ნაწარმოებები



ავტორი: აირინი
ჟანრი: პროზა
14 ივნისი, 2019


გასეირნება ( ნაწილი II )

ვინც დავინახე, ყველა ზურგით იდგა ჩემსკენ. უხმოდ შესცქეროდნენ ვიღაცის იისფერ ჰოლოგრამას. ლილის ყეფაზე ერთხმად შემოტრიალდნენ. შემოტრიალდა შემაღლებულ ადგილზე მარტო მდგომი, ძალიან მაღალი კაციც. გაოცებულები მიყურებდნენ. მეც იგივე მდგომარეობაში ვიყავი. ჩემთვის უცხო იყო ამ ხალხის აღნაგობა, ინტერიერი. კაცი ამაყად თავაწეული დაეშვა კიბეზე. ჩემსკენ წამოვიდა ნელი ნაბიჯით. თვალს არ მაცილებდა. ისეთი დიდებული იყო, ისეთი შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა, თვალი ვერ მოვწყვიტე.  ზაფრანისფერ სამოსში გამოხვეული მასა ორად გაიყო. ერთმანეთისკენ გადაიხარნენ, ჩურჩულებდნენ, ფუტკრებივით ზუზუნებდნენ. კაცმა მაღალი ქუდი მოიხადა და გვერდზე მდგომს გადასცა. წითელი, მბზინავი თმა განიერ მხრებზე დაეფინა. საოცრად გავდა კვის. კვი! წამომცდა უნებურად. კაცი დაიძაბა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ფერი დაკარგა. ვასკასავით კი არ მომვარდა, კარგად შემათვალიერა თავიდან ბოლომდე. მომეჩვენა, რომ ფეხებზე უფრო დიდხანს შეაჩერა მზერა. შემრცხვა. ერთი ტერფი მეორეს გადავუსვი უხერხულად. თავი დავიმშვიდე, მერე რა?  იქნებ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ, მიწასთან უშუალო შეხება ჯანმრთელობას მიუმჯობესებს? ჩემი მეგობარივით ლამაზი და სხივიანი თვალები ჰქონდა.

- კვი?

ვიფიქრე, მეკითხებოდა, ვიცნობდი თუ არა კვის. თავი დავუქნიე. გრძელი წინადადებაც არ დაიშურა. სამბგერიანი და ოთხბგერიანი სიტყვები ისე ხმიანდებოდა, თითქოს ლურსმანს აჭედებდნენ ფიცარში. გაშტერებული შევცქეროდი ქვემოდან ზემოთ. ნეტა რა უნდოდა? ვინ იყო ეს ხალხი, რა ენაზე საუბრობდნენ, ქარხნის ტერიტორიაზე რას აკეთებდნენ? ყურადღება სხვა რამისკენ გამექცა. მოშორებით რაღაც ხდებოდა. ვაიმე, ლილი! ერთ ახმახს ჩემი ჭყეტელა ცალი ფეხით ეჭირა. უზომოდ გაოცებული დასცქეროდ და აქანავებდა აქეთ – იქით. სახესთან ახლოს მიიტანა, დაყნოსა. ორიდან ერთი იყო: ან ძაღლი არ ენახა ცხოვრებაში ან უნდა შეეჭამა. აზიის რომელ ქვეყანაში ჭამენ ძაღლებს? აზიელობის და ველურობის ამათ არაფერი ეტყობოდათ. ეს არ იკმარა, დიდი ხელები მარწუხებიხით მოხვია წელზე. ლილიმ დაიხავლა, თავი უკან გადაუვარდა და თათები გაფშიკა. მივვარდი, ვცადე ხელიდან გამომეგლიჯა. მარჯვენა მომიქნია. ცერზე წამოზრდილი, წამახვილებული ფრჩხილი მაჯაზე დანასავით დამისვა. არ ვიცი, გამიზნულად თუ შემთხვევით მოუხვდა. ვენიდან სისხლმა იფეთქა. კაპუნით ეცემოდა ცხელი წვეთები მზისფერ ფილაქანზე. განრისხებულმა წითელთმიანმა ხელი ხელს შემოკრა ყვირილით “ნუუშ”, ამ ხმას ისეთი დიაპაზონი ჰქონდა, უზარმაზარი, ულამაზესი ვიტრაჟი დაიბზარა, დაიმსხვრა. ფერადი მინები ყვავილებივით მიმოიფანტა ირგვლივ. სისხლის დანახვაზე ჟრუანტელმა დამიარა. დავინახე, როგორ შემოცვივდნენ შავსამოსიანები, ხელები უკან გადაუგრიხეს ახმახს, როგორც ჩვენთან იციან პოლიციელებმა, წაკუზეს და სადღაც გააქანეს. . .

დიდი დარბაზი იყო, სამიარუსიანი. საოცრად თეთრი, ქათქათა. ზემოთ ძაბრივით ვიწროვდებოდა. იქიდან წამოსული სინათლე სვეტივით ეშვებოდა იატაკზე მოხაზულ წრეში. ამ წრეში, დაბალ ტახტზე ვიწექი. მოაჯირზე გადმოყუდებული მწვანე სამოსიანი ხუთი გოლიათი თვალს გვადევნებდა. ულამაზესი ქალი დამტრიალებდა თავს. წამოდგომა ვცადე, რაღაც მიშლიდა ხელს. ქალმა საფეთქლებიდან ორი თეთრი რგოლი მომხსნა და წამომაყენა. ვერ მივხდი, რგოლებს რა დანიშნულება ჰქონდა, რისთვის მეკეთა. მაჯაზე დამახედა. ძლივს შესამჩნევი, თმის ღერივით წვრილი თეთრი ხაზი მემჩნეოდა.

ჩაიმუხლა, საკუთარი ხელით წამისვა რაღაც იისფერი მალამო ქუსლებზე. ჭრილობები წამებში შეხორცდა. გაოცებული დავცქეროდი მის ყველა მოძრაობას. რაღაც ბრძანა. ესპადრილების მსგავსი, ოღონდ, ოდნავ მაღალყელიანი ფეხსაცმელები მოიტანეს, ოქროსფერი ბალთებით. ჯერ ერთი ჩამაცვა. გავუძალიანდი, ვანიშნე, მე თვითონ მოვირგებ მეთქი. უფლება არ მომცა. მეორეც ამომაცვა. გვერდით დამიჯდა. ჩემი ორივე ხელი გულთან მიიტანა, დამიკოცნა. ვერ მივხვდი, რითი დავიმსახურე ასეთი პატივი. იმათ ჩემი არ ესმოდათ, მე იმათი.

გამახსენდა, პური მქონდა საყიდელი. წამოვხტი. ქალი არ მომეშვა. აწეწილი თმა გადამიწია, ტანსაცმელი გამისწორა. წითელთმიან კაცთან რაღაც ითათბირა და ხელით მანიშნა გარეთ გავსულიყავით. სხვები უხმოდ, მოწიწებით მოგვყვებოდნენ უკან. ისეთი სიჩუმე იდგა, ბუზს რომ ეფრინა იქ, იმის ხმას გავიგებდი. ლილი წინ მიცუნცულებდა. თასმა დავაგრძელე, ცოტა თავისუფლად რომ ევლო. ვერ გავიხსენე, საიდან მოვხვდით აქ. აქეთ- იქით ვიყურებოდი. მოულოდნელად ლილის რაღაც დაემართა. იწრიალა, იტრიალა. იმდენი ქნა, საყელური გადაიძრო, გაიწია, ახტა, რამდენჯერმე შემოტრიალდა ჰაერში და ხეებივით მაღალი ყვავილების ტევრში შევარდა. ძნელი ყოფილა ძაღლის მოვლა. ძალიან ცუდი დღე მქონდა. ხომ არ მივატოვებდი? გავეკიდე. . .

***
შორიდან შევნიშნე, თავჩაქინდრული აზა მარტო იჯდა მონიტორებთან, ზურგით ჩემსკენ.  ვერ მივხვდი, თვლემდა თუ წიგნს კითხულობდა. ნაჩუქარი, რბილი ფეხსაცმელების წყალობით ჩუმად მივუახლოვდი. ორი ზომით დიდი ჟაკეტი ეცვა. თმა ხის სარჭით დაუდევრად ჰქონდა დამაგრებული. არ ვიცი, რა მოხდა ჩემს აქ არყოფნაში.  თვალშისაცემად სხვანაირად, საწყლად გამოიყურებოდა. გამხდარ, დაგრძელებულ კისერზე დავაცქერდი, გული მომეწურა.

- აზა!

ნელა შემოტრიალდა. ისე დამაშტერდა, თითქო, არ დაიჯერა, რომ მე ვიყავი.. უპეები ჩაშავებოდა. აკანკალებული თითებიდან სიგარეტი გაუვარდა. რაღაც გაუგებარი წამოიყვარა, ხელებგაშლილი გამოქანდა და მე და ლილი ერთად ჩაგვიკრა გულში. გამიკვირდა, რა იყო ახლა, ასეთი ემოციები?

- აი, ჩვენც მოვედიით!

დაბნეული მიყურებდა.

- მითხარი აზა, ვინ არის ის უცნაური ხალხი ქარხნის მეორე მხარეს? საიდან ჩამოვიდნენ, როდის, რომელი ქვეყნიდან? რას აკეთებენ აქ? თუ უფლება არ გაქვს ამ თემაზე ისაუბრო?

ხმა არ ამოიღო. არ ვიცი რატომ, საჭიროდ არ ჩავთვალე მეთქვა, იმ ხალხიდან ერთი ჩემს მეგობარს ძალიან რომ გავდა. ერთი სული მქონდა, სახლში როდის მივიდოდი. ვასკა მოვიკითხე.

- აღარ არის ვასკა, ჩემი ვასილი. – ამოიოხრა და თვალი ამარიდა.

- თავი დაანება სამსახურს?

- გარდაიცვალა.

- რას ამბობ? სულ რაღაც ორი საათის წინ მშვენივრად გამოიყურებოდა.

- ორი საათის წინ? სამი თვე გავიდა უკვე, რაც დაგვტოვა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს!

ვიფიქრე, რაღაც მიზესის გამო, აზა ვერ იყო საღ გონებაზე. საიდან მოიტანა ეს სამი თვე? მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. თვალწინ შავი წერტილები ქაოტურად მოძრაობდნენ.  ერთიანად მოვდუნდი. ლილი როგორ გამივარდა ხელიდან ვერ გავიგე. ეტყობა, რაღაც იტკინა. ფართხალებდა, საცოდავად წკავწკავებდა, შარდიც გაეპარა. უაზროდ დავცქეროდი. აზამ სკამზე დამსვა.

- მარისა, დამშვიდდი! ახლავე მოგიტან წყალს, მერე მივხედავ ლილის.

- რა იცი, რომ მარისა მქვია? მართალია, ჩაი ერთად დავლიეთ, მაგრამ თქვენთვის ჩემი სახელი არ მითქვამს. არ მინდა წყალი, მომაკვდავი კი არ ვარ.

წინ დამიჯდა. ორივე ხელი დამიჭირა

- მომისმინე, კარგად მომისმინე! უკეთესი იქნება, ახლა გაიგო სიმართლე. შეიძლება, ვერც გაერკვე, მაგრამ გარეთ რომ გახვალ, ცოტა შემზადებული იქნები ძნელად დასაჯერებელი ამბებისთვის. შენ გასული წლის ამდროს გახვედი სინათლეში. დაიკარგე, არ ჩანდი. ერთ დღეს, მთელი წლის სამყოფი პროდუქტები და ძველი გაზეთები შემოგვიყარეს. იქიდან გავიგეთ შენი ვინაობა. წერდნენ, რომ დაიკარგე
.
- ეს რა, ბოროტი ხუმრობაა? არ გრცხვენია? ჩანთა დამრჩა აქ. მომეცი ახლავე, სახლში უნდა წავიდე.

უხმოდ წამოდგა. ხრიგინით გამოაღო მაგიდის უჯრა. ამოყარა რაღაცეები. სიღრმიდან ჩემი ჩანთა და ეტყობა სპეციალურად შენახული გაზეთი ამოიღო. წინ დამიდო ორივე, თვალს არ მაცილებდა. აღელვებულმა გადავფურცლე. ბოლოდან მეორე გვერდზე სტატიას გადავაწყდი, შუაში ჩემი სურათით. “დაიკარგა მხატვარი მარისა დგებუაძე. ”ბოლომდე  ჩავიკითხე. ჩემი გულის ძგერას ვგრძნობდი. გაზეთის გამოშვების თარიღი 2018 წელი, 25 აპრილი.

- ახლა 2019 წელია. – შემაშველა აზამ. – მონიტორზეც შეამოწმე.

უცბად, ისეთი განწყობა დამეუფლა, თითქოს, ჯადოსნური ჯოხის აქნევით წაშალეს ჩემი ემოციები. თითქო,ს სხვა ადამიანზე ვსაუბრობდით. ჩანთიდან ბისკვიტები ამოვიღე და ლილიეს დავუყარე, რომელიც სკამის ფეხთან იწვა, უკვე დამშვიდებული და ნატკენ თათს ილოკავდა. ვითომ, მეც დამშვიდებული ვიყავი. ახლა, აზა გვერდზე გამახედებს და მეტყვის: გაიღიმე, ეს ფარული კამერაა!

- მერე, სად ვიყავი ვითომ?

- არც ქარხანაში იყავი და არც ქარხნის გარეთ.

- აბა?

- სხვა წუთისოფელში.

წუთისოფელს მარტო ქართველი თუ იტყოდა.. აზა ქართველს არ გავდა. შეეძლო ეთქვა – პარალელური სამყარო ან სხვა განზომილება. სკამიდან ავდექი. რამდენიმე წამი ვიდექი გაშეშებული. ძალა არ მეყო ნაბიჯი გადამედგა. ძალიან, ძალიან მეძინებოდა. დავჯექი ისევ. ათი წუთით დავიძინებ მეთქი, ამოვილუღლუღე და მაგიდას დავემხე. არ ვიცი, რამდენი ხანი მეძინა. თავი რომ წამოვწიე, დავინახე, აზა შაქარს ყრიდა ჩაიში.

- ყავა არ გაქვთ?

- არა, ჩემო კარგო, მაგას ვინ გვაღირსებს.

№ 3 კაბინიდან უცნაური ხმა ისმოდა. ვიღაც მოგუდული ხმით ქვითინებდა. შეიძლება ითქვას, ღმუოდა. .მგონი, ქალი იყო
.
- ვინ არის, რა ატირებს?

- ახალია. მარტო ვიყავი აქამდე. ორი კვირის წინ მოიყვანეს. აქეთ არ გამოდის. აი, ასეთ დღეში იგდებს თავს. ჩემს თავს მახსენებს. რამდენიმე დღის წინ შენი ფეხსაცმელები ვაჩუქე. ძლივს გამოვასწარი, თავში დამიშინა. არ გეწყინოს, რა ვიცოდი, რომ გნახავდი.
ფეხებზე დამხედა.

- ესენი. .
.
- იქიდან.

შემეშინდა ჩემი სიმშვიდის.

- თუ არ უნდა, ვინ აძალებს აქ მუშაობას? ან შენ ვინ გაძალებდა?

- გეტყვი, ყველაფერს გეტყვი. არაფერი მაქვს დასაკარგი. ეს ჩვენი სამუშაო არ არის მარისა. ვასკა სიკვდილმისჯილი იყო, მეც, ის ქალიც, სიკვდილმისჯილები ვართ. ს იცოცხლის სანაცვლოდ აქ სამუდამო ყოფაზე დავთანხმდით. ამას ადამიანური ყოფა არ ქვია, მაგრამ სიცოცხლე ტკბილია. ჩვენი, ვითომ გვამები ახლობლებს გადაუგზავნეს დახურული კუბოებით. არ მკითხო, რა დავაშავეთ. ვასკა ჩვიდმეტი წელი იყო აქ. ჩემთვის ცამეტი წელი ხდება.. ეს ადგილი გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში აღმოაჩინეს, როცა საიდუმლო ბუნკერი გაყავდათ. უმრავი ხალხი იყო თურმე ჩართული ამ ამბავში. ნახევარზე მეტი დახვრიტეს. “იქიდან ”გადმოსულ ცოცხალ არსებებს ვდარაჯობთ, მცველები ვართ. პატარა, უმნიშვნელო მოვლენაზეც კი, სადაც საჭიროა, იქ ვაგზავნით შეტყობინებას. ზოგჯერ კოსმოსური ხომალდების ნატეხების ცვივა. სამი შემთხვევა იყო, როცა ადამიანები გადმოვიდნენ. ჯგუფურად არა, სათითაოდ. ეტყობა, შემთხვევით ხვდებოდნენ ორი სიცოცხლის გადაკვეთის ველში.

- რა იცი, რომ შემთხვევით ხვდებოდნენ?

- დაბნეულები და შეშინებულები იყურებოდნენ აქეთ – იქით. იმას ვამბობ, რაც წინა სიკვდილმისჯილებისგან გავიგე. ჩვენ არ გვგავდნენ, სხვანაირები იყვნენ თურმე, გარეგქნობით, ინტელექტით. ეს დიდიხნის წინ იყო, ჩვენამდე. ისინი საიდუმლო ლაბარატორიაში მიყავდათ. რას უკეთებდნენ და რას იგებდნენ მათგან, ღმერთმა იცის. ვასკას წინ ერთი კაცი იყო, მიშა. ოც წელზე მეტი გაატარა იმ უბედურმა აქ. ყველაფერს უყვებოდა ვასკას. ვასკა მე მომიყვა, ახლა მე გიყვები შენ. შენ ვის მოუყვები, არ ვიცი. მისი აქ ყოფნის დროს ძალიან უცნაური ამბავი მოხდა. შემოვარდა თურმე “იქიდან” ერთი არსება., მითხრეს, მაგრამ დამავიწყდა სახელი, წელს ზემოთ კაცია და ტანი ცხენის აქვს.

- კენტავრი.

- ჰო, კენტავრი! დარბოდა დაბნეული, ეხეთქებოდა კედლებს ჭიხვინით. მუხლამდე ფაფარი უფრიალებდა. ხელში რაღაც ეკავა, პატარა კენტავრი თუ გაურკვეველი ცოცხალი არსება, ვერ გაარჩიეს აბურდულ ბეწვში. ამ დროს, ის კარი გააღეს, ხედავ, გვერდზე ყუთები რომ ალაგია? ძველი ტანსაცმელი შემოჰქონდათ სიკვდილმისჯილებისთვის. გამოქანდა ეს ცხენკაცი, გადათელა ვინც წინ დაუხვდა. გავარდა გარეთ, ბუმბულივით მსუბუქად აიჭრა ჰაერში და გალავანს გადაევლო. ატყდა განგაში.  გვიან ღამით ხდებოდა ყველაფერი. სანამ კბილებამდე შეიარაღებული სამხედროები აზრზე მოვიდოდნენ, კენტავრი უკან გადმოხტა. რამდენჯერმე ესროლეს. არც ტყვიამ იმოქმედა არც დასაძინებელმა. დაჭრილი საზარლად ჭიხვინებდა. სისხლი შადრევანივით გადმოსდიოდა ტანიდან. რამდენიმე ჯარისკაცი  ელექტრო შოკერებით რომ ცდილობდნენ საცოდავის გათიშვას, ჩაწიხლა. ბოლოს, დაჭრილი და ძალაგამოცლილი დაეცა. ადამიანურად დაიყვირა განწირული ხმით, თითქოს უკანასკნელად ეხმიანებოდა ვიღაცას, კისრიდან რაღაც ჩამოიგლიჯა, გადაყლაპა და ყველას თვალწინ წამებში აფეთქდა, ნაფლეთებად იქცა.

ცხოვრებაში ასე არ მიტირია. ყველაფერს ვუშვებდი, რაღაცეებს ვიჯერებდი, მაგრამ ის, რომ მთელი წელი დაკარგული ვიყავი, ჩემს გონებაში არ ჯდებოდა. ლილი ავხსენი მაგიდის ფეხიდან, ჩანთა ირიბად გადავიკიდე მხარზე.

- მშვიდობით აზა!

წინ გადამეღობა.

- მარისა, მაპატიე! ჩემი ბრალია,შენ რომ ამ დღეში ხარ. მონიტორზე გადევნებდი თვალს, როგორ დასეირნობდი ძაღლთან ერთად. გამიხარდა, ცხაური რომ ჩამოგლიჯე და აქეთ შემოყევი ლილის. ორივე კარი მე დავტოვე ღია. მინდოდა აქ შემოსულიყავი,  ვითომ შენ სტუმრად მოდიოდი ჩვენთან. ვითომ ჩვენც ნორმალური ადამიანები ვიყავით. როცა დაიკარგე და ძებნა დაგიწყეს, ვასკამ ვიდეოზე ყველა შენი კადრი წაშალა. ის ცხაურიც უბრალოდ მიამაგრა. ვიფიქრეთ, გამოჩნდებოდი და ადვილად გახვიდოდი აქედან. დიდხანს გელოდით. არ ვიცი, როცორ იქნები, მაგრამ იცოდე, მონიტორს არ მოვცილდები, შენს გამოჩენას დაველოდები ყოველთვის.
კართან მისული მოვტრიალდი.

- შენ თქვი, რომ ვასკამ რკინის ცხაური მიამაგრა. ესე იგი, ეზოში თავისუფლად გავიდა ?იგივეს გაკეთება შეგეძლო შენც? როგორ გაძელით ამდენი წელი აქ, რატომ არ გაიპარეთ? მე გავიპარებოდი.

წაიკუზა, შარვლის ტოტი აიწია და უხმოდ დამანახა ფეხზე მიმაგრებული ბრტყელი, საკონტროლო რგოლი მწვანე და წითელი ციმციმათი. . .

ჩაბნელებული იყო უბანი. მარტო ქარხნის შემოგარენში ანათებდნენ პროჟექტორები. ხელის ცეცებით ავიარე სადარბაზოს კიბე. ლილის ჩემს მხარზე ეძინა. საუბარი ისმოდა, მგონი სამზარეულოდან. ალბათ, სანთლის შუქზე ვახშმობდნენ ჩემები. მაშინვე არ შევვარდი, მივაყურადე.

მეუღლე – დღეს ერთი წელი გახდა, რაც დედაშენი დაიკარგა. ეჰ, საწყალი, როგორი ფიცხი და მბრძანებელი იყო. ყველაფერზე შენიშვნებს მაძლევდა, ჭკუას მარიგებდა, თავს მამეტებდა. ნეტა გამოჩნდეს და ყველაფერს ავიტან, მოვუთმენ. კვი შემხვდა დღეს. გამხდარი მომეჩვენა, სევდიანი. კვირას შოთას ორმოცი აქვთ. ყოველთვის მკლავდა სურვილი, ამ არასტანდარტული გარეგნობის კაცისთვის კბილები ჩამემტვრია.
ახლა რა. . .

შვილი - რას გიშავებდა?

მეუღლე – დედაშენს თვალებით ჭამდა.

შვილი – ოოო, როგორ გიყვარს ყველაფრის გაზვიადება და გაბუქება. გუშინ დაგვავიწყდა გვეთქვა. იცი, გოგო გვეყოლება., მარისა უნდა დავარქვათ.

- თქვენი ნებაა.

ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვან?! რა ეჩქარებოდა? არ მინდა ჩემი სახელი ატაროს  ბავშვმა. პატარებს მხოლოდ ბედნიერი დიდების სახელები უნდა დაარქვან.

რძალი - დათაა, შეიძლება დედაშენის სამკაულები გავიკეთო?

შვილი - შეიძლება, თუ მოგწონს?

რძალი  - კი, ძალიან. ჩანთებიც რა ლამაზია!

ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე. ჩემი შვილისგან სხვა პასუხს ველოდი.-” არა, რას ამბობ, დარწმუნებული ვარ, დედა აუცილებლად გამოჩნდება და არ ეწყინოს.” ახლა შემოვალ, ქარიშხალს დავატრიალებ და გიჩვენებთ, როგორი ფიცხი და მბრძანებელიც ვარ. მომინდომა ამ ქალბატონმა სამკაულები და ჩანთები!

ზარისკენ წაღებული ხელი დამდუღრულივით უკან გამოვწიე. დავუშვათ, შევედი სახლში. რა ვთქვა, სად ვიყავი? ამათ უკვე გამომიტირეს.. რა იქნება მერე? როგორი ცხოვრება. მექნება? ღირს კი ამქვეყნად ყოფნა, რაც შემემთხვა იმის შემდეგ? ძალიან ნელა ჩავიარე კიბეები, ფეხები უკან მრჩებოდა. საბედნიეროდ, მეზობლებიდან არავინ შემხვდა. ლილი, თითქოს გრძნობდა ჩემს გასაჭირს. გულზე მეხუტებოდა, ნიკაპს მილოკავდა. საბავშვო ბაღის ეზოში გადავედი. ბორდიურზე ჩავჯექი. ჩემს აივანს თვალს არ ვაცილებდი. დროდადრო ჭექა-ქუხილი ქალაქს აყრუებდა და ელვის შუქზე გარკვევით ვხედავდი, ჭრელ ზეწრებს და კაბებს ქარი მარჯვნივ როგორ აფრიალებდა. ასეთ თეთრეულს მე არ ვხმარობდი, ეტყობა, რძალმა მოიტანა. სასოწარკვეთილი, ლილის გულში ვიკრავდი და ვტიროდი. ეჰ, ლილი, ლილი, შენია ბრალია ყველაფერი!

კარდიგანის ჯიბეში ცხვირსახოცს დავუწყე ძებნა. რაღაც ამოვაყოლე ხელს. ამ დროს შუქიც მოვიდა უბანში. ლამპიონის ქვეშ დავდექი. კრგად დავათვალიერე უცხო საგანი. პატარა, საოცრად მსუბუქი და მყარი დისკო იყო. საიდან გაჩნდა ჩემთან, რა დანიშნულება ჰქონდა? ხელი გადავუსვი, არანაირი წარწერა, არანაირი ხაზი ან წერტილი, გლუვი იყო მთლად. მოულოდნელად ცალ მხარეს რიგრიგობით გამოჩნდნენ ჩემი თვალით დანახული “ის” ხალხი და შენობის რამდენიმე ფრაგმენტი. გული ამიფართხალდა. შემოვატრიალე დისკო.  გაოცებისგან სუნთქვა შემეკრა. მეორე მხარეს კადრებივით მიყვებოდა ერთმანეთს ჩემს მეხსიერებაში  დალექილი თუ შემონახული მოგონებები კვიზე. ბაღიდან მოყოლებული იმ წუთამდე, ძაღლების ხეივანთან რომ შემხვდა. ჩემი მოგონებები ამობეჭდეს.! ისევ დაიჭექა. ელვამ სამხრეთისკენ გადაინაცვლა. თითქოს ბუნებრივმა მოვლენამ იმოქმედა ჩემზე. გონება გამინათდა და რაღაცეებს რეალური ახსნა მოვუძებნე. გამალებით მუშაობდა ჩემი ტვინი.

დისკო გამიზნულად ჩამიდეს ჯიბეში. ლილის დაჭერას რა უნდოდა? იმათ უნდოდათ,  მე უკან დავბრუნებულიყავი. აზას მონაყოლიც გავაანალიზე. კენტავრს ბავშვი ეკავა ხელში. ქარხნის კედელზე გადახტა, ბავშვი გარეთ დატოვა, მერე, უკან გადმოხტა, მდევრებს ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინა. ბავშვი გადაარჩინა. სამხედროებმა იფიქრეს, რომ კენტავრი ვიღაცასთნ ან რაღაცასთან ერთად აფეთქდა. ეს ბავშვი კვი იყო. ელინურ მითოლოგიაში კენტავრები დიდებულთა შვილებს ზრდიდნენ. მივხვდი, მთელი ცხოვრება კვი მიყვარდა. დარაჯს მობილური ვეთხოვე. ჩემი დამჯდარი იყო.

- კვი!

- ?!

- კვი!

- ?!

- კვი!

ტიროდა.

- ვიცოდი ცოცხალი იყავი, ვიცოდი. . .

- ჩემებს არაფერი უთხრა. “ძაღლების პარკში” გელოდები.


გაგრძელებით






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები