ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
18 ივნისი, 2019


ტელევიზიის სარდაფში (სატელევიზიო სპექტაკლი) სერია 1

მოქმედი პირები:
ოსტატი          - ავეჯის ლოთი, თვითმარქვია რესტავრატორი;
შეგირდი        - ოსტატის შეგირდი, შრომისმოყვარე;
პავალი          - წითელარმიელი;
კანტროლკა  - შუასაუკუნეების დროინდელი ჯალათი;
და სხვები.

ეკრანზე ჩანს ნათელი, კეთილმოწყობილი სარდაფი, სადაც ეს-ესაა ავეჯის სარესტავრაციო საამქრო გაიხსნა. საამქროში ორი მამაკაცი დგას - ტელევიზიის თანამშრომელი, რაღაც ქაღალდებით ხელში, და ოსტატი.
- თქვენი სახელი? - ჰკითხა ტელევიზიის თანამშრომელმა.
- ბატონო ოსტატო, ასე მომმართეთ!
ტელევიზიის თანამშრომელმა ჩაახველა; ოსტატმა იგრძნო, რომ ამ ჩახველებაში ირონიის გარდა სიმკაცრეც გამოსჭიოდა.
- შეგიძლიათ, უბრალოდ, ოსტატი მიწოდოთ... ჩავთვალოთ, რომ ერთმანეთს უკვე გავუშინაურდით!
ტელევიზიის თანამშრომელმა განმეორებით ჩაახველა, თუმცა ახლა უკვე მსუბუქად.
- ოსტატო, აქაურობა თქვენი სურვილისამებრ მოვაწყვეთ - დიდი მაგიდა და პატარა მაგიდა, დიდი სკამი და პატარა სკამი...
ოსტატმა კმაყოფილების ნიშნად თავი დააქნია და ყუთიდან სამუშაო ინსტრუმენტების მაგიდაზე ამოლაგებას შეუდგა.
- დიდი ჩაქუჩი მე, პატარა ჩაქუჩი შეგირდს! დიდი ბრტყელტუჩა მე, პატარა ბრტყელტუჩა შეგირდს! დიდი სალაშინი მე, პატარა სალაშინი შეგირდს!
- თქვენი შეგირდი რა ხნისაა, საბავშვო ბაღის ასაკს გასცდა?
- ჩემი ხნისაა, ორმოც წელს გადააბიჯა. მას ყველაფერი პატარა იმიტომ ერგო, რომ ახსოვდეს - მე ოსტატი ვარ და ის, შეგირდი! აი, მოვიდა კიდეც - სტუდიებიდან დაზიანებული ავეჯი ჩამოაქვს შესაკეთებლად.
საამქროში შემოვიდა სკამებით „დახუნძლული“ შეგირდი.
- ხელს არ შეგიშლით! - თქვა ტელევიზიის თანამშრომელმა, - საქმე თავსაყრელი გაქვთ... თუ რაიმეში დაგჭირდით, იცით სად მიპოვოთ. - წავიდა.
- აი, შენი სამუშაო კუთხე. - ოსტატმა შეგირდს პატარა მაგიდაზე მიუთითა, - ოღონდ, სანამ საქმეს შევუდგებით, ბუფეტიდან ერთი ბოთლი ბორჯომი მომიტანე!
შეგირდმა სკამები ძირს დაალაგა და მორჩილად გაემართა ბუფეტისაკენ. საამქროში მარტო დარჩენილმა ოსტატმა შეგირდს მიაყურადა; დარწმუნდა რა, ის უკვე შორს იყო,  ინსტრუმენტების ყუთიდან არყისა და ბორჯომის ქარხნული წესით დაბეჭდილი შუშის ორი ბოთლი ამოიღო; საცობები მოხსნა, ბორჯომი გადაღვარა და ცარიელი ბოთლი არყით შეავსო, ხოლო არყის დაცარიელებული ბოთლი სანაგვეში მოისროლა, თან ღიღინებდა, - „ღვინოს დავლევ წყალს არა...“ - დააცქერდა არყით სავსე ბორჯომის ბოთლს და საღიღინოდ სხვა, მეტად შესაფერისი სიმღერა შეარჩია, - „არყისფრად ირიჟრაჟა, და ცაც არყის ფერია...“
არყით სავსე ბორჯომის ბოთლი მაგიდაზე რაღაცებს ამოაფარა და ყუთიდან სამუშაო მასალებისა და ინსტრუმენტების ამოლაგება განაგრძო. დიდხანს ვერ გაძლო ასე - ჭიქაში ორმოცდაათიოდე გრამი არაყი ჩაასხა, რაღაც სადღეგრძელო ჩაიბუტბუტა და გადაჰრა. ისე მწარედ დაიჭყანა, რომ მექანიკურად მაგიდაზე მისაყოლებლის ძებნა იწყო, ხელთ საღებავიანი ქილა მოხვდა, თავი მოხსნა და დასუნა. თვალები რომ გაახილა, ინსტრუმენტების გაშლას თავი ანება და საამქროს კედლების მორთვას შეუდგა - რულონად დახვეული, დიდი ზომის მენდელეევის ტაბულა გაშალა და გააკრა.
- ესეც პითაგორას ცხრილი... დიდებული ადგილია ტელევიზია!
შეგირდი დაბრუნდა, ხელში ბორჯომით სავსე პოლიეთილენის ბოთლი ეჭირა.
- შე დალოცვილო, რაღა პოლიეთილენის ბოთლში ჩასხმული ბორჯომი მომიტანე, შუშის ბოთლი გამოილია?!
- ჰქონდათ, მაგრამ ტარას რა მნიშვნელობა აქვს?
- აქვს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! წადი, და შუშის ბოთლიანში გადაცვალე!
შეგირდი ხელმეორედ გაემართა ბუფეტისკენ, ოსტატმა მას სიტყვები გზაში დაადევნა:
- გაითვალისწინე, ბოთლი ხრახნიანი უნდა იყოს!
ოსტატმა მენდელეევის ტაბულის გასწვრივ, ტრანსფარანტი გააკრა - „შრომამ შექმნა ადამიანი!“ კედლები კიდევ შეამკო რაღაც-რაღაცებით. მათში ყველაზე თვალსაჩინო ადგილი ერთმა, ასე ვთქვათ, ტექნიკური ხასიათის განცხადებამ დაიკავა, სადაც ეწერა, რომ „რესტავრირებული ავეჯი პრეტენზიებითურთ უკან არ მიიღება!“
შეგირდი შუშის ბოთლიანი ბორჯომით დაბრუნდა.
- აი, მაგ ბორჯომზე გეუბნებოდი! - გამოართვა, - სულ რამდენი სკამია შესაკეთებელი, ექვსი? სამი შენ აღადგინე, სამს მე მოვუვლი! თუ ჩემი შეშველება დაგჭირდა, მითხარი, არ მოგერიდოს!
სანამ შეგირდი სკამებს ანაწილებდა, ოსტატმა დრო იხელთა და შეგირდის მოტანილი ბორჯომიანი ბოთლი არყიანი ბოთლით შეცვლა.
- ეს სამი სკამი თქვენ, ეს სამი მე.
- მიჩვენე დაზიანებათა ხარისხი... - მრავლისმეტყველად წარმოთქვა ოსტატმა და სკამებს დახედა, _ ჩემო უმცროსო მეგობარო, ზოგიერთ დაზიანებას შენ დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდები! ამიტომ, სკამებს მე დავანაწილებ - ეს, ეს და ეს სკამი მე, დანარჩენს შენ მიხედე.
წელზე ხელებშემოყრილი ოსტატის მეთვალყურეობის ქვეშ შეგირდი მუშაობას შეუდგა.
- ოსტატო, კედლები მართლაცდა მშვენივრად მოგირთავთ, მაგრამ იმას ვერ ვხვდები, მენდელეევის ტაბულა რაში გჭირდებათ?
- ვისი ტაბულა?
- მენდელეევის! - და თითით ტაბულაზე ანიშნა.
- პითაგორას ცხრილზე მეუბნები?
- ეგ მენდელეევის ტაბულაა!
- მე მასწავლის... შენ, ჩემო კარგო, რამდენი კლასის განათლება გაქვს?!
- უმაღლესი მაქვს დამთავრებული!
- მართლა?! - აღმოხდა ოსტატს, - ხო, მენდელეევზე ვსაუბრობდით... ეკიდოს, რას გვიშლის... დროა საქმეს მივხედოთ! - მოჰკიდა ერთ სკამს ხელი, მაგიდაზე შედგა, შეატრიალ-შემოატრიალა და რამოდენიმე ადგილზე მიკრული „სკოჩი“ ააძრო.
- მზადაა! მე უკვე აღვადგინე ერთი სკამი.
გაოცებული შეგირდი ოსტატს მიაჩერდა.
- ასე, ერთი ხელის მოსმით, როგორ აღადგინეთ?
- აქ მოდი, რაღაც ისეთს გასწავლი, რაც არ იცი. - აიღო მეორე „დაზიანებული“ სკამი, - ხომ ხედავ დაზიანებულ ადგილს, თუ კარგად დააკვირდები, მასზე გამჭირვალე „სკოჩია“ დაკრული. ვკიდებ „სკოჩს“ ხელს, ფრთხილად ვაძრობ და დაზიანება მას თან მიყვება!
- ეგ როგორ?!
- როგორ და, სკოჩზე შიდა მხრიდან „დაზიანება“ დახატულია! ვინ იფიქრებს, რომ დაზიანება ყალბია და არა, ნამდვილი?!
- კი, მაგრამ... ვინ მიაწება ასეთი სკოჩი?!
- ტელევიზიის ერთ-ერთ დამლაგებელთან შეკრული ვარ - ყოველი ასეთი „ნაკლეიკის“ მიწებებაში თითო ლარს ვუხდი! სამაგიეროდ, გარდა იმისა, რომ ტელევიზიამ შტატში აგვიყვანა და ხელფასს გვიხდის, თითო ასეთი წერტილის „გამოსწორებაში“, სულ ცოტა, ხუთ ლარს დავცინცლი!
ხანგრძლივი დუმილი შეგირდმა დაარღვია.
- ვფიქრობ, ტელევიზიის ნაცვლად, სახელოსნო რომელიმე ავეჯის სავაჭრო ცენტრის მახლობლად უნდა გაგეხსნათ!
- რას ამბობ, შენ არ იცი მეავეჯეების ამბავი - ავეჯის რესტავრატორი სძულთ! მათთან რაც არ უნდა მაღალი კვალიფიკაციის რესტავრატორი მივიდეს, ისეთი ბოღმა ხალხია, კინწისკვრით გამოაგდებენ! მქონდა „ბედნიერება“ მათთან ურთიერთობისა...
შეგირდმა ღიმილი ვერ შეიკავა.
- ოღონდ, მე პატივით გამომაცილეს!
- თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ მე, დაკრული „სკოჩით“ დაზიანების იმიტაციის შექმნას ვერ ვისწავლი!
- ისწავლი, ისწავლი, ზოგიერთი  ისეთი კუდიანი „კლიენტი“ შეგხვდება, ამაზე უარესსაც ისწავლი! ჩვენი ხელობა და პატიოსნება შეუთავსებელია ერთმანეთთან! თუ სადმე შეგხვდა პატიოსანი ავეჯის რესტავრატორი, მისი არ დაიჯერო, იტყუება - ასეთი ადამიანი ავეჯის რესტავრატორი არ არის!
კარებზე ბრახუნი გაისმა.
- ე, ბიჭო, გააღე, მგონი, პირველი „კლიენტი“ გვეწვია!
სანამ შეგირდი კარების გასაღებად გაემართა, სტუმარი - „ბაბა იაგა“ მფრინავი ცოცხით სახელოსნოში შემოგრიალდა. გაოგნებული ოსტატი და შეგირდი მას პირდაბჩენილი მიაჩერდნენ; „ბაბა იაგა“  სწორედაც რომ თავის თავს ჰგავდა, მაგრამ ამათ ვერ წარმოიდგინეს, ასეთი რამ ცხადში თუ შეიძლება მომხდარიყო.
- რა პირდაღებული მომჩერებიხართ?! თქვენ ძებნაში მთელი ქალაქი გადავაქოთე - ცოცხის ტარი დამიზიანდა, რესტავრაციას საჭიროებს!
- თქვენ, ქალბატონო, ჩვენი ქალაქის მეეზოვე ხართ? - ჰკითხა ოსტატმა.
- მეეზოვეს მოგცემ მე შენ, თუ მოგდე ღრანჭში! „ბაბა იაგა“ ვარ, ვერ მიცანი?!
ოსტატმა გამოთაყვანებული სახე გვერდზე მიაბრუნა და წაილუღლუღა:
- თითქოს ამდენი არ დამილევია... - შეგირდს ჰკითხა, - შენც ხედავ მას, თუ მე მეჩვენება?
- მეც ვხედავ!
- შენ ლოთი ხარ, ხომ?
- საერთოდ არ ვსვამ!
- ესე იგი, არ მეჩვენება... აი, ხომ გეუბნებოდი, კუდიანი კლიენტები არსებობენ-მეთქი! - ახლა „ბაბა იაგას“ მიუბრუნდა, - თქვენ კუდი გაქვთ?
- კუდიანები შენთან მოიკითხე! ერთი წყენინებაც და თაგვებად გადაგაქცევთ!
- თაგვებად?
- ჰო, თაგვებად!
- შეგიძლიათ ასეთი რამ?
- ცოცხს თუ ხარისხიანად არ შემიკეთებთ, დაგანახებთ რაც შემიძლია...
- მიბოძეთ თქვენი ცოცხი. - გამოართვა, - ოო, ტარი გადატეხია... თქვენს წონას ვერ გაუძლო!
- იქნებ, მირჩიო, დიეტაზე დავჯდე?!
- არა, მაგას როგორ გაკადრებთ... ცოცხს ისე გაგიმაგრებთ, მარტო თქვენ კი არა, „უკვდავი კაშეიც“ რომ შემოისვათ უკან, მაინც გაგიძლებთ!
- ვნახოთ, რა შეგიძლიათ...
ცოცხალმკვდარი ოსტატი შეგირდს მიუბრუნდა.
- ეე, ბიჭო, მომეხმარე თუ არა, ჩვენი ბოლო სათაგური იქნება!
ფანქრითა და სანტიმეტრით მომარჯვებული ოსტატი ისევ „ბაბა იაგას“ მიუბრუნდა,
- ზომა რომ ავიღო, სულ მცირე ხნით ცოცხს ისე უნდა შემოაჯდეთ, როგორც ფრენის დროს აზიხართ.
„ბაბა იაგა“ ცოცხს შემოაჯდა; მოტეხილი ნაწილი უკნიდან კუდივით ჩამოეკიდა; ოსტატმა ეს ნაწილი ხელით გაამოძრავა და ჩაილუღლუღა.
- რომ ჰკითხო, კუდი არა აქვს!
- რა თქვი?!
- თქვენზე არაფერი, პატივცემულო, შეგირდზე ვთქვი... მთლად გამილოთდა ეს ბიჭი!
ხელოსნები საქმეს შეუდგნენ. „ბაბა იაგა“ სკამზე ჩამოჯდა, ჯიბიდან ჯადოსნური სარკე ამოიღო და ჰკითხა.
- სარკე, სარკე, ქვეყნად ვინ არის ყველაზე მახინჯი?
- ქვეყნად ყველაზე მახინჯი „უკვდავი კაშეია“! - უპასუხა სარკემ.
- ხი-ხი-ხი, ეგრეც ვიცოდი! - ჩაიხითხითა ბაბა იაგამ და სარკეს მორიგი კითხვა დაუსვა, - სარკე, სარკე, ქვეყნად ვინ არის ყველაზე სულელი?
- ქვეყნად ყველაზე სულელი „ივანუშკა დურაჩოკია“!
- „ივანუშკა დურაჩოკი“? - გაიკვირვა.
- ხო, ივანუშკა დურაჩოკი! - გაუმეორა სარკემ.
- აბა, კინოფილმში რომ პირიქით ჩანს?
- პირიქით იმიტომ ჩანს, რომ ეგ კინოფილმი რუსებმა გადაიღეს!
- აა... გასაგებია!
ბაბა იაგა ხელოსნებს მიუბრუნდა.
- თუ ცოცხს კარგად შემიკეთებთ, ჩემი ქოხის ქათმის ფეხებზე შემოცვეთილ დეზებს თქვენ აღგადგენინებთ!
- ეს დიდი პატივი იქნება ჩვენთვის... - შუბლიდან ცივი ოფლის წმენდით ამოღერღა ოსტატმა, - აი, ცოტა შეშრება და თქვენი ცოცხი მზად არის!
- მზად არის? მოიტა, გამოვცადო! აქეთ-იქიდან მოდექით - ერთმა თავში წაავლეთ ცოცხს ხელი, მეორემ ბოლოში, მთელი ჩემი სიმძიმით უნდა შევახტე!
ხელოსნებმა ბაბა იაგას მითითება უპირობოდ შეასრულეს. დედაბერმა ცხენივით დაიჭიხვინა და ცოცხს შეახტა... ხელოსნებს სიმძიმისაგან ცოცხი კინაღამ ხელიდან გაუვარდათ, წელში მოიხარნენ.
- ბებო, ეს რა მძიმე ყოფილხ... - ბაბა იაგას თვალების ბრიალმა ოსტატს სიტყვა გააწყვეტინა, -  ცოცხი გქონიათ მძიმე!
- გამიძლო! ქებას იმსახურებთ... ყოჩაღად იყავით, მივფრინავ!
- არაფერს გადაგვიხდით?
- ფული მომინდომეთ?! მადლობა თქვით, თაგვებად გადაქცევას რომ გადაურჩით!
- თქვენი ქოხის ფეხების დეზებიც ხომ ჩვენი აღსადგენია; სანაცვლოდ, იქნებ ადამიანის თაგვად გადაქცევის საიდუმლო მასწავლოთ!
- ეგ შეიძლება, ჩაიწერე სიტყვები: აბრა, კადაბრა...
- თუ შეიძლება ყურში მითხარით... თორემ იმან თუ გაიგონა, - შეგირდზე ანიშნა, - ისეთი ხასიათი აქვს, მთელ ქალაქს თაგვებად გადააქცევს!
- მოსწი ყური!
ოსტატმა სიტყვები ჩაიწერა.
- სულ ეს არის?
- სულ ეგ არის! ახლა ჩაიწერე თაგვად გადაქცეული ადამიანის უკან, ადამიანად დაბრუნების საიდუმლო!
- ეგ რაღად მინდა?
- არ გინდა და ნუ გინდა, კარგად იყავი!
ბაბა იაგა გრუხუნით გაფრინდა. რამოდენიმე წამის შემდეგ დოინჯ შემოყრილმა ოსტატმა შეგირდს გადახედა.
- იცოდე, შრომას თუ დაიზარებ, ერთი თაგვით მეტი ივლის დედამიწაზე!

გადაცემის დარჩენილი ნაწილი არანაკლებ მხიარული აღმოჩნდა. მართალია, მასში რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგალითად, ოსტატს შეგირდი თაგვად არ გადაუქცევია, და არც სტუმარი სწვევიათ ვინმე, მაგრამ განვითარებული მოვლენები მაინც საინტერესო და ხალისიანი იყო - ოსტატმა სარესტავრაციო თავის წილ სკამებს მიწებებული დაზიანების იმიტაციები ააძრო და შემდეგ, სამუშაო დღის ბოლომდე, კუჭის ტკივილის მომიზეზებით, ბორჯომად გასაღებულ არაყს ყლურწავდა. დღის ბოლოს, გვარიანად შეზარხოშებული შეგირდის თაგვად გადაქცევისთვის რომ მოემზადა, უკანასკნელის ნამუშევარი იმდენად მოეწონა, (შეგირდმა ბრწყინვალედ აღადგინა თავისი წილი, ნამდვილად დაზიანებული სამი სკამი) რომ ფეშქაშად ადამიანად დარჩენა არგუნა.
- პირველ კლიენტად „ბაბა იაგა“ რომ გეწვევა, რას უნდა ელოდო შემდგომში, ნეტა?... - სულ ბოლოს ჩაილაპარაკა ოსტატმა და სახელოსნოდან გავიდა.

პირველი სერია დასრულდა.

რეკლამა ეთერში:

აფთიაქში ძარცვის მიზნით შიმშილისგან გონებაარეული მრავალშვილიანი ოჯახი შეცვივდა - მამა, დედა და ხუთი მცირეწლოვანი შვილი. მამა სასპორტო პისტოლეტით, ეგრეთ წოდებული, „სტარტოვკით“ იყო შეიარაღებული, დანარჩენები (დედა და შვილები) - შურდულით, ცომის გასაბრტყელებელით, ლეიბის საბერტყით, ბუზების სახოცით და ასე შემდეგ... - კივილი, წივილი, ყველამ ხელები კეფაზე უნდა დაიწყოს! აფთიაქარი უკვე სალაროსკენ იწევს, ფული რომ გადმოალაგოს. ასეთი ისტერიის ფონზე, უეცრად, ორ მძარცველს შორის დიალოგი გაიბა:
- მამი, მამი, ეს იმ ფარმაცევტული კომპანიის აფთიაქია, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მატერიალურად გვეხმარება! _ და კედლის აბრაზე მიუთითა.
- აუჰ... - აღმოხდა მამა-მძარცველს; უხერხულობისგან მოკუნტულმა „პისტოლეტი“ ზურგს უკან დამალა და დამფრთხალ აფთიაქარს მოწიწებით სთხოვა:
- თუ შეიძლება, რაიმე დამამშვიდებელი აბი მომეცით... - და შარვლის ჯიბიდან ამოცურებული უკანასკნელი ლარიანი გაუწოდა.
კადრის დასრულებისთანავე ეკრანზე წარწერა გამოჩნდა:
„ყოველ ოჯახს, რომელსაც შეეძინება მეხუთე ან ყოველი მომდევნო შვილი, აღნიშნული ფარმაცევტული კომპანია გაუწევს მატერიალურ დახმარებას!“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები