი ოაშისკენ შებრუნდა, − მაგალითად, დაბადებისას სახელს მშობლები გვარქმევენ, ვიზრდებით ამ სახელით და სიკვდილამდე მიგვყვება. მეუღლეებსაც მშობლები შეგვირჩევენ და ცხოვრების ბოლომდე მათ გვერდით დავრჩებით. მომავალს მამები გვიგეგმავენ და ჩვენც მათი გეგმის ნაწილი ვართ. ასე ხდება დაუსრულებლად, ვბრუნავთ ერთსა და იმავე წრეზე: ვიზრდებით, მშობლების შერჩეულ მეუღლეებზე ვქორწინდებით, შემდეგ შვილები გვიჩნდება და მათაც ისევე ვექცევით, როგორც ჩვენ გვექცეოდნენ.
− მერედა აქ ღმერთებს რა წილი უდევთ, − ჰკითხა ოაშიმ და წუნეუშქური მოსვა.
− შევეცდები აგიხსნათ, − გიორგიმ ჩაისუნთქა, − ვიცით, რომ ჩვენ ღმერთებმა შეგვქმნეს მათ მსგავსად და სახიერად; ნებისმიერი ჩვენი ქცევა, მათსას ჰგავს, სხვაგვარად შეუძლებელია, რადგან გონი მათმიერი გვაქვს. თუ ამაზე შევთანხმდით, მაშინ დამეთანხმებით, რომ ღმერთები მთელი კაცობრიობის მშობლები არიან, შესაბამისად, შეუძლებელია ჩვენ ვიქცეოდეთ მათგან განსხვავებულად, და თუ არ ვიქცევით მათგან განსხვავებულად, არამედ ვაკეთებთ იმას, რასაც ღმერთები აკეთებენ, მაშინ თუ ჩვენი მშობლები ჩვენსავე ცხოვრებას გვიგეგმავენ და განაგებენ, მაშინ ღმერთებიც ასევე იქცევიან.
− ცქვირინისეული მსჯელობაა, − ასტერონის ხმაჟღერადობაში მოწონების ბგერები იკვეთებოდა, − მაშინ მითხარი, რა საჭიროა მეფენი, თუ ზეციერნი მშობლებივით გვექცევიან?
− ადამიანები ბუნებით დაუცხრომლები, მეამბოხენი არიან, − ჩაიღიმა გიორგიმ, − ღმერთების მიერ ჩვენთვის მონიჭებული მოვალეობის შესასრულებლად აუცილებელია მიწიერი ზედამხედველი, რომელიც მოგვცემს მიმართულებას, − ბიჭმა მზერა მამისკენ გააპარა, მისი აზრის ამოკითხვას ცდილობდა, შემდეგ მშვიდად გააგრძელა, − იმ მიმართულებისთვის, რაც სიკვდილამდე დაგვიწესეს...

ასტერონმა გიორგის სიტყვა შეაწყვეტინა და ჩაფიქრებული გამოხედვით ჰკითხა:
− განა მქადაგებლები, ქურუმები, ლეტები არ გვეუბნებიან ღმერთების ნებას?
− მართალია, − დაეთანხმა გიორგი, − ქურუმები გვიქადაგებენ, ხოლო მამფონები აღასრულებენ.
− მჰ, − ასტერონმა ტუჩის კიდეები მოკუმა, − კარგადაა ნათქვამი, თუმცა არ თვლი, რომ თუ ღმერთები ბედისწერას გვისაზღვრავენ, მამფონთა ნაცვლად უკეთესია, საკუთარი თავი თვითონ ვმართოთ?

გიორგი გაჩუმდა. პასუხს არ სცემდა. თვალს მამისკენ აპარებდა. ასტერონმა იგრძნო, რომ თავადიშვილი მისებრ ფიქრობდა, თუმცა ხმამაღლა ვერ ამბობდა, ამიტომ საუბრის უხერხული კვეთა თვითონვე დაარღვია.

− მე ჩემს აზრზე ვრჩები, ღმერთები საკუთარი ძლიერების ტყვეები არიან და ადამიანები ნაკლებად ანაღვლებთ, − ასტერონმა სამწდეური ტუჩებთან მიიტანა და ღვინის სურნელით დატკბა.
− მეტად ცნობისაღმძვრელი საუბარია, − ჩაერთო არგოტი, − თუმცა დროა საღამოს უფრო სახალისო ნაწილზე გადავიდეთ, − თავადმა ტაშს შემოჰკრა და შემოსასვლელისკენ გაიხედა.

დარბაზის მარჯვენა კედელთან შეკრებილი მეხიობენი  თითქოს გამოფხიზლდნენო და საკრავებს შემოჰკრეს; ჩანგის ნაზი და სადა ბირა პირველი აჟღერდა, რასაც ენიანი სალამურის ჭიკჭიკი მოჰყვა. რამდენიმე წამი ერთიანად როკავდნენ, ერთმანეთს კენარი შეხმატკბილებით ელაციცებოდნენ, ვიდრე დაირას ჩურჩულმოთხრობილი, თუმცა თინჩი მუგვობა არ შეემატა. უცებ მჟღერშვიმი  მიჩუმდა. საღამოს მდუმარებას დამკვრელთა ყრუშვიმი მიესალმა. ჩონგურმა საკუთარი მომნუსხველი ჯადოტალღები მოჰფინა, თითქოს მსმენელს ოცობოდებაში, სიზმრებში მიუძღოდა. ჩონგურს მხარი ჭუნირის  კვირსობამ  და გუდასტვირის სიდინჯემ აუბა. თანდათან დინჯი საკრავი ღამეულ სიჩუმეს შეერწყა, ხოლო ჭუნირმა და ჩანგმა მღერა ორხმაში დაიწყეს. საამო ჰანგების ხმაზე კარიდან მოცეკვავეები შემოვიდნენ − მათი გამოჩენისთანავე საკრავების მჟღერშვიმობას ენიანი სალამურის სინარნარე და დიპლიპიტოს სიმტკიცე შეემატა. მომნუსხველი ბირა-მუგვობის ხმაზე მოცეკვავენი ისე დალივლივებდნენ, თითქოს დაფრინავდნენო, თითქოს ფეხქვეშ იატაკის ნაცვლად ღრუბლები დაეგოთო. 

ქალებს მარმაშისგან შეკერილი კაბები ჰაეროვნებას ჰმატებდა. ოქროს მსხვილი ფიტულა რგოლები კაბას მხრებზე აკავებდა. მარცხენასა და მარჯვენა რგოლს ოქროსვე თხელი სირმა იჭერდა, რომელიც მკერდის ძვალს მიუყვებოდა და სამკლავურებს ჩამოცურების საშუალებას არ აძლევდა. წელზე ოქროს ქამარი ერტყათ, რომლზეც ჩამოკიდებული ზანზალაკები ცეკვისას საამურად წკრიალებდა.

მოცეკვავეებმა თეძოების ქნევითა და ხელების ტალღისებურად რწევით მაგიდას შემოუარეს, შემდეგ ისევ შემოსასვლელ კართან დადგნენ, წელში ლერწამივით გადაიზნიქნენ, გასწორდნენ, ორად გაიყვნენ, თავი ოდნავ დაწიეს, თითქოს დიდებულს ესალმებოდნენო. ბირა წამიერად შეწყდა.
რამდენიმე წამში მეხიობეებმა საკრავები ისევ აჟღერეს. ოთახში ცეკვით, მუგვობის შესაფერისად, ნატა შემოვიდა. წითელი კაბა ეცვა. მასაც მარმაშისგან შეკერილი, მკერდზე ჩახსნილი, ოქროს ქამრიდან კი ქსოვილი იასამნის ყვავილივით იყო დაყრილი. იგი ფეხშიშველი ცეკვავდა, ფეხზე ღია ოქროს სამაჯური ეკეთა, რომელსაც ცერზე გაკეთებულ ბეჭედთან ძეწკვი აკავშირებდა. ნატა ასტერონს მიუახლოვდა, არხამის თავსახვევი შეიხსნა და ყელზე მოახვია, თან ცეკვას აგრძელებდა.  ნატას სხვა მოცეკვავეებიც შეუერთდნენ. სტუმრებს საბოლოოდ შემოუარეს და ჩუმი ნაბიჯით ბირის მუგვობასთან ერთად გაუჩინარდნენ.

ასტერონი ფეხზე წამოდგა. ტაშს გამალებით სცემდა. უნდოდა, ნატას გადევნებოდა, მაგრამ თავი შეიკავა. იგი დაჯდა, ღვინის ჭიქა აიღო, რომელიც მსახურქალებს უკვე შეევსოთ და ბოლომდე გამოცალა.

− მოგეწონათ, თქვენო აღმატებულებავ? − თითქოს შეპარვით ჰკითხა არგოტმა.
− მშვენიერი იყო, − უპასუხა ასტერონმა, − ბირას უხდებოდა.
− მოხარული ვარ, − უფლისწულის პასუხით უკმაყოფილოდ თქვა თავადმა.
− ჩვენი წასვლის დროა, თქვენო ბრწყინვალებავ, − ასტერონმა უეცრად განაცხადა, − თუ ნებას მოგვცემთ, დაგტოვებთ, − უფლისწული წამოდგა.

მასპინძლებიც წამოიმართნენ.

− მადლობელი ვარ მშვენიერი საღამოსა და ბაასისთვის, − უფლისწულმა ტუჩის კიდეებით გაიღიმა.
− თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ბრძანდებით თქვენო სამეფო ბრწყინვალებავ! − პასუხადვე გაუღიმა თავადმა, თუმცა სახეზე უსიამოვნება ეტყობოდა, რადგან მეფისწულს იმ საკითხზე ვერ ესაუბრა, რისთვისაც იგი მოიწვია და ამდენი ფული დახარჯა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები